„ჟამი მშვიდობისა“ მოახლოებულია!
„ყოველივეს თავისი დრო აქვს . . . ჟამი ომისა და ჟამი მშვიდობისა“ (ეკლესიასტე 3:1, 8).
1. რა პარადოქსული მდგომარეობა არსებობს XX საუკუნეში ომსა და მშვიდობასთან დაკავშირებით?
მრავალს სწყურია მშვიდობა და არცთუ ისე უსაფუძვლოდ. წინა საუკუნეებთან შედარებით, XX საუკუნეში მშვიდობა იშვიათობა გახდა. პარადოქსია, მაგრამ ადრე მშვიდობის მისაღწევად ამხელა ძალისხმევა არასოდეს მოუხმარებიათ. 1920 წელს დააფუძნეს ერთა ლიგა. 1928 წელს დაიდო კელოგ-ბრიანის პაქტი, რომელსაც ერთ ნაშრომში „პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დადებულ სამშვიდობო ხელშეკრულებათა შორის უდიდესი“ ეწოდა. მასზე „მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ“ მოაწერა ხელი და „გამოთქვა აზრი, რომ უარი ეთქვათ ომზე, როგორც სახელმწიფო პოლიტიკის იარაღზე“. 1945 წელს უკვე დრომოჭმული ერთა ლიგის ადგილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დაიკავა.
2. რა არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზანი და რამდენად შეუძლია მას ამ მიზნის განხორციელება?
2 ერთა ლიგის მსგავსად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიზანიც მსოფლიო მშვიდობის მიღწევაა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ვერც ის აღწევს მაინცდამაინც დიდ წარმატებებს. მართალია, მსოფლიოში არ ყოფილა იმხელა ომი, როგორიც ორი მსოფლიო ომი იყო, მაგრამ მრავალი უფრო მცირე მასშტაბის კონფლიქტი ჯერაც ასობით ათას ადამიანს უკარგავს სიმშვიდეს, ქონებასა და ხშირად სიცოცხლესაც კი. როგორ ფიქრობთ, განა ღირს, იმედი ვიქონიოთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია XXI საუკუნეს მშვიდობის საუკუნედ აქცევს?
ჭეშმარიტი მშვიდობის საფუძველი
3. რატომ არის შეუძლებელი ნამდვილი მშვიდობა იქ, სადაც სიძულვილია?
3 ადამიანებსა და ერებს შორის მშვიდობა რომ იყოს, მარტო ერთმანეთის ატანა არ კმარა. შეუძლია ვინმეს ნამდვილად მშვიდობიანად იყოს მასთან, ვინც სძულს? 1 იოანეს 3:15-ის თანახმად, არა, რადგან იქ ნათქვამია: „ყოველი, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია“. როგორც უახლესი ისტორია ადასტურებს, დიდი სიძულვილი შემდეგ ძალადობაში გადადის.
4. მხოლოდ ვის შეიძლება ჰქონდეს მშვიდობა და რატომ?
4 იეჰოვა „მშვიდობის ღმერთია“; ამიტომ მშვიდობა შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ ხალხში, რომელსაც ღმერთი უყვარს და რომელიც პატივს სცემს მის სამართლიან პრინციპებს. ცხადია, იეჰოვა ყველას არ ჩუქნის მშვიდობას. „არ არის მშვიდობა, ამბობს ჩემი ღმერთი, ბოროტეულთათვის“. ამის მიზეზი კი თვითონ ბოროტებშია, რადგან მათ არ სურთ ღვთის სულიწმიდის ხელმძღვანელობით ცხოვრება, რომლის ნაყოფიც არის მშვიდობა (რომაელთა 15:33; ესაია 57:21; გალატელთა 5:22).
5. რა არის მიუღებელი ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის?
5 მოყვასთან ომი — რაშიც ასე ხშირად ებმებოდნენ ხშირ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ქრისტიანები და რაც, ძირითადად, XX საუკუნის განმავლობაში ვითარდებოდა — ჭეშმარიტი ქრისტიანებისთვის მიუღებელია (იაკობი 4:1—4). მართალია, ეს უკანასკნელნიც ომობენ; ომობენ ღვთის შეურაცხმყოფელი მოძღვრების წინააღმდეგ, მაგრამ ეს ომი ადამიანებს ზიანს კი არ აყენებს, არამედ ეხმარება. განსხვავებული რელიგიური მრწამსის გამო სხვების დევნა ან ნაციონალისტურ საფუძველზე ფიზიკური ზიანის მიყენება სასტიკად ეწინააღმდეგება ჭეშმარიტი ქრისტიანობის ნორმებს. „თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, — აფრთხილებდა პავლე რომაელ ქრისტიანებს, — ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით“ (რომაელთა 12:17—19; 2 ტიმოთე 2:24, 25).
6. სად შეიძლება დღეს ჭეშმარიტი მშვიდობის პოვნა?
6 დღეს ღვთისგან ბოძებული მშვიდობა მხოლოდ იეჰოვა ღმერთის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს შორის არსებობს (ფსალმუნი 118:165; ესაია 48:18). ვერავითარი პოლიტიკური შეხედულებები ვერ დაარღვევს მათს ერთიანობას, რადგან მსოფლიოს არც ერთ კუთხეში ისინი პოლიტიკაში არ ერევიან (იოანე 15:19; 17:14). მოწმეები ‘გაერთიანებული არიან გონებითა და აზრით’, რის გამოც მათს მშვიდობას რელიგიური შეხედულებების სხვაობის საფუძველზე დარღვევა არ ემუქრება (1 კორინთელთა 1:10). იეჰოვას მოწმეებს შორის არსებული მშვიდობა თანამედროვე სასწაულია, სასწაული, რომელიც ღმერთმა შემდეგი აღთქმის თანახმად მოახდინა: „შენს განმგებელად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად — სიმართლეს“ (ესაია 60:17; ებრაელთა 8:10).
რატომ არის „ჟამი ომისა“?
7, 8. ა) რის დროდ მიიჩნევენ დღევანდელობას იეჰოვას მოწმეები, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობისმოყვარენი არიან? ბ) რა არის ქრისტიანების ძირითადი საბრძოლო იარაღი?
7 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მოწმეები მშვიდობისმოყვარენი არიან, ისინი დღევანდელობას ‘ომის ჟამად’ მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, არა პირდაპირი გაგებით ომის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვებისთვის ბიბლიური ცნობის მახვილით გაცნობა ღვთის მოწვევის, „მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი“, საწინააღმდეგო იქნებოდა (გამოცხადება 22:17). არავინ ატანს ვინმეს ძალას, რელიგია შეიცვალოს! იეჰოვას მოწმეების ომი მხოლოდ სულიერია. პავლე წერდა: „ჩვენი საბრძოლო იარაღი ხორციელი არ არის, არამედ არის ღვთიური ძლიერება სიმაგრეთა დასანგრევად“ (2 კორინთელთა 10:4; 1 ტიმოთე 1:18).
8 ‘ჩვენი საბრძოლო იარაღებიდან’ მთავარია „სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა“ (ეფესელთა 6:17). ამ მახვილს ძალზე დიდი ძალა აქვს. „ღვთის სიტყვა არის ცოცხალი, მოქმედი და ყოველგვარ ორლესულ მახვილზე უფრო ბასრი, და აღწევს სიმშვინველისა და სულის, სახსართა და ტვინთა გაყოფის ადგილამდე, და სჯის გულის აზრებსა და ზრახვებს“ (ებრაელთა 4:12). მისი გამოყენებით ქრისტიანები ‘ღვთის შემეცნების საწინააღმდეგო ზრახვებსა და ყოველ აღმართულ სიმაღლეს’ ამხობენ (2 კორინთელთა 10:5). ის ღვთის მსახურებს საშუალებას აძლევს, გამოააშკარაონ ცრუ სწავლებები, მავნე ჩვევები და ფილოსოფიები, რომლებიც ღვთის სიბრძნის ნაცვლად — ადამიანურს ირეკლავენ (1 კორინთელთა 2:6—8; ეფესელთა 6:11—13).
9. რატომ არ უნდა მოვდუნდეთ ცოდვილი ხორცის წინააღმდეგ ბრძოლაში?
9 სულიერი ომის კიდევ ერთ მხარეს ცოდვილი ხორცის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. ქრისტიანები ბაძავენ პავლეს, რომელიც წერდა: „ვთრგუნავ და ვიმონებ ჩემს სხეულს, რათა სხვებს რომ ვუქადაგებ, მე თვითონ უღირსი არ დავრჩე“ (1 კორინთელთა 9:27). მოციქულმა კოლასელ ქრისტიანებს შემდეგი დარიგება მისცა: „მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურობა, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა“ (კოლასელთა 3:5). ბიბლიის მწერალი იუდა ქრისტიანებს მოუწოდებდა: „იღწვოდეთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ წმიდებს გადაეცა“ (იუდა 3). რატომ უნდა მოვიქცეთ ამგვარად? ამ კითხვაზე პასუხს პავლე გვაძლევს: „თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი არ აგცდებათ, ხოლო თუ სულით აკვდინებთ ხორციელ საქმეებს, იცოცხლებთ“ (რომაელთა 8:13). საჭიროა, გავითვალისწინოთ ეს ნათელი განაცხადი და არ მოვდუნდეთ ცუდი მიდრეკილებების წინააღმდეგ ბრძოლაში.
10. რა მოხდა 1914 წელს და მალე რა მოჰყვება ამას?
10 სხვა მიზეზი, რის გამოც დღევანდელი დრო ომის ჟამად შეიძლება ჩაითვალოს, ასეთია: ახლოვდება ‘ჩვენი ღვთის შურისგების დღე’ (ესაია 61:1, 2). 1914 წელს დადგა იეჰოვას მიერ დანიშნული დრო, დაემყარებინა და სატანის წინააღმდეგ ბრძოლის უფლებით აღეჭურვა მესიანური სამეფო. იმ დროს ამოიწურა ჟამი, რომელიც ღმერთმა ადამიანებს გამოუყო, რათა გამოეცადათ, ღვთის ჩაურევლად როგორი იყო ადამიანთა მმართველების ქვეშევრდომად ცხოვრება. ღვთის მესიანური მმართველობის მიღების მაგივრად, პირველ საუკუნეში მცხოვრებთა უმეტესობის მსგავსად, ბევრი დღესაც უგულებელყოფს ქრისტეს (საქმეები 28:27). ასე რომ, სამეფოსადმი მრავალი ადამიანის წინააღმდეგობის გამო, იესო ‘მტერთა შორის ბატონობს’ (ფსალმუნი 109:2). საბედნიეროდ, გამოცხადების 6:2 აღგვითქვამს, რომ ის „გაიმარჯვებს“. ეს მოხდება ‘ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდ დღეს ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება’ (გამოცხადება 16:14, 16).
ახლაა „ჟამი უბნობისა“
11. რატომ გამოავლინა იეჰოვამ უდიდესი მოთმინება და რა მოხდება საბოლოოდ?
11 კაცობრიობის ისტორიაში გარდამტეხი პერიოდის, 1914 წლის, შემდეგ 85-მა წელმა განვლო. ამ ხნის განმავლობაში იეჰოვამ ადამიანებისადმი უდიდესი მოთმინება გამოავლინა. ღმერთი თავის მოწმეებს ყველანაირად აჩვენებს, რომ დრო კრიტიკულია. სასწორზე მილიონობით ადაიმანის სიცოცხლეა დადებული. ამ ხალხს გაფრთხილება სჭირდება, რადგან იეჰოვას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ რომ ყველა მივიდეს მოსანანიებლად“ (2 პეტრე 3:9). მაგრამ მალე „უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავისი ძალის ანგელოზებითურთ“ და ‘შურს იძიებს’ ყველაზე, ვინც შეგნებულად უგულებელყოფს ღვთის სამეფოს შესახებ ცნობას, „ვინც არ შეიცნო ღმერთი და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას“ (2 თესალონიკელთა 1:6—9).
12. ა) რატომ არა აქვს აზრი იმაზე ფიქრს, როდის დაიწყება დიდი გასაჭირი? ბ) ამასთან დაკავშირებით, რა საშიშროების შესახებ გაგვაფრთხილა იესომ?
12 როდემდე მოუთმენს იეჰოვა კაცობრიობას? არავითარი აზრი არა აქვს იმაზე ფიქრს, გავიგოთ, როდის დაიწყება „დიდი გასაჭირი“, რადგან იესომ ნათლად აღნიშნა: „იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის“. მეორე მხრივ, მან შემდეგი დარიგებაც მოგვცა: „ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი . . . მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათსაც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა“ (მათე 24:21, 36, 42, 44). პირდაპირი გაგებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველდღე ყურადღებით ვადევნოთ თვალყური მსოფლიო მოვლენებს და მხედველობიდან არ გამოგვრჩეს დიდი გასაჭირის დაწყება (1 თესალონიკელთა 5:1—5). რამდენად საშიშია იმის წარმოდგენაც კი, რომ შესაძლებელია მოვდუნდეთ, ეგრეთ წოდებული ნორმალური ცხოვრებით ვიცხოვროთ, და ველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იესომ თქვა: „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გული ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ მოულოდნელად. . .“ როგორც მახემ (ლუკა 21:34, 35). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ დამანგრეველ ‘ოთხ ქარს’, რომელიც ჯერ იეჰოვას ‘ოთხ ანგელოზს’ უპყრია, ეს ანგელოზები ყოველთვის არ დაიჭერენ (გამოცხადება 7:1—3).
13. რა აქვს შეგნებული დაახლოებით ექვს მილიონ ადამიანს?
13 თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ეს დღე ძალიან სწრაფად გვიახლოვდება, ‘უბნობის ჟამის’ შესახებ სოლომონის სიტყვები დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობით აჟღერდება (ეკლესიასტე 3:7). იეჰოვას დაახლოებით ექვს მილიონ მოწმეს ესმის, რომ ახლა ნამდვილად უბნობის ანუ ლაპარაკის ჟამია, რის გამოც მთელი გულმოდგინებით ქადაგებენ ღვთის დიდებულ სამეფოზე და ხალხს იეჰოვას შურისგების დღის შესახებ აფრთხილებენ. ისინი მოხალისეებად მიდიან იესოს გალაშქრების ამ დღეს (ფსალმუნი 109:3; 144:10—12).
ამბობენ „მშვიდობააო და არ არის მშვიდობა“
14. როგორი ცრუწინასწარმეტყველები არსებობდნენ ძვ. წ. VII საუკუნეში?
14 ძვ. წ. VII საუკუნეში ღვთის წინასწარმეტყველები, იერემია და ეზეკიელი, იერუსალიმს ღვთისადმი ურჩობისა და თავნებობის გამო ღვთის სამსჯავროს შესახებ ცნობას აუწყებდნენ. მათ მიერ ნაწინასწარმეტყველები განადგურება ძვ. წ. 607 წელს აღსრულდა, თუმცა ცნობილი და გავლენიანი რელიგიური წინამძღოლები ღვთის ცნობის საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამდნენ. ეს უკანასკნელნი ‘ცრუწინასწარმეტყველები [„უგუნური წინასწარმეტყველები“, აქ]’ იყვნენ, ‘რომლებიც აცთუნებდნენ . . . [ღვთის] ერს, რომ ეუბნებოდნენ, მშვიდობააო და არ იყო მშვიდობა’ (ეზეკიელი 13:1—16; იერემია 6:14, 15; 8:8—12).
15. დღესაც არსებობენ მსგავსი ცრუ წინასწარმეტყველები? განმარტეთ.
15 იმდროინდელ ‘უგუნურ წინასწარმეტყველთა’ მსგავსად, დღევანდელ რელიგიურ წინამძღოლთა უმეტესობაც არ აფრთხილებს ხალხს ღვთის მოსალოდნელი სამსჯავროს შესახებ. ნაცვლად ამისა, ხალხს აიმედებენ, რომ პოლიტიკური დაჯგუფებები მშვიდობასა და უსაფრთხოებას მიაღწევენ. ისინი ადამიანთა თვალში მოწონებას უფრო ეძებენ, ვიდრე ღვთისა, და მრევლს იმას ეუბნებიან, რის მოსმენაც მრევლს სურს; ამასობაში კი არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ ღვთის სამეფო უკვე დამყარდა და მესიანური მეფე მალე გამარჯვებით დააგვირგვინებს ბრძოლას (დანიელი 2:44; 2 ტიმოთე 4:3, 4; გამოცხადება 6:2). ცრუწინასწარმეტყველების მსგავსად ისინიც ამბობენ, რომ „მშვიდობააო და არ არის მშვიდობა“. მაგრამ მალე მათ დაჯერებულობას შიშის ზარი შეცვლის, რადგან თავს დაატყდებათ იმ პიროვნების რისხვა, რომლის შესახებაც არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ და რომლის სახელსაც ჩირქს სცხებდნენ. მსოფლიო ცრუ რელიგიის წინამძღოლებს, რომლებიც ბიბლიაში მეძავ ქალად არიან წარმოდგენილი, თვითონვე მოახრჩობთ მშვიდობის შესახებ ამაო ყვირილი (გამოცხადება 18:7, 8).
16. ა) რას აქვეყნებენ იეჰოვას მოწმეები? ბ) რით განსხვავდებიან ისინი მათგან, ვინც ყვირის „მშვიდობააო და არ არის მშვიდობა“?
16 ამ ცნობილ და გავლენიან წინამძღოლთა უმეტესობის მიერ დაჟინებით, თვალთმაქცობით მშვიდობის აღთქმა ვერ არყევს მათს დაჯერებულობას, ვისაც ღვთის მიერ აღთქმული ჭეშმარიტი მშვიდობისადმი რწმენა აქვს. უკვე საუკუნეზე მეტია, რაც იეჰოვას მოწმეები აქვეყნებენ პუბლიკაციებს, რომლებშიც ერთგულად იცავენ ღვთის სიტყვას, უშიშრად გამოდიან ცრუ რელიგიის წინააღმდეგ და მტკიცედ უჭერენ მხარს ღვთის სამეფოს. ისინი სულაც არ ცდილობენ ხალხის მიძინებას მშვიდობის შესახებ ყურის მაამებელი ფრაზებით. პირიქით, მთელ ძალას ახმარენ ადამიანთა გამოღვიძებას, რათა სინამდვილე დაანახვონ და აჩვენონ, რომ დღეს ომის ჟამია (ესაია 56:10—12; რომაელთა 13:11, 12; 1 თესალონიკელთა 5:6).
იეჰოვა ‘დადუმებული’ აღარ იქნება
17. რას ნიშნავს, იეჰოვა ‘მდუმარედ’ აღარ იქნება?
17 სოლომონმა ისიც აღნიშნა, რომ „ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს . . . დაუდგება იქ თავის ჟამი“ (ეკლესიასტე 3:17). დიახ, იეჰოვას დანიშნული აქვს დრო იმ განაჩენის სისრულეში მოსაყვანად, რომელიც ცრუ რელიგიასა და ‘უფლის [„იეჰოვას“, აქ] წინააღმდეგ ამხედრებულ და მის ცხებულზე გალაშქრებულ ამქვეყნიურ მეფეებს’ გამოუტანა (ფსალმუნი 2:1—6; გამოცხადება 16:13—16). იმ დროის დადგომისთანავე იეჰოვას ‘დუმილის’ ჟამი ამოიწურება (ფსალმუნი 82:2; ესაია 62:1; იერემია 47:6, 7). სამეფო ტახტზე ასული მესიანური მეფის, იესო ქრისტეს, მეშვეობით ის თავისი მტრებისთვის, როგორც ჩანს, ერთადერთ გასაგებ ენაზე „ილაპარაკებს“: „როგორც გმირი, გამოვა უფალი; როგორც მეომარი, შურით აღივსება, აგრგვინდება, ყიჟინასაც დასცემს, ძალას გამოაჩენს მტრების წინააღმდეგ. დიდხანს ვდუმარებდი, ვჩუმდი, თავს ვიკავებდი; ახლა ავკივლდები მშობიარესავით, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად. გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს და გადავახმობ მათ ყოველ სიმწვანეს, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ და ამოვაშრობ წყალსატევებს. წავიყვან ბრმებს მათთვის უცნობი გზებით და მათთვის უცნობ ბილიკებზე გავატარებ; ბნელს ნათლად ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღროებს — ვაკეებად. აი, ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ“ (ესაია 42:13—16).
18. რა გაგებით ‘დადუმდება’ ღვთის ხალხი მალე?
18 როდესაც იეჰოვა თვითონ „ილაპარაკებს“ და ყველას წინაშე თვითონვე გამოაჩენს, რომ ღმერთია, მის ხალხს აღარ დასჭირდება თავის დასაცავად ლაპარაკი. იმ დროს მათი ‘დუმილის’ დრო დადგება. როგორც ღვთის ძველ მსახურებზე, მათზეც გამართლდება შემდეგი სიტყვები: „ამჯერად თქვენ არ იბრძოლებთ. გადით, დადექით და უცქირეთ უფლის მიერ თქვენს ხსნას“ (მეორე ნეშტთა 20:17).
19. რა პატივი ხვდებათ წილად მალე იესოს ძმებს?
19 როგორი მარცხი იქნება ეს სატანისა და მისი ორგანიზაციისთვის! ქრისტეს განდიდებული ძმებიც შეიტანენ წვლილს სამართლიანობის ამ ღირსშესანიშნავ გამარჯვებაში, რადგან ბიბლიაში აღთქმულია: „მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას“ (რომაელთა 16:20). ნანატრი მშვიდობის დრო ახლოს არის.
20. რის დრო დადგება მალე?
20 რა დიდი კურთხევა იქნება ეს დედამიწის იმ მკვიდრთათვის, რომლებიც იეჰოვას ძალის ამ დიდებულ გამოვლინებას იხილავენ! შემდეგ კი მათ მალე ძველი დროის ერთგული მამაკაცები და ქალები შეუერთდებიან, რომელთა აღდგომის ჟამიც დადგება. ქრისტეს ათასწლიანი მმართველობა ნამდვილად იქნება «ჟამი დანერგვისა . . . ჟამი განკურნებისა; ჟამი შენებისა . . . ჟამი სიცილისა . . . ჟამი ლხინისა . . ჟამი მიჯნურთა პაემანისა [„გარდახვევისა“, ძვო] . . . ჟამი სიყვარულისა». დიახ, მაშინ სამუდამოდ დაისადგურებს „ჟამი მშვიდობისა“! (ეკლესიასტე 3:1—8; ფსალმუნი 28:11; 36:11; 71:2).
როგორ უპასუხებდით?
◻ რა არის უბოლოო მშვიდობის საფუძველი?
◻ რატომ მიიჩნევენ იეჰოვას მოწმეები დღევანდელობას ‘ომის ჟამად’?
◻ როდის უნდა ‘ლაპარაკობდეს’ და როდის ‘დუმდეს’ ღვთის ხალხი?
◻ როგორ და როდის შეწყვეტს იეჰოვა დუმილს?
[ჩარჩო⁄სურათები 13 გვერდზე]
იეჰოვამ დაადგინა დრო
◻ ღვთის ხალხზე გოგის თავდასხმისთვის (ეზეკიელი 38:3, 4, 10—12).
◻ ადამიანთა მმართველების აღსაძვრელად დიდი ბაბილონის განადგურებისთვის (გამოცხადება 17:15—17; 19:2).
◻ კრავის დასაქორწინებლად (გამოცხადება 19:6, 7).
◻ არმაგედონის დასაწყებად (გამოცხადება 19:11—16, 19—21).
◻ სატანის შესაბორკად და იესოს ‘ათასწლიანი’ მმართველობის დასაწყებად (გამოცხადება 20:1—3).
ეს მოვლენები, უბრალოდ, იმ თანამიმდევრობით არის ჩამოთვლილი, რომელიც ბიბლიაშია მოცემული. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს ხუთივე მოვლენა იმ თანამიმდევრობით მოხდება, რა თანამიმდევრობითაც და რა დროსაც იეჰოვას აქვს განზრახული.
[სურათები 15 გვერდზე]
იესოს ათასწლიანი მმართველობა ნამდვილად იქნება ჟამი . . .
სიცილისა . . .
გარდახვევისა . . .
სიყვარულისა . . .
დანერგვისა . . .
ლხინისა . . .
შენებისა . . .