დღითი დღე შევასრულოთ ჩვენი აღთქმა
1 ფსალმუნმომღერალი დავითი აღძრული იყო, განეცხადებინა იეჰოვასთვის: „ამგვარად ვუგალობებ შენს სახელს უკუნისამდე, რომ შევასრულო ჩემი აღთქმანი დღითი-დღე“ (ფსალმ. 60:9). დავითმა იცოდა, რომ აღთქმის დადება სრულიად ნებაყოფლობითი საქმეა. მაგრამ მისთვის, აგრეთვე, ნათელი იყო, რომ, თუ აღთქმას დადებდა, ვალდებული იყო, შეესრულებინა ის. თვით ამ შემთხვევაშიც კი, ის განადიდებდა იეჰოვას, რომ ჰქონდა შესაძლებლობა დღითი დღე შეესრულებინა თავისი აღთქმები.
2 როცა თავს ვუძღვნით იეჰოვას, ნებაყოფლობით აღვუთქვამთ, რომ შევასრულებთ მის ნებას. ამით საკუთარ თავს უარვყოფთ და იეჰოვასადმი მსახურებას ჩვენი ცხოვრების ძირითად საქმიანობად ვხდით (ლუკ. 9:23). ამიტომ, დღითი დღე უნდა შევასრულოთ ჩვენი აღთქმა (ეკლ. 5:4–6). წყალში ნათლობით ჩვენს მიერ საჯაროდ გაცხადება მთელი ჩვენი ცხოვრების ნიმუშში უნდა გამოვლინდეს, რადგან ვიცით, რომ ‘ბაგით უნდა ვაღიაროთ გადასარჩენად’ (რომ. 10:10). ეს მოიცავს კეთილი ცნობის ქადაგებას (ებრ. 13:15). პირადი ვითარებები დიდად განსხვავდება, მაგრამ დღითი დღე ყოველ ჩვენგანს შეუძლია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს კეთილი ცნობის სხვებთან გაზიარების აუცილებლობას.
3 შესაძლებელი გახადე, იქადაგო ყოველდღიურად: კეთილი ცნობის სხვასთან გაზიარება სასიხარულო განცდაა. ყოველდღიურად რომ შევასრულოთ ეს, სადაც ჩვენი ვითარებები ხელს გვიწყობს, ქადაგების შესაძლებლობა უნდა შევქმნათ. მრავალი ბედნიერი შემთხვევა ჰქონდათ მათ, რომლებმაც ინიციატივა აიღეს, არაფორმალურად დაემოწმებინათ სამსახურსა თუ სკოლაში, მეზობლებთან თუ მათთან, რომლებსაც ყოველდღე ხვდებოდნენ. წერილების წერა ან ტელეფონის გამოყენებაც კი, შეიძლება, სხვებთან დამოწმების საშუალება იყოს. ყველა ამ საშუალებით სარგებლობას, ასევე კარდაკარ დამოწმებისას თუ განმეორებითი მონახულებებისას დროის დანიშვნას თან სდევს განსაკუთრებული სიხარული, რასაც იწვევს ბიბლიის საშინაო შესწავლის ჩატარება. დიახ, ყოველდღიურად შევძლებთ, შევქმნათ შესაძლებლობები, რომ ვიქადაგოთ.
4 ერთ-ერთმა დამ სამსახურში შესვენებისას დაიწყო ბროშურის — „საღვთო წერილის ყოველდღიური განხილვის“ — კითხვა. მან თანამშრომელი მიიწვია, რომ მასთან ერთად წაეკითხა დღიური მუხლი, რის შედეგადაც იმ ქალმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ისინი ყოველთვის, კვირაში ხუთჯერ ნახევარი საათის განმავლობაში სწავლობდნენ. სხვა თანამშრომელი აკვირდებოდა მათ ყოველდღიურ შესწავლას. საბოლოოდ მან თავი უმოქმედო ძმად სცნო. დის გულმოდგინებით აღძრული, დაუკავშირდა უხუცესს, რათა ხელახლა ამოქმედებულიყო. ამ დამ თავისი აღთქმის დღითი დღე გულმოდგინედ შესრულებით დადებითად იმოქმედა ორი პიროვნების ცხოვრებაზე.
5 როცა მადლიერებით სავსე გულით ვართ აღძრული ყველა სიკეთისთვის, რაც იეჰოვამ გვიბოძა, ჩვენი მიძღვნის აღთქმის, შეძლებისდაგვარად, საუკეთესოდ შესრულება სიხარულსა და კმაყოფილებას მოგვგვრის. ფსალმუნმომღერლის მსგავსად ჩვენც შეგვიძლია განვაცხადოთ: „გიწამებ, უფალო, ღმერთო ჩემო, მთელი გულით და განვადიდებ შენს სახელს უკუნისამდე“ (ფსალმ. 85:12).