შროშანი
ებრაული სიტყვა შუშან და მისი ბერძნული შესატყვისი კრინონ, რომლებიც „შროშანად“ ითარგმნება, როგორც ჩანს, მოიცავს ყვავილთა ისეთ ნაირსახეობას, როგორიცაა ტიტა, ფრინტა, სუმბული, ზამბახი და ხმალა. კელერისა და ბაუმგარტნერის ლექსიკონის თანახმად, ამ ყვავილის ებრაული სახელწოდება მომდინარეობს ეგვიპტური სიტყვიდან, რომელიც დიდ ყვავილს ნიშნავს (Lexicon in Veteris Testamenti Libros, ლეიდენი, 1958, გვ. 958). ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე (II, 92) ეგვიპტურ ლოტოსს შროშანს უწოდებს. ბევრი თვლის, რომ ბიბლიაში მოხსენიებულ შროშანის ჩუქურთმებში ეგვიპტური ლოტოსი, იგივე დუმფარაა ნაგულისხმები (1მფ. 7:19, 22, 26; 2მტ. 4:5). მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლოტოსი ხშირად გვხვდება ძველი ეგვიპტის წარმართულ სიმბოლიკაში, საეჭვოა, რომ ბიბლიაში შროშანი ლოტოსთან იყოს გაიგივებული.
როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, შროშანები ხარობდა დაბლობებზე, ეკლიან სარეველებს შორის და იქ, სადაც ცხვრები და ქურციკები ძოვდნენ (ქბ. 2:1, 2, 16; 4:5). შესაძლოა მათ ბაღებშიც რგავდნენ (ქბ. 6:2, 3). ბიბლია გადაკვრით მათ ტკბილსურნელებასაც მოიხსენიებს (ქბ. 5:13). ოსია, როგორც ჩანს, შროშანის სილამაზეს გულისხმობდა, როცა ისრაელის აღორძინებაზე წინასწარმეტყველებისას თქვა, რომ ღვთის ხალხი შროშანივით გაიფურჩქნებოდა (ოს. 14:5).
იესო ქრისტემ აღნიშნა, რომ დიდებული სოლომონიც კი არ შემოსილა ისე ლამაზად, როგორც მინდვრის შროშანები, რითაც იმას გაუსვა ხაზი, რომ კაცს მატერიალური საგნებისთვის დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭებინა. ზოგის აზრით, იესო შროშანში ფრინტას გულისხმობდა. თუმცა, შესაძლოა მას მხედველობაში ჰქონდა შროშანისებრი ყვავილები, რაზეც, სავარაუდოდ, ისიც მიუთითებს, რომ ის „მინდვრის შროშანებს“ „მინდვრის ბალახთან“ აიგივებს (მთ. 6:28—30; ლკ. 12:27, 28).
45-ე, მე-60, 69-ე და მე-80 ფსალმუნების ეპიგრაფებში „შროშანისა“ და „შროშნების“ მოხსენიების მიზეზი უცნობია.