ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 8
„ახალისებს გულს“ თქვენი რჩევა?
„ზეთი და საკმეველიც ახალისებს გულს და გულწრფელი რჩევის მომცემი კარგი მეგობარიც“ (ᲘᲒᲐᲕ. 27:9).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 102 „დაეხმარეთ უძლურებს“
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
1, 2. რა ისწავლა ერთმა ძმამ საკუთარი გამოცდილებიდან?
ᲬᲚᲔᲑᲘᲡ წინ ორმა უხუცესმა მოინახულა და, რომელიც კრების შეხვედრებს აცდენდა. ერთ-ერთმა მათგანმა ამ დას არაერთი მუხლი წაუკითხა, რომლებიც კრების შეხვედრაზე დასწრების აუცილებლობას ეხებოდა. ეს ძმა ფიქრობდა, რომ მათმა სტუმრობამ მიზანს მიაღწია, მაგრამ წამოსვლისას ამ დამ ასეთი სიტყვები უთხრა: „ძმებო, თქვენ ვერც კი ხვდებით, მე რისი ატანა მიწევს“. ძმებმა ისე დაუწყეს მას რჩევა-დარიგება, რომ არც კი დაინტერესებულან მისი პრობლემებით. ამიტომ მათი სიტყვები ამ დამ გულთან ვერ მიიტანა.
2 ძმა, რომელიც საუბარში აქტიურობდა, ასე იხსენებს ამ შემთხვევას: „მაშინ ამ დას ეს სიტყვები უპატივცემულობაში ჩავუთვალე. მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ ჯობდა, შესაბამისი ბიბლიური მუხლების წაკითხვის ნაცვლად შესაბამისი კითხვები დამესვა. მაგალითად, რამე ხომ არ გიჭირს? რით შემიძლია დაგეხმარო?“. ეს შემთხვევა ამ ძმისთვის კარგი გაკვეთილი აღმოჩნდა. დღეს ის თანამგრძნობი და გულისხმიერი უხუცესია.
3. ვისგან შეიძლება მივიღოთ რჩევა კრებაში?
3 ჩვეულებრივ, კრებაში ვინმესთვის რჩევის მიცემა უხუცესებს ევალებათ. თუმცა ეს მხოლოდ მათი პასუხისმგებლობა როდია. მაგალითად, ნებისმიერ დას ან ძმას შეუძლია ბიბლიაზე დაფუძნებული რჩევა მისცეს თავის მეგობარს (ფსალმ. 141:5; იგავ. 25:12). ასაკოვან დებს შეუძლიათ დაარიგონ ახალგაზრდა დები იმ საკითხებში, რომლებიც მოხსენიებულია ტიტეს 2:3—5-ში. მშობლებსაც ხშირად უწევთ შვილებისთვის რჩევა-დარიგების მიცემა. მართალია, ეს სტატია ძირითადად უხუცესებს ეხება, მაგრამ ყველას დაგვეხმარება, ვისწავლოთ, ისე მივცეთ სხვებს რჩევა, რომ პრაქტიკულიც იყოს და წამახალისებელიც (იგავ. 27:9).
4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
4 ამ სტატიაში ვუპასუხებთ ოთხ კითხვას: 1) რა მოტივი უნდა ამოძრავებდეს რჩევის მიმცემს? 2) ყოველთვის ღირს რჩევის მიცემა? 3) ვინ უნდა მისცეს რჩევა? 4) რა შემთხვევაში მიაღწევს რჩევა მიზანს?
ᲠᲐ ᲛᲝᲢᲘᲕᲘ ᲣᲜᲓᲐ ᲐᲛᲝᲫᲠᲐᲕᲔᲑᲓᲔᲡ ᲠᲩᲔᲕᲘᲡ ᲛᲘᲛᲪᲔᲛᲡ?
5. როგორ შეუძლია უხუცესს გაუადვილოს თანაქრისტიანს რჩევის მიღება? (1 კორინთელები 13:4, 7).
5 უხუცესებს უყვართ და-ძმები. ამიტომაც აძლევენ რჩევებს მათ, ვინც მცდარ ნაბიჯს დგამს (გალ. 6:1). მაგრამ, სანამ უხუცესი რამის თქმას გადაწყვეტს, კარგი იქნება, თუ დაფიქრდება სიყვარულის იმ მხარეებზე, რომლებიც პავლემ მოიხსენია: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია . . . ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს“ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 13:4, 7). ამ მუხლებზე დაფიქრება დაეხმარება უხუცესს, სწორი მოტივითა და განწყობით მისცეს რჩევა თანაქრისტიანს. თუ ადამიანი გრძნობს, რომ უხუცესს გულწრფელად აღელვებს მისი მდგომარეობა, დიდი ალბათობით მიიღებს მის რჩევას (რომ. 12:10).
6. რა მხრივ არის პავლე სამაგალითო?
6 ამ მხრივ მოციქული პავლე სამაგალითო უხუცესი იყო. მან უკან არ დაიხია და თესალონიკელ ქრისტიანებს საჭირო რჩევები მისცა. მათთვის მიწერილ წერილებში პავლემ თავიდან შეაქო ისინი სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის და მოთმინებისთვის. მან აღნიშნა, რომ კარგად იცოდა, როგორ უძლებდნენ დევნასა და გასაჭირს და ისიც უთხრა, რომ სამაგალითონი იყვნენ სხვა ქრისტიანებისთვის (1 თეს. 1:3, 8, 9; 2 თეს. 1:4). ეჭვგარეშეა, მათ ძალიან ესიამოვნებოდათ ამ თბილი სიტყვების მოსმენა. აშკარა იყო, რომ პავლეს ძალიან უყვარდა თანაქრისტიანები. ამიტომაც შეძლო თავის ორივე წერილში თესალონიკელი ქრისტიანებისთვის სასარგებლო რჩევების მიცემა (1 თეს. 4:1, 3—5, 11; 2 თეს. 3:11, 12).
7. რამ შეიძლება ზოგს ხელი შეუშალოს რჩევის მიღებაში?
7 რა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს არასათანადოდ მიცემულ რჩევას? აი, რას ამბობს ერთი გამოცდილი უხუცესი: „ზოგი იმიტომ კი არ ხვდება რჩევას კრიტიკულად, რომ რჩევაა ცუდი, არამედ იმიტომ, რომ სიყვარულს ვერ გრძნობს რჩევის მიმცემისგან“. რაზე გვაფიქრებს ეს? გაცილებით ადვილია რჩევის მიღება, როცა რჩევის მიმცემს სიყვარული ალაპარაკებს და არა — გაღიზიანება.
ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲦᲘᲠᲡ ᲠᲩᲔᲕᲘᲡ ᲛᲘᲪᲔᲛᲐ?
8. რაზე უნდა დაფიქრდეს უხუცესი ვინმესთვის რჩევის მიცემამდე?
8 უხუცესებმა ნაჩქარევად არ უნდა მისცენ ვინმეს რჩევა. უხუცესი წინასწარ უნდა დაფიქრდეს შემდეგ კითხვებზე: „მართლა საჭიროა რჩევის მიცემა? რამეს აშავებს ეს ადამიანი? არღვევს ბიბლიურ მითითებას თუ ეს უფრო გემოვნების საკითხია?“. უხუცესები ფრთხილობენ, რომ დაუფიქრებლად არ ილაპარაკონ (იგავ. 29:20). თუ უხუცესი დარწმუნებული არ არის, ღირს თუ არა რჩევის მიცემა, შეუძლია სხვა უხუცესთან ერთად იმსჯელოს, არღვევს თუ არა ეს ადამიანი ბიბლიურ პრინციპს (2 ტიმ. 3:16, 17).
9. რა უნდა გაითვალისწინონ უხუცესებმა, სანამ თანაქრისტიანს რჩევას მისცემენ ჩაცმულობასთან დაკავშირებით? (1 ტიმოთე 2:9, 10).
9 დავუშვათ, უხუცესს აფიქრებს, რამდენად მისაღებია რომელიმე თანაქრისტიანის ჩაცმულობის სტილი. სანამ რამეს ეტყვის, ის უნდა დაფიქრდეს, აქვს თუ არა ბიბლიური საფუძველი რჩევის მისაცემად. სიტუაციის ობიექტურად შეფასებისთვის კარგი იქნება, თუ რომელიმე უხუცესის ან მოწიფული მაუწყებლის აზრსაც გაიგებს. მათ შეუძლიათ ერთად იმსჯელონ იმაზე, რაც პავლემ ამ საკითხზე დაწერა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 2:9, 10). პავლემ ზოგადი პრინციპები მოიხსენია. კერძოდ ის, რომ ქრისტიანის ჩაცმულობა უნდა იყოს მოკრძალებული, წესიერი და გონივრულად შერჩეული. მას არ დაუკონკრეტებია, რა უნდა ჩაიცვას ქრისტიანმა და რა — არა. პავლეს ესმოდა, რომ თითოეულ ქრისტიანს შეუძლია ინდივიდუალური სტილი ჰქონდეს, რომელიც ბიბლიურ პრინციპებს არ არღვევს. რჩევის მიცემამდე უხუცესები უნდა დაფიქრდნენ, ირღვევა თუ არა პავლეს მიერ ჩამოყალიბებული პრინციპები.
10. რა უნდა გვახსოვდეს, როცა საქმე არჩევანის გაკეთებაზე მიდგება?
10 ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ორმა მოწიფულმა ქრისტიანმა შეიძლება სრულიად განსხვავებული, მაგრამ, ამავე დროს, მისაღები არჩევანი გააკეთოს. ამიტომ თანაქრისტიანებს პირადი შეხედულებები არ უნდა მოვახვიოთ თავს (რომ. 14:10).
ᲕᲘᲜ ᲣᲜᲓᲐ ᲛᲘᲡᲪᲔᲡ ᲠᲩᲔᲕᲐ?
11, 12. რაზე უნდა დაფიქრდეს რჩევის მიცემამდე უხუცესი და რატომ?
11 თუ გადაწყდა, რომ თანაქრისტიანს რჩევა სჭირდება, უნდა განისაზღვროს, ვინ უნდა მისცეს რჩევა. თუ რჩევა გათხოვილ დას ან არასრულწლოვანს სჭირდება, უხუცესი ჯერ ოჯახისთავს უნდა გაესაუბროს, რომელმაც შეიძლება არჩიოს, თავად დაელაპარაკოს ცოლს ან შვილს.b შეიძლება ოჯახისთავმა გადაწყვიტოს, რომ უხუცესმა მისი თანდასწრებით მისცეს მისი ოჯახის წევრს რჩევა. ზოგ შემთხვევაში კი, როგორც მე-3 აბზაცში იყო აღნიშნული, უკეთესია, თუ ახალგაზრდა დას უფროსი ასაკის და მისცემს რჩევას.
12 გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორიც: ვისგან გაუადვილდება თანაქრისტიანს რჩევის მიღება. მაგალითად, მას, ვისაც დაბალი თვითშეფასება აქვს, შეიძლება გაუადვილდეს რჩევის მიღება იმ უხუცესისგან, რომელსაც მსგავსი პრობლემა ჰქონდა. ასეთი უხუცესი უკეთ გაუგებს მას და საჭირო სიტყვებსაც უფრო ადვილად შეარჩევს. თუმცა ყველა უხუცესის პასუხისმგებლობაა, რომ გაამხნეოს და-ძმები და საჭირო ცვლილებებისკენ უბიძგოს. მთავარია, ვინმემ აუცილებლად მისცეს რჩევა მას, ვისაც ეს სჭირდება.
ᲠᲐ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ ᲛᲘᲐᲦᲬᲔᲕᲡ ᲠᲩᲔᲕᲐ ᲛᲘᲖᲐᲜᲡ?
13, 14. რატომაა მოსმენა ძალიან მნიშვნელოვანი?
13 გულისყურით მოუსმინეთ. სანამ რჩევას მისცემს თანაქრისტიანს, უხუცესი უნდა დაფიქრდეს, კარგად იცის თუ არა მისი მდგომარეობა, რა პრობლემებს ხვდება და რა სჭირდება ყველაზე მეტად.
14 იაკობის 1:19-ში ჩაწერილი პრინციპი უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც რჩევის მიცემას აპირებს. იაკობი წერდა: „თითოეული მზად იყოს მოსასმენად და ნუ იჩქარებს რამის თქმას ან გაბრაზებას“. შეიძლება უხუცესს ჰგონია, რომ ყველა დეტალი იცის. მაგრამ კარგი იქნება, თუ გაითვალისწინებს იგავების 18:13-ში ჩაწერილ პრინციპს: „მოსმენამდე პასუხის გაცემა უგუნურებაა და თავის დამცირება“. უმჯობესია, თუ დეტალებს იმასთან გაარკვევს, ვისთვისაც რჩევის მიცემას აპირებს. ასე რომ, სანამ რამეს ეტყვის, ჯერ უნდა მოუსმინოს. ალბათ გახსოვთ შესავალში მოხსენიებული უხუცესი. ის მიხვდა, რომ წინასწარ მომზადებული მუხლებით კი არ უნდა დაეწყო ლაპარაკი, არამედ ჯერ უნდა ეკითხა ამ დისთვის: „რამე ხომ არ გიჭირს? რით შემიძლია დაგეხმარო?“. უხუცესი იმ შემთხვევაში შეძლებს და-ძმების გამხნევებას და დახმარებას, თუ კარგადაა გარკვეული მათ მდგომარეობაში.
15. როგორ ეხებათ უხუცესებს იგავების 27:23-ში ჩაწერილი პრინციპი?
15 კარგად გაიცანით და-ძმები. როგორც შესავალში აღვნიშნეთ, რჩევამ მიზანს რომ მიაღწიოს, არ კმარა, მხოლოდ რამდენიმე მუხლი წავიკითხოთ და პატარა ახსნა-განმარტება მოვაყოლოთ. უხუცესებმა უნდა აგრძნობინონ და-ძმებს, რომ გულწრფელად ზრუნავენ მათზე და მათი დახმარება სურთ (წაიკითხეთ იგავების 27:23). უხუცესები უნდა ცდილობდნენ, შეძლებისდაგვარად ყველას დაუმეგობრდნენ კრებაში.
16. რა შემთხვევაში იქნება უხუცესის რჩევა მისაღები?
16 უხუცესებმა არ უნდა შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს და-ძმებთან მხოლოდ მაშინ ურთიერთობენ, როცა რჩევაა მისაცემი. ისინი ცდილობენ, ხშირად გამოელაპარაკონ და-ძმებს და დაინტერესდნენ, რა უჭირთ და რა ულხინთ. ამ აზრს იზიარებს ერთი გამოცდილი უხუცესიც. ის ამბობს: „თუ ასე მოიქცევი, და-ძმებს დაუახლოვდები და სამომავლოდ არც რჩევის მიცემა გაგიჭირდება“. არც და-ძმებს გაუჭირდებათ ასეთი უხუცესისგან რჩევის მიღება.
17. განსაკუთრებით როდის მართებს უხუცესს მოთმინება და გულისხმიერება?
17 იყავით მომთმენი და გულისხმიერი. უხუცესს განსაკუთრებით მაშინ მართებს მოთმინება და გულისხმიერება, როცა ის, ვისაც ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას აძლევს, ყურს არ უგდებს მას. უხუცესმა უნდა იფრთხილოს, რომ ასეთ სიტუაციებში არ გაღიზიანდეს. იესოზე ნაწინასწარმეტყველები იყო: „გადატეხილ ლერწამს არ მოტეხს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩააქრობს“ (მათ. 12:20). უხუცესს შეუძლია სთხოვოს იეჰოვას, დაეხმაროს ამ თანაქრისტიანს, დაინახოს რჩევის ფასი და გამოიყენოს. შეიძლება მას მეტი დრო სჭირდება იმისთვის, რომ უხუცესის ნათქვამი გაიაზროს. თუ უხუცესი მოთმინებით და გულისხმიერებით აძლევს და-ძმებს რჩევას, მეტია იმის ალბათობა, რომ მის ნათქვამს ყურს ათხოვებენ. და რაც მთავარია, რასაც მათ ურჩევს, ყოველთვის ღვთის სიტყვაზე უნდა დააფუძნოს.
18. ა) რა უნდა გვახსოვდეს? ბ) სავარაუდოდ, რაზე მსჯელობენ მშობლები ჩარჩოში მოცემულ სურათზე?
18 ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე. „ჩვენ ყველანი ხშირად ვცდებით“, ამიტომ ამ სტატიაში განხილულ რჩევებსაც იდეალურად ვერ გავითვალისწინებთ (იაკ. 3:2). მთავარია, შეგვეძლოს საკუთარ შეცდომებზე სწავლა. თუ და-ძმები ჩვენგან სიყვარულს იგრძნობენ, უფრო ადვილად გვაპატიებენ მაშინ, როცა შემთხვევით რამით ვაწყენინებთ (იხილეთ ჩარჩო „მშობლების საყურადღებოდ“).
ᲠᲐ ᲕᲘᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗ?
19. რა შემთხვევაში გაუხალისებს გულს ჩვენი რჩევა და-ძმებს?
19 როგორც დავინახეთ, რჩევის მიცემა იოლი საქმე არაა. ყველას რაღაც გვეშლება, ჩვენც და მათაც, ვისაც რჩევას ვაძლევთ. ამიტომ გაითვალისწინეთ ამ სტატიაში განხილული პრინციპები. დაფიქრდით, რა მოტივით აძლევთ რჩევას. ჯერ ის გაარკვიეთ, ღირს კი საერთოდ რჩევის მიცემა და თუ ღირს, ვისგან იქნება ის უფრო მისაღები. სანამ ვინმეს რამეს ურჩევთ, ჯერ კითხვები დაუსვით და გულისყურით მოუსმინეთ, რომ ბოლომდე გაერკვეთ მის მდგომარეობაში. ეცადეთ, მისი თვალით შეხედოთ სიტუაციას. იყავით გულისხმიერი და დაუახლოვდით და-ძმებს. გახსოვდეთ, რჩევა იმ შემთხვევაში მიაღწევს მიზანს, თუ ის მოქმედებისკენაც აღძრავს და გულსაც გაახალისებს (იგავ. 27:9).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 103 მწყემსები — ძღვენი ადამიანთა სახით
a რჩევის მიცემა ადვილი საქმე არ არის. როგორ უნდა მივცეთ რჩევა სხვას ისე, რომ მოქმედებისკენაც აღვძრათ და გულიც გავუხალისოთ? ეს სტატია განსაკუთრებით უხუცესებს დაეხმარება, ისე მისცენ და-ძმებს რჩევა, რომ მათ გულთან ახლოს მიიტანონ.
b იხილეთ 2021 წლის თებერვლის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „მეთაურობის პრინციპი კრებაში“.