-
„იეჰოვა იძლევა სიბრძნეს“საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ნოემბერი
-
-
ძველი ისრაელის ბრძენი მეფე, სოლომონი, მოსიყვარულე მამის სიტყვებით ამბობს: «შვილო, რომ მიიღებდე ჩემს სიტყვებს და ჩემს მცნებებს დაიცავდე, ყური რომ გქონდეს სიბრძნისაკენ მიპყრობილი და გული გონიერებისკენ [„გამჭრიახობისკენ“, აქ] გეწეოდეს, რომ მოუწოდებდე ჭკუას და გონებას გააღვიძებდე. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას. მაშინ შეიგნებ უფლის შიშს და მოიპოვებ ღვთისშემეცნებას» (იგავნი 2:1—5).
-
-
„იეჰოვა იძლევა სიბრძნეს“საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 ნოემბერი
-
-
სიბრძნე არის ღვთისგან ბოძებული შემეცნების სათანადოდ გამოყენების უნარი. მერედა რა შესანიშნავად გვასწავლის ბიბლია სიბრძნეს! დიახ, მასში ჩაწერილია ბრძნული სიტყვები, მაგალითად, რომელსაც იგავნისა და ეკლესიასტეს წიგნებში ვკითხულობთ. ჩვენ ყურად უნდა ვიღოთ ეს სიტყვები. ბიბლიის ფურცლებზე ვპოულობთ მრავალ მაგალითს, რომლებიც გვიჩვენებენ ღვთის პრინციპების გამოყენებით მიღებულ სარგებლობასა და მათი უარყოფით გამოწვეულ სირთულეებს (რომაელთა 15:4; 1 კორინთელთა 10:11). მაგალითად, დავფიქრდეთ წინასწარმეტყველ ელისეს მსახურის, ხარბი გეხაზის შემთხვევაზე (მეოთხე მეფეთა 5:20—27). ნუთუ ეს არ გვასწავლის იმას, რომ ბრძნულია მოვერიდოთ სიხარბეს? და რა შეიძლება ითქვას იაკობის ასულის, დინას, მიერ ქანაანელი „ქალიშვილების“ ერთი შეხედვით უწყინარი მონახულების ტრაგიკულ შედეგზე? (დაბადება 34:1—31). ნუთუ ძნელია იმის დანახვა, რომ ცუდ საზოგადოებასთან ურთიერთობა უგუნურებაა? (იგავნი 13:20; 1 კორინთელთა 15:33).
სიბრძნისადმი ყურადღების მიპყრობას გამჭრიახობისა და გაგების შეძენა მოსდევს. ერთი ლექსიკონის თანახმად, გამჭრიახობა არის „გონებრივი უნარი, რომლის მეშვეობითაც ერთიმეორისგან განვასხვავებთ რაიმეს“ (Webster’s Revised Unabridged Dictionary). ღვთაებრივი გამჭრიახობა არის კარგისა და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევისა და შესაბამისად სწორი მიმართულების არჩევის უნარი. თუ გული გამჭრიახობისკენ არ ‘გვეწევა’, ან არ გვსურს მისი შეძენა, როგორ შეგვიძლია დავადგეთ ‘სიცოცხლისაკენ მიმავალ გზას’? (მათე 7:14; შეადარეთ მეორე რჯული 30:19, 20). ღვთის სიტყვის შესწავლა და მისი გამოყენება გამჭრიახობას გვმატებს.
-