როგორი სახელი გაქვს?
ბიბლიაში სიტყვა „სახელი“ ზოგჯერ რეპუტაციას ეხება. მაგალითად, სოლომონ ბრძენმა დაწერა: „კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს, დღე სიკვდილისა — გაჩენის დღეს“ (ეკლესიასტე 7:1; შეადარეთ იგავნი 22:1). სოლომონის სიტყვების თანახმად, ადამიანი კარგი სახელით არ იბადება; ის შემდეგ, ცხოვრების განმავლობაში, იძენს ნამდვილ რეპუტაციას. შეძენილი სახელი გამომდინარეობს მისი თვისებებიდან: ხელგაშლილია თუ ძუნწი, თანამგრძნობია თუ გულცივი, თავმდაბალია თუ ქედმაღალი, კეთილია თუ ბოროტი.
გავიხსენოთ დავითი. მეფობის დროს მან გამოიჩინა სიმტკიცე და ურყეობა. ამავე დროს კი, თავმდაბლურად აღიარა საკუთარი შეცდომები და მოინანია საშინელი ცოდვები. იეჰოვას წინასწარმეტყველს ნამდვილად ჰქონდა საფუძველი, ეთქვა დავითზე, რომ ‘[ღვთის] სასურველი კაცი’ იყო (პირველი მეფეთა 13:14). პატარა დავითი უკვე კარგი სახელით სარგებლობდა ღვთის თვალში.
მისგან განსხვავებით, იუდას მეფე იორამს ცუდი სახელი ჰქონდა. მან თავისი ქვეშევრდომები იეჰოვას თაყვანისმცემლობას ჩამოაშორა და საკუთარი ექვსი ძმა და იუდას რამდენიმე უფლისწულიც კი მოკლა. ბოლოს, იეჰოვამ უკურნებელი სენით დასცა იორამი, რომელიც საშინელი ტანჯვით მოკვდა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ იორამი „ისე წავიდა. . . არ დანანებიათ“ (მეორე ნეშტთა 21:20).
დავითისა და იორამის ცხოვრება გვიჩვენებს ბიბლიური იგავის სიმართლეს: „კურთხეულია მართლის მოსაგონარი, ხოლო ბოროტეულთა სახელი დალპება“ (იგავნი 10:7). ამიტომ ყველა უნდა დავფიქრდეთ: „როგორი სახელი მაქვს ღვთისა და გარშემო მყოფთა თვალში?“