განავითარე მადლიერების სული
ერთმა ნიუ-იორკის შტატში მცხოვრებმა ექიმმა მერი სიკვდილს გადაარჩინა. მიუხედავად ამისა, ამ 50 წლის ქალს არც მადლობა უთქვამს ექიმისთვის და არც გადასახადი გადაუხდია. უმადურობის რა ტიპიური მაგალითია, არა?
ბიბლია მოგვითხრობს, რომ ერთხელ, როდესაც იესო ერთ სოფელში შედიოდა, საშინელი ავადმყოფობით, კეთრით, დაავადებულ ათ მამაკაცს გადაეყარა. მის დანახვაზე ამ მამაკაცებმა ხმამაღალი ყვირილი მორთეს: „შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!“ იესომ უბრძანა: „წადით, ეჩვენეთ მღვდლებს“. კეთროვნები დაემორჩილნენ მის მითითებას და ჯერ კიდევ გზაში იყვნენ, როდესაც დაინახეს და იგრძნეს, რომ დაავადებისგან იკურნებოდნენ.
ცხრა განკურნებულმა კეთროვანმა გზა განაგრძო. მაგრამ ერთი, სამარიელი, იესოს მოსაძებნად მობრუნდა. ყოფილმა კეთროვანმა განადიდა ღმერთი და, როგორც კი იესო იპოვა, მის ფეხებთან დაემხო და მადლი შესწირა. პასუხად იესომ უთხრა „ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრანი სადღა არიან? როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“ (ლუკა 17:11-19).
რამდენად მნიშვნელოვანი აზრია ჩადებული კითხვაში: „ცხრანი სადღა არიან?“ მერის მსგავსად, ცხრა კეთროვანმა სერიოზული შეცდომა დაუშვა — არ გამოავლინა მადლიერება. ასეთი უმადურობა დღეს ფართოდაა გავრცელებული. რა არის ამის მიზეზი?
უმადურობის მთავარი მიზეზი
უმადურობას ძირითადად ეგოისტობა იწვევს. განვიხილოთ ჩვენი პირველი ხორციელი მშობლების, ადამისა და ევას, შემთხვევა. იეჰოვამ ისინი ღვთისმოსაწონი თვისებებით შექმნა და მისცა ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის იყო საჭირო: საცხოვრებლად შესანიშნავი ბაღი, სრულყოფილი გარემო, მნიშვნელოვანი და დამაკმაყოფილებელი სამუშაო (დაბადება 1:26–29; 2:16, 17). მაგრამ, როდესაც სატანამ ამ წყვილს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებისკენ უბიძგა, მათ დაუმორჩილებლობა გამოავლინეს, რაც იეჰოვას კეთილმყოფელობაზე უპატივცემლობით გამოხმაურება იყო (დაბადება 3:1–5; გამოცხადება 12:9).
განვიხილოთ აგრეთვე ძველი ისრაელის შემთხვევა, ისრაელისა, რომელიც ღმერთმა თავის განსაკუთრებულ ხალხად აირჩია. რამდენად მადლიერები უნდა ყოფილიყვნენ ისრაელი მშობლები ძვ. წ. 1513 წლის 14 ნისანს! იმ მნიშვნელოვან ღამეს, ღვთის ანგელოზმა მოაკვდინა ‘ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში’, მაგრამ გვერდი აუარა ისრაელთა სათანადო ნიშანდადებულ სახლებს (გამოსვლა 12:12, 21–24, 30). წითელ ზღვასთან, ფარაონის ჯარისგან თავდახსნის შემდეგ მადლიერებით სავსე გულით ‘უმღერეს მოსემ და ისრაელებმა უფალს’ (გამოსვლა 14:19–28; 15:1–21).
მიუხედავად ამისა, ეგვიპტიდან გამოსვლის მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ „დრტვინვიდა ყოველი კრებული ძეთა ისრაელისათა“. რა მალე გახდნენ ისინი უმადურობის მსხვერპლნი! ისინი მისტიროდნენ ეგვიპტეში, თავიანთი მონობის ქვეყანაში, ‘ხორცით სავსე ქვაბების გარშემო სხდომასა და პურის ძღომამდე ჭამას’ (გამოსვლა 16:1–3, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). ნათელია, რომ ეგოიზმი ხელს უშლის მადლიერების განვითარებასა და გამოვლენას.
რადგან ცოდვილი ადამის შთამომავლები ვართ, ყველას გვახასიათებს ეგოიზმი და უმადურობისკენ მიდრეკილება (რომაელთა 5:12). უმადურობა აგრეთვე იმ ეგოისტური სულის ნაწილია, რომელიც ამ წუთისოფლის ხალხშია გაბატონებული. ჰაერის მსგავსად, ის გავრცელებულია ყველგან და გავლენას ახდენს ჩვენზე (ეფესელთა 2:1, 2). ამიტომ საჭიროა მადლიერების გამომუშავება. როგორ შევძლებთ ამის გაკეთებას?
საჭიროა დაფიქრება!
„ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ (1958 წლის გამოცემა, V ტომი) თანახმად, მადლიერი ადამიანი აღიწერება როგორც „მადლობის გრძნობის მქონე, — კმაყოფილი, მადლობელი“. შეუძლებელია გრძნობების მექანიკურად ჩართვა და გამორთვა; ისინი სპონტანურად უნდა გაჩნდეს პიროვნებაში. მადლიერება ზრდილობიანობაზე მეტია; ის გულიდან მომდინარეობს.
როგორ შეგვიძლია ვისწავლოთ მადლიერების მთელი გულით შეგრძნება? ბიბლია ჩვენი გრძნობების უმეტესობას ფიქრებს უკავშირებს (ეფესელთა 4:22–24). მადლიერების გრძნობის განვითარების სწავლა გამოვლენილი სიკეთის დაფასებაზე ფიქრით იწყება. სწორედ ასე ფიქრობს ფსიქიატრი დრ. ვენ ვ. დაიერი: „შეუძლებელია გრძნობები (ემოციები) წინ უსწრებდეს ფიქრებს“.
მაგალითად, ნუთუ მადლიერების გრძნობით არ უნდა აგვავსოს გარემომცველ სამყაროზე დაკვირვებამ? რა გრძნობები გეუფლება, როდესაც უღრუბლო ღამეს ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებ? მეფე დავითმა თავისი მოკრძალება შემდეგნაირად გამოხატა: „როცა შევხედავ შენს ცას — შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე, რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ?“ ღამის მყუდროებაში ვარსკვლავები ესაუბრებოდნენ დავითს, რამაც ის აღძრა დაეწერა: „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას და მისთა ხელთა ნამოქმედარს გვამცნობს სამყარო“. რატომ იმოქმედა ასე ძალიან დავითზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ხილვამ? ის პასუხობს: „ვფიქრობ ყოველ შენს ნამოქმედარზე, შენი ხელის ნასაქმარზე ვისაუბრებ“ (ფსალმუნი 8:4, 5; 18:2; 142:5).
დავითის ძე სოლომონიც ძალიან აფასებდა გარემომცველი სამყაროს საოცრებებზე ფიქრს. მაგალითად, წვიმის ღრუბლების მიერ შესრულებული გარკვეული როლის თაობაზე, რომელიც დედამიწაზე გამომაცოცხლებლად მოქმედებს, ის წერდა: „ყველა მდინარე ზღვებისაკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავაც იქითკენ მიედინებიან“ (ეკლესიასტე 1:7). ეს ხდება მაშინ, როდესაც წვიმა და მდინარეები დედამიწის ზედაპირს გამოაცოცხლებს, მათი წყლები ოკეანეებიდან კვლავ ღრუბლებს უბრუნდება. როგორი იქნებოდა დედამიწა წყლის ასეთნაირად გაწმენდისა და წრებრუნვის გარეშე? როგორი მადლიერი უნდა ყოფილიყო სოლომონი, როდესაც ამაზე ფიქრობდა!
მადლიერი პიროვნება აფასებს ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და ნაცნობებთან ურთიერთობასაც. მას არასოდეს არ რჩება მხედველობიდან მათი კეთილი საქმეები. როდესაც ის ფიქრობს მათ მიერ გამოვლენილ სიკეთეზე, გული მადლიერებით ევსება.
მადლიერების გამოხატვა
„მადლობა“, რა უბრალო სიტყვაა! რა ადვილია მისი წარმოთქმა. და ამის გაკეთების შესაძლებლობებიც მრავლად არსებობს. რა სიამოვნების მომნიჭებელია თბილად და გულწრფელად მადლობის მოხდა იმ პიროვნებისთვის, რომელიც კარს გვიღებს ან დავარდნილ ნივთს გვაწოდებს. ამ სიტყვის მოსმენამ შეიძლება მაღაზიაში გამყიდველად მუშაობა, რესტორნის ოფიციანტობა ან ფოსტალიონობა უფრო მსუბუქ და სასიამოვნო სამუშაოდ აქციოს.
გამოვლენილი სიკეთისთვის მადლიერების გამოსახატავად მართებულია სამადლობელი სიტყვების შემცველი ღია ბარათის გაგზავნა. მრავალი ასეთი ღია ბარათი იყიდება მაღაზიებში და შესანიშნავად გადმოსცემს გრძნობებს. მაგრამ განა სიყვარულის გამოვლენა არ იქნებოდა, თუ მადლიერების გამომხატველ რამდენიმე სიტყვასაც წავაწერდით საკუთარი ხელით? ზოგი მზა ღია ბარათის გაგზავნას პატარა პირადი წერილის გაგზავნას ამჯობინებს (შეადარე იგავნი 25:11).
ყველაზე მეტად ჩვენს მადლიერებას ჩვენი ოჯახის წევრები იმსახურებენ. ბიბლია მარჯვე ცოლის შესახებ ამბობს: ‘დგება მისი ქმარი და აქებს მას’ (იგავნი 31:28). განა ქმრის მიერ ცოლისთვის ნათქვამი გულწრფელი მადლიერების სიტყვები ხელს არ შეუწყობს ოჯახში მშვიდობასა და კმაყოფილებას? ან განა ქმარს არ გაახარებს, თუ სახლში მისულს ცოლი თბილად და მადლიერებით შეხვდება? ჩვენს დღეებში ქორწინებაზე ბევრი რამ მოქმედებს და, როდესაც ყველაფერი ეს ერთად გროვდება, სიმშვიდე ძალიან ადვილად ირღვევა. მადლიერი პიროვნება მზად არის, განმუხტოს მდგომარეობა, ყურადღება არ გაამახვილოს წყენაზე და აპატიოს.
ბავშვებისთვისაც საჭიროა ესმოდეთ მშობლების მიმართ გულწრფელი მადლიერების გამოხატვის აუცილებლობა. რა თქმა უნდა, მშობლები სრულყოფილები არ არიან, მაგრამ ეს იმის საფუძველს არ იძლევა, რომ არ დაუფასო ის, რაც მათ შენთვის გააკეთეს. შვილი ვერსად ვერ იპოვის იმ სიყვარულსა და მზრუნველობას, რაც მშობლებმა დაბადების დღიდან მის მიმართ გამოავლინეს. თუ მათ ღვთის შესახებ შემეცნებაც მოგცეს, კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი გაქვს მადლიერებისთვის.
„აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან — შვილები“, — გვამცნობს ფსალმუნის 126:3. ამიტომ მშობლებმა უნდა ეძიონ შესაძლებლობები, რათა შეაქონ შვილები, ნაცვლად იმისა, რომ ყოველ უმნიშვნელო საკითხზე ბუზღუნით გული გაუწვრილონ მათ (ეფესელთა 6:4). და რამხელა პატივია მათთვის: განუვითარონ თავიანთ ფრთებქვეშ შეფარებულ პატარებს მადლიერების სული (შეადარე იგავნი 29:21)!
ღვთისადმი მადლიერება
იეჰოვა ღმერთი ‘ყველა კეთილი საბოძვარისა და სრულყოფილი ნიჭის’ მომცემია (იაკობი 1:17). განსაკუთრებით მნიშვნელოვან საბოძვარს სიცოცხლე წარმოადგენს, რადგან, თუ სიცოცხლეს დავკარგავთ, ყველაფერი, რაც გვაქვს და რასაც ვგეგმავთ, გაუფასურდება. საღვთო წერილი მოგვიწოდებს, გვახსოვდეს, რომ „[იეჰოვა ღმერთთანაა] წყარო სიცოცხლისა“ (ფსალმუნი 35:6, 8, 10; საქმეები 17:28). გულში ღვთისადმი მადლიერების განსავითარებლად საჭიროა, ვიფიქროთ მის კეთილშობილურ ღონისძიებებზე, რომლებიც ჩვენი ფიზიკური და სულიერი სიცოცხლის შენარჩუნებას ემსახურება (ფსალმუნი 1:1–3; 76:12, 13). ასეთი გული მადლიერების სიტყვით და საქმით გამოვლენისკენ აღგვძრავს.
ლოცვა ღვთისადმი აშკარა მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი საშუალებაა. ფსალმუნმომღერალმა დავითმა განაცხადა: „ბევრი რამ გააკეთე შენ, უფალო, ღმერთო ჩემო; შენს სასწაულებსა და ჩანაფიქრებზე ჩვენს მიმართ — ვინ შეგედრება შენ! ვიქადაგებ და ვილაპარაკებ; მრავალია და ძნელია სათქმელად“ (ფსალმუნი 39:6). დაე ასე მოვიქცეთ ჩვენც!
დავითი გადაწყვეტილებით იყო აღსავსე, სხვებთან საუბრითაც გამოევლინა ღვთისადმი მადლიერება. მან თქვა: „გადიდებ, უფალო, მთელი გულით, ვილაპარაკებ შენს სასწაულებს“ (ფსალმუნი 9:2). სხვებთან ღვთის შესახებ ლაპარაკი, მისი სიტყვის ჭეშმარიტების მათთვის გაზიარება, ღვთისადმი მადლიერების გამოვლენის უშესანიშნავესი საშუალებაა. ეს ცხოვრების სხვა სფეროებშიც დაგვეხმარება მადლიერების გამოვლენაში.
„მადლობის შემომწირავი განმადიდებს მე და ვინც სწორ გზას დაადგება, მას ვუჩვენებ შველას“, — ამბობს იეჰოვა. განიცადე ის სიხარული, რომელიც მთელი გულით მისადმი მადლიერების გამოხატვას მოაქვს (ფსალმუნი 49:23; 99:2, „ახალი აღთქმა და ფსალმუნები“, კიკნაძისა და სონღულაშვილის თარგმანი).
[სურათი 7 გვერდზე]
სიცოცხლე ღვთისგან ბოძებული ძღვენია. გაალამაზეთ ის თქვენი ყურადღებიანობით.