წრფელებს უმწიკვლობა წარუძღვება
„კაცი, ქალის ნაშიერი, დღემოკლეა და სავსეა მღელვარებით“, — ნათქვამია ბიბლიაში (იობი 14:1). როგორც ჩანს, ტანჯვა-წამება ადამიანის ცხოვრების განუყრელი ნაწილია. დიახ, ყოველდღიური ცხოვრებაც კი შფოთითა და დავიდარაბით არის აღსავსე! რა გაგვიწევს ასეთ რთულ ვითარებაში საუკეთესო ხელმძღვანელობას და დაგვეხმარება, რომ ღვთის წინაშე მართლები ვიყოთ?
გავიხსენოთ ერთი შეძლებული კაცი, იობი, რომელიც დაახლოებით 3500 წლის წინათ ცხოვრობდა დღევანდელი არაბეთის ტერიტორიაზე. გაიხსენეთ, რა უბედურება აღარ დაატეხა ამ ღვთისმოშიშ კაცს სატანამ! მას ჯერ მთელი საქონელი გაუწყდა, შემდეგ კი საყვარელი შვილები დაეხოცა. ბოლოს კი, სატანამ მას ფეხის ტერფიდან თხემამდე ქეცი შეჰყარა (იობის 1-ლი და მე-2 თავები). იობმა არ იცოდა, რატომ ატყდებოდა თავს ასეთი უბედურებები. მიუხედავად ამისა, „არც ახლა სცოდა იობმა თავისი ბაგეებით“ (იობი 2:10). „სიკვდილამდე თუ გავწირო ჩემი უმწიკვლობა“, — თქვა მან (იობი 27:5). დიახ, იობს თავისი უმწიკვლობისთვის არ უღალატია ამ გამოცდების დროს.
უმწიკვლობა განიმარტება, როგორც ზნეობრივი სისუფთავე ან სისრულე, რაც უფლის წინაშე უმწიკვლოდ სიარულს ნიშნავს. მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ არასრულყოფილი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია ღვთის პრინციპების სრულად დაცვა, სრულყოფილად ისაუბრებს და მოიქცევა. პირიქით, ადამიანის უმწიკვლობა იეჰოვასადმი და მისი ნებისა და განზრახვებისადმი სრულ ერთგულებას ნიშნავს. ღვთისადმი ასეთი ერთგულება წრფელ ადამიანებს ყოველ დროსა და ყოველგვარ ვითარებაში უწევს ხელმძღვანელობას. ბიბლიური წიგნის „იგავნის“ მე-11 თავის პირველი ნაწილი გვიჩვენებს, თუ როგორ გაგვიწევს ხელმძღვანელობას ჩვენი უმწიკვლობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და გვარწმუნებს, რომ ასე მოქმედებას კურთხევები მოჰყვება. მაშ, მოდით დიდი ინტერესით წავიკითხოთ ეს სიტყვები.
უმწიკვლობა ბიზნესში პატიოსნების გარანტიაა
ძველად ისრაელის მეფემ სოლომონმა პატიოსნების პრინციპებზე საუბრისას, იურიდიული ტერმინები კი არ გამოიყენა, პოეტური სიტყვებით თქვა: „მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი — სასურველი“ (იგავნი 11:1). ეს მუხლი ერთ-ერთია წიგნ „იგავნში“ მოხსენიებული იმ ოთხი მუხლიდან, სადაც პინებზე და საწონებზეა საუბარი და იმაზე მიუთითებენ, რომ იეჰოვას სურს, მისი თაყვანისმცემლები პატიოსნები იყვნენ საქმიან წამოწყებებში (იგავნი 16:11; 20:10, 23).
მატყუარა სასწორით ანუ უპატიოსნობით მოხვეჭილი სიმდიდრე შეიძლება ვინმეს სახარბიელოდ ეჩვენება. მაგრამ ნამდვილად გვინდა კეთილსა და ბოროტთან დაკავშირებული ღვთის პრინციპების იგნორირება უზნეო ბიზნესში მონაწილეობით? რა თქმა უნდა, არა, თუ ჩვენი უმწიკვლობა გვხელმძღვანელობს. თუ ეს ასეა, უპატიოსნობას მოვერიდებით, რადგან სწორი სასწორი, რომელიც პატიოსნების მაჩვენებელია, იეჰოვას ახარებს.
„თვინიერებთან... სიბრძნეა“
შემდეგ მეფე სოლომონი დასძენს: «ამპარტავნობას [„კადნიერებას“, აქ] დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან [„მოკრძალებულებთან“, აქ] კი სიბრძნეა» (იგავნი 11:2). კადნიერებას, რომელიც სიამაყის, დაუმორჩილებლობის ან შურის გამოვლინებაა, შერცხვენა მოჰყვება. ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობების თავმდაბლურად აღიარება კი სიბრძნის სათავეა. მართლაცდა, რა სწორად მიუთითებს საღვთო წერილში მოცემული მაგალითები ამ იგავების ჭეშმარიტებაზე!
ერთ-ერთმა მოშურნე ლევიანმა, კორახმა, მეამბოხე ბრბო იეჰოვას მიერ დანიშნული მსახურების, მოსესა და აარონის, წინააღმდეგ გამოიყვანა. რა მოჰყვა ამ კადნიერებას? „გაიხსნა პირი მიწამ და ჩაყლაპა“ ზოგი მეამბოხე, სხვები კი, კორახის ჩათვლით, ცეცხლმა შთანთქა (რიცხვნი 16:1—3, 16—35; 26:10; მეორე რჯული 11:6). როგორი დამცირებაა! გავიხსენოთ ყუზაც, რომელიც შეთანხმების კიდობანს მისწვდა და დაიჭირა, რომ არ ჩამოვარდნილიყო. ამის გამო, ის იმ წუთას მოკვდა (მეორე მეფეთა 6:3—8). რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კადნიერებას მოვერიდოთ!
თავმდაბალი და მოკრძალებული ადამიანი მაშინაც კი არ იტანჯება დამცირებით, როდესაც ცდება. მაგალითად, იობი მრავალ რამეში სამაგალითო იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მან არასრულყოფილება გამოავლინა. თავსდატეხილმა განსაცდელებმა მისი აზროვნების სერიოზული ნაკლოვანებები გამოააშკარავა. ნუგეშისმცემლების წინაშე თავის მართლებისას მან წონასწორობა დაკარგა და ისიც კი თქვა, რომ ღმერთზე მართალი იყო (იობი 35:2, 3). როგორ შეუსწორა იეჰოვამ იობს აზროვნება?
იეჰოვამ გაახსენა იობს დედამიწა, ზღვა, ვარსკვლავები, ზოგიერთი ცხოველი, სხვა საოცარი ქმნილებები და დაანახვა, რაოდენ მცირე იყო ადამიანი ღვთის სიდიადის ფონზე (იობის 38—41 თავები). მთელი ამ საუბრის განმავლობაში იეჰოვას არ უთქვამს იობისთვის, თუ რატომ იტანჯებოდა. მას ამის გაკეთება არც კი დასჭირვებია, რადგან იობი თავმდაბალი ადამიანი იყო. მან თავმდაბლურად აღიარა თავის თავსა და ღმერთს შორის არსებული დიდი სხვაობა, საკუთარი არასრულყოფილება და სისუსტე, იეჰოვას სამართლიანობა და ძალა. „ვკიცხავ ჩემს თავს, — თქვა მან, — და ვინანიებ მტვერში და ნაცარში“ (იობი 42:6). იობს უმწიკვლობა დაეხმარა, რომ ადვილად მიეღო შენიშვნა. შენც ასევე იღებ შენიშვნებს? როდესაც გამოსწორება გვესაჭიროება, ადვილად მივიღებთ შენიშვნას, თუ უმწიკვლობით ვხელმძღვანელობთ!
მოსეც მოკრძალებული და თავმდაბალი კაცი იყო. როდესაც ის ძალიან დაიღალა სხვისი პრობლემების მოგვარებით, თავისმა სიმამრმა, ითრომ, პრაქტიკული გამოსავალი შესთავაზა, რომ პასუხისმგებლობები სხვა გამოცდილი მამაკაცებისთვის გაენაწილებინა. მოსე ხედავდა, რომ ყველას ვერ გასწვდებოდა და გონივრულად მიიღო ეს შემოთავაზება (გამოსვლა 18:17—26; რიცხვნი 12:3). მოკრძალებული ადამიანი პასუხისმგებლობას სხვებსაც უზიარებს და არ ეშინია, რომ სხვა გამოცდილი ძმებისთვის შესაფერისი პასუხისმგებლობების გაზიარებით უფლებამოსილებას დაკარგავს (რიცხვნი 11:16, 17, 26—29). პირიქით, ის მზად არის, რომ მათ სულიერ ზრდაში დაეხმაროს (1 ტიმოთე 4:15). განა ჩვენც ასე არ უნდა ვიქცეოდეთ?
„უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას“
სოლომონმა იცოდა, რომ უმწიკვლო კაცს ყოველთვის ვერ იცავს თავისი სიწრფელე საფრთხისგან და ამიტომ თქვა: „წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება“ (იგავნი 11:3). წრფელ ადამიანს თავისი უმწიკვლობა უბიძგებს, რომ რთულ პირობებშიც კი ის გააკეთოს, რაც იეჰოვას თვალშია სწორი, რასაც, საბოლოოდ, კურთხევები მოაქვს. იობმა არ დათმო თავისი უმწიკვლობა და იეჰოვამ „უკურთხა... იობს დარჩენილი დღეები წინანდელზე უფრო მეტად“ (იობი 42:12). ზოგი, ვინც მუხანათურად იქცევა, ფიქრობს, რომ სხვის ხარჯზე გაიუმჯობესებს ცხოვრებას და დროის რაღაც მონაკვეთში შეიძლება ისეც ჩანდეს, რომ წარმატებებსაც აღწევენ. მაგრამ მალე მათივე ვერაგობა იმსხვერპლებს მათ.
„არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, — ამბობს ბრძენი მეფე, — სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან“ (იგავნი 11:4). რა დიდი უგუნურება იქნება, იმდენი დრო მოვანდომოთ მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვას, რომ დრო აღარ დაგვრჩეს პირადი შესწავლისთვის, ლოცვისთვის, კრების შეხვედრებზე დასწრებისთვისა და სამქადაგებლო მსახურებისთვის — იმ საქმიანობებისთვის, რომელებიც იეჰოვასადმი სიყვარულსა და ერთგულებას გვიღრმავებს! ვერანაირი სიმდიდრე ვერ იხსნის ადამიანს მოახლოებული დიდი გასაჭირის დროს (მათე 24:21). მხოლოდ უმწიკვლობა იხსნის წრფელ ადამიანებს (გამოცხადება 7:9, 14). ამიტომ გონივრულად ვიქცევით, თუ სოფონიას რჩევას ვითვალისწინებთ: „ვიდრე არ დაგტეხიათ უფლის რისხვის დღე. ეძიეთ უფალი, ქვეყნის თვინიერნო, ვინც მისდევთ უფლის რჯულს; ეძიეთ სიმართლე, ეძიეთ თვინიერება“ (სოფონია 2:2, 3). მანამდე კი, მოდით მიზნად დავისახოთ, „პატივი მივაგოთ უფალს ჩვენი ქონებიდან“ (იგავნი 3:9).
იმის ხაზგასმით, თუ როგორ ფასობს სამართლიანობა, სოლომონი უმწიკვლობისა და ბოროტების შედეგებს აპირისპირებს: „უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემა. გულწრფელებს თავიანთი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან. ბოროტეული კაცის სიკვდილისთანავე ქარწყლდება იმედი და ჭირისუფალთა მოლოდინიც გაქარწყლებულია. მართალი ხსნილია ჭირისაგან, მის ნაცვლად ბოროტეულს დაატყდება თავს“ (იგავნი 11:5—8). უმწიკვლო ადამიანი არც თავის გზებზე ეცემა და არც თავისი მოქმედებების ხაფანგში ებმება. მისი გზა სწორია. დაბოლოს, წრფელი ადამიანი ყოველგვარი გასაჭირიდან აღწევს თავს. ბოროტი ადამიანი კი შეიძლება ძლევამოსილი ჩანდეს, მაგრამ მას ასეთი გათავისუფლება არ ელის.
„ხარობს ქალაქი“
წრფელი ადამიანების უმწიკვლობა და ცოდვილთა ბოროტება სხვა ადამიანებზეც მოქმედებს. „პირფერი თავისი ენით ღუპავს თავის ახლობელს, — ამბობს ისრაელის მეფე, — მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან“ (იგავნი 11:9). ვინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ცილისწამება, ჭორაობა, უწმაწური და ფუჭი საუბარი სხვებისთვის ზიანის მომტანია? მართალი ადამიანის საუბარი კი სუფთა, კარგად აწონ-დაწონილი და ტაქტიანია. ამიტომ არის, რომ უმწიკვლოთა ხსნას ბრალმდებელთა სიცრუის გამოაშკარავება მოსდევს.
„მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი, — განაგრძობს მეფე, — ბოროტეულთა დაღუპვის დროს კი ზეიმობს“ (იგავნი 11:10). ჩვეულებრივ, მართალი ადამიანები სხვებსაც უყვართ და მეზობლებიც სიხარულით ღებულობენ მათ. არავის არ უყვარს „ბოროტეული“. როდესაც ბოროტი ადამიანი კვდება, ხალხი, ჩვეულებრივ, არ გლოვობს. მათზე არავინ იდარდებს მაშინაც, როდესაც იეჰოვა ‘მოკვეთავს ურჯულოებს ქვეყნიდან და მზაკვართ აღმოფხვრის მისგან’ (იგავნი 2:21, 22). პირიქით, გადარჩენილები გაიხარებენ იმით, რომ ბოროტები უკვე აღარ იარსებებენ. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ჩვენზე? მოაქვს ჩვენს საქციელს სხვებისთვის სიხარული? კარგია, თუ ვფიქრობთ ამაზე.
„მაღლდება ქალაქი“
საზოგადოებაზე სიწრფელისა და ბოროტების ურთიერთსაპირისპირო მოქმედების შესახებ სოლომონი ამბობს: „წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა“ (იგავნი 11:11).
ქალაქის მცხოვრებნი, რომლებიც წრფელად იქცევიან, მშვიდობასა და კეთილდღეობას უწყობენ ხელს და სხვებსაც ამას ასწავლიან. ამგვარად, ქალაქი ზნეობრივად მაღლდება, ჰყვავის. ისინი კი, ვინც სხვებს ცილს სწამებენ და სხვების საზიანოდ საუბრობენ, თავიანთ თანამოქალაქეთ შფოთს, უბედურებას, დაყოფას და გაჭირვებას ატეხენ თავს. ეს კი განსაკუთრებით მაშინ ხდება, როდესაც ისინი გავლენიანი პირები არიან. ასეთ ქალაქში უწესრიგობა, კორუფცია, ზნეობრივი და, შეიძლება, ეკონომიკური დეგრადაცია ბატონობს.
იგავნის 11:11-ში ჩაწერილი პრინციპი იეჰოვას ხალხსაც შეიძლება მიესადაგოს, რადგან მათაც აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა ქალაქის მსგავს თავიანთ კრებებში. კრებებს, რომლებზეც თავიანთი უმწიკვლობით მოარული სულიერი ადამიანები ახდენენ გავლენას, დიდება მოაქვთ იეჰოვასთვის. ამ კრებებში ბედნიერი, აქტიური და მხარში ამომდგომი ხალხია. იეჰოვა აკურთხებს ასეთ კრებებს და მათ სულიერი წარმატებები აქვთ. ის უკმაყოფილო ერთეულები, რომლებიც კრების ამა თუ იმ საქმიანობას აკრიტიკებენ, იმ „შხამიანი ფესვებივით“ არიან, რომლებმაც შეიძლება ჯანსაღებიც მოწამლონ (ებრაელთა 12:15). ასეთებს ხშირად უფრო მეტი ძალაუფლება და თავის გამოჩენა სურთ. ისინი ავრცელებენ ხმებს, რომ თითქოს უსამართლობას, ნაციონალიზმს და სხვა მსგავს რამეს აქვს კრებაში ან რომელიმე უხუცესებს შორის ადგილი. მათმა საუბრებმა შეიძლება კრების დაყოფა გამოიწვიოს. განა არ უნდა მოვერიდოთ ასეთ ადამიანებთან საუბარს და ვეცადოთ, ვიყოთ სულიერი ადამიანები, რომლებიც კრებაში მშვიდობისა და ერთიანობის დასადგურებას უწყობენ ხელს?
სოლომონი განაგრძობს: „ჭკუათხელი თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია. ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას“ (იგავნი 11:12, 13).
როგორი დიდი ტკივილის მიყენება შეუძლია სხვებისთვის ისეთ ადამიანს, რომელსაც გამჭრიახობა აკლია ან „ჭკუათხელია“! ის დაუფიქრებლად ლაპარაკობს და ვინმეს ცილს სწამებს ან ლანძღავს. უხუცესებმა არ უნდა დააყოვნონ ასეთი არაჯანსაღი გავლენის შეჩერება. „ჭკუათხელისგან“ განსხვავებით გონიერმა კაცმა იცის, როდის დადუმდეს. ის საიდუმლოს კი არ გასცემს, პირიქით, ინახავს. იცის, რომ დაუფიქრებელმა საუბარმა შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ვინმეს, ამიტომ გამჭრიახი ადამიანი „ერთგული სულია“. ის თანამორწმუნეთა ერთგულია და არასდროს ახმაურებს საიდუმლოებებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს ისინი. რა დიდი კურთხევაა კრებისთვის ასეთი უმწიკვლო ადამიანები!
იმისათვის, რომ უმწიკვლობის შენარჩუნებაში დაგვეხმაროს, იეჰოვა უხვად გვაწვდის „ერთგული და გონიერი მონის“ ხელმძღვანელობით სულიერ საზრდოს (მათე 24:45). ქალაქის მსგავს ჩვენს კრებებშიც დიდ დახმარებას ვიღებთ ქრისტიანი უხუცესებისგან (ეფესელთა 4:11—13). ნამდვილად, დიდად მადლიერი ვართ მათი, რადგანაც „თავგზიანობის უქონლობისას ეცემა ხალხი, რიცხვმრავალ მრჩევლებში კი გადარჩება“ (იგავნი 11:14). რაც უნდა მოხდეს, მოდით მტკიცედ გადავწყვიტოთ, რომ მუდამ ‘ვიაროთ ჩვენი უმწიკვლობით’ (ფსალმუნი 25:1, აქ).
[ჩანართი 26 გვერდზე]
რა დიდი უგუნურებაა, ისწრაფო მატერიალური კეთილდღეობისკენ და თეოკრატიული საქმიანობა უგულებელყო!
[სურათები 24 გვერდზე]
იობი თავისი უმწიკვლობით დადიოდა და იეჰოვამ აკურთხა.
[სურათი 25 გვერდზე]
ყუზა კადნიერებამ იმსხვერპლა.