„სიბრძნე იცავს კაცს“
„რამდენად უკეთესია სიბრძნის შეძენა ოქროს შეძენაზე! გაგების უნარის შეძენა გერჩივნოს ვერცხლის შეძენას“, — ნათქვამია იგავების 16:16-ში. რატომ არის სიბრძნე ასეთი ძვირფასი? რადგან „სიბრძნეც იცავს კაცს და ფულიც; ცოდნა იმით უპირატესობს, რომ სიბრძნესთან ერთად სიცოცხლეს უნარჩუნებს მის მქონეთ“ (ეკლესიასტე 7:12). მაგრამ, რა გაგებით უნარჩუნებს სიბრძნე სიცოცხლეს მის მქონეთ?
ღვთიური სიბრძნის ანუ ღვთის სიტყვის, ბიბლიის, საფუძვლიანი ცოდნის შეძენა და მის თანახმად ცხოვრება გვეხმარება, რომ იეჰოვას მოსაწონი გზით ვიაროთ (იგავები 2:10—12). ძველი ისრაელის მეფე სოლომონმა თქვა: „მართალთა გზა ბოროტებისთვის ზურგის შექცევაა. თავისი გზის დამცველი საკუთარ სულს იცავს“ (იგავები 16:17). დიახ, სიბრძნე ბოროტი გზებისგან იცავს ადამიანს და სიცოცხლეს უნარჩუნებს მას. იგავების 16:16—33-ში მოცემული მოკლე, ბრძნული გამონათქვამები გვიჩვენებს, თუ რამდენად სასარგებლოდ მოქმედებს ღვთიური სიბრძნე ჩვენს თვისებებზე, მეტყველებასა და მოქმედებებზეa.
„თავმდაბლობის სული გქონდეს“
ბიბლიაში აღწერილი გაპიროვნებული სიბრძნე ამბობს: „მძულს პატივმოყვარეობა [და] სიამაყე“ (იგავები 8:13). სიამაყე და სიბრძნე ორი ურთიერთსაპირისპირო ცნებაა. ბრძნულად უნდა მოვიქცეთ და სიფრთხილე გამოვავლინოთ, რომ თანდათანობით ამპარტავნები ანუ ქედმაღლები არ გავხდეთ. ჩვენ განსაკუთრებით მაშინ გვმართებს სიფრთხილე, თუ ცხოვრებაში, ამა თუ იმ მხრივ, წარმატებას ვაღწევთ ან ქრისტიანულ კრებაში რაიმე პასუხისმგებლობა გვაკისრია.
„სიამაყე წინ უძღვის დაცემას, — გვაფრთხილებს იგავების 16:18, — ამპარტავნობის სული — წაბორძიკებას“. დავფიქრდეთ სამყაროში ყველაზე დიდ „დაცემაზე“ — ღვთის ერთ-ერთი სრულყოფილი სულიერი ძის დაცემაზე, რომელმაც საკუთარი თავი სატანა ეშმაკად აქცია (დაბადება 3:1—5; გამოცხადება 12:9). მან ხომ დაცემამდე ამპარტავნობის სული გამოავლინა! ბიბლიაც სწორედ ამპარტავნობას გულისხმობს, როდესაც ამბობს, რომ ახალმოქცეული მამაკაცი არ უნდა დაენიშნათ ზედამხედველად ქრისტიანულ კრებაში, ‘რომ არ გაყოყოჩებულიყო და ეშმაკისთვის გამოტანილი განაჩენი არ დაეტეხა თავს’ (1 ტიმოთე 3:1, 2, 6). მართლაც, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ შევუწყოთ ხელი ვინმეს გაამაყებას და არც ჩვენ თვითონ გავამაყდეთ!
„ჯობია თავმდაბლობის სული გქონდეს და თვინიერებთან იყო, ვიდრე პატივმოყვარეებთან იყოფდე ნადავლს“, — ნათქვამია იგავების 16:19-ში. ამ შეგონების მართებულობა კარგად ჩანს ძველი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის შემთხვევაში. სიამაყემ აღძრა ის, რომ დურას ველზე უშველებელი კერპი აღემართა, რომელიც შეიძლება თავად მას განასახიერებდა. ქანდაკება, შესაძლოა, ძალიან მაღალ კვარცხლბეკზე იყო დადგმული და მისი სიმაღლე მთლიანობაში 27 მეტრს აღწევდა (დანიელი 3:1). ეს უზარმაზარი ქანდაკება ნაბუქოდონოსორის იმპერიის შთამბეჭდავი სიმბოლო იყო. მართალია, ცამდე აწვდილი ქანდაკებები, ობელისკები, შენობის თავზე აღმართული სვეტები და ცათამბჯენები შეიძლება შთაბეჭდილებას ახდენდეს ადამიანებზე, მაგრამ ღვთისთვის ისინი არაფერს წარმოადგენს. ფსალმუნმომღერალი წერდა: „მაღალია იეჰოვა, მაგრამ ხედავს თავმდაბლებს; მედიდურებს კი მხოლოდ შორიდან იცნობს“ (ფსალმუნი 138:6). ფაქტობრივად, „რაც ადამიანის თვალში ამაღლებულია, ღვთის თვალში ის სისაძაგლეა“ (ლუკა 16:15). ჩვენ ‘იმას უნდა მივყვეთ, რაც თავმდაბლობის მაჩვენებელია’, და ‘ქედმაღლურად არ უნდა ვიფიქროთ’ (რომაელები 12:16).
გქონდეთ „წვდომის უნარი“ და „დამაჯერებლად“ ილაპარაკეთ
როგორ აისახება სიბრძნის შეძენა ჩვენს საუბარზე? ბრძენი მეფე გვეუბნება: „ვინც საქმეში წვდომის უნარს ავლენს, ყოველივე კარგს პოვებს; ბედნიერია ის, ვინც იეჰოვაზეა მინდობილი. გულით ბრძენზე იტყვიან, გაგების უნარი აქვსო; ტკბილი საუბარი კაცს დამაჯერებლობას მატებს. წვდომის უნარი სიცოცხლის ჭაა მისი მფლობელისთვის, ხოლო უგუნურთა დარიგება უგუნურებაა. ბრძენის გული მის საუბარს წვდომის უნარს სძენს, მის ბაგეებს კი დამაჯერებლობას მატებს“ (იგავები 16:20—23).
სიბრძნე გვეხმარება, რომ გვქონდეს წვდომის უნარი და დამაჯერებლად ვილაპარაკოთ. როგორ? „გულით ბრძენი“ ადამიანი „იეჰოვაზეა მინდობილი“ და ცდილობს, ყოველ საქმეში ‘კარგი პოვოს’. როდესაც ვცდილობთ, სხვებში ‘კარგი ვპოვოთ’, უფრო მეტად ვართ აღძრულები იმისკენ, რომ მათზე კარგი ვილაპარაკოთ. ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება კამათის სული და უხეშად არ ვილაპარაკებთ, პირიქით, ჩვენი სიტყვები სასიამოვნო და დამაჯერებელი იქნება. წვდომის უნარი დაგვეხმარება, რომ სხვების მდგომარეობაში შევიდეთ და გავიგოთ, რა სირთულეებს ხვდებიან ისინი და როგორ უმკლავდებიან მათ.
სამეფოს შესახებ ქადაგებისას და მოწაფეების მომზადებისას მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს საუბარში სიბრძნე გამოსჭვიოდეს. როდესაც სხვებს ღვთის სიტყვას ვასწავლით, ჩვენი მიზანი ის არ არის, რომ მათ მხოლოდ ბიბლიური ინფორმაცია გადავცეთ. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანების გულებამდე მივიტანოთ ღვთის სიტყვა. ამისათვის აუცილებელია, რომ დამაჯერებლად ვილაპარაკოთ. პავლე მოციქული მოუწოდებდა თავის თანამშრომელ ტიმოთეს, რომ კვლავაც მიჰყოლოდა იმას, ‘რაშიც დარწმუნებული იყო’ (2 ტიმოთე 3:14, 15).
ბერძნული სიტყვა, რომელიც ‘დარწმუნებად’ არის ნათარგმნი, ვაინის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებითი ლექსიკონის“ თანახმად ნიშნავს „აზროვნების შეცვლას მსჯელობის ან მორალური ნორმების გათვალისწინების საფუძველზე“. იმისათვის, რომ ჩვენს მსმენელს დამაჯერებელი არგუმენტები მოვუყვანოთ, რაც მას აზროვნების შეცვლაში დაეხმარება, საჭიროა, გვქონდეს წვდომის უნარი, რათა მხედველობაში მივიღოთ მისი აზროვნება, ინტერესები, მისი მდგომარეობა და წარმოშობა. როგორ შევიძინოთ ასეთი წვდომის უნარი? მოწაფე იაკობი გვპასუხობს: ‘სწრაფი იყავით მოსმენაში და ნელი — სიტყვაში’ (იაკობი 1:19). მსმენელისთვის კითხვების დასმა და მისი პასუხების ყურადღებით მოსმენა დაგვეხმარება, ჩავწვდეთ მის აზროვნებას.
პავლე მოციქული დამაჯერებელი საუბრით არწმუნებდა თავის მსმენელებს (საქმეები 18:4). მისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე, ვერცხლის მჭედელი დემეტრიოსიც კი აღიარებდა: „მარტო ეფესოში კი არა, თითქმის მთელ აზიაში ეს პავლე არწმუნებს და აზრს აცვლევინებს დიდძალ ხალხს“ (საქმეები 19:26). საკუთარ უნარს მიაწერდა პავლე იმას, რომ ასე ეფექტურად ქადაგებდა? სრულებითაც არა. ის ამბობდა, რომ ღვთის „სულითა და ძლიერებით“ აკეთებდა ამას (1 კორინთელები 2:4, 5). იეჰოვას წმინდა სული ჩვენც გვეხმარება. ჩვენ მინდობილი ვართ იეჰოვაზე და ამიტომ დარწმუნებულნი ვართ, რომ ის დაგვეხმარება მსახურებაში, როდესაც ვცდილობთ წვდომის უნარითა და დამაჯერებლობით ვილაპარაკოთ.
გასაკვირი არ არის, რომ „გულით ბრძენი გონიერად იწოდება“! (იგავები 16:21, „ბიბლიური საზოგადოების გამოცემა“). წვდომის უნარი მის მქონეთათვის „სიცოცხლის ჭაა“. მაგრამ რა შეიძლება ითქვას უგუნურებზე? მათ „სძულთ სიბრძნე და დარიგება“ (იგავები 1:7). რა შედეგებს იმკიან ისინი იეჰოვას დარიგებების უგულებელყოფის გამო? როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, სოლომონმა თქვა: „უგუნურთა დარიგება უგუნურებაა“ (იგავები 16:22). ხშირად ისინი მკაცრად ისჯებიან. უგუნურმა საკუთარ თავს შეიძლება უბედურება დაატეხოს, თავი შეირცხვინოს, ჯანმრთელობა შეირყიოს და უდროოდ დაასრულოს სიცოცხლე.
ისრაელის მეფე შემდგომ აღნიშნავს, კიდევ რა დადებით გავლენას ახდენს ჩვენს საუბარზე სიბრძნე: „სასიამოვნო სიტყვები ფიჭასავითაა, სულისთვის ტკბილია და ძვლებისთვის განკურნება“ (იგავები 16:24). როგორც თაფლი ანაყრებს მშიერ კაცს, ისე სასიამოვნო სიტყვები ამხნევებს ადამიანს. თაფლი, აგრეთვე, სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის და მას სამკურნალო თვისებებიც აქვს. სასიამოვნო სიტყვებიც ასეა — ისინი სულიერად კურნავს ადამიანს (იგავები 24:13, 14).
მოერიდეთ „გზას, რომელიც კაცს სწორი ჰგონია“
„არის გზა, რომელიც კაცს სწორი ჰგონია, — ამბობს სოლომონი, — მისი ბოლო კი სიკვდილია“ (იგავები 16:25). ეს სიტყვები გვაფრთხილებს, რომ არასწორი აზროვნება არ განვივითაროთ და არ დავადგეთ იმ გზას, რომელიც ღვთის კანონს ეწინააღმდეგება. ესა თუ ის გზა ადამიანური თვალსაზრისით შეიძლება სწორი ჩანდეს, მაგრამ სინამდვილეში ღვთის სიტყვაში ჩაწერილ სამართლიან პრინციპებს ეწინააღმდეგებოდეს. გარდა ამისა, სატანამ შეიძლება ყველაფერი იღონოს იმისთვის, რომ ადამიანი დარჩეს იმ გზაზე, რომელიც მისი აზრით სწორია, სინამდვილეში კი სასიკვდილოა.
ბრძენი და გაგების უნარის მქონე გულის შეძენა და სინდისის ღვთის სიტყვით განსწავლა საუკეთესოდ დაგვიცავს იმისგან, რომ თავი არ მოვიტყუოთ. როდესაც გადაწყვეტილებების მიღება გვიწევს — იქნება ეს ზნეობის, თაყვანისმცემლობისა თუ სხვა ნებისმიერ საკითხში — იმისათვის, რომ შეცდომაში არ შევიდეთ, სიკეთისა და ბოროტების შესახებ დადგენილი ღვთის ნორმებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.
„მშრომელს თავისი მადა აშრომებს“
„გამრჯე კაცი თავისთვის ირჯება, — განაგრძობს ბრძენი მეფე, — რადგან თავისივე პირი აიძულებს მას“ (იგავები 16:26). როგორც სოლომონი ამბობს, მშრომელი იმიტომ „ირჯება“, რომ მას შიმშილი „აიძულებს“. ეს მუხლი „საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში“ შემდეგნაირადაა ნათარგმნი: „მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს“. ჭამის სურვილმა შეიძლება აღგვძრას შრომისკენ. ეს სავსებით ნორმალური სურვილია. მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმაზე, როდესაც ეს სურვილი იმდენად ძლიერი ხდება, რომ სიხარბეში გადადის? საჭმლის გასაკეთებლად ტყეში ანთებული ცეცხლი შეიძლება ისე აგიზგიზდეს, რომ მთელი ტყე გადაბუგოს. მსგავსი შედეგი შეიძლება მოიტანოს სავსებით ჩვეულებრივმა სურვილმა, რომელიც სიხარბეში გადაიზრდება. სიხარბის გაკონტროლება შეუძლებელია. ის ძალიან საზიანოდ მოქმედებს ადამიანზე. გონიერი ადამიანი, რომელსაც ესმის, თუ რამდენად საშიშია ეს, სავსებით ნორმალურ სურვილებსაც კი კონტროლს უწევს.
არ იარო „ცუდი გზით“
პირიდან გამოსული სიტყვები შეიძლება გამანადგურებელი ცეცხლივით მოქმედებდეს. სოლომონი საუბრობს იმაზე, თუ რა დამღუპველად მოქმედებს ვინმეში ნაკლოვანებების ძიება და ამაზე სხვებთან საუბარი. ის წერს: „უვარგისი კაცი ბოროტებას თხრის, მისი ბაგეები მწველ ცეცხლსა ჰგავს. კაცი, რომელიც ხრიკებს აწყობს, შუღლს თესავს; ცილისმწამებელი ახლობლებს აშორებს“ (იგავები 16:27, 28).
ის, ვინც სხვისი სახელის შელახვას ცდილობს, „უვარგისია“. ადამიანში კარგი უნდა ვეძებოთ და სხვები დადებითად უნდა განვაწყოთ მისდამი. რა შეიძლება ითქვას მათ მოსმენაზე, ვინც სხვებზე ჭორებს ავრცელებს? მათმა სიტყვებმა შეიძლება ადვილად ჩათესოს ადამიანში უსაფუძვლო ეჭვები, მეგობრები ერთმანეთს დააშოროს და კრების შიგნით დაყოფაც კი გამოიწვიოს. სიბრძნე გვკარნახობს, რომ ყური არ დავუგდოთ მათ.
ამის შემდეგ სოლომონი იძლევა გაფრთხილებას ცდუნების შესახებ, რამაც ადამიანი შეიძლება ცუდ გზაზე დააყენოს. ის წერს: „მოძალადე თავის მოძმეს შეაცდენს და ცუდი გზით წაიყვანს მას. თვალებს რომ ახამხამებს, ხრიკებს აწყობს; ტუჩებს რომ კუმავს, ბოლომდე მიჰყავს თავისი ბოროტი ზრახვები“ (იგავები 16:29, 30).
შეიძლება, რომ ძალადობა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებისთვის საცდური აღმოჩნდეს? დღეს მსოფლიოში მრავალი ადამიანი ცდუნების მსხვერპლი ხდება, რის შედეგადაც ის „ხრიკებს აწყობს“. ისინი ხელს უწყობენ ძალადობის გავრცელებას ან თავად მიმართავენ მას. შეიძლება უშუალოდ ჩვენ ძალადობას არ ჩავდივართ, მაგრამ ხომ არ ვებმებით ეშმაკურ ხრიკებში და ჩვენდა უნებურად ძალადობის მონაწილენი ხომ არ ვხდებით, როდესაც ის მიმზიდველი სახით არის წარმოდგენილი? განა მილიონობით ადამიანი არ ებმება ისეთი გართობისა თუ სპორტის მახეში, რომელიც ამართლებს ძალადობას? ბიბლია პირდაპირ გვაფრთხილებს: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20). ღვთიური სიბრძნე მართლაც დამცავია!
რა შეიძლება ითქვას იმ ადამიანზე, რომელიც ცხოვრებაში სიბრძნით და გაგების უნარით ხელმძღვანელობს და ‘ცუდი გზით’ არ დადის? ის, ვინც სიმართლის გზით დადის, მოსაწონია ღვთისთვის და ქებას იმსახურებს. „ჭაღარა სილამაზის გვირგვინია, როცა სიმართლის გზაზე იპოვება“, — ამბობს იგავების 16:31.
მეორე მხრივ, ღმერთი არ იწონებს გაუკონტროლებელ რისხვას. ადამისა და ევას პირველი ვაჟი, კაენი, „რისხვით აენთო“ თავის ძმაზე, აბელზე, ‘დაჰკრა მას და მოკლა’ (დაბადება 4:1, 2, 5, 8). ზოგჯერ შეიძლება სამართლიანად განვრისხდეთ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ კონტროლი არ დავკარგოთ. იგავების 16:32-ში გასაგებად არის ნათქვამი: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია, თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობს“. გაუკონტროლებელი რისხვა არც სიძლიერის ნიშანია და არც ღირსების. ეს არის სისუსტე, რომელსაც შეუძლია, ‘ადამიანი ცუდი გზით წაიყვანოს’.
„ყოველი გადაწყვეტილება იეჰოვასგანაა“
„უბეში ყრიან კენჭს, — ამბობს ისრაელის მეფე, — მაგრამ ასე მიღებული ყოველი გადაწყვეტილება იეჰოვასგანაა“ (იგავები 16:33). ძველ დროში ისრაელები იეჰოვას ნების გასაგებად ზოგჯერ კენჭს ყრიდნენ. კენჭისყრისთვის იყენებდნენ მრგვალ კენჭებს ან ხის პატარა მრგვალ ნაჭრებს. პირველ რიგში ისრაელები იეჰოვას მიმართავდნენ ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად, შემდეგ კი კენჭებს მოსასხამის კალთაში ყრიდნენ და ერთს უკან იღებდნენ. ის, რაზეც ამოღებული კენჭი მიუთითებდა, იეჰოვას გადაწყვეტილებად ითვლებოდა.
იეჰოვა თავის ხალხს კენჭისყრით აღარ უმჟღავნებს თავის ნებას. დღეს ღმერთი თავისი სიტყვით, ბიბლიით გველაპარაკება. ღვთიური სიბრძნის მისაღებად ბიბლიის საფუძვლიანი ცოდნაა საჭირო. ამიტომ, არ დავუშვათ, დღემ ისე ჩაიაროს, რომ ბიბლია არ წავიკითხოთ (ფსალმუნი 1:1, 2; მათე 4:4).
[სქოლიო]
a იგავების 16:1—15 მუხლები განხილულია 2007 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 17—20.
[სურათი 8 გვერდზე]
რატომ არის სიბრძნე ოქროზე უკეთესი?
[სურათი 9 გვერდზე]
რა გმატებთ დამაჯერებლობას მსახურებაში?
[სურათი 10 გვერდზე]
„უვარგისი კაცი ბოროტებას თხრის“.
[სურათი 11 გვერდზე]
გაუკონტროლებელმა რისხვამ ადამიანი შეიძლება ‘ცუდი გზით წაიყვანოს’.
[სურათი 12 გვერდზე]
ძალადობის ყურება აცდუნებს ადამიანს.