იეჰოვას სიტყვა ცოცხალია
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ფსალმუნები“ (ნაწილი 1)
რა იქნებოდა იმ ბიბლიური წიგნის ყველაზე შესაფერისი სახელი, რომელიც უმეტესწილად ჩვენს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, განადიდებს? არც ერთი სახელი არ იქნებოდა უფრო შესაფერისი, ვიდრე ფსალმუნები. ბიბლიის ეს ყველაზე ვრცელი წიგნი შეიცავს ლამაზ სიმღერებს, ანუ საგალობლებს, რომლებიც ღვთის დიდებული თვისებებისა და ძლევამოსილი საქმეების შესახებ მოგვითხრობს; აგრეთვე მასში მოცემულია მრავალი წინასწარმეტყველება. მრავალ საგალობელში გამოხატულია გრძნობები, რომელთაც მათი დამწერები განიცდიდნენ რთულ სიტუაციებში. ეს საგალობლები დაახლოებით ათასწლიან პერიოდს მოიცავს და მოგვითხრობს მოვლენებზე, რომლებიც იწყება წინასწარმეტყველ მოსეს დროიდან და მთავრდება ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომი პერიოდით. ისინი მოსეს, მეფე დავითისა და სხვების მიერ არის დაწერილი. მიიჩნევენ, რომ ფსალმუნებს საბოლოო სახე მღვდელმა ეზრამ მისცა.
ძველი დროიდანვე ფსალმუნები დაყოფილი იყო ხუთ ნაწილად: 1) ფსალმუნები 1—40, 2) ფსალმუნები 41—71, 3) ფსალმუნები 72—88, 4) ფსალმუნები 89—105 და 5) ფსალმუნები 106—150. ამ სტატიაში განხილულია პირველი ნაწილი. მიიჩნევენ, რომ ამ ნაწილში შემავალი ფსალმუნებიდან სამის გარდა ყველა ძველი ისრაელის მეფე დავითის მიერ არის დაწერილი. ცნობილი არ არის, თუ ვინ დაწერა პირველი, 9:22—39 და 32–ე ფსალმუნები.
„ჩემი კლდე ხარ“
მას შემდეგ, რაც პირველი ფსალმუნი ნეტარად, ანუ ბედნიერად, მოიხსენიებს კაცს, რომელსაც უყვარს იეჰოვას რჯული, მეორე ფსალმუნი პირდაპირ სამეფოს თემაზე გადადისa. ფსალმუნების ამ ნაწილში უმეტესწილად ღვთისადმი ვედრებაა მოცემული. მაგალითად, მე–3—5, მე–7, მე–11, მე–12 და მე–16 ფსალმუნებში მოცემულია თხოვნა მტრებისგან გათავისუფლების შესახებ. მე–8 ფსალმუნი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად აღმატებულია იეჰოვა ადამიანებზე.
დავითი იეჰოვას თავისი ხალხის მხსნელად აღწერს და მღერის: „ღმერთო ჩემო, — ჩემი კლდე ხარ, თავშესაფარი“ (ფსალმუნები 17:3). მე–18 ფსალმუნი იეჰოვას განადიდებს, როგორც შემოქმედსა და კანონმდებელს, მე–19 — როგორც მხსნელს და მე–20 — როგორც თავისი ცხებული მეფის მხსნელს. 22–ე ფსალმუნი იეჰოვას დიდებულ მწყემსად აღგვიწერს, ხოლო 23–ე დიდებულ მეფედ.
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
2:1, 2. რა „ამაოებაზე“ ფიქრობენ ხალხები? „ამაოება“ არის ადამიანთა მთავრობების გამუდმებული მცდელობა, შეინარჩუნონ ძალაუფლება. ეს ამაოებაა იმის გამო, რომ მათი მცდელობა კრახით დასრულდება. განა წარმატებულნი იქნებიან ერები ‘უფლისა და მისი წარჩინებული [მეფის]’ წინააღმდეგ ბრძოლაში?
2:7. რა არის „იეჰოვას ბრძანება“ (აქ)? ეს ბრძანება არის შეთანხმება სამეფოზე, რომელიც იეჰოვამ თავის საყვარელ ძესთან, იესო ქრისტესთან, დადო (ლუკა 22:28, 29).
2:12. როგორ შეუძლიათ ერების მმართველებს, ‘ეამბორონ ძეს’? ბიბლიურ დროში ამბორით მეგობრობასა და ერთგულებას გამოხატავდნენ. ამგვარად იღებდნენ სტუმრებს. ქვეყნიერების მეფეებს ღმერთი უბრძანებს, ეამბორონ ძეს ანუ მიიღონ იგი მესიანურ მეფედ.
მე–3 ფსალმუნის შესავალი. რა დანიშნულება აქვს შესავალს, რომელიც ზოგ ფსალმუნს აქვს? მათში ზოგჯერ მოცემულია, თუ ვინ დაწერა აღნიშნული ფსალმუნი და/ან შეიცავს ინფორმაციას, თუ რა ვითარებაში დაიწერა იგი (მაგალითად მე–3 ფსალმუნი). მათში აგრეთვე შეიძლება ახსნილი იყოს საგალობლის მიზანი (ფსალმუნი 4 და 5); ასევე მოცემული იყოს სიმღერის შესრულებასთან დაკავშირებული მითითებები (ფსალმუნი 6).
3:3. რა არის „სელა“ (სსგ)? ჩვეულებრივ, ეს სიტყვა იმისათვის არის დაწერილი, რომ ადამიანმა პაუზა გააკეთოს, რათა დაფიქრდეს; ეს პაუზა კეთდება მუსიკალური ინსტრუმენტის თანხლებით ან მის გარეშე მღერისას. პაუზა კეთდებოდა ფსალმუნში მოცემული აზრის ან ემოციის გამოსაკვეთად. აუდიტორიის წინაშე ფსალმუნების კითხვისას აუცილებელი არ არის ამ სიტყვის წაკითხვა.
10:3. რა საძირკვლებია დანგრეული? ეს არის საძირკვლები, რომლებსაც ადამიანთა საზოგადოება ეყრდნობა — კანონი, წესრიგი და სამართალი. როდესაც ეს სფერო არ არის მოწესრიგებული, ქვეყანაში სოციალური არეულობა და უსამართლობაა გამეფებული. ასეთ მდგომარეობაში „მართალი“ მთლიანად ღმერთზე უნდა იყოს მინდობილი (ფსალმუნები 10:4—7).
20:4. რას ნიშნავს „გვირგვინი წმინდა ოქროსი“? მოხსენიებული არ არის, იყო თუ არა ეს გვირგვინი პირდაპირი გაგებით ან სიმბოლურად დავითის მრავალი გამარჯვების გამო მისი აღმატებული დიდების გამომხატველი. მაგრამ ეს მუხლი წინასწარმეტყველურად მიუთითებს მეფობის გვირგვინზე, რომელიც 1914 წელს იესომ იეჰოვასგან მიიღო. გვირგვინი რომ ოქროსია, იმაზე მიანიშნებს, რომ იესოს მეფობა საუკეთესო იქნებოდა.
21:2, 3. შესაძლოა, რატომ ფიქრობდა დავითი, რომ იეჰოვამ მიატოვა? დავითი მტრებისგან ძალიან დიდ ზეწოლას განიცდიდა, რის გამოც ფიქრობდა, რომ ‘მისი გული ცვილს დაემსგავსა და დადნა მის გვამში’ (ფსალმუნები 21:15). შეიძლება მას ეგონა, რომ იეჰოვამ მიატოვა. ძელზე გაკრული იესოც იმავეს გრძნობდა (მათე 27:46). დავითის სიტყვებში ირეკლება, თუ როგორ რეაგირებს ადამიანი, ჩვეულებრივ, საშინელ მდგომარეობაზე. მაგრამ ფსალმუნის 21:17—22–ში ჩაწერილი ლოცვიდან ჩანს, რომ დავითს ღვთისადმი რწმენა არ დაუკარგავს.
რას ვსწავლობთ:
1:1. უნდა მოვერიდოთ მათთან ურთიერთობას, ვისაც იეჰოვა არ უყვარს (1 კორინთელები 15:33).
1:2. არც ერთი დღე ისე არ უნდა გავიდეს, რომ სულიერ საკითხებს დრო არ გამოვუყოთ (მათე 4:4).
4:5. როდესაც გავბრაზდებით, გონივრული იქნება, გავჩუმდეთ, რათა ისეთი რამ არ ვთქვათ, რაზეც მომავალში ვინანებდით (ეფესოელები 4:26).
4:6. ჩვენი სულიერი შესაწირავები მხოლოდ მაშინ არის „შესაწირავები სიმართლისა“, როდესაც მას სწორი აღძვრებიდან გამომდინარე ვწირავთ და ჩვენი საქციელი იეჰოვას მოთხოვნებს შეესაბამება.
6:6. განა შეიძლება ამაზე უკეთესი მიზეზი გვქონდეს, რათა სიცოცხლე გვინდოდეს? (ფსალმუნები 113:25).
9:13. იეჰოვა იძიებს სისხლს, რათა დასაჯოს სისხლისმღვრელი, მაგრამ „არ დაივიწყებს ტვირთმძიმეთა გოდებას“.
14:2, 3; 23:3—5. ღვთის ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა სიმართლე უნდა ილაპარაკონ და მოერიდონ ცრუ ფიცსა და ცილისწამებას.
14:4. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ შევასრულოთ დანაპირები, მაშინაც კი, როცა ძალიან გვიჭირს მისი შესრულება, იმ გამონაკლისის გარდა, როდესაც იგი ბიბლიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.
14:5. ჩვენ, იეჰოვას თაყვანისმცემლებმა, ფული არასწორად არ უნდა გამოვიყენოთ.
16:14, 15. „ამქვეყნიური კაცები“ მთელ სიცოცხლეს იმას უძღვნიან, რომ ცხოვრება კარგად მოიწყონ, შვილები აღზარდონ და მათ მემკვიდრეობა დაუტოვონ. ცხოვრებაში დავითის მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ იეჰოვას წინაშე კარგი სახელი ჰქონოდა, რათა ‘ეხილა მისი სახე’ ანუ იეჰოვას კეთილგანწყობა ჰქონოდა. იეჰოვას აღთქმებისადმი ‘გაღვიძებით’ დავითი იხილავდა მის ‘სახებას’ ანუ გაიხარებდა იეჰოვასთან სიახლოვით. მოდი დავითის მსგავსად ჩვენც მთელი ყურადღება სულიერს მივაპყროთ!
18:2—7. თუ ქმნილება, რომელსაც არც ლაპარაკი შეუძლია და არც ფიქრი, განადიდებს იეჰოვას, რამდენად მეტად უნდა გავაკეთოთ ეს ჩვენ, ვისაც ფიქრი, ლაპარაკი და თაყვანისცემა შეგვიძლია? (გამოცხადება 4:11).
18:8—12. იეჰოვას მოთხოვნები — რა სასარგებლოა ისინი ჩვენთვის!
18:13, 14. მცდარი და კადნიერი მოქმედება ცოდვაა, რომელთაც უნდა მოვერიდოთ.
18:15. უნდა გვაღელვებდეს არა მარტო ის, თუ რას ვაკეთებთ, არამედ ის, თუ რას ვამბობთ და ვფიქრობთ.
„ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი“
უმწიკვლობის შენარჩუნების რა დიდ სურვილსა და მტკიცე გადაწყვეტილებას გამოხატავს დავითი ფსალმუნების ამ ნაწილის პირველ ორ საგალობელში! „ხოლო მე ვივლი უბიწოებით“, — მღერის დავითი (ფსალმუნები 25:11). ცოდვების მიტევებასთან დაკავშირებით აღვლენილ ლოცვაში ის აღიარებს: „როდესაც ვდუმდი, გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა“ (ფსალმუნები 31:3). იეჰოვას ერთგულებს დავითი არწმუნებს: „უფლის თვალები მიპყრობილია წმიდებისაკენ და მისი ყურები — მათი ღაღადისაკენ“ (ფსალმუნები 33:16).
რა ძვირფასი იყო 36–ე ფსალმუნში მოცემული რჩევა ისრაელებისთვის და რა ძვირფასია ის ჩვენთვის, რომლებიც ამ სისტემის „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ! (2 ტიმოთე 3:1—5). იესო ქრისტეზე წინასწარმეტყველურად ლაპარაკისას ფსალმუნის 39:8, 9 აღნიშნავს: „აი, მოვედი; წიგნის გრაგნილში სწერია ჩემთვის. შენი სურვილის შესრულება მინდოდა, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია“. ამ ნაწილის ბოლო ფსალმუნში დავითი იეჰოვას დახმარებას სთხოვს იმ მშფოთვარე წლების განმავლობაში, რომლებიც ბათშებაყთან ცოდვის ჩადენას მოჰყვა. ის მღერის: „ჩემი უბიწოებისათვის შემეწევი“ (ფსალმუნები 40:13).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
25:6. როგორ შეგვიძლია დავითის მსგავსად, გადატანითი მნიშვნელობით, გარს შემოვუაროთ იეჰოვას სამსხვერპლოს? სამსხვერპლოთი წარმოდგენილია იეჰოვას ნება, მიიღოს კაცობრიობის გამოსასყიდად იესო ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი (ებრაელები 8:5; 10:5—10). ჩვენ გარს ვუვლით იეჰოვას სამსხვერპლოს იმით, რომ რწმენას ვავლენთ ამ მსხვერპლისადმი.
28:3—9. რა არის ნაჩვენები იმით, რომ იეჰოვას ხმა შედარებულია შიშისმომგვრელ გრგვინვასთან? უბრალოდ, აქ ლაპარაკია იეჰოვას მოწიწების შთამნერგავ ძალაზე.
30:24. როგორ მიეზღვებათ ამპარტავნებს? საზღაური, რომელზეც ამ ფსალმუნშია საუბარი, არის სასჯელი. მართალი უნებლიე დანაშაულისთვის საზღაურს იეჰოვასგან გამოსასწორებელი ზომების სახით იღებს. ამპარტავანი განაგრძობს ცუდ გზაზე სიარულს, ამიტომ მისი საზღაური მკაცრი სასჯელი იქნება (იგავები 11:31; 1 პეტრე 4:18).
32:6. რა არის იეჰოვას ბაგეების „ქარი“ ანუ ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანის თანახმად „სული“? ეს სული არის ღვთის მოქმედი ძალა ანუ წმინდა სული, რომელიც მან მატერიალური ზეცის შესაქმნელად გამოიყენა (დაბადება 1:1, 2). ამას მისი ბაგეების სული იმიტომ ეწოდება, რომ, სულის ძლიერი შებერვის მსგავსად, ის შეიძლება საკმაოდ შორ დისტანციაზე წარიგზავნოს გარკვეული მიზნის შესასრულებლად.
34:19. რას ნიშნავს დავითის თხოვნა, არ დაუშვას, რომ მისმა მოძულეებმა თვალით ანიშნონ ერთიმეორეს? დავითის მტრების მიერ ერთმანეთისთვის თვალით ნიშნის მიცემა, ანუ თვალის ჩაკვრა, იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ მათ სიამოვნებდათ დავითის წინააღმდეგ თავიანთი მზაკვრული გეგმების წარმატებით განხორციელება. დავითი ითხოვდა, რომ ეს არ მომხდარიყო.
რას ვსწავლობთ:
25:4. გონივრულია, მოვერიდოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც მალავენ საკუთარ პიროვნებას ინტერნეტის ჩეთ რუმებში; მათ, ვისაც სკოლაში ან სამუშაო ადგილზე მზაკვრული მიზნებიდან გამომდინარე ჩვენთან დამეგობრება სურთ; განდგომილებს, რომლებსაც გულწრფელობის ნიღაბი აქვთ აფარებული და მათ, ვინც გაორებულ ცხოვრებას ეწევა.
25:7, 12; 34:18; 39:10. საჭიროა, ქრისტიანულ შეხვედრებზე განვადიდოთ იეჰოვა.
25:8; 26:4. გვიყვარს ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება?
25:11. დავითი არა მარტო ხმამაღლა ამბობდა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, შეენარჩუნებინა უმწიკვლობა, არამედ ხსნასაც სთხოვდა ღმერთს. არასრულყოფილების მიუხედავად, ჩვენც შეგვიძლია შევინარჩუნოთ უმწიკვლობა.
28:10. „წარღვნის“ წყლებზე ჯდომით იეჰოვა ცხადყოფს, რომ სრულად აკონტროლებს საკუთარ ძალას.
29:6. იეჰოვას უმთავრესი თვისება სიყვარულია და არა რისხვა.
31:9. იეჰოვას არ სურს, რომ ჯორის ან ვირის მსგავსნი ვიყოთ, რომლებიც მხოლოდ აღვირის ამოდების ან მათრახის დარტყმის შემდეგ ავლენენ მორჩილებას. იეჰოვას უნდა, რომ ჩავწვდეთ მის ნებას და ეს იყოს ჩვენი მორჩილების საფუძველი.
32:17—19. ადამიანების მიერ შექმნილ არც ერთ სისტემას, რაც უნდა ძლიერი იყოს ის, არ შეუძლია ხსნის მოტანა. ჩვენ იეჰოვასა და მის სამეფოზე უნდა ვიყოთ მინდობილნი.
33:11. რა კარგ იმედს აძლევს ეს მათ, ვინც სამეფოს ინტერესებს ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებს!
38:2, 3. როდესაც ბოროტები ცდილობენ, თანამორწმუნეების შესახებ ინფორმაცია მიიღონ ჩვენგან, გონივრულია, ‘ალიკაპი ავიკრათ პირზე’ და ჩუმად ვიყოთ.
39:2, 3. იეჰოვაზე მინდობა დაგვეხმარება, გავუმკლავდეთ დეპრესიას და ამოვიდეთ „საზარელი ორმოდან, გაუვალი ლაფიდან“.
39:6, 13. ვერც უბედურებები და ვერც პირადი სისუსტეები, რაც უნდა ბევრი იყოს ისინი, ვერ გვძლევს, თუ ყოველთვის გვახსოვს, რომ კურთხევები იმდენი გვაქვს, ‘რომ ვერც კი ჩამოვთვლით’ (აქ).
„კურთხეულ არს უფალი“
რა მანუგეშებელი და გამამხნევებელია პირველ ნაწილში შემავალი 40 ფსალმუნი! განსაცდელებს განვიცდით თუ სინდისი გვქენჯნის, შეგვიძლია ძალა და მხნეობა მოვიკრიბოთ ღვთის ძლიერი სიტყვის ამ ნაწილის კითხვით (ებრაელები 4:12). ამ ფსალმუნებში მოცემულ ინფორმაციას შეუძლია ცხოვრებაში სანდო ხელმძღვანელობა გაგვიწიოს. მათში არაერთხელ გვარწმუნებს ღმერთი, რომ, რა რთულ მდგომარეობაშიც უნდა აღმოვჩნდეთ, ის არასოდეს მიგვატოვებს.
ფსალმუნების პირველი ნაწილი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ!“ (ფსალმუნები 40:14). ამ ფსალმუნების განხილვის შემდეგ, განა არა ვართ აღძრულები, განვადიდოთ იეჰოვა?
[სქოლიოები]
a მე–2 ფსალმუნი პირველად დავითის დღეებში შესრულდა.
[ჩანართი 19 გვერდზე]
თუ არაცოცხალი ქმნილება განადიდებს იეჰოვას, ჩვენ ხომ ბევრად მეტად უნდა ვაკეთოთ ეს!
[სურათი 17 გვერდზე]
პირველი 40 ფსალმუნიდან უმეტესობა დავითის მიერ არის დაწერილი.
[საავტორო უფლებები დაცულია 17 გვერდზე]
Stars: Courtesy United States Naval Observatory
[სურათი 18 გვერდზე]
იცით, რომელი ფსალმუნი უწოდებს იეჰოვას დიდებულ მწყემსს?
[საავტორო უფლებები დაცულია 19 გვერდზე]
Stars, pages 18 and 19: Courtesy United States Naval Observatory
[სურათი 20 გვერდზე]
დღე ისე ნუ გავა, რომ სულიერ საკითხებს დრო არ გამოვუყოთ.
[საავტორო უფლებები დაცულია 20 გვერდზე]
Stars: Courtesy United States Naval Observatory