‘კურთხეულია მართალი’
„ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული და მისი მოდგმა პურზე ხელგაწვდილი“, — თქვა ფსალმუნმომღერალმა დავითმა სიბერეში (ფსალმუნი 36:25 კს). იეჰოვა ღმერთს უყვარს მართალი ადამიანები და სიყვარულით ზრუნავს მათზე. თავის სიტყვაში, ბიბლიაში, ის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს სიმართლის ძებნისკენ მოუწოდებს (სოფონია 2:3).
იყო მართალი, ნიშნავს დაემორჩილო ღვთის პრინციპებს, რომლებიც სიკეთესა და ბოროტებას განასხვავებენ ერთმანეთისგან. ბიბლიის წიგნის „იგავნის“ მე-10 თავი მოგვიწოდებს, დავემორჩილოთ ღვთის ნებას და ხაზს უსვამს იმ დიდ სულიერ კურთხევებს, რომლებითაც ღვთის მორჩილნი ხარობენ. ამ კურთხევებში იგულისხმება უხვი და ამავე დროს ნოყიერი სულიერი საზრდო, მადლიანი და სასიამოვნო სამუშაო და ღმერთთან და ადამიანებთან კარგი ურთიერთობა. მაშ, მოდი დავფიქრდეთ იგავნის 10:1—14-ზე.
შესანიშნავი სტიმული
ამ თავის შესავალი ნათელყოფს, ვინ არის წიგნ „იგავნის“ შემდეგი სიტყვების დამწერი, რადგან ვკითხულობთ: „იგავნი სოლომონისა“. ძველი ისრაელის მეფე სოლომონი, გვიზიარებს იმას, რაც სტიმულს აძლევდა ღვთის თვალში სწორად მოქცევისთვის: „ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია“ (იგავნი 10:1).
როგორ დიდ მწუხარებას განიცდიან მშობლები, როდესაც მათი რომელიმე შვილი ჭეშმარიტი და მოსიყვარულე ღვთის თაყვანისმცემლობას ტოვებს! ბრძენი მეფე განსაკუთრებით აღნიშნავს დედის დარდს, ალბათ, იმის დასანახვებლად, რომ ის უფრო მძიმედ განიცდის ამას. ეს მართლაც ასე იყო დორისის შემთხვევაშიa. ის ჰყვება: „როდესაც ჩვენმა 21 წლის ვაჟმა ჭეშმარიტება დატოვა, მე და ჩემი ქმარი, ფრენკი, ძალიან გულგატეხილები ვიყავით. ამას მე უფრო მტკივნეულად განვიცდიდი, ვიდრე ფრენკი. მას შემდეგ 12 წელი გავიდა და ჭრილობა ჯერაც არ მომშუშებია“.
შვილმა შეიძლება გაახაროს ან გული ატკინოს დედ-მამას. მოდი გამოვავლინოთ გონიერება და გავახაროთ ჩვენი მშობლები. და, რადაც უნდა დაგვიჯდეს, გავახაროთ ჩვენი ზეციერი მამის, იეჰოვას, გული.
‘მართლის სული კმაყოფილია’
„ბოროტეულის საგანძურებს სარგებელი არ მოაქვს, — ამბობს მეფე. — სიმართლე კი სიკვდილისგან იხსნის“ (იგავნი 10:2). იმ ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის, რომლებიც ამ უკანასკნელი ჟამის მიწურულს ცხოვრობენ, ეს სიტყვები მართლაც ძვირფასია (დანიელი 12:4). უღმერთო წუთისოფლის განადგურება მოახლოებულია. ადამიანის მიერ შექმნილი უსაფრთხოების ვერავითარი საშუალება — ფიზიკური, ფინანსური თუ სამხედრო — ვერ დაიცავს ადამიანებს მოახლოებული „დიდი გასაჭირისგან“ (გამოცხადება 7:9, 10, 13, 14). მხოლოდ „ალალმართლები უნდა დამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ“ (იგავნი 2:21). მაშ, მოდი ‘უწინარეს ვეძიოთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე’ (მათე 6:33).
იეჰოვას მსახურებს არ უწევთ მხოლოდ ახალი ქვეყნიერების ლოდინი, რათა ღვთის კურთხევებით გაიხარონ. „უფალი მართალის სულს არ დაამშევს, ხოლო ბოროტეულთა სიხარბეს უკუაგდებს“ (იგავნი 10:3). იეჰოვამ „ერთგული და გონიერი მონის“ მეშვეობით უხვი სულიერი საზრდოთი უზრუნველგვყო (მათე 24:45). მართალ ადამიანს, ნამდვილად აქვს იმის მიზეზი, რომ ‘იყიჟინოს, გულმხიარულმა’ (ესაია 65:14). შემეცნება მისი სულისთვის სიამოვნების მომგვრელია. სულიერი განძის ძებნა მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ბოროტი კი ასეთ სიამოვნებას მოკლებულია.
‘გამრჯეობა კაცს ამდიდრებს’
სამართლიანი ადამიანი სხვა მხრივადაც კურთხეულია. „ზარმაცი ხელი აღარიბებს, ხოლო გამრჯეთა ხელი ამდიდრებს. ვინც ზაფხულში აგროვებს, გონიერი შვილია, ხოლო ვისაც სამკალში სძინავს, სამარცხვინო შვილია“ (იგავნი 10:4, 5).
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეფის სიტყვები, რომლებიც მომკელებს ეხება. მკის დრო ძილის დრო არ არის. ეს გულმოდგინებისა და ხანგრძლივი მუშაობის დროა. მართლაცდა, ეს გადაუდებელი რამ არის.
იესო ხორბალს კი არა, ადამიანებს გულისხმობდა, როდესაც თავის მოწაფეებს უთხრა: „სამკალი ბევრია, მუშაკნი კი — ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის უფალს [იეჰოვა ღმერთს], რომ წარმოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში“ (მათე 9:35—38). 2000 წელს იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს 14 მილიონზე მეტი ადამიანი დაესწრო — რაც ორზე მეტჯერ აღემატება იეჰოვას მოწმეთა რიცხვს. მაშ, ვინ უარყოფს, რომ ‘ყანები გადათეთრებულან სამკალად’? (იოანე 4:35). ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები თავიანთ უფალს უფრო მეტ მუშას სთხოვენ, ამასობაში კი თავიანთი ლოცვების შესაბამისად მოწაფეების მომზადების საქმიანობას დიდ ძალისხმევას ანდომებენ (მათე 28:19, 20). რა უხვად აკურთხა იეჰოვამ მათი ძალისხმევა! 2000 სამსახურებრივ წელს 280 000-ზე მეტი ადამიანი მოინათლა. ისინიც არაფერს იშურებენ, რათა ღვთის სიტყვის მასწავლებლები გახდნენ. დაე ამ მკის დროს, ჩვენც განვიცადოთ სიხარულისა და კმაყოფილების გრძნობა მოწაფეების მომზადებაში სრული მონაწილეობის მიღებით.
„მართლის თავზე კურთხევაა“
„მართლის თავზე კურთხევაა, — განაგრძობს სოლომონი. — ხოლო ბოროტეულთა პირი ძალადობით არის სავსე“ (იგავნი 10:6).
ვისაც სუფთა და სამართლიანი გული აქვს, თითქმის ყოველთვის ავლენს სამართლიანობას; მისი საუბარი თავაზიანი და აღმშენებლობითია, მისი მოქმედებები კი დადებითი და სულგრძელობით გამორჩეული; სხვებს მასთან ურთიერთობა სიამოვნებთ. ასეთი ადამიანი მათ პატივისცემას — კეთილგანწყობას — იმსახურებს იმით, რომ მასზე გულთბილად საუბრობენ.
ბოროტი ადამიანი კი საძულველი და საძაგელია; ის, უმთავრესად, სხვებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს. მისი საუბარი შეიძლება ტკბილი იყოს, გული კი ‘სავსე იყოს დაფარული ძალადობით’ და ბოლოს ის შეიძლება ფიზიკურ თუ სიტყვიერ თავდასხმაზეც კი გადავიდეს (მათე 12:34, 35). ან სხვა სიტყვები რომ მოვიშველიოთ, „ბოროტეულთა პირი ძალადობით არის სავსე“ (იგავნი 10:6). აქედან გამომდინარე, ბოროტი ადამიანი, ჩვეულებრივ, სხვებისგან იმას იმკის, რასაც თესავს, სახელდობრ — სიძულვილს. ეს, ასე ვთქვათ, პირში წყალს უგუბებს და აჩუმებს მას. კარგს რას უნდა მოელოდეს ასეთი ადამიანი სხვებისგან?
„კურთხეულია მართლის მოსაგონარი, — წერს ისრაელის მეფე. — ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება“ (იგავნი 10:7). მართალ ადამიანს კეთილად მოიხსენიებენ სხვები და რაც ყველაზე მთავარია — იეჰოვა ღმერთი. სიკვდილამდე თავის ერთგულებით, იესომ ანგელოზებზე „უდიდესი სახელი დაიმკვიდრა“ (ებრაელთა 1:3, 4). ქრისტიანობამდე მცხოვრები ერთგული მამაკაცები და ქალები, თანამედროვე ჭეშმარიტი ქრისტიანებისათვის მისაბაძი არიან (ებრაელთა 12:1, 2). რაოდენ დიდად განსხვავდება მათი სახელები ბოროტთა სახელებისგან, რომლებიც საზიზღრები და გარყვნილები გახდნენ! დიახ, „რჩეული სახელი დიდძალ ქონებაზე უკეთესია, კეთილი მადლი კი — ვერცხლზე და ოქროზე“ (იგავნი 22:1). მოდი ჩვენც დავიმკვიდროთ იეჰოვასა და ჩვენი მოყვასის თვალში კარგი სახელი.
‘უმწიკვლოდ მოარული უშიშრად დადის’
გონიერისა და უგუნურის შესადარებლად, სოლომონი ამბობს: „გულბრძენი მცნებებს მიიღებს, ხოლო ბაგებრიყვი დაიღუპება“ (იგავნი 10:8). გონიერმა ადამიანმა კარგად იცის, რომ „მიმავალი კაცი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). მას შეგნებული აქვს იეჰოვასგან ხელმძღვანელობის საჭიროება და ხალისით იღებს მის მცნებებს. უგუნური კი ამას უგულებელყოფს. უაზრო ლაყბობას მისთვის დაღუპვა მოაქვს.
მართალი ადამიანი, ბოროტისგან განსხვავებით, უსაფრთხოებითაც ხარობს: „უმწიკვლოდ მოარული დარწმუნებით („უსაფრთხოდ“, აქ) დადის, ხოლო თავისი გზების გამამრუდებელი ნამხილები იქნება. თვალის ჩამკვრელი მწუხარებას იწვევს, ბაგებრიყვი კი დაიღუპება“ (იგავნი 10:9, 10).
უმწიკვლო ადამიანი ყველაფერში პატიოსნად იქცევა. ის სხვებისგან პატივისცემასა და ნდობას იმსახურებს. პატიოსანი ადამიანი ძვირფასი მუშაა და ხშირად დიდ პასუხისმგებლობებს ანდობენ. ვინც პატიოსანი ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს, მას შეუძლია სამუშაო მაშინაც კი არ დაკარგოს, როდესაც ადგილები შეზღუდულია. უფრო მეტიც, მისი პატიოსნება ხელს უწყობს ოჯახში სასიამოვნო და მშვიდობიანი ატმოსფეროს შექმნას (ფსალმუნი 33:14, 15). ის თავისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას უსაფრთხოდ გრძნობს თავს. მართლაცდა, უსაფრთხოება უმწიკვლობის ნაყოფია.
მაგრამ სულ სხვაგვარია იმ ადამიანის მდგომარეობა, რომელიც ეგოისტური მიზნების მისაღწევად უპატიოსნოდ იქცევა. მატყუარა ადამიანი შეიძლება თავისი სიცრუის დამალვას ცბიერი ბაგეებით ან ჟესტებითა და მიმიკებით ეცადოს (იგავნი 6:12—14). ბოროტად ან ცბიერად მოჭუტული თვალებით ის შეიძლება მისი მოტყუებული ხალხის ტანჯვის მიზეზი გახდეს. მაგრამ ადრე თუ გვიან, ასეთი ადამიანის ცბიერება გამოაშკარავდება. პავლე მოციქულმა დაწერა: „ზოგიერთი ადამიანის ცოდვები წინასწარ ცხადია და სამსჯავროსკენ მიუძღვება წინ, ზოგიერთს კი უკან მიჰყვება. ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადია და, თუ არა, მაინც ვერ დაიმალება“ (1 ტიმოთე 5:24, 25). მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ასეთი ადამიანი — მშობელი, მეგობარი, მეუღლე თუ ნაცნობი — უპატიოსნობა საბოლოოდ გამჟღავნდება. ვინ მიენდობა მას, ვინც პატიოსანი ადამიანის რეპუტაციით არ სარგებლობს?
‘მისი პირი სიცოცხლის წყაროა’
„მართლის პირი სიცოცხლის წყაროა, — ამბობს სოლომონი. — ბოროტეულთა პირი კი ძალადობით არის სავსე“ (იგავნი 10:11). სიტყვას შეუძლია განკურნოს ან ტკივლი მიაყენოს ადამიანს; გაახალისოს, გამოაცოცხლოს ან კიდევ გული გაუტეხოს.
იმის ამოსაცნობად, თუ რა მოტივით არის ნათქვამი სიტყვა, ისრაელის მეფე აბობს: „სიძულვილი შუღლის აღმძვრელია, სიყვარული კი ყველა ცოდვას ფარავს“ (იგავნი 10:12). სიძულვილი ადამიანებში შუღლს აღვივებს და კონფლიქტს იწვევს. მათ, ვისაც იეჰოვა უყვარს, თავიანთი ცხოვრებიდან სიძულვილი ძირფესვიანად უნდა აღმოფხვრან. როგორ? სიძულვილის ნაცვლად სიყვარული უნდა გამოავლინონ. „ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს“ (1 პეტრე 4:8). სიყვარული „ყოველივეს იტანს,“ ესე იგი „ყველაფერს იფარავს“ (1 კორინთელთა 13:7, სსგ). ღვთის სიყვარული არ მოელის არასრულყოფილი ადამიანებისგან სრულყოფილებას. ნაცვლად იმისა, რომ სააშკარაოზე გამოვიტანოთ სხვების შეცდომები, ასეთი სიყვარული გვეხმარება მათ შეცდომებზე — თუ სერიოზულ ცოდვაზე არ არის საუბარი — თვალი დავხუჭოთ. სამქადაგებლო მსახურებაში, სამსახურსა თუ სკოლაში სიყვარული ცუდ მოპყრობას იტანს.
ბრძენი მეფე განაგრძობს: „გონიერის ბაგეებში სიბრძნე იპოვება, ჭკუათხელის ზურგზე კი ჯოხი“ (იგავნი 10:13). გონიერი ადამიანი თავის ნაბიჯებს უკვირდება. მისი აღმშენებლობითი სიტყვები სხვებს სამართლიანობის გზაზე სიარულში ეხმარება. არც მას და არც მის მსმენელებს სწორ გზაზე სასიარულოდ არ სჭირდებათ ძალდატანება ან როზგი.
‘ცოდნის დაუნჯება’
რა დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენი სიტყვები ‘სიბრძნის მოჩუხჩუხე ნაკადული’ იყოს და არა უაზრო რაკრაკი? (იგავნი 18:4). სოლომონი პასუხობს: „ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან“ (იგავნი 10:14).
პირველი მოთხოვნა ის არის რომ ჩვენი გონება ღვთის აღმშენებლობითი შემეცნებით აივსოს. ამ შემეცნების მიღების მხოლოდ ერთი წყარო არსებობს. მოციქულმა პავლემ დაწერა: „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17). ჩვენ უნდა დავიუნჯოთ შემეცნება და ღვთის სიტყვაში ის ისევე ვეძებოთ, როგორც დამალული განძი. რაოდენ აღმაფრთოვანებელი და დამაჯილდოებელია ეს ძიება!
სიბრძნე რომ გამოვავლინოთ, საღვთო წერილის შემეცნება ჩვენს გულებშიც უნდა აღწევდეს. იესომ თავის მსმენელებს უთხრა: „კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს; ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი“ (ლუკა 6:45). ამიტომ უნდა ვუფიქრდებოდეთ იმას, რასაც ვსწავლობთ. მართალია, შესწავლა და დაფიქრება ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ასეთი სწავლა რაოდენ გამამდიდრებელია სულიერად! რა საჭიროა, ცხოვრება ფუჭ საუბრებში გავატაროთ.
დიახ, მართალი ადამიანი იმას აკეთებს, რაც ღვთის თვალში სწორია და სხვებზე კარგ გავლენას ახდენს. ის ხარობს უხვი სულიერი საზრდოთი და უხვობს იმ საქმეში, რომელიც უფლის მიერ ჯილდოვდება (1 კორინთელთა 15:58). უმწიკვლო ადამიანი უსაფრთხოდ დადის და ღვთის მოწონებას იმსახურებს. მართლაცდა, უამრავი კურთხევით ივსება მართალი. დაე ჩვენც ვეძებოთ სამართლიანობა და დავემორჩილოთ ღვთის პრინციპებს, რომლებიც განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას.
[სქოლიოები]
a სახელი შეცვლილია.
[სურათი 25 გვერდზე]
პატიოსნება გვეხმარება, გვქონდეს ბედნიერი ოჯახი.
[სურათი 26 გვერდზე]
„ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ“.