ᲙᲐᲠᲐᲥᲘ
რძის ან ნაღების შედღვების შედეგად მიღებული ცხიმი. კარაქი, რომელსაც ბიბლიურ დროში ამზადებდნენ, განსხვავდებოდა იმისგან, რასაც დღეს მაღაზიის დახლებზე ვხვდებით. ის არ იყო მყარი, ის იყო ნახევრად თხევადი მასა (იობ. 20:17). როგორც ერთ წყაროში განიმარტება, ებრაულ სიტყვა „ხემა“-ში იგულისხმება მოტკბო, ჯერ კიდევ რბილი და ფაფუკი, ახალი შედღვებილი კარაქი (Lexicon in Veteris Testamenti Libros, Leiden, კელერი, ბაუმგარტნერი, 1958, გვ. 308). ლექსიკოგრაფი ფრანცისკო ზორელი ამბობს, რომ ამ სიტყვაში იგულისხმება „სქელი, შედედებული რძე“ (Lexicon Hebraicum et Aramaicum Veteris Testamenti, Rome, 1968, გვ. 248). მსაჯულების 5:25-ში ეს სიტყვა ნათარგმნია როგორც „ნაღები“.
„რძის ნჯღრევით [სიტყვასიტყვით, ჭყლეტით] კარაქი გამოდის“ (იგ. 30:33). რძეს ასხამდნენ ტიკში, შემდეგ ტიკს ჭყლეტდნენ და მუხლებზე ატრიალებდნენ, ან მას ათავსებდნენ წვრილ ბოძებს შორის და წინ და უკან ძლიერი დარტყმით გააქან-გამოაქანებდნენ მანამ, სანამ მასა სასურველ კონსისტენციას არ მიაღწევდა.
კარაქი ჯერ კიდევ პატრიარქების დროიდან მოყოლებული ძალიან გემრიელ პროდუქტად ითვლებოდა და მას სიამოვნებით მიირთმევდნენ. როდესაც აბრაამმა ანგელოზებს უმასპინძლა, მათ კარაქიც მიართვა (დბ. 18:8); როდესაც დავითს მეგობრებმა სურსათ-სანოვაგე მიუტანეს, კარაქიც მიართვეს (2სმ. 17:29).
ფსალმუნის 55:21-ში სიტყვა „კარაქი“ გადატანითი მნიშვნელობით გამოიყენება მოღალატის პირიდან გამოსული სასიამოვნო და რბილი სიტყვების აღსაწერად.