პრაქტიკული წიგნი თანამედროვე ცხოვრებისთვის
წიგნები, რომლებიც სთავაზობს რჩევებს, ძალიან პოპულარულია დღევანდელ მსოფლიოში. მაგრამ მათთვის დამახასიათებელია მოძველება და ისინი მალე ექვემდებარებიან გადამუშავებას ან ადგილს უთმობენ სხვა წიგნებს. რა შეიძლება ითქვას ბიბლიაზე? მისი შედგენა 2000 წლის წინ დაასრულეს. მაგრამ მის თავდაპირველ ცნობას არასდროს დასჭირვებია გაუმჯობესება, ანუ თანამედროვე ყაიდაზე გადაკეთება. შეიძლება, რომ ამ წიგნში იყოს მოცემული პრაქტიკული ხელმძღვანელობა ჩვენი დღეებისთვის?
ზოგი ამბობს, რომ ეს შეუძლებელია. „არავინ გამოესარჩლება ქიმიის 1924 წელს გამოცემული სახელმძღვანელოს გამოყენებას დღევანდელ ქიმიის გაკვეთილებზე“, — დაწერა დ-რმა ელი ს. ჩეზენმა, როცა ხსნიდა, თუ რატომ ფიქრობს, რომ ბიბლია მოძველებულია1. ერთი შეხედვით, ეს გონივრული არგუმენტია. ბოლოს და ბოლოს, იმ დროიდან, რაც ბიბლია დაიწერა, ადამიანმა მრავალი რამ შეიცნო ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადამიანის ქცევის შესახებ. ამიტომ როგორ შეუძლია ასეთ ძველ წიგნს პასუხობდეს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნილებებს?
ყველა დროისთვის გამოსადეგი პრინციპები
თუმცა მართალია, რომ დრო იცვლება, მაგრამ ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებები იგივე რჩება. მთელი ისტორიის განმავლობაში ადამიანებს ჰქონდათ სიყვარულისა და თბილი გრძნობების მოთხოვნილება. მათ სურდათ ყოფილიყვნენ ბედნიერები და აზრიანად გაეტარებინათ ცხოვრება. მათ ესაჭიროებოდათ რჩევა-დარიგება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამკლავებოდნენ ეკონომიკურ სიძნელეებს, როგორ მიეღწიათ წარმატებისთვის ქორწინებაში და როგორ ჩაენერგათ თავიანთ შვილებში კარგი ზნეობრივი და ეთიკური ფასეულობები. ბიბლიაში მოცემულია ამ ძირითად მოთხოვნილებებთან დაკავშირებული რჩევები (ეკლესიასტე 3:12, 13; რომაელთა 12:10; კოლასელთა 3:18–21; 1 ტიმოთე 6:6-10).
ბიბლიის რჩევა-დარიგებებში აირეკლება ადამიანის ბუნების ღრმა ცოდნა. განიხილეთ მისი სპეციფიკური, ყველა დროისთვის გამოსადეგი პრინციპების რამდენიმე მაგალითი, რომლებიც თანამედროვე ცხოვრებისთვის პრაქტიკულია.
პრაქტიკული ხელმძღვანელობა ქორწინებისთვის
„გაეროს ქრონიკა“ იტყობინება, რომ ოჯახი „არის კაცობრიობის ორგანიზაციის უძველესი და უმთავრესი ერთეული; ყველაზე გადამწყვეტი კავშირი თაობებს შორის“. მაგრამ ეს „გადამწყვეტი კავშირი“ შემაშფოთებელი ტემპით ირღვევა. „ქრონიკა“ შენიშნავს: „დღევანდელ მსოფლიოში მრავალი ოჯახი ხვდება საშინელ პრობლემებს, რომლებიც ემუქრება მათი ფუნქციონირების უნარს და თვით გადარჩენას“2. რა რჩევას იძლევა ბიბლია ოჯახის გადასარჩენად?
პირველყოვლისა, ბიბლიაში მრავალი რამ არის ნათქვამი, თუ ქმრები და ცოლები როგორ უნდა მოეპყრონ ერთმანეთს. მაგალითად, ქმრებთან დაკავშირებით მასში ნათქვამია: „ისე უნდა უყვარდეთ მამაკაცებს თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეულები. ვისაც თავისი ცოლი უყვარს, მას საკუთარი თავი უყვარს. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ კვებავს და უვლის მას“ (ეფესელთა 5:28, 29). ცოლს ბიბლია ურჩევს, „ღრმა პატივისცემა ჰქონდეს ქმრისადმი“ (ეფესელთა 5:33, აქ).
ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ნიშნავს ასეთი ბიბლიური რჩევის გამოყენება. ქმარი, რომელსაც ‘საკუთარი სხეულივით’ უყვარს ცოლი, არ სძულს და არ არის მის მიმართ სასტიკი. ის არ სცემს მას და არც სიტყვიერ და ემოციურ შეურაცხყოფას აყენებს. პირიქით, ის მიაგებს მას ისეთივე პატივსა და ყურადღებას, როგორც საკუთარ თავს (1 პეტრე 3:7). ამიტომ მისი ცოლი ქორწინებაში თავს უსაფრთხოდ გრძნობს და გრძნობს, რომ ის უყვართ ოჯახში. ის ამგვარად თავის შვილებს კარგ მაგალითს აძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოეპყრონ ქალებს. მეორე მხრივ, ცოლი, რომელსაც აქვს „ღრმა პატივისცემა“ ქმრისადმი, არ შეურაცხყოფს მის ღირსებას გამუდმებული კრიტიკით ან დამცირებით. რადგანაც ცოლი პატივს სცემს მას, ქმარი გრძნობს, რომ მას ენდობიან, აფასებენ და აღიარებენ.
პრაქტიკულია თუ არა ასეთი რჩევა თანამედროვე მსოფლიოში? საინტერესოა ის ფაქტი, რომ დღეს ისინი, ვინც თავისი სპეციალობით ოჯახებს იკვლევენ ამავე დასკვნამდე მივიდნენ. ოჯახებისთვის რჩევათა პროგრამის ადმინისტრატორმა შენიშნა: „ჩემთვის ცნობილი ჯანსაღი ოჯახები ისინი არიან, რომლებშიც დედასა და მამას აქვთ მტკიცე, მოსიყვარულე კავშირი ურთიერთ შორის. . . ეს ძლიერი, მეტად მნიშვნელოვანი კავშირი, როგორც ჩანს, უსაფრთხოების გრძნობას უნერგავს ბავშვებს“3.
წლების მანძილზე ოჯახებისთვის ბიბლიის რჩევა ქორწინებასთან დაკავშირებით უფრო საიმედო აღმოჩნდა, ვიდრე კეთილმოსურნე მრჩევლების უთვალავი რჩევა-დარიგება. ბოლოსდაბოლოს, დიდი ხანი არაა, რაც მრავალი ექსპერტი ემხრობოდა გაყრას, როგორც სწრაფ და იოლ საშუალებას უსიამოვნო ქორწინებიდან თავდასაღწევად. დღეს მრავალი მათგანი მოუწოდებს ადამიანებს გაახანგრძლივონ თავიანთი ქორწინება, თუ, საერთოდ, ეს შესაძლებელია. მაგრამ ეს ცვლილება მხოლოდ იმის შემდეგ მოხდა, როცა უკვე დიდი ზარალი იქნა მიყენებული.
ამის საპირისპიროდ, ბიბლია იძლევა სანდო, გაწონასწორებულ რჩევას ქორწინების საკითხთან დაკავშირებით. მასში აღიარებულია, რომ ზოგ უკიდურეს მდგომარეობაში გაყრა დასაშვებია (მათე 19:9). ამავე დროს, ის განსჯის გაყრას, რომელიც არასერიოზული მიზეზების გამო ხდება (მალაქია 2:14-16). ის აგრეთვე განსჯის ცოლქმრულ ღალატს (ებრაელთა 13:4). ის ამბობს, რომ ქორწინებაში შედის ვალდებულება: „ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“a (დაბადება 2:24; მათე 19:5, 6).
ბიბლიის რჩევა-დარიგებები ქორწინებასთან დაკავშირებით ისევე დამაკმაყოფილებელია დღეს, როგორც იმ დროს, როცა ბიბლია დაიწერა. როცა მეუღლეები ერთმანეთს სიყვარულითა და პატივისცემით ეპყრობიან და ქორწინებას განიხილავენ როგორც განსაკუთრებულ კავშირს, უფრო მეტი შესაძლებლობაა, რომ ქორწინება გადარჩება — და მასთან ერთად ოჯახიც.
პრაქტიკული ხელმძღვანელობა მშობლებისთვის
რამდენიმე ათწლეულის წინ მრავალი მშობელი, ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული „სიახლეების შემომღები იდეებით“ წახალისებული, ფიქრობდა, რომ „აკრძალვა აკრძალულია“8. ისინი შიშობდნენ, რომ შეზღუდვების დადება ბავშვებს ტრავმასა და გულგატეხილობას მიაყენებდა. კეთილმოსურნე მრჩევლები ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებულ საკითხებში დაჟინებით მოითხოვდნენ მშობლებისგან, მორიდებოდნენ ყოველივეს, ბავშვებისთვის რბილი შეგონების მიცემის გარდა. მაგრამ ახლა მრავალი ასეთი სპეციალისტი ხელახლა განიხილავს დასჯის როლს, შეწუხებული მშობლები კი ეძებენ უფრო ნათელ გაგებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
ბიბლია კი ყოველთვის იძლეოდა ნათელ, გონივრულ რჩევა-დარიგებას ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით. დაახლოებით 2000 წლის წინათ მასში ითქვა: „მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). ბერძნული არსებითი სახელი, რომელიც ითარგმნა სიტყვით ‘დარიგება’, ნიშნავს „აღზრდას, მომზადებას ან სწავლებას“9. ბიბლია ამბობს, რომ ასეთი დარიგება ანუ სწავლება ცხადყოფს მშობლიურ სიყვარულს (იგავნი 13:24). ბავშვები ვითარდებიან ნათელი ზნეობრივი ხელმძღვანელობით და მათ უყალიბდებათ კარგისა და ცუდის გარჩევის უნარი. აღზრდა უჩვენებს მათ, რომ მათი მშობლები ზრუნავენ მათზე და იმაზე, თუ როგორ პიროვნებებად ყალიბდებიან.
მაგრამ მშობლის ძალაუფლება — „შეგონების კვერთხი“ — ბოროტად არასოდეს უნდა იქნეს გამოყენებულიb (იგავნი 22:15; 29:15). ბიბლია აფრთხილებს მშობლებს: „ნუ განარისხებთ [„გარდამეტებულად ნუ მისცემთ შენიშვნებს“, „ფილიპსის“ თარგმანი] თქვენს შვილებს, რათა არ დაეცნენ სულით“ (კოლასელთა 3:21, სსგ). მასში ისიც არის აღიარებული, რომ ფიზიკური დასჯა, ჩვეულებრივ, არ არის ყველაზე ეფექტური სწავლების მეთოდი. იგავნის 17:10 ამბობს: „გონიერზე დატუქსვა უფრო სჭრის, ვიდრე უმეცარზე ასი დარტყმა“. გარდა ამისა, ბიბლია რეკომენდაციას უწევს გამაფრთხილებელი ზომების მქონე შეგონებას. მეორე რჯულის 11:19-ში მშობლებს მოუწოდებენ, გამოიყენონ თავისუფალი დრო, რათა ჩაუნერგონ თავიანთ შვილებს ზნეობრივი ფასეულობები (იხილე ასევე მეორე რჯული 6:6, 7).
ბიბლიაში მოცემული ყველა დროისთვის გამოსადეგი რჩევა-დარიგება, რომელიც მშობლებს მიეცათ, ნათელია. შვილებს სჭირდებათ გამუდმებული და მოსიყვარულე აღზრდა. პრაქტიკული გამოცდილება ცხადყოფს, რომ ასეთი რჩევა მართლაც მოქმედიაc.
ხალხის დაყოფის გამომწვევი ბარიერების დაძლევა
დღეს ხალხი დაყოფილია რასობრივი, ეროვნული და ეთნიკური ბარიერებით. ასეთი ხელოვნური კედლები დღემდე უწყობს ხელს უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას ომებში მთელი მსოფლიო მასშტაბით. თუ ისტორიულ ფაქტებს დავუკვირდებით, იმის მომავალი პერსპექტივა, რომ სხვადასხვა რასისა და ეროვნების მამაკაცები და ქალები ერთმანეთს შეხედავენ და მოეპყრობიან როგორც თანასწორებს, უღიმღამოა. აფრიკის ერთი სახელმწიფო მოღვაწე ამბობს: „ამოცანის ამოხსნა ჩვენს გულებშია“ 11. მაგრამ ადამიანთა გულების შეცვლა იოლი არ არის. მიუხედავად ამისა, ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ აღწევს გულებამდე ბიბლიის ცნობა და როგორ უწყობს ხელს თანასწორობის თვალსაზრისის განვითარებას.
ბიბლიური სწავლება, რომ ღმერთმა „ერთიდან შექმნა ადამიანთა ყოველი მოდგმა“, გამორიცხავს რასობრივი აღმატებულობის ნებისმიერ იდეას (საქმეები 17:26). ის ცხადყოფს, რომ სინამდვილეში არის ერთი რასა — ადამიანთა რასა. შემდეგ ბიბლია მოგვიწოდებს, ‘მივბაძოთ ღმერთს’, რომლის შესახებაც ამბობს: „[ის] მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (ეფესელთა 5:1; საქმეები 10:34, 35). ეს შემეცნება გამაერთიანებელ გავლენას ახდენს მათზე, რომლებიც ბიბლიას სერიოზულ წიგნად თვლიან და რომლებიც მართლა ცდილობენ მისი სწავლებების თანახმად ცხოვრებას. ის უფრო ღრმად შედის ადამიანის გულში და ამსხვრევს ადამიანის მიერ შექმნილ ბარიერებს, რომლებიც ყოფენ ადამიანებს. განვიხილოთ ერთი მაგალითი.
იმ დროს, როცა ჰიტლერს მთელ ევროპაში ომი ჰქონდა გაჩაღებული, არსებობდა ქრისტიანთა ერთი ჯგუფი — იეჰოვას მოწმეები — რომლებიც მტკიცე უარს ამბობდნენ უდანაშაულო ადამიანების ამოხოცვაში მონაწილეობაზე. ისინი ‘არ აღმართავდნენ მახვილს’ მოყვასის წინააღმდეგ. მათ ეს პოზიცია იმიტომ დაიკავეს, რომ სურდათ ღვთის მოსაწონად მოქცეულიყვნენ (ესაია 2:3, 4; მიქა 4:3, 5). მათ ნამდვილად სწამდათ, რომ ბიბლიის სწავლება ასეთია: არც ერთი ეროვნება თუ რასა არ არის სხვაზე უკეთესი (გალატელთა 3:28). თავიანთი მშვიდობისმოყვარე პოზიციის გამო იეჰოვას მოწმეები ერთ-ერთი პირველი პატიმრები იყვნენ საკონცენტრაციო ბანაკებში (რომაელთა 12:18).
მაგრამ ასეთი პოზიცია ყველას არ დაუკავებია, ვინც აცხადებდა, რომ მისდევდა ბიბლიას. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან ცოტა ხნის შემდეგ მარტინ ნიმელერი, გერმანელი პროტესტანტი მღვდელი, წერდა: „ვისაც სურს ღმერთს დააბრალოს [ომები], მან არ იცის ან არ სურს იცოდეს ღვთის სიტყვა. . . ქრისტიანული ეკლესიები საუკუნეების განმავლობაში ისევ და ისევ თავს ნებას რთავდნენ, რომ ეკურთხებინათ ომები, ჯარები და იარაღი და. . . სრულიად არაქრისტიანულ ლოცვებს აღავლენდნენ ომში თავიანთი მტრების განადგურებაზე. ყოველივე ეს ჩვენი და ჩვენი მამების ბრალია და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ღვთის ბრალი. და ჩვენ, დღევანდელი ქრისტიანები, შერცხვენილები ვდგავართ ეგრეთ წოდებული სექტის წინაშე, სახელწოდებით ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარები [იეჰოვას მოწმეები], რომლებიც ასობით და ათასობით მიდიოდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში და იხოცებოდნენ [კიდეც], რადგან უარს ამბობდნენ ჯარში მსახურებასა და კაცის კვლაზე“12.
იეჰოვას მოწმეები დღემდე კარგად არიან ცნობილი თავიანთი საძმოთი, რომელიც აერთიანებს არაბებსა და ებრაელებს, ხორვატებსა და სერბებს, ჰუტუსა და ტუტსის. და მოწმეები მზადყოფნით აღიარებენ, რომ ერთიანობა შესაძლებელია არა იმიტომ, რომ ისინი სხვებზე უკეთესები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათ ამოქმედებს ბიბლიის ცნობის ძალა (1 თესალონიკელთა 2:13).
პრაქტიკული ხელმძღვანელობა, რომელიც ხელს უწყობს კარგ ფსიქიკურ ჯანმრთელობას
პიროვნების ფსიქიკური და ემოციური ჯანმრთელობა ხშირად ახდენს ზეგავლენას მის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. მაგალითად, მეცნიერულმა კვლევებმა დაადგინა სიბრაზის მავნე მოქმედება. „არსებული ფაქტების უმეტესობა ცხადყოფს, რომ ბრაზიან ადამიანებისთვის უფრო დიდი რისკი არსებობს, დაავადდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (აგრეთვე სხვა დაავადებებით) სხვადასხვა მიზეზის გამო, რაშიც შედის მეგობრების მცირე რაოდენობა, განრისხების დროს მომატებული ბიოლოგიური რეაქტიულობა და ჯანმრთელობისთვის საზიანო ჩვევების ნებაზე მიშვება“, — ამბობენ დ-რი რედფორდ უილიამსი, ქცევის კვლევითი განყოფილების დირექტორი დიუკის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, და მისი მეუღლე ვირჯინია უილიამსი თავიანთ წიგნში, სახელწოდებით „ბრაზი კლავს“ (Anger Kills)13.
ამგვარ მეცნიერულ კვლევებამდე ათასობით წლით ადრე ბიბლიამ მარტივი და გასაგები ენით დააკავშირა ჩვენი ემოციური მდგომარეობა ფიზიკურ ჯანმრთელობასთან: „მანუგეშებელი გული ხორცის სიცოცხლეა, შური კი ძვალთა ლპობაა“ (იგავნი 14:30; 17:22). ბიბლია ბრძნულ რჩევას იძლევა: „მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა“ და „გულისწყრომად ნუ იჩქარი“ (ფსალმუნი 36:8; ეკლესიასტე 7:9).
ბიბლია აგრეთვე შეიცავს ჭკვიანურ რჩევას მრისხანების დასაძლევად. მაგალითად, იგავნის 19:11-ში ნათქვამია: „გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა“. ებრაული სიტყვა, რომელიც აქ ნათარგმნია სიტყვა „გონიერით“, წარმოებულია ზმნისგან, რომელიც ყურადღებას ამახვილებს რაღაცის შესახებ „მიზეზის ცოდნაზე“14. „იფიქრე, სანამ გააკეთებდე“ — ბრძნული რჩევაა. უფრო შემწყნარებელი, განრისხებისკენ ნაკლებად მიდრეკილი რომ იყოს, პიროვნებას იმის მცდელობა დაეხმარება, რომ ჩაწვდეს სხვისი ლაპარაკისა თუ მოქმედების მიზეზებს (იგავნი 14:29).
კოლასელთა 3:13-ში მოცემულია კიდევ ერთი პრაქტიკული რჩევა: „შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს“. უმნიშვნელო გაღიზიანებები ცხოვრების ნაწილია. გამოთქმაში „შეიწყნარეთ ერთიმეორე“ ნაგულისხმევია ისეთი რამეების მოთმენა, რაც ჩვენ სხვებში არ მოგვწონს. „მიუტევეთ“ ნიშნავს, დააცხრო გულისწყრომა. ზოგჯერ ბრძნულია, დააცხრო სიმწრის გრძნობები იმის ნაცვლად, რომ გულში ჩაიდო ისინი; რისხვის გულში ჩამარხვა ჩვენ მხოლოდ ტვირთს დაგვიმძიმებს (იხილე ჩარჩო „პრაქტიკული ხელმძღვანელობა ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის“).
დღეს რჩევებისა და ხელმძღვანელობის მრავალი წყარო არსებობს. მაგრამ ბიბლია ჭეშმარიტად უნიკალურია. მისი რჩევა-დარიგებები მხოლოდ თეორია არ არის და არც ზიანის მომტანია ჩვენთვის. პირიქით, დამტკიცებულია, რომ მისი სიბრძნე არის ძალიან „სარწმუნო“ (ფსალმუნი 92:5, ძვო). ამასთანავე ბიბლიის რჩევები ყველა დროისთვის გამოსადეგია. თუმცა მისი დაწერა დასრულდა დაახლოებით 2000 წლის წინ, მისი სიტყვების გამოყენება დღესაც შეიძლება. და მათი გამოყენება ერთნაირი შედეგით შეგვიძლია მიუხედავად იმისა, თუ როგორი კანის ფერი გვაქვს და რომელ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ბიბლიის სიტყვებს აგრეთვე აქვს ძალა — უნარი, შეცვალოს ადამიანები უკეთესისკენ (ებრაელთა 4:12). ამ წიგნის კითხვასა და მისი პრინციპების გამოყენებას შეუძლია გააუმჯობესოს ჩვენი ცხოვრება.
[სქოლიოები]
a ებრაული სიტყვა „და·ვაქʹ“-ი, რომელიც აქ თარგმნილია სიტყვით „მიეწებება“, „გამოხატავს ვინმესკენ თბილი გრძნობებითა და ურყევი ერთგულებით ლტოლვის არსს“4. ბერძნულ ენაში სიტყვა, რომელიც მათეს 19:5-ში (აფ) თარგმნილია სიტყვით „მიეკრობა“, ახლოა თავისი მნიშვნელობით სიტყვებთან: „დაწებება“, „დაცემენტება“, „ერთმანეთთან მჭიდროდ შეკავშირება“5.
b ბიბლიურ დროში სიტყვა „კვერთხი“ (ებრაულად „შეʹვეტ“) ნიშნავდა „კეტს“ ანუ „კომბალს“, მაგალითად, ისეთს, როგორსაც მწყემსი იყენებს10. ამ კონტექსტში ძალაუფლების კვერთხი მოსიყვარულე ხელმძღვანელობას გულისხმობს და არა უხეშ სისასტიკეს (შეადარე ფსალმუნი 22:4).
c წიგნში „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“ (გამოცემულია ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება საგუშაგო კოშკის მიერ) იხილეთ თავები: „სიყრმიდანვე აღზარდე შენი შვილი“, „დაეხმარეთ მოზარდს განვითარებაში“, „არის თუ არა ურჩი ოჯახში?“ და „დაიცავი ოჯახი საზიანო გავლენებისგან“.
[ჩანართი 24 გვერდზე]
ბიბლია გვთავაზობს ნათელ, გონივრულ რჩევებს ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.
[ჩარჩო 23 გვერდზე]
ჯანსაღი ოჯახებისთვის დამახასიათებელი თვისებები
რამდენიმე წლის წინათ ერთ-ერთმა პედაგოგმა და სპეციალისტმა ოჯახების საკითხში ჩაატარა ფართო გამოკითხვა, რომლის დროსაც 500-ზე მეტ პროფესიონალს, რომლებიც რჩევებს აძლევენ ოჯახებს, სთხოვეს გამოეთქვათ თავიანთი აზრი „ჯანსაღი“ ოჯახებისთვის დამახასიათებელი თვისებების შესახებ. საინტერესოა, რომ ყველაზე ხშირად იხსენიებდნენ იმ თვისებებს, რომლებსაც ბიბლიამ დიდი ხნის წინათ გაუკეთა რეკომენდაცია.
სია იწყებოდა ურთიერთობის კარგი ჩვევებით, რომლებშიც შედიოდა აზრთა სხვაობის შეთავსების ეფექტური მეთოდები. ჯანსაღ ოჯახებში ჩვეულებრივ მოქმედებად ჩაითვალა ის, რომ „არავინ მიდის დასაწოლად სხვაზე გაბრაზებული“, — შენიშნა გამოკითხვის ავტორმა6. მაგრამ 1900-ზე მეტი წლის წინ ბიბლია ურჩევდა: „განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“ (ეფესელთა 4:26). ბიბლიურ დროში დღის ათვლა მზის ჩასვლით იწყებოდა. ასე რომ, დიდი ხნით ადრე, სანამ თანამედროვე სპეციალისტები გამოიკვლევდნენ ოჯახებს, ბიბლია იძლეოდა ბრძნულ რჩევას: დაუყოვნებლივ მოაგვარეთ განხეთქილებების გამომწვევი საკითხები — სანამ დღე დამთავრდებოდეს და მომდევნო დაიწყებოდეს.
ავტორმა აღმოაჩინა, რომ ჯანსაღი ოჯახები „არ იწყებენ აფეთქების პოტენციურად გამომწვევ საკითხებზე საუბარს, როცა სახლიდან გადიან ან დასაძინებლად მიდიან“. „გამუდმებით მესმოდა ფრაზა ‘შესაფერის დროს’“7. ასეთი ოჯახები თავისდა უნებურად ეხმაურებიან ბიბლიურ იგავს, რომელიც 2700-ზე მეტი წლის წინ დაიწერა: „მოსწრებული სიტყვა მოვერცხლილი ოქროს ვაშლებია“ (იგავნი 15:23; 25:11). ამ შედარებაში, შესაძლოა, ნაგულისხმევია ჩუქურთმიან ვერცხლის ლანგრებზე დადებული ვაშლების ფორმის ოქროს ორნამენტები — ბიბლიურ დროში ეს ძვირფასი და მშვენიერი საკუთრება იყო. ამით გადმოცემულია სათანადო დროს წარმოთქმული სიტყვების სილამაზე და ფასი. დაძაბულ ვითარებებში თავის დროზე წარმოთქმული დროული სიტყვები ძვირფასია (იგავნი 10:19).
[ჩარჩო 26 გვერდზე]
პრაქტიკული ხელმძღვანელობა ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის
„ძრწოდეთ და ნუ შესცოდავთ, გულში იზრახეთ თქვენს საწოლებში და იყუჩეთ“ (ფსალმუნი 4:5). თავი რომ აარიდო ემოციურ დაპირისპირებას, მრავალ შემთხვევაში შეიძლება ბრძნული იყოს, უმნიშვნელო წყენინებების დროს თავი შეიკავო რამის თქმისგან.
„გესლიანი ენა მახვილივით ჩხვლეტს, ბრძენკაცის ენა კი მკურნალია“ (იგავნი 12:18). იფიქრე, სანამ რამეს იტყოდე. დაუფიქრებელ სიტყვებს შეუძლია სხვებისთვის ჭრილობის მიყენება და მეგობრობის დანგრევა.
„მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს, საწყენი სიტყვა კი რისხვას იწვევს“ (იგავნი 15:1). მშვიდი პასუხი რომ გასცე, თავშეკავებაა საჭირო, მაგრამ ასეთ მოქმედებას ხშირად მინიმუმამდე დაჰყავს პრობლემები და ხელს უწყობს მშვიდობიან ურთიერთობებს.
„დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა“ (იგავნი 17:14). ჯობია მოსცილდე აფეთქების გამომწვევ სიტუაციას, სანამ აფეთქდებოდე.
„გულისწყრომად ნუ იჩქარი, რადგან გულისწყრომა უგუნურთა მკერდში ბუდობს“ (ეკლესიასტე 7:9). მოქმედებებს ხშირად ემოციები უსწრებს. პიროვნება, რომელიც სწრაფად განაწყენდება ბრიყვია, რადგან მისმა მოქმედებამ შეიძლება მიიყვანოს წინდაუხედავ სიტყვებსა და საქციელამდე.
[სურათი 25 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები ერთ-ერთი პირველი პატიმრები იყვნენ საკონცენტრაციო ბანაკებში.