სასწავლო სტატია 46
გამაგრდით, იეჰოვაა თქვენი შემწე!
„არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრ. 13:5).
სიმღერა 55 ნუ შეგეშინდებათ მათი!
მოკლე შინაარსიa
1. რა გვანუგეშებს, თუ თავს მარტოდ ვგრძნობთ ან პრობლემებმა დაგვრთგუნა? (ფსალმ. 118:5—7).
ოდესმე გიგრძნიათ თავი მარტო, თითქოს პრობლემების დროს არავინ გიდგათ გვერდში? მსგავსი რამ ბევრს გამოუცდია, მათ შორის ღვთის ერთგულ მსახურებსაც კი (1 მეფ. 19:14). თუ ასეთი ფიქრები თქვენც მოგეძალებათ, გაიხსენეთ იეჰოვას დაპირება: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. ამიტომ სრული დამაჯერებლობით შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება“ (ებრ. 13:5, 6). მოციქულმა პავლემ ეს სიტყვები იუდეაში მცხოვრებ თანამორწმუნეებს დაახლოებით ახ. წ. 61 წელს მისწერა. ეს სიტყვები მოგვაგონებს 118-ე ფსალმუნში ჩაწერილ სიტყვებს (წაიკითხეთ ფსალმუნის 118:5—7).
2. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში და რატომ?
2 ფსალმუნმომღერლის მსგავსად პავლემაც საკუთარ თავზე გამოცადა, რომ იეჰოვა მისი შემწე იყო. მაგალითად, დაახლოებით ახ. წ. 58 წელს, სანამ პავლე ებრაელებს წერილს მისწერდა, მას ზღვით სახიფათო მოგზაურობა მოუწია (საქ. 27:4, 15, 20). მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში და მანამდეც, იეჰოვამ არაერთხელ დაარწმუნა პავლე, რომ მისი შემწე იყო. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ ამოუდგა იეჰოვა მოციქულს მხარში იესოსა და ანგელოზების, უფლებამოსილი პირებისა და თანაქრისტიანების მეშვეობით. პავლეს ცხოვრების ამ ეპიზოდების განხილვა იმის რწმენას განგვიმტკიცებს, რომ იეჰოვა ჩვენც შეგვეწევა გაჭირვების ჟამს.
იესოსა და ანგელოზებისგან მიღებული დახმარება
3. სავარაუდოდ, რა აფიქრებდა პავლეს და რატომ?
3 დაახლოებით ახ. წ. 56 წელს პავლე რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გახელებულმა ბრბომ ის იერუსალიმის ტაძრიდან გამოათრია და მოკვლა დაუპირა. მომდევნო დღეს სასტიკად ნაცემი მოციქული სინედრიონის წინაშე წარადგინეს (საქ. 21:30—32; 22:30; 23:6—10). იმ მომენტში, ალბათ, პავლეს აფიქრებდა, კიდევ რამდენ ხანს გაუძლებდა ასეთ მოპყრობას.
4. როგორ დაეხმარა იეჰოვა პავლეს იესოს მეშვეობით?
4 როგორ დაეხმარა იეჰოვა პავლეს? პატიმრობის მეორე ღამეს მას უფალი იესო გამოეცხადა და უთხრა: „გამაგრდი! როგორც იერუსალიმში ქადაგებდი გულმოდგინედ ჩემ შესახებ, რომშიც ისევე უნდა იქადაგო“ (საქ. 23:11). რა დროული იქნებოდა პავლესთვის იესოსგან ამ სიტყვების მოსმენა. უფალმა შეაქო ის იერუსალიმში გულმოდგინე ქადაგებისთვის და დაჰპირდა, რომ უსაფრთხოდ ჩააღწევდა რომში, სადაც კვლავ გააგრძელებდა ქადაგებას. ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ, პავლემ, ალბათ, ისე იგრძნო თავი, როგორც ბავშვი გრძნობს თავს მამის მკლავებში.
5. როგორ დაეხმარა იეჰოვა პავლეს ანგელოზის მეშვეობით? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
5 კიდევ რა განსაცდელს შეხვდა პავლე? იერუსალიმში განვითარებული მოვლენებიდან ორი წლის შემდეგ, ის ხომალდი, რომლითაც პავლე იტალიაში მიემართებოდა, ისეთ შტორმში აღმოჩნდა, რომ იქ მყოფებს გადარჩენის იმედი გადაეწურათ. მაგრამ პავლეს არ შეშინებია. მიზეზი თავადვე ახსნა: «ჩემმა ღმერთმა, რომელსაც ვემსახურები, წუხელ ანგელოზი მომივლინა, რომელმაც მითხრა: „ნუ გეშინია, პავლე! შენ კეისრის წინაშე უნდა წარდგე; შენ გამო ღმერთი ყველა შენს თანამგზავრს გადაარჩენს“». იეჰოვამ პავლეს ამჯერად ანგელოზის მეშვეობით გაუმეორა ის, რაც ადრე იესოს მეშვეობით უთხრა. ასეც მოხდა, პავლემ საბოლოოდ ჩააღწია რომში (საქ. 27:20—25; 28:16).
6. იესოს რომელი დაპირება გვმატებს ძალას და რატომ?
6 ჩვენ როგორ გვეხმარება იეჰოვა? პავლეს მსგავსად იესო ჩვენც ამოგვიდგება მხარში, რადგან ის თავის მიმდევრებს დაჰპირდა: „მე ყოველდღე თქვენთან ვიქნები ქვეყნიერების აღსასრულამდე“ (მათ. 28:20). იესოს ეს სიტყვები ძალებს გვმატებს, რადგან ცხოვრებაში ყველას უდგება რთული პერიოდი. მაგალითად, ზოგიერთს ახლობლის სიკვდილის გამო არაერთი დღე, შეიძლება წლებიც კი მოუწიოს ამ ტკივილით ცხოვრება. ზოგი ასაკით გამოწვეულ პრობლემებს ებრძვის. ზოგიც დეპრესიაშია და უარყოფით გრძნობებს ვერ ერევა. თუმცა ნებისმიერ ვითარებაში შეგვიძლია მოვიკრიბოთ ძალები, რადგან ვიცით, რომ იესო ყოველდღე, მათ შორის ყველაზე მძიმე წუთებშიც კი ჩვენთანაა (მათ. 11:28—30).
7. გამოცხადების 14:6-ის თანახმად, როგორ გვეხმარება იეჰოვა დღეს?
7 ღვთის სიტყვიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა ანგელოზებს ჩვენ დასახმარებლად იყენებს (ებრ. 1:7, 14). ანგელოზები მხარს გვიჭერენ და გვხელმძღვანელობენ, როცა სასიხარულო ცნობას ვუქადაგებთ „ყოველი ერის, ტომისა და ენის ხალხს“ (მათ. 24:13, 14; წაიკითხეთ გამოცხადების 14:6).
უფლებამოსილი პირებისგან მიღებული დახმარება
8. როგორ იხსნა იეჰოვამ პავლე ათასისთავის მეშვეობით?
8 როგორ დაეხმარა იეჰოვა პავლეს? ახ. წ. 56 წელს იესომ დაარწმუნა პავლე, რომ ის რომში აუცილებლად ჩავიდოდა. ამ დროს იერუსალიმში ზოგიერთებმა მის მოსაკლავად გეგმა შეიმუშავეს. მათი ხელიდან პავლე რომაელმა ათასისთავმა, კლავდიუს ლისიამ იხსნა, რომელმაც მათი ჩანაფიქრის შესახებ შეიტყო. კლავდიუსმა დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება, რომ მოციქული დაცვის თანხლებით იერუსალიმიდან კესარეაში ჩაეყვანათ, რომელიც 105 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. კესარეაში ჩასვლის შემდეგ გამგებელმა ფელიქსმა ბრძანა, რომ პავლე „ჰეროდეს სასახლეში დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ ჰყოლოდათ“. ასე ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში მისი მოკვლის მსურველებს (საქ. 23:12—35).
9. როგორ დაეხმარა გამგებელი ფესტუსი პავლეს?
9 ორი წლის შემდეგ, ახ. წ. 58 წელს, პავლე კვლავ კესარეაში ჰყავდათ დაპატიმრებული. ამასობაში გამგებელი ფელიქსი ფესტუსმა შეცვალა. იუდეველებმა ფესტუსს სთხოვეს, რომ პავლე იერუსალიმში ჩაეყვანა და იქ გაესამართლებინა, რაზეც მან უარი განაცხადა. ფესტუსი, როგორც ჩანს, მიუხვდა მათ ჩანაფიქრს; ისინი აპირებდნენ „გზად ჩასაფრებოდნენ და მოეკლათ“ პავლე (საქ. 24:27—25:5).
10. რა რეაქცია ჰქონდა გამგებელ ფესტუსს პავლეს თხოვნაზე?
10 მოგვიანებით პავლე კესარეაში სასამართლოს წინაშე წარადგინეს. ვინაიდან ფესტუსს იუდეველების მომადლიერება უნდოდა, პავლეს ჰკითხა: „ხომ არ გირჩევნია, იერუსალიმში წახვიდე და იქ გაგასამართლო?“ მოციქული ხვდებოდა, რომ იერუსალიმში მას მოკლავდნენ. თუმცა ისიც იცოდა, თუ როგორ გადაერჩინა თავი, კერძოდ, ჩასულიყო რომში, სადაც მას კვლავ მიეცემოდა მსახურების გაგრძელების საშუალება. ამიტომ ფესტუსს უთხრა: „კეისართან ვასაჩივრებ!“. ფესტუსი მრჩევლებს მოეთათბირა და უპასუხა: „კეისართან ასაჩივრებ და კეისართან წახვალ“. ფესტუსის გადაწყვეტილებამ პავლე მტრების ხელიდან უცილობელი სიკვდილისგან იხსნა. ძალიან მალე ის რომში იქნებოდა, მათგან შორს, ვინც მის მოკვლას ცდილობდა (საქ. 25:6—12).
11. სავარაუდოდ, რომელი სიტყვები გაახსენდებოდა პავლეს?
11 სანამ პავლე იტალიისკენ აიღებდა გეზს, შესაძლოა მას ახსენდებოდა წინასწარმეტყველ ესაიას სიტყვები, რომლებიც მან შთაგონებით იეჰოვას მოწინააღმდეგეებზე წარმოთქვა: „დასახეთ გეგმა, თუმცა ჩაგეშლებათ! რაც გინდათ, ის თქვით, მაინც არ შესრულდება, რადგან ჩვენთანაა ღმერთი!“ (ეს. 8:10). პავლეს იეჰოვას დახმარების იმედი აძლიერებდა, რომ არ შეპუებოდა მომავალ განსაცდელებს.
12. როგორ მოექცა იულიუსი პავლეს და რას დაინახავდა მოციქული მისი საქციელის მიღმა?
12 პატიმარი პავლე იტალიისკენ მიმავალ ხომალდში ჩასვეს. მისი მეთვალყურეობა რომაელ ასისთავს, იულიუსს, დაევალა. ვინაიდან ახლა უკვე პავლეს ბედს იულიუსი წყვეტდა, მას შეეძლო მოციქულის ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცია ან პირიქით, შეღავათი გაეწია მისთვის. როგორ გამოიყენა იულიუსმა თავისი უფლებამოსილება? მეორე დღეს, როცა ნაპირს მიადგნენ, „იულიუსმა პავლესადმი სიკეთე გამოიჩინა და მეგობრებთან წასვლის ნება დართო“. მოგვიანებით იულიუსმა პავლე სიკვდილისგანაც იხსნა. როდესაც ჯარისკაცებმა პატიმრების დახოცვა განიზრახეს, იულიუსმა შეაჩერა ისინი, რადგან სურდა, პავლე დანიშნულების ადგილას უვნებლად ჩაეყვანა. ფაქტია, ასისთავის ამ კეთილშობილური საქციელის მიღმა პავლე იეჰოვას ხელს დაინახავდა (საქ. 27:1—3, 42—44).
13. როგორ შეიძლება იეჰოვამ გამოიყენოს უფლებამოსილი პირები?
13 ჩვენ როგორ გვეხმარება იეჰოვა? როცა საქმე იეჰოვას განზრახვებს ეხება, მას შეუძლია წმინდა სულის მეშვეობით უფლებამოსილ პირებს ის გააკეთებინოს, რაც მას სურს. მეფე სოლომონმა დაწერა: „მეფის გული იეჰოვას ხელში წყლის ნაკადივითაა; საითაც უნდა, იქით მიუშვებს“ (იგავ. 21:1). რა აზრს ატარებს ეს იგავი? ზოგჯერ არხები იმიტომ გაჰყავთ, რომ წყლის დინებას სასურველი მიმართულება მისცენ. მსგავსად, იეჰოვასაც შეუძლია თავისი წმინდა სულით ის მიმართულება მისცეს მმართველთა ფიქრებს, რაც მისი განზრახვის შესასრულებლადაა საჭირო. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები ღვთის ხალხის სასარგებლოდ იღებენ გადაწყვეტილებებს (შეადარეთ ეზრას 7:21, 25, 26).
14. საქმეების 12:5-ის თანახმად, ვისთვის შეგვიძლია ვილოცოთ?
14 ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა ვილოცოთ „მეფეებისთვის და ყველასთვის, ვისაც მაღალი მდგომარეობა უკავია“, რადგან მათ ხელეწიფებათ იმ გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებასა და მსახურებაზე ახდენს გავლენას (1 ტიმ. 2:1, 2; ნეემ. 1:11). პირველი საუკუნის ქრისტიანების მსგავსად, მხურვალედ უნდა ვილოცოთ პატიმრობაში მყოფი და-ძმებისთვის (წაიკითხეთ საქმეების 12:5; ებრ. 13:3). გარდა ამისა, ციხის იმ თანამშრომლებზეც უნდა ვილოცოთ, რომლებსაც ჩვენი და-ძმების მეთვალყურეობა ავალიათ. შეგვიძლია ლოცვაში იეჰოვას ვთხოვოთ, რომ გული მოულბოს ამ ადამიანებს, რათა ჩვენს დაპატიმრებულ თანამორწმუნეებს ისე მოეპყრონ, როგორც თავის დროზე იულიუსი მოეპყრო პავლეს (საქ. 27:3).
თანამორწმუნეებისგან მიღებული დახმარება
15, 16. როგორ დაეხმარა იეჰოვა პავლეს არისტარქესა და ლუკას მეშვეობით?
15 როგორ დაეხმარა იეჰოვა პავლეს? რომისკენ მიმავალ მოციქულს იეჰოვამ არაერთხელ აღმოუჩინა დახმარება თანაქრისტიანების მეშვეობით. განვიხილოთ ზოგიერთი მაგალითი.
16 პავლეს რომში ერთგული თანამსახურები, არისტარქე და ლუკა, გაჰყვნენ.b მის გვერდით რომ ყოფილიყვნენ, მათ სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდეს. თანაც, როგორც ჩანს, პავლესგან განსხვავებით იესო მათ არ დაჰპირებია, რომ რომში უსაფრთხოდ ჩააღწევდნენ. მხოლოდ მოგვიანებით, ამ სახიფათო მოგზაურობის დროს შეიტყვეს, რომ რომში უვნებლად ჩავიდოდნენ. ასე რომ, როცა პავლე არისტარქესა და ლუკას კესარეაში ხომალდზე დაინახავდა, უეჭველად გულმხურვალე ლოცვას წარმოთქვამდა და მადლობას შესწირავდა იეჰოვას ამ გაბედული თანამსახურებისთვის (საქ. 27:1, 2, 20—25).
17. როგორ დაეხმარა იეჰოვა პავლეს თანამორწმუნეების მეშვეობით?
17 მოგზაურობის დროს პავლემ არაერთხელ იგრძნო თანამორწმუნეების მზრუნველობა. როცა საპორტო ქალაქ სიდონს მიადგნენ, იულიუსმა პავლეს „მეგობრებთან წასვლის ნება დართო, რომ ეზრუნათ მასზე“. მოგვიანებით ქალაქ პუტეოლში პავლე და მისი თანამსახურები ძმებს შეხვდნენ, რომლებიც შეეხვეწნენ, შვიდი დღე დარჩენილიყვნენ მათთან. როცა პავლესა და მისი თანამსახურების მიმართ ეს თანაქრისტიანები სტუმართმოყვარეობას იჩენდნენ, თავის მხრივ, ალბათ, პავლეც უყვებოდა და-ძმებს გამამხნევებელ შემთხვევებს, რაც მათ დიდ სიხარულს მიანიჭებდა (შეადარეთ საქმეების 15:2, 3). ამ სტუმრობამ პავლესა და მის თანამსახურებს მოგზაურობის გასაგრძელებლად ძალა შემატა (საქ. 27:3; 28:13, 14).
18. რატომ შესწირა პავლემ ღმერთს მადლობა?
18 რომისკენ მიმავალ გზაზე პავლეს, ალბათ, ახსენდებოდა, რაც რომაელებს სამი წლის წინ მისწერა: „მრავალი წელია, თქვენთან მოსვლას ვნატრობ“ (რომ. 15:23). მაგრამ, რას წარმოიდგენდა, თუ იქ პატიმრის სტატუსით მოუწევდა ჩასვლა. როგორ გაახარებდა რომში ჩასულ პავლეს მის შესაგებებლად მისული ძმების დანახვა. „მათ დანახვაზე პავლემ ღმერთს მადლობა შესწირა და გამხნევდა“ (საქ. 28:15). მან ძმების თანდასწრებით გადაუხადა ღმერთს მადლობა, რადგან მიხვდა, რომ იეჰოვა თანამორწმუნეების მეშვეობით ეხმარებოდა.
19. პირველი პეტრეს 4:10-ის თანახმად, როგორ შეუძლია იეჰოვას გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანების დასახმარებლად გამოგვიყენოს?
19 ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ? ალბათ, თქვენს კრებაშიც არიან ისეთი და-ძმები, რომელთაც ჯანმრთელობის ან სხვა სახის პრობლემები ცხოვრებას ურთულებს. შესაძლოა ზოგმა ახლობელიც კი დაკარგა. თუ ვიცით, ვის რა უჭირს, შეგვიძლია იეჰოვას ვთხოვოთ, რომ მათ მიმართ სიყვარულისა და მზრუნველობის გამოვლენაში დაგვეხმაროს. შეიძლება სწორედ ჩვენი სიტყვები და საქმეები აღმოჩნდეს ის, რაც მათ იმ მომენტში სჭირდებათ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 4:10).c ჩვენ მიერ გაწეული დახმარება მათ კიდევ ერთხელ დაარწმუნებთ იეჰოვას დაპირების უტყუარობაში: „არასდროს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“. ეს თავის მხრივ ჩვენც მოგვანიჭებს სიხარულს.
20. რატომ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ „იეჰოვაა ჩემი შემწე“?
20 როგორც პავლესა და მის თანამსახურებს, ცხოვრება ზოგჯერ ჩვენც გვატეხს ქარტეხილებს. მაგრამ გვამხნევებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ჩვენ გვერდით არის. ის მხარს გვიჭერს იესოსა და ანგელოზების მეშვეობით. როცა საქმე მის განზრახვას ეხება, იეჰოვა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც იყენებს თავისი ხალხის დასახმარებლად. ბევრ ჩვენგანს საკუთარ თავზე არაერთხელ გამოგვიცდია, როგორ აღძრავს ის წმინდა სულით თავის მსახურებს ჩვენ დასახმარებლად. პავლეს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია სრული დამაჯერებლობით ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?!“ (ებრ. 13:6).
სიმღერა 38 ის გაგაძლიერებთ
a ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რა სამი საშუალებით დაეხმარა იეჰოვა პავლე მოციქულს სირთულეებთან გამკლავებაში. იმის განხილვა, თუ როგორ ეხმარებოდა იეჰოვა წარსულში თავის მსახურებს, ჩვენც განგვიმტკიცებს იმის რწმენას, რომ ცხოვრებისეული ქარტეხილების დროს ჩვენ გვერდით იქნება.
b არისტარქესა და ლუკას მანამდეც უმოგზაურიათ პავლესთან ერთად. ამ ერთგულ მამაკაცებს მოციქული რომში პატიმრობის დროსაც არ მიუტოვებიათ (საქ. 16:10—12; 20:4; კოლ. 4:10, 14).