„მრუდედ“ მოქმედებს ღმერთი?
„DEUS ESCREVE CERTO POR LINHAS TORTAS“ (ღმერთი სწორად წერს, მაგრამ ნაწერი მრუდეა) ამბობს ბრაზილიური ანდაზა. მასში ასეთი აზრია ჩადებული: ღმერთი ყოველთვის მართებულად მოქმედებს, მაგრამ ზოგჯერ მისი გზები ადამიანს მრუდე ეჩვენება. მაგალითად, როდესაც ვინმე უდროოდ კვდება, მრავალი ამბობს, რომ ის „ღმერთმა ზეცაში წაიყვანა“. თუ ვინმე ფიზიკურად დაუძლურებულია ან რაღაც უბედურება შეემთხვევა, ზოგი ამას „ღვთის ნებას“ აწერს. და რადგან ადამიანების სიკვდილში, ფიზიკურ პრობლემებსა და სხვა მწუხარების გამომწვევ ფაქტორებში ღმერთს ადანაშაულებენ, ასეთი გამოთქმებიდან გამომდინარეობს, რომ ის „მრუდედ წერს“, რომ მისი მოქმედება ადამიანებისთვის გაუგებარია.
რატომ სწამს მრავალ მორწმუნეს, რომ ღმერთია სიკვდილისა და უბედურების გამომწვევი? ეს ხშირად გარკვეული ბიბლიური მუხლების არასწორად გაგების შედეგია. მოდი მოკლედ განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
● „ვინ მისცა ბაგე ადამიანს, ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას, თუ არა მე, უფალი?“ (გამოსვლა 4:11).
ნიშნავს ეს, რომ ღმერთია დამნაშავე სხვადასხვა ფიზიკური დეფექტების არსებობაში? არა, რადგან ეს არ შეესაბამება ღვთის ბუნებას. ბიბლია გვეუბნება: „ღვთის გაჩენილი ყოველივე კარგია“ (1 ტიმოთე 4:4). ის არ არის დამნაშავე იმაში, თუ ვინმე ბრმა, მუნჯი ან ყრუ იბადება. ღმერთს თავისი ქმნილებებისთვის მხოლოდ სიკეთე სურს, რადგან „ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი“ მისგან მომდინარეობს (იაკობი 1:17).
ჩვენმა პირველმა წინაპრებმა, ადამმა და ევამ, ნებაყოფლობით აირჩიეს ღვთისადმი დაუმორჩილებლობა, რის გამოც სრულყოფილება და სრულყოფილი შთამომავლების წარმოშობის უნარი დაკარგეს (დაბადება 3:1–6, 16, 19; იობი 14:4). შთამომავლების დაქორწინებასა და გამრავლებასთან ერთად არასრულყოფილება უფრო და უფრო იზრდებოდა; პარალელურად მატულობდა ფიზიკური დეფექტების გამოვლინებაც. თუმცა ყოველივე ეს ღვთის მიზეზით არ მომხდარა, მან მათი არსებობა დაუშვა. ამიტომ შეეძლო მას ეთქვა, რომ თვითონ „ბადებს“ მუნჯს, ყრუსა და ბრმას.
● «გამრუდებულს [„რაც მრუდედ არის შექმნილი“, აქ] ვეღარ გამართავ» (ეკლესიასტე 1:15).
შექმნა ღმერთმა რამე მრუდედ? რა თქმა უნდა, არა. ეკლესიასტეს 7:29 აღნიშნავს: „ღმერთმა წრფელი შექმნა კაცი, ისინი კი ზედმეტ თავსატეხს მრავლად იჩენენ“. ღვთის სამართლიანი ნორმების მტკიცედ მიყოლის ნაცვლად, ადამიანები უმეტესწილად თვითნებურად, თავისდა საზიანოდ, მიჰყვებიან საკუთარ გეგმებს, მიზნებს, მისწრაფებებს და თავიანთი სურვილისამებრ მოქმედებენ (1 ტიმოთე 2:14).
აგრეთვე, როგორც მოციქულმა პავლემ აღნიშნა, კაცობრიობის ცოდვის გამო ‘ქმნილება ამაოებას დაემორჩილა’ (რომაელთა 8:20). ამას კი ადამიანი ‘ვეღარ გამართავს’. მხოლოდ ღვთის ჩარევის შემდეგ მოისპობა დედამიწიდან ნებისმიერი სიმრუდე და ამაოება.
● „შეხედე ღვთის შექმნილს: ვინ გამართავს მისგან გამრუდებულს?“ (ეკლესიასტე 7:13).
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სოლომონმა იკითხა: „ადამიანთა შორის ვის შეუძლია გამართოს არასრულყოფილებასთან დაკავშირებული დეფექტები, რომლებსაც ღმერთი უშვებს?“ არავის, ვინაიდან ყოველივე ამას ღმერთი გარკვეული მიზეზების გამო უშვებს.
ამიტომ სოლომონი გვირჩევს: „კეთილდღეობისას იბედნიერე, ძნელბედობისას ფრთხილად მოიქეც! ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა ერთმანეთის საპირისპიროდ, რათა კაცმა მის უკან ვერაფერი შეიცნოს“ (ეკლესიასტე 7:14). ადამიანმა უნდა დააფასოს წარმატებული დღეები და მადლიერება სიკეთის კეთებით უნდა გამოავლინოს, მან ეს ღვთისგან ბოძებულ საჩუქრად უნდა ჩათვალოს. მაგრამ რას ვიტყოდით წარუმატებელი დღეების შესახებ? კარგი იქნებოდა „დაგვენახა“ ანუ შეგვეგნო, რომ ღმერთმა მხოლოდ დაუშვა ეს უბედურება. რატომ იქცევა ღმერთი ასე? სოლომონი ამბობს: „რათა კაცმა მის უკან ვერაფერი შეიცნოს“. რას ნიშნავს ეს?
ფაქტი, რომ ჩვენს ცხოვრებაში ღმერთი უშვებს როგორც ბედნიერებას, ისე უბედურებას, შეგვახსენებს, რომ არ შეგვიძლია მომავლის განსაზღვრა. უბედურება შეიძლება ეწიოს მართლებსაც და ბოროტებსაც. გამონაკლისი არ არსებობს, რამაც უნდა შეგვაგნებინოს ღმერთზე და არა საკუთარ თავზე დაიმედების მნიშვნელოვანება და ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყოს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ (1 იოანე 4:8). შეიძლება დღეს არ გვესმის, რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა, მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ყველაფერი, რასაც ღმერთი უშვებს, ისევ ჩვენდა სასიკეთოდ მოგვემსახურება.
არაფერი, რასაც ღმერთი დღეს უშვებს, არ მიაყენებს მართლებს საუკუნო ზიანს. ამ სიტყვების ჭეშმარიტება ცხადყო მოციქულმა პეტრემ, როდესაც თანამორწმუნეების ტანჯვაზე წერდა: „ღმერთი ყოველგვარი მადლისა, რომელმაც მოგვიწოდა თავისი სამუდამო დიდებისაკენ ქრისტეში, თქვენი მცირეოდენი ტანჯვის შემდეგ სრულგყოფთ, გაგაძლიერებთ, განგამტკიცებთ და დაგაფუძნებთ“ (1 პეტრე 5:10).
გამრუდებულის გასწორების დრო
იეჰოვა დღეს გაჭირვების ასატანად ძალას გვაძლევს, ხოლო მომავლისთვის აღგვითქვამს, რომ ‘ყოველივე ახალს შექმნის’ (გამოცხადება 21:5). დიახ, ღმერთს გადაწყვეტილი აქვს, რომ მისმა ზეციერმა სამეფომ მალე აღუდგინოს ჯანმრთელობა ფიზიკური დეფექტებით დაუძლურებულებს და უხელმძღვანელოს მკვდრეთით აღდგენილებს. ამასთანავე, ეს მთავრობა მოსპობს მას, ვინც, მართლაც რომ, მრუდე გზებით დადის. დიახ, ის მოსპობს სატანა ეშმაკს (იოანე 5:28, 29; რომაელთა 16:20; 1 კორინთელთა 15:26; 2 პეტრე 3:13). მართლაც რომ დიდი კურთხევა იქნება მთელი დედამიწის ზურგზე მცხოვრები ღვთისმოშიში ხალხისთვის იმ ჟამის დადგომა, როდესაც ღმერთი გამრუდებულს გაასწორებს.
[საავტორო უფლება 28 გვერდზე]
იობს ატყობინებენ მის უბედურებას/The Doré Bible Illustrations/Dover Publications