იეჰოვა ჩვენი დღეების დათვლას გვასწავლის
„ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა“ (ფსალმუნი 89:12).
1. რატომაა მართებული, იეჰოვას ვთხოვოთ, რომ „ჩვენი დღეების დათვლა“ გვასწავლოს?
იეჰოვა ღმერთი ჩვენი შემოქმედი და სიცოცხლის მბოძებელია (ფსალმუნი 35:10; გამოცხადება 4:11). ამიტომ მასზე უკეთ ვერავინ გვასწავლის ჩვენი სიცოცხლის წლების ბრძნულად გამოყენებას. ფსალმუნმომღერალმა მართებულად შესთხოვა ღმერთს: „ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა“ (ფსალმუნი 89:12). მართლაც კარგი იქნებოდა, ყურადღებით გამოგვეკვლია 89-ე ფსალმუნი, რომელშიც ეს თხოვნაა ჩაწერილი. თავდაპირველად კი, მოდი, მოკლედ მიმოვიხილოთ ღვთის შთაგონებით დაწერილი ეს სიმღერა.
2. ა) ვინ არის 89-ე ფსალმუნის ავტორად მოხსენიებული, და, სავარაუდოდ, როდის დაიწერა ის? ბ) როგორ თვალსაზრისს გვიყალიბებს სიცოცხლეზე 89-ე ფსალმუნი?
2 89-ე ფსალმუნი ასეთი სიტყვებით იწყება: „ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა“. რადგან ეს ფსალმუნი ადამიანის სიცოცხლის წარმავლობაზე ამახვილებს ყურადღებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი ისრაელთა ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების შემდეგ და უდაბნოში მათი 40-წლიანი ხეტიალის დროს დაიწერა — ეს ის პერიოდია, როდესაც ათასობით ისრაელი სიკვდილმა შემუსრა და ორგულ თაობას ბოლო მოეღო (რიცხვნი 32:9—13). მიუხედავად იმისა, თუ სად და როდის დაიწერა, 89-ე ფსალმუნი გვანახვებს, თუ რამდენად ხანმოკლეა არასრულყოფილი ადამიანის სიცოცხლე. ამიტომ ნათელია, რომ ჩვენი ძვირფასი დღეების ბრძნულად გამოყენება გვმართებს.
3. რომელ მთავარ აზრებს გამოჰყოფდით 89-ე ფსალმუნში?
3 89-ე ფსალმუნის 1-დან მე-6 მუხლის ჩათვლით იეჰოვა ჩვენს მარადიულ თავშესაფრად არის მოხსენიებული. მე-7-დან მე-12-ს ჩათვლით ვგებულობთ, თუ როგორ უნდა გავატაროთ ჩვენი სწრაფწარმავალი სიცოცხლის წლები ისეთნაირად, რომ ღვთის მოწონება დავიმსახუროთ. და როგორც მე-13-დან მე-17 მუხლის ჩათვლით არის ნათქვამი, ჩვენ გულით გვწადია იეჰოვას წყალობისა და კურთხევების დამსახურება. რა თქმა უნდა, ეს ფსალმუნი არ გადმოსცემს თითოეული ჩვენგანის, როგორც იეჰოვას მსახურის, განცდებს. მაგრამ ყოველმა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს ღვთისადმი ერგულებით გამსჭვალული და ლოცვად წარმოთქმული ეს სიტყვები. მაშ, მოდი, როგორც ღვთისადმი მიძღვნილმა მსახურებმა, გულდასმით განვიხილოთ 89-ე ფსალმუნი.
იეჰოვა — ჩვენი თავშესაფარი
4—6. რა გაგებით არის იეჰოვა ჩვენი „თავშესაფარი“?
4 ფსალმუნმომღერალი ასეთი სიტყვებით იწყებს ფსალმუნს: «უფალო! თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე. ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს [„მშობიარობის ტკივილებით“, აქ], და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი» (ფსალმუნი 89:1, 2).
5 „მარადიული ღმერთი“, იეჰოვა, ჩვენი სულიერი „თავშესაფარია“ (რომაელთა 16:26, სსგ). თავს უსაფრთხოდ ვგრძნობთ, რადგან ის, როგორც ‘ლოცვის მომსმენი’, ყოველთვის მზად არის ჩვენ დასახმარებლად (ფსალმუნი 64:3). საზრუნავს ჩვენს ზეციერ მამას ვანდობთ მისი საყვარელი ძის მეშვეობით და შედეგად ‘ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, ჩვენს გულებსა და ფიქრებს იფარავს’ (ფილიპელთა 4:6, 7; მათე 6:9; იოანე 14:6, 14).
6 ჩვენ სულიერ უსაფრთხოებას ვგრძნობთ იმიტომ, რომ იეჰოვა ჩვენი „თავშესაფარია“. იგი უზრუნველგვყოფს ‘ოთახებითაც’, რომლებშიც, როგორც ჩანს, მისი ხალხის კრებები იგულისხმება. ეს სიმბოლური ოთახები სულიერი ნავსაყუდელია, სადაც მოსიყვარულე მწყემსები დიდი მონდომებით ზრუნავენ ჩვენ სულიერ უსაფრთხოებაზე (ესაია 26:20; 32:1, 2; საქმეები 20:28, 29). გარდა ამისა, ზოგი ისეთ ოჯახში აღიზარდა, რომელიც მრავალი წელია ღმერთს ემსახურება. ამ ადამიანებმა თავად შეიგრძნეს, რომ ‘იეჰოვა თავშესაფარია თაობიდან თაობამდე’.
7. რა გაგებით ‘დაიბადნენ’ მთები და რა გაგებით შეიქმნა დედამიწა „მშობიარობის ტკივილებით“?
7 იეჰოვა მანამდე არსებობდა, ვიდრე მთები „დაიბადებოდნენ“ და ვიდრე დედამიწას შექმნიდა „მშობიარობის ტკივილებით“. დედამიწის შექმნა, მისთვის დამახასიათებელი ყველა თავისებურებით, ქიმიური შედგენილობითა თუ ურთულესი სტრუქტურით, ადამიანის გადასახედიდან ძალზე რთული ჩანს და, უსათუოდ, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვდა. და როდესაც ფსალმუნმომღერალმა თქვა, რომ მთები ‘დაიბადნენ’ და დედამიწა „მშობიარობის ტკივილებით“ შეიქმნა, ამით მან ღრმა მადლიერება გამოხატა იმ დიდძალი სამუშაოსთვის, რომელიც იეჰოვამ მათი შექმნისას შეასრულა. განა ჩვენ არ უნდა ვიყოთ მადლიერი და არ უნდა ვაფასებდეთ ჩვენი შემოქმედის ხელთქმნილს?
იეჰოვა ყოველთვის მზად არის ჩვენ დასახმარებლად
8. რა არის ნაგულისხმები ფრაზაში: „უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი“?
8 „უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი“, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი. დედანში გამოყენებული სიტყვა, რომელიც აქ თარგმნილია, როგორც „უკუნისამდე“, ისეთი რამის დასახასიათებლად შეიძლება იქნეს გამოყენებული, რომელსაც დასასრული აქვს, მაგრამ იმავდროულად მისი არსებობის ხანგრძლივობა განუსაზღვრელია (გამოსვლა 31:16, 17; ებრაელთა 9:15). მაგრამ, ფსალმუნის 89:2-ში და ებრაული წერილების ზოგ სხვა ადგილას ეს სიტყვა მარადიულობას გულისხმობს, როგორც ეს ბიბლიის ქართულ თარგმანშიც ჩანს (ეკლესიასტე 1:4). ჩვენი გონება ვერ სწვდება იმას, თუ როგორ შეიძლება, ღმერთი ყოველთვის არსებობდეს. როგორც უნდა იყოს, იეჰოვას არც დასაწყისი ჰქონია და არც დასასრული ექნება (1ტიმოთე 1:17). იგი მუდამ იარსებებს და ყოველთვის მზად იქნება ჩვენ დასახმარებლად.
9. რა დაწერა ფსალმუნმომღერალმა ადამიანის ათასწლიან სიცოცხლესთან დაკავშირებით?
9 ღვთის მიერ შთაგონებულმა ფსალმუნმომღერალმა დაწერა, რომ ადამიანის სიცოცხლის ათასი წელი მარადმყოფი შემოქმედის თვალში ძალზე მცირე დროა. იგი ღმერთს მიმართავს და წერს: „კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო! რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა“ (ფსალმუნი 89:3, 4).
10. როგორ ‘აბრუნებს ხრწნადობისათვის’ ღმერთი ადამიანებს?
10 ადამიანი მოკვდავია და ღმერთი მას ‘ხრწნადობისათვის აბრუნებს’. ანუ იგი ‘მტვრად მიიქცევა’ და უკვე გახრწნილი მიწას ერწყმის. პრინციპში, იეჰოვა აქ ასეთ რამეს ამბობს: ‘დაუბრუნდი მიწის მტვერს, რისგანაც ხარ შექმნილი’ (დაბადება 2:7; 3:19). ეს სიტყვები უკლებლივ ყველას ეხება — ძლიერსა თუ სუსტს, მდიდარსა თუ ღარიბს — რადგან ვერც ერთი არასრულყოფილი ადამიანი ვერ ‘დაიხსნის კაცს, ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს, რომ ცოცხლად დარჩეს სამარადისოდ’ (ფსალმუნი 48:7—10). მაგრამ ძალიან მადლიერი ვართ, რომ ‘ღმერთმა თავისი მხოლოდშობილი ძე მოგვცა, რათა ყოველ მის მორწმუნეს საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს’! (იოანე 3:16; რომაელთა 6:23).
11. რატომ ვამბობთ, რომ ის, რაც ჩვენთვის ხანგრძლივია, ღვთის თვალში მხოლოდ დროის უმნიშვნელო მონაკვეთია?
11 ღვთის თვალში თვით 969 წლის მეთუშალახმაც კი დღეზე ნაკლები იცხოვრა (დაბადება 5:27). ღვთის თვალში ათასი წელი გუშინდელი დღესავითაა — დროის 24-საათიანი მონაკვეთია — რომელმაც გადაიარა. ფსალმუნმომღერალმა სხვა შედარებაც მოიშველია. კერძოდ ის, რომ ღვთისთვის ათასი წელი ისეთივე ხანგრძლივობისაა, როგორც ღამის გუშაგისთვის ოთხსაათიანი მორიგეობა ბანაკში (მსაჯულნი 7:19). ნათელია, რომ ის, რაც ჩვენთვის ხანგრძლივია, მარადიული ღმერთის, იეჰოვას, თვალში მხოლოდ დროის უმნიშვნელო მონაკვეთია.
12. რას ნიშნავს, რომ ღმერთი ადამიანებს ‘წარხოცავს’?
12 ღვთის მარადიულ არსებობასთან შედარებით, ადამიანის ამჟამინდელი სიცოცხლე მართლაც რომ ხანმოკლეა. ფსალმუნმომღერალი ამბობს: «ღვართქაფივით გააქანებ მათ [„შენ წარხოცე ისინი; და ძილად იქცევიან“, აქ] ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება: დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება» (ფსალმუნი 89:5, 6). მოსემ ათასობით ისრაელის სიკვდილი იხილა უდაბნოში — ისინი ღმერთმა ისე წარხოცა, როგორც წარღვნის დროს. ფსალმუნის ამ მონაკვეთს ერთი თარგმანი ასე გადმოსცემს: „წარხოცავ ადამიანებს სიკვდილის ძილისკენ“ („ახალი საერთაშორისო თარგმანი“). სხვა მხრივ კი, არასრულყოფილი ადამიანის სიცოცხლე ხანმოკლე ‘ძილია’ — მხოლოდ ერთი ღამის თვლემა.
13. რა გაგებით ვგავართ ‘ბალახს’ და რა გავლენას უნდა ახდენდეს ეს ჩვენს აზროვნებაზე?
13 ჩვენ იმ ‘ბალახს ვგავართ, რომელიც დილას ჰყვავის’, საღამო ხანს კი მზის მცხუნვარებისგან ჭკნება. დიახ, ჩვენი სიცოცხლე ისეთივე წარმავალია, როგორც ბალახი, რომელიც ერთ დღეში ჭკნება. მაშ, მოდი ნუ გავფლანგავთ ამ ძვირფას საუნჯეს. ნაცვლად ამისა, მოდი ღვთის ხელმძღვანელობა ვეძებოთ, რათა ვიცოდეთ, თუ საუკეთესოდ როგორ გამოვიყენოთ სიცოცხლის დარჩენილი წლები დღევანდელ წუთისოფელში.
იეჰოვა გვეხმარება, რომ „ჩვენი დღეების დათვლა“ ვისწავლოთ
14, 15. როგორ შესრულდა ფსალმუნის 89:7—9 ისრაელებზე?
14 ფსალმუნმომღერალი განაგრძობს და ღმერთთან დაკავშირებით ამბობს: „რადგანაც გავქრით შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით. ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო — შენი სახის შუქის წინ. რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ვკარგავთ ჩვენს წლებს ბგერის უსწრაფესად“ (ფსალმუნი 89:7—9).
15 ორგული ისრაელები ‘ღვთის რისხვით გაქრნენ’. ისინი ‘მისი გულისწყრომით შეძრწუნდნენ’. ღვთის განაჩენის თანახმად ზოგი მათგანი ‘უდაბნოში დაეცა’ (1 კორინთელთა 10:5). იეჰოვამ ‘მათი დანაშაულებანი დაიდო წინ’. მან პასუხი მოსთხოვა მათ სახალხოდ ჩადენილი დანაშაულობების გამო, მაგრამ თვით მათი ‘საიდუმლოც’ კი, ანუ დაფარული ცოდვები, ‘მისი სახის შუქის წინ იყო’ (იგავნი 15:3). ისრაელებს, რომლებიც არ ინანიებდნენ, ღვთის რისხვა დაატყდა თავს და ‘ბგერის უსწრაფესად დაკარგეს თავიანთი წლები’. მართლაცდა, ჩვენი ხანმოკლე სიცოცხლის წლები ბგერის მსგავსია, რომელიც თვალისდახამხამებაში წყდება ჩვენს ბაგეებს.
16. როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, ვინც ფარულად სჩადიოდნენ ცოდვას?
16 ფარულად ცოდვის ჩადენა ჩვევად რომ გაგვეხადა, შეიძლებოდა, ადამიანებისთვის ჩვენი ცუდი საქციელის ერთ ხანს დამალვა მოგვეხერხებინა. მაგრამ ჩვენი ფარული დანაშაულობები ‘იეჰოვას სახის შუქის წინ იქნებოდა’ და ასეთი საქციელის გამო მასთან ჩვენს ურთიერთობას ზიანს მივაყენებდით. იეჰოვასთან ახლო ურთიერთობის აღსადგენად აუცილებელი იქნებოდა, რომ მისთვის მიგვემართა ლოცვით და პატიება გვეთხოვა, მიგვეტოვებინა ცოდვის გზა და მადლიერებით მიგვეღო სულიერი დახმარება ქრისტიანი უხუცესებისგან (იგავნი 28:13; იაკობი 5:14, 15). ასე მოქმედება გაცილებით უმჯობესი იქნებოდა, ვიდრე ის, რომ ‘წლები ბგერის უსწრაფესად დაგვეკარგა’ და ისიც სათუო გაგვეხადა, მივიღებდით თუ არა მარადიულ სიცოცხლეს!
17. ადამიანის სიცოცხლის როგორი ხანგრძლივობა ითვლება ჩვეულებრივ რამედ, და რით არის სავსე ჩვენი სიცოცხლის წლები?
17 არასრულყოფილი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ფსალმუნმომღერალი ამბობს: „ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს — ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ“ (ფსალმუნი 89:10). სიცოცხლის 70 წლიანი ხანგრძლივობა ჩვეულებრივ რამედ ითვლება მაშინ, როცა 85 წლის ასაკში ქალებ იეფუნის ძე თავის განსაკუთრებულ ჯანმაგრობაზე საუბრობდა. იყო გამონაკლისებიც: მაგალითად, აარონმა — 123 წელი, მოსემ — 120, ხოლო იესო ნავეს ძემ 110 წელი იცხოვრა (რიცხვნი 33:39; მეორე რჯული 34:7; იესო ნავეს ძე 14:6, 10, 11; 24:29). ეგვიპტის მონობიდან განთავისუფლებული ორგული თაობა კი — ისინი, ვინც აღრიცხული იყვნენ ოცი წლიდან მოყოლებული — 40 წლის განმავლობაში დაიღუპა (რიცხვნი 14:29—34). დღესდღეობით, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებელი მრავალ ქვეყანაში ფსალმუნმომღერლის დასახელებული ციფრის ფარგლებში მერყეობს. ჩვენი სიცოცხლის წლები სავსეა ‘ჯაფითა და უსამართლობით’. ისინი სწრაფად გადიან „და ჩვენ მივფრინავთ“ (იობი 14:1, 2).
18, 19. ა) რას ნიშნავს, ‘ჩვენი დღეების დათვლა ვისწავლოთ გულის სიბრძნის შესაძენად’? ბ) თუ სიბრძნეს გამოვავლენთ, რის გაკეთებას შევძლებთ?
18 შემდეგ ფსალმუნმომღერალი მღერის: „ვინ იცის შენი რისხვის ძალა და შენი შიშის კვალობაზე შენი გააფთრება? ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა“ (ფსალმუნი 89:11, 12). არც ერთმა ჩვენგანმა არ უწყის სრულად ღვთის რისხვის ძალა ან მისი მძვინვარების ზომა, და ყოველივე ამან მისადმი კრძალვა და შიში უნდა გაგვიძლიეროს. მას უნდა შევთხოვდეთ, რომ ‘ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლოს, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა’.
19 ფსალმუნმომღერლის მიერ წარმოთქმული სიტყვები ლოცვაა. ამ ლოცვის მეშვეობით იეჰოვა თავის ხალხს ასწავლის, თუ როგორ დააფასონ და გამოიყენონ ბრძნულად სიცოცხლის დარჩენილი წლები ისე რომ, ღმერთს ასიამოვნონ. თუ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 70 წელია, გამოდის, რომ იგი დაახლოებით 25500 დღე ცხოვრობს. მაგრამ, რა ხნისაც უნდა ვიყოთ, ‘არ ვიცით, რა მოხდება ხვალ, რადგან რა არის ჩვენი სიცოცხლე? ნისლი, რომელიც ერთხანს გამოჩნდება, მერე კი გაქრება’ (იაკობი 4:13—15). რადგან „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“, დანამდვილებით ვერ ვიტყვით, კიდევ რამდენ ხანს ვიცოცხლებთ. ამიტომ, მოდი ვილოცოთ სიბრძნის მისაღებად, რათა შევძლოთ განსაცდელებთან გამკლავება, რათა ჯეროვნად მოვექცეთ ადამიანებს, და დღესვე, ამ წუთას, ყოველი ღონე მოვახმაროთ იეჰოვასთვის მსახურებას! (ეკლესიასტე 9:11; იაკობი 1:5—8). იეჰოვა თავისი სიტყვის, სულისა და ორგანიზაციის მეშვეობით გვხელმძღვანელობს (მათე 24:45—47; 1 კორინთელთა 2:10; 2 ტიმოთე 3:16, 17). თუკი სიბრძნეს გამოვავლენთ, შევძლებთ, ‘უწინარესად ღვთის სასუფეველი [„სამეფო“, აქ] ვეძიოთ’ და სიცოცხლის დარჩენილი დღეები ისე გამოვიყენოთ, რომ დიდება მოვუტანოთ და გული გავუხაროთ იეჰოვას (მათე 6:25—33; იგავნი 27:11). იეჰოვასთვის მთელი გულით თაყვანისცემა, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემები აღარ გვექნება, მაგრამ ეს უსათუოდ დიდ სიხარულს მოგვიტანს.
იეჰოვასგან კურთხევას სიხარული მოაქვს ჩვენთვის
20. ა) რა გაგებით ‘ნანობს’ ღმერთი? ბ) როგორ მოგვექცევა იეჰოვა, თუ მძიმე ცოდვა ჩავიდინეთ, მაგრამ გულწრფელად ვინანიებთ?
20 განა დიდებული არ იქნებოდა, რომ სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი სიხარულში გაგვეტარებინა? მოსე სწორედ ამას შესთხოვდა იეჰოვას: «მობრუნდი, უფალო! ვიდრემდე? და ნუგეში ეცი შენს მორჩილებს [„დაინანე შენი მსახურები“, აქ]. გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, და ვიხაროთ და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა» (ფსალმუნი 89:13, 14). ღმერთი არასოდეს უშვებს შეცდომებს. მიუხედავად ამისა, იგი ‘ნანობს’, თავის რისხვას ‘აცხრობს’ და დასჯისგან თავს იკავებს, როდესაც მომნანიებელი შემცოდველები ისმენენ მის გაფრთხილებას და აზროვნებისა და საქციელის გამოსწორებას ცდილობენ (მეორე რჯული 13:17). მძიმე ცოდვაც რომ ჩაგვედინა და მერე გულწრფელად მოგვენანიებინა, იეჰოვა ‘თავისი წყალობით გაგვაძღობდა’ და ჩვენც ‘ვიხარებდით’ (ფსალმუნი 31:1—5). და თუ სიმართლის გზას დავადგებით, ვიგრძნობთ, რაოდენ მოწყალეა ღმერთი ჩვენდამი და ‘ვილხენთ ყოველთა დღეთა ჩვენთა’ — დიახ, მთელი დარჩენილი სიცოცხლის მანძილზე.
21. როგორც ჩანს, რას შესთხოვდა მოსე ღმერთს ფსალმუნის 89:15, 16-ში?
21 ფსალმუნმომღერალი მთელი გულით ლოცულობს: „გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ გვტანჯავდი, იმ წელთა წილ, გაჭირვება რომ ვნახეთ. იხილონ შენმა მორჩილებმა შენი საქმენი და შენი ბრწყინვალება — მათმა შვილებმა“ (ფსალმუნი 89:15, 16). მოსე, როგორც ჩანს, ღმერთს შესთხოვდა, რომ ისრაელი ეკურთხებინა და დიდი სიხარული ებოძებინა მათთვის; სიხარული, რომელიც იმ დღეთა წილ იქნებოდა, ანუ იმდენივე ხანს გასტანდა, რამდენი ხანიც ისინი იტანჯებოდნენ და გაჭირვებას ნახულობდნენ. მან ღმერთს სთხოვა, თავის მორჩილთათვის თავისი „საქმენი“ ეჩვენებინა, ანუ ისრაელი ერი ეკურთხებინა; შემდეგ კი შესთხოვა, რომ ღმერთს თავისი ბრწყინვალება ისრაელთა შვილებისთვის ანუ შთამომავლებისთვისაც დაენახვებინა. კარგი იქნება, თუკი ჩვენც ვილოცებთ, რომ მორჩილ ადამიანებს კურთხევები ეწიოს ღვთის მიერ აღთქმულ ახალ ქვეყნიერებაში (2 პეტრე 3:13).
22. ფსალმუნის 89:17-ის თანახმად რის შესახებ ლოცვა იქნებოდა მართებული?
22 89-ე ფსალმუნი ასეთი თხოვნით სრულდება: „და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე“ (ფსალმუნი 89:17). ეს სიტყვები ნათელყოფს, თუ რაოდენ მართებული იქნებოდა, ლოცვით მიგვემართა ღვთისთვის და გვეთხოვა, რომ ეკურთხებინა ჩვენი ძალ-ღონე, რომელსაც მისთვის მსახურებას ვახმართ. ცხებული ქრისტიანები ვართ თუ მათი თანამსახური „სხვა ცხვრები“, გვახარებს ის, რომ „კეთილმოსურნეობა უფლისა“ ჩვენდამია (იოანე 10:16). უზომოდ გვახარებს ისიც, რომ ღმერთი ‘წარმართავს’ ჩვენს, სამეფოს მაუწყებლების, ‘ხელის საქმეებს’. იგია ჩვენი საქმეების წარმმართველი ცხოვრების სხვა სფეროებშიც.
მუდამ ბრძნულად ვითვალოთ ჩვენი დღეები
23, 24. რა სარგებლობას მოგვიტანს 89-ე ფსალმუნზე ფიქრი?
23 89-ე ფსალმუნზე ფიქრმა იეჰოვასადმი, ჩვენი ‘თავშესაფრისადმი’ ნდობა უნდა განგვიმტკიცოს. თუკი ამ ფსალმუნში სიცოცხლის ხანმოკლეობასთან დაკავშირებით გამოთქმულ აზრებს ჩავუფიქრდებით, უკეთ გავისიგრძესიგანებთ, თუ რამდენად აუცილებელი ყოფილა ღვთის ხელმძღვანელობა, ჩვენი დღეების ბრძნულად დათვლა რომ შევძლოთ. და თუ შეუპოვრად განვაგრძობთ ღვთიური სიბრძნის ძიებას და ჩვენც ასეთივე სიბრძნეს გამოვავლენთ, უსათუოდ დავიმსახურებთ იეჰოვას წყალობასა და კურთხევებს.
24 იეჰოვა ყოველთვის ეცდება, ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლოს. და თუ მისი სწავლების თანახმად ვიმოქმედებთ, საბოლოოდ, მარადიულად შეგვეძლება ჩვენი დღეების დათვლა (იოანე 17:3). მაგრამ, თუ ჩვენ მართლაც გვსურს მარადიულად ცხოვრება, იეჰოვა უნდა იყოს ჩვენი თავშესაფარი (იუდა 20, 21). ამის აუცილებლობაში 90-ე ფსალმუნის გამამხნევებელი სიტყვები გვარწმუნებს და მომდევნო სტატია სწორედ ამ საკითხის განხილვაში დაგვეხმარება.
როგორ უპასუხებდით?
• რა გაგებით არის იეჰოვა ჩვენი „თავშესაფარი“?
• რის საფუძველზე ვამბობთ, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად არის ჩვენ დასახმარებლად?
• როგორ გვასწავლის იეჰოვა „ჩვენი დღეების დათვლას“?
• რას უნდა ვუმადლოდეთ, რომ შეგვიძლია „ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა“?
[სურათი 10 გვერდზე]
იეჰოვა ღმერთი იყო, „ვიდრე მთები დაიბადებოდნენ“.
[სურათი 12 გვერდზე]
იეჰოვას თვალში 969 წლის მეთუშალახი ერთ დღეზე ნაკლები ცხოვრობდა.
[სურათები 14 გვერდზე]
იეჰოვა ‘წარმართავს საქმეს ჩვენი ხელისა’