ბიბლიის თვალსაზრისი
რა ხდება სიკვდილის დროს?
ღვთის შვილები, ადამიანები, არ უნდა მომკვდარიყვნენ (რომაელები 8:20, 21). როდესაც იეჰოვა პირველად ელაპარაკა ადამს სიკვდილზე, მას არ უთქვამს, რომ სიკვდილი მათთვის ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, არამედ უთხრა, რომ ეს იქნებოდა ღვთის სასჯელი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში (დაბადება 2:17). ადამმა იცოდა, თუ რა იყო სიკვდილი, რადგან ხედავდა, რომ ცხოველები კვდებოდნენ.
ადამმა შესცოდა და ეს ძვირადაც დაუჯდა — ის 930 წლის ასაკში მოკვდა (დაბადება 5:5; რომაელები 6:23). დაუმორჩილებლობის გამო ის აღარ მიეკუთვნებოდა ღვთის ოჯახს და ამიტომ ღვთის შვილადაც აღარ იწოდებოდა (კანონი 32:5). ბიბლიაში ნათქვამია, თუ რა სამწუხარო შედეგები მოუტანა ამან კაცობრიობას: „ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე“ (რომაელები 5:12).
რა ემართება ჩვენს ფიქრებს?
ბიბლიაში ასევე ნათქვამია: „ადამიანთა მოდგმის ბოლო და ცხოველების ბოლო ერთი და იგივეა. როგორც ერთი კვდება, ისე კვდება მეორეც; ყველას ერთი სული აქვს, ასე რომ, ადამიანი ცხოველზე ვერაფრით უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. ყველა ერთ ადგილას მიდის; მტვრისგან არიან შექმნილნი და მტვერსვე უბრუნდებიან“ (ეკლესიასტე 3:19, 20). რას ნიშნავს, რომ ადამიანი მტვერს უბრუნდება?
გამოთქმა „მტვერსვე უბრუნდება“ შეგვახსენებს პირველი ადამიანის მიმართ ნათქვამ ღვთის სიტყვებს: „მტვერი ხარ და მტვრადვე იქცევი“ (დაბადება 3:19). ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოველების მსგავსად ადამიანებიც ფიზიკური ქმნილებები არიან. ჩვენ არა გვაქვს სული, რომელიც უბრალოდ სხეულში მკვიდრობს. როცა სხეული კვდება, ფიქრის უნარს ვკარგავთ. ადამიანზე, რომელიც კვდება, ბიბლია ამბობს: „ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:4).
მაშ, რა მდგომარეობაში იმყოფებიან მკვდრები? ღვთის სიტყვა გასაგებად პასუხობს ამ კითხვას: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან“ (ეკლესიასტე 9:5). ნაცვლად იმისა, რომ სიკვდილი უკეთესი ცხოვრების საწინდარი იყოს, ბიბლიაში მას „უკანასკნელი მტერი“ ეწოდება, რადგან სიკვდილი ადამიანს ყველანაირი მოქმედების უნარს ართმევს (1 კორინთელები 15:26; ეკლესიასტე 9:10). ნიშნავს ეს იმას, რომ გარდაცვლილთათვის არანაირი იმედი აღარ არსებობს?
სასიხარულო ცნობა გარდაცვლილებთან დაკავშირებით
მილიონობით გარდაცვლილი ადამიანისთვის სიკვდილი ძილის მსგავსი მდგომარეობაა, რომლისგანაც ისინი გამოიღვიძებენ. ერთხელ იესომ თავის მოწაფეებს გარდაცვლილი მეგობრის შესახებ უთხრა: „ჩვენმა მეგობარმა ლაზარემ დაიძინა, მე მის გასაღვიძებლად მივდივარ“. სამარხისკენ მიმავალ იესოს გზად მომტირალი ხალხი შეხვდა. როდესაც სამარხთან მივიდა, მან ლოდი მოაშორებინა და დაიძახა: „ლაზარე, გამოდი!“ ოთხი დღის მკვდარი ლაზარე გამოვიდა (იოანე 11:11—14, 39, 43, 44). ლაზარეს სხეული უკვე იხრწნებოდა, მაგრამ იესომ აჩვენა, რომ ღმერთს ყველაფერი ახსოვს მკვდრების შესახებ — მათი პიროვნული თვისებები, აზროვნება და გარეგნობა. მას შეუძლია კვლავ დაუბრუნოს სიცოცხლე გარდაცვლილებს. სხვა შემთხვევაში იესომ თქვა: „მოდის საათი, როცა ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის [იესოს] ხმას მოისმენენ და გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29).
ამ სასიხარულო ცნობის შესახებ ბიბლიის კიდევ ერთ ადგილას ნათქვამია: „უკანასკნელი მტერი, რომელსაც ბოლო მოეღება, სიკვდილია“ (1 კორინთელები 15:26). დარდით გულმოკლული ადამიანები აღარასოდეს დამარხავენ თავიანთ საყვარელ ახლობლებს. ბიბლიაში ნათქვამია: „აღარ იქნება სიკვდილი“ (გამოცხადება 21:4). განა მანუგეშებელი არ არის ბიბლიის თვალსაზრისი იმაზე, თუ რა ხდება სიკვდილის დროს?
გიფიქრიათ?
◼ იციან რამე მკვდრებმა? (ეკლესიასტე 9:5).
◼ არსებობს რაიმე იმედი გარდაცვლილთათვის? (იოანე 5:28, 29).
[ჩანართი 29 გვერდზე]
„ამოსდის სული, თვითონ კი უბრუნდება მიწას, იმ დღეს ქრება მისი ფიქრები“ (ფსალმუნი 146:4)