რა არის შენი სიცოცხლის მიზანი?
„ვიფიქრე. . . გონებას სიბრძნით ეფხიზლა. . . ვიდრე ვნახავდი, რა სიკეთეა კაცთათვის. . . სანამ ცოცხლობენ“ (ეკლესიასტე 2:3).
1, 2. რატომ არ არის შეცდომა საკუთარი თავით გონივრული დაინტერესება?
შენ საკუთარი თავით ხარ დაინტერესებული, ხომ ასეა? ეს ბუნებრივია. ამიტომაც ყოველდღიურად ვიკვებებით, როცა ვიღლებით ვიძინებთ და გვიხარია მეგობრებთან და ახლობლებთან ყოფნა. დროდადრო ვთამაშობთ, ვცურავთ ან სხვა სასიამოვნო საქმიანობით ვართ დაკავებული, რაც ჩვენი თავისადმი გაწონასწორებულ ინტერესს გამოხატავს.
2 საკუთარი თავით ასეთი დაინტერესება თანხმობაშია იმასთან, რაც სოლომონმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „კაცისათვის არაფერია იმაზე კარგი, რომ ჭამოს, სვას და დატკბეს თავისი ნაღვაწით“. შემდეგ კი გამოცდილების საფუძველზე განაგრძო: „ეს გამოვცადე, რადგან ესეც ღმერთის ხელთაა. ვინ ჭამს ანუ სვამს, ან განცხრომას ვინ მიეცემა მის გარეშე?“ (ეკლესიასტე 2:24, 25).
3. რომელი რთული კითხვებია მრავალი პიროვნებისთვის უპასუხოდ დარჩენილი?
3 მაგრამ ნათელია, რომ ცხოვრება მხოლოდ ჭამა-სმა, დასვენება და რაღაც სიკეთის კეთება არ არის. ავადმყოფობა, იმედგაცრუება და მღელვარება ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. და ისე ჩანს, რომ ძალიან დაკავებული ვართ და არ გვცალია, დავფიქრდეთ სიცოცხლის აზრზე. შენც ასე ხომ არ ხარ? ვერმანტ როისტერი, ერთ-ერთი ჟურნალის („The Wall Street Journal“) ყოფილი რედაქტორი, მას შემდეგ, რაც აღნიშნა კაცობრიობის ცოდნისა და ხელოვნების ზრდა, დაწერა: „განსაცვიფრებელია. როდესაც ვფიქრობთ კაცობრიობაზე, მის დილემაზე, სამყაროში მის ადგილზე, იმაზე მეტი არაფერი ვიცით, თუ როდის დაიწყო. ჯერაც უამრავი კითხვა გვაქვს: თუ ვინ ვართ, რატომ ვარსებობთ და საით მივექანებით.“
4. რატომ სურს ყოველ ჩვენგანს უპასუხოს იმ კითხვებს, რაც პირადად შეგვეხება?
4 რა პასუხს გასცემდი კითხვებს: ვინ ვართ? რატომ ვართ დედამიწაზე? და საით მივექანებით? წელს, ივლისში მისტერ როიტსერი გარდაიცვალა. როგორ ფიქრობ, იპოვიდა იმ დროისთვის დამაკმაყოფილებელ პასუხს კითხვებზე? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არსებობს თუ არა საშუალება პასუხის საპოვნელად? და როგორ შეუძლია დამაკმაყოფილებელ პასუხებს, თავი უფრო ბედნიერად გაგრძნობინოს და უფრო მეტი აზრი შესძინოს სიცოცხლეს? მოდი ვნახოთ.
გონიერების ძირითადი წყარო
5. რატომ ვართ ვალდებული, ღმერთთან ვეძებოთ გონიერება, როდესაც ვცდილობთ გავიგოთ სიცოცხლის მიზანთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხი?
5 ყველას საკუთარი თვალსაზრისი რომ ჰქონოდა ცხოვრების მიზანზე ან ძალიან ცოტა წარმატება გვექნებოდა, ან საერთოდაც არა, რასაც ცხადად გვიჩვენებს მრავალი ქალისა და მამაკაცის მაგალითი, თვით მათი, რომლებიც საკმაოდ განათლებულები და გამოცდილები იყვნენ. მაგრამ ჩვენ საკუთარი თავის ანაბარა არ ვართ მიტოვებულები. ჩვენი შემოქმედი გვიწვდის დახმარების ხელს. როდესაც ამაზე ფიქრობთ, ნუთუ ჩვენი შემოქმედი არ არის გონიერებისა და სიბრძნის უსაზღვრო წყარო, რომელიც ‘უკუნითი უკუნისამდეა’ და ფლობს სამყაროსა და ისტორიის სრულყოფილ ცოდნას? (ფსალმუნი 89:1, 2). მან შექმნა ადამიანები და დაინახა ადამიანთა ყოველი თავგადასავალი, ასე რომ, სწორედ მასთან უნდა ვეძებოთ გონიერება და არა არასრულყოფილ ადამიანებთან, რომლებსაც გარკვეულ ფარგლებში მოქცეული ცოდნა და გაგება აქვთ (ფსალმუნი 13:1–3; რომაელთა 3:10–12).
6. ა) როგორ მიაწოდა შემოქმედმა ადამიანებს აუცილებელი გონიერება? ბ) რა მხრივ შეეხება ეს სოლომონს?
6 მაგრამ ჩვენ არ ველით იმას, რომ შემოქმედი ყურში ჩაგვჩურჩულებს გამოცხადებას სიცოცხლის აზრის შესახებ, მან უკვე მოგვაწოდა გონიერების წყარო — მის მიერ შთაგონებული სიტყვა (ფსალმუნი 31:8; 110:10). წიგნი „ეკლესიასტე“ განსაკუთრებით ამასთან დაკავშირებით არის ფასეული. ღვთის მიერ იყო შთაგონებული მისი მწერალი, ასე რომ, „სოლომონის სიბრძნე აღემატებოდა აღმოსავლელთა მთელს სიბრძნეს“ (მესამე მეფეთა 3:6–12; 4:30–34). ‘სოლომონის სიბრძნემ’ ისე იმოქმედა სტუმრად მისულ მონარქზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ადრე ნახევარიც კი არ უთქვამთ მისთვის სოლომონის სიბრძნეზე, აღნიშნა, რომ სოლომონის სიბრძნის მსმენელები ნამდვილად ბედნიერები არიანa (მესამე მეფეთა 10:4–8). ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ გონიერები და ბედნიერები სოლომონის მეშვეობით შემოქმედისგან მოწვდილი ღვთიური სიბძნით.
7. ა) რა დაასკვნა სოლომონმა ცისქვეშეთში ადამიანთა მრავალი საქმიანობის შესახებ? ბ) რა გვიჩვენებს სოლომონის შეფასების რეალურობას?
7 ეკლესიასტეში გამოხატულია ღვთისგან ბოძებული სიბრძნე, რომელიც გავლენას ახდენდა სოლომონის გულსა და გონებაზე. დრო, საშუალებები და გონიერება გამოიყენა სოლომონმა, რომ გამოეკვლია ‘ყოველივე, რაც მომხდარა ცისქვეშეთში’. მიხვდა, რომ „ამაო არის ყველაფერი და ქარის დევნა“ და ეს სიტყვები ღვთისგან შთაგონებული შეფასებაა, რომელიც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, როდესაც სიცოცხლის მიზნის შესახებ ვფიქრობთ (ეკლესიასტე 1:13, 14, 16). სოლომონი გულწრფელი, რეალური ადამიანი იყო. მაგალითად, ღრმად დაუფიქრდი სიტყვებს, რომლებიც ეკლესიასტეს 1:15, 18-შია ჩაწერილი. თქვენთვის ცნობილია, რომ საუკუნეების განმავლობაში ადამიანმა მოსინჯა სხვადასხვანაირი ფორმის ხელისუფლება, ხანდახან გულწრფელადაც ცდილობდა, გადაეწყვიტა პრობლემები და გაეუმჯობესებინა ადამიანთა ცხოვრების პირობები. შესძლეს კი მათ გაესწორებინათ ამ არასრულყოფილ სისტემაში ყველაფერი, რაც „გამრუდებულია“? შესაძლოა შეგიმჩნევია, რომ რაც უფრო მეტი ცოდნა აქვს ადამიანს, მით უფრო მკვეთრად ხედავს, რომ ხანმოკლე სიცოცხლის გამო შეუძლებელია რამეს ბოლომდე გამოსწორება. ასეთი თვალსაზრისი მრავალ პიროვნებაში იმედგაცრუებას იწვევს, მაგრამ აუცილებელი არ არის ჩვენც მათ შორის ვიყოთ.
8. რა ციკლები არსებობს დასაბამიდან?
8 მეორე მხარე, რომელიც უნდა განვიხილოთ, არის მუდმივი ციკლები, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენზე, მაგალითად, მზის ამოსვლა და ჩასვლა ან წყლისა და ქარის მოძრაობა. ეს ყოველივე მოსეს, სოლომონის, ნაპოლეონისა და ჩვენი მამა-პაპის დროსაც არსებობდა. ეს ყოველივე კვლავაც იარსებებს. მსგავსად, „თაობა მიდის, თაობა მოდის“ (ეკლესიასტე 1:4–7). ადამიანთა თვალსაზრისით, სულ მცირე ცვლილება მოხდა. ძველი და თანამედროვე დროის ადამიანებს თითქმის ერთნაირი საქმეები, იმედები, მიზანსწრაფვა და ღირსებები აქვთ. თვით იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი ადრე ცნობილი იყო ან გამოირჩეოდა სილამაზითა და ნიჭით, სად არის ის დღეს? გარდაიცვალა და, შესაძლოა, მისი სახელიც დავიწყებას მიეცა. ეს არ არის რაღაც უჩვეულო. მრავალმა ადამიანმა საერთოდ არ იცის დიდი პაპიისა და ბებიის სახელი და ვერც მათი დაბადების ადგილს გეტყვის და ვერც იმას, თუ სად არის მათი საფლავები. შენ შესაძლოა ხვდები, თუ რატომ უყურებდა სოლომონი რეალურად ადამიანის ძალისხმევასა და მცდელობებს (ეკლესიასტე 1:9–11).
9. რაში დაგვეხმარება კაცობრიობის მდგომარეობის შესახებ რეალური და გონიერი თვალსაზრისის მიღება?
9 იმის ნაცვლად, რომ იმედგაცრუება გვაგრძნობინოს, ღვთისგან შთაგონებული თვალსაზრისი კაცობრიობის საერთო მდგომარეობაზე დადებითი შედეგების მქონეა, აღგვძრავს, მოვერიდოთ მცდარად შეფასებულ მიზნებსა თუ გატაცებებს, რომლებიც მალე აღარც იქნება და დავიწყებასაც მიეცემა. ეს უნდა დაგვეხმაროს, შევაფასოთ, თუ რას ვღებულობთ ცხოვრებისგან და რის გაკეთებას ვცდილობთ. მაგალითისთვის, იმის ნაცვლად, რომ ვიყოთ ასკეტურები, შეგვიძლია ვისიამოვნოთ გაწონასწორებული ჭამა-სმით (ეკლესიასტე 2:24). როგორც შემდეგში დავინახავთ, სოლომონი ძალიან დადებით და ოპტიმისტურ დასკვნებს აკეთებს. მოკლედ, მისი დასკვნები გვიჩვენებს, რომ ძალიან უნდა დავაფასოთ შემოქმედთან ურთიერთობა, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს მარადიული ბედნიერებისა და აზრით აღსავსე მომავლის ქონაში. სოლომონი ხაზგასმით აღნიშნავდა: „მოვისმინოთ ყველაფრის თავი და ბოლო: ღვთისა გეშინოდეს და დაიცავი მცნებანი მისნი, რადგან ეს არის კაცის თავი და თავი“ (ეკლესიასტე 12:13).
მიზანი სიცოცხლის ციკლის განხილვისას
10. როგორ შეადარა სოლომონმა ადამიანები ცხოველებს?
10 ღვთიურ სიბრძნეს, რომელიც ეკლესიასტეში ჩანს, შეუძლია კვლავაც დაგვეხმაროს ჩვენს სიცოცხლეში ჩვენი მიზნის განხილვაში. როგორ? სოლომონი რეალურად ამახვილებდა ყურადღებას სხვა ჭეშმარიტებებზეც, რომლებზეც, შესაძლოა, იშვიათად დავფიქრებულვართ. ერთ-ერთია ადამიანებისა და ცხოველების მსგავსება. იესომ თავისი მიმდევრები შეადარა ცხვრებს, მაგრამ საერთო ჯამში ადამიანებს არ სიამოვნებთ, როდესაც ცხოველებს ადარებენ (იოანე 10:11–16). სოლომონმა წამოჭრა განსაზღვრული ფაქტორები, რომლებიც უტყუარია: „ასე გამოცდის თურმე ღმერთი ადამის ძეთა, რათა დარწმუნდნენ, რომ თავისთავად პირუტყვები არიან მხოლოდ. რადგან კაცის და პირუტყვის ხვედრი ერთია — ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს. . . კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს, რადგან ყველაფერი ამაოა. . . ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა“ (ეკლესიასტე 3:18–20).
11. ა) როგორ შეიძლება აღიწეროს ცხოველის ჩვეულებრივი სიცოცხლის ციკლი? ბ) რას ფიქრობ ასეთ ანალიზთან დაკავშირებით?
11 გაიხსენე ის ცხოველები, რომელთა ყურებაც გსიამოვნებს, მაგალითად ბოცვერი ან კურდღელი (მეორე რჯული 14:7; ფსალმუნი 103:18; იგავნი 30:26). შესაძლოა გახსენდება ციყვი, რომლის სახეობებიც მთელ დედამიწაზე 300-ს აჭარბებს. როგორია მათი სიცოცხლის ციკლი? მას შემდეგ, რაც პატარა იბადება, დედა რამდენიმე კვირა ზრუნავს მასზე. მალე მისი სხეული იფარება ბეწვით და შეუძლია ფუღუროდან გასვლა. შესაძლოა გინახავს, როგორ დახტიან და სწავლობენ საკვების მოგროვებას. მაგრამ, ხშირად, შორიდან ისე ჩანს, რომ თამაშობენ და ლაღობენ სიყმაწვილით. როდესაც დაახლოებით ერთი წლის ხდება, წყვილდება. შემდეგ მათ ერთად უნდა მოიწყონ ფუღურო, იზრუნონ შვილებზე. თუ პოულობენ საკმაო ხილს, თხილსა და მარცვლეულს, ციყვის ოჯახი უფრო კარგად არის გამოკვებილი და ციყვები დროსაც პოულობენ საცხოვრებლის გასაფართოებლად. მაგრამ რამდენიმე წელში ცხოველი ბერდება, უფრო ხშირად აქვს უბედური შემთხვევები და ხშირად ავადმყოფობს. დაახლოებით ათი წლის შემდეგ კვდება. ძალიან მცირე სხვაობები არსებობს ციყვების სხვადასხვა ჯიშს შორის, მაგრამ, საერთო ჯამში, ეს მაინც მათი სიცოცხლის ციკლია.
12. ა) რეალურად რომ ითქვას, რატომ ჰგავს მრავალი ადამიანის სიცოცხლის ციკლი ჩვეულებრივი ცხოველის ცხოვრებას? ბ) რა შეიძლება ვიფიქროთ, თუ კიდევ ვნახავთ იმ ცხოველს, რომელიც გაგვახსენდა?
12 მრავალი ადამიანი ეთანხმება ცხოველების ამ ციკლს და ფიქრობს, რომ ციყვს გონივრული მიზანი არ ამოქმედებს ცხოვრებაში. მაგრამ მრავალი ადამიანის სიცოცხლე ძალიანაც არ განსხვავდება ამ ცხოველების სიცოცხლისგან, ნუთუ ასე არ არის? ადამიანებიც იბადებიან და ახალშობილ პატარებზე ზრუნავენ. ისინი ბავშვობისას ჭამენ, იზრდებიან და თამაშობენ. მას შემდეგ, რაც მოზარდები ხდებიან, მალევე ნახულობენ წყვილს და ეძებენ საცხოვრებელ ადგილს და საკვებით უზრუნველსაყოფ საშუალებებს. თუ წარმატებებს აღწევენ, კარგად გამოკვებილები ხდებიან და მათი საცხოვრებელიც (ბუდეც) ფართოვდება, სადაც თავიანთ შვილებს გაზრდიან. მაგრამ ათწლეულები სწრაფად მიქრის და ისინიც ბერდებიან. თუ ადრე არა, შესაძლოა მოკვდებიან მაშინ, როდესაც გადასცდებიან 70 ან 80 წელს, რომელიც სავსე იყო ‘ტანჯვითა და უსამართლობით’ (ფსალმუნი 89:9, 10, 12). შესაძლოა ეს რეალური ფაქტები გაგახსენდება, როდესაც კვლავ ნახავ ციყვს (ან ნებისმიერ ცხოველს, რომელიც გაგახსენდა).
13. რა შედეგია გარდაუვალი როგორც ცხოველისთვის, ასევე ადამიანისთვის?
13 შესაძლოა მიხვდით, თუ რატომ შეადარა სოლომონმა ადამიანები ცხოველებს. ის წერდა: „ყოველივეს თავის დრო აქვს. . . ჟამი შობისა და ჟამი სიკვდილისა“. ეს უკანასკნელი, რაც მოგვიანებით გარდაუვალია, სიკვდილი, ადამიანისთვისაც ისეთივეა, როგორც ცხოველისთვის, „რადგან ერთის სიკვდილი მეორისას ჰგავს“. შემდეგ აგრძელებს: „ყველაფერი მიწისგანაა და ყველაფერი მიწად იქცევა“ (ეკლესიასტე 3:1, 2, 19, 20).
14. როგორ ცდილობს ზოგი ადამიანი ჩვეულებრივი ცხოვრების ციკლის შეცვლას და რა შედეგებით?
14 ჩვენ არ უნდა განვიხილოთ ეს რეალური შეფასება უარყოფითი თვალსაზრისით. ჭეშმარიტებას წარმოადგენს, რომ ზოგი მდგომარეობის შეცვლას ცდილობს, მაგალითად დამატებითი სამუშაოთი, რომ გაიუმჯობესონ მატერიალური მდგომარეობა იმასთან შედარებით, რაც მშობლებს ჰქონდათ. ისინი, შესაძლოა, უფრო მეტ დროს უთმობენ განათლების მიღებას, რომ საკუთარი თავისთვის უზრუნველყონ ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტები იმ დროს, როდესაც ცდილობენ გაიფართოვონ ცხოვრების შესახებ წარმოდგენა. ან, შესაძლოა, ყურადღებას ამახვილებენ ვარჯიშზე ან დიეტის რეჟიმზე, რომ უფრო უკეთესი ჯანმრთელობა ჰქონდეთ და ცოტათი მაინც გაიხანგრძლივონ სიცოცხლე. და ამ ძალისხმევას, შესაძლოა, კარგი შედეგებიც აქვს. მაგრამ ვის შეუძლია დაამტკიცოს, რომ ასეთი ძალისხმევა აუცილებლად წარმატებული იქნება? იმ შემთხვევაშიც კი, თუ წარმატებულია, რამდენ ხანს გრძელდება წარმატება?
15. რა გულწრფელი შეფასება არის საფუძვლიანი მრავალი ადამიანის სიცოცხლის შესახებ?
15 სოლომონმა დასვა კითხვა: „ბევრი რამეა, ამაოებას რომ ამრავლებს; რა უპირატესობა აქვს კაცს? რადგან ვინ უწყის, რა არის კარგი კაცისთვის მის ამაო წუთისოფელში, რომელსაც აჩრდილივით ატარებს? ვინ აუწყებს კაცს, რა მოხდება მის შემდეგ მზის ქვეშ“ (ეკლესიასტე 6:11, 12). რადგანაც სიკვდილი ძალიან მალე უღებს ბოლოს ადამიანის ძალისხმევებს, ნამდვილად ღირს თუ არა უპირატესობის მინიჭება უფრო მეტი მატერიალური ნივთების მოპოვებისთვის ბრძოლის ან ძალიან დიდხანს განათლების მიღებისთვის, რომ უფრო მეტი ქონება დააგროვო? და რადგანაც სიცოცხლე ასე პატარაა, ლანდივით მიიპარება, მრავალი იმ დასკვნამდე მიდის, რომ არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ შეცვალო კურსი და სხვა ადამიანის მიზანს მოახმარო ძალისხმევა, იმ დროს, როდესაც ისინი გრძნობენ, რომ მიზანს ვერ აღწევენ; არც ის იცის ადამიანმა დარწმუნებით, თუ რა დაემართება შვილებს „მის შემდეგ“.
დროა, მოვიპოვოთ კარგი სახელი
16. ა) რის კეთება შეგვიძლია ცხოველებისგან განსხვავებით? ბ) კიდევ რომელმა ჭეშმარიტებამ უნდა მოახდინოს ჩვენს აზროვნებაზე გავლენა?
16 ცხოველებისგან განსხვავებით, ჩვენ, ადამიანებს, გვაქვს იმის უნარი, რომ დავფიქრდეთ: „რა არის ჩემი არსებობის აზრი? მხოლოდ სიცოცხლის მუდმივი ციკლია დაბადებიდან სიკვდილამდე?“ ამასთან დაკავშირებით გვახსენდება სოლომონის სიტყვების ჭეშმარიტება, რაც ადამიანისა და ცხოველის შესახებ თქვა: „ყველაფერი მიწას უბრუნდება“. ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილი საბოლოოდ ასრულებს პიროვნების არსებობას? ბიბლია გვიჩვენებს, რომ ადამიანს არა აქვს უკვდავი სული, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ ცოცხლობს. ადამიანები თვითონვე წარმოადგენენ სულებს და ცოდვილი სული კვდება (ეზეკიელი 18:4, 20). სოლომონმა გონივრულად აღნიშნა: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ, რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა. რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში, სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 10).
17. რა უნდა აგვაწონ-დაგვაწონინოს ეკლესიასტეს 7:1, 2-მა?
17 ამ გარდაუვალი ფაქტის გამო გადახედე შემდეგ სიტყვებს: „კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა — გაჩენის დღეს. ტირილში წასვლა სჯობს ლხინში წასვლას, რადგან იქ არის ბოლო კაცისა; ცოცხალმა კაცმა ეს ყურად იღოს“ (ეკლესიასტე 7:1, 2). ჩვენ უნდა დავეთანხმოთ, რომ სიკვდილი არის „ბოლო კაცისა“. ძეხორციელს არ დაულევია ისეთი ელექსირი, არ მიუღია ისეთი ვიტამინების ნარევი, არ დაუცავს ისეთი დიეტა და არ უვარჯიშია ისე, რომ მარადიულად ეცოცხლა. და როგორც წესი, სიკვდილის შემდეგ მათი „ხსოვნა დავიწყებას მიეცა“. ასე რომ, რატომ სჯობია ‘კარგი სახელი ძვირფას ნელსაცხებელს და დღე სიკვდილისა — გაჩენის დღეს’?
18. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ სოლომონს სწამდა აღდგომის?
18 როგორც აღნიშნული იყო, სოლომონი რეალურად უყურებდა ყველაფერს. მან იცოდა, რომ მის წინაპრებს: აბრაამს, ისაკსა და იაკობს, რასაკვირველია, კარგი სახელი ჰქონდათ შემოქმედის წინაშე. იეჰოვა კარგად იცნობდა აბრაამს და აღუთქვა, რომ აკურთხებდა მას და მის თესლს (დაბადება 18:18, 19; 22:17). დიახ, აბრაამს კარგი სახელი ჰქონდა ღვთის წინაშე, ის ღვთის მეგობარი გახდა (მეორე ნეშტთა 20:7; ესაია 41:8; იაკობი 2:23). აბრაამმა იცოდა, რომ მისი სიცოცხლე და მისი ძის სიცოცხლე სიკვდილ-სიცოცხლის მუდმივ ციკლს არ ეკუთვნოდა. მან იცოდა, რომ ამაზე მეტი არსებობდა. მათ ჰქონდათ მტკიცე იმედი, რომ კვლავ იცოცხლებდნენ არა უკვდავი სულით, არამედ აღდგომით. აბრაამი დარწმუნებული იყო, რომ „ღმერთს [ისაკის] მკვდრეთით აღდგენის ძალაც შესწევს“ (ებრაელთა 11:17–19).
19. რა გონიერება შეგვიძლია შევიძინოთ იობისგან ეკლესიასტეს 7:1-ის მნიშვნელობასთან დაკავშირებით?
19 ეს არის სწორედ ის მთავარი პუნქტი, რომელიც გვაგებინებს, თუ რატომ ‘სჯობს კარგი სახელი ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა — გაჩენის დღეს’. სოლომონი, მასზე ადრე მცხოვრები იობის მსგავსად, დარწმუნებული იყო, რომ მას, ვინც ადამიანი შექმნა, მისი აღდგენის ძალაც შესწევს. მას შეუძლია გააცოცხლოს ის ადამიანი, რომელიც მოკვდა (იობი 14:7–14). ერთგული იობი ამბობდა: „დამიძახებდი [იეჰოვა] და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა“ (იობი 14:15). დაუფიქრდი! ერთგული მსახურები, რომლებიც მოკვდნენ, იეჰოვას ‘ენატრება’ („შენ ხელთა ქმნილების ნახვას კიდევ ისურვებდი“ „იერუსალიმის ბიბლია“ [The Jerusalem Bible]). იესო ქრისტეს სიცოცხლის მსხვერპლად გაღების საფუძველზე შემოქმედს ადამიანების მკვდრეთით აღდგენა შეუძლია (იოანე 3:16; საქმეები 24:15). ნათელია, რომ ადამიანებს შეუძლიათ განსხვავდებოდნენ უბრალო მოკვდავი ცხოველებისგან.
20. ა) როდის არის სიკვდილის დღე დაბადების დღეზე უკეთესი? ბ) როგორი გავლენა უნდა მოეხდინა ლაზარეს აღდგომას მრავალ ადამიანზე?
20 ეს ნიშნავს, რომ სიკვდილის დღე დაბადების დღეზე უკეთესია, იმ შემთხვევაში თუ პიროვნებამ კარგი სახელი მოიპოვა იეჰოვას წინაშე, რომელსაც შეუძლია იმ ერთგული ადამიანების აღდგენა, რომლებიც გარდაიცვალნენ. უფრო დიდმა სოლომონმა, იესო ქრისტემ, დაამტკიცა ეს. მაგალითად, მან სიცოცხლე დაუბრუნა ერთგულ ადამიანს, ლაზარეს (ლუკა 11:31; იოანე 11:1–44). ალბათ, წარმოგიდგენია, მრავალ ადამიანზე, რომლებიც ლაზარეს გაცოცხლების მოწმენი იყვნენ, რა დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა მომხდარი და როგორ ირწმუნებდნენ ღვთის ძეს (იოანე 11:45). ნუთუ გგონია, რომ მათ არ ჰქონდათ სიცოცხლის მიზანი, არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ ვინ იყვნენ და საით მიდიოდნენ? პირიქით, მათ შეეძლოთ დაენახათ, რომ არ არიან ცხოველები, რომლებიც იბადებიან, ცხოვრობენ და კვდებიან. იმ ადამიანების სიცოცხლის მიზანი პირდაპირ და მტკიცედ უკავშირდებოდა იესოს მამისა და მისი ნების შესახებ შემეცნებას. რა შეიძლება ითქვას შენზე? დაგეხმარა თუ არა ეს განხილვა უფრო მეტის ნათლად დანახვაში, თუ როგორ შეიძლება და როგორ უნდა ჰქონდეს შენს სიცოცხლეს ნამდვილი მიზანი?
21. კიდევ რომელი მხარე უნდა განვიხილოთ სიცოცხლის აზრის პოვნასთან დაკავშირებით?
21 მაგრამ სიცოცხლის ნამდვილი და აზრით აღსავსე მიზნის ქონა მხოლოდ სიკვდილსა და შემდეგ სიცოცხლის მნიშვნელობაზე ფიქრით არ შემოიფარგლება. ეს შეეხება იმას, თუ როგორ ვეპყრობით ჩვენს სიცოცხლეს ყოველდღიურად. სოლომონმა ამას ნათელი მოჰფინა „ეკლესიასტეში“, რასაც შემდეგ სტატიაში დავინახავთ.
[სქოლიოები]
a „საბას დედოფლის ამბავი, რომელიც ხაზს უსვამს სოლომონის სიბრძნეს, და მოთხრობა, უმეტეს შემთხვევაში, ლეგენდად მიაჩნდათ (მესამე მეფეთა 10:1–13). მაგრამ კონტექსტი გვიჩვენებს, რომ მისი ვიზიტი სოლომონთან ნამდვილად კომერციასთან იყო დაკავშირებული და როგორც ასეთი, გასაგებია; ეს რომ ისტორიული ფაქტია ნამდვილად არავითარ ეჭვს არ ექვემდებარება“. (The International Standard Bible Encyclopedia [1988], ტომი IV, გვერდი 567“).
გახსოვს თუ არა?
◻ რით შეიძლება ადამიანების შედარება ცხოველებთან?
◻ რატომ გვიჩვენებს უფრო ხაზგასმით სიკვდილი, რომ ადამიანთა უმეტესი ძალისხმევა და მცდელობა ამაოა?
◻ როგორ შეიძლება, რომ სიკვდილის დღე შობის დღეზე უკეთესი იყოს?
◻ რომელ ურთიერთობაზეა დამოკიდებული აზრით აღსავსე სიცოცხლის მიზნის მოპოვება?
[სურათები 10 გვერდზე]
ძირითადად რით განსხვავდება შენი სიცოცხლე ცხოველის სიცოცხლისგან?