იეჰოვაში ჰპოვე თავშესაფარი
„შენში, ოჰ, იეჰოვა, ვპოვე თავშესაფარი“ (ფსალმუნი 31:1, აქ [30:2]).
მამაკაცი, მიუხედავად იმისა, რომ სულიერად და ხორციელად დატანჯულია, მელოდიური ხმით მღერის და საკუთარ თავს იეჰოვას ანდობს. რწმენის ტრიუმფზე ლაპარაკობს ეს ლირიკული საღმრთო სიმღერა. ეს მამაკაცი ყოვლადძლიერისგან დაცვის მოლოდინში პოულობს მდევნელებისგან თავშესაფარს. „შენ გესავ, უფალო [შენში, ოჰ, იეჰოვა, ვპოვე თავშესაფარი, აქ], — ნათქვამია ფსალმუნში, — ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი“ (ფსალმუნი 30:2).
2 ფსალმუნმომღერალს აქვს ერთი თავშესაფარი — საუკეთესო თავშესაფარი! რაც არ უნდა საეჭვო იყოს სხვა ყველაფერი, ერთი რამ ფაქტად რჩება: იეჰოვა არის მისი საყრდენი, მისი ციხე-სიმაგრე. ამ კაცის ნდობა დავანებულია ორ სარწმუნო ბურჯზე. პირველი არის რწმენა იეჰოვასადმი, რომელიც სირცხვილს არასდროს მოუტანდა და მეორე, იეჰოვას სამართლიანობა, იეჰოვასი, რომელიც სამუდამოდ არასდროს ტოვებს თავის მსახურებს. იეჰოვა ისეთი ღმერთი არ არის, რომელიც არცხვენს თავის ერთგულ მსახურებს; ის არ არის აღთქმის გამტეხი. პირიქით, ის არის ჭეშმარიტების ღმერთი და მათი დამჯილდოებელი, რომლებიც მთელი გულით მიენდობიან მას. საბოლოოდ რწმენა დაჯილდოვდება! ხსნა მოვა! (ფსალმუნი 30:6, 7).
3 როცა ქმნიდა მუსიკას ერთიმეორის მონაცვლე ჰანგებით, რომელიც მწუხარებისა და დარდის გამომხატველი სევდიანი ტონიდან გადადის სიმტკიცის, ურყეობის გამომხატველ ტონში, ფსალმუნმომღერალი შინაგან ძალას პოულობდა. ის განადიდებდა იეჰოვას მისი ერთგული სიყვარულისთვის. „კურთხეულ არს უფალი, — მღერის ის, — რომ მომივლინა საკვირველი თვისი წყალობა ალყაშემორტყმულ ქალაქში“ (ფსალმუნი 30:22).
სამეფოს მქადაგებელთა მძლავრი გუნდი
4 დღეს ფსალმუნის ამ სიტყვებმა უფრო მეტი მნიშვნელობა მიიღო. იეჰოვასადმი ქება-დიდების სიმღერას ვერ ჩაახშობს ვერავითარი ბოროტი მოწინააღმდეგე, ვერც სტიქიური უბედურება და ვერც ეკონომიკური კრიზისი; ნამდვილად, იეჰოვას სიყვარულით აღსავსე სიკეთე მისი ხალხისთვის აღმაფრთოვანებელია. 1993 სამსახურებრივ წელს მთელი დედამიწის ზურგზე დიდი გუნდი, უმაღლესი რიცხვით 4 709 889, ორას ოცდათერთმეტ ქვეყანაში „მღეროდა“ ცნობას ღმერთის სამეფოს შესახებ. იეჰოვას ზეციერი მთავრობა იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით არის თავშესაფარი, რომელიც იმედს არ გაუცრუებს მათ. 1993 წელს სამეფოს მქადაგებლებმა 73 070 კრებიდან ქადაგებაში გაატარეს სულ 1 057 341 972 საათი. ამას მოჰყვა 296 004 პიროვნების მიერ ღმერთისადმი თავისი მიძღვნის დასიმბოლოება წყალში მონათვლით. და რა შესანიშნავი, სასიამოვნო სიურპრიზი იყო ყველასთვის 1993 წლის აგვისტოში დასწრება კიევში (უკრაინა) საერთაშორისო კონგრესზე „ღვთიური სწავლება“. ისინი გახდნენ უდიდესი რაოდენობის პიროვნების ნამდვილ ქრისტიანად მონათვლის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენის მოწმენი! როგორც ესაიას 54:2, 3-შია ნაწინასწარმეტყველები, იეჰოვას ხალხის რიცხვი არნახული სისწრაფით იზრდება.
5 მაგარამ ღმერთის სამეფოს კიდევ სხვა ქვეშევრდომები მზად არიან შემოუერთდნენ ამ გუნდს. 1993 წელს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოზე ესწრებოდა განსაცვიფრებლად ბევრი, 11 865 765 ადამიანი. ვიმედოვნებთ, რომ მრავალი მათგანი მზად იქნება ამ სამსახურებრივი წლის განმავლობაში „იმღეროს“ სამეფოს შესახებ კარდაკარ. როგორი მძვინვარებით ავსებს ეს პერსპექტივა ჭეშმარიტების მტერს, სატანა ეშმაკს! (გამოცხადება 12:12, 17).
6 სატანა შეეცდება ამ დიდ გუნდთან თავიანთი ხმების შეერთებაში დააბრკოლოს სხვა პიროვნებები. მაგალითად, ტაილანდში მქადაგებლებმა შეამჩნიეს, რომ ადამიანთა მზარდი რიცხვი იტანჯებოდა დემონების შემაწუხებელი მოქმედებით. მიუხედავად ამისა, მრავალმა გულწრფელმა პიროვნებამ იეჰოვას დახმარებით მათგან თავი დაიხსნა. ერთი მამაკაცი, რომელიც ცნობისმოყვარეობის გამო მივიდა ჯადოქართან, ათი წლის განმავლობაში იყო დემონების გავლენაში. ის ეცადა მღვდლის დახმარებით გათავისუფლებულიყო მათი გავლენისაგან, მაგრამ არავითარი რეალური შემსუბუქება არ უგვრძნია. ამ მამაკაცმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო იეჰოვას მოწმესთან, სრული დროით მსახურთან, რომელმაც ბიბლიიდან ასწავლა დემონებისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა — ჭეშმარიტების შესახებ ზუსტი შემეცნების მიღება, რწმენა იეჰოვა ღმერთის მიმართ და ამის შესახებ ლოცვით თხოვნა (1 კორინთელთა 2:5; ეფესელთა 4:6, 7; 1 ტიმოთე 2:3, 4).
7 ამ საუბრის შემდეგ, ღამით, დაინტერესებულმა მამაკაცმა ნახა სიზმარი — გარდაცვლილი მამა დაემუქრა უბედურებებით, თუ ის ისევ სპირიტული მედიუმი არ გახდებოდა. მის ოჯახში დაიწყო უბედურებები. მას არ ჰქონდა სურვილი მოქცეულიყო რაღაცის გავლენის ქვეშ, გააგრძელა ბიბლიის შესწავლა და დაიწყო კრებებზე დასწრება. ერთ-ერთი შესწავლის დროს პიონერმა განმარტა, რომ ზოგჯერ საგნები, რომლებიც სპირიტულ რიტუალებში გამოიყენებოდა, დემონებს შესაძლებლობას აძლევს, შეაწუხონ ადამიანი, რომელიც ცდილობს გათავისუფლდეს მათი გავლენისგან. მამაკაცს გაახსენდა, რომ ჰქონდა ცოტა ზეთი, რომელსაც ადრე იყენებდა, როგორც ჯადო. მაშინ მიხვდა, რომ ის უნდა გადაეგდო. მისი მოშორების შემდეგ, ბოროტ სულებს ის აღარ შეუწუხებიათ (შეადარე ეფესელთა 6:13; იაკობი 4:7, 8). ის და მისი ცოლი კარგ წარმატებებს აღწევენ და რეგულარულად ესწრებიან ბიბლიის შესწავლის შეხვედრებს.
8 კეთილი ცნობის ხმა შეიძლება ჩაახშოს დაბრკოლებებმაც. განაში ძალიან მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო მრავალი ადამიანი გაათავისუფლეს სამუშაოდან. საარსებო მინიმუმი სწრაფად გაიზარდა, რამაც რეალური პრობლემა შექმნა სასიცოცხლოდ აუცილებელი მინიმუმით უზრუნველყოფაში. როგორ იტანს იეჰოვას ხალხი ამ მდგომარეობას? არა საკუთარ თავზე, არამედ იეჰოვაზე მინდობით. მაგალითად, ერთხელ ერთმა კაცმა დალუქული კონვერტი დატოვა საზოგადოების ფილიალის მისაღებში. კონვერტში იყო 200 დოლარი, ანუ განაში სამი თვის მინიმალური ხელფასის ოდენობის ფული. კონვერტი ანონიმური დამსაჩუქრებლისგან მოვიდა, მაგრამ მასზე იყო წარწერა: „მე დავკარგე სამუშაო, მაგრამ იეჰოვამ უზრუნველმყო სხვა სამუშაოთი. დიდი მადლობელი ვარ იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტესი. ბოროტი ქვეყნიერების განადგურების წინ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გავრცელების დასახმარებლად, შემომაქვს მცირეოდენი შესაწირავი“ (შეადარე 2 კორინთელთა 9:11).
9 კრების შეხვედრები მრავალს დაეხმარა, შემოერთებოდა იეჰოვას განმადიდებელთა დიდ გუნდს (შეადარე ფსალმუნი 21:23). ჰონდურასის სამხრეთ ნაწილში არის კრება, რომელსაც ეწოდება „ელ ჰორდენ“-ი. რა არის ასე განსაკუთრებული ამ პატარა ჯგუფში? ეს არის მათი ერთგულება კრებებზე დასწრების მიმართ. ყოველ კვირეულად რომ დაესწრონ შეხვედრებს, 19 მქადაგებლიდან 12-მა უნდა გადალახოს განიერი მდინარე. ეს არ არის დიდი პრობლემა მშრალ სეზონში, როცა მდინარეზე გადასვლა ქვების დახმარებით შეუძლიათ, რომლებსაც გადასვლისას ფეხის დასადგმელად იყენებენ. მაგრამ წვიმიან სეზონში მდგომარეობა იცვლება. წყლის ეს პატარა ნაკადი გადაიქცევა ყველაფრის წამლეკავ, ჩქარ ნიაღვრად. ამ მდინარის გადალახვა რომ შეძლონ, ძმები და დები კარგი მცურავები უნდა იყვნენ. ვიდრე მდინარეში შევიდოდნენ, ისინი თავიანთ ტანსაცმელს, რომლითაც კრებაში უნდა მივიდნენ, დებენ ტინაში (ლითონის ჭურჭელში) და შემდეგ გარს შემოაკრავენ ცელოფნის პარკს. ყველაზე ძლიერი მცურავი ტინას იყენებს, როგორც მაშველ რგოლს და ჯგუფს წინ მიუძღვის. მეორე ნაპირზე გადასვლისას, ისინი იმშრალებენ ტანს, იცვამენ და მხნეები და სუფთები მიდიან სამეფო დარბაზში! (ფსალმუნი 39:10).
ციხე-სიმაგრე, სადაც შეგვიძლია ბინა დავიდოთ
10 როცა დემონების უშუალო ზემოქმედებაში იმყოფები ან სხვა წყაროდან გრძნობ ზემოქმედებას, იეჰოვას შეუძლია იყოს შენი თავშესაფარი. მიმართე მას ლოცვით. ის ყურადღებიანი მსმენელია თავისი ხალხის სულ მცირე ოხვრისაც კი. ფსალმუნმომღერალს ჭეშმარიტებად მიაჩნდა ეს და წერდა: „მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე-სიმაგრე ჩემს დასახსნელად. რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი. გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი“ (ფსალმუნი 30:3–5).
11 იეჰოვამ აღგვითქვა არა მარტო დროებითი თავშესაფარი, არამედ აუღებელი ციხე-სიმაგრე, სადაც შეგვიძლია უშიშრად ვიყოთ. ღმერთის ხელმძღვანელობა და მეთაურობა მის ხალხს იმედს არასოდეს გაუცრუებს. ღვთიური ძალა სამაგიეროს მიაგებს სატანისა და მისი ხროვის ცბიერ საქმეებს (ეფესელთა 6:10, 11). თუ მთელი გულით მივენდობით იეჰოვას, ის დაგვიცავს სატანის მახეებისგან (2 პეტრე 2:9). გასული ოთხი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობაზე აკრძალვა მოიხსნა დაახლოებით 35 ქვეყანაში. ასევე, მსოფლიოს იმ ნაწილებიდან, სადაც სოციალური, ეკონომიკური ან პოლიტიკური მდგომარეობა ხელს უშლიდა კეთილი ცნობის ქადაგებას, ზოგიერთი ცხვრისმაგვარი ადამიანი გადავიდა იქ, სადაც მეტი თავისუფლება ექნებოდა. ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა (სადაც ისინი გადავიდნენ) არის იაპონია.
12 იაპონიაში უცხოელი მუშების მოზღვავების გამო, ჩამოყალიბდა მრავალი უცხოენოვანი კრება. იაპონიის კრებიდან ერთი ძმის მაგალითმა გვიჩვენა, რამდენად ნაყოფიერია უცხოენოვანი ტერიტორიის დამუშავება. მას სურდა ემსახურა იქ, სადაც მეტი საჭიროება იყო. მაგრამ იქ, სადაც ცხოვრობდა უძღვებოდა ბიბლიის ათ შესწავლას. ერთმა მეგობარმა ხუმრობით უთხრა: „თუ შენ მიდიხარ იქ, სადაც უფრო მეტი საჭიროებაა, მაშინ იქ უნდა ჩაატარო ბიბლიის 20 შესწავლა!“ ამ ძმამ მიიღო დანიშვნა და წავიდა ჰიროსიმაში. მაგრამ ოთხი თვის შემდეგ მას ჰქონდა მხოლოდ ბიბლიის ერთი შესწავლა. ერთხელ მან მიაკითხა ბრაზილიელ მამაკაცს, რომელიც მხოლოდ პორტუგალიურად ლაპარაკობდა. ვინაიდან ძმას არ შეეძლო ამ კაცთან კონტაქტის დამყარება, იყიდა პორტუგალიური ენის სახელმძღვანელო. რამდენიმე სალაპარაკო ფრაზის შესწავლის შემდეგ ის კვლავ ეწვია ამ მამაკაცს. როცა ძმა მას პორტუგალიურად მიესალმა, მამაკაცი ძალიან გაოცდა, გულთბილად გაუღიმა, კარები ფართოდ გაუღო და სახლში მიიპატიჟა. დაიწყო ბიბლიის შესწავლა. მალე ძმა ატარებდა ბიბლიის 22 შესწავლას, რომელთაგანაც 14 პორტუგალიურ, 6 ესპანურ და 2 იაპონურ ენაზე იყო.
გულდაჯერებით ქადაგება
13 იეჰოვას ხალხი გულდაჯერებით მღერის სამეფოს სიმღერას, დარწმუნებული იმაში, რომ იეჰოვა არის მათი თავშესაფარი (ფსალმუნი 30:15). ისინი არ შერცხვებიან — იეჰოვა შეასრულებს თავის სიტყვას და არ დაამცირებს მათ (ფსალმუნი 30:18). შერცხვებიან სატანა და მისი დემონების ხროვა. მანამდე კი იეჰოვას ხალხს დავალებული აქვს იქადაგოს ცნობა, რომელიც არ არის სამარცხვინო და რომელსაც სხვა ადამიანებისგან სინდისზე შეგდების გამო არ ქადაგებენ. იეჰოვა და მისი ძე ამ მეთოდით არ აღძრავენ ხალხს ღმერთისადმი თაყვანისცემისკენ. როცა ხალხის გული სავსეა რწმენითა და მადლიერებით იეჰოვას მოწყალებისა და სიყვარულით აღსავსე სიკეთისთვის, ეს არის მათი გულის კარგი მდგომარეობა, რომელიც მათ ბაგეებს სალაპარაკოდ აღძრავს (ლუკა 6:45). ამგვარად, დრო, რომელსაც ყოველთვიურად მსახურებაში ვატარებთ, განსაკუთრებით, თუ ვაკეთებთ საუკეთესოს, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის კარგი და არა სამარცხვინო. განა დიდად არ დააფასეს იესომ და მისმა მამამ ქვრივის ორი ლეპტა? (ლუკა 21:1–4).
14 მქადაგებელთა მზარდმა რიცხვმა მთელი გულით თაყვანისცემაში ჩართო პიონერული მსახურება; 1993 წელს მათმა უმაღლესმა რიცხვმა 890 231-ს მიაღწია! თუ 1993 წელს მიღწეული ტემპი შენარჩუნდება, ამ პიროვნებების რიცხვი 1 000 000-ს გადააჭარბებს. ქვემოთ მოყვანილი მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ შეუერთდა ერთი ნიგერიელი და პიონერთა რიგებს. ის წერს: «როცა მე საშუალო სკოლას ვამთავრებდი, წავედი იეჰოვას მოწმეების „პიონერთა სკოლაში“, საჭმლის მომზადებაში დასახმარებლად. იქ შევხვდი ორ დას, რომლებიც ბებიაჩემზე უფროსები იყვნენ. როცა გავიგე, რომ ისინი პიონერები იყვნენ და „პიონერთა სკოლაში“ მოიწვიეს, ჩემთვის გავიფიქრე, „თუ მათ შეძლეს პიონერობა, მე რატომ ვერ შევძლებ“? და ასე, როცა დავამთავრე სკოლა მეც გავხდი რეგულარული პიონერი».
15 ყველას არ შეუძლია იყოს პიონერი, მაგრამ შეუძლია დაამოწმოს. ბელგიაში ერთი 82 წლის და ხორცის საყიდლად მივიდა მაღაზიაში. მან შენიშნა, რომ ყასბის ცოლი აფორიაქებული იყო ახლახან მომხდარი პოლიტიკური ცვლილებების გამო. დამ ფულთან ერთად ამოიღო ტრაქტატი „რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს?“ და მისცა. როცა და შემდეგ ისევ მივიდა მაღაზიაში, ყასბის ცოლმა ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ჰკითხა, თუ რას ლაპარაკობს ბიბლია მესამე მსოფლიო ომის შესახებ. დამ მიუტანა წიგნი „ჭეშმარიტი მშვიდობა და უსაფრთხოება — როგორ შეგიძლია მისი პოვნა?“ (ინგლ.). რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ეს მოხუცი და ისევ შევიდა მაღაზიაში, ყასბის ცოლმა მას უფრო მეტი კითხვები დაახვედრა. დას მოეწონა ეს ქალი; მან შესთავაზა ბიბლიის შესწავლა და ისიც დასთანხმდა. ახლა ყასბის ცოლს სურს მოინათლოს. რა შეიძლება ითქვას ყასბის შესახებ? მან წაიკითხა ტრაქტატი და ახლა ისიც სწავლობს ბიბლიას.
‘შემონახული სიკეთე’
16 ამ დაძაბული უკანასკნელი დღეების განმავლობაში განა არ აღმოუჩინა იეჰოვამ „საკვირველი თვისი წყალობა“ მათ, რომლებმაც მასთან ჰპოვეს თავშესაფარი? მოსიყვარულე, მფარველი მამის მსგავსად, იეჰოვამ თავის მიწიერ შვილებს შემოუნახა სიკეთის განძი. ყველას თვალწინ, ის ბედნიერებით ავსებს მათ, სწორედ ისე, როგორც ფსალმუნმომღერალი ამბობს: „რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ, რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე“ (ფსალმუნი 30:20, 22).
17 ამიტომ, წუთისოფლის ადამიანები იეჰოვას თაყვანისმცემლების პატიოსნების თვითმხილველები გამხდარან და გაოცებულან. მაგალითად, განაში 96 წლის კაცი მივიდა მმაჩის ბიუროში და რეგისტრატორს თხოვნით მიმართა, რომ ახლა, 70 წლის განმავლობაში არაკანონიერი ქორწინების შემდეგ, რეგისტრაციაში გაეტარებინა მისი ქორწინება. განცვიფრებულმა რეგისტრატორმა ჰკითხა: „დარწმუნებული ხართ, რომ გინდათ ამის გაკეთება? თქვენს ასაკში?“
18 მამაკაცმა განუმარტა: „მე მინდა ვიყო იეჰოვას მოწმე და ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულის წინ მონაწილეობა მივიღო უმნიშვნელოვანეს საქმიანობაში — ღმერთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაში. ეს საქმიანობა მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანია. იეჰოვას მოწმეები ემორჩილებიან სამოქალაქო კანონებს, ქორწინების რეგისტრაციის კანონის ჩათვლით. ამიტომ, გთხოვთ, რეგისტრაცია გაუკეთოთ ჩემს ქორწინებას“. რეგისტრატორს განცვიფრებისგან ენა ჩაუვარდა, მან შეასრულა მამაკაცის თხოვნა და ის წავიდა გაბედნიერებული იმით, რომ მისი ქორწინება კანონიერი გახდა (შეადარე რომაელთა 12:2).
19 ამის შემდეგ მმაჩის ბიუროს რეგისტრატორი დაფიქრდა ყველაფერზე, რაც მოისმინა. „იეჰოვას მოწმეები. . . უმნიშვნელოვანესი საქმიანობა. . . ბოროტი ქვეყნიერების აღსასრული. . . ღმერთის სამეფო. . . მარადიული სიცოცხლე“. როცა თავს იმტვრევდა, თუ რას ნიშნავდა ყოველივე ეს 96 წლის მამაკაცისთვის, მან გადაწყვიტა საქმეში უფრო კარგად ჩახედვის მიზნით მოეძებნა იეჰოვას მოწმეები. ის დათანხმდა ბიბლიის საშინაო შესწავლაზე და სწრაფი წინსვლა გააკეთა. დღეს მმაჩის ბიუროს ეს რეგისტრატორი იეჰოვას მონათლული მოწმეა. მაშასადამე, როცა ვემორჩილებით იეჰოვას ისეთ საქმეებშიც კი, რომლებსაც სხვები უმნიშვნელოდ მიიჩნევენ, შეიძლება უამრავი კარგი შედეგი მოიტანოს, როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი საქციელის თვითმხილველებისთვისაც (შეადარე 1 პეტრე 2:12).
20 ასაკოვანი პიროვენებები, რომლებმაც ჭეშმარიტებას მისცეს საშუალება, რომ ისინი პატიოსან პიროვნებებად ჩამოეყალიბებინა, ამ უპატიოსნო წუთისოფელში კარგ მაგალითს აძლევენ ახალგაზრდებს. მიანმაში ცხოვრობს ასეთი ახალგაზრდა და. ის არის ღარიბი და თავმდაბალი ოჯახიდან, სადაც ათი ბავშვი იზრდება. მამა პენსიონერია და რეგულარულ პიონერად მსახურობს. ერთ დღეს ამ დამ სკოლაში იპოვა ბრილიანტის ბეჭედი, რომელიც მაშინვე მასწავლებელს მიუტანა. მომდევნო დღეს, როცა მთელი კლასი შეიკრიბა, მასწავლებელმა კლასის წინაშე თქვა, თუ როგორ იყო ბეჭედი ნაპოვნი და გადაცემული პატრონისთვის. შემდეგ მან სთხოვა ახალგაზრდა დას წარმდგარიყო მთელი კლასის წინაშე და განემარტა, თუ რატომ მოიქცა ასე, ვინაიდან იცოდა, რომ სხვა ბავშვები არჩევდნენ თავიანთთვის დაეტოვებინათ ბეჭედი. დამ განმარტა, რომ ის არის იეჰოვას მოწმე და რომ მის ღმერთს არ მოსწონს ქურდობა ან სხვა რაიმე სახის უპატიოსნება. ეს ამბავი მთელმა სკოლამ გაიგო, რამაც ჩვენს ახალგაზრდა დას კარგი შესაძლებლობა მისცა მასწავლებლებისა და მოსწავლეების წინაშე დამოწმებისთვის.
21 ბელგიაში ერთმა მასწავლებელმა კლასში საინტერესო აზრი გამოთქვა იეჰოვას მოწმეთა შესახებ. ის აკვირდებოდა ერთ-ერთი თავისი მოსწავლის საქციელს, რომელიც ასევე ახალგაზრდა და იყო, და თქვა: „ახლა მე სხვა აზრისა ვარ იეჰოვას მოწმეებზე. წინასწარ შექმნილი აზრი მკარნახობდა, მეფიქრა, რომ ისინი მოუთმენელი ხალხია. სინამდვილეში კი, ყველაზე რბილი ხასიათის ხალხი აღმოჩნდა, მაგრამ ამავე დროს, თავიანთ პინციპებთან დაკავშირებით არავითარ კომპრომისზე მიდიან.“ ყოველწლიურად მასწავლებლები ჯილდოს აძლევდნენ თავიანთ საუკეთესო მოსწავლეებს. სხვა ჯილდოებს შორის იყო ჯილდო კარგი ყოფაქცევისთვის. თანმიმდევრობით სამი წლის განმავლობაში, სამ უფროს კლასში ეს ჯილდო ამ მასწავლებლისაგან ეძლეოდა იეჰოვას მოწმეთა შვილებს. ასე ხშირად ხდება, როცა პიროვნებები მთელი გულით ენდობიან იეჰოვას (ფსალმუნი 30:24).
22 ოცდამეათე ფსალმუნი სრულდება ტრიუმფალური სიტყვებით: „გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ“ (ფსალმუნი 30:25). ამიტომ, როცა სატანის ბოროტი სისტემის აღსასრულის პირისპირ ვდგავართ, იეჰოვა არა თუ მიგვატოვებს, არამედ პირიქით ძალიან ახლოს იქნება ჩვენთან და თავისი ძალით განგვამტკიცებს. იეჰოვა ერთგულია და ის არ გაგვაწბილებს. ის ჩვენი თავშესაფარია; ჩვენი — მტკიცე გოდოლი (იგავნი 18:10).
გახსოვს თუ არა?
◻ რატომ შეგვიძლია, იეჰოვა გულდაჯერებით გავიხადოთ თავშესაფარად?
◻ რა ცხადყოფს, რომ არსებობს სამეფოს განმადიდებელ, გაბედულ მომღერალთა უზარმაზარი გუნდი?
◻ რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვას ხალხი სატანის მახეში არ გაებმება?
◻ რა განძი აქვს იეჰოვას შემონახული მათთვის, ვინც მასში პოულობს თავშესაფარს?
[სასწავლო კითხვები]
1. როგორ გამოხატავს 30-ე ფსალმუნი, რომ იეჰოვას აქვს უნარი, უზრუნველგვყოს თავშესაფრით?
2. ა) რომელ ორ ბურჯს ეყრდნობა იეჰოვასადმი ჩვენი მინდობა, როგორც ჩვენი ციხე-სიმაგრისადმი? ბ) როგორი ღმერთია იეჰოვა?
3. როგორ განადიდებდა ფსალმუნმომღერალი იეჰოვას?
4, 5. ა) რომელი მზარდი გუნდი განადიდებს დღეს იეჰოვას და როგორ აკეთებდნენ ისინი ამას 1993 წლის განმავლობაში? ბ) როგორ ცხადყოფს გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვი, რომ არსებობს მრავალი პიროვნება, რომლებსაც სურთ შემოუერთდნენ სამეფოს მქადაგებელთა გუნდს? გ) შენს კრებაში, რომელი ჯგუფი დგას ამ გუნდთან შემოერთების ზღვარზე?
6, 7. განმარტე, როგორ გათავისუფლდა იეჰოვას დახმარებით დაინტერესებული მამაკაცი დემონთა ხროვისგან.
8, 9. კიდევ რა დაბრკოლება გადალახა სამეფოს ზოგიერთმა მქადაგებელმა?
10. რატომ შეგვიძლია, რთულ სიტუაციებში მივმართოთ იეჰოვას?
11. განმარტე, რატომ არ არის იეჰოვას ციხე-სიმაგრე დროებითი თავშესაფარი.
12. როგორ გაიხადა ერთმა იაპონელმა პიონერმა იეჰოვა თავის ციხე-სიმაგრედ?
13. რატომ არ უნდა ეცადოს არავინ სინდისზე შეგვაგდოს და ამით გვაიძულოს იეჰოვასადმი მსახურება?
14. რა კომენტარს გაუკეთებდი პიონერულ მსახურებას?
15. რა გზით შეიძლება არაფორმალურმა დამოწმებამ გზა გაუკვალოს სხვებს, რომ იეჰოვაში ჰპოვონ თავშესაფარი?
16. როგორ აქვს იეჰოვას შემონახული სიკეთის განძი თავისი ხალხისთვის?
17–19. რა კეთილი შედეგი გამოიღო განაში ასაკოვანი მამაკაცის ქორწინების რეგისტრაციამ?
20. როგორ გაუკვალა გზა მიანმაში კარგ დამოწმებას ახალგაზრდა დის პატიოსნებამ?
21. როცა ახალგაზრდები მიენდობიან იეჰოვას, როგორ აირეკლება ეს მათ საქციელზე?
22. რა ტრიუმფალური სიტყვებით სრულდება 30-ე ფსალმუნი და როგორ გვეხმარება ის სატანის სისტემის ბოლო დღეების განმავლობაში?