მკითხველთა შეკითხვები
რა გაგებით ნახა შემკრებმა „ათასი კაციდან ერთი მართალი . . . ქალებიდან კი — ვერც ერთი“? (ეკლესიასტე 7:28)
იმისათვის, რომ ჩავწვდეთ ღვთის შთაგონებით დაწერილი ამ სიტყვების მნიშვნელობას, თავდაპირველად საჭიროა გავიგოთ ქალების შესახებ ღვთის თვალსაზრისი. ბიბლია ნაომის რძალს, რუთს „ღირსეულ ქალად“ მოიხსენიებს (რუთი 3:11). იგავების 31:10-ის თანახმად კარგი ცოლი „მარჯანზე ბევრად ძვირფასია“. მაშ, რას გულისხმობდა ძველი ისრაელის მეფე სოლომონი, როდესაც თქვა: „ათასი კაციდან ერთი მართალი ვნახე, ქალებიდან კი — ვერც ერთი“?
კონტექსტი ცხადყოფს, რომ სოლომონის დღეებში, როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი ქალი უზნეო ცხოვრებას ეწეოდა (ეკლესიასტე 7:26). ამის მიზეზი, უმთავრესად, შეიძლება ყოფილიყო იმ უცხოელი ქალების გავლენა, რომლებიც ბაალს სცემდნენ თაყვანს. თვით მეფე სოლომონიც კი მოექცა თავისი მრავალი უცხოელი ცოლის გავლენაში. ბიბლიაში ნათქვამია: „შვიდასი ცოლი ჰყავდა [სოლომონს] დედოფლად და სამასი ხარჭა; მიდრიკეს მათ მისი გული“ ცრუ ღმერთებისკენ (1 მეფეები 11:1—4). მამაკაცების ზნეობაც დაცემული იყო. ათასში ერთი მართალი კაცი ბევრს არაფერს ნიშნავდა. „აი, მივხვდი, — ამბობს სოლომონი, — რომ ჭეშმარიტმა ღმერთმა ადამიანები მართლებად შექმნა, მაგრამ ისინი ბევრ სხვა გეგმას აწყობენ“ (ეკლესიასტე 7:29). ეს დასკვნა ეხება მთელ კაცობრიობას — როგორც ქალებს, ისე კაცებს. ამიტომ, სოლომონის სიტყვები, რომლებიც მოცემულია ეკლესიასტეს 7:28-ში, ზოგადად უნდა მიუთითებდეს იმ დღეებში მცხოვრები ხალხის ზნეობრივ მდგომარეობაზე.
ამ სიტყვებს შეიძლება წინასწარმეტყველური მნიშვნელობაც ჰქონდეს, რადგან არც ერთ ქალს არასოდეს არ გამოუვლენია სრულყოფილი მორჩილება. სრულყოფილი მორჩილება მხოლოდ ერთმა მამაკაცმა, იესო ქრისტემ გამოავლინა (რომაელები 5:15—17).
[სურათი 31 გვერდზე]
„ათასი კაციდან ერთი მართალი“.