ახალგაზრდებო, ადიდეთ იეჰოვა!
„ადიდეთ უფალი დედამიწიდან . . . ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო“ (ფსალმუნები 148:7, 12)
1, 2. ა) რა იცის ბევრმა ბავშვმა შეზღუდვებთან დაკავშირებით და რომელია ზოგი მათგანი? ბ) რატომ არ უნდა გაბრაზდნენ ისინი, როდესაც მშობლები უკრძალავენ რაღაცის გაკეთებას?
ხშირად ბავშვმა კარგად იცის, თუ რისი გაკეთება ეკრძალება. ბევრი ხალისით გეტყვით, რამდენი წლის უნდა გახდეს, რომ მშობლებმა ქუჩაზე გადასვლის, გვიან დაძინების ან მანქანის მართვის ნება დართონ. ზოგჯერ, როდესაც დაჟინებით თხოულობენ რაღაცას, ისინი შესაძლოა ერთი და იგივე პასუხს იღებენ: „მოიცადე, სანამ გაიზრდები“.
2 ბავშვებო და მოზარდებო, თქვენ შესანიშნავად გესმით, რომ ასეთ შეზღუდვებს მშობლები თქვენი დაცვის მიზნით გიდგენენ. ცხადია, ისიც კარგად იცით, რომ იეჰოვას სიამოვნებს, როდესაც მშობლებს ემორჩილებით (კოლოსელები 3:20). ხომ არ გქონია ისეთი გრძნობა, რომ ამ შეზღუდვების გამო შენი „ნამდვილი“ ცხოვრება ჯერ არ დაწყებულა? ყველა მნიშვნელოვანი საქმის კეთება გეკრძალება მანამ, სანამ სრულწლოვანი გახდები? ნამდვილად არა! დღეს მთელ მსოფლიოში გაცილებით მნიშვნელოვანი საქმე სრულდება, ვიდრე ის, რისთვისაც მოცდა გჭირდება. გაქვს ამ საქმეში მონაწილეობის უფლება? არათუ გაქვს, არამედ, სინამდვილეში, თვით უზენაესი ღმერთი გიწვევს ამის გასაკეთებლად!
3. რომელი განსაკუთრებული საქმისთვის იწვევს იეჰოვა მოზარდებს და რა კითხვებს განვიხილავთ?
3 რა საქმე გვაქვს მხედველობაში? ყურადღება მიაქციე ამ სტატიის წამყვან მუხლს: „ადიდეთ უფალი დედამიწიდან . . . ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო“ (ფსალმუნები 148:7, 12). როგორც ხედავ, შენ შეგიძლია განადიდო იეჰოვა. განა არ განიჭებს სიხარულს ამ საქმეში მონაწილეობის მიღების შესანიშნავი შესაძლებლობა? ბევრს ანიჭებს. იმისათვის, რომ გავიგოთ, რატომ არის ეს სასიხარულო, განვიხილოთ სამი კითხვა. პირველი, რატომ უნდა განადიდო იეჰოვა? მეორე, როგორ შეიძლება ამის ეფექტურად გაკეთება? და მესამე, როდიდან შეიძლება ამის დაწყება?
რატომ უნდა განადიდო იეჰოვა?
4, 5. ა) რა შესანიშნავ სიტუაციაში ვართ 148-ე ფსალმუნის თანახმად? ბ) როგორ შეიძლება, რომ ქმნილებებმა, რომლებსაც არა აქვთ ლაპარაკისა და აზროვნების უნარი, განადიდონ იეჰოვა?
4 უპირველეს ყოვლისა, იეჰოვა იმიტომ უნდა განვადიდოთ, რომ ის შემოქმედია. 148-ე ფსალმუნი გვეხმარება, დავფიქრდეთ ამ ჭეშმარიტებაზე. წარმოიდგინე მომღერალთა გუნდი, რომელიც ლამაზ, გულში ჩამწვდომ სიმღერას მღერის. რა გრძნობა დაგეუფლება, თუ სიმღერის ტექსტში მოცემული სიტყვები სიმართლეს შეესაბამება და მასში გამოხატული აზრები მნიშვნელოვანი, სასიხარულო და გამომაცოცხლებელია? განა არ მოისურვებდი ტექსტის სწავლას და გუნდთან ერთად სიმღერას? უმრავლესობა ჩვენგანი მოისურვებდა. 148-ე ფსალმუნი გვიჩვენებს, რომ შენ დაახლოებით ასეთ, თუმცა ბევრად უფრო შესანიშნავ სიტუაციაში ხარ. ამ ფსალმუნში საუბარია უამრავი ადამიანისგან შემდგარ გუნდზე, რომლის ყველა წევრიც გაერთიანებულად ადიდებს იეჰოვას. ამ ფსალმუნის კითხვისას, ალბათ, რაღაც უჩვეულოს შეამჩნევ. რას?
5 ბევრ ქმნილებას, რომელიც 148-ე ფსალმუნის თანახმად იეჰოვას განადიდებს, არც ლაპარაკი შეუძლია და არც გონება აქვს. მაგალითად, იქ ნათქვამია, რომ მზე, მთვარე, თოვლი, ქარი, მთები და ბორცვები ადიდებენ იეჰოვას. როგორ შეიძლება უსულო ქმნილებებმა ადიდონ ღმერთი? (მუხლები 3, 8, 9). ფაქტობრივად, ზუსტად ისე, როგორც ამას აკეთებენ ხეები, ზღვის ბინადარნი და ცხოველები (მუხლები 7, 9, 10). გიყურებია ოდესმე მზის საუცხოო ჩასვლისთვის ან ვარსკვლავების ზღვაში ლამაზად მოცურავე სავსე მთვარისთვის? განა ღიმილს არ გგვრის, როცა ხედავ, როგორ თამაშობენ ან კოტრიალობენ ცხოველები? საუცხოო ლანდშაფტის ყურებისას არ გიჩნდება მოკრძალების გრძნობა? თუ ასეა, „მოგისმენია“, როგორ მღერიან ქმნილებები ღვთის სადიდებელ სიმღერას. ყველაფერი, რაც იეჰოვამ შექმნა, შეგვახსენებს, რომ ის ყოვლისშემძლე შემოქმედია და მთელ სამყაროში არავინ არის მასავით ძლიერი, ბრძენი და მოსიყვარულე (რომაელები 1:20; გამოცხადება 4:11).
6, 7. ა) 148-ე ფსალმუნის თანახმად, რომელი გონიერი ქმნილებები ადიდებენ იეჰოვას? ბ) რატომ უნდა ვიყოთ აღძრული, ჩვენც ვადიდოთ იეჰოვა? მოიყვანეთ მაგალითი.
6 148-ე ფსალმუნში ნათქვამია, რომ იეჰოვას განადიდებენ გონიერი ქმნილებებიც. მეორე მუხლში ვკითხულობთ, რომ იეჰოვა ღმერთს ადიდებენ ანგელოზები. მე-11 მუხლში ძლიერ და გავლენიან პირებს — მეფეებსა და მსაჯულებს — იწვევენ, შეუერთდნენ სხვებს ღვთის განდიდებაში. თუ ძლიერი ანგელოზები ადიდებენ იეჰოვას და ეს მათ სიხარულს ანიჭებთ, განა მართებული იქნება, თუ უბრალო ადამიანი იტყვის, რომ არ ეკადრება ამის გაკეთება? ახალგაზრდებო, მე-12 და მე-13 მუხლებში თქვენც მოგიწოდებენ, შეუერთდეთ მომღერალთა გუნდს იეჰოვას სადიდებელ სიმღერაში. აღძრული ხართ ამის გასაკეთებლად?
7 განვიხილოთ ასეთი მაგალითი. დავუშვათ გყავს მეგობარი, რომელიც განსაკუთრებული უნარით გამოირჩევა სპორტში, ხელოვნებაში ან მუსიკაში. მოუყვებოდი მის შესახებ შენი ოჯახის წევრებს ან მეგობრებს? ცხადია. შესაძლოა, იმ ყველაფრის გაგებამ, რაც იეჰოვას გაუკეთებია, ჩვენზე მსგავსად იმოქმედოს. მაგალითად, ფსალმუნების 18:2, 3-ში ნათქვამია, რომ ზეცა „გადასცემს სიტყვას“. ჩვენ კი, როდესაც იეჰოვას საოცარ შემოქმედებაზე ვფიქრობთ, ნამდვილად გაგვიჭირდება, თავი შევიკავოთ და სხვებს ჩვენი ღმერთის შესახებ არ მოვუთხროთ.
8, 9. რა მიზეზების გამო სურს იეჰოვას, რომ განვადიდოთ?
8 მეორე მიზეზი, რის გამოც იეჰოვა უნდა განვადიდოთ, ის არის, რომ თავად მას სურს ასე მოვიქცეთ. რატომ? ნუთუ იმიტომ, რომ ის ადამიანებისგან განდიდებას საჭიროებს? არა. ამას შესაძლოა ზოგჯერ ჩვენ — ადამიანები — ვსაჭიროებთ, მაგრამ იეჰოვა ჩვენზე გაცილებით აღმატებულია (ესაია 55:8). მას არ სჭირდება საკუთარ თავში ან პიროვნულ თვისებებში დარწმუნება (ესაია 45:5). მაგრამ მას სურს, რომ განვადიდოთ ის და ძალიან სიამოვნებს, როცა ასე ვიქცევით. რატომ? განვიხილოთ ორი მიზეზი. პირველი, მან იცის, რომ ჩვენ გვაქვს მისი განდიდების მოთხოვნილება. მან ადამიანი სულიერი მოთხოვნილებებით, თაყვანისცემის მოთხოვნილებით შექმნა (მათე 5:3). იეჰოვას სიხარულს ანიჭებს, როდესაც ხედავს, რომ ვიკმაყოფილებთ ამ მოთხოვნილებას. დაახლოებით ისე, როგორც მშობლებს უხარიათ, როდესაც ხედავენ, როგორ შეექცევი სასარგებლო საკვებს (იოანე 4:34).
9 მეორე, იეჰოვამ იცის, რომ სხვა ადამიანებმაც უნდა გაიგონ, რომ ჩვენ ვადიდებთ ღმერთს. მოციქულმა პავლემ ახალგაზრდა ტიმოთეს მისწერა: „ყოველთვის დაუკვირდი როგორც შენს თავს, ისე იმას, რას და როგორ ასწავლი. ყოველთვის ასე მოიქეცი და შენს თავსაც იხსნი და მსმენელებსაც“ (1 ტიმოთე 4:16). დიახ, როდესაც სხვებს იეჰოვას შესახებ ასწავლი და მას განადიდებ, შესაძლოა, მათაც გაიცნონ ღმერთი. ასეთმა ცოდნამ ისინი შესაძლოა მარადიულ სიცოცხლემდე მიიყვანოს! (იოანე 17:3).
10. რატომ ვართ აღძრულები, განვადიდოთ ჩვენი ღმერთი?
10 არსებობს კიდევ სხვა მიზეზი, რის გამოც უნდა განვადიდოთ იეჰოვა. გაიხსენე ზემოთ მოხსენიებული მეგობრის მაგალითი. თუ გაიგებ, რომ სხვები ტყუილს ამბობენ მასზე და ჩირქს სცხებენ მის სახელს, განა უფრო მეტად არ იქნები აღძრული, მასზე სიმართლე ილაპარაკო? იეჰოვას ცილი დასწამეს (იოანე 8:44; გამოცხადება 12:9). ამიტომ, ისინი, ვისაც უყვარს იეჰოვა, აღძრულები არიან, ხალხს მის შესახებ სიმართლე აუწყონ. გსურს, შენც გამოხატო სიყვარული და მადლიერება იეჰოვასადმი და აჩვენო, რომ მმართველად მას ირჩევ და არა მის მთავარ მტერს, სატანას? ამის გაკეთებას იეჰოვას განდიდებით შეძლებ. ახლა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლია იეჰოვას განდიდება.
როგორ ადიდებდნენ იეჰოვას მოზარდები?
11. რომელი ბიბლიური მაგალითები გვიჩვენებს, რომ მოზარდებს შეუძლიათ წარმატებით განადიდონ იეჰოვა?
11 ბიბლია გვიჩვენებს, რომ ხშირად მოზარდებიც განადიდებდნენ იეჰოვას. მაგალითად, ერთი ისრაელი გოგონა სირიელებმა ტყვედ წაიყვანეს. ის გაბედულად ესაუბრა თავის ქალბატონს იეჰოვას წინასწარმეტყველის, ელისეს, შესახებ. მის ასეთ გაბედულებას სასწაულებრივი განკურნება მოჰყვა, რაც ძლიერი დამოწმება იყო (4 მეფეთა 5:1—17). ბავშვობაში იესოც გაბედულად ამოწმებდა. იეჰოვას შეეძლო იესოს ბავშვობის პერიოდი დაწვრილებით აღეწერა ბიბლიაში, მაგრამ მან მხოლოდ ერთ შემთხვევაზე შეაჩერა ყურადღება. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც 12 წლის იესო გაბედულად უსვამდა კითხვებს იერუსალიმის ტაძარში მასწავლებლებს და გააოცა ისინი იეჰოვას გზების ცოდნით (ლუკა 2:46—49).
12, 13. ა) რა გააკეთა იესომ ტაძარში სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე და როგორ იმოქმედა ამან იქ მყოფ ხალხზე? ბ) რა რეაქცია ჰქონდა იესოს, როდესაც დაინახა, როგორ ადიდებდნენ მას ბავშვები?
12 როდესაც სრულწლოვანი გახდა, იესო ბავშვებსაც მოუწოდებდა, განედიდებინათ იეჰოვა. მაგალითად, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე, ის იერუსალიმის ტაძარში იმყოფებოდა. ბიბლია ამბობს, რომ მან იქ „სასწაულები“ მოახდინა. იესომ ტაძრიდან გამოყარა ისინი, რომლებმაც წმინდა ადგილი ყაჩაღების ბუნაგად აქციეს. მან განკურნა უსინათლოები და კოჭლები. ყველა იქ მყოფი, განსაკუთრებით რელიგიური წინამძღოლები, უნდა აღძრულიყო, განედიდებინათ იეჰოვა და მისი ძე — მესია. სამწუხაროდ, ბევრს ეს არ გაუკეთებია. მათ იცოდნენ, რომ იესო ღმერთმა გამოგზავნა, მაგრამ რელიგიური წინამძღოლების ეშინოდათ. თუმცა ერთი ჯგუფი გაბედულად საუბრობდა იესოს შესახებ. იცით, ვინ იყვნენ ისინი? ბიბლიაში ვკითხულობთ: «როცა უფროსმა მღვდლებმა და მწიგნობრებმა დაინახეს სასწაულები, რომლებიც მან [იესომ] მოახდინა, და ბავშვები, რომლებიც ტაძარში ხმამაღლა გაიძახოდნენ, გევედრებით, დავითის ძე იხსენიო, აღშფოთდნენ და ჰკითხეს მას [იესოს]: „გესმის, რას ამბობენ?“» (მათე 21:15, 16; იოანე 12:42).
13 მღვდლები იმედოვნებდნენ, რომ იესო გააჩუმებდა ბავშვებს, რომლებიც მას ადიდებდნენ. გააჩუმა იესომ ბავშვები? პირიქით, იესომ მათ მიუგო: «ნუთუ არ წაგიკითხავთ: „ჩვილები და ძუძუთა ბავშვები აალაპარაკე შენს საქებრად“?» აშკარაა, რომ იესო და იეჰოვა კმაყოფილები იყვნენ, რომ ბავშვები ადიდებდნენ მათ. ის ბავშვები იმას აკეთებდნენ, რაც იქ მყოფ უფროსებს უნდა გაეკეთებინათ. მათი ბავშვური გონებისთვის ყველაფერი სრულიად ნათელი იყო. მათ დაინახეს, რომ იესო სასწაულებს ახდენდა, რწმენით და გაბედულად ლაპარაკობდა და გულწრფელ სიყვარულს გამოხატავდა ღვთისა და ადამიანებისადმი. იესო იყო მესია, აღთქმული „დავითის ძე“, რასაც თვითონაც ამბობდა. ასეთი რწმენის გამო ბავშვებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ, მონაწილეობა მიეღოთ წინასწარმეტყველების შესრულებაში (ფსალმუნები 8:3).
14. რისი უნარი აქვთ ახალგაზრდებს, რაც მათ ღვთის განდიდებაში ეხმარება?
14 რის სწავლა შეგვიძლია აქედან? იმის, რომ ბავშვებს შესანიშნავად შეუძლიათ იეჰოვას განდიდება. ხშირად, მათ იმის უნარი აქვთ, რომ აშკარად და მარტივად დაინახონ ჭეშმარიტება და თავიანთი რწმენა გულითადად და ენთუზიაზმით გამოხატონ. როგორც იგავების 20:29 ამბობს, მათ სხვა შესაძლებლობაც აქვთ. „ჭაბუკთა დიდება მათი ძალაა“. დიახ, თქვენ, მოზარდებო, გაქვთ ძალა და ენერგია, ანუ ის, რაც საჭიროა იეჰოვას განსადიდებლად. კონკრეტულად როგორ შეიძლება ასეთი ძღვენის გამოყენება?
როგორ შეგიძლია იეჰოვას განდიდება?
15. რა უნდა აღგვძრავდეს იეჰოვას განდიდებისკენ?
15 ყველაფერი იწყება გულიდან. იეჰოვას განდიდებაში წარმატებებს ვერ მიაღწევ, თუ ამას მხოლოდ იმიტომ აკეთებ, რომ სხვებს სურთ. გახსოვდეს უდიდესი მცნება: „გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით, მთელი სულით და მთელი გონებით“ (მათე 22:37). გაიცანი იეჰოვა მისი სიტყვის საფუძვლიანი შესწავლით? თუ ასეა, იეჰოვა უსათუოდ შეგიყვარდებოდა. ამ სიყვარულის გამოვლენის ბუნებრივი გზა მისი განდიდებაა. თუ სწორი მოტივები და იეჰოვას განდიდების ძლიერი სურვილი გექნება, ამას ენთუზიაზმით გააკეთებ.
16, 17. როგორ შეიძლება ჩვენი კარგი საქციელით განვადიდოთ იეჰოვა? მოიყვანეთ მაგალითი.
16 სანამ იმას მოიფიქრებ, თუ რას იტყვი, იმაზე იფიქრე, თუ როგორ მოიქცევი. ელისეს დღეებში მცხოვრები ისრაელი გოგონა უზრდელი, უხეში ან უპატიოსნო რომ ყოფილიყო, მოუსმენდნენ მას სირიელი დამპყრობლები? ალბათ, არა. მსგავსად, ადამიანები უფრო მეტად იქნებიან მოსასმენად განწყობილი, თუ შენში თავაზიანობას, პატიოსნებას და კარგ ქცევებს დაინახავენ (რომაელები 2:21). მოვიყვანოთ მაგალითი.
17 11 წლის პორტუგალიელი გოგონა სკოლაში წინააღმდეგობას შეხვდა. მას აიძულებდნენ მონაწილეობა მიეღო დღესასწაულებში, რომლებიც ეწინააღმდეგებოდა ბიბლიით განსწავლულ მის სინდისს. მან თავაზიანად აუხსნა მასწავლებელს თავისი თვალსაზრისი, მაგრამ მან სასაცილოდ აიგდო. რაც დრო გადიოდა, მასწავლებელი უფრო მეტად ცდილობდა გოგონას დამცირებას და დასცინოდა მის რელიგიას. მიუხედავად ამისა, გოგონა ყველას პატივისცემით ეპყრობოდა. გავიდა წლები. გოგონამ პიონერად ანუ სრული დროით დაიწყო მსახურება. ერთხელ, კონგრესზე, როდესაც თვალს ადევნებდა ნათლობას, ერთი ნაცნობი შენიშნა. ეს ქალბატონი მისი ყოფილი მასწავლებელი იყო! მას შემდეგ, რაც აცრემლებულები ერთმანეთს გადაეხვივნენ, მასწავლებელმა უთხრა მოსწავლეს, რომ მას არ ავიწყდებოდა მისი კარგი საქციელი და თავაზიანობა. აღმოჩნდა, რომ ერთხელ მის კარზე ერთმა მოწმემ დააკაკუნა. საუბარში მასწავლებელმა ყოფილი მოწაფე და მისი კარგი ყოფაქცევა გაიხსენა. მასწავლებელმა ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მან გულთან ახლოს მიიტანა ბიბლიური ჭეშმარიტება. დიახ, შენი კარგი საქციელი შესაძლოა ძლიერი საშუალება იყოს იეჰოვას განსადიდებლად!
18. რის გაკეთება შეუძლია ახალგაზრდას, თუ უჭირს იეჰოვა ღმერთსა და ბიბლიაზე საუბრის დაწყება?
18 გიჭირს ზოგჯერ სკოლაში შენი რწმენის შესახებ საუბრის დაწყება? ეს სხვებსაც უჭირთ. თუმცა, შეიძლება ისე მოიქცე, რომ მოსწავლეებმა აქეთ დაგისვან კითხვები. მაგალითად, თუ შენს ქვეყანაში კანონით ნებადართული და მისაღებია, რატომ არ წაიღებდი ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს სკოლაში და არ წაიკითხავდი შესვენებაზე ან მაშინ, როცა ამის საშუალება მოგეცემოდა? კლასელებს, ალბათ, დააინტერესებთ იმის გაგება, თუ რას კითხულობ. თუ უპასუხებ და იმ საინტერესო აზრებსაც გაუზიარებ, რომლებიც ეს-ეს არის წაიკითხე, შესაძლოა, თქვენ შორის კარგი საუბარი გაიმართოს. გახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია შეკითხვების დასმა. გაიგე, რა სწამს თანაკლასელს. მოუსმინე ყურადღებით და პატივისცემით, შემდეგ ბიბლიიდან ნასწავლი გაუზიარე. როგორც 29-ე გვერდზე მოცემული შემთხვევები გვიჩვენებს, ბევრი ახალგაზრდა განადიდებს იეჰოვას სკოლაში. ეს მათ უდიდეს სიხარულს ანიჭებთ, სხვებს კი იეჰოვას გაცნობაში ეხმარება.
19. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს უფრო ეფექტურად იქადაგონ კარდაკარ?
19 კარდაკარ მსახურება ყველაზე ეფექტური საშუალებაა იეჰოვას განსადიდებლად. თუ ამ სახის მსახურებაში ჯერ არ მიგიღია მონაწილეობა, რატომ არ დაისახავდი ამას მიზნად? და თუ უკვე მსახურობ კარდაკარ, შეგეძლო სხვა მიზნები დაგესახა? მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ ყველა კართან ერთი და იგივე თქვა, იფიქრე იმაზე, თუ ამ მხრივ როგორ გაუმჯობესდე. ჰკითხე მშობლებს და გამოცდილ და-ძმებს, რა ეფექტურ შეთავაზებებს იყენებენ. ისწავლე, როგორ შეიძლება ბიბლიის ოსტატურად გამოყენება, ეფექტური განმეორებითი მონახულებების გაკეთება და ბიბლიის შესწავლის დაწყება (1 ტიმოთე 4:15). ასეთი სახით, რაც მეტად განადიდებ იეჰოვას, მით უფრო დახელოვნებული მქადაგებელი გახდები და უფრო მეტ სიხარულს მოგანიჭებს მსახურება.
როდიდან უნდა დაიწყო იეჰოვას განდიდება?
20. რატომ არ უნდა იფიქრონ ახალგაზრდებმა, რომ მათთვის ჯერ ადრეა იეჰოვას განდიდება?
20 იმ სამი კითხვიდან, რომლებიც ამ სტატიაში განიხილება, ბოლო კითხვაზე ყველაზე ადვილია პასუხის გაცემა. ყურადღება მიაქციე, რომ ბიბლია გარკვევით ამბობს: „გახსოვდეს შენი გამჩენი შენი სიჭაბუკის დღეებში (ეკლესიასტე 12:1). დიახ, ახლაა დრო, რომ დაიწყო იეჰოვას განდიდება. შეიძლება თქვა: „ჯერ ჩემთვის ადრეა ამის გაკეთება, გამოცდილება მაკლია. უნდა მოვიცადო, სანამ ასაკი არ მომემატება“. ასე მხოლოდ შენ არ ფიქრობ. იერემიამ იეჰოვას უთხრა: „უფალო, მე არ ვიცი ლაპარაკი, რადგან ყმაწვილი ვარ“. იეჰოვამ დაარწმუნა იერემია, რომ ასეთი შიში საფუძველს მოკლებული იყო (იერემია 1:6, 7). არც ჩვენ უნდა გვეშინოდეს, როდესაც იეჰოვას განვადიდებთ. არ არსებობს ისეთი ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც იეჰოვა ვერ შეძლებდა (ფსალმუნები 117:6).
21, 22. რატომ არიან ნამთან შედარებული ახალგაზრდები, რომლებიც იეჰოვას განადიდებენ და რატომ არის ეს გამამხნევებელი?
21 ახალგაზრდებო, ნუ დააყოვნებთ იეჰოვას განდიდებას! თქვენთვის ახლაა საუკეთესო დრო, მონაწილეობა მიიღოთ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში სრულდება. ასე თუ მოიქცევი, შენ შეუერთდები იეჰოვას განმადიდებელ საყოველთაო ოჯახს. იეჰოვას უხარია, რომ შენც იქნები ამ ოჯახის წევრი. ყურადღება მიაქციე, რას ეუბნება ფსალმუნმომღერალი იეჰოვას: „შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა შენი ჯარის გალაშქრების დღეს; სიწმინდით მოსილნი, გარიჟრაჟის საშვილოსნოდან ნამივით გყავს ახალგაზრდების ჯგუფი“ (ფსალმუნები 110:3, აქ [109:3]).
22 ხომ ლამაზი სანახავია დილის მბზინვარე ნამი? სიმრავლის გამო შეუძლებელია დაითვალო მოციმციმე ნამის წვეთები, რომლებიც აცოცხლებს ბუნებას. ახალგაზრდებო, იეჰოვა ნამთან გადარებთ, რადგან ამ კრიტიკულ დროს ერთგულად განადიდებთ მას. აშკარაა, რომ თქვენი არჩევანი — ადიდოთ იეჰოვა — მას გულს უხარებს (იგავები 27:11). ახალგაზრდებო, მაშ ყველანაირად ეცადეთ, რომ ადიდოთ იეჰოვა!
როგორ უპასუხებდით?
• რომელია ის მნიშვნელოვანი მიზეზები, რის გამოც იეჰოვა უნდა განვადიდოთ?
• რომელი ბიბლიური მაგალითები გვიჩვენებს, რომ მოზარდებს შესანიშნავად შეუძლიათ იეჰოვას განდიდება?
• დღეს როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს იეჰოვას განდიდება?
• როდიდან უნდა დაიწყონ მოზარდებმა იეჰოვას განდიდება და რატომ?
[სურათები 25 გვერდზე]
შენი მეგობარი საუცხოო უნარით რომ გამოირჩეოდეს, არ მოუყვებოდი სხვებს მის შესახებ?
[სურათი 27 გვერდზე]
თანაკლასელები შესაძლოა დაინტერესდნენ შენი რწმენით.
[სურათი 28 გვერდზე]
თუ გსურს, უფრო ეფექტურად იქადაგო, დახმარებისთვის გამოცდილ მოწმეს მიმართე.