იმედი
მოლოდინი, რწმენა იმისა, რომ გარკვეული სურვილი განხორციელდება; იტყვიან მასზე, ვისიც სწამთ, რომლისგანაც ბევრს მოელიან; ის, რაზეც ამყარებენ იმედს, რისი იმედიც აქვთ. ებრაული ზმნა კავაჰ, რომლიდანაც ნაწარმოებია იმედის აღმნიშვნელი სიტყვები, ძირითადად მოუთმენლად ლოდინს ნიშნავს (დბ. 49:18). ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში გვხვდება ელპის (იმედი), რაც კარგის მოლოდინს ნიშნავს.
ნამდვილ იმედს ღმერთი იძლევა. ნამდვილი იმედი, რომელზეც ბიბლია საუბრობს, უსაფუძვლო და უპერსპექტივო სურვილი არ არის. ის აგრეთვე მოლოდინზე უკეთესია, ვინაიდან მოსალოდნელი ყოველთვის სასურველი როდია. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ქვეყნიერებაში ადამიანებს არა აქვთ ნამდვილი და საფუძვლიანი იმედი. თუ კაცმა არ იცის, რა გაითვალისწინა ღმერთმა მოკვდავი კაცობრიობისთვის, მომავლის არანაირი იმედი არ ექნება. უღმერთოდ დარჩენილი ადამიანის მდგომარეობა სოლომონმა ასე აღწერა: „ამაოებათა ამაოება! .. ყველაფერი ამაოებაა“ (ეკ. 12:8; 9:2, 3).
ღვთისმოშიშმა პატრიარქმა იობმა ერთხელ თქვა: „ხესაც კი აქვს იმედი, თუ მოჭრიან, ისევ ამოიყრის ... [მაგრამ] იღუპება ადამიანი, და სადღაა იგი?“. იობის შემდეგი სიტყვებიდან ჩანს, რომ ის საუბრობს უღმერთოდ დარჩენილ ადამიანზე; თავად კი იმის იმედს გამოთქვამს, რომ ღმერთი მას გაიხსენებს (იობ. 14:7—15). მოციქული პავლე შეახსენებდა ქრისტიანებს, რომ ისინი, როგორც მკვდრეთით აღდგომის მოიმედენი, უიმედოებივით არ უნდა დამწუხრებულიყვნენ (1თს. 4:13). გაქრისტიანებულ არაებრაელებს პავლე სწერდა, რომ ვიდრე გაიგებდნენ ქრისტეს მეშვეობით ხსნის შესახებ, გაუცხოებულები იყვნენ ღვთის რჩეული ერისგან და უცხოტომელობის გამო „უიმედოები და უღმერთოები“ იყვნენ ქვეყნიერებაში (ეფ. 2:12).
ისინი, ვისაც არც ღვთის იმედი აქვთ და არც მკვდრეთით აღდგომის სჯერათ, რაღაცით იერუსალიმის ურჩ მკვიდრებს ჰგვანან. როცა მათ ქალაქს ღვთის განაჩენით განადგურება ემუქრებოდა, ნაცვლად იმისა, რომ მოენანიებინათ და დამწუხრებულიყვნენ, ხორციელ სიამოვნებას მიეცნენ. ისინი ამბობდნენ: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებითო“ (ეს. 22:13). მოციქული პავლე აფრთხილებდა ქრისტიანებს, ამ უიმედო ხალხის განწყობა არ გადასდებოდათ (1კრ. 15:32, 33).
ცრუ იმედები. პავლე არ უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ქვეყნიურ ხალხს შეიძლება ჰქონდეს რისამე საფუძვლიანი მოლოდინი, რაც შეიძლება საქებარიც იყოს. მას უბრალოდ იმის თქმა უნდოდა, რომ უღმერთო ადამიანის იმედები გაცუდდება.
იმედს შეიძლება საფუძვლად ბოროტი ზრახვა ედოს. ზოგჯერ ასეთი იმედი მართლდება, მაგრამ მხოლოდ დროებით. „იგავებში“ წერია: „მართალს მოლოდინი ახარებს, ბოროტის იმედი კი გაქარწყლდება“ (იგ. 10:28). გარდა ამისა, „როცა ბოროტი კვდება, მისი იმედიც ქრება და ძლიერებაზე დაფუძნებული მოლოდინი ქარწყლდება“ (იგ. 11:7). მაშასადამე, ეგოისტური იმედები, აგრეთვე ის იმედები, რომლებსაც მატერიალიზმზე, ტყუილზე, ყალბ ურთიერთობებზე ან ადამიანის ძალასა თუ დაპირებებზე აგებენ, ადრე თუ გვიან გამტყუნდება.
იმედის წყარო. ნამდვილი იმედის წყარო იეჰოვა ღმერთია. მხოლოდ მას ძალუძს ყველა დაპირების შესრულება და თავის მოიმედეთა იმედის გამართლება. თავისი წყალობით მან კაცობრიობას „ნუგეში და კარგი იმედი“ მისცა (2თს. 2:16). ღმერთი ყოველთვის იყო მართალთა იმედი. მას ეწოდება „ისრაელის იმედი“ და „[ისრაელის] მამა-პაპის იმედი“ (იერ. 14:8; 17:13; 50:7). ებრაულ წერილებში არაერთგან ვკითხულობთ მისადმი ნდობის, იმედისა და რწმენის გამომხატველ აზრებს. როცა ისრაელი ურჩობის გამო ბაბილონელებმა გადაასახლეს, გულმოწყალე იეჰოვამ უთხრა მათ: „ვიცი, რასაც ვიზრახავ თქვენთვის ... მშვიდობას ვიზრახავ და არა უბედურებას, რომ მომავალი და იმედი მოგცეთ“ (იერ. 29:11). ტყვეობაში მყოფ ერთგულ ისრაელებს იეჰოვას დაპირება რწმენასა და იმედს უნერგავდა; ეზეკიელსა და დანიელს სიმხნევეს მატებდა იეჰოვას სიტყვები: „არსებობს შენთვის მომავლის იმედი ... ვაჟები თავიანთ მხარეში დაბრუნდებიან“ (იერ. 31:17). იეჰოვას ეს დაპირება მაშინ შესრულდა, როცა ერთგული ებრაელები ძვ. წ. 537 წელს იერუსალიმისა და მისი ტაძრის აღსადგენად დაბრუნდნენ (ეზრ. 1:1—6).
ჯილდოს მიღების იმედში საძრახისი არაფერია. ღვთისგან ჯილდოს მიღების სურვილი იეჰოვას მსახურს ეგოიზმში არ ეთვლება. მან, ვისაც სწორი წარმოდგენა აქვს ღმერთზე, ისიც უნდა იცოდეს, რომ ღმერთი კეთილი და გულუხვია; ადამიანს მხოლოდ მისი არსებობა კი არ უნდა სწამდეს, არამედ ისიც, რომ ის „აჯილდოებს თავის გულმოდგინედ მძებნელს“ (ებ. 11:6). იმედი ქრისტიანს სულიერი წონასწორობის შენარჩუნებასა და მსახურების გაგრძელებაში ეხმარება, რადგან იცის, რომ იეჰოვა მის ყოველდღიურ საჭიროებას დააკმაყოფილებს. პავლე მოციქული ყურადღებას ამახვილებს კანონის 25:4-ში მოცემულ პრინციპზე: „არ აუკრა პირი მლეწავ ხარს“. ის დასძენს: „ეს ჩვენთვის არის დაწერილი, ვინაიდან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და მლეწავმა წილის მიღების იმედით უნდა ლეწოს“ (1კრ. 9:9, 10).
აუცილებელია რწმენისთვის. იმედი რწმენის განუყოფელი კომპონენტია; ის რწმენის საფუძველია (ებ. 11:1). თავის მხრივ, რწმენა იმედს უფრო ნათელსა და ძლიერს ხდის. ქრისტიანების განსამტკიცებლად პავლე მოციქულმა აბრაამის მაგალითი მოიყვანა. ადამიანური თვალთახედვით აბრაამსა და სარას შვილების ყოლის იმედი გადაწურული უნდა ჰქონოდათ. «მას იმედის საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც ჰქონდა იმედი და სწამდა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა, როგორც ღმერთს ჰქონდა მისთვის ნათქვამი: „ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“ ». აბრაამმა იცოდა, რომ მისი და სარას სხეულები „ჩამკვდარი“ იყო საიმისოდ, რომ შვილები ჰყოლოდათ, მაგრამ მისი რწმენა არ შერყეულა. „რაკი ღმერთი დაჰპირდა, არ დაეჭვებულა ურწმუნოებით, არამედ რწმენამ გააძლიერა“ (რმ. 4:18—20).
აბრაამის რწმენასა და იმედზე საუბრის შემდეგ პავლე ქრისტიანებს მოუწოდებს: „მაშ, მოდი ვიხაროთ ღვთის დიდების იმედით ... ხოლო იმედი არ გაგვაწბილებს, რადგან ჩვენს გულებში ღვთის სიყვარული ჩაიღვარა ჩვენთვის ბოძებული წმინდა სულის მეშვეობით“ (რმ. 5:2, 5).
ქრისტიანების იმედი. ქრისტიანთა, და რაღა თქმა უნდა, მთელი კაცობრიობის იმედი იესო ქრისტეა. მარადიული სიცოცხლისკენ მიმყვანი გზა ზეცაში თუ დედამიწაზე მაშინ გაიხსნა, როცა ქრისტე იესომ „სიცოცხლესა და უხრწნელობას შუქი მოჰფინა სასიხარულო ცნობით“ (2ტმ. 1:10). ქრისტეს სულითცხებულ ძმებს ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ ღვთის წყალობით, ღვთისა, რომელმაც ისინი ხელახლა შობა, რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ცოცხალი იმედი ჰქონოდათ (1პტ. 1:3, 4; კლ. 1:5, 27; ტიტ. 1:1, 2; 3:6, 7). ეს სასიხარულო იმედი „იესო ქრისტეს გამოცხადებისას“ იქცევა რეალობად (1პტ. 1:13, 21; ტიტ. 2:13). ამიტომ უწოდებს პავლე მოციქული ქრისტე იესოს „ჩვენს იმედს“ (1ტმ. 1:1).
ზეციური მოწოდების მოზიარეთა მარადიული სიცოცხლისა და უხრწნელობის იმედს (ებ. 3:1) მტკიცე საფუძველი აქვს და აბსოლუტურად სანდოა. ის ემყარება იმ ორ რამეს, რაშიც შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს, კერძოდ, ღვთის დაპირებასა და ფიცს. ხოლო იმედის ხორცშესხმა ხდება ქრისტეს მეშვეობით, რომელიც ამჟამად ზეცაშია და უკვდავია. აქედან გამომდინარე, „ეს სანდო და მტკიცე იმედი ღუზასავით არის ჩვენი სულისთვის და შედის ფარდის მიღმა [როგორც მღვდელმთავარი შედიოდა გამოსყიდვის დღეს წმინდათაწმინდაში], სადაც ჩვენი გულისთვის შევიდა წინამორბედი, იესო, რომელიც მღვდელმთავარი გახდა მარადიულად მელქისედეკის წესით“ (ებ. 6:17—20).
საჭიროებს განმტკიცებასა და შენარჩუნებას. ბიბლია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქრისტიანებისთვის „ერთი იმედის“ ქონას (ეფ. 4:4). ამისათვის კი საჭიროა მონდომება, სიტყვაში სითამამე და საკუთარი იმედით კვეხნა (ებ. 3:6; 6:11). იმედი მტკიცე მაშინ ხდება, როცა ადამიანი მედგრად იტანს გასაჭირს. იმედის მომცემი ღმერთი იწონებს განსაცდელგამოვლილ ადამიანს (რმ. 5:2—5). იმედი რწმენისა და სიყვარულის გვერდით მოიხსენიება, როგორც ერთ-ერთი იმ თვისებათაგანი, რომელიც პირველ საუკუნეში სასწაულებრივი ძღვნის გაუქმების შემდეგ ქრისტიანულ კრებას გამოარჩევდა (1კრ. 13:13).
იმედის ფასი. ქრისტიანის ცხოვრება იმედის გარეშე წარმოუდგენელია. იმედს ახლავს სიხარული, მშვიდობა და წმინდა სულის ძალა (რმ. 15:13). მისი დახმარებით ღმერთს თამამად ვთხოვთ წყალობას (2კრ. 3:12). იმედი ქრისტიანს სიხარულით ატანინებს ნებისმიერ განსაცდელს (რმ. 12:12; 1თს. 1:3). როგორც მუზარადი იცავს მეომრის თავს, ისე ხსნის იმედი იცავს ქრისტიანის გონებას და ერთგულების შენარჩუნებაში ეხმარება (1თს. 5:8). იმედი ძალის მომცემია. მაგალითად, ცხებული ქრისტიანები, რომლებიც დედამიწაზე არიან, ჯერ არ ფლობენ ზეციური ცხოვრების ჯილდოს, მაგრამ მათში ჯილდოს მიღების სურვილი და მოლოდინი იმდენად დიდია, რომ მოთმინებით იტანენ მძიმე განსაცდელებს (რმ. 8:24, 25).
ღვთის მოიმედე ქრისტიანი სუფთა ცხოვრებას ეწევა. მან იცის, რომ ღმერთი და ქრისტე, ვისზეც იმედს ამყარებს, წმინდები არიან, და ის ვერ მიჰბაძავს ღმერთს და ვერ მიიღებს მისგან ჯილდოს, თუ უწმინდურებასა და უსამართლობას სჩადის (1ინ. 3:2, 3). იმედი კავშირშია დიდებულ თვისებასთან, სიყვარულთან, რადგან ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ღმერთი, მისი დაპირებების შესრულების იმედიც აქვს. გარდა ამისა, ის თანამორწმუნეებზეც ამყარებს იმედს, უყვარს ისინი და სჯერა მათი გულწრფელობის ქრისტეში (1კრ. 13:4, 7; 1თს. 2:19).
აღმატებულია იმ იმედზე, რომელსაც მოსეს კანონი იძლეოდა. ღვთის ერთგულ მსახურებს ღვთის იმედი იქამდეც ჰქონდათ, ვიდრე ღმერთი ისრაელ ერს კანონს მისცემდა (სქ. 26:6, 7; დბ. 22:18; მქ. 7:20; 2ტმ. 1:3). ისრაელის წინაპრები მარადიულ სიცოცხლეს ღვთისგან ელოდნენ. კანონის ძალაში შესვლასთან ერთად ებრაელებს დაპირებების შესრულების იმედი მიეცათ, მაგრამ კანონმა ყველა ცოდვაში ამხილა — ღვთის წინაშე გამოაშკარავა მათი შეცოდებები და ყველას სასიკვდილო მსჯავრი დასდო (გლ. 3:19; რმ. 7:7—11). კანონი თავისთავად წმინდა იყო და არაფერი იყო მასში ცუდი, მაგრამ ის იმდენად წმინდა და სამართლიანი იყო, რომ სააშკარაოზე გამოიტანა კანონს დაქვემდებარებულთა ნაკლი და არასრულყოფილება (რმ. 7:12). მაგრამ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ღმერთს ქრისტეს მეშვეობით „უკეთესი იმედი“ უნდა მიეცა ხალხისთვის, გაეუქმებინა კანონი და ქრისტესადმი რწმენით თავისთან დაეახლოებინა ისინი (ებ. 7:18, 19; 11:40; შდრ. იერ. 31:31—34).
იმედი მთელი კაცობრიობისთვის. ღვთის წყალობა კიდევ უფრო ცხადი გახდა მაშინ, როცა ღმერთმა იესო ქრისტეს სულიერ ძმებს შესანიშნავი იმედი მისცა, რომ იესო ქრისტეს თანამემკვიდრენი და ზეციური მოწოდების თანაზიარნი გამხდარიყვნენ (ებ. 3:1). მათთვის მიცემული იმედი მჭიდროდ უკავშირდება იმ იმედს, რომელიც ღმერთმა ღვთისმოსავ ადამიანებს არგუნა. მას შემდეგ, რაც ღვთის ზეციერი ძეებისა და ქრისტეს თანამემკვიდრეების იმედზე იმსჯელა, პავლემ დაწერა: „მთელი ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის ძეების გამოცხადებას, ვინაიდან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის ნებით იმ იმედის საფუძველზე, რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რმ. 8:14, 17, 19—21).
რომაელების 8:20, 21-ში პავლეს მსჯელობის მიხედვით, იეჰოვა ღმერთს ადამიანის წინაპარი, ადამი, შეცოდებისთანავე არ გაუნადგურებია, არამედ უფლება მისცა არასრულყოფილი ადამიანების მამა გამხდარიყო. მისი შთამომავლები ამაოებას დაექვემდებარნენ, ოღონდ არა თავიანთი დანაშაულის, არამედ მემკვიდრეობითი არასრულყოფილების გამო. მაგრამ ღმერთს უიმედოდ არა დაუტოვებია ისინი და დაპირებული „შთამომავლის“ (დბ. 3:15; 22:18), კერძოდ, იესო ქრისტეს მეშვეობით იმედი მისცა (გლ. 3:16). ვინაიდან მესიის გამოჩენის დრო ნაწინასწარმეტყველები იყო, იოანე ნათლისმცემლის ქადაგებამ ისრაელ ერს დიდი მოლოდინი აღუძრა (ლკ. 3:15; დნ. 9:24—27). იესომ თავისი მსახურებით, სიკვდილითა და აღდგომით მათი იმედი გაამართლა. მაგრამ ზოგადად მთელი კაცობრიობის იმედი, ცოცხლების თუ მკვდრების, ქრისტეს სამეფოს მეშვეობით ახდება, მაშინ როცა ის და მისი თანამემკვიდრენი ზეცაში მეფეებად და მღვდლებად დაიწყებენ მსახურებას. ამის შემდეგ ღვთისმოსავი ადამიანები საბოლოოდ გათავისუფლდებიან ხრწნილებისგან და ცოდვისგან და ღვთის სრულუფლებიანი შვილები გახდებიან. მათ იმედს განამტკიცებს ის ფაქტი, რომ ღმერთმა დაახლოებით 2 000 წლის წინათ თავისი ძე მკვდრეთით აღადგინა (სქ. 17:31; 23:6; 24:15).
ადამიანებს იმედი რომ ჰქონოდათ, იეჰოვა ღმერთმა მათ თავისი სიტყვა, ბიბლია უბოძა, მასში ჩაწერილი დარიგებებითა და მაგალითებით (რმ. 15:4; 1კრ. 10:11; 2ტმ. 3:16, 17). ამ იმედს ღვთის მოიმედენი სხვებსაც უზიარებენ და, ამგვარად, საკუთარ თავსაც იხსნიან და თავის მსმენელებსაც (1პტ. 3:15; 1ტმ. 4:16).