თავმდაბლობა
სიამაყისა და ქედმაღლობის საპირისპირო თვისება. ეს სისუსტე კი არა, იეჰოვასთვის მოსაწონი სულიერი მდგომარეობა ანუ გუნება-განწყობილებაა.
ებრაულ წერილებში „თავმდაბლობად“ ნათარგმნი სიტყვა ნაწარმოებია ფუძიდან ʽანაჰ, რაც გაჭირვებულს, დამცირებულსა და დაჩაგრულს ნიშნავს. ამ ფუძიდან მომდინარეობს სხვა სიტყვებიც, რომლებიც ითარგმნება „თავმდაბლობად“, „თვინიერებად“, „გაჭირვებად“ და ა. შ. თავმდაბლობის აზრს კიდევ ორი ებრაული ზმნა ატარებს, კერძოდ, ქანაʽ (სიტყვასიტყვით „საკუთარი თავის დამორჩილება“) და შაფელ (სიტყვასიტყვით „დამდაბლება“). ქრისტიანულ-ბერძნული წერილებში „თავმდაბლობად“ ნათარგმნია სიტყვა ტაპინოფროსინე. ის შედგება ორი სიტყვისგან ტაპინოო დამდაბლება და ფრენ გონება.
თავმდაბლები რომ ვიყოთ, ჯერ ბიბლიის დახმარებით უნდა გავაანალიზოთ, რა მდგომარეობა გვიკავია ღმერთთან და მოყვასთან მიმართებით, შემდეგ კი ღვთის სიტყვიდან ნასწავლი პრინციპები გავითვალისწინოთ. ებრაული სიტყვა ჰითრაფფეს, რომელიც ნათარგმნია „თავის დამდაბლებად“, სიტყვასიტყვით საკუთარი თავის ჩაწიხვლას ნიშნავს. ამ სიტყვის მნიშვნელობა კარგად ჩანს „იგავებში“ ჩაწერილი ბრძნული რჩევიდან: „შვილო, თუ შენს მოძმეს თავდებად დაუდექი ... თუ შენმა ბაგემ მახეში გაგაბა ... შენი მოძმის ხელში ხარ ჩავარდნილი: მიდი, თავი დაიმდაბლე [ანუ საკუთარი თავი ჩაწიხლე] და განუწყვეტლივ ევედრე შენს მოძმეს ... დაიხსენი თავი“ (იგ. 6:1—5). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა მოვიშოროთ სიამაყე, ვაღიაროთ ჩვენი შეცდომა, ვითხოვოთ პატიება და გამოვასწოროთ მდგომარეობა. იესოს რჩევის თანახმად, საკუთარი თავის წარმოჩენის ნაცვლად, ბავშვივით უნდა დავიმდაბლოთ თავი ღვთის წინაშე და ჩვენს ძმებს მოვემსახუროთ (მთ. 18:4; 23:12).
თავმდაბლობა შეიძლება ცხოვრებისეულმა გამოცდილებამაც გვასწავლოს. იეჰოვამ ისრაელებს აუხსნა, რატომ ატარა ორმოცი წელი უდაბნოში — მას უნდოდა, მათთვის თავმდაბლობა ესწავლებინა, გამოეცადა ისინი, გაეგო, რა ჰქონდათ გულში და გაეგებინებინა, რომ „კაცი მხოლოდ პურით კი არ ცოცხლობს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (კნ. 8:2, 3). უდავოა, მრავალმა ისრაელმა ამ პერიოდში გადატანილი სირთულეებიდან ბევრი რამ ისწავლა და უფრო თავმდაბალიც გახდა (შდრ. ლვ. 26:41; 2მტ. 7:14; 12:6, 7). თუ კაცი თავს არ დაიმდაბლებს და დარიგებას ყურად არ იღებს, ადრე თუ გვიან დამცირდება. ეს პრინციპი ერებზეც ვრცელდება (იგ. 15:32, 33; ეს. 2:11; 5:15).
ღვთის მოსაწონი თვისება. იეჰოვა დიდად აფასებს თავმდაბლებს. მიუხედავად იმისა, რომ ის ვალდებული არ არის, თავისი წყალობიდან გამომდინარე მზადაა, ჩვენ მიმართ გულმოწყალე და კეთილგანწყობილი იყოს, თუ მის წინაშე თავს დავიმდაბლებთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე არ ვიყოთ დაიმედებული და ჩვენი შესაძლებლობებით არ ვიკვეხნიდეთ. ჩვენ იეჰოვას იმედი უნდა გვქონდეს და მისი ნების შესრულება გვწყუროდეს. ამ შემთხვევაში მართლდება იაკობისა და პეტრეს ღვთის შთაგონებით დაწერილი სიტყვები: „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებისადმი კი წყალობას ავლენს“ (იაკ. 4:6; 1პტ. 5:5).
ვინმეს შეიძლება წარსულში დიდი ბოროტებაც ჰქონდეს ჩადენილი, მაგრამ თუ იეჰოვას წინაშე თავს დაიმდაბლებს და წყალობას შესთხოვს, შესმენილი იქნება. მენაშემ, იუდას კერპთაყვანისმცემელმა მეფემ, იუდასა და იერუსალიმის მკვიდრები აცდუნა, „რათა იმ ერებზე უარესად მოქცეულიყვნენ, რომლებიც მოსპო იეჰოვამ ისრაელის ძეთაგან“. მაგრამ მას შემდეგ, რაც იეჰოვას ნებით ის ასურეთის მეფის ტყვეობაში აღმოჩნდა, „დიდად დაიმდაბლა თავი თავისი მამა-პაპის ღვთის წინაშე. ლოცვით მიმართავდა მას და მანაც შეისმინა მისი ვედრება, წყალობის თხოვნა და დაუბრუნა მას მეფობა იერუსალიმში; მიხვდა მენაშე, რომ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი“. ასე ისწავლა მენაშემ თავმდაბლობა (2მტ. 33:9, 12, 13; შდრ. 1მფ. 21:27—29).
აუცილებელია ღვთისგან ხელმძღვანელობის მისაღებად. ღმერთი ხელმძღვანელობის გარეშე არ დატოვებს მას, ვინც მის წინაშე თავს დაიმდაბლებს. ეზრას სერიოზული პასუხისმგებლობა დაეკისრა — ის ბაბილონიდან იერუსალიმისკენ უნდა გასძღოლოდა 1 500-ზე მეტ კაცს, თუ არ ჩავთვლით მღვდლებს, ნეთინიმებს, ქალებსა და ბავშვებს. გარდა ამისა, იერუსალიმის ტაძრის შესამკობად მათ თან უნდა წაეღოთ დიდძალი ოქრო-ვერცხლი. მათ გზაში დაცვა სჭირდებოდათ, მაგრამ ეზრას არ უნდოდა, ადამიანურ ძალას დაყრდნობოდა და სპარსეთის მეფისთვის ბადრაგა ეთხოვა, მით უმეტეს, რომ მანამდე მეფისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ჩვენი ღვთის ხელი მის მძებნელთა სასიკეთოდ მოქმედებს“. ამიტომ ეზრამ მარხვა გამოაცხადა, რათა ხალხს იეჰოვას წინაშე თავი დაემდაბლებინა. მათ ღმერთს დახმარება შესთხოვეს და მანაც შეისმინა მათი თხოვნა. მათ თავი აარიდეს გზაში ჩასაფრებულ მტრებს და უსაფრთხოდ ჩავიდნენ დანიშნულების ადგილას (ეზრ. 8:1—14, 21—32). ბაბილონში გადასახლებულ წინასწარმეტყველ დანიელს ღმერთმა თავისი უდიდესი წყალობის ნიშნად ანგელოზი გაუგზავნა და ხილვა ახილვინა, და ეს იმიტომ, რომ დანიელმა თავი დაიმდაბლა მის წინაშე და ხელმძღვანელობა და გაგების უნარი შესთხოვა (დნ. 10:12).
თავმდაბლობა ადამიანს სწორი გზით ატარებს და დიდებისკენ წაუძღვება, რადგან სწორედ ღმერთია ის, ვინც განადიდებს ან ამცირებს (ფს. 75:7). „დაცემას წინ უსწრებს გადიდგულება, დიდებას კი — თავმდაბლობა“ (იგ. 18:12; 22:4). ვინც იუდას მეფის, უზიას მსგავსად საკუთარი თავის განდიდებისკენ ისწრაფვის, გაუბედურდება. გადიდგულებული მეფე მღვდლების უფლებამოსილებაში შეიჭრა. ბიბლიაში მის შესახებ ვკითხულობთ: „როგორც კი გაძლიერდა, გადიდგულდა თავისდა დასაღუპავად; უორგულა იეჰოვას, თავის ღმერთს, და შევიდა იეჰოვას ტაძარში, რათა საკმევლის სამსხვერპლოზე საკმეველი ეკმია“. მღვდლებისგან გაკიცხულ და მათზე განრისხებულ მეფეს კეთრი შეეყარა (2მტ. 26:16—21). უზია თავისივე სიამაყემ ააცდინა სწორ გზას და დაღუპა.
თავმდაბლობა განსაცდელებს გადაგვატანინებს. თავმდაბლობა განსაცდელის ატანას გაგვიადვილებს. განსაცდელის დროს თავმდაბლობა მოთმინებას გამოგვამუშავებინებს, სიმტკიცეს შეგვმატებს და ძალასაც მოგვცემს ღვთის მსახურების გასაგრძელებლად. მეფე დავითს მრავალი გასაჭირის ატანა მოუწია. როცა მეფე საული მოსაკლავად დასდევდა, ის არც ღმერთს დამდურებია და არც მის ცხებულს გამედიდურებია (1სმ. 26:9, 11, 23). მართალია, დავითმა იეჰოვას შესცოდა და ბათ-შებასთან იმრუშა, მაგრამ როცა წინასწარმეტყველმა ნათანმა მკაცრად გაკიცხა, მან თავი დაიმდაბლა ღვთის წინაშე (2სმ. 12:9—23). ერთხელ, როცა ბენიამინელმა შიმეიმ სახალხოდ დაწყევლა დავითი, დავითის მხედართმთავარმა აბიშაიმ მეფის შეურაცხყოფისთვის შიმეის მოკვლა მოინდომა. დავითი ამჯერადაც თავმდაბლურად მოიქცა და აბიშაი შემდეგი სიტყვებით შეაჩერა: „ჩემი საკუთარი ვაჟი, ჩემგან გამოსული, მოსაკლავად დაეძებს ჩემს სულს და ბენიამინელისა რაღა გიკვირთ!.. იქნებ თავისი თვალით დაინახოს იეჰოვამ და დღევანდელი წყევლის ნაცვლად ყოველივე კარგი მომაგოს იეჰოვამ“ (2სმ. 16:5—13). გავიდა დრო და დავითმა იეჰოვას ნების საწინააღმდეგოდ ხალხის აღრიცხვა ბრძანა. ამის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: «გული აუჩქარდა დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ. უთხრა დავითმა იეჰოვას: „დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე ... მეტისმეტად უგუნურად მოვიქეცი!“» (2სმ. 24:1, 10). მართალია, ღმერთმა დავითი დასაჯა, მაგრამ მისთვის მეფობა არ წაურთმევია. იეჰოვას გული დავითმა სწორედ თავმდაბლობით მოუბრუნა.
ღვთის ერთ-ერთი თვისება. თავმდაბლობა იეჰოვას ერთ-ერთი თვისებაა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთი ვინმეზე რამით ნაკლებია ან ვინმეს ემორჩილება. მისი თავმდაბლობა იმაში ვლინდება, რომ სწყალობს და თანაუგრძნობს მომნანიებელ ცოდვილებს. მის თავმდაბლობას უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ საერთოდ ყურადღებას აქცევს ცოდვილებს. ღვთის თავმდაბლობაზე კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდად გაღებული მისი ძის მსხვერპლიც მოწმობს. ადამის შეცოდების მიუხედავად, იეჰოვამ მას შთამომავლობის ყოლის უფლება მისცა, რის გამოც უკვე 6 000 წელზე მეტია, ბოროტებას ითმენს. თავისი წყალობიდან გამომდინარე ღმერთი ადამის შთამომავლობას მარადიული ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს (რმ. 8:20, 21). ამით ღვთის სხვა შესანიშნავ თვისებებთან ერთად მისი თავმდაბლობაც ვლინდება.
მეფე დავითმა საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის წყალობა, რამაც ის ღვთის თავმდაბლობაში დაარწმუნა. დავითი ამისთვის ყოველთვის ემადლიერებოდა ღმერთს. მას შემდეგ, რაც იეჰოვამ ის მტრების ხელიდან დაიხსნა, დავითმა სიმღერით შეასხა ღმერთს ხოტბა: „შენ მომცემ შენი ხსნის ფარს, შენი თავმდაბლობა განმადიდებს“ (2სმ. 22:36; ფს. 18:35). იეჰოვა სიდიადითა და ღირსებით არის მოსილი და ზეცათა ზეცაში მკვიდრობს, მაგრამ მასზე შეიძლება ითქვას შემდეგი სიტყვები: „ვინ არის ჩვენი ღვთის, იეჰოვას, მსგავსი, რომელიც მაღლაა დამკვიდრებული? დაბლა იხრება და დაჰყურებს ცასა და მიწას; საწყალს მტვრიდან აყენებს, ღარიბს სანაგვიდან ამაღლებს, რომ დასვას იგი წარჩინებულებთან, თავის ხალხს შორის წარჩინებულებთან“ (ფს. 113:5—8).
იესო ქრისტეს თავმდაბლობა. დედამიწაზე ყოფნისას იესო ქრისტემ არაჩვეულებრივი მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორი უნდა იყოს ღვთის თავმდაბალი მსახური. სიკვდილის წინა საღამოს მან წელზე პირსახოცი შემოირტყა და თორმეტივე მოციქულს ფეხები დაბანა და შეუმშრალა. ჩვეულებრივ, ეს საქმე მოსამსახურეებისა და მონების მოვალეობაში შედიოდა (ინ. 13:2—5, 12—17). იესოს მოწაფეებისთვის მანამდე ნათქვამი ჰქონდა: „ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება“ (მთ. 23:12; ლკ. 14:11). მოციქულ პეტრეს, რომელსაც იესომ ფეხები დაბანა, არასდროს დავიწყებია, რომ იესო თავისი სიტყვების თანახმად მოქმედებდა. მოგვიანებით პეტრე თანამორწმუნეებს მოუწოდებდა: „ყოველი თქვენგანი ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოისარტყლოს ... ამიტომ დაიმდაბლეთ თავი ღვთის ძლევამოსილი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგამაღლოთ“ (1პტ. 5:5, 6).
მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა, ისეთივე აზროვნება ჰქონოდათ, როგორიც იესო ქრისტეს ჰქონდა. ღვთის ძეს განკაცებამდე მაღალი მდგომარეობა ეკავა და თავის მამის, იეჰოვას გვერდით იყო, მაგრამ როგორც პავლემ აღნიშნა, ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა. პავლე დასძენს: „უფრო მეტიც, როცა ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“. იესოზე გამართლდა თავისივე სიტყვები, რომლებიც თავმდაბლობის საზღაურს ეხებოდა. ამას პავლეც ადასტურებს: „ამის გამო ღმერთმა ის უფრო მეტად აამაღლა და მიანიჭა ყველა სახელზე აღმატებული სახელი“ (ფლ. 2:5—11).
აღსანიშნავია, რომ განდიდებული იესო ჩვეული თავმდაბლობით იმოქმედებს ათასწლიანი მმართველობის ბოლოსაც, როცა „ზეცაში თუ დედამიწაზე“ მის ხელთ არსებული „მთელი ძალაუფლებით“ აღასრულებს დედამიწასთან დაკავშირებულ ღვთის ნებას (მთ. 28:18; 6:10). ბიბლიაში ნათქვამია: „როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის“ (1კრ. 15:28).
იესო ქრისტემ თავის თავზე თქვა: „რბილი და გულით თავმდაბალი ვარ“ (მთ. 11:29). როცა მან თავი იერუსალიმის მკვიდრთ მეფედ წარუდგინა, მასზე შესრულდა წინასწარმეტყველება: „აი, შენი მეფე მოდის შენთან! მართალი და დახსნილია ის, თავმდაბალია, ვირზე, ჭაკი ვირის ნაშიერზეა ამხედრებული“ (ზქ. 9:9; ინ. 12:12—16). როცა იესო, როგორც განდიდებული ზეციერი მეფე, ღვთის მტრების წინააღმდეგ გაილაშქრებს, შემდეგ წინასწარმეტყველებას შეასრულებს: „წარმატებისკენ ისწრაფე შენი სიდიადით; ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრდი“ (ფს. 45:4). ასე რომ, თავმდაბლებს აქვთ სიხარულის მიზეზი, თუნდაც ამპარტავნები და ქედმაღლები ჩაგრავდნენ და ავიწროებდნენ. მათთვის მანუგეშებელი იქნება შემდეგი სიტყვები: „ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს“ (სფ. 2:3).
იერუსალიმის განადგურებამდე ისრაელისთვის ნათქვამი იეჰოვას სიტყვები გამაფრთხილებელი და მანუგეშებელი იყო თავმდაბალთათვის. იეჰოვა ჰპირდებოდა, რომ თავის დროზე მათ სასიკეთოდ იმოქმედებდა: „მაშინ მოგაშორებ მათ, ვინც სიამაყით ხარობს შენში. მეტად აღარ იამაყებ ჩემს წმინდა მთაზე. თავმდაბალ და თვინიერ ხალხს დავტოვებ შენში და იეჰოვას სახელს შეაფარებენ ისინი თავს“ (სფ. 3:11, 12). მრავალს სწორედ თავმდაბლობა გადაარჩენს: „თავმდაბალ ხალხს იხსნი, მაგრამ შენი თვალები ამპარტავანთა წინააღმდეგაა, რათა დაამცირო ისინი“ (2სმ. 22:28). დარწმუნებულნი ვართ, რომ ჭეშმარიტების, თავმდაბლობისა და სიმართლის გულისთვის ამხედრებული მეფე იესო ქრისტე იხსნის თავის ხალხს, რადგან ისინი როგორც მის, ისე მამამისის, იეჰოვას წინაშე იმდაბლებენ თავს.
ქრისტიანებს თავმდაბლობის სწავლა მართებთ. მოციქულმა პავლემ თანაქრისტიანებს ურჩია, შემოსილიყვნენ ახალი პიროვნებით, „რომელიც ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ“. პავლემ დასძინა: „ამიტომ შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, როგორც ღვთის რჩეულები, წმინდა და საყვარელი ადამიანები“ (კლ. 3:10, 12). მან ქრისტეს არაჩვეულებრივ მაგალითზე გაამახვილა ყურადღება და თანამორწმუნეებს მოუწოდა: „თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები [ღვთის მსახურები] საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფლ. 2:3). პავლეს ეკუთვნის შემდეგი რჩევაც: „სხვებზე ისევე იფიქრეთ, როგორც საკუთარ თავზე. ქედმაღლურად კი ნუ იფიქრებთ, არამედ იმას მიჰყევით, რაც თავმდაბლობის მაჩვენებელია. გონიერი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი“ (რმ. 12:16).
პავლე კორინთელ ქრისტიანებსაც იმავე განწყობით სწერდა: „ყველასგან თავისუფალი ყველას მონა გავხდი, რათა რაც შეიძლება მეტი შემეძინა. იუდეველებისთვის იუდეველი გავხდი, რათა იუდეველები შემეძინა; კანონს დაქვემდებარებულთათვის კანონს დაქვემდებარებული გავხდი — თუმცა არა ვარ კანონს დაქვემდებარებული — რათა კანონს დაქვემდებარებულები შემეძინა; კანონის უქონელთათვის კანონის უქონელი გავხდი — თუმცა ღვთის კანონის უქონელი არა ვარ, არამედ ქრისტეს კანონს დაქვემდებარებული — რათა კანონის უქონელნი შემეძინა; სუსტებისთვის სუსტი გავხდი, რათა სუსტები შემეძინა; ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი“ (1კრ. 9:19—22). ამისთვის კი ნამდვილი თავმდაბლობაა საჭირო.
ხელს უწყობს მშვიდობას. თავმდაბლობა მშვიდობას უწყობს ხელს. თავმდაბალი ქრისტიანი საკუთარი „უფლებების“ დასაცავად არ ეპაექრება თავის ძმებს. მოციქული პავლე ამბობდა, რომ ყველაფრის უფლება ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ იმას გააკეთებდა, რაც სხვებს აღაშენებდა. ის თავს შეიკავებდა იმის კეთებისგან, რაც უარყოფითად იმოქმედებდა ძმის სინდისზე (რმ. 14:19—21; 1კრ. 8:9—13; 10:23—33).
თავმდაბლობაა საჭირო, რომ იესოს რჩევისამებრ ვაპატიოთ სხვებს ჩვენ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები და ასე მშვიდობას შევუწყოთ ხელი (მთ. 6:12—15; 18:21, 22). როცა ვინმეს ვაწყენინებთ, ჩვენი მხრიდან თავმდაბლობა მოითხოვება, რომ იესოს მითითება გავითვალისწინოთ და მივიდეთ განაწყენებულთან, ვაღიაროთ დანაშაული და პატიება ვთხოვოთ (მთ. 5:23, 24). ან თუ ნაწყენი ადამიანი მოვა ჩვენთან, სწორედ თავმდაბლობა და სიყვარული დაგვეხმარება, ვაღიაროთ შეცდომა და მაშინვე გამოვასწოროთ მდგომარეობა (მთ. 18:15; ლკ. 17:3; შდრ. ლვ. 6:1—7). მაგრამ ნამდვილად ღირს, საკუთარ სიამაყეს გადავაბიჯოთ და დამცირებაც ავიტანოთ იმ მშვიდობისთვის, რომელიც თავმდაბლობას მოაქვს როგორც პირადად ჩვენთვის, ისე მთელი ორგანიზაციისთვის. გარდა ამისა, რაც უფრო გამოვავლენთ ამ შესანიშნავ თვისებას, მით უფრო გაგვიადვილდება მისი გამოვლენა და გათავისება.
გადამწყვეტია კრების ერთიანობისთვის. თავმდაბალი ქრისტიანი დაკმაყოფილდება იმით, რაც აქვს. ეს თვისება მის სიხარულს შეუწყობს ხელს და დაეხმარება, გაწონასწორებული იყოს. როგორც პირველი კორინთელების მე-12 თავში ჩაწერილი პავლეს სიტყვებიდან ჩანს, ქრისტიანულ კრებაში არსებული ურთიერთდამოკიდებულება, მორჩილებაზე, თავმდაბლობასა და ღვთის ორგანიზაციაში დადგენილი წესრიგის მიყოლაზეა დამოკიდებული. პავლე კრებაში მომსახურე ძმებზე ამბობს, რომ „თუ ვინმე ზედამხედველად მსახურებისკენ ისწრაფვის, კარგი საქმე ნდომებია“. მაგრამ ამავე დროს აფრთხილებს მათ, რომ პასუხისმგებლობისკენ, მაგალითად, კრებაში მასწავლებლობისკენ, საკუთარი ამბიციის დასაკმაყოფილებლად არ ისწრაფონ, რადგან მასწავლებლები „უფრო მკაცრად“ გასამართლდებიან (1ტმ. 3:1; იაკ. 3:1).
ყველა, კაცი თუ ქალი, უნდა დაემორჩილოს მათ, ვისაც ხელმძღვანელობა აკისრია და იეჰოვასგან ელოდოს ნებისმიერ პასუხისმგებლობას, რადგან, საბოლოო ჯამში, მასზეა დამოკიდებული, ვინ მიიღებს პასუხისმგებლობას (ფს. 75:6, 7). ლევიანი კორახის ძეებს ასეთი განწყობა ჰქონდათ: „ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია. ჩემი ღვთის სახლის ზღურბლზე დგომა ვარჩიე ბოროტების კარვებში ყოფნას“ (ფს. 84:10). ნამდვილი თავმდაბლობის განვითარებას დრო სჭირდება. ბიბლიაში მოცემულია მოთხოვნები ზედამხედველად მსახურების მსურველთათვის. მასში ისიც არის აღნიშნული, რომ ზედამხედველად ახალმოქცეული არ უნდა დაინიშნოს, რათა „არ გაყოყოჩდეს და ეშმაკისთვის გამოტანილი განაჩენი არ დაიტეხოს თავს“ (1ტმ. 3:6).
მოჩვენებითი თავმდაბლობა. ბიბლია აფრთხილებს ქრისტიანებს, რომ მხოლოდ სხვების თვალის ასახვევად არ იყვნენ თავმდაბლები. ვისაც მოჩვენებითი თავმდაბლობა სიამოვნებს, შეიძლება „ხორციელი გონებით უმიზეზოდ“ გაყოყოჩდეს. ნამდვილად თავმდაბალი ადამიანი არ იფიქრებს, რომ ღვთის სამეფოში შესვლა რამის ჭამა-არჭამაზე ან დალევა-არდალევაზეა დამოკიდებული. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ყველა საკუთარი ჯანმრთელობიდან და სინდისიდან გამომდინარე თავად წყვეტს, რას შეჭამს ან დალევს ან რას — არა. მაგრამ თუ ვინმეს ჰგონია, რომ ღმერთს თავს მოაწონებს იმით, თუ რამეს შეჭამს ან არ შეჭამს, დალევს ან არ დალევს, შეეხება ან არ შეეხება, აღნიშნავს რომელიმე რელიგიურ დღესასწაულს ან არ აღნიშნავს, მას მხედველობიდან რჩება ის ფაქტი, რომ „ამ ყველაფერს მართლაც აქვს გარეგნული სიბრძნე თვითნებური თაყვანისმცემლობითა და მოჩვენებითი თავმდაბლობით, სხეულის დათრგუნვით, მაგრამ სრულიად უსარგებლოა ხორციელ სურვილებთან ბრძოლაში“ (კლ. 2:18, 23; რმ. 14:17; გლ. 3:10, 11).
მოჩვენებითი თავმდაბლობა შეიძლება სიამაყეშიც გადაიზარდოს, რადგან ვინმემ შესაძლოა თავი მართლად მიიჩნიოს და ეს თავის დამსახურებად ჩათვალოს. ან შეიძლება იფიქროს, რომ ასე მიაღწევს თავის მიზანს, მაგრამ მას ავიწყდება, რომ იეჰოვას ვერ მოატყუებს. თუ ადამიანი გაამაყდა, ადრე თუ გვიან დამცირდება, თანაც ისე, რომ სირცხვილნაჭამი დარჩება. მის დამცირებას შეიძლება მისი განადგურებაც კი მოჰყვეს (იგ. 18:12; 29:23).