მთავარი თემა | ნამდვილად არსებობს სატანა?
უნდა გვეშინოდეს სატანის?
მისი დანახვა თითქმის შეუძლებელია. მას არც ფერი აქვს და არც სუნი. ადამიანი ისე ხდება მისი მსხვერპლი, რომ ამას ვერც კი იგებს. მსოფლიოში ტოქსიკური მოწამვლით გარდაცვლილთა ნახევარზე მეტი, სწორედ ამ შენიღბულმა მტერმა — ნახშირბადის მონოქსიდმა — იმსხვერპლა. თუმცა პანიკის მიზეზი არ გვაქვს. არსებობს ამ გაზის ამოსაცნობი საშუალებები და მისგან თავდაცვის გზები. ბევრმა გონიერმა ადამიანმა სპეციალური მოწყობილობები დაამონტაჟა. ისინი განგაშის არც ერთ სიგნალს არ ტოვებენ უყურადღებოდ.
ნახშირბადის მონოქსიდის მსგავსად, სატანაც უხილავია. ადამიანებს უჭირთ მისი ამოცნობა, ის განსაკუთრებით საშიში მტერია. მაგრამ ღმერთს მტრის ანაბარა არ მივუტოვებივართ. თუ მიჰყვებით ქვემოთ მოყვანილ ღვთის მითითებებს, შიშის მიზეზი ნამდვილად არ გექნებათ.
თქვენ გაქვთ არჩევანი. იაკობის 4:7-ში ვკითხულობთ: „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“. მართალია, სატანას დიდი ძალა აქვს, მაგრამ მას არ შეუძლია გაიძულოთ იმის გაკეთება, რაც არ გინდათ. თქვენ გაქვთ არჩევანი. 1 პეტრეს 5:9 მოგვიწოდებს: „წინ აღუდექით მას [ეშმაკს] მტკიცე რწმენით“. გახსოვდეთ, რომ მას შემდეგ, რაც იესომ მტკიცედ უარყო სატანის სამივე საცდური, ის გაშორდა მას (მათე 4:11). თქვენც შეგიძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოთ სატანას.
ღმერთთან მეგობრობა. იაკობის 4:8 მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს“. იეჰოვა თავად გიწვევთ, რომ მასთან ახლო ურთიერთობა განივითაროთ. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? დასაწყისისთვის ამის საუკეთესო საშუალება ბიბლიის მეშვეობით ღვთის გაცნობაა (იოანე 17:3). რაც მეტად გაეცნობით იეჰოვას, მით მეტად შეგიყვარდებათ ის; ღვთის სიყვარული კი მისი ნების შესრულებისკენ გიბიძგებთ (1 იოანე 5:3). როგორც იაკობის სიტყვებიდან ვიგებთ, თუ ღმერთს დაუახლოვდებით, „ისიც დაგიახლოვდებათ“.
ღმერთი გვპირდება, რომ დაგვიცავს. იგავების 18:10-ში ვკითხულობთ: „იეჰოვას სახელი მტკიცე კოშკია; მასში შერბის მართალი და დაცულია“. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღვთის სახელი თილისმაა. ამაში ის იგულისხმება, რომ მათ, ვინც ნამდვილად მიაგებს პატივს ღვთის სახელს, შეუძლიათ დახმარებისთვის ღმერთს ნებისმიერ დროს მიმართონ.
რეალური მაგალითი. საქმეების 19:19 საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის გაქრისტიანებულ ეფესოელებზე: „ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოქრობას მისდევდა, მოიტანა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა. მათ შეაჯამეს წიგნების ფასი და მათი ღირებულება ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა“.a იმ ქრისტიანებმა გაანადგურეს სპირიტიზმთან დაკავშირებული ყველა ნივთი, მათი ღირებულების მიუხედავად. ეს კარგი მაგალითია ჩვენთვის. დღევანდელი ქვეყნიერება ოკულტიზმისა და სპირიტიზმის ჭაობში ეფლობა. ერთი შეხედვით უვნებელი სპირიტული რიტუალებითა და საგნებით, შეიძლება ჩვენთან დემონები მოვიხმოთ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ასეთი ნივთები თავიდან მოვიშოროთ (კანონი 18:10—12).
შესავალ სტატიაში მოხსენიებულ როგელიოს 50 წელი არ სწამდა ეშმაკის არსებობის. მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალა. როგელიო იხსენებს: „ბიბლია ცხოვრებაში პირველად ავიღე ხელში. მიღებულმა ცოდნამ დამარწმუნა, რომ ეშმაკი ნამდვილად არსებობს და ეს ცოდნა დღესაც მეხმარება, რომ მისი გავლენის ქვეშ არ მოვექცე“.
„ბიბლიიდან მიღებულმა ცოდნამ დამარწმუნა, რომ ეშმაკი ნამდვილად არსებობს და ეს ცოდნა დღესაც მეხმარება, რომ მისი გავლენის ქვეშ არ მოვექცე“
თქვენ შეგიძლიათ საკუთარი თვალით იხილოთ ის დღე, როცა სატანა განადგურდება. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებია იმ დროზე, როდესაც ეშმაკი, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს ბევრი, ჩაგდებული იქნება „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“ (გამოცხადება 20:10). უდავოა, რომ პირდაპირი გაგებით ცეცხლსა და გოგირდს არ შეუძლია უხილავი სულიერი ქმნილებებისთვის ზიანის მიყენება, ამიტომ ცეცხლისა და გოგირდის ტბით წარმოდგენილია მარადიული განადგურება. სატანა მეტად აღარ იარსებებს. რა სასიხარულო დრო დადგება ღვთის მოყვარულებისთვის!
მანამდე კი, განაგრძეთ იეჰოვასა და მისი გზების შესახებ ცოდნის მიღება.b წარმოიდგინეთ ის დრო, როდესაც დანამდვილებით იტყვით: „სატანა არ არსებობს“.
a თუ ვერცხლის მონეტა რომაული დინარი იყო, მაშინ ეს თანხა მთლიანობაში შეადგენდა 50 000 ჩვეულებრივი მუშის ერთი დღის გასამრჯელოს, რაც საკმაოდ დიდი თანხა იქნებოდა.
b სატანასა და სპირიტიზმზე მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ მე-10 თავი.