თავი მეექვსე
მოზარდს მხარდაჭერა სჭირდება
1, 2. რა ახასიათებს მოზარდობის პერიოდს?
როდესაც ოჯახში მოზარდია, ეს ძალიან განსხვავდება იმ მდგომარეობისგან, თუ ოჯახში 5 წლის ან თუნდაც 10 წლის ასაკის ბავშვია. მოზარდობის პერიოდი თავისი სიძნელეებითა და პრობლემებით ხასიათდება, თუმცა სიხარული და სასიამოვნო მომენტებიც არანაკლებია. იოსების, დავითის, იოშიასა და ტიმოთეს მაგალითები იმის აშკარა მტკიცებაა, რომ ახალგაზრდებს შეუძლიათ, გონივრულად მოიქცნენ და შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდეთ იეჰოვასთან (დაბადება 37:2—11; 1 სამუელი 16:11—13; 2 მეფეები 22:3—7; საქმეები 16:1, 2). სამაგალითო ახალგაზრდები დღესაც არიან და, შესაძლოა, თქვენც იცნობდეთ ზოგიერთ მათგანს.
2 ბევრს რთულად გადააქვს გარდატეხის ასაკი. მოზარდებს ახასიათებთ ხასიათის მკვეთრი ცვალებადობა. მოზარდ გოგონებსა და ბიჭებს სურთ მეტი დამოუკიდებლობა და გული მოსდით მშობლების დადგენილ შეზღუდვებზე. ასეთი ახალგაზრდები ჯერ კიდევ გამოუცდელები არიან და მშობლების მხრიდან სიყვარული და მოთმინება სჭირდებათ. დიახ, მოზარდობის პერიოდმა შეიძლება საგონებელში ჩააგდოს მშობელიც და თვითონ მოზარდიც. რით შეიძლება ამ დროს დახმარება?
3. როგორ მოუმზადებენ მშობლები ოჯახში საუკეთესო ნიადაგს მოზარდებს?
3 მშობლები, რომლებიც ბიბლიურ რჩევებს ითვალისწინებენ, საუკეთესო ნიადაგს უქმნიან ბავშვს. ასეთ ოჯახში ბავშვი უფრო ადვილად გადაიტანს გარდატეხის ასაკს და გონიერ ახალგაზრდად ჩამოყალიბდება. ყველგან და ყოველთვის, მშობლები და მოზარდები, რომლებიც ბიბლიურ პრინციპებს ერთად იყენებდნენ, კურთხეულები იყვნენ (ფსალმუნები 119:1).
წრფელი და გულახდილი ურთიერთობა
4. რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გულახდილი საუბარი მოზარდობის პერიოდში?
4 ბიბლია ამბობს: „გულახდილი საუბრის გარეშე გეგმები ჩაიშლება“ (იგავები 15:22). თუ გულახდილი საუბარი აუცილებელი იყო პატარებისთვის, ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, რადგან მათ სკოლაში თუ სხვაგან ამხანაგებთან უფრო მეტი დროის გატარება უწევთ, ვიდრე ოჯახის წევრებთან. თუ არ არის წრფელი და გულახდილი ურთიერთობა შვილებსა და მშობლებს შორის, შეიძლება, მოზარდები სტუმრები გახდნენ ოჯახში. მაშ, როგორ შეიძლება გულახდილი ურთიერთობის შენარჩუნება?
5. როგორი შეხედულება უნდა ჰქონდეთ მოზარდებს მშობლებთან ურთიერთობაზე?
5 ამაში თავიანთი წვლილი უნდა შეიტანონ როგორც მოზარდებმა, ისე მშობლებმა. ბუნებრივია, რომ მოზარდებს უჭირთ მშობლებთან საუბარი. პატარებს ამის პრობლემა არა აქვთ. გახსოვდეთ: „გონივრული მითითების გარეშე ხალხი იღუპება, მრავალ მრჩეველს კი ხსნა მოაქვს“ (იგავები 11:14). ეს სიტყვები ყველას ეხება, ახალგაზრდებსაც და ხანდაზმულებსაც. მოზარდები, რომლებსაც შეგნებული აქვთ ეს, იმასაც ხვდებიან, რომ მათ არ ყოფნით გამოცდილება და ესაჭიროებათ ხელმძღვანელობა, რადგან უფრო რთული პრობლემების გადაჭრა უწევთ. მათ უნდა აღიარონ, რომ მათი მორწმუნე მშობლები უკეთესი მრჩეველები არიან, რადგან მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ და უკვე დიდი ხანია, ამტკიცებენ, რომ სიყვარულით ზრუნავენ შვილებზე. ამიტომ გონიერი მოზარდები ცხოვრების ამ ეტაპზე ზურგს არ შეაქცევენ მშობლებს.
6. როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ გონიერ და მოსიყვარულე მშობლებს მოზარდ შვილებთან ურთიერთობაზე?
6 გულახდილი ურთიერთობა ნიშნავს იმას, რომ, როცა მოზარდს საუბარი უნდა, მშობელმა რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს, მოუსმინოს მას და დაელაპარაკოს. მშობლებო, დარწმუნდით, რომ თქვენი მხრიდან ურთიერთობის კარი ყოველთვის ღიაა. ეს შეიძლება არ იყოს ადვილი. ბიბლია ამბობს, რომ არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლესიასტე 3:7). როცა მოზარდს ლაპარაკი უნდა, შეიძლება, მაშინ თქვენთვის დუმილის დრო იყოს. ან ეს დრო პირადი შესწავლის, დასვენების ან ოჯახური საქმეებისთვის გქონდეთ გამოყოფილი. მაგრამ თუ მოზარდს საუბარი სურს, შეეცადეთ, ყველაფერი გადადოთ და მოუსმინოთ, თორემ შეიძლება მეორედ აღარ მოინდომოს საუბარი. გაიხსენეთ იესოს მაგალითი. ერთხელ მან დასვენება გადაწყვიტა. მაგრამ, როდესაც მის მოსასმენად ირგვლივ ხალხი შეგროვდა, გადადო დასვენება და მათ სწავლებას შეუდგა (მარკოზი 6:30—34). ბევრ მოზარდს ესმის, რომ მისი მშობლები გადატვირთულები არიან, მაგრამ ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მშობლები გვერდში ამოუდგებიან. ამიტომ იყავით გულისხმიერნი და ყოველთვის მზად იყავით სასაუბროდ.
7. რას უნდა მოერიდონ მშობლები?
7 ნუ დაკარგავთ იუმორის გრძნობას! გაიხსენეთ, რას გრძნობდით, როცა მოზარდი იყავით. მშობლებს უნდა სიამოვნებდეთ შვილებთან ყოფნა. როგორ იყენებენ მშობლები თავისუფალ დროს? თუ ისინი ყოველთვის იმას ცდილობენ, რომ თავისუფალი დრო ოჯახთან ერთად არ გაატარონ, მოზარდებს ეს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. თუ ისინი იმ დასკვნამდე მივლენ, რომ სკოლის მეგობრები უფრო აფასებენ მათ, ვიდრე მშობლები, პრობლემები გარდაუვალია.
რაზე ვისაუბროთ?
8. როგორ შეიძლება ასწავლო შვილებს, რას ნიშნავს პატიოსნება, მძიმე შრომა და სწორი საქციელი?
8 მშობლებს თუ ჯერ კიდევ არ უსწავლებიათ ბავშვებისთვის პატიოსნებისა და მძიმე შრომის დაფასება, ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ, სანამ შვილები მოზარდები არიან (1 თესალონიკელები 4:11; 2 თესალონიკელები 3:10). მშობლები იმაშიც უნდა დარწმუნდნენ, რომ მათი შვილებისთვის მორალურად წმინდა ცხოვრება მნიშვნელოვანია (იგავები 20:11). მშობლის პირადი მაგალითი ამ მხრივაც ფასდაუდებელია. როგორც სხვა რწმენის მქონე ქმრები შეიძლება „უსიტყვოდ იქნენ მოპოვებულნი ცოლების საქციელით“, ისე მოზარდებმა შეიძლება ისწავლონ სწორი პრინციპები მშობლების საქციელით (1 პეტრე 3:1). მაგრამ მხოლოდ მშობლების მაგალითი საკმარისი არ არის, რადგან ბავშვები უამრავ ცუდ მაგალითსა და საცდურს ხვდებიან ოჯახის გარეთ. მაშასადამე, მზრუნველმა მშობლებმა უნდა იცოდნენ მოზარდების თვალსაზრისი იმაზე, რასაც ისინი ხედავენ და ისმენენ, ამისთვის კი შინაარსიანი საუბრებია საჭირო (იგავები 20:5).
9, 10. რატომ უნდა ესაუბრონ მშობლები შვილებს სექსუალურ საკითხებზე და როგორ შეიძლება ამის გაკეთება?
9 განსაკუთრებით საჭიროა, რომ მოზარდებს სწორად ესმოდეთ სექსუალური საკითხები. გეუხერხულებათ შვილებთან ამ თემაზე საუბარი? გადალახეთ ეს უხერხულობა და ესაუბრეთ, რადგან ისინი ამას სხვებისგან მაინც გაიგებენ. და თუ თქვენ არ ესაუბრებით, რა იცით, რა დამახინჯებულ ინფორმაციას მიიღებენ. ბიბლიაში იეჰოვა არ ერიდება სექსუალურ საკითხებზე საუბარს და ამას არც მშობლები არ უნდა მოერიდონ (იგავები 4:1—4; 5:1—21).
10 საბედნიეროდ, ბიბლია ნათელ მითითებებს გვაძლევს ამ საკითხზეც. „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოება აქვეყნებს უამრავ სასარგებლო ინფორმაციას, რაც აჩვენებს, რომ ეს მითითებები თანამედროვე წუთისოფელშიც პრაქტიკულია. კარგი იქნება დამხმარე რჩევების გამოყენება. მაგალითად, წიგნიდან „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“ თქვენს ვაჟიშვილთან ან ქალიშვილთან ერთად გაარჩიეთ ნაწილი VI „სექსი და ზნეობა“. შედეგებმა შეიძლება გაგაკვირვოთ.
11. როგორ ასწავლიან მშობლები ყველაზე ეფექტურად შვილებს იეჰოვასადმი მსახურებას?
11 მაგრამ რა უნდა იყოს მშობლებისა და შვილების საუბრის მთავარი თემა? ეს ჩანს პავლე მოციქულის სიტყვებში: „იზრუნეთ მათზე [შვილებზე] — იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ“ (ეფესოელები 6:4). ბავშვებმა გამუდმებით უნდა ისწავლონ იეჰოვას შესახებ. უნდა შეიყვარონ ის და ჰქონდეთ მისდამი მსახურების სურვილი. ბევრის მიღწევა შეიძლება პირადი მაგალითით. თუ მოზარდები ხედავენ, რომ მშობლებს უყვართ იეჰოვა „მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ და ეს მათ ცხოვრებაზე დადებითად მოქმედებს, მოზარდებიც მიბაძავენ მათ (მათე 22:37). თუ მოზარდები ხედავენ, რომ მშობლები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ მატერიალურ კეთილდღეობას და სამეფოს საქმე მათთვის უმთავრესია, ეს მათი შეხედულებების ჩამოყალიბებაზეც იმოქმედებს (ეკლესიასტე 7:12; მათე 6:31—33).
12, 13. რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოჯახური შესწავლა სასიამოვნო იყოს?
12 ყოველკვირეულ ოჯახურ შესწავლაზე უკეთესს, ალბათ, ვერაფერს მოიფიქრებთ იმისათვის, რომ მოზარდებს სულიერი ფასეულობები ჩაუნერგოთ (ფსალმუნი 119:33, 34; იგავები 4:20—23). ასეთი შესწავლის რეგულარულად ჩატარება მნიშვნელოვანია (ფსალმუნი 1:1—3). მშობლებსა და შვილებს უნდა ესმოდეთ, რომ ჯერ ოჯახური შესწავლა უნდა დაგეგმონ და მერე სხვა საქმეები და არა პირიქით. უფრო მეტიც, ოჯახური შესწავლა რომ ნაყოფიერი იყოს, აუცილებელია სწორი დამოკიდებულება. ერთმა მამამ თქვა: „მთავარი ის არის, რომ ჩამტარებელმა შექმნას თავისუფალი, მაგრამ მოწიწებული ატმოსფერო — არაოფიციალური, მაგრამ სერიოზული. ამის მიღწევა ყოველთვის ადვილი არ არის და მოზარდებს შეიძლება დამოკიდებულების შეცვლაც კი დასჭირდეთ. თუ ერთი-ორჯერ არ გამოგივა, ხელი არ ჩაიქნიო, ყველაფერი წინ არის“. ამ მამამ ისიც თქვა, რომ ყოველ შესწავლამდე პირად ლოცვაში იეჰოვას კონკრეტულად სთხოვდა დახმარებას, რათა შესწავლაზე ყველას სწორი დამოკიდებულება ჰქონოდა (ფსალმუნი 119:66).
13 ოჯახური შესწავლის ჩატარება მორწმუნე მშობლების ვალდებულებაა. მართალია, ყველა მშობელი არ არის დაჯილდოებული სწავლების ნიჭით და, შესაძლოა, გაგიჭირდეთ კიდეც ოჯახური შესწავლის საინტერესოდ ჩატარება. მაგრამ თუ შვილები „საქმითა და ჭეშმარიტებით“ გიყვართ, მოისურვებთ, თავმდაბლად და პატიოსნად დაეხმაროთ მათ სულიერ წინსვლაში (1 იოანე 3:18). დროდადრო მოზარდებმა შეიძლება უკმაყოფილება გამოთქვან, მაგრამ შეუძლებელია ვერ მიხვდნენ, რომ დაინტერესებული ხართ მათი კეთილდღეობით.
14. როგორ უნდა გამოიყენოთ მეორე კანონის 11:18, 19 მოზარდებთან?
14 სულიერ საკითხებზე მსჯელობა შეიძლება არა მარტო ოჯახურ შესწავლაზე. გახსოვთ, რა მითითება მისცა იეჰოვამ მშობლებს? „გულსა და სულში ჩაიბეჭდეთ ეს სიტყვები, შეიბით ნიშნად ხელზე და გაიკეთეთ შუბლზე. თქვენს ვაჟებსაც ასწავლეთ, ელაპარაკეთ მათზე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე კანონი 11:18, 19; იხილეთ მეორე კანონის 6:6, 7). ეს არ ნიშნავს, რომ მშობლები გაუთავებლად უნდა ჩასჩიჩინებდნენ თავიანთ შვილებს. მაგრამ ოჯახის მოსიყვარულე მეთაური ხელიდან არ გაუშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ოჯახის წევრებს სულიერი აზროვნება ჩამოუყალიბოს.
აღზრდა და პატივისცემა
15, 16. ა) რა არის აღზრდა? ბ) ვინ არის პასუხისმგებელი შეგონებაზე და ვისი პასუხისმგებლობაა ამ შეგონების მიღება?
15 აღზრდა არის დარიგება, შეგონება და წარმოუდგენელია ურთიერთობის გარეშე. აღზრდა შეგონების აზრს უფრო ატარებს, ვიდრე დასჯის, თუმცა ხანდახან დასჯაც საჭიროა. აღზრდა პატარაობიდან იწყება და მოზარდობის ასაკში მისი საჭიროება უფრო იკვეთება. ამაში გონიერი მოზარდებიც დაგვეთანხმებიან.
16 ბიბლია ამბობს: „უგუნური არაფრად აგდებს მამის დარიგებას, წინდახედული კი ყურად იღებს შეგონებას“ (იგავები 15:5). ეს მუხლი ბევრ რამეს გვასწავლის. ეს ნიშნავს, რომ უნდა შევაგონოთ. თუ არ შევაგონებთ, სხვანაირად როგორ შეძლებს მოზარდი, ყურად იღოს შეგონება? იეჰოვამ შეგონების პასუხისმგებლობა ორივე მშობელს დააკისრა, განსაკუთრებით კი მამას. მაგრამ შეგონების მიღებაზე პასუხისმგებელი მოზარდია. თუ ის ყურადღებით მოისმენს მამისა და დედის ბრძნულ დარიგებას, ბევრ რამეს ისწავლის და ნაკლებ შეცდომებს დაუშვებს (იგავები 1:8). ბიბლია ამბობს: „დარიგების უგულებელმყოფელი გაღარიბდება და დამცირდება, შეგონების მომსმენი კი განდიდდება“ (იგავები 13:18).
17. როგორი გაწონასწორებული პოზიცია უნდა ჰქონდეთ მშობლებს მოზარდების აღზრდისას?
17 მოზარდების აღზრდისას მშობლებს გაწონასწორებულობა მართებთ. სიმკაცრე კარგია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში, რომ შვილები არ გაღიზიანდნენ ან არ დაკარგონ საკუთარი თავისადმი რწმენა (კოლოსელები 3:21). მშობლები არც ზედმეტად შემწყნარებლები უნდა იყვნენ, რომ მოზარდი შვილები არ გაათამამონ. თუ ზედმეტად შემწყნარებლები ხართ, კარგის იმედი ნუ გექნებათ. იგავების 29:17-ში წერია: „დასაჯე შვილი და შვებას მოგგვრის, შენს სულს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს“. 21-ე მუხლი კი ამბობს „თუ მსახურს სიყმაწვილიდან ანებივრებ, მოგვიანებით შენი უმადური იქნება“. თუმცა მუხლში მსახურზეა ლაპარაკი, პრინციპი თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ მოზარდებთან მიმართებაშიც.
18. რაზე მეტყველებს აღზრდა და რას აიცილებენ თავიდან მშობლები, როცა ცდილობენ, არაფერი გამორჩეთ აღზრდისას?
18 ნამდვილად, მშობლების მხრიდან შვილების აღზრდა მათ სიყვარულზე მეტყველებს (ებრაელები 12:6, 11). მშობლებს კარგად ესმით, რა ძნელია, აღზრდისას ყველაფრის გათვალისწინება და გონიერების შენარჩუნება. მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაზე ადვილია ნებაზე მიუშვა თავნება მოზარდი. მაგრამ, ის მშობელი, რომელიც ამ კურსს მიჰყვება, უეჭველად მოიმკის თავისი მოქმედების შედეგს — მალე საერთოდ ვეღარ დაიმორჩილებს მას (იგავები 29:15; გალატელები 6:9).
შრომა და გართობა
19, 20. რა ზომით უნდა მისცენ მშობლებმა მოზარდს არჩევნის თავისუფლება გართობის საკითხში?
19 ძველად შვილები მშობლების მხარდამხარ შრომობდნენ. დღეს მრავალ მოზარდს ბევრი გაუკონტროლებელი თავისუფალი დრო აქვს. ამ დროის გასაყვანად კომერციული სამყარო ათასნაირ გართობას სთავაზობს. ამას ისიც დაუმატეთ, რომ ქვეყნიერებას არაფრად მიაჩნია ბიბლიის მორალური ნორმები და მიიღებთ მოსალოდნელი უბედურების „რეცეპტს“.
20 გონიერი მშობლები კი თვითონ იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას გართობის საკითხში. ნუ დაგავიწყდებათ — მოზარდი იზრდება. გადის წლები და მოზარდი იმედოვნებს, რომ ისე მოექცევიან, როგორც ზრდასრულს. ამიტომ, გონივრულია, რომ ზრდასთან ერთად მშობლებმა მეტი თავისუფლება მისცენ მოზარდს გართობის არჩევაში, თუ მისი არჩევანი სულიერი მოწიფულობისკენ სწრაფვაზე მეტყველებს. დროდადრო მოზარდი შეიძლება შეცდეს, არასწორად აირჩიოს მუსიკა, მეგობრები და ასე შემდეგ. ასეთ დროს, მოზარდს უნდა დაელაპარაკოთ, რომ მომავალში სწორი არჩევანი გააკეთოს.
21. რამდენი დროის გამოყოფა იქნებოდა გონივრული გართობისთვის?
21 რამდენი დრო უნდა დაეთმოს დასვენებას? ზოგიერთ ქვეყანაში მოზარდები ფიქრობენ, რომ მათ უფლება აქვთ გაერთონ, რამდენ ხანსაც უნდათ. ამიტომ, შეიძლება თავიანთ განრიგში გართობის მეტი არაფერი შეიტანონ. მშობლებს მართებთ, დაარიგონ შვილები, რომ დრო სხვა საქმეებსაც უნდა დაუთმონ — ოჯახს, პირად შესწავლას, მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერთობას, ქრისტიანულ შეხვედრებსა და ოჯახურ საქმეებს. ეს დაიცავს მათ იმისგან, რომ ‘ამ ცხოვრების განცხრომამ არ მოაშთოს’ ღვთის სიტყვა (ლუკა 8:11—15).
22. რაზე უნდა იფიქროს მოზარდმა გართობის გარდა?
22 მეფე სოლომონმა თქვა: „დავინახე, რომ არაფერია მათთვის იმაზე უკეთესი, რომ გაიხარონ და სიკეთე აკეთონ მთელი სიცოცხლე; ყოველმა კაცმა უნდა ჭამოს, სვას და სიამე ნახოს თავის გარჯაში. ეს ღვთისგან ნაბოძები ძღვენია“ (ეკლესიასტე 3:12, 13). დიახ, სიხარული გაწონასწორებული ცხოვრების გუნუყოფელი ნაწილია. მაგრამ გარჯაც ცხოვრების ნაწილია. მრავალ მოზარდს არ განუცდია ის კმაყოფილება, რაც მუშაობას მოაქვს, ან ამაღლებული ღირსების გრძნობა, რომელიც ადამიანს პრობლემების გადაჭრის შემდეგ ეუფლება. მრავალ ბავშვს ხელი არ ეწყობა, რომ დაეუფლოს რომელიმე სპეციალობას ან ხელობას, რომ მოგვიანებით თავი ირჩინოს. ეს მშობლებისთვის რეალური პრობლემაა. მშობლებო, უწყობთ ხელს თქვენს შვილებს? თუ შვილს ასწავლით შრომის დაფასებასა და სიყვარულს, ჯანსაღ თვალსაზრისს ჩამოუყალიბებთ, რაც მთელი ცხოვრება გამოადგება.
მოზარდი იზრდება
23. როგორ შეუძლიათ მშობლებს მოზარდების წახალისება?
23 „სიყვარული არასოდეს მთავრდება“, — ეს ნამდვილად ასეა, თუნდაც პრობლემები გქონდეთ მოზარდ შვილთან (1 კორინთელები 13:8). არასოდეს დამალოთ ის სიყვარული, რასაც შვილის მიმართ გრძნობთ. დაფიქრდით: აქებთ შვილებს, როცა ისინი წარმატებით ართმევენ თავს სხვადასხვა პრობლემასა და სირთულეს? სარგებლობთ ხელსაყრელი მომენტით, რომ სიყვარული და მადლიერება გამოხატოთ შვილების მიმართ? გაუგებრობები გარდაუვალია, მაგრამ თუ მოზარდები გრძნობენ თქვენგან სიყვარულს, სიყვარულითვე გიპასუხებენ.
24. ბიბლიის რომელი საერთო პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ შვილის აღზრდაში, მაგრამ რა არ უნდა გამოვრიცხოთ?
24 რა თქმა უნდა, შვილები იზრდებიან და ნელ-ნელა თვითონ მიიღებენ სერიოზულ გადაწყვეტილებებს. შეუძლებელია, მშობელს შვილის ყველა გადაწყვეტილება მოეწონოს. დავუშვათ, შვილმა გადაწყვიტა, რომ არ უნდა ემსახუროს იეჰოვა ღმერთს. ასე შეიძლება მართლაც მოხდეს. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი? იეჰოვას ზოგიერთმა სულიერმა ძემაც კი უარყო მისი რჩევა და მის წინააღმდეგ წავიდა (დაბადება 6:2; იუდა 6). შვილები კომპიუტერები არ არიან, მათ ჩვენი სურვილისამებრ ვერ დავაპროგრამებთ. იეჰოვამ ისინი ნების თავისუფლებით შექმნა და მის წინაშე აგებენ პასუხს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. თუმცა იგავების 22:6-ში ჩაწერილი სიტყვები არ კარგავს თავის მნიშვნელობას: „ისე აღზარდე შვილი, რომ სწორი გზით იაროს; ის სიბერეშიც კი არ გადაუხვევს მას“.
25. რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა იეჰოვასადმი მადლიერების ნიშნად?
25 ასე რომ, არ მოაკლოთ შვილებს სიყვარული. გააკეთეთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ, რათა ბიბლიის პრინციპების თანახმად აღზარდოთ ისინი. მიეცით ღვთისმოსაწონი საქციელის მაგალითი. ამგვარად თქვენ საუკეთესო ნიადაგს შეუქმნით, რომ ჩამოყალიბდნენ გონიერ, ღვთისმოშიშ ახალგაზრდებად. მშობელი ამაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებს იეჰოვასადმი მადლიერების ნიშნად.