ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 43
სიბრძნის ხმა ყველგან გაისმის
„სიბრძნე ქუჩაში გაიძახის, მოედნებზე იმაღლებს ხმას“ (ᲘᲒᲐᲕ. 1:20).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 88 მაუწყე შენი გზები
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1. როგორ ეხმაურება დღეს ბევრი სიბრძნის ხმას? (იგავები 1:20, 21).
ᲐᲚᲑᲐᲗ ხშირად დაგინახავთ, როგორ სთავაზობენ სამეფოს მაუწყებლები ხალხმრავალ ქუჩებში გამვლელებს ლიტერატურას. შესაძლოა ამ სახის მსახურებაში თქვენც მიგიღიათ მონაწილეობა და ამ დროს გაგხსენებიათ, როგორ აღგვიწერს წიგნი „იგავები“ სიბრძნეს. თითქოსდა სიბრძნე მოედანზე დგას და გამვლელ-გამომვლელს უხმობს, რომ ყური დაუგდონ მას (წაიკითხეთ იგავების 1:20, 21). სიბრძნის პოვნა, რომლის წყაროც იეჰოვაა, ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებში შეიძლება. სწორედ ეს სიბრძნე სჭირდება ხალხს, რომ სიცოცხლისკენ მიმავალ გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგან. ასე რომ, ძალიან გვიხარია, როცა ვინმე ჩვენი პუბლიკაციებით ინტერესდება. თუმცა ბევრს სულაც არ აინტერესებს, რას ამბობს ბიბლია. ზოგი დაგვცინის კიდეც, რადგან ფიქრობენ, რომ ბიბლია მოძველებული წიგნია. ზოგის აზრით, ბიბლიური შეხედულება ზნეობრივ საკითხებზე უკიდურესად მკაცრია. და მაინც, იეჰოვა არავის უკავებს სიბრძნეს და ყველას სთავაზობს. რა მოწმობს ამაზე?
2. როგორ იზრუნა იეჰოვამ იმაზე, რომ ჭეშმარიტი სიბრძნე ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო, მაგრამ რას ამჯობინებს უმეტესობა?
2 იეჰოვამ იზრუნა, რომ ჭეშმარიტი სიბრძნე ხელმისაწვდომი გამხდარიყო თავისი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით. ამ წიგნზე თითქმის ყველას მიუწვდება ხელი. რაც შეეხება ბიბლიურ პუბლიკაციებს, ისინი 1 000-ზე მეტ ენაზე გამოიცემა. ღვთიურ სიბრძნეს სიკეთე მოაქვს მათთვის, ვინც უსმენს მის ხმას, ანუ კითხულობს ბიბლიას და ბიბლიურ პუბლიკაციებს და წაკითხულს ცხოვრებაში იყენებს. სამწუხაროდ უმეტესობას ურჩევნია, წაუყრუოს სიბრძნის ხმას. გადაწყვეტილების მიღების დროს ისინი საკუთარ ჭკუას ან თავისნაირი ადამიანის რჩევებს ეყრდნობიან. მათ შეიძლება აბუჩადაც კი აგვიგდონ იმის გამო, რომ ბიბლიურ რჩევებს ვითვალისწინებთ. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რატომ აქვს ხალხს ასეთი დამოკიდებულება. თუმცა ჯერ ის გავიგოთ, როგორ შევიძინოთ ღვთიური სიბრძნე.
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ ᲪᲝᲓᲜᲐ ᲡᲘᲑᲠᲫᲜᲘᲡ ᲡᲐᲗᲐᲕᲔᲐ
3. რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავბრძენდეთ?
3 სიბრძნე იმაში ჩანს, შეუძლია თუ არა ადამიანს ცოდნა სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენოს. თუმცა ჭეშმარიტი სიბრძნე მხოლოდ ამით არ განისაზღვრება. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას შიში სიბრძნის სათავეა; უწმინდესის შესახებ ცოდნა გონიერებას იძლევა“ (იგავ. 9:10). მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე „უწმინდესის შესახებ ცოდნით“ უნდა ვიხელმძღვანელოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას თვალსაზრისი უნდა გავითვალისწინოთ კონკრეტულ საკითხზე. ამისთვის კი საჭიროა, მივმართოთ ბიბლიასა და ბიბლიურ პუბლიკაციებს. ეს ნამდვილად ბრძნული საქციელი იქნება (იგავ. 2:5—7).
4. რატომ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მხოლოდ იეჰოვას შეუძლია გვაზიაროს ჭეშმარიტ სიბრძნეს?
4 მხოლოდ იეჰოვას შეუძლია გვაზიაროს ჭეშმარიტ სიბრძნეს (რომ. 16:27). ჯერ ერთი იმიტომ, რომ ის შემოქმედია და ყველაფერი იცის თავისი ქმნილებების შესახებ (ფსალმ. 104:24). მეორე, ყველაფერში, რასაც ის აკეთებს, სიბრძნე ჩანს (რომ. 11:33). და მესამე, იეჰოვას ბრძნული რჩევები ყოველთვის ჩვენს კეთილდღეობას ემსახურება (იგავ. 2:10—12). თუ ამას ვაცნობიერებთ, შევეცდებით, ნებისმიერ სიტუაციაში ღვთიური სიბრძნით ვიხელმძღვანელოთ.
5. რა მოუტანა კაცობრიობას ღვთიური სიბრძნის უგულებელყოფამ?
5 ბევრი აღიარებს, რომ ბუნება საოცარია, მაგრამ ამას ევოლუციას მიაწერენ და არა შემოქმედს. ზოგი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, მაგრამ თვლის, რომ ბიბლია მოძველებული წიგნია და ყველამ თვითონ უნდა აირჩიოს, როგორ იცხოვროს. რა მიიღეს შედეგად? შეცვალა რამე უკეთესობისკენ იმან, რომ ხალხი საკუთარ ჭკუას ეყრდნობა და არა ღვთის სიბრძნეს? მოუტანა ამან მათ ბედნიერება ან ჩაუსახა მომავლის რეალური იმედი? ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ერთ რამეში გვარწმუნებს: „სიბრძნით, გამჭრიახობითა და ჩანაფიქრით იეჰოვას ვერავინ დაუპირისპირდება“ (იგავ. 21:30). ნუთუ არ გვაძლევს ეს იმის სტიმულს, რომ იეჰოვას ვთხოვოთ სიბრძნე?! სამწუხაროდ უმეტესობა ამას არ აკეთებს. მოდი გავიგოთ, რატომ.
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲒᲣᲚᲔᲑᲔᲚᲧᲝᲤᲡ ᲮᲐᲚᲮᲘ ᲭᲔᲨᲛᲐᲠᲘᲢ ᲡᲘᲑᲠᲫᲜᲔᲡ
6. იგავების 1:22—25-ის თანახმად, ვინ არ უგდებს ყურს სიბრძნის ძახილს?
6 დღეს ბევრი არ უსმენს სიბრძნეს, რომელიც „ქუჩაში გაიძახის“. როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, ასეთი ადამიანები სამ კატეგორიად იყოფიან: „გამოუცდელებად“, „დამცინავებად“ და „სულელებად“ (წაიკითხეთ იგავების 1:22—25). მოდი ვნახოთ, რატომ უგულებელყოფენ ისინი ღვთიურ სიბრძნეს და რა უნდა გავაკეთოთ, რომ მათ რიცხვში არ მოვხვდეთ.
7. რატომ ამჯობინებს ზოგი, რომ „გამოუცდელი“ დარჩეს?
7 „გამოუცდელი“ გულუბრყვილოა, ყველაფერს ადვილად იჯერებს და ადვილად ტყუვდება (იგავ. 14:15). ასეთებს ხშირად ვხვდებით მსახურებაში. რამდენი ადამიანია მოტყუებული რელიგიური წინამძღოლებისა და პოლიტიკოსების მიერ. ზოგს შოკში აგდებს იმის გაცნობიერება, რომ შეცდომაში შეიყვანეს, მაგრამ ისინი, ვისზეც იგავების 1:22-შია საუბარი, თავად ამჯობინებენ ამ პოზიციაში დარჩენას (იერ. 5:31). მათ ურჩევნიათ, თავიანთ გულისთქმას აჰყვნენ და სულ არ ადარდებთ, რას ამბობს ბიბლია, რომ აღარაფერი ვთქვათ ბიბლიური ნორმებით ცხოვრებაზე. ბევრი იმ მორწმუნე კვებეკელი ქალბატონივით იმართლებს თავს, რომელმაც ერთ იეჰოვას მოწმეს უთხრა: „თუ მღვდელი გვატყუებს, ეს მისი პრობლემაა და არა ჩვენი“. ნამდვილად არ გვინდა, მათ დავემსგავსოთ, ვინც საკუთარი ნებით ირჩევს უმეცრებაში ყოფნას (იგავ. 1:32; 27:12).
8. რა შეგვძენს საჭირო გამოცდილებას?
8 გასაკვირი არ არის, რატომ მოგვიწოდებს ბიბლია, რომ „აზროვნებით ზრდასრულნი“ ვიყოთ (1 კორ. 14:20). ბიბლიური პრინციპების გამოყენება საჭირო გამოცდილებას გვძენს. დროთა განმავლობაში ვრწმუნდებით, რომ ეს პრინციპები პრობლემებისთვის თავის არიდებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. კარგი იქნება, თუ დროდადრო შევამოწმებთ საკუთარ თავს. თუ კარგა ხანია ბიბლიას სწავლობთ და კრებებსაც ესწრებით, მაგრამ თავი არ მიგიძღვნიათ იეჰოვასთვის და არ მონათლულხართ, ღირს დაფიქრება, აქამდე რატომ არ გადადგით ეს ნაბიჯები. და თუ უკვე მონათლული ხართ, ცდილობთ დაიხვეწოთ, როგორც ღვთის სიტყვის მქადაგებელი და მასწავლებელი? ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან, რომ ბიბლიურ პრინციპებს ითვალისწინებთ? ავლენთ ქრისტიანულ თვისებებს სხვებთან ურთიერთობაში? თუ ვხედავთ, რომ გაუმჯობესება გვჭირდება, ყურად ვიღოთ იეჰოვას რჩევა, რომელიც „დააბრძენებს გამოუცდელს“ (ფსალმ. 19:7).
9. საიდან ჩანს, რომ „დამცინავები“ უგულებელყოფენ ღვთიურ სიბრძნეს?
9 ღვთიური სიბრძნის უარმყოფელთა მეორე კატეგორიას „დამცინავები“ მიეკუთვნებიან. ასეთებს ალბათ ჩვენც შევხვედრივართ მსახურებაში. მათ სიამოვნებთ სხვების დაცინვა (ფსალმ. 123:4). ბიბლიამ გაგვაფრთხილა, რომ ბოლო დღეებში ასეთი ადამიანები მომრავლდებოდნენ (2 პეტ. 3:3, 4). ლოტის სიძეებისა არ იყოს, დღესაც ბევრი არაფრად აგდებს ღვთის გაფრთხილებას (დაბ. 19:14). ზოგი დასცინის მათ, ვინც ბიბლიური პრინციპებით ცხოვრობს, რადგან საკუთარი „უღვთო სურვილებისამებრ“ იქცევა (იუდ. 7, 17, 18). „დამცინავების“ ბიბლიური აღწერილობა ზუსტად შეესაბამება განდგომილებსა და იეჰოვას სხვა მოწინააღმდეგეებს.
10. ფსალმუნის 1:1-ის თანახმად, რა უნდა გავაკეთოთ, რომ არ დავადგეთ დამცინავთა გზას?
10 რა გავაკეთოთ, რომ დამცინავების გზას არ დავადგეთ? ერთ-ერთი ის არის, რომ მოვერიდოთ ასეთებთან ურთიერთობას (წაიკითხეთ ფსალმუნის 1:1). ეს იმას ნიშნავს, რომ არც მოვუსმენთ განდგომილებს და არც მათ მასალას გავეცნობით. ჩვენ გვესმის, რომ თუ არ ვიფრთხილებთ, ადვილად შეიძლება კრიტიკული განწყობა გადმოგვედოს და ეჭვი გაგვიჩნდეს იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ. ამ კუთხით საკუთარი თავის შესამოწმებლად კარგი იქნება, თუ დავფიქრდებით შემდეგ კითხვებზე: ყოველთვის კრიტიკულად ხომ არ ვხვდები ახალ მითითებებსა თუ საკითხების ახლებურ ახსნას? ხომ არ დამჩემდა პასუხისმგებელი ძმების კრიტიკა? იეჰოვა ძალიან დაგვიფასებს, თუ დროულად მოვახდენთ რეაგირებას და გასაქანს არ მივცემთ მსგავს აზროვნებას (იგავ. 3:34, 35).
11. რა დამოკიდებულება აქვთ „სულელებს“ იეჰოვას ზნეობრივი ნორმების მიმართ?
11 ღვთის სიბრძნის უარმყოფელთა მესამე კატეგორიას „სულელები“ მიეკუთვნებიან. მათი სისულელე იმაში გამოიხატება, რომ უარს ამბობენ ღვთის ზნეობრივი ნორმებით ცხოვრებაზე და იმას აკეთებენ, რაც თავად ჰგონიათ სწორი (იგავ. 12:15). ისინი უარყოფენ იეჰოვას, როგორც სიბრძნის წყაროს (ფსალმ. 53:1). ხშირად, როცა მათ მსახურებაში ვხვდებით, ისინი მკაცრად გვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ ვაფასებთ ბიბლიურ ნორმებს. გვაკრიტიკებენ, მაგრამ უკეთესს ვერაფერს გვთავაზობენ. ბიბლიაში ნათქვამია: „უგუნურისთვის ჭეშმარიტი სიბრძნე მიუწვდომელია; მას სათქმელი არაფერი აქვს ქალაქის კარიბჭესთან“ (იგავ. 24:7). „უგუნურთა“ პირიდან ბრძნულს ვერაფერს გაიგებ. სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს იეჰოვა: „ჩამოშორდი სულელ კაცს“ (იგავ. 14:7).
12. რა დაგვეხმარება, რომ არ დავემსგავსოთ „სულელებს“?
12 მათგან განსხვავებით, ვინც არაფრად აგდებს ღვთის რჩევებს, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, შევიყვაროთ მისი ზნეობრივი ნორმები. ეს სიყვარული კიდევ უფრო განგვიმტკიცდება, თუ დავუკვირდებით, რა შედეგები მოაქვს ღვთისადმი მორჩილებას და დაუმორჩილებლობას. დააკვირდით, რამდენ პრობლემას იქმნიან ის ადამიანები, რომლებიც არაფრად აგდებენ იეჰოვას სიბრძნეს. იმაზეც დაფიქრდით, როგორ გაგიუმჯობესდათ ცხოვრება ღვთის მორჩილების წყალობით (ფსალმ. 32:8, 10).
13. აიძულებს იეჰოვა ვინმეს, რომ მისი სიბრძნით იხელმძღვანელოს?
13 იეჰოვა არავის აიძულებს, რომ მისი სიბრძნით იხელმძღვანელონ. ის უბრალოდ გვაფრთხილებს, რა შედეგებს მივიღებთ, თუ უგულებელვყოფთ მის სიბრძნეს (იგავ. 1:29—32). ისინი, ვინც ღმერთს ეურჩებიან, „თავიანთი გზის ნაყოფს იგემებენ“. ადრე თუ გვიან, მათი ცხოვრების წესი მრავალ სადარდებელსა თუ გულისტკივილს გაუჩენს, ბოლოს კი განადგურებას მოუტანს. მათზე კი, ვინც იეჰოვას ბრძნულ რჩევებს ითვალისწინებს, შესრულდება შემდეგი სიტყვები: „ვინც მისმენს, უსაფრთხოდ იცხოვრებს, და უბედურების შიში არ შეაწუხებს“ (იგავ. 1:33).
ᲠᲐ ᲡᲘᲙᲔᲗᲔ ᲛᲝᲐᲥᲕᲡ ᲦᲕᲗᲘᲣᲠ ᲡᲘᲑᲠᲫᲜᲔᲡ?
14, 15. რას ვსწავლობთ იგავების 4:23-დან?
14 ღვთიური სიბრძნე ისევ ჩვენთვის იქნება სასიკეთო. როგორც აღვნიშნეთ, ღვთის ბრძნული რჩევები ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომია. ჯერ მარტო იგავების წიგნი რად ღირს. მასში ჩაწერილ პრაქტიკულ რჩევებს დრო ვერაფერს აკლებს. მოდი ვნახოთ ამის ოთხი მაგალითი.
15 გაუფრთხილდით სიმბოლურ გულს. იგავების 4:23 გვირჩევს: „ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო“. ზოგადად, რას ვაკეთებთ, რომ გული ჯანმრთელი გვქონდეს? ჯანსაღად ვიკვებებით, ვცდილობთ, ფიზიკური აქტივობით დავკავდეთ და ვერიდებით ცუდ ჩვევებს. მსგავსად შეგვიძლია დავიცვათ სიმბოლური გულიც. ყოველდღიურად უნდა ვიკვებოთ ღვთის სიტყვით, მოვემზადოთ ქრისტიანული შეხვედრებისთვის, დავესწროთ მათ და მონაწილეობა მივიღოთ, აგრეთვე აქტიურად ვიყოთ ჩაბმული ქადაგების საქმეში. გარდა ამისა, ცუდი ჩვევები რომ არ განგვივითარდეს, უნდა მოვერიდოთ ყველაფერს, რაც უარყოფითად იმოქმედებს ჩვენს აზროვნებაზე, იქნება ეს არაჯანსაღი გართობა თუ სამეგობრო წრე.
16. რატომ არის იგავების 23:4, 5-ში ჩაწერილი რჩევა დღესაც პრაქტიკული?
16 დასჯერდით იმას, რაც გაქვთ. ბიბლია გვირჩევს: „ნუ შეალევ ძალ-ღონეს სიმდიდრის დაგროვებას . . . როცა გახედავ მას, იქ აღარ დაგხვდება; არწივის ფრთებს შეისხამს და ცაში გაფრინდება“ (იგავ. 23:4, 5). მიუხედავად იმისა, რომ ფულის დაკარგვა ძალიან ადვილია, დღეს მდიდარიცა თუ ღარიბიც ფულის შოვნას ალევს მთელ ძალ-ღონეს. ხშირად ამას მათი რეპუტაცია, ურთიერთობები და ჯანმრთელობაც კი ეწირება (იგავ. 28:20; 1 ტიმ. 6:9, 10). ღვთიური სიბრძნე გვეხმარება, რომ სწორი შეხედულება გვქონდეს ფულზე. ეს, თავის მხრივ, სიხარბისგან გვიცავს და გვეხმარება, ბედნიერები ვიყოთ და დავჯერდეთ იმას, რაც გვაქვს (ეკლ. 7:12).
17. რა შემთხვევაში გვექნება „ბრძენის ენა“? (იგავ. 12:18).
17 ნუ ილაპარაკებთ დაუფიქრებლად. სიფრთხილე გვმართებს, რადგან სიტყვებს დიდი ძალა აქვს. ბიბლიაში ნათქვამია: „დაუფიქრებელი ლაპარაკი მახვილის ჩაცემასავითაა, ბრძენის ენა კი — მკურნალივით“ (იგავ. 12:18). მშვიდობას შევუწყობთ ხელს, თუ ყველანაირად მოვერიდებით ჭორაობას და სხვების შეცდომებზე საუბარს (იგავ. 20:19). ჩვენი სიტყვები მკურნალივით რომ იყოს, ღვთის სიტყვით უნდა ვივსებდეთ გულს (ლუკ. 6:45). თუ ბიბლიიდან წაკითხულზე ვიფიქრებთ, ჩვენი სიტყვები „სიბრძნის წყაროდან მოჩუხჩუხე ნაკადულივით“ იქნება, რომელიც აცოცხლებს მსმენელს (იგავ. 18:4).
18. როგორ დაგვეხმარება იგავების 24:6-ში ჩაწერილი პრინციპი მსახურებაში?
18 მიჰყევით მითითებებს. ბიბლია ასეთ გონივრულ რჩევას გვაძლევს: „ბრძოლის წარმართვას ბრძნული რჩევა სჭირდება; მრჩეველთა სიმრავლეს ხსნა მოაქვს“ (იგავ. 24:6). როგორ გვეხმარება ამ პრინციპის გათვალისწინება, რომ წარმატებას მივაღწიოთ ქადაგების საქმეში? ნაცვლად იმისა, რომ ქადაგების ჩვენებური მეთოდები გამოვიყენოთ, ჩვენ მივყვებით ორგანიზაციისგან მიღებულ მითითებებს. კრების შეხვედრებზე ბრძნულ რჩევებს ვიღებთ, სადაც ბევრ რამეს ვსწავლობთ გამოცდილი მომხსენებლებისგან და სხვა და-ძმებისგან, რომლებიც დავალებებით გამოდიან. გარდა ამისა, იეჰოვას ორგანიზაცია გამოსცემს პუბლიკაციებს და ამზადებს ვიდეორგოლებს, რომლებიც ხალხს ბიბლიის უკეთ გაგებაში ეხმარება. რამდენად ეფექტურად იყენებთ ამ საშუალებებს?
19. რას ფიქრობთ ღვთიურ სიბრძნეზე? (იგავები 3:13—18).
19 წაიკითხეთ იგავების 3:13—18. უზომოდ მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით ბრძნულ რჩევებს გვაძლევს! რომ არა ეს რჩევები, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება?! ამ სტატიაში მიმოვიხილეთ რამდენიმე ბრძნული რჩევა წიგნ „იგავებიდან“, თუმცა ზოგადად, მთელი ბიბლია სავსეა ბრძნული რჩევებით. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ყოველთვის ვიხელმძღვანელოთ ღვთიური სიბრძნით. ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, როგორ აფასებს ქვეყნიერება ღვთიურ სიბრძნეს, რადგან გვჯერა, რომ „ბედნიერად იწოდება ის, ვინც მაგრად ეჭიდება მას“.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 36 ვიცავთ ჩვენს გულებს
a ღვთიურ სიბრძნეს ქვეყნიური სიბრძნე ვერც კი შეედრება. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რა მხატვრულად აღგვიწერს წიგნი „იგავები“ სიბრძნეს. ის თითქოსდა მოედანზე დგას და ხმას იმაღლებს. იმაზეც ვიმსჯელებთ, როგორ შევიძინოთ სიბრძნე, რატომ წაუყრუებს ზოგი მის ხმას და რა სიკეთეს მოგვიტანს, თუ ყურს დავუგდებთ მის ხმას.