ᲠᲝᲒᲝᲠ ᲨᲔᲕᲘᲛᲡᲣᲑᲣᲥᲝᲗ ᲡᲢᲠᲔᲡᲘ
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს
სტრესს უკეთ გაუმკლავდებით, თუ იზრუნებთ ჯანმრთელობაზე, დაისახავთ რეალურ მიზნებს, გადახედავთ პრიორიტეტებს და სხვებთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებთ. ამ სტატიაში განხილული პრაქტიკული რჩევები დაგეხმარებათ, არა მხოლოდ გაუმკლავდეთ, არამედ შეიმსუბუქოთ კიდეც სტრესი.
იცხოვრეთ დღევანდელი დღით
„ნურასდროს დაიწყებთ წუხილს ხვალინდელ დღეზე, ვინაიდან ხვალინდელი დღე თავის სადარდებელს მოიტანს“ (ᲛᲐᲗᲔ 6:34).
მთავარი აზრი: დღე ისე არ გავა, რომ საწუხარი არ გვქონდეს. ამიტომ ხვალინდელზე წუხილით დღევანდელ დღეს ნუ შემატებთ სადარდებელს. შეეცადეთ, დღევანდელი დღით იცხოვროთ.
სტრესი შეიძლება შფოთისა და წუხილის მიზეზი გახდეს. ამიტომ კარგი იქნება, თუ შემდეგ რჩევებს გაითვალისწინებთ: 1) გააცნობიერეთ, რომ სტრესის გამომწვევ ყველა მიზეზს თავს ვერ აარიდებთ. იმაზე ნერვიულობა, რასაც ვერ შეცვლით, უფრო დიდ სტრესს შეგიქმნით; 2) ნუ იწუხებთ იმაზე, რაც შეიძლება არასდროს მოხდეს.
გამოიჩინეთ გონიერება
„ღვთიური სიბრძნე . . . კეთილგონიერია“ (ᲘᲐᲙᲝᲑᲘ 3:17).
მთავარი აზრი: ნუ იქნებით მაქსიმალისტი. ნურც საკუთარ თავს მოსთხოვთ შეუძლებელს და ნურც სხვებს.
იყავით რეალისტი; გქონდეთ რეალისტური მოლოდინი და გაითვალისწინეთ როგორც საკუთარი, ისე სხვების შესაძლებლობები. ასეთი სახით საკუთარ თავსაც ნაკლებ სტრესს შეუქმნით და სხვებსაც. გარდა ამისა, თავადაც გაგიადვილდებათ დასახული მიზნის მიღწევა და სხვასაც დაეხმარებით ამაში. შეინარჩუნეთ იუმორის გრძნობა; თუ რთულ სიტუაციებშიც არ დაკარგავთ იუმორის გრძნობას, დაძაბულობა მოგეხსნებათ და გუნება-განწყობილება აგიმაღლდებათ.
დააკვირდით, რა გიქმნით სტრესს
„გამჭრიახი სიმშვიდეს ინარჩუნებს“ (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 17:27).
მთავარი აზრი: უარყოფითმა ემოციებმა შეიძლება საღი აზრი დაგიბინდოთ, ამიტომ შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
დააკვირდით, რა გიქმნით სტრესს, რას გრძნობთ, რას ფიქრობთ ან როგორ რეაგირებთ ამ დროს. შემდეგ ეს ყველაფერი ფურცელზე გადაიტანეთ. რაც უფრო კარგად გეცოდინებათ, როგორ რეაგირებთ სტრესის დროს, მით უფრო ადვილად გაუმკლავდებით მას. დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა გამორიცხოთ სტრესის გამომწვევი მიზეზები. თუ ეს შეუძლებელია, შეეცადეთ, დრო უფრო კარგად გაანაწილოთ ან ამა თუ იმ საქმის შესრულებისას უფრო მობილიზებული იყოთ, რაც სტრესს შეგიმსუბუქებთ.
შეეცადეთ, საკითხებს სხვა თვალით შეხედოთ. მაგალითად, ის, რაც თქვენ სტრესს გიქმნით, შეიძლება სხვისთვის სულაც არ იყოს სტრესული. ეს იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ უყურებს სხვადასხვა საკითხს. განვიხილოთ სამი რჩევა:
ნაჩქარევად ნუ მიაწერთ სხვებს ცუდ მოტივებს. მაგალითად, თუ ვინმე რიგში ჩაგეჭრებათ, თქვენ კი მის საქციელს სითავხედედ ჩათვლით, შეიძლება გაღიზიანდეთ. ამიტომ უმჯობესი იქნება, დაასკვნათ, რომ ეს ცუდი მოტივით არ გაუკეთებია და შეიძლება მართალიც კი აღმოჩნდეთ.
სიტუაციას დადებითი კუთხით შეხედეთ. მაგალითად, კლინიკაში ან აეროპორტში ლოდინი გაგიადვილდებათ, თუ რაიმეს წაიკითხავთ, იმეილებს შეამოწმებთ ან ისეთ საქმეს გააკეთებთ, რაც სამსახურში ვერ მოასწარით.
შეეცადეთ, სრული სურათი დაინახოთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს: პრობლემად ხომ არ მექცევა ესა თუ ის საკითხი ხვალ ან ერთი კვირის შემდეგ? კარგი იქნება, თუ სერიოზულ და უმნიშვნელო პრობლემებს ერთმანეთისგან გამიჯნავთ.
იყავით გეგმაზომიერი
„ყველაფერი წესისა და რიგისამებრ ხდებოდეს“ (1 ᲙᲝᲠᲘᲜᲗᲔᲚᲔᲑᲘ 14:40).
მთავარი აზრი: შეეცადეთ, ყველაფერი გეგმაზომიერად აკეთოთ.
ყველას მოგვწონს, როცა რაღაცები წინასწარ გვაქვს დაგეგმილი. საქმის ბოლო წუთამდე გადადებამ შეიძლება უფრო დიდი სტრესი შეგვიქმნას და გეგმები აგვირიოს. შედეგად, შეიძლება ძალიან ბევრი საქმე დაგვიგროვდეს. ეცადეთ, ასე მოიქცეთ:
შეადგინეთ კარგი გეგმა და მიჰყევით მას.
დაადგინეთ საქმის გაჭიანურების მიზეზი და აღმოფხვერით.
იყავით გაწონასწორებული
„ერთი მუჭა დასვენება სჯობია ორ მუჭა გარჯასა და ქარის დევნას“ (ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲡᲢᲔ 4:6).
მთავარი აზრი: ადამიანს, რომელიც მთელ დროს სამსახურში ატარებს, შეიძლება არც დრო დარჩეს და არც ენერგია, რომ ისიამოვნოს იმით, რისთვისაც ამდენი იშრომა.
იქონიეთ გაწონასწორებული თვალსაზრისი სამსახურსა და ფულზე. ბევრი ფული არც ბედნიერების და არც უდარდელი ცხოვრების გარანტიაა. სინამდვილეში შეიძლება ყველაფერი პირიქით იყოს. ეკლესიასტეს 5:12-ში ნათქვამია: „მდიდარს ქონების სიუხვე არ აძინებს“. შეეცადეთ, ხარჯებმა თქვენს შემოსავალს არ გადააჭარბოს.
დრო გამოყავით დასვენებისთვის. საყვარელი საქმის კეთება სტრესს შეგიმსუბუქებთ. თუმცა პასიურმა დასვენებამ, მაგალითად ტელევიზორის ყურებამ, შეიძლება დიდი ვერაფერი გარგოთ.
თავისი ადგილი მიუჩინეთ ტექნიკას. გამუდმებით ნუ შეამოწმებთ იმეილებს, ტექსტურ შეტყობინებებს ან სოციალური მედიის ვებგვერდებს. თუ აუცილებელი არ არის, შეეცადეთ, სამუშაო საათების შემდეგ აღარ გააგრძელოთ მუშაობა.
იზრუნეთ ჯანმრთელობაზე
„ფიზიკური ვარჯიში . . . სასარგებლოა“ (1 ᲢᲘᲛᲝᲗᲔ 4:8).
მთავარი აზრი: რეგულარული ვარჯიში კარგი ჯანმრთელობის საწინდარია.
განივითარეთ სასარგებლო ჩვევები. ფიზიკური აქტივობა განწყობას ამაღლებს და ორგანიზმს სტრესთან გასამკლავებლად ამზადებს. ჯანსაღად იკვებეთ; ნუ გამოტოვებთ საუზმეს, სადილსა და ვახშამს. დაისვენეთ და საკმარისად იძინეთ.
თავს ნუ მოიტყუებთ, რომ სტრესს სიგარეტი, ნარკოტიკი ან ალკოჰოლი მოგიხსნით. დროთა განმავლობაში ეს უფრო დიდ სტრესს შეგიქმნით, რადგან შეიძლება ჯანმრთელობა გაგიუარესდეთ ან ფინანსური პრობლემები შეგექმნათ.
თუ ატყობთ, რომ სტრესს ვერ უმკლავდებით, მიმართეთ ექიმს. ამაში სასირცხვილო არაფერია!
დაადგინეთ პრიორიტეტები
დარწმუნდით, „რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ᲤᲘᲚᲘᲞᲔᲚᲔᲑᲘ 1:10).
მთავარი აზრი: გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს.
პრიორიტეტების მიხედვით შეადგინეთ შესასრულებელი საქმეების სია. ეს დაგეხმარებათ, ყურადღება მნიშვნელოვან საქმეებზე გადაიტანოთ და განსაზღვროთ, რა საქმე შეიძლება გადადოთ, სხვას გადააბაროთ ან საერთოდ არ გააკეთოთ.
ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდით, როგორ იყენებთ დროს და რა შეგიძლიათ შეცვალოთ. რაც უფრო გონივრულად განკარგავთ დროს, მით უფრო ნაკლები სტრესი გექნებათ.
გამოყავით დრო დასვენებისთვის. დღის განმავლობაში ხანმოკლე შესვენებებიც კი შეგმატებთ ძალას და შეგიმსუბუქებთ სტრესს.
ითხოვეთ დახმარება
„წუხილი კაცს გულს უმძიმებს, ტკბილი სიტყვა კი გულს უხალისებს“ (ᲘᲒᲐᲕᲔᲑᲘ 12:25).
მთავარი აზრი: გულითადი და გამამხნევებელი სიტყვები განწყობას აგიმაღლებთ.
დაელაპარაკეთ გულისხმიერ ადამიანს. მან შეიძლება სულ სხვა კუთხით დაგანახვოთ საკითხი ან ისეთი გამოსავალი შემოგთავაზოთ, რომელზეც არც კი გიფიქრიათ. სხვა თუ არაფერი, დარდის სხვისთვის გაზიარება თავს უკეთ გაგრძნობინებთ.
მიმართეთ სხვებს დახმარებისთვის. შეგიძლიათ რაიმე საქმეში დახმარება ითხოვოთ ან სულაც სხვას დაავალოთ მისი შესრულება.
თუ თანამშრომელთან ურთიერთობა სტრესს გიქმნით, შეეცადეთ, გამოასწოროთ სიტუაცია; შეგიძლიათ თავაზიანად და ტაქტიანად აუხსნათ მას თქვენი მდგომარეობა (იგავები 17:27). თუ ასეთმა მიდგომამ არ გაჭრა, ეცადეთ, ნაკლები ურთიერთობა იქონიოთ მასთან.
გააცნობიერეთ, რომ ღვთის ხელმძღვანელობას საჭიროებთ
„ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (ᲛᲐᲗᲔ 5:3).
მთავარი აზრი: ბედნიერებისთვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე საჭმელი, ტანსაცმელი და თავშესაფარი. აუცილებელია, გავაცნობიეროთ, რომ ღმერთთან ურთიერთობის მოთხოვნილებით ვართ შექმნილი, რაც უნდა დავიკმაყოფილოთ.
ლოცვა დიდ დახმარებას გაგიწევთ. ღმერთი მოგიწოდებთ, ყველა თქვენი საწუხარი მას მიანდოთ, რადგან ზრუნავს თქვენზე (1 პეტრე 5:7). თუ ილოცებთ და დადებითზე იფიქრებთ, შინაგან სიმშვიდეს იგრძნობთ (ფილიპელები 4:6, 7).
ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების კითხვა ღმერთთან დაგაახლოებთ. ამ ჟურნალში განხილული პრინციპები ბიბლიას ეფუძნება, რომელიც იმ მიზნით დაიწერა, რომ ღმერთი გავიცნოთ და მასთან ურთიერთობა გავიღრმაოთ. ბიბლიური პრინციპები გვაბრძენებს და საღად აზროვნებაში გვეხმარება (იგავები 3:21). მიზნად დაისახეთ ბიბლიის წაკითხვა. შეგიძლიათ კითხვა წიგნ „იგავებიდან“ დაიწყოთ.