„იესო ქრისტე არის უფალი“ — რა გაგებით და როდის?
„ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჯედ მარჯუჱნით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუჱშე ფერჴთა შენთა“. ეს სიტყვები მოცემულია ფსალმუნის 109:1-ში, რომლის თარგმანი აღებულია 1884 წელს გამოცემული „ძველი აღთქმის ორტომეული“-დან. ვინ არის აქ მოხსენიებული, როგორც ‘უფალი’და ვის ელაპარაკება ის?
ებრაული ტექსტის უფრო ზუსტი თარგმანი დაუყოვნებლივ პასუხობს პირველ შეკითხვაზე. „უთხრა იეჰოვამ ჩემს უფალს. . .“ ამრიგად, დიდი ასოებით გამოყენებული სიტყვა ‘უფალი’ მიეკუთვნება ყოვლისშემძლე ღმერთს, თვით იეჰოვას. თუმცა, 1884 წელს გამოცემული „ძველი აღთქმის ორტომეული“ აღიარებს ღვთიურ სახელს, როცა იყენებს ‘უფალს’, როგორც ‘უფლის’ საპირისპიროს, ის პირველი არ არის წოდებების არევაში, რადგან ებრაულიდან თარგმნილი ძველი ბერძნული „სეპტუაგინტის“ გვიან ხელნაწერებში, იეჰოვას ნაცვლად, გამოყენებული იყო სიტყვა ‘უფალი’. რატომ? იმიტომ რომ, ღვთიური სახელის, ტეტრაგრამატონის (יהוה) ნაცვლად, იყო ჩასმული წოდება ‘უფალი’. მეცნიერი ა. ი. გარვი ამბობს: „წოდება ‘უფალის’, [კი΄რი·ოს]-ის, გამოყენება უფრო იოლად, შესაძლოა, აიხსნება იმით, რომ ებრაულ სინაგოგაში წმინდა წერილების წაკითხვის დროს, ძველი აღთქმის სახელის, იაჰვეს [იეჰოვას], ნაცვლად ამ წოდებას იყენებდნენ“.
ბიბლიაში იეჰოვას „უზენაესი უფალი“ ეწოდება (დაბადება 15:2, 8, აქ; საქმე 4:24, აქ; გამოცხადება 6:10, აქ). ასევე, მას ეწოდება „ჭეშმარიტი უფალი“ და ‘მთელი ქვეყნის უფალი’ (გამოსვლა 23:17, აქ; იესო ნავეს ძე 3:13; გამოცხადება 11:4). მაშასადამე, ვინ არის სხვა ‘უფალი’ ფსალმუნის 109:1-ში და როგორ აღიარა იეჰოვამ ის, როგორც „უფალი“?
იესო ქრისტე როგორც „უფალი“
იესო, როგორც უფალი, ოთხ სახარებაშია მოხსენიებული, უფრო ხშირად კი, ლუკასა და იოანეს სახარებებში. ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში პატივსაცემ და თავაზიან წოდებათაგან ერთ-ერთი, წოდება ‘უფალი’, ბატონის ტოლფასი იყო (იოანე 12:21; 20:15, „კინგდომ ინტერლინიე“). მარკოზის სახარებაში იესოს მიმართ, ხშირ შემთხვევაში, გამოყენებულია წოდება „მოძღვარო“ ანუ რაბ·ბო΄ნი (შეადარე მარკოზის 10:51 ლუკას 18:41-თან). დამასკოსკენ მიმავალ გზაზე, თვით სავლეს შეკითხვას: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ — იგივე, თავაზიანი მიმართვის საერთო გაგება ჰქონდა (საქმე 9:5). მაგრამ, რადგანაც იესოს მიმდევრებმა შეიცნეს თავიანთი მოძღვარი, უეჭველია, რომ წოდება ‘უფლის’ გამოყენება გამოხატავდა უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ პატივისცემას.
თავისი სიკვდილისა და აღდგენის შემდეგ, მაგრამ ზეცაში ამაღლების წინ, იესო გამოეცხადა თავის მოწაფეებს და აუწყა განსაცვიფრებელი ამბავი: „მოცემული მაქვს მე მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18). შემდეგ, მეერგასე დღეს, გადმოსული სულიწმიდის გავლენით, პეტრემ მოიხსენია ფსალმუნის 109:1 და თქვა: „ამრიგად მტკიცედ იცოდე მთელმა სახლეულმა ისრაელისამ, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით“ (საქმე 2:34–36). თვით წამების ძელზე სამარცხვინო სიკვდილამდე ერთგულების შედეგად, იესო იყო აღდგენილი და მიეცა უმაღლესი ჯილდო. შემდეგ ის თავის ზეციურ სამფლობელოში შევიდა.
მოციქულმა პავლემ დაადასტურა პეტრეს სიტყვები, როცა დაწერა, რომ ღმერთმა „თავის მარჯვნივ დასვა [ქრისტე] ზეცაში — ყოველ უფროსობაზე, ძალაუფლებაზე, ძალაზე, ბატონობაზე და ყოველივე სახელზე მაღლა, რაც კი იწოდება, არა მარტო ამ წუთისოფელში, არამედ მომავალშიც“ (ეფესელთა 1:20, 21). იესო ქრისტეს ბატონობა აღემატება ყველა სხვა ბატონობას და გაგრძელდება ახალ ქვეყნიერებაში (1 ტიმოთე 6:15). ის ‘ამაღლებულ’ იქნა და მიეცა „ყველა სახელზე უმაღლესი სახელი“, რათა ყველას ეღიარებინა, რომ „იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად“ (ფილიპელთა 2:9–11). ამრიგად, ფსალმუნის 109:1-ის პირველი ნაწილი შესრულდა და „ანგელოზები და ძალაუფლებანი და ძალები“ დაემორჩილნენ იესოს ბატონობას (1 პეტრე 3:22; ებრაელთა 8:1).
ებრაულ წერილებში მოცემული გამოთქმა „უფალი უფალთა“, მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნის (მეორე რჯული 10:17, აქ; ფსალმუნი 135:2, 3). მაგრამ ღმერთის შთაგონებით პეტრემ იესო ქრისტეს შესახებ თქვა: «ის არის ყოველთა უფალი [ანუ, ყველა ჩვენთაგანის უფალი, „გუდსპიდ“]» (საქმე 10:36). ის ნამდვილად არის ‘უფალი მკვდრებზეც და ცოცხლებზეც’ (რომაელთა 14:8, 9). ქრისტიანები მზადყოფნით აღიარებენ იესო ქრისტეს თავიანთ უფლად და პატრონად, და როგორც მისი უძვირფასესი სისხლით ნაყიდი მორჩილები, ხალისით ავლენენ დამჯერობას. და ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის მეერგასე დღიდან იესო ქრისტე მართავს თავის კრებას, როგორც მეფეთა მეფე და უფალთა უფალი. მაგრამ ახლა, 1914 წლიდან, მას მიეცა სამეფო ძალაუფლება, რომ იბატონოს ამ თანამდებობაში, ‘მის ფეხთა ქვეშ’ დანარცხებულ მტრებზე. ახლა მისთვის დადგა ის დრო, რომ ‘იბატონოს მათ შორის’, რომ შესრულდეს ფსალმუნის 109:1, 2 (ებრაელთა 2:5–8; გამოცხადება 17:14; 19:16).
მაგრამ, როგორ გავიგოთ სიკვდილისა და აღდგენის წინ იესოს მიერ ნათქვამი სიტყვები: „ყოველივე ჩემი მამის მიერ გადმომეცა მე“? (მათე 11:25–27; ლუკა 10:21, 22). ეს გამონათქვამი არ არის იმდენად ფართო გაგების, როგორც უკვე განხილული გამონათქვამები. მათესა და ლუკას სახარებების შინაარსი ცხადყოფს, რომ იესო საუბრობდა ამქვეყნიური სიბრძნის მქონე ადამიანებისგან დაფარული, მაგრამ თავისი მეშვეობით გაცხადებული შემეცნების შესახებ, რადგან ის „იცნობს“ მამას. როდესაც მოინათლა წყალში და იშვა, როგორც ღმერთის სულიერი ძე, იესოს ჰქონდა შესაძლებლობა, გაეხსენებინა ადამიანად ყოფნამდე არსებობა ზეცაში და სრული შემეცნება, რომელიც ჰქონდა, მაგრამ ეს განსხვავდებოდა მისი მომდევნო ბატონობისგან (იოანე 3:34, 35).
იესო ქრისტეს, როგორც უფლის გამორჩევა
ებრაული წერილებიდან იმ ციტატების თარგმნისას, რომლებიც აშკარად ‘უფალს’, იეჰოვა ღმერთს მიეკუთვნება, ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ზოგიერთ თარგმანში წარმოიშობა პრობლემა. მაგალითად, შეადარე ლუკას 4:19 ესაიას 61:2-თან „მეფე იაკობის თარგმანში“ ან „იერუსალიმის ახალ ბიბლიაში“. ზოგიერთი ადამიანი ემხრობა იმ აზრს, რომ იესომ იეჰოვასგან მიითვისა წოდება „უფალი“, და რომ იესო ხორციელ სხეულში, სინამდვილეში იეჰოვა იყო, მაგრამ ამ თვალსაზრისს არა აქვს ბიბლიური მტკიცება. საღვთო წერილი ყოველთვის გულდასმით განასხვავებს იეჰოვა ღმერთს მისი ძის, იესო ქრისტესგან. იესომ ამცნო ხალხს მამის სახელი და იყო მისი წარმომადგენელი (იოანე 5:36, 37).
მომდევნო მაგალითებში მიაქციე ყურადღება იმას, თუ როგორ გადმოდის ციტატები ებრაული წერილებიდან ბერძნულ წერილებში. იეჰოვა ღმერთი და მისი ცხებული, ანუ მესია, ორივე მოიხსენიება საქმის 4:24–27, რომელიც ციტირებულია ფსალმუნის 2:1, 2-დან. რომაელთა მიმართ წერილის 11:33, 34-ის შინაარსი უთუოდ ღმერთს, სრული სიბრძნისა და შემეცნების წყაროს მიეკუთვნება, რაზეც მიუთითებს ციტატა ესაიას 40:13, 14-დან. კორინთელთა კრების მიმართ წერილში, პავლე განმეორებით ციტირებს: „ვინ შეიცნო უფლის აზრი?“ და შემდეგ უმატებს: „ჩვენ კი გვაქვს ქრისტეს აზრი“. უფალმა იესომ გაუხსნა თავის მიმდევრებს იეჰოვას თვალსაზრისი მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის შესახებ (1 კორინთელთა 2:16).
ზოგჯერ ტექსტი ებრაულ წერილებში იეჰოვაზე მიუთითებს, მაგრამ იმის გამო, რომ ღმერთმა მისცა იესოს ძალა და ძალაუფლება, ყოველივე იესო ქრისტეზე შესრულდა. მაგალითად, ფსალმუნის 33:9 გვიწვევს, ‘განვიცადოთ და ვნახოთ, რომ კარგია უფალი [იეჰოვა, აქ]’. მაგრამ პეტრემ იგივე გამოიყენა უფლის, იესო ქრისტეს მიმართ, როცა თქვა: „თუ იგემეთ, რომ კეთილია უფალი“ (1 პეტრე 2:3). პეტრე იყენებს ამ პრინციპს და გვიჩვენებს, რამდენად სამართლიანია ეს, ასევე, იესო ქრისტეს მიმართ. იეჰოვასა და ქრისტეს შესახებ შემეცნების მიღებით და მის თანახმად მოქმედებით, ქრისტიანებს შეუძლიათ დატკბნენ მამისგან და მისი ძისგანაც გამომდინარე მდიდარი კურთხევებით (იოანე 17:3). პეტრეს განცხადება არ ხდის ერთ პიროვნებად უზენაეს უფალ იეჰოვას და უფალ იესო ქრისტეს (იხილე 1 პეტრეს 2:3-ის სქოლიო, აქ).
იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის, იესო ქრისტეს ფარდობით მდგომარეობას უფრო აშუქებს მოციქული პავლე, როცა ამბობს: „ჩვენ გვყავს ერთი მამა ღმერთი, რომლისგანაც არის ყოველი და ჩვენ მისთვის ვართ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველი და ჩვენც მის მიერ“ (1 კორინთელთა 8:6; 12:5, 6). როცა ეფესოში ქრისტიანულ კრებას სწერდა, პავლემ მოიხსენია „ერთი უფალი“, იესო ქრისტე, როგორც ‘ერთი ღმერთის და ყოველთა მამისგან’ საკმაოდ განსხვავებული პიროვნება (ეფესელთა 4:5, 6).
იეჰოვა — ყველაზე უზენაესი
ათას ცხრაას თოთხმეტი წლიდან, გამოცხადების 11:15-ში ჩაწერილი სიტყვები სამართლიანად დამტკიცდა: „ქვეყნიერების სამეფო გახდა ჩვენი უფლის [იეჰოვა ღმერთის] და მისი ქრისტესი, და ის იმეფებს უკუნითი უკუნისამდე“. „ახალი აღთქმის ღვთისმეტყველების ახალი საერთაშორისო ლექსიკონი“ (ინგლ.) (ტომი 2, გვერდი 514) ამბობს: „როცა ქრისტე გაიმარჯვებს ყველა ძალაზე (1 კორ. 15:25), ის დაემორჩილება ღმერთს, მამას. ამრიგად, იესოს ბატონობა მიაღწევს თავის მიზანს და ღმერთი იქნება ყველაფერი ყოველივეში (1 კორ. 15:28)“. თავისი ათასწლიანი მეფობის ბოლოს, ქრისტე იესო მისთვის ჩაბარებულ ძალასა და ძალაუფლებას დაუბრუნებს თავის მამას, ყოვლისშემძლე ღმერთს. იმ დროიდან, მთელი დიდება და თაყვანისცემა სამართლიანად მიეცემა იეჰოვას, ‘ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთს’ (ეფესელთა 1:17).
თუმცა დღეს იესო უფალთა უფალია, მას არასდროს ეწოდება ღმერთთა ღმერთი. იეჰოვა რჩება უზენაესად. ამრიგად, იეჰოვა იქნება „ყველაფერი ყოველივეში“ (1 კორინთელთა 15:28). იესოს ბატონობა აძლევს მას კანონიერ მდგომარეობას, იყოს ქრისტიანული კრების თავი. თუმცა ქვეყნიერებაში, შეიძლება ვხედავთ მრავალ, მაღალი თანამდებობის ძლევამოსილ „უფალს“, ჩვენ ვენდობით მხოლოდ ერთს, რომელიც არის უფალთა უფალი. და მაინც, იესო ქრისტე, თავისი მაღალი და ამაღლებული მდგომარეობით, რჩება თავისი მამის მორჩილებაში, „რომ ღმერთს შეეძლოს მართოს ყველაფრით“ (1 კორინთელთა 15:28, „მთარგმნელის ახალი აღთქმა“ [ინგლ.]). თავმდაბლობის რაოდენ შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა იესომ თავის მოსწავლეებს, მათ ხომ ის თავიანთ უფლად აღიარეს!
[ჩარჩო მე-9 გვერდზე]
„როცა ახალი აღთქმის მწერლები ღმერთზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთსა და მამას. როცა საუბრობენ იესო ქრისტეზე, ისინი არ საუბრობენ და არ ფიქრობენ მასზე, როგორც ღმერთზე. ის არის ღმერთის ქრისტე, ღმერთის ძე, ღმერთის სიბრძნე, ღმერთის სიტყვა. თვით წმინდა იოანეს სახარების პროლოგი, რომელიც ნიკეის დოქტრინასთან ყველაზე ახლოს არის, უნდა იკითხებოდეს მამის მიმართ ქრისტეს მორჩილების შესახებ სახარების ნათელი სწავლების შუქში; და რადგანაც ბერძნულ ენაში სიტყვა [თე·ოს΄] არტიკლის გარეშე გამოიყენება, პროლოგი ნაკლებად ზუსტია, ვიდრე ინგლისურ ენაზე“.
(ჯონ მორტენ კრიდის „იესო ქრისტეს ღვთაება“, [ინგლ.]).