„წინდახედული ცოდნით იმოქმედებს“
ღვთის სიტყვიდან, ბიბლიიდან, მიღებული ხელმძღვანელობა ‘სასურველია ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად’ (ფსალმუნები 18:8—11). რატომ? იმიტომ რომ „ბრძენის [იეჰოვას] დარიგება სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის მახის ამრიდებელი“ (იგავები 13:14, სსგ). ბიბლიური რჩევების გამოყენება არა მარტო აუმჯობესებს ჩვენს ცხოვრებას, არამედ გვეხმარება იმ მახეების არიდებაში, რომლებიც საფრთხეში ჩაგვაგდებდა. მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია შევიძინოთ ბიბლიური ცოდნა და ნასწავლი ცხოვრებაში გამოვიყენოთ!
იგავების 13:15—25–ში ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა მოგვცა რჩევები, რომლებიც გვეხმარება ცოდნის საფუძველზე იმგვარად მოვიქცეთ, რომ უკეთესად და უფრო ხანგრძლივად ვიცხოვროთa. სხარტად ნათქვამი იგავების გამოყენებით ის გვაჩვენებს, როგორ შეუძლია ღვთის სიტყვას დაგვეხმაროს სხვების კეთილგანწყობის მოპოვებაში, ერთგულად მსახურების გაგრძელებაში, გამოსასწორებელი ზომებისადმი სწორი დამოკიდებულების განვითარებასა და მეგობრების გონივრულად შერჩევაში. ის აგრეთვე გვამცნობს, რომ წინდახედულობაა შვილებისთვის მემკვიდრეობის დატოვება და სიყვარულით მათი აღზრდა.
ღრმად წვდომის უნარი სხვების კეთილგანწყობილებას მოგვაპოვებინებს
«კეთილი მოხედვა წყალობას გასცემს [„ვისაც ღრმად წვდომის უნარი აქვს, კეთილგანწყობილებით ეპყრობიან“, აქ], — ამბობს სოლომონი, — მოღალატეთა გზა კი მძიმეა» (იგავები 13:15). „ღრმად წვდომის უნარად“ ნათარგმნი დედანში გამოყენებული გამოთქმა „კეთილგონიერების, საღი აზროვნებისა და სწორად შეფასების აზრს გადმოგვცემს“, — ნათქვამია ერთ ნაშრომში. ასეთი თვისებების მქონე ადამიანისთვის რთული არ არის სხვების კეთილგანწყობის მოპოვება.
განვიხილოთ, რა გონივრულად მიუდგა მოციქული პავლე თანაქრისტიან ფილიმონს, რომელსაც მისგან გაქცეული, უკვე ქრისტიანი მონა, ონისიმე დაუბრუნა. პავლემ ფილიმონს მოუწოდა, ონისიმე ისევე თბილად მიეღო, როგორც თვითონ მოციქულს მიიღებდა. თუ ონისიმეს რამე ემართა, პავლემ მის პატრონს შესთავაზა, რომ თავად გადაუხდიდა ყველაფერს. პავლეს შეეძლო თავისი მდგომარეობა გამოეყენებინა და ფილიმონისთვის ებრძანა, თუ როგორ მოქცეულიყო, მაგრამ მოციქულმა ამ საქმის ტაქტიანად და სიყვარულით მოგვარება არჩია. ამგვარად მოქმედი პავლე დარწმუნებული იყო, რომ ფილიმონი მას მხარში ამოუდგებოდა და იმაზე მეტს გააკეთებდა, ვიდრე თავად სთხოვდა. განა თანამორწმუნეებს ჩვენც ასევე არ უნდა მოვექცეთ? (ფილიმონი 8—21).
მოღალატეთა გზა კი „მძიმეა“. რა გაგებით? ერთი მეცნიერის სიტყვების თანახმად, აქ გამოყენებული სიტყვა ნიშნავს „მძიმეს, უდრეკს, რაც ბოროტ ადამიანთა გაუხეშებულ საქციელზე მიმანიშნებელია . . . ადამიანი, რომელსაც ბოროტი გზებით სიარული აქვს გადაწყვეტილი, გაუხეშებულია და გულგრილად უდგება სხვების გონივრულ რჩევას; ამიტომ ის დაღუპვის გზას ადგას“.
სოლომონი განაგრძობს: „წინდახედული ცოდნით იმოქმედებს, უგუნური კი სისულელეს გაავრცელებს“ (იგავები 13:16, აქ). წინდახედულება აქ ცოდნასა და გონიერებასთან არის დაკავშირებული; გონიერი ადამიანი ჯერ დაფიქრდება და შემდეგ მოქმედებს. წინდახედული ადამიანი აკონტროლებს ენას, მაშინაც კი, როდესაც უსამართლო კრიტიკის ან შეურაცხყოფის ობიექტი ხდება. ის ლოცულობს, რომ ღმერთი დაეხმაროს სულის ნაყოფის გამოვლენაში, რათა ძალიან არ გაღიზიანდეს (გალატელთა 5:22, 23). გონიერი ადამიანი არასოდეს დაუშვებს, რომ სხვა ადამიანმა ან მდგომარეობამ მართოს იგი. პირიქით, ის თავშეკავებულია და კონფლიქტები არ მოსდის, რაც ძალიან ხშირად ემართებათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ადვილად ნაწყენდებიან.
წინდახედული ადამიანი ცოდნის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას. მან იცის, რომ გონივრული მოქმედება იშვიათად არის ვარაუდების, ემოციების ან, უბრალოდ, უმრავლესობის ფეხის ხმის აყოლის შედეგი. ამიტომ ის გულმოდგინედ წონის თავის მდგომარეობას. თავს უყრის ყველა ფაქტს და საზღვრავს, რა არჩევანია მის წინაშე. შემდეგ იკვლევს საღვთო წერილს და ადგენს, რომელი ბიბლიური მითითება ან პრინციპი ეხება მის მდგომარეობას. ასეთი ადამიანის გზა არასოდეს მრუდდება (იგავები 3:5, 6).
„ერთგული მოციქული . . . კურნებაა“
ჩვენ, იეჰოვას მოწმეებს, მონდობილი გვაქვს ღვთის მიერ მოცემული ცნობის გაცხადება. შემდეგი იგავის სიტყვები გვეხმარება, ყოველთვის ერთგულად ვასრულოთ ჩვენთვის დაკისრებული დავალება. იქ ნათქვამია: „უკეთური მაცნე გაჭირვებაში ვარდება, ერთგული მოციქული კი კურნებაა“ (იგავები 13:17).
აქ ყურადღება მაცნის თვისებებზე მახვილდება. რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც მაცნე ბოროტად ამახინჯებს ან ცვლის ცნობას? განა მას ცუდ განაჩენს არ გამოუტანენ? დაფიქრდით წინასწარმეტყველ ელისეს მსახურ გეხაზის შემთხვევაზე. მან სიხარბის გამო ცრუ ინფორმაცია, ანუ დამახინჯებული ცნობა, გადასცა სირიის მთავარსარდალ ნაყამანს. ამიტომ კეთრი, რომლისგანაც ნაყამანი განიკურნა, გეხაზის შეეყარა (4 მეფეთა 5:20—27). მაშინ რაღას ვიტყოდით, თუ მოციქული ანუ მაცნე ორგული გახდებოდა და სრულიად შეწყვეტდა ცნობის გაცხადებას? „[თუ] შენ არ დაელაპარაკები მას გასაფრთხილებლად მისი გზის გამო, — ნათქვამია ბიბლიაში, — ის, ბოროტმომქმედი, თავის ურჯულოებაში მოკვდება, მის სისხლს კი შენი ხელიდან მოვიკითხავ“ (ეზეკიელი 33:8).
ერთგული მოციქული კი საკუთარი თავისთვისაც არის კურნება და მათთვისაც, ვინც უსმენს. პავლე ტიმოთეს მოუწოდებდა: „გაუფრთხილდი თავს და სწავლებას. ამას უერთგულე, რადგან ასეთი მოქმედებით შენს თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც“ (1 ტიმოთე 4:16). დაფიქრდით იმ განკურნებაზე, რომელიც სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ერთგულად გაცხადებას მოაქვს. ეს ცნობა ხალხის გულებს სწორად განაწყობს და ადამიანი მიჰყავს ჭეშმარიტებისკენ, რომელიც მას ათავისუფლებს (იოანე 8:32). მაშინაც კი, როდესაც ხალხი არ ისმენს ცნობას, ერთგული მოციქული ‘თავის სულს იხსნის’ (ეზეკიელი 33:9). ამიტომ არასოდეს უგულებელვყოთ და ყოველთვის შევასრულოთ ქადაგებასთან დაკავშირებით ჩვენთვის დაკისრებული დავალება (1 კორინთელთა 9:16). ყოველთვის გულმოდგინედ, დაუცხრომლად ‘ვიქადაგოთ სიტყვა’ და ამ დავალებასთან დაკავშირებით არასოდეს წავიდეთ კომპრომისზე (2 ტიმოთე 4:2).
„შეგონების დამცველი . . . პატივცემული იქნება“
უნდა განაწყენდეს გონიერი ადამიანი, როდესაც ამა თუ იმ საკითხში სასარგებლო რჩევას აძლევენ? იგავების 13:18–ში ნათქვამია: „სიღარიბე და დამცირება დარიგების უკუმგდებელს, შეგონების დამცველი კი პატივცემული იქნება“. გონივრულია ისეთი რჩევის გათვალისწინებაც, რომლის მოცემაც თავად არ გვითხოვია. ჯანსაღი რჩევა შესაძლოა ყველაზე სასარგებლო მაშინ იყოს, როდესაც არ გვესმის, რომ გვჭირდება ის. ასეთი რჩევის მიღება გულისტკივილისა და უბედურების არიდებაში დაგვეხმარება. მისი უკუგდება კი დამცირებას მოგვიტანს.
დამსახურებული შექება ფრთებს გვასხამს და მართლაც რომ გამამხნევებელია. მაგრამ სხვების მხრიდან გამოსასწორებელ რჩევებსაც უნდა მოველოდეთ და უნდა მივიღოთ კიდეც ისინი. დავფიქრდეთ მოციქულ პავლეს მიერ ტიმოთესთვის მიწერილ ორ წერილზე. მათში მოციქული აქებს ტიმოთეს ერთგულებისთვის, მაგრამ მრავალ რჩევასაც აძლევს. პავლე თავისუფლად აძლევს რჩევებს მასთან შედარებით ახალგაზრდა კაცს — ეუბნება, რომ ჩაეჭიდოს რწმენას, შეინარჩუნოს სუფთა სინდისი; აძლევს რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყროს კრებაში სხვებს; ეუბნება, განივითაროს ღვთისადმი ერთგულება; იმით დაკმაყოფილდეს, რაც აქვს; სხვები დამოძღვროს; წინ აღუდგეს განდგომილებას და შეასრულოს თავისი მსახურება. კარგია, როდესაც ახალგაზრდები რჩევისთვის შედარებით გამოცდილებს მიმართავენ და სიამოვნებით ითვალისწინებენ მათ.
‘ბრძენებთან ერთად სიარული’
„აღსრულებული სურვილი სულს ეამება, — ამბობს ბრძენი მეფე, — რეგვენთათვის კი სისაძაგლეა ბოროტებისაგან განდგომა“ (იგავები 13:19). ამ იგავის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ერთ ნაშრომში აღნიშნულია: „როდესაც ადამიანი ამა თუ იმ მიზანს აღწევს ან სურვილს ხორცს ასხამს, მთელი მისი არსება კმაყოფილებით ივსება . . . ვინაიდან მიზნის მიღწევა ძალიან სასიამოვნოა. მაშასადამე, ბოროტებისგან განრიდება ბრიყვთათვის აუტანელი უნდა იყოს. მათი მიზნების განხორციელება მხოლოდ არასწორი მოქმედებით არის შესაძლებელი და, თუ ისინი ბოროტებას განერიდებოდნენ, აირიდებდნენ სიამოვნებას, რომელიც მათი სურვილების შესრულებას მოაქვს“. მართლაც რომ ძალიან მნიშვნელოვანია მართებული სურვილები გვქონდეს!
ის, თუ ვისთან გვაქვს ურთიერთობა, დიდ გავლენას ახდენს ჩვენს აზროვნებაზე და იმაზე, რა მოგვწონს და რა — არა. სოლომონი ამბობს უტყუარ ჭეშმარიტებას: „ბრძენებთან დამავალი დაბრძენდება, რეგვენთა მოყვასი კი გაუბედურდება“ (იგავები 13:20). რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთობები, თუნდაც ისეთი ურთიერთობები, რომლებსაც გასართობად, ინტერნეტის საშუალებით ან ნაბეჭდი გვერდების წაკითხვით ვამყარებთ, დიდად ახდენს გავლენას იმაზე, როგორი ადამიანები ვართ და როგორები გავხდებით. ამიტომ მართლაც მნიშვნელოვანია გონივრულად ავირჩიოთ, ვისთან ვიქონიოთ ურთიერთობა!
მემკვიდრეობის დატოვება
„ცოდვილებს უბედურება თანა სდევს, — ამბობს ისრაელის მეფე, — ხოლო მართალთ სიკეთით გადახდებათ“ (იგავები 13:21, სსგ). თუ ადამიანი ცდილობს, მართალი იყოს, ეს ‘სიკეთით გადაეხდება’, რადგან იეჰოვა ზრუნავს მართლებზე (ფსალმუნები 36:25). მაგრამ, ამასთანავე, უნდა გვესმოდეს, რომ ‘ჟამისა და შემთხვევისგან’ არავინაა დაზღვეული (ეკლესიასტე 9:11). შეგვიძლია ამა თუ იმ სახით მომზადებულები შევხვდეთ მოულოდნელ შემთხვევას?
„კეთილი კაცი შვილთაშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს“, — ამბობს სოლომონი (იგავები 13:22ა). მშობლები შვილებს ფასდაუდებელ მემკვიდრეობას უტოვებენ, როდესაც მათ იეჰოვას შესახებ შემეცნების მიღებაში და მასთან კარგი ურთიერთობის განვითარებაში ეხმარებიან! ამასთანავე, განა წინდახედულება არ იქნებოდა, როცა ეს შესაძლებელია, მშობლებს მატერიალური ქონებაც დაეტოვებინათ მოულოდნელი გარდაცვალების შემთხვევისთვის? მრავალ ქვეყანაში ოჯახისთავს აქვს შესაძლებლობა, დაზღვევა გაიფორმოს, ანდერძი დატოვოს ან შავი დღისთვის გარკვეული თანხა გადადოს.
რა შეიძლება ითქვას ბოროტთა მემკვიდრეობაზე? „ცოდვილის ქონება კი მართლისათვის ინახება“, — განაგრძობს სოლომონი (იგავები 13:22ბ). გარდა იმისა, რომ მართლები დღესვე იღებენ სარგებლობას, ეს სიტყვები გამართლდება მომავალშიც, როდესაც იეჰოვა შეასრულებს თავის დანაპირებს და შექმნის „ახალ ცასა და ახალ მიწას“, რომელზედაც „დამკვიდრებულია სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). მაშინ ბოროტები მოისპობიან და „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას“ (ფსალმუნები 36:11).
გონიერი ადამიანი ცოდნის საფუძველზე მოქმედებს მაშინაც კი, როდესაც მატერიალურად ძალიან ცოტა აქვს. „ბევრი საჭმელია ღარიბთა ყანაში, — ამბობს იგავების 13:23, — ზოგნი კი უმარილობით იღუპებიან“. ღარიბი თავისი შრომითა და ღვთის კურთხევით ბევრს მოიმკის. მაგრამ, თუ სამართალი არ ზეობს, სხვების უსამართლობის გამო მან შეიძლება მთელი ქონება დაკარგოს.
„სჯის მას“
არასრულყოფილ ადამიანებს დასჯა სჭირდებათ და თან ბავშვობიდან. „ვინც თავის შოლტს ზოგავს, სძულს თავისი ძე, — ამბობს ისრაელის მეფე, — ხოლო ვისაც უყვარს, სჯის მას“ (იგავები 13:24).
შოლტად ნათარგმნი ებრაული სიტყვა ძალაუფლების სიმბოლოს მნიშვნელობითაც გამოიყენება. იგავების 13:24–ში ის მშობლის უფლებამოსილებაზე მიუთითებს. ამ კონტექსტში ჭკუის სასწავლებელი შოლტი მაინცდამაინც ცემას არ ნიშნავს. ამით ნაჩვენებია გამოსასწორებელი ზომების მიღების აუცილებლობა და ხაზი არ ესმევა იმას, რა სახით იქნება ეს ზომები გატარებული. ზოგჯერ რბილად საყვედურის თქმაც საკმარისია იმისათვის, რომ ბავშვი სათანადოდ მოიქცეს. ზოგჯერ კი შეიძლება უფრო მკაცრი ზომების მიღება იქნეს საჭირო. „მხილება უფრო მოქმედებს გონიერზე, ვიდრე ბრიყვზე ასი დარტყმა“, — ნათქვამია იგავების 17:10–ში.
ბავშვი მშობელმა ყოველთვის სიყვარულით უნდა დასაჯოს და ამ დროს გონიერება გამოავლინოს. ამგვარი აღზრდა ბავშვისთვის სასარგებლო იქნება. მოსიყვარულე მშობელი თვალს არ ხუჭავს შვილის შეცდომებზე. პირიქით, ის აკვირდება შვილს და ცდილობს, ცუდი რამ თავიდანვე შენიშნოს და აღმოიფხვრას მანამ, სანამ ის ბავშვის პიროვნებაში ღრმად გაჯდება. ცხადია, მოსიყვარულე მშობელი ყურად იღებს პავლეს გაფრთხილებას: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4).
რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, როდესაც მშობელი მეტისმეტად შემწყნარებელია და შვილების გამოსასწორებელ ზომებს არ მიმართავს? იქნებიან შვილები მადლიერნი ასეთი აღზრდისთვის? სულაც არა! (იგავები 29:21, აქ). ბიბლიაში ნათქვამია: „მიშვებული ყმაწვილი არცხვენს თავის დედას“ (იგავები 29:15). მშობელი, რომელიც თავის უფლებამოსილებას არ იყენებს და საჭიროების შემთხვევაში ბავშვს არ სჯის, გულგრილობასა და სიყვარულის ნაკლებობას ცხადყოფს. მშობლის უფლებამოსილების თბილად და მტკიცედ გამოვლენა კი სიყვარულიდან გამომდინარე მზრუნველობის მაჩვენებელია.
გონიერი და მართალი ადამიანი, რომელიც ჭეშმარიტი ცოდნის საფუძველზე მოქმედებს, კურთხეული იქნება. სოლომონი გვარწმუნებს: „მართალი მხოლოდ დასანაყრებლად ჭამს, ბოროტეულთა სტომაქს კი მუდამ ეშიება“ (იგავები 13:25, სსგ). იეჰოვამ იცის, რა არის ჩვენთვის კარგი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში — ოჯახში, სხვებთან ურთიერთობისას, მსახურებაში თუ ჩვენ მიმართ გამოსასწორებელი ზომების მიღებისას. მის სიტყვაში მოცემულ რჩევებს თუ გონივრულად გამოვიყენებთ, აუცილებლად საუკეთესოდ ვიცხოვრებთ.
[სქოლიოები]
a იგავების 13:1—14–ის განხილვა იხილეთ 2003 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 21—25.
[სურათი 28 გვერდზე]
წინდახედული ადამიანი ენას კონტროლს უწევს მაშინაც კი, როდესაც უსამართლოდ აკრიტიკებენ.
[სურათი 29 გვერდზე]
სამეფოს ერთგული მაუწყებელი ბევრ კარგ ნაყოფს იღებს.
[სურათი 30 გვერდზე]
ქება ფრთების შემსხმელია, მაგრამ რჩევასაც სიამოვნებით უნდა შევხვდეთ.
[სურათი 31 გვერდზე]
მოსიყვარულე მშობელი შვილის შეცდომებზე თვალს არ ხუჭავს.