ᲬᲘᲒᲜᲘ
ებრაული სიტყვა სეფერ (წიგნი, წერილი, ნაწერი) დაკავშირებულია ზმნასთან საფარ (თვლა) და არსებით სახელთან სოფერ (მწიგნობარი, გადამწერი) (დბ. 5:1; 2სმ. 11:15; ეს. 29:12; 22:10; მსჯ. 5:14; ნემ. 13:13). როცა ოფიციალურ ნაწერებთან მიმართებით გამოიყენება, სიტყვა სეფერ ითარგმნება სხვადასხვანაირად, მაგალითად, „წერილობითი ბრძანება“, „მოწმობა“ და „ნასყიდობის საბუთი“ (ესთ. 9:25; იერ. 3:8; 32:11). ბიბლოს არის ბერძნული სიტყვა, რაც წიგნს ნიშნავს; მისი კნინობითი ფორმა ბიბლიონ (სიტყვასიტყვით „პატარა წიგნი“) ითარგმნება, როგორც „წიგნი“, „მოწმობა“ და „გრაგნილი“ (მრ. 12:26; ებ. 9:19, Int; მთ. 19:7; ლკ. 4:17). სიტყვა „ბიბლია“ ამ ბერძნული სიტყვებიდან მომდინარეობს (იხ. ᲑᲘᲑᲚᲘᲐ).
ძველად წიგნი წარმოადგენდა ფილას ან რამდენიმე ფილას ერთად, რომლებსაც ამზადებდნენ თიხისგან, ქვისგან, ცვილისგან, ცვილით დაფარული ხისგან, ლითონისგან ან სპილოს ძვლისგან; შესაძლოა ის წარმოადგენდა თიხის ჭურჭლის რამდენიმე ნატეხსაც კი (ოსტრაკონი). ხელით დაწერილი გრაგნილები მზადდებოდა ერთმანეთზე გადაბმული ისეთი მასალის ნაწილებისგან, როგორიცაა პაპირუსი, პერგამენტი (ცხოველის ტყავი, მაგალითად ცხვრის ან თხის) ან ველენი (ხბოს ტყავისგან დამზადებული თხელი პერგამენტი); მოგვიანებით საწერ მასალად დაიწყეს სელის ქსოვილის და სელის ქაღალდის გამოყენება. საბოლოო ჯამში წიგნი გახდა ხელნაწერი ან დაბეჭდილი გამოცემა დაკეცილი ფურცლებით, რომლებიც იკინძებოდა ლითონის კავებით, ძაფით, წებდებოდა, იკერებოდა ან სხვაგვარად იკვრებოდა საბოლოო ფორმის მისაღებად.
გრაგნილებზე საწერად, ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთ მხარეს იყენებდნენ (თუ გრაგნილი ტყავისა იყო, მაშინ ბეწვიან მხარეს). ნაწერ მასალას ზოგჯერ ჯოხზე ახვევდნენ. წამკითხველი კითხვას იწყებდა ერთი ბოლოდან, გრაგნილი მარცხენა ხელში ეჭირა, ჯოხი კი, რომელზეც ამ ნაწერს ახვევდა, მარჯვენა ხელში. ასე იქცეოდა, თუ ნაწერი ებრაული იყო. მაგრამ, თუ ნაწერი ბერძნული იყო, პირიქით ეჭირა. გრძელ გრაგნილებს ორ ჯოხზე ახვევდნენ იმგვარად, რომ წამკითხველს კითხვის დროს ტექსტის შუა ნაწილი დაენახა. ქართული სიტყვა „ტომი“ მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ტომუს და ბერძნული სიტყვიდან ტომოს, რომელთა ერთ-ერთი მნიშვნელობა არის გრაგნილი.
ფურცლების ზომა, რომელთაც გრაგნილების დასამზადებლად იყენებდნენ, ძირითადად, სიგრძეში 23—28 სმ იყო, სიგანეში კი — 15—23 სმ. რამდენიმე ფურცელს ისე აწებებდნენ, რომ ერთი მეორეზე გადასულიყო. მაგრამ ძვ. წ. მეორე საუკუნით დათარიღებული მკვდარი ზღვის გრაგნილის ფურცლები, რომლებიც ესაიას წიგნის ნაწილს შეიცავდა, ერთმანეთზე სელის ძაფით იყო გადაკერებული. ეს გრაგნილი შედგება პერგამენტის 17 ნაჭრისგან, რომელთა სიმაღლეა 26,2 სმ, სიგანე კი მერყეობს 25,2 სმ-დან 62,8 სმ-მდე; საერთო სიგრძე იმ სახით, რითაც დღემდე მოაღწია, შეადგენს 7,3 მ-ს. პლინიუსის დროს გრაგნილი შედგებოდა 20 ფურცლისგან (სავარაუდოდ, ასეთ გრაგნილებს გასაყიდად ამზადებდნენ). ეგვიპტური ყველაზე დიდი პაპირუსის გრაგნილის სიგრძე არის 40,5 მ. ეს არის ჰარისის პაპირუსი, რომელიც რამსეს III-ის მეფობის პერიოდით თარიღდება. მარკოზის სახარების დაწერას 5,8 მ სიგრძის გრაგნილი დასჭირდა, ხოლო ლუკას სახარებას — დაახლოებით 9,5 მ.
გრაგნილს კიდეებს აჭრიდნენ, პემზის ქვით აპრიალებდნენ და ჩვეულებრივ, შავად ღებავდნენ. კედრის ზეთით გაჟღენთა გრაგნილს მწერებისგან იცავდა. ნაწერი, როგორც წესი, გრაგნილის ერთ მხარეზე კეთდებოდა, მაგრამ, თუ ტექსტი არ ეტეოდა, ამ შემთხვევაში მეორე ანუ უკანა მხარეზეც წერდნენ. განაჩენების შემცველი გრაგნილები, რომლებიც თავიანთ ხილვებში ნახეს ეზეკიელმა, ზაქარიამ და მოციქულმა იოანემ, ორივე მხარეს იყო დაწერილი. ეს მიუთითებდა, რომ განაჩენები იყო მკაცრი, ფართომასშტაბიანი და მძიმე (ეზკ. 2:10; ზქ. 5:1—3; გმც. 5:1).
მნიშვნელოვან დოკუმენტებს თასმებით კრავდნენ და თიხის ან ცვილის ნატეხით ლუქავდნენ, რომელზეც დოკუმენტის დამწერი ან შემდგენელი თავის ბეჭედს ასვამდა. მოციქულმა იოანემ ხილვაში ნახა შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი გრაგნილი, რომელიც ტახტზე მჯდომმა გადასცა კრავს (გმც. 5:1—7).
როგორც ჩანს, ძველი გრაგნილების თითოეულ ფურცელზე ტექსტი ოთხ სვეტად იყო დაწერილი, მოგვიანებით კი, ჩვეულებრივ, ერთ სვეტად წერდნენ. იერემიას გრაგნილიც სვეტებად იყო დაწერილი. როცა მეფე იეჰოიაკიმს სამ-ოთხ სვეტს უკითხავდნენ, ის აჭრიდა გრაგნილს ამ ნაწილს და ცეცხლში ყრიდა (იერ. 36:23). მკვდარი ზღვის 17-ნაჭრიან გრაგნილზე, რომელიც ესაიას წიგნის ნაწილს შეიცავს, 54 სვეტია, რომელთაგან თითოეული დაახლოებით 30 ხაზისგან შედგება.
ქრისტიანული კრების ჩამოყალიბებამდე ისრაელების წიგნებს გრაგნილის ფორმა ჰქონდა. მართალია, ისრაელთა და იუდეველთა მატიანეები, აგრეთვე იეჰოვას წინასწარმეტყველთა ღვთივშთაგონებული ნაწერები ზოგჯერ წიგნებად მოიხსენიება, სინამდვილეში ისინი გრაგნილები იყო (1მფ. 11:41; 14:19; იერ. 36:4, 6, 23).
თითოეულ სინაგოგაში, რომელთაც ბაბილონში გადასახლების შემდეგ ჩაეყარა საფუძველი, ინახებოდა და გამოიყენებოდა წმინდა წერილების გრაგნილები და ყოველ შაბათს ხმამაღლა იკითხებოდა (სქ. 15:21). იესომ თავად წაიკითხა ერთ-ერთი ასეთი გრაგნილი, სავარაუდოდ, ესაიას წიგნის შემცველი მკვდარი ზღვის გრაგნილის მსგავსი (ლკ. 4:15—20).
კოდექსი. სულ მცირე დაახლოებით ახ. წ. პირველი საუკუნის ბოლომდე, როგორც ჩანს, ქრისტიანები ძირითადად წიგნებად გრაგნილებს იყენებდნენ. იოანე მოციქულმა წიგნი „გამოცხადება“ დაახლოებით ახ. წ. 96 წელს დაწერა. 22-ე თავის მე-18 და მე-19 მუხლებში წიგნს ის გრაგნილად მოიხსენიებს. მაგრამ გრაგნილი მეტისმეტად დიდი იყო. მას შემდეგ, რაც კოდექსმა რვეულის ნაცვლად წიგნის ფორმა შეიძინა, ტრადიციულ გრაგნილთან შედარებით მისი უპირატესობა აშკარა გახდა. მაგალითად, ოთხი სახარების დასატევად 31,7 მ სიგრძის გრაგნილი იყო საჭირო მაშინ, როცა ერთ კომპაქტურ კოდექსზე ყველა მათგანი დაეტეოდა. ამასთან, კოდექსი უფრო ეკონომიური იყო, რადგან მის გვერდებზე ორივე მხრიდან შეიძლებოდა წერა. გარდა ამისა, ის შესანიშნავად იყო დაცული ყდით და სხვადასხვა მონაკვეთის მოძებნა ადვილი იყო, რასაც ვერ ვიტყვით გრაგნილზე.
ფაქტობრივად, მოუხერხებელი, პრაქტიკულად შეუძლებელიც კი, იქნებოდა დიდ გრაგნილზე გარკვეული მონაკვეთების პოვნა. გადმოცემების თანახმად, ქრისტიანებმა სწრაფად აითვისეს კოდექსის ანუ ფურცლებისგან შედგენილი წიგნის გამოყენება, რადგან დაინტერესებულნი იყვნენ სასიხარულო ცნობის ქადაგებით. ბიბლიის შესწავლის ჩატარებისა და ქადაგების დროს მათ ბევრი აზრი მოჰყავდათ წმინდა წერილებიდან თავიანთი ნათქვამის დასამოწმებლად.
პროფესორი ე. ჯ. გუდსპიდი იმაზე საუბრისას, რომ ქრისტიანებმა თავად თუ არ გამოიგონეს ფურცლებისგან შედგენილი წიგნი, ყოველ შემთხვევაში, ყველაზე აქტიურად იყენებდნენ მას, აღნიშნავს: „ადრეულ ეკლესიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცოცხალ ინტერესს იჩენდნენ ბერძნულ-რომაულ სამყაროში გამოცემების მიმართ. ისინი გულმოდგინედ ცდილობდნენ, ქრისტიანული ცნობა გაევრცელებინათ იმდროინდელ მსოფლიოში. ამ მიზნით მიმართავდნენ ყველა საშუალებას — არა მხოლოდ ძველ ტრადიციულს, რომლებმაც მოჭამეს თავისი დრო, არამედ უახლესს და ყველაზე პროგრესულს. ისინი სრულად იყენებდნენ ამ ყველაფერს ქრისტიანობის გასავრცელებლად. ამასთან ერთად ყველაზე ფართოდ იყენებდნენ ფურცლებისგან შემდგარ წიგნს, რომელიც დღესაც პოპულარულია. მათი სახარება არ იყო ეზოტერიკული სწავლება, დაფარული საიდუმლო, არამედ ის უნდა გაეცხადებინათ სახლის სახურავებიდან. ამიტომ მათი ცხოვრების მთავარ საქმედ იქცა უძველესი წინასწარმეტყველური მოწოდება: „აუწყეთ კეთილი ცნობა“. ცალკეული სახარებების დაწერა, რასაკვირველია, დიდი საქმე იყო, მაგრამ მათი შეკრება — არანაკლები და ისეთივე მნიშვნელობა ჰქონდა, როგორიც თავად ამ სახარებების დაწერას“ (Christianity Goes to Press, 1940, გვ. 75, 76; იხ. აგრეთვე Encyclopædia Britannica, 1971, ტ. 3, გვ. 922).
პროფესორი სანდერსის მოხსენებაზე დაფუძნებით (გამოცემულია University of Michigan Quarterly Review, 1938, გვ. 109), პროფესორ გუდსპიდს თავის წიგნში (გვ. 71) მოჰყავს ახ. წ. მეორე, მესამე და მეოთხე საუკუნეების ამა თუ იმ კატეგორიის კლასიკური და ქრისტიანული ნაშრომების შედარებითი ცხრილი, სადაც აღნიშნავს გრაგნილებისა და კოდექსების, ანუ მრავალფურცლიანი წიგნების, აღმოჩენილი ფრაგმენტების რაოდენობას.
პირველ ქრისტიანებზე, როგორც წიგნების გამომცემლებზე, პროფესორი გუდსპიდი წერს (გვ. 78): „ამ საკითხებში ისინი არა მხოლოდ ფეხს უწყობდნენ თანამედროვეობას, არამედ წინ უსწრებდნენ კიდეც. შემდგომი საუკუნეების გამომცემლები მათგან სწავლობდნენ“. ის დასძენს (გვ. 99): „სწორედ ბიბლიის გამოცემა და გავრცელება იყო იმის სტიმული, რომ მეორე საუკუნეში დაიწყო ფურცლებისგან შემდგარი წიგნების ლიტერატურული მიზნებისთვის გამოყენება. სწორედ ბიბლიის გამოცემამ შეუწყო ხელი ბეჭდვის გამოგონებას“.
პროფესორი გუდსპიდი გამოთქვამს საკმაოდ თამამ ვარაუდს (გვ. 81): „საინტერესო შენიშვნა II ტიმოთეს 4:13-დან, „წამომიღე წიგნები, განსაკუთრებით ტყავის“ (ბერძნულად „წიგნები“ — ბიბლია, „ტყავის“ — მემბრანას), აჩენს კითხვას: ხომ არ ნიშნავს „ბიბლია“ ებრაული წერილების გრაგნილებს, „მემბრანაი“ კი ქრისტიანების მიერ არც ისე დიდი ხნის წინ გამოცემულ მრავალფურცლიან წიგნებს — სახარებებსა და პავლეს წერილებს? პროფესორი სანდერსის მიერ მოყვანილი არგუმენტი საშუალებას გვაძლევს, დარწმუნებით ვივარაუდოთ, რომ ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ ქვეყნებში მრავალფურცლიანი წიგნები, დიდი ალბათობით, თავიდან პერგამენტისგან მზადდებოდა“.
პალიმფსესტები. ნაწერი მასალის სიძვირის ან სიმწირის გამო ზოგჯერ ის ხელმეორედ გამოიყენებოდა. დროდადრო ხელნაწერებზე თავდაპირველი ტექსტის შეძლებისდაგვარად დიდ ნაწილს ფხეკდნენ ან ღრუბლით შლიდნენ. გარდა ამისა, იყენებდნენ სხვადასხვა პრეპარატს. პაპირუსებიდან ტექსტს ღრუბლით იმ შემთხვევაში შლიდნენ, თუ მელანი ბოლომდე არ იყო გამშრალი. სხვა შემთხვევებში, ძველ ტექსტს ხაზავდნენ ან უკანა მხარეზე წერდნენ. ატმოსფერული ზეგავლენის ან სხვა პირობების გამო ზოგ პალიმფსესტზე თავდაპირველი ნაწერი საკმაოდ გარკვევით ჩანდა. მათ რიცხვს მიეკუთვნება მთელი რიგი ბიბლიური ხელნაწერებისა, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია ეფრემის კოდექსს. მასზე, სავარაუდოდ, მე-12 საუკუნის ხელნაწერის ქვეშ აღმოჩენილია ებრაული და ბერძნული წერილების ნაწილი, რომელსაც ახ. წ. მე-5 საუკუნეს მიაკუთვნებენ.
ბიბლიაში მოხსენიებული სხვა წიგნები. ბიბლიაში რამდენიმე წიგნია მოხსენიებული, რომლებიც არ არის ღვთივშთაგონებული. ზოგიერთ მათგანს იყენებდნენ ღვთივშთაგონებული წიგნების დამწერები. სხვა წიგნები, როგორც ჩანს, შედგენილი იყო ეროვნული არქივის საფუძველზე. მათ შორის არის ქვემოთ მოყვანილი წიგნები:
იეჰოვას ომების წიგნი. ამ წიგნიდან ციტირებს მოსე რიცხვების 21:14, 15-ში. ეჭვგარეშეა, რომ ეს იყო ღვთის ხალხის ომების შესახებ სანდო ჩანაწერი. შესაძლოა ეს წიგნი იწყებოდა იმ გაერთიანებული ოთხი მეფის წინააღმდეგ აბრაამის წარმატებული გალაშქრების შესახებ მონათხრობით, რომლებმაც ლოტი და მისი ოჯახი ტყვედ წაიყვანეს (დბ. 14:1—16).
იაშარის წიგნი. ეს წიგნი მოხსენიებულია იესო ნავეს ძის 10:12, 13-ში. კონტექსტში საუბარია, რომ იესო ნავეს ძემ ღმერთს სთხოვა, ამორეველებთან ბრძოლის დროს მზე და მთვარე გაეჩერებინა. იაშარის წიგნი კიდევ ერთხელ მოხსენიებულია 2 სამუელის 1:18—27-ში საულისა და იონათანისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო სიმღერა „მშვილდის“ შესავალ ნაწილში. თუ მხედველობაში მივიღებთ ამას, გამოდის, რომ იაშარის წიგნი იყო ლექსების, სიმღერების ან სხვა ნაწარმოებების კრებული. ეჭვგარეშეა, ისინი ისტორიული ინტერესის საგანს წარმოადგენდა და ფართოდ იყო გავრცელებული ებრაელებში.
სხვა ისტორიული ნაშრომები. ბიბლიის წიგნებში „მეფეები“ და „მატიანე“ მოხსენიებულია სხვა არაღვთივშთაგონებული ისტორიული ნაშრომები, მაგალითად „ისრაელის მეფეთა მატიანე“ (1მფ. 14:19; 2მფ. 15:31). სოლომონის ვაჟის, რობოამის მეფობიდან მოყოლებული სამხრეთი სამეფოს მეფეები ჩანაწერებს აკეთებდნენ „იუდას მეფეთა მატიანეში“. ბიბლიაში ის 15-ჯერ არის მოხსენიებული (1მფ. 14:29; 2მფ. 24:5). 1 მეფეების 11:41-ში მოხსენიებულია „სოლომონის მატიანე“, რომელშიც მისი მმართველობის პერიოდია აღწერილი.
ბაბილონის გადასახლების შემდგომი პერიოდის მატიანის შედგენისა და ჩაწერის დროს ეზრა, სულ მცირე, 14-ჯერ ეყრდნობოდა სხვადასხვა წყაროს. მათ შორის იყო: „ისრაელის მეფეთა მატიანე“, „მეფე დავითის მატიანე“, „იუდასა და ისრაელის მეფეთა მატიანე“ (1მტ. 9:1; 27:24; 2მტ. 16:11; 20:34; 24:27; 27:7; 33:18). ეზრა აგრეთვე ეყრდნობოდა სხვა ღვთივშთაგონებული ავტორების წიგნებს (1მტ. 29:29; 2მტ. 26:22; 32:32). მისი სიტყვებიდან ჩანს, რომ არსებობდა იეჰოვას წინასწარმეტყველების მიერ შედგენილი სხვა ჩანაწერებიც, რომლებიც არ შევიდა ღვთივშთაგონებულ წმინდა წერილებში (2მტ. 9:29; 12:15; 13:22). ნეემია მოიხსენიებს მატიანის წიგნს (ნემ. 12:23). ბიბლიიდან ჩანს, რომ სპარსეთშიც იწერებოდა მატიანე. სხვა საკითხებთან ერთად მათში იწერებოდა მეფისთვის გაწეული სამსახურის შესახებ, მაგალითად ჩაიწერა, რომ მორდოქაიმ ამხილა ისინი, ვისაც მეფის მოკვლა ჰქონდა განზრახული (ეზრ. 4:15; ესთ. 2:23; 6:1, 2; 10:2).
წიგნ „ეკლესიასტეს“ ბრძენი დამწერი გვაფრთხილებს, რომ ბოლო არ ექნება წიგნების წერას, რომლებიც ქვეყნიური აზროვნების შედეგია და ეწინააღმდეგება ღვთიურ სიბრძნეს — წიგნებისა, რომლებიც არ ასწავლის ჭეშმარიტი ღვთის შიშსა და მისი მცნებების დაცვას (ეკ. 12:12, 13). ამის მაგალითია წიგნები, რომლებიც გავრცელებული იყო ეფესოში, სადაც სპირიტიზმი და დემონიზმი ყვაოდა. ეფესოელთაგან ზოგი ქრისტეს შესახებ სასიხარულო ცნობის მოსმენის შემდეგ მორწმუნე გახდა. მათ მოაგროვეს ჯადოქრობის შესახებ წიგნები და ყველას თვალწინ დაწვეს. ამ წიგნების საერთო ღირებულება შეადგენდა 50 000 ვერცხლს (თუ დინარი იყო, $37 200) (სქ. 19:19).
გამოსვლის 17:14 შეიცავს იეჰოვას ბრძანებას, რომ წიგნში ჩაეწერათ ამალეკელების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი, ანუ ძვ. წ. 1513 წელს მოსე უკვე აწარმოებდა ჩანაწერებს, რომლებიც, როგორც ჩანს, პირველი ღვთივშთაგონებული ჩანაწერები გახდა.
ბიბლიის ერთ მონაკვეთს ეწოდა „შეთანხმების წიგნი“ და, როგორც ჩანს, ამაში იგულისხმება გამოსვლის 20:22—23:33-ში ჩაწერილი კანონები (გმ. 24:7), ებრაული წერილები კი მოხსენიებულია, როგორც გრაგნილი (ებ. 10:7).
სიმბოლური მნიშვნელობა. სიტყვა „წიგნი“ არაერთხელ გამოიყენება სიმბოლური მნიშვნელობით ისეთ გამოთქმებში, როგორიცაა: „შენი [ღვთის] წიგნი“ (გმ. 32:32), „სამახსოვრო წიგნი“ (მლ. 3:16) და „სიცოცხლის წიგნი“ (ფლ. 4:3; გმც. 3:5; 20:15). როგორც ჩანს, საუბარია ერთსა და იმავე ღვთის სამახსოვრო „წიგნზე“, რომელშიც იწერება მათი სახელები, რომლებიც მარადიული სიცოცხლით დაჯილდოვდებიან (ზეცაში ან დედამიწაზე). აშკარაა, რომ სახელები ღვთის „წიგნში“ არ იწერება ერთხელ და სამუდამოდ, რადგან წმინდა წერილებიდან ჩანს, რომ ვინმეს სახელი შეიძლება „ამოიშალოს“ ამ წიგნიდან (გმ. 32:32, 33; გმც. 3:5). ადამიანის სახელი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ ამოიშლება ამ „წიგნიდან“, თუ ის ბოლომდე ერთგული დარჩება (იხ. ᲡᲘᲪᲝᲪᲮᲚᲔ).