მოთმინება — რატომ არის ასე იშვიათი?
ემილიო სამოც წელს იყო გადაცილებულიa. ის კუნძულ ოაჰუზე ჩავიდა არასასიამოვნო მისიით — უნდა დაეკრძალა თავისი შვილი. როდესაც ემილიო მაღლობზე მიმავალ წყნარ ქუჩას მიჰყვებოდა და მეგობრებთან საუბრობდა, ის შეაძრწუნა გადასახვევიდან უკუსვლით სწრაფად გამომავალმა ავტომობილმა. მანქანა კინაღამ დაეჯახა მას. განრისხებისა და მოუთმენლობის გამო ემილიომ უყვირა მძღოლს და მანქანას დასცხო ხელი. ამას მოჰყვა კამათი. როგორც ჩანს, მძღოლმა ხელი ჰკრა ემილიოს, ის დაეცა და თავი ტროტუარს დაარტყა. რამდენიმე დღეში ემილიო გარდაიცვალა თავის დაზიანებისგან. რა საწყენი შედეგია!
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, სადაც მოთმინება იშვიათი თვისებაა. მრავალი მძღოლი სწრაფად ატარებს მანქანას. სხვები არ იცავენ დისტანციას და ძალიან ახლო მანძილზე მისდევენ ავტომობილებს, რომლებიც ზღვრული სიჩქარით მიდიან. ზოგიერთები ყოველთვის გასწრებას ცდილობენ და ზიგზაგებს ხაზავენ, რადგან ვერ იტანენ, როდესაც სხვა მანქანებს უკან მიჰყვებიან. სახლებში ოჯახის წევრები არ აკონტროლებენ თავიანთ რისხვას და მძვინვარდებიან. ზოგი ქრისტიანიც შეიძლება განაწყენდეს თავისი სულიერი ძმების შეცდომებსა და სისუსტეებზე.
რატომ არის მოთმინება ასე იშვიათი? ნუთუ ეს ყოველთვის ასე იყო? რატომ არის ჩვენს დროში ასე ძნელი, იყო მომთმენი?
მოუთმენლობის მაგალითები
ბიბლია მოგვითხრობს ერთ ქალზე, რომელიც არ დაელოდა, რომ მოთათბირებოდა ქმარს და მიიღო დამღუპველი გადაწყვეტილება. მისი სახელია ევა. ის ქმარზე წინ რომ წავიდა და შეჭამა აკრძალული ნაყოფი, ნაწილობრივ, ალბათ, მოუთმენლობამ განაპირობა (დაბადება 3:1–6). რა შეიძლება ითქვას მის ქმარზე? იმის ნაცვლად, რომ დახმარებისა და ხელმძღვანელობისთვის ჯერ თავისი ზეციერი მამისთვის, იეჰოვასთვის მიემართა, ადამმაც, როგორც ჩანს, გამოავლინა მოუთმენლობა, როცა ევას მიჰყვა ცოდვაში. მათ სიხარბეს, რომელმაც, ალბათ, მოუთმენლობასთან ერთად მიიყვანა ისინი ცოდვამდე, სასიკვდილო შედეგი ჰქონდა ყოველი ჩვენგანისთვის. მათგან მემკვიდრეობით ასევე მივიღეთ მიდრეკილება ცოდვებისკენ, რომელთა შორისაც არის ამპარტავნობა და მოუთმენლობა (რომაელთა 5:12).
დაახლოებით 2 500 წლის შემდეგ, რაც ჩვენმა პირველმა მშობლებმა შესცოდეს, ღმერთის რჩეული ერი, ისრაელი, ყოველთვის ავლენდა როგორც რწმენის, ასევე მოთმინების უკმარისობას. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ სასწაულით იხსნა ისინი ეგვიპტის მონობიდან, მათ მალე „დაივიწყეს საქმენი მისნი“ და „არ დაელოდნენ მის რჩევას“ (ფსალმუნი 105:7–14). მოუთმენლობის გამო მათ მრავალჯერ ჩაიდინეს სერიოზული ბოროტმოქმედება. მათ გააკეთეს ოქროს ხბო და თაყვანს სცემდნენ მას; ისინი დრტვინავდნენ იეჰოვას მოცემულ მანანაზე; და მრავალი მათგანი აჯანყდა იეჰოვას დანიშნული წარმომადგენლის, მოსეს, წინააღმდეგ. მართლაც, მოუთმენლობამ მათ მწუხარება და უბედურება მოუტანა.
ისრაელის პირველმა მეფემ, საულმა, თავისი შვილებისთვის სამეფო დინასტიის გაგრძელების შესაძლებლობა დაკარგა. რატომ? ის არ დაელოდა წინასწარმეტყველ სამუელს, რომელსაც იეჰოვასთვის შესაწირავი უნდა მიეტანა. ადამიანების წინაშე შიშით აღძრულმა საულმა დაასწრო სამუელს და მიიტანა შესაწირავი. წარმოიდგინე რა გრძნობები უნდა დაუფლებოდა მას, როდესაც ამ ცერემონიის დამთავრებისას მივიდა სამუელი! ნეტავი, რამდენიმე წუთიც დაეცადა! (პირველი მეფეთა 13:6–14).
ნეტავი, ევაც დალოდებოდა ადამს და ნაჩქარევად არ აეღო ნაყოფი! რა კარგი იქნებოდა, ისრაელებს რომ ხსომებოდათ და დალოდებოდნენ იეჰოვას რჩევას! დიახ, მოთმინება დაეხმარებოდა მათ და ჩვენც, რომ დაცული ვყოფილიყავით მწუხარებისა და ტკივილისგან.
მოუთმენლობის მიზეზები
ბიბლია გვეხმარება დღეს არსებული მოუთმენლობის ძირითადი მიზეზის გაგებაში. მეორე ტიმოთეს მესამე თავი აღწერს, რომ ჩვენი თაობა ცხოვრობს ‘საზარელ ჟამში’. იქ ნათქვამია, რომ ადამიანები „იქნებიან თავმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი. . . შეუკავებელნი. . . სასტიკნი, კეთილის მოძულენი“ (მე-2 და მე-3 მუხლები). სიხარბისა და ეგოიზმის ასეთი სულით დაავადებულია მრავალი ადამიანის გული და გონება, რაც ჭეშმარიტ ქრისტიანებსაც კი უძნელებს მოთმინების გამოვლენას. როდესაც ვხედავთ, რომ ქვეყნიური ადამიანები სწრაფად ატარებენ მანქანებს ან გზას უჭრიან სხვებს, ან სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებენ, ჩვენი მოთმინება შეიძლება უკიდურესად იცდებოდეს. ჩვენ შეიძლება ვცდუნდეთ და მივბაძოთ მათ ან სამაგიერო გადავუხადოთ, რითაც დავალთ მათი ეგოისტური სიამაყის დონემდე.
ზოგჯერ ჩვენი მცდარი დასკვნების ბრალია, რომ მოთმინებიდან გამოვდივართ. ყურადღება მიაქციე, როგორ აღწერა ბრძენმა მეფე სოლომონმა კავშირი ნაჩქარევ, მცდარ მსჯელობასა და მოუთმენელ, განრისხებულ მოქმედებას შორის: „სულგრძელი კაცი სჯობს ამპარტავანს. გულისწყრომად ნუ იჩქარი, რადგან გულისწყრომა უგუნურთა მკერდში ბუდობს“ (ეკლესიასტე 7:8, 9). თუ რამე რეაგირების მოხდენამდე დროს გამოვუყოფთ, რომ სიტუაცია სრულად და ზუსტად შევაფასოთ, ალბათ, უფრო მომთმენნი ვიქნებით, უფრო გავუგებთ და უფრო თანავუგრძნობთ სხვებს. სხვა მხრივ, ამპარტავან, ეგოისტურ სულს შეუძლია გონება გადაგვიკეტოს და გაგვხადოს მოუთმენლები და გესლიანები, მდრტვინავი და ჯიუტი ისრაელების მსგავსნი, რომლებმაც მოსე გამოიყვანეს წონასწორობიდან (რიცხვნი 20:2–5, 10).
ქვეყნიერებაში მოთმინების მზარდი უკმარისობის მეორე მიზეზია უიმედო მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია იეჰოვასგან ჩამოშორებით. დავითმა იეჰოვაზე დაიმედების ადამიანში არსებული მოთხოვნილება ასე გამოხატა: „მხოლოდ ღმერთს დაელოდე, სულო ჩემო, რადგან მისგან არის ჩემი იმედი“ (ფსალმუნი 61:6). ადამიანებს, რომლებიც არ იცნობენ იეჰოვას, მომავლის შესახებ შეზღუდული და უფერული თვალთახედვა აქვთ და ამიტომ, სანამ ცოცხლები არიან, ცდილობენ, რომ ამ ცხოვრებიდან ყოველგვარი სიამოვნება და გამორჩენა იქონიონ. თავიანთი სულიერი მამის, სატანა ეშმაკის მსგავსად, ხშირად, არ ადარდებთ, რომ საკუთარი მოქმედებით შეიძლება ზიანი მიაყენონ სხვებს (იოანე 8:44; 1 იოანე 5:19).
გასაკვირი არ არის, რომ მოთმინება ასეთი იშვიათობაა დღეს. ეს ბოროტი და ეგოისტური ქვეყნიერება, მისი ღმერთი სატანა და ადამიანის დაცემული სხეულის ცოდვილი მიდრეკილებები გულწრფელ პიროვნებებსაც კი უძნელებენ, რომ მომთმენნი იყვნენ. მიუხედავად ამისა, ბიბლია მოგვიწოდებს ‘მრავლისმომთმენნი ვიყოთ’, განსაკუთრებით კი ღმერთის განზრახვების შესრულებასთან დაკავშირებით (იაკობი 5:8, სსგ). რატომ არის მოთმინება ასე ძვირფასი? რა ჯილდო მოაქვს მას?
მოთმინება — რატომ არის ასეთი ძვირფასი
„ისინიც მსახურობენ, რომლებიც მხოლოდ დგანან და ითმენენ“. ეს სიტყვები სამას წელზე მეტი ხნის წინათ ინგლისელმა პოეტმა ჯონ მილტონმა წარმოთქვა სონეტში „მის სიბრმავეში“ (On his Blindness). პოემის წინა ნაწილში მან გამოხატა თავისი გულგატეხილობა და წუხილი, რადგან გრძნობდა, რომ არ შეეძლო სრულად ემსახურა ღვთისადმი, რადგან დაბრმავდა ორმოც წელს გადაცილებულ ასაკში. მაგრამ როგორც პოემის ზემოხსენებულ ბოლო სტრიქონში ირეკლება, პოეტი მიხვდა, რომ პიროვნებას შეუძლია ემსახუროს ღმერთს, თუ მოთმინებით იტანს გასაჭირს და მშვიდად ეძებს მსახურებაში ხელმისაწვდომ შესაძლებლობებს. მილტონმა დაინახა ღმერთზე მოთმინებით მინდობის ფასი.
მრავალ ჩვენგანს, შესაძლოა, კარგი მხედველობა აქვს, მაგრამ ყველას გვაქვს შეზღუდვები, რომლებიც რისხვას ან წუხილს იწვევს ჩვენში. როგორ შეგვიძლია განვავითაროთ და გამოვავლინოთ მოთმინება?
გამამხნევებელი მაგალითები
ბიბლია გვთავაზობს მოთმინების რამდენიმე შესანიშნავ მაგალითს. იეჰოვას მოთმინება შესაძლებელს ხდის, რომ მილიონობით ადამიანმა მარადიულად იცოცხლოს (2 პეტრე 3:9, 15). სიკეთით აღსავსე მოწვევაში, ავიღოთ მისი უღელი და ‘ვპოვოთ სულის სიმშვიდე’, იესო სრულყოფილად ირეკლავს თავისი მამის არაჩვეულებრივ მოთმინებას (მათე 11:28–30). იეჰოვას და იესოს მაგალითებზე დაფიქრება დაგვეხმარება უფრო მომთმენნი ვიყოთ.
პიროვნება, რომელსაც განრისხების, გამწარების ან შურისძიების სრული მიზეზი ჰქონდა, იყო იაკობის შვილი, იოსები. მისი ძმები ძალიან უსამართლოდ მოექცნენ, როდესაც განიზრახეს მისი მოკვლა და ბოლოს მონად გაყიდეს. ეგვიპტეში ფოტიფართან კეთილსინდისიერი და ერთგული მსახურების მიუხედავად, იოსებს უსამართლოდ დასდეს ბრალი და დააპატიმრეს. ის მოთმინებით იტანდა ყველა გასაჭირს და, ალბათ, ესმოდა, რომ ასეთი გამოცდები იეჰოვას განზრახვებს მოემსახურებოდა (დაბადება 45:5). რადგან თავმდაბლობასა და გაგებასთან ერთად იეჰოვას მიმართ რწმენა და იმედი განავითარა, იოსებმა მოთმინების გამოვლენა შეძლო ძალიან მაცდუნებელი ვითარებების დროსაც.
სხვა მნიშვნელოვან დახმარებას წარმოადგენს იეჰოვას წმინდა სული. მაგალითად, თუ ფიცხი ხასიათი და მწარე ენა გვაქვს, შეგვიძლია დახმარებისთვის ვილოცოთ სულიწმიდის შესახებ, რათა განვავითაროთ მისი ნაყოფი. ფიქრი ისეთ ნაყოფებზე, როგორიცაა სულგრძელობა და თავშეკავება, დაგვეხმარება, დავინახოთ, თუ რა მჭიდრო კავშირი არსებობს ამ თვისებებსა და მოთმინებას შორის (გალატელთა 5:22, 23).
მოთმინება ჯილდოვდება
მოთმინებას მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია. ის აძლიერებს ჩვენს ხასიათს და გვიცავს ნაჩქარევი და უგუნური მოქმედებებისგან. რომელ ჩვენგანს არ დაუშვია მწარე შეცდომა ნაჩქარევი რეაგირებით რთული ან სტრესული ვითარების მიმართ? ჩვენ შეიძლება გვითქვამს უკმეხი სიტყვა ან უხეშად მოვქცეულვართ. შესაძლოა, დაგვიშვია, რომ საყვარელ ადამიანთან უმნიშვნელო კამათი გადაქცეულიყო ომად, სადაც თითოეული ცდილობდა თავისის გატანას. რისხვის, გულგატეხილობისა და ტკივილის შემდეგ ჩვენ, ალბათ, დანაღვლიანებით ვფიქრობდით: „რა იქნებოდა, ცოტა რომ მომეთმინა“. მოთმინების გამოვლენა დაგვიცავს ყოველგვარი მწუხარებისგან. უკვე მხოლოდ ეს ფაქტი ანიჭებს ჩვენს ცხოვრებას უფრო მეტ სიმშვიდეს, სტაბილურობასა და კმაყოფილებას (ფილიპელთა 4:5–7).
მოთმინება დაგვეხმარება გვქონდეს მშვიდი და დაიმედებული გული. ეს მოგვიტანს უფრო უკეთეს ფიზიკურ, ემოციურ და სულიერ ჯანმრთელობას (იგავნი 14:30). რისხვამ, რომელსაც კონტროლს ვეღარ უწევ, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ემოციური და ფიზიკური ავადმყოფობა, ასევე სიკვდილი. სხვა მხრივ, მოთმინების გამოვლენით ჩვენ მივაღწევთ სხვებთან, განსაკუთრებით, ჩვენს სულიერ ძმებსა და ოჯახის წევრებთან უკეთეს დამოკიდებულებას. მაშინ უფრო მიდრეკილები ვიქნებით, რომ ვიყოთ ყურადღებიანები და სასარგებლოები იმის ნაცვლად, რომ ადვილად გავღიზიანდეთ და ვიყოთ კრიტიკულები. შედეგად, სხვებისთვისაც ადვილი და სასიამოვნო იქნება ჩვენთან ურთიერთობა.
უხუცესებს ქრისტიანულ კრებაში განსაკუთრებით ესაჭიროებათ მოთმინების გამოვლენა. დროდადრო თანაქრისტიანები მიმართავენ მათ სერიოზული პრობლემებით. ეს გულწრფელი ადამიანები შეიძლება დაბნეულები, გაღიზიანებულები და დადარდიანებულები არიან იმ დროს, როცა უხუცესები გადაღლილი ან გართული არიან საკუთარი თუ ოჯახური პრობლემებით. მართლაც, რა მნიშვნელოვანია, რომ უხუცესები ავლენენ მოთმინებას ასეთი გამომცდელი ვითარებების დროს! ამგვარად ისინი შეძლებენ „სიმშვიდით“ დამოძღვრონ და ‘სათუთად მოეპყრან სამწყსოს’ (2 ტიმოთე 2:24, 25; საქმეები 20:28, 29, აქ). მრავალი ძვირფასი სიცოცხლე საფრთხეშია. როგორი კურთხევაა კრებისთვის თავაზიანი, მოსიყვარულე და მომთმენი უხუცესები!
ოჯახის უფროსები უნდა მოეპყრან თავიანთი ოჯახის წევრებს მოთმინებით, გაგებითა და გულკეთილობით. ასევე, იმავეს უნდა მოელოდნენ ოჯახის წევრებისგან და წაახალისონ ისინი, რომ გამოავლინონ ეს თვისებები (მათე 7:12). ეს ხელს შეუწყობს ოჯახში სიყვარულსა და მშვიდობას.
საველე მსახურებაში მონაწილეობის დროს მოთმინების გამოვლენა დაეხმარება ქრისტიან მსახურებს სრული სიამოვნება მიიღონ ამ საქმიანობიდან. ისინი ადვილად აიტანენ გულგრილობასა და წინააღმდეგობას, რომელსაც ხვდებიან. იმის ნაცვლად, რომ იკამათონ სახლის გაბრაზებულ პატრონთან, მომთმენი მსახურები შეძლებენ მოკრძალებული პასუხის გაცემას ან წყნარად გამობრუნებას, რომ შეინარჩუნონ მშვიდობა და სიხარული (მათე 10:12, 13). უფრო მეტიც, როცა ქრისტიანები სხვებს მოთმინებითა და თავაზიანობით ეკიდებიან, ცხვრისმაგვარ პიროვნებებს მიიზიდავს სამეფოს ცნობა. იეჰოვამ აკურთხა მოთმინებით გაწეული ძალისხმევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რის შედეგადაც ყოველწლიურად ჭეშმარიტების ასიათასობით თავმდაბალი მაძიებელი იკრიბება იეჰოვას მოსიყვარულე კრებაში.
მართლაც, მოთმინების გამოვლენა მრავალ შესანიშნავ ჯილდოს მოიტანს. ჩვენ თავიდან ავიცილებთ მრავალ უბედურებასა და პრობლემას, რომლებსაც იწვევს ნაჩქარევი მოქმედება ან ჩვენი აულაგმავი ენა. ჩვენ ვიქნებით უფრო ბედნიერები, მშვიდები და, შესაძლოა, ჯანმრთელები. ჩვენ ვიგრძნობთ უდიდეს სიხარულსა და მშვიდობას ჩვენს მსახურებაში, კრებასა და ოჯახში. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ვისიამოვნებთ იეჰოვასთან უფრო ახლო ურთიერთობით. ასე რომ, დაელოდე იეჰოვას. გამოავლინე მოთმინება!
[სქოლიოები]
a სახელი შეცვლილია.