იცნობთ ღმერთს სახელით?
უდიდესი პატივია, გამოჩენილ და პატივდებულ ადამიანს მისალმებისას ან საუბრისას სახელით მიმართო. ასეთ ადამიანებს ხშირად ტიტულებით მიმართავენ: „ბატონო პრეზიდენტო“, „თქვენო უდიდებულესობავ“ ან „თქვენო აღმატებულებავ“. ალბათ, ძალიან გესიამოვნებოდათ, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს თქვენთვის რომ ეთქვა: „თუ შეიძლება, სახელით მომმართეთ!“.
ჭეშმარიტი ღმერთი თავისი სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით გვეუბნება: „მე ვარ იეჰოვა. ეს არის ჩემი სახელი“ (ესაია 42:8). მართალია, მას უამრავი ტიტული აქვს, მაგალითად, „შემოქმედი“, „ყოვლისშემძლე“ და „უზენაესი უფალი“, მაგრამ ის თავის ერთგულ მსახურებს ყოველთვის აძლევდა იმის უფლებას, რომ სახელით მიემართათ მისთვის, რაც დიდი პატივი იყო.
ერთხელ წინასწარმეტყველმა მოსემ ღვთისადმი ვედრება ასეთი სიტყვებით დაიწყო: „მაპატიე, იეჰოვა“ (გამოსვლა 4:10). იერუსალიმში ტაძრის მიძღვნის დროს მეფე სოლომონმა ლოცვისას ასე მიმართა ღმერთს: „იეჰოვა, ისრაელის ღმერთო“ (1 მეფეები 8:22, 23). როცა წინასწარმეტყველი ესაია ისრაელი ერისთვის შესთხოვდა ღმერთს, ასე მიმართავდა: „შენ, იეჰოვა, ჩვენი მამა ხარ!“ (ესაია 63:16). აშკარაა, ჩვენს ზეციერ მამას უნდა, რომ სახელით მივმართოთ.
იეჰოვასთვის სახელით მიმართვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ვიცნობდეთ მას სახელით, გაცილებით მეტს ნიშნავს. ვისაც უყვარს ღმერთი და ენდობა მას, იეჰოვა მის შესახებ ამბობს: „დავიცავ, რადგან გაიგო ჩემი სახელი“ (ფსალმუნი 91:14). ცხადია, ღვთის სახელის ცოდნაში ბევრი რამ იგულისხმება, რადგან ღვთის მფარველობის მისაღებად ის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. მაშ, რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ იეჰოვას სახელით იცნობდეთ?