შთაგონება
აღძვრა ან ზემოქმედება, რომელსაც იწვევს ვიღაცა (მაგ. ზებუნებრივი ძალა) ან რაღაცა. როდესაც შთამაგონებელი იეჰოვაა, შთაგონების შედეგად წარმოთქმულს ან დაწერილს ღვთის სიტყვა ეწოდება. მოციქული პავლე 2 ტიმოთეს 3:16-ში წერდა: „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული“. ფრაზა „ღვთისგან არის შთაგონებული“ ნათარგმნია ბერძნული კომპოზიტისგან თეოპნევსტოს, რომელიც სიტყვასიტყვით ღვთისგან შთაბერილს ნიშნავს.
ბიბლიაში ეს ბერძნული სიტყვა მხოლოდ ერთხელ გვხვდება. ამ მუხლში მისი გამოყენება ნათლად აჩვენებს, რომ წმინდა წერილების ავტორი და შემდგენელი ღმერთია. მსგავსი აზრი, რომ ღმერთი სულის შთაბერვით ქმნის, ებრაულ წერილებში ფსალმუნის 33:6-შიც გვხვდება: „იეჰოვას სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეთა სულით [ანუ შთაბერვით] — ზეცის ლაშქარი“.
ღვთის სულის მოქმედების შედეგები. მთელი წმინდა წერილი ღვთის წმინდა სულით ანუ მისი მოქმედი ძალით იყო შთაგონებული (იხ. სული (II)). წმინდა სული აღძრავდა ადამიანებს ღვთის ცნობის დასაწერად და ხელმძღვანელობას უწევდა. ამიტომაც თქვა პეტრე მოციქულმა ბიბლიის წინასწარმეტყველებებზე: „უპირველეს ყოვლისა, თქვენ იცით, რომ წმინდა წერილების არც ერთი წინასწარმეტყველება არ მომდინარეობს ვისიმე პირადი შეხედულებიდან, რადგან წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა“ (2პტ. 1:20, 21). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღვთის სული ზემოქმედებდა ბიბლიის დამწერების გონებასა და გულზე, რათა ღვთის მიერ დასახული მიზანი შეესრულებინათ. მეფე დავითი წერდა: „ჩემით ლაპარაკობდა იეჰოვას სული და მისი სიტყვა მქონდა ენაზე“ (2სმ. 23:2). იესომ 110-ე ფსალმუნის ციტირებისას თქვა, რომ დავითმა ის შთაგონებით [სიტყვასიტყვით, „სულში“] დაწერა (მთ. 22:43), პარალელურ მუხლში, მარკოზის 12:36-ში კი ნათქვამია, რომ „წმინდა სულით“ დაწერა.
იეჰოვას სულმა აღძრა მამაკაცები და დახვეწა მათი უნარ-ჩვევები სხვადასხვა დავალების შესასრულებლად, მაგალითად, მღვდლების ტანსაცმლისა და კარვის მოწყობილობის დასამზადებლად (გმ. 28:3; 35:30—35) და ხალხისთვის ან ჯარისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად (კნ. 34:9; მსჯ. 3:9, 10; 6:33, 34). მსგავსად აღძრა მან ზოგიერთი მამაკაცი წმინდა წერილების დასაწერად. ღვთის სული თითოეულს საჭიროებისამებრ აძლევდა ჩვეულებრივზე აღმატებულ სიბრძნეს, გაგების უნარს, ცოდნას, რჩევასა და ძლევამოსილებას (ეს. 11:2; მქ. 3:8; 1კრ. 12:7, 8). ბიბლიაში ნათქვამია, რომ დავითმა „შთაგონებით [სიტყვასიტყვით, „სულით“] მიიღო“ ტაძრის გეგმა (1მტ. 28:12). იესომ დაარწმუნა თავისი მოციქულები, რომ ღვთის სული დაეხმარებოდა მათ, ასწავლიდა, უხელმძღვანელებდა, მისგან მოსმენილს გაახსენებდა და მომავალს გაუმჟღავნებდა (ინ. 14:26; 16:13). ეს იყო მათ მიერ დაწერილი სახარებების სიზუსტისა და სარწმუნოობის გარანტია, მათ შორის ისეთი ვრცელი ციტატებისა, როგორიც იესოს ქადაგებები იყო, და იოანეს სახარებისა, რომელიც იესოს სიკვდილიდან ათწლეულების შემდეგ დაიწერა.
„იეჰოვას ხელი“ იყო მათზე. „იეჰოვას ხელი“ იყო ბიბლიის დამწერებზე, ანუ ის ხელმძღვანელობდა მათ (2მფ. 3:15, 16; ეზკ. 3:14, 22). ზოგჯერ იეჰოვას „ხელი“ აღძრავდა მის მსახურებს, განსაზღვრულ დროს ელაპარაკათ ან გაჩუმებულიყვნენ (ეზკ. 3:4, 26, 27; 33:22), ზოგჯერ — დაეწერათ ან თავი შეეკავებინათ წერისგან, ზოგჯერ კონკრეტულ საკითხებს აწერინებდა, ზოგჯერ კი არ აძლევდა რაიმეს დაწერის უფლებას. ნებისმიერ შემთხვევაში მათი დაწერილი იეჰოვას ნებას შეესაბამებოდა.
როგორ იღებდნენ დამწერები ღვთის ხელმძღვანელობას. როგორც მოციქულმა პავლემ თქვა, ქრისტიანობამდე ღმერთი „მრავალი სახით“ ელაპარაკებოდა თავის მსახურებს (ებ. 1:1, 2). სულ მცირე ერთხელ, კერძოდ, ათი მცნების მიცემისას, ღმერთმა წერილობით გადასცა მოსეს ინფორმაცია, რომელიც მას გრაგნილზე ან სხვა საწერ მასალაზე უნდა გადაეწერა (გმ. 31:18; კნ. 10:1—5). სხვა შემთხვევებში ინფორმაცია ღმერთმა სიტყვასიტყვით უკარნახა თავის მსახურებს. ისრაელთან შეთანხმების დადებისას მიცემულ კანონებსა და წესებზე იეჰოვამ უბრძანა მოსეს: „ჩაიწერე ეს სიტყვები“ (გმ. 34:27). ღმერთი წინასწარმეტყველებსაც ხშირად აწვდიდა კონკრეტულ ცნობებს გასაცხადებლად, რომლებიც შემდგომ დაიწერა და წმინდა წერილების ნაწილი გახდა (1მფ. 22:14; იერ. 1:7; 2:1; 11:1—5; ეზკ. 3:4; 11:5).
ბიბლიის დამწერებისთვის ინფორმაციის გადაცემა სიზმრებითა და ხილვებითაც ხდებოდა. სიზმრის დროს, რომელსაც ბიბლიაში ღამის ხილვაც ეწოდება, ღვთის ცნობა ან განზრახვა მძინარე ადამიანის გონებაში იბეჭდებოდა (დნ. 2:19; 7:1). თუმცა ღმერთი ხილვებს ძირითადად მაშინ აძლევდა ბიბლიის დამწერებს, როცა მათ არ ეძინათ (ეზკ. 1:1; დნ. 8:1; გმც. 9:17). ზოგიერთ ხილვას ისინი ბურანში მყოფები იღებდნენ. თუმცა არ ეძინათ, ისინი იმდენად იყვნენ ხილვით მოცულები, რომ მთლიანად ეთიშებოდნენ გარე სამყაროს (სქ. 10:9—17; 11:5—10; 22:17—21; იხ. ხილვა).
ხშირად, ღვთის ცნობა ადამიანებს ანგელოზების მეშვეობით ეძლეოდათ (ებ. 2:2). ბიბლიიდან ყოველთვის ნათლად არა ჩანს, რამდენად დიდ როლს ასრულებდნენ ისინი ღვთის ცნობების გადაცემაში. მაგალითად, ებრაულ წერილებში წერია, რომ კანონი მოსეს ღმერთმა უკარნახა, მაგრამ სტეფანესა და პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ ღმერთმა ანგელოზების მეშვეობით გადასცა მოსეს კანონთა კრებული (სქ. 7:53; გლ. 3:19). ვინაიდან ანგელოზები იეჰოვას სახელით ლაპარაკობდნენ, მათ მიერ გადაცემულ ცნობას მართებულად ეწოდებოდა „იეჰოვას სიტყვა“ (დბ. 22:11, 12, 15—18; ზქ. 1:7, 9).
იმის მიუხედავად, თუ როგორ ხდებოდა ცნობის გადაცემა, წმინდა წერილების ყველა ნაწილი ერთნაირად იყო „ღვთისგან შთაგონებული“ ანუ „ღვთისგან შთაბერილი“.
მართებულია, ბიბლიას ღვთივშთაგონებული ვუწოდოთ, როცა დამწერები მას თავისებური სტილით წერდნენ?
ცხადია, ადამიანები, რომლებსაც ღმერთი წმინდა წერილებს აწერინებდა, რობოტები არ იყვნენ და უბრალოდ კარნახს არ იწერდნენ. იოანე მოციქულის შესახებ ვკითხულობთ, რომ ღვთივშთაგონებული გამოცხადება მას ანგელოზმა ნიშნებით აჩვენა, შემდეგ კი იოანემ „დაამოწმა ღვთის სიტყვის, იესო ქრისტეს მოწმობისა და ნანახის შესახებ“ (გმც. 1:1, 2). იოანე „შთაგონებით [სიტყვასიტყვით, „სულში“] უფლის დღეში“ აღმოჩნდა და გაიგონა ხმა: „რასაც ხედავ, დაწერე გრაგნილზე“ (გმც. 1:10, 11). ასე რომ, ღმერთმა არჩია, ბიბლიის დამწერებს თავად შეერჩიათ სიტყვები და გამოთქმები ნანახი ხილვების აღსაწერად (აბკ. 2:2), თუმცა, ამავე დროს, ხელმძღვანელობდა მათ, რათა მათი ნაწერი ზუსტი, სანდო და მისი განზრახვის შესაბამისი ყოფილიყო (იგ. 30:5, 6). ეკლესიასტეს 12:9, 10-დან ჩანს დამწერების ძალისხმევა; მათ უნდა ეფიქრათ, გამოეკვლიათ და აზრები ჩამოეყალიბებინათ, რომ სასიამოვნო და ზუსტი სიტყვებით დაეწერათ ჭეშმარიტება (შდრ. ლკ. 1:1—4).
სწორედ ამით აიხსნება ბიბლიის წიგნების წერის სხვადასხვა სტილი და ლექსიკა, რაც დამწერების განათლებასა და გამოცდილებას ცხადყოფს. შესაძლოა, ადამიანის უნარ-ჩვევები განაპირობებდა, რატომ ირჩევდა ღმერთი მას თავისი სიტყვის დამწერად. ის შეიძლება წინასწარ ამზადებდა კიდეც მას თავისი მიზნის შესასრულებლად.
წერის თავისებური სტილით გამოირჩევა ყოფილი გადასახადების ამკრეფი მათე, რომელიც არაერთხელ მოიხსენიებს ზუსტ ციფრებსა და ფულის ერთეულებს (მთ. 17:27; 26:15; 27:3), ხოლო „საყვარელი ექიმი“ ლუკა იყენებს ისეთ ტერმინებს, რომლებიც მის სამედიცინო განათლებაზე მიუთითებს (კლ. 4:14; ლკ. 4:38; 5:12; 16:20).
როცა დამწერი ამბობს, რომ „იეჰოვას სიტყვა“ ან განაჩენი გამოეცხადა, შესაძლოა, ეს სიტყვასიტყვით კარნახით კი არა, ღვთის განზრახვის გონებაში წარმოსახვით ხდებოდა, რასაც ის შემდეგ თავისი სიტყვებით წერდა. დამწერების ნათქვამიც, რომ მათ იეჰოვას განაჩენი ან სიტყვა იხილეს (და არა მოისმინეს), შესაძლოა, სწორედ ამაზე მიუთითებს (ეს. 13:1; მქ. 1:1; აბკ. 1:1; 2:1, 2).
წმინდა წერილების დამწერები ემორჩილებოდნენ იეჰოვას წმინდა სულის მოქმედებას. ისინი ხალისით მიჰყვებოდნენ ღვთის ხელმძღვანელობას (ეს. 50:4, 5) და გულით ეწადათ ღვთის ნების გაგება და მისი ხელმძღვანელობის დანახვა (ეს. 26:9). ხშირ შემთხვევაში წერისას მათ ან გარკვეული მიზანი ჰქონდათ (ლკ. 1:1—4), ან კრებაში არსებულ საჭიროებას ეხმაურებოდნენ (1კრ. 1:10, 11; 5:1; 7:1), ღმერთი კი ისე ხელმძღვანელობდა მათ, რომ მათი დაწერილი მის ნებასთან შეთანხმებული და მისი განზრახვის შემსრულებელი ყოფილიყო (იგ. 16:9). ამ სულიერად მოაზროვნე მამაკაცების სურვილები და ფიქრები ღვთის ნებასთან იყო შეთანხმებული. მათ „ქრისტეს გონება“ ჰქონდათ, ამიტომ ცრუწინასწარმეტყველებივით ადამიანურ სიბრძნესა და „საკუთარი გულის ხილვას“ არ წერდნენ (1კრ. 2:13—16; იერ. 23:16; ეზკ. 13:2, 3, 17).
აშკარაა, რომ წმინდა სული სხვადასხვაგვარად მოქმედებდა ბიბლიის დამწერებზე (1კრ. 12:6). ინფორმაციის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომი იყო სხვადასხვა სახით, მაგალითად, გენეალოგიური ნუსხებისა და ისტორიული ჩანაწერების სახით (ლკ. 1:3; 3:23—38; რც. 21:14, 15; 1მფ. 14:19, 29; 2მფ. 15:31; 24:5; იხ. წიგნი). მაგრამ ამ შემთხვევაშიც ღვთის სული ზრუნავდა, რომ ღვთის სიტყვაში არ გაპარულიყო უზუსტობები ან შეცდომები და დამწერებს ინფორმაციის შერჩევაში ეხმარებოდა. ფაქტია, რომ ყველას ნათქვამი, რაც ბიბლიაში ჩაიწერა, ღვთისგან შთაგონებული არ ყოფილა, თუმცა წმინდა სულის ხელმძღვანელობით ხდებოდა ამ მასალის შერჩევა და წმინდა წერილებში ზედმიწევნით ჩაწერა (იხ. დბ. 3:4, 5; იობ. 42:3; მთ. 16:21—23). ამგვარად, ღმერთმა თავის შთაგონებულ სიტყვაში ჩააწერინა იმის მაგალითები, თუ რა მოჰყვება მის მორჩილებასა და მისი განზრახვის თანახმად მოქმედებას და რა — ფიქრით, მეტყველებითა და საქმეებით ღვთისადმი უპატივცემულობას ან მისი სამართლიანი გზების არცოდნას. მაგრამ, რაც შეეხება ადამიანების შექმნამდე დედამიწის ისტორიას (დბ. 1:1—26), ზეცაში მომხდარ მოვლენებსა (იობ. 1:6—12 და სხვ.) და წინასწარმეტყველებებს, აგრეთვე ღვთის განზრახვებისა და სწავლებების გაცხადებას, ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ იყო, ამიტომ ისინი ღვთის წმინდა სულს უნდა გაემჟღავნებინა. დამწერს შეიძლებოდა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და წმინდა წერილების უკვე დაწერილი წიგნებიდან მიღებული ცოდნა და პრაქტიკა ჰქონოდა, მაგრამ ბრძნული გამონათქვამებისა და რჩევების დასაწერად მაინც წმინდა სულის ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რათა დაწერილი ღვთის სიტყვის ნაწილი გამხდარიყო, რომელიც ცოცხალი და მოქმედია და „არკვევს გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებ. 4:12).
ეს ჩანს მოციქული პავლეს მიერ კორინთელებისთვის მიწერილი პირველი წერილიდან. ქორწინებისა და დაუქორწინებლობის შესახებ ის წერდა: „სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი ... დაუქორწინებლების შესახებ არა მაქვს ბრძანება უფლისგან, მაგრამ გეტყვით ჩემს აზრს“. ქვრივი ქალების შესახებ კი ამბობდა: „ჩემი აზრით, უფრო ბედნიერი იქნება, თუკი ისე დარჩება, როგორც არის. ვფიქრობ, მეც მაქვს ღვთის სული“ (1კრ. 7:12, 25, 40). პავლეს იმის თქმა უნდოდა, რომ ზოგიერთ საკითხზე იესოს პირდაპირი მითითება არ არსებობდა, რისი ციტირებაც შესაძლებელი იქნებოდა. ამიტომ პავლე თავის, როგორც სულით სავსე მოციქულის, აზრს გამოთქვამდა. თუმცა მისი რჩევა ღვთივშთაგონებული იყო და წმინდა წერილებში ჩაიწერა. ასე რომ, მისი სიტყვები ისეთივე ავტორიტეტული იყო, როგორც წმინდა წერილების სხვა სიტყვები.
ბიბლიის ღვთივშთაგონებული წიგნები აშკარად განსხვავდება სხვა წიგნებისგან, რომლებიც გარკვეულწილად ღვთის სულის ხელმძღვანელობით დაიწერა, მაგრამ წმინდა წერილებს არ მიეკუთვნება. როგორც უკვე აღნიშნული იყო, ებრაული წერილების კანონიკური წიგნების გარდა არსებობდა სხვა წიგნებიც, მაგალითად, იუდასა და ისრაელის მეფეების მატიანეები, რომლებიც უმთავრესად ღვთის ერთგულმა მამაკაცებმა დაწერეს. ამ ჩანაწერებით სარგებლობდნენ წმინდა წერილების ღვთივშთაგონებული დამწერები. მსგავსად ხდებოდა მოციქულების დროსაც. ბიბლიის კანონში შესული წერილების გარდა, მოციქულებსა და უხუცესებს მრავალი წლის მანძილზე კრებებისთვის უამრავი წერილი ექნებოდათ მიწერილი. თუმცა ამ მამაკაცებს წმინდა სული ხელმძღვანელობდა, ღმერთმა ასეთი დამატებითი წერილები თავის შეუცდომელ სიტყვაში არ შეიტანა. შესაძლოა, ებრაულ არაკანონიკურ წიგნებში არაერთი შეცდომა იყო. მსგავსად, მოციქულების არაკანონიკურ წერილებშიც ზოგი საკითხი შესაძლოა ისე ბუნდოვნად იყო განხილული, როგორც ქრისტიანული კრების ადრეულ ეტაპზე ესმოდათ (შდრ. სქ. 15:1—32; გლ. 2:11—14; ეფ. 4:11—16). როგორც ღმერთი თავისი წმინდა სულით, ანუ მოქმედი ძალით, ზოგ ქრისტიანს „შთაგონებით წარმოთქმული სიტყვების გარჩევის ძღვენს“ აძლევდა, ისევე ეხმარებოდა ქრისტიანული კრების ხელმძღვანელ საბჭოს იმის განჭვრეტაში, თუ რომელი წიგნები უნდა შეეტანათ წმინდა წერილების კანონში (1კრ. 12:10; იხ. ბიბლიის კანონი).
წმინდა წერილების ღვთივშთაგონებულად აღიარება. ნათელია, რომ ღვთის მსახურები, მათ შორის იესო და მისი მოციქულები, შთაგონებულად აღიარებდნენ წმინდა წერილის თითოეულ წიგნს, რომლებიც თანდათანობით ემატებოდა ბიბლიის კანონს. მაგრამ „შთაგონებაში“ შემოქმედებითი აღფრთოვანება კი არ იგულისხმება, რომელიც ხელოვან ადამიანებს ეუფლება, არამედ ღვთივშთაგონებით იმ შეუცდომელი წიგნების დაწერა, რომლებიც ღვთის ხელით დაწერილივით ავტორიტეტულია. ამიტომაც წინასწარმეტყველებმა, რომლებმაც ებრაული წერილების წერაში მიიღეს მონაწილეობა, თავიანთი ცნობა ღმერთს მიაწერეს და 300-ზე მეტჯერ თქვეს: „აი რას ამბობს იეჰოვა“ (ეს. 37:33; იერ. 2:2; ნამ. 1:12). იესო და მისი მოციქულები თამამად ციტირებდნენ ღვთის რჩეული მამაკაცების მიერ დაწერილი ებრაული წერილებიდან, როგორც ღვთის სიტყვიდან, რომელიც უეჭველად შესრულდებოდა და ნებისმიერ სადავო საკითხს გადაჭრიდა (მთ. 4:4—10; 19:3—6; ლკ. 24:44—48; ინ. 13:18; სქ. 13:33—35; 1კრ. 15:3, 4; 1პტ. 1:16; 2:6—9). ებრაული წერილები შეიცავდა „ღვთის წმინდა სიტყვებს“ (რმ. 3:1, 2; ებ. 5:12). ებრაელების 1:1-ში პავლე ამბობს, რომ ღმერთი ისრაელს წინასწარმეტყველების მეშვეობით ელაპარაკებოდა, შემდეგ კი ისე ციტირებს ებრაული წერილების სხვადასხვა წიგნიდან, თითქოს ამ სიტყვებს თავად იეჰოვა ამბობს (ებ. 1: 5—13). წმინდა სულზე მსგავსი აზრი წერია საქმეების 1:16-სა და 28:25-ში, ებრაელების 3:7-სა და 10:15—17-ში.
წმინდა წერილების სისწორეში დარწმუნებულმა იესომ თქვა, რომ „წმინდა წერილები არ უქმდება“ (ინ. 10:34, 35) და „უფრო ადვილია, ცა და დედამიწა მოისპოს, ვიდრე ერთი პაწაწინა ასო ან ასოს ნაწილაკი გაუქმდეს კანონიდან და ყველაფერი არ შესრულდეს“ (მთ. 5:18). მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით მან სადუკეველებს უთხრა: „ცდებით, რადგან არც წმინდა წერილები იცით და არც ღვთის ძალა“ (მთ. 22:29—32; მრ. 12:24). ის მზად იყო პატიმრობისა და სიკვდილისთვის, რადგან იცოდა, რომ ამით შესრულდებოდა ღვთის სიტყვაში, წმინდა წერილებში დაწერილი (მთ. 26:54; მრ. 14:27, 49).
მართალია, ეს სიტყვები ეხება ებრაულ წერილებს, რომლებიც ქრისტიანობამდე დაიწერა, მაგრამ ისინი ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებზეც ვრცელდება (1კრ. 14:37; გლ. 1:8, 11, 12; 1თს. 2:13). მაგალითად, მოციქულმა პეტრემ ერთხელ პავლეს წერილები წმინდა წერილების ნაწილად მოიხსენია (2პტ. 3:15, 16). ამგვარად, მთელი წმინდა წერილი წარმოადგენს ღვთის ერთიან და ჰარმონიულ სიტყვას (ეფ. 6:17).
ასლები და თარგმანები. ზემოთქმული ადასტურებს, რომ ღვთის დაწერილი სიტყვა შეუცდომელია. ეს ეხება დედნებს, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწია. მაგრამ დედნებისგან გაკეთებულ ასლებსა და თარგმანებზე ვერ ვიტყვით, რომ ისინი ზედმიწევნით ზუსტია. თუმცა არსებობს საფუძვლიანი მიზეზები, გვჯეროდეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული წმინდა წერილების ხელნაწერები ღვთის დაწერილი სიტყვის თითქმის ზუსტი ასლებია და ის საკითხები, რომლებიც სადავოა, ფაქტობრივად, არ ცვლის მათში ჩაწერილი ცნობის მნიშვნელობას. წმინდა წერილების დაწერის მიზანი და ღვთივშთაგონებული განაცხადი, „იეჰოვას სიტყვა მარადიულად რჩება“, იმის გარანტიაა, რომ იეჰოვა ღმერთმა საუკუნეების მანძილზე საგულდაგულოდ დაიცვა წმინდა წერილების შინაარსი (1პტ. 1:25).
რატომ არის ებრაული წერილები სხვანაირად ციტირებული ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში?
ქრისტიანულ-ბერძნული წერილების დამწერები, როგორც ჩანს, ებრაულ წერილებს არაერთხელ ციტირებდნენ ბერძნული სეპტუაგინტიდან. ზოგ შემთხვევაში სეპტუაგინტის ტექსტი გარკვეულწილად განსხვავდება ჩვენს ხელთ არსებული ებრაული წერილების ტექსტისგან (დღეს არსებული თარგმანების უმეტესობა გაკეთებულია ებრაული მასორეტული ტექსტიდან, რომელიც დაახლ. ახ. წ. X ს-ით თარიღდება). მაგალითად, პავლე ციტირებდა ფსალმუნის 40:6-ს: „მაგრამ სხეული გამიმზადე“ (ებ. 10:5, 6), რაც სეპტუაგინტაშიც წერია. თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ებრაული წერილების ხელნაწერებში ამ ადგილას ნათქვამია: „ყური გამიხსენი“. დანამდვილებით შეუძლებელია იმის თქმა, შეიცავდა თუ არა დედანი სეპტუაგინტაში მოხსენიებულ ფრაზას. ვინაიდან პავლემ ეს ციტატა ღვთის სულის ხელმძღვანელობით მოიყვანა, ისინი ღვთის სიტყვები გახდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი სეპტუაგინტა ღვთივშთაგონებულად უნდა მივიჩნიოთ. მხოლოდ ღვთივშთაგონებული ქრისტიანი მწერლების მიერ ციტირებული მონაკვეთები გახდა ღვთის სიტყვის განუყოფელი ნაწილი.
პავლესა და სხვების მიერ მოყვანილი ზოგიერთი ციტატა განსხვავდება ჩვენს ხელთ არსებულ ებრაულ და ბერძნულ ხელნაწერებში ჩაწერილისგან. თუმცა ეს სხვაობები უმნიშვნელოა და, როგორც დაკვირვების შედეგად ირკვევა, პარაფრაზის, აზრის შემოკლების, სინონიმების ან განმმარტავი სიტყვებისა თუ ფრაზების გამოყენების შედეგია. მაგალითად, დაბადების 2:7-ში ნათქვამია, რომ „ადამიანი ცოცხალ სულად იქცა“, პავლემ კი მისი ციტირებისას თქვა: «წერია კიდეც: „პირველი კაცი ადამი გახდა ცოცხალი სული“» (1კრ. 15:45). სიტყვები „პირველი“ და „ადამი“ პავლემ ადამისა და ქრისტეს ერთმანეთთან დასაპირისპირებლად დაამატა. ეს დამატება არ ეწინააღმდეგებოდა წმინდა წერილში მოყვანილ ფაქტებს და არც ციტირებული მუხლის მნიშვნელობასა და შინაარს ცვლიდა. მათ, ვისაც პავლე სწერდა, ჰქონდათ ჩვენს ხელთ არსებულ ებრაულ წერილებზე ძველი ასლები (ან თარგმანები) და მათ ბერეელების მსგავსად შეეძლოთ მისი ციტატების შემოწმება (სქ. 17:10, 11). პირველი საუკუნის ქრისტიანული კრების მიერ ამ წერილების წმინდა წერილების კანონში შეტანა ადასტურებს, რომ ისინი ასეთ ციტატებსაც ღვთივშთაგონებული სიტყვის ნაწილად აღიარებდნენ (ზქ. 13:7 შდრ. მთ. 26:31-ს).
ჭეშმარიტი და ცრუ „შთაგონებული სიტყვები“. მოციქულთა ზოგ წერილში ბერძნული სიტყვა პნევმა (სული) განსაკუთრებული მნიშვნელობით არის გამოყენებული. მაგალითად, 2 თესალონიკელების 2:2-ში მოციქული პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებს: „არ შეიძრას თქვენი გონება და არ შეგაშფოთოთ არც შთაგონებულმა სიტყვამ [სიტყვასიტყვით, „სულმა“], არც სიტყვიერად გადმოცემულმა ცნობამ და არც წერილმა, ვითომ ჩვენგან გამოგზავნილმა, რომ თითქოს უკვე დადგა იეჰოვას დღე“. აშკარაა, რომ პავლემ აქ პნევმა (სული) ინფორმაციის გადაცემის საშუალებებთან, ზეპირ ცნობასა და წერილთან ერთად მოიხსენია. ლანგეს ბიბლიის კომენტარში ამ მუხლთან დაკავშირებით აღნიშნულია: „ამ სიტყვაში მოციქული გულისხმობს სპირიტულ მინიშნებას, ყალბ წინასწარმეტყველებას, წინასწარმეტყველის განაცხადს“ (Commentary on the Holy Scriptures, მთარგმნელი და რედაქტორი ფ. შაფი, 1976, გვ. 126). სხვა ნაშრომში ნათქვამია: «„სული“ — ქრისტიანულ შეკრებებზე ვინმეს მიერ წარმოთქმული წინასწარმეტყველურმა სიტყვები, რომლებიც ვითომდა ღვთისგან ჰქონდა მიღებული» (Word Studies in the New Testament, მ. ვინსენტი, 1957, ტ. IV, გვ. 63). ზოგ თარგმანში ამ და მსგავს შემთხვევებში პნევმა სულად ითარგმნა, სხვა თარგმანებში კი — „სულის ცნობად“ (AT), „წინასწარმეტყველებად“ (JB), „შთაგონებად“ (დ’ოსტერვალდი; სეგონი) და „შთაგონებულ სიტყვად“ (აქ).
პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რომ არსებობს როგორც ჭეშმარიტი, ისე ცრუ „შთაგონებული სიტყვები“. ის ორივეს გულისხმობს 1 ტიმოთეს 4:1-ში: „შთაგონებით [იეჰოვას წმინდა სულით] წარმოთქმული სიტყვები გარკვევით ამბობს, რომ გავა დრო და ზოგიერთები შთაგონებით წარმოთქმულ მაცდურ სიტყვებსა და დემონურ სწავლებებს დაუგდებენ ყურს და განუდგებიან რწმენას“. ამ სიტყვებიდან ვიგებთ, რომ ცრუ „შთაგონებული სიტყვები“ დემონებისგან მოდის. ეს მოციქული იოანეს ხილვიდანაც ჩანს, რომელშიც მან იხილა, რომ დრაკონის პირიდან, მხეცის პირიდან და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოვიდა ბაყაყების მსგავსი „სამი უწმინდური შთაგონებული სიტყვა“. იოანემ გარკვევით თქვა, რომ ისინი „დემონების მიერ [იყო] შთაგონებული“, რათა არმაგედონის ომისთვის შეეკრიბათ დედამიწის მეფეები (გმც. 16:13—16).
ამიტომ იოანე მოუწოდებდა ქრისტიანებს: „შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა“ (1ინ. 4:1—3; შდრ. გმც. 22:6). შემდეგ მან მიანიშნა, რომ ღვთივშთაგონებული სიტყვები ქრისტიანული კრების მეშვეობით გადაეცემოდათ და არა სხვა წყაროების მეშვეობით. გარდა იმისა, რომ იოანეს ეს სიტყვები ღვთისგან იყო შთაგონებული, თავად წერილში განვითარებული მსჯელობა მას შემდეგი სიტყვების თქმის საფუძველს აძლევდა: „ჩვენ ღვთისგანა ვართ. ვინც ცოდნას იძენს ღვთის შესახებ, გვისმენს ჩვენ; ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამგვარად ვცნობთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის შთაგონებულ სიტყვებს“ (1ინ. 4:6). იოანეს სიტყვები დოგმატური არ იყო. მან ცხადყო, რომ ის და სხვა ჭეშმარიტი ქრისტიანები ღვთის სულის ნაყოფს ავლენდნენ, უმთავრესად სიყვარულს, და ღვთისმოსაწონი საქციელითა და საუბრით აჩვენებდნენ, რომ ღმერთთან ერთობაში სინათლეში დადიოდნენ (1ინ. 1:5—7; 2:3—6, 9—11, 15—17, 29; 3:1, 2, 6, 9—18, 23, 24; შდრ. ტიტ. 1:16).