გირაო
მევალისათვის ვალის გადახდის საგარანტიოდ ჩაბარებული ქონება — ბეჭედი, ტანსაცმელი თუ სხვა. მოსეს კანონში შესული გირაოს შესახებ კანონი გაღარიბებული და დაუცველი ხალხის ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. ამ კანონებიდან კარგად ჩანდა ღვთის თანაგრძნობა ღარიბებისა და ქვრივების მიმართ. გირაოს აღსანიშნავად გამოიყენება ორი ებრაული ზმნა ხავალ და ავატ და მათი მონათესავე არსებითი სახელები.
თუ ღარიბი გირაოდ გასცემდა ტანსაცმელს, მევალეს მისი ტანსაცმელი დაღამებამდე უნდა დაებრუნებინა (გმ. 22:26, 27; კნ. 24:12, 13). ღარიბი, სავარაუდოდ, ტანსაცმლითვე იძინებდა, ამიტომ თუ მევალე ტანსაცმელს არ დაუბრუნებდა, ღამე შესცივდებოდა. ამ კანონის დამრღვევი ხარბ და უგულო ადამიანად ჩაითვლებოდა (იობ. 22:6; 24:9). თუმცა განდგომილების დროს ისრაელში ზოგიერთები ღარიბს არათუ გირაოდ ართმევდნენ ტანსაცმელს, არამედ ამ ტანსაცმელს კერპთაყვანისმცემლური ნადიმების დროს იყენებდნენ (ამ. 2:8).
ეზეკიელის 18:10—13-ში გირაოს არდაბრუნება მოხსენიებულია ძარცვასთან და სისხლის ღვრასთან ერთად, რისთვისაც მოუნანიებელი ცოდვილი სიკვდილს იმსახურებდა. მაგრამ თუ ბოროტი მიატოვებდა ზემოხსენებულ ცოდვებს და ამავე დროს დააბრუნებდა დაგირავებულს, იცოცხლებდა (ეზკ. 33:14—16). არ შეიძლებოდა გირაოდ ხელსაფქვავის ან ზედა დოლაბის წაღება. ვინაიდან ოჯახში პური ყოველდღიურად ცხვებოდა, ხორბლის საფქვავის წაღება სულის ანუ სიცოცხლის წაღების ტოლფასი იქნებოდა (კნ. 24:6).
კანონი განსაკუთრებით ქვრივებს იცავდა, ვინაიდან მათ არც დამხმარე ჰყავდათ და არც დამცველი. კანონი კრძალავდა ქვრივისთვის გირაოდ ტანსაცმლის გამორთმევას (კნ. 24:17; შდრ. იობ. 24:3).
გარდა ამისა, მევალეს უფლება არ ჰქონდა გირაოს გამოსართმევად მოვალის სახლში შესულიყო. მოვალეს თავად უნდა გამოეტანა გირაო სახლიდან (კნ. 24:10, 11). ამგვარად, დაცული იყო მოვალის ღირსება და მისი სახლის ხელშეუხებლობის კანონი. გირაოს შესახებ კანონი ისრაელებს თანაგრძნობისკენ, გულუხვობისკენ (კნ. 15:8), სხვების ღირსების დაფასებისა და უფლებების დაცვისკენ აღძრავდა.
გადატანითი მნიშვნელობით. კანონის 15:6-ის თანახმად ღვთის კურთხევის ერთ-ერთი მაჩვენებელი ის იქნებოდა, რომ ებრაელები გირაოთი მისცემდნენ სესხს სხვა ერებს.
ის, ვინც სიტყვას არაფრად აგდებს და სესხს არ აბრუნებს, გირაოდ გაცემულს დაკარგავს. მსგავსად ამისა, დაზარალდება ისიც, ვინც არ ემორჩილება ღვთის კანონს (იგ. 13:13).
ებრაულ წერილებში არაერთხელ ვკითხულობთ გაფრთხილებას უცხოსთვის თავდებად დადგომის შესახებ; ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში თავდებს ვალის გადახდა თავად მოუწევდა (იგ. 11:15; 22:26, 27; იხ. თავდებობა). ამიტომ წერია იგავების 20:16-ში, რომ სამოსელი უნდა გამოერთმიათ მისთვის, ვინც უცხოს თავდებად დაუდგებოდა. თუმცაღა მევალე თანაგრძნობით უნდა მოპყრობოდა თავს დატეხილი უბედურების გამო გაღარიბებულ მოვალეს. ვინც უცხოს უდგება თავდებად, სულელია და არა უბედური. ფაქტობრივად, ამ იგავს იმის თქმა უნდა, რომ ასეთმა ადამიანმა თვითონ უნდა იწვნიოს თავისი საქციელის ცუდი შედეგები. იგავების 29:16-ის მეორე ნაწილში ვკითხულობთ უცხო ქალთან საქმის დამჭერისთვის გირაოს გამორთმევაზე. უცხო ქალთან საქმის დამჭერი კაცი შეიძლება გაღარიბდეს (შდრ. იგ. 5:3, 8—10) და შერჩენილი ქონება სესხის ასაღებად დააგირაოს. ასეთი კაცი არ იმსახურებს სიბრალულს, რადგან საღი აზრის წინააღმდეგ წავიდა და უცხო ქალთან დაიჭირა საქმე.