უგარითი ძველი ქალაქი, სადაც ბაალის თაყვანისმცემლობა ყვაოდა
ათას ცხრაას ოცდარვა წელს ერთმა სირიელმა მიწათმოქმედმა ხვნის დროს გუთანი ლოდს გამოსდო და ამოაყირავა, მის ქვეშ კი ძველი თიხის ნაკეთობებით სავსე აკლდამა აღმოჩნდა. მაშინ მას ვერც კი წარმოედგინა, რამდენად მნიშვნელოვანი რამ იპოვა. როგორც კი გაიგეს ამის შესახებ, საფრანგეთის ერთი არქეოლოგიური ჯგუფი მაშინვე დაინტერესდა ამ ფაქტით და მომდევნო წელს კლოდ შეფერის ხელმძღვანელობით სირიაში გაემგზავრა.
ცოტა ხნის შემდეგ აღმოჩენილმა წარწერამ მათ დაანახვა, თუ რა ნანგრევებს წააწყდნენ. ეს იყო უგარითი, „ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძველი ქალაქი“. მწერალმა ბარი ჰობერმენმა აღნიშნა: „არც ერთ არქეოლოგიურ აღმოჩენას, თვით მკვდარი ზღვის ხელნაწერებსაც კი, არ მოუხდენია ბიბლიის გაგებაზე იმხელა გავლენა, როგორც ამ აღმოჩენამ იქონია“ (The Atlantic Monthly).
გზაჯვარედინზე
ძვ. წ. მეორე ათასწლეულში ახლანდელი სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, რას-შამრას სახელწოდებით ცნობილ მთიან რეგიონში ყვაოდა მაშინდელ მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი ქალაქი უგარითი. ის 60 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ქალაქს ჩრდილოეთით მთა კასიე ესაზღვრებოდა, სამხრეთით თელ-სიუკასი, დასავლეთით 30-50 კილომეტრის მანძილზე ხმელთაშუა ზღვა, აღმოსავლეთით კი ორონტის ველი.
უგარითის ზომიერი კლიმატი შესანიშნავ პირობებს ქმნიდა მეცხოველეობის განვითარებისთვის. ამ რეგიონში კარგად ხარობდა მარცვლეული, ზეთისხილი, ყურძენი და საამშენებლო მასალად ვარგისი ხეები — რის დეფიციტსაც მწვავედ განიცდიდა მესოპოტამია და ეგვიპტე. გარდა ამისა, სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მდებარეობის გამო, ეს ქალაქი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო პორტი გახდა. აქ ნახავდით ეგეოსის ზღვის კუნძულებიდან თუ ანატოლიიდან, ბაბილონიდან, ეგვიპტიდან თუ შუა აზიის სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ვაჭრებს. ისინი ვაჭრობდნენ მეტალებით, სოფლის მეურნეობის პროდუქტებითა და ადგილობრივი წარმოების მრავალგვარი საქონლით.
მატერიალური კეთილდღეობის მიუხედავად, უგარითი ვასალი სამეფო იყო. ის ეგვიპტის იმპერიის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე სასაზღვრო-სადარაჯო ქალაქი იყო ძვ. წ. XIV საუკუნემდე. ამ დროს კი ეს ქალაქ-სამეფო ხეთების იმპერიის ნაწილი გახდა. უგარითი იძულებული იყო, ხარკი ეხადა და დამპყრობი იმპერია ჯარისკაცებითაც შეევსო. ზღვის ხალხებისa მიერ ანატოლიისა (ცენტრალური თურქეთი) და ჩრდილოეთ სირიის აოხრების შემდეგ, ხეთებმა უგარითს მთელი ჯარისა და ფლოტილიის გამოყვანა მოსთხოვეს. შედეგად, თავად უგარითი ყოველგვარი დაცვის გარეშე დარჩა და დაახლოებით ძვ. წ. 1200 წლისთვის სრულიად განადგურდა.
წარსულის გაცოცხლება
უგარითის ნანგრევებმა უზარმაზარი ბორცვი დატოვა, რომლის სიმაღლეც თითქმის 20 მეტრს აღწევს და 25 ჰექტარზე მეტ ფართობს მოიცავს. დღესდღეობით ამ ტერიტორიის მხოლოდ მეექვსედია გათხრილი. არქეოლოგებმა გათხრების შედეგად აღმოაჩინეს სასახლის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც თითქმის ასი ოთახისა და ეზოებისგან შედგებოდა. მისი ფართობი 10 000 კვადრატული მეტრი იყო. შენობაში იყო წყალგაყვანილობა, სააბაზანო და კანალიზაცია. ავეჯი ოქროთი, ლილაქვითა და სპილოს ძვლით იყო მორთული. აღმოაჩინეს აგრეთვე სპილოს ძვლით მოპირკეთებული დაფები, რომლებზეც რთული ფიგურები იყო ამოტვიფრული. იპოვეს კედლებშემოვლებული ბაღი და აუზი, რაც იქაურობას უფრო მიმზიდველს ხდიდა.
ქალაქსა და მის შემოგარენში მრავლად იყო ბაალისა და დაგონისb ტაძრები. ამ ტაძართა კოშკებში, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრს აღწევდა, იყო პატარა ვესტიბიულები, რომლებსაც მიმსვლელი შიდა ოთახში შეჰყავდა. იქ კი ღვთაების გამოსახულება ესვენა. კიბეებით შეიძლებოდა ტერასებზე გასვლა, სადაც მეფეები სხვადასხვა ცერემონიებს მართავდნენ. ზღვაზე ქარიშხლის ამოვარდნისას ან ღამით გემებისთვის მეგზურობის გასაწევად ტაძრების თავზე სასიგნალო ცეცხლს ანთებდნენ, რათა ისინი უვნებლად შესულიყვნენ ნავსადგურში. როგორც ჩანს, ბაალ-ჰადიდის ტაძარში სწორედ რომ მეზღვაურების მიერ იყო მიტანილი იქ ნაპოვნი 17 ქვის ღუზა, რომლებიც მათ ქარიშხლის ღმერთს, ბაალ-ჰადიდს შესწირეს მსხვერპლად.
ხელნაწერთა ძვირფასი საგანძური
უგარითის ნანგრევებში მრავალი თიხის ფირფიტა აღმოაჩინეს. იპოვეს ეკონომიკასთან, სამართალთან, დიპლომატიურ ურთიერთობებსა და ადმინისტრაციულ წესებთან დაკავშირებული ტექსტები რვა ენაზე, რომლებშიც ხუთი სხვადასხვაგვარი დამწერლობა იყო გამოყენებული. შეფერის ჯგუფმა აღმოაჩინა ნაწერები, რომლებიც მანამდე უცნობ ენაზე იყო შესრულებული და ამ ენას უგარითული უწოდა. თიხის ფირფიტებზე გაკეთებული იყო ლურსმული წარწერები, რომლებიც 30 ნიშნისაგან შედგებოდა. ის არსებულ ანბანთა შორის ერთ-ერთი უძველესია.
ყოველდღიური ყოფის ამსახველი ჩანაწერების გარდა, უგარითში ნაპოვნია ლიტერატურული ნაწარმოებებიც, რომლებიც მაშინდელი რელიგიური ცნებებისა და ჩვეულებების შესახებ მეტის გაგების შესაძლებლობას იძლევა. როგორც ჩანს, დიდი მსგავსება იყო უგარითულ რელიგიასა და მეზობლად მცხოვრები ქანაანელების წეს-ჩვეულებებს შორის. როლანდ დე ვოქსის სიტყვების თანახმად, ამ ნაწერებში „საკმაოდ ზუსტად არის გადმოცემული ქანაანელთა ყოფა ისრაელების მიერ მათ დაპყრობამდე“.
რელიგია ბაალის ქალაქში
რას-შამრას ტექსტებში 200-ზე მეტი ღვთაებაა მოხსენიებული. უზენაესი ღვთაება იყო ელი, რომელიც ყველა ღმერთისა და ადამიანის მამად იწოდებოდა. „ღრუბლებზე ამხედრებული ქარიშხლის“ ღმერთი ბაალ-ჰადიდი „დედამიწის უფლად“ ითვლებოდა. ელი წარმოდგენილი იყო ადამიანებისგან მოშორებით მცხოვრებ თეთრებით შემოსილ ბრძენ ღმერთად, ბაალი კი — ძალიან ძლიერ და ამბიციურ ღვთაებად, რომელიც ღმერთებსა და ადამიანებზე მმართველობას ცდილობდა.
გათხრების დროს ნაპოვნ ტექსტებს, ალბათ, რელიგიური დღესასწაულების, მაგალითად ახალი წლის ან მოსავლის აღების აღნიშვნის, დროს კითხულობდნენ. ამ ტექსტების ზუსტი მნიშვნელობა ბოლომდე ნათელი არ არის. ერთ პოემაში მმართველობისთვის პაექრობაა ასახული. მასში ბაალი ამარცხებს ელის საყვარელ ვაჟს, ზღვის ღმერთ იამს. შესაძლოა, ამ გამარჯვებამ ჩაუსახა უგარითელ მეზღვაურებს იმის რწმენა, რომ ბაალი მათ ზღვაზეც დაიცავდა. მოთთან ორთაბრძოლაში კი ბაალი მარცხდება და ქვესკნელში ხვდება. ამ დამარცხებას შედეგად გვალვა მოჰყვა, რის გამოც ადამიანთა საქმიანობა ჩაკვდა. ბაალის ცოლმა და დამ ანათმა — სიყვარულისა და ომის ქალღმერთმა — მოთი მოკლა და ბაალი მკვდრეთით აღადგინა. ბაალი ხოცავს ელის ცოლის, ელათის (აშერათი) ვაჟებს და სამეფო ტახტზე ადის. მაგრამ შვიდი წლის შემდეგ მოთი კვლავ ბრუნდება.
ზოგი ამ პოემას სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებს. ისინი ამბობენ, რომ მასში წელიწადის დროების მონაცვლეობაა ასახული — სიცოცხლის მომცემი წვიმების პერიოდს ზაფხულის პაპანაქება ცვლის, შემოდგომის დადგომით კი სეზონი კვლავ იცვლება. სხვები ფიქრობენ, რომ შვიდწლიანი პერიოდი შიმშილობისა და გვალვის შიშთან არის დაკავშირებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ბაალის დიდი უპირატესობა ადამიანთა წარმატების მნიშვნელოვან საწინდრად მიაჩნდათ. მეცნიერი პიტერ კრეგი აღნიშნავს: „ბაალის თაყვანისცემაზე დაფუძნებული რელიგიის მიზანი ბაალის უზენაესობის დაცვა იყო, რადგან (მის თაყვანისმცემელთა რწმენით) მხოლოდ მაშინ, როდესაც ის სხვებზე უპირატესი იქნებოდა, უხვად მოვიდოდა მოსავალი და ნაყოფიერი იქნებოდა პირუტყვიც, რაც ასე მნიშვნელოვანი იყო ადამიანთა არსებობისთვის“.
წარმართობისგან დამცავი
გათხრების შედეგად ნაპოვნი ტექსტებიდან აშკარად ჩანს უგარითული რელიგიის გახრწნილება. „ილუსტრირებული ბიბლიური ლექსიკონი“ აღნიშნავს: „ტექსტებიდან ჩანს, თუ რამდენად ზნედაცემულ მდგომარეობამდე მიჰყავდა ადამიანი ამ ღვთაებების თაყვანისცემას. თაყვანისმცემლობის ასეთ ფორმებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ომს, წმინდა პროსტიტუციასა და ეროტიკულ სიყვარულს. ამის შედეგი იყო საზოგადოების დეგრადაცია“. დე ვოქსი აღნიშნავს: „ამ პოემების წაკითხვისას ადამიანი ხვდება, რატომ იწვევდა ზიზღს თაყვანისმცემლობის ეს ფორმა იაჰვიზმის მიმდევრებსა და დიდ წინასწარმეტყველებში“. რჯული, რომელიც ღმერთმა ძველ ისრაელებს მისცა, ასეთი ცრუ რელიგიებისგან იცავდა ერს.
უგარითში ფართოდ იყო გავრცელებული მკითხაობა, ასტროლოგია და მაგია. რაიმეს მომასწავებელ ნიშნებად არა მარტო ციურ სხეულებს მიიჩნევდნენ, არამედ დეფექტიან ჩანასახებსა და დაკლულ ცხოველთა შიგნეულობასაც. „მათი რწმენის თანახმად, ღმერთი, რომელსაც ცხოველურ შესაწირავს სწირავდნენ, ამ შესაწირავის ნაწილი ხდებოდა და ღმერთის სული ცხოველის სულს ერწყმოდა, — აღნიშნავს ისტორიკოსი ჟაკლინ გაშე. — შედეგად ცხოველის ორგანოების საშუალებით შესაძლებელი ხდებოდა ღმერთის აზრის გაგება; ღმერთისა, რომელიც მომავალ მოვლენებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე შემწირველს ან დადებით პასუხს გასცემდა, ან უარყოფითს, ანდა მიუთითებდა, როგორ ემოქმედა კონკრეტულ სიტუაციაში“ (Le pays d’Ougarit autour de 1200 av.J.C). ისრაელები კი სასტიკად უნდა მორიდებოდნენ მსგავს ქმედებებს (მეორე რჯული 18:9—14).
მოსეს რჯული კრძალავდა ცხოველებთან სქესობრივ კავშირს (ლევიანები 18:23). რა თვალსაზრისი ჰქონდათ ამაზე უგარითში? აღმოაჩინეს ტექსტები, რომლებშიც დეკეულთან ბაალის მიერ სქესობრივი ურთიერთობის დამყარების შესახებ არის ლაპარაკი. „თუ არგუმენტად იმას მოვიყვანთ, რომ ამ დროს ბაალი ხარის ფორმას იღებდა, — აღნიშნავს არქეოლოგი საირუს გორდონი, — იმავეს თქმა შეუძლებელია მის მსახურ მღვდლებზე, რომლებიც თავადაც ხორცს ასხამდნენ ბაალის მითოლოგიურ ქმედებას“.
ისრაელებს ღმერთმა უბრძანა: „არ დაიკაწროთ მკვდრისთვის თქვენი სხეული“ (ლევიანები 19:28). ელმა კი, როდესაც ბაალი მოკვდა, „დანით დაიკაწრა კანი, სამართებლით დაიჭრა სხეული, ლოყები და ნიკაპი დაისერა“. საკუთარი თავისთვის ტკივილის მიყენება, როგორც ჩანს, მიღებული იყო ბაალის თაყვანისმცემლობაში (3 მეფეთა 18:28).
ერთი უგარითული პოემიდან ჩანს, რომ თიკნის მოხარშვა რძეში ქანაანელთა რელიგიაში ნაყოფიერების რიტუალის ნაწილი იყო. მოსეს რჯულის თანახმად კი ისრაელებს ღმერთმა უბრძანა: „ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში“ (გამოსვლა 23:19).
ბიბლიურ ტექსტებთან შედარება
უგარითული ტექსტები თავიდან, ძირითადად, ბიბლიაში გამოყენებული ებრაულის დახმარებით ითარგმნებოდა. პიტერ კრეგი აღნიშნავს: „ებრაულ ტექსტებში მრავლად გვხვდება ისეთი სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც ნათელი არ არის და ზოგჯერ უცნობიცაა; XX საუკუნემდე მთარგმნელები არსებული სხვადასხვა ვარიანტიდან ვარაუდით ირჩევდნენ შესაძლო მნიშვნელობას. მსგავსი სიტყვების უგარითულ ტექსტებში აღმოჩენის შემდეგ კი მათი უკეთესად გაგება გახდა შესაძლებელი“.
მაგალითად, ესაიას 3:18-ში (სსგ) გამოყენებულ ერთ ებრაულ სიტყვას, ჩვეულებრივ, „თავსაკრავებად“ თარგმნიან. მსგავსი ფუძის მქონე უგარითული სიტყვა მიუთითებს როგორც მზეზე, ისე მზის ღვთაებაზე. ამიტომ ესაიას წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული ქალები, შესაძლოა, მზის ან მთვარის ფორმის მქონე პატარა დასაკიდ სამკაულებს იყენებდნენ ქანაანელი ღმერთებისთვის პატივის მისაგებად.
მასორეტულ ტექსტში იგავების 26:23-ში „ანთებული ტუჩები და ბოროტი გული“ ისეთ თიხის ჭურჭელთან არის შედარებული, რომელიც „წიდიანი ვერცხლით“ არის დაფარული. მსგავსი უგარითული ფრაზის გამოკვლევა საშუალებას გვაძლევს ეს სიტყვები „თიხის ნატეხის მოჭიქვად“ ითარგმნოს. სწორედ ასე თარგმნის ამ ფრაზას „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“.
უგარითული ტექსტები უდევს საფუძვლად ბიბლიურ ტექსტებს?
რას-შამრას ტექსტების გამოკვლევამ ზოგიერთი მეცნიერი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ბიბლიის გარკვეულ მონაკვეთებში უგარითული პოეზიის კვალი იგრძნობა. საფრანგეთის ინსტიტუტის წევრი ანდრე კაკო ამბობს, რომ „ისრაელთა რელიგიას ქანაანური კულტურა უდევს საფუძვლად“.
რომის სასულიერო ბიბლიური ინსტიტუტის წევრი მიტშელ დაჰუ 28-ე ფსალმუნთან დაკავშირებით აღნიშნავს: „ეს ფსალმუნი იაჰვისტების მიერ ძველ ქანაანელთა ქარიშხლის ღვთაება ბაალისადმი აღვლენილი საგალობლის გადმოღების ფაქტზე მიუთითებს . . . ამ ფსალმუნის თითქმის ყოველი სიტყვის იდენტური სიტყვის პოვნა შესაძლებელია უფრო ძველ ქანაანურ ტექსტებში“. გამართლებულია ასეთი დასკვნის გაკეთება? რა თქმა უნდა, არა!
უფრო გაწონასწორებული თვალსაზრისის მომხრე მეცნიერები აღიარებენ, რომ მოყვანილი მსგავსებები გაზვიადებულია. სხვები აკრიტიკებენ ეგრეთ წოდებულ პანუგარითიზმს. „28-ე ფსალმუნს მთლიანობაში არც ერთი უგარითული ტექსტი არ შეესაბამება, — ამბობს თეოლოგი გარი ბრანდტი. — არავითარი მტკიცება არ არსებობს იმის სათქმელად, რომ 28-ე ფსალმუნი (ან ბიბლიის რომელიმე სხვა მონაკვეთი) წარმართული მითების საფუძველზეა აგებული“.
არის თუ არა ხატოვან გამოთქმებში, პოეტურ პარალელებსა და სტილისტიკის საკითხებში ამა თუ იმ მსგავსების არსებობა იმის დამადასტურებელი, რომ ბიბლიურ ტექსტებში უგარითული მითებია გადმოღებული? პირიქით, ასეთი პარალელების არსებობა მოსალოდნელიცაა. „რელიგიის ენციკლოპედია“ აღნიშნავს: „ფორმისა და შინაარსის მსგავსება კულტურით აიხსნება. მიუხედავად იმისა, რომ უგარითსა და ისრაელს შორის მნიშვნელოვანი გეოგრაფიული და ყოფითი განსხვავება არსებობდა, ისინი მაინც საერთო კულტურის მქონე ერებში ერთიანდებოდნენ და პოეზიასა და რელიგიაში მსგავს სიტყვათა მარაგს იყენებდნენ“. ამიტომ გარი ბრანდტი ასეთ დასკვნას აკეთებს: „მხოლოდ ლინგვისტური მსგავსებების საფუძველზე არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ ბიბლიურ ტექსტში წარმართული მრწამსის კვალი შეინიშნება“.
დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ რას-შამრას ტექსტებსა და ბიბლიას შორის თუ არსებობს რაიმე მსგავსება, ეს მხოლოდ ენობრივი მსგავსებაა და არა სულიერი. „ისეთი მაღალი ეთიკური და ზნეობრივი ნორმები, რომლებიც ბიბლიაში გვხვდება, უცხოა უგარითული ტექსტებისთვის“, — აღნიშნავს არქეოლოგი საირუს გორდონი. ფაქტია, რომ მათ შორის ბევრად მეტი სხვაობაა, ვიდრე მსგავსება.
უგარითული ტექსტების გამოკვლევა, როგორც ჩანს, კვლავაც დაეხმარება ბიბლიის მკვლევარებს ბიბლიური ტექსტების გაგებაში, როდესაც საქმე კულტურას, ისტორიას, რელიგიურ გარემოს თუ მთლიანობაში ებრაელ ერთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. რას-შამრას ტექსტების შემდგომმა გამოკვლევებმა, შესაძლოა, მეტი ნათელი მოჰფინოს ძველ ებრაულ ტექსტებს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად უგარითში ნაპოვნი ტექსტები ძირითადად უფრო იმ განსხვავებას გამოკვეთავს, რომელიც ბაალის პატივსაცემად დაწესებულ უზნეობით გამორჩეულ რიტუალებსა და იეჰოვასადმი წმინდა თაყვანისმცემლობას შორის არსებობდა.
[სქოლიოები]
a „ზღვის ხალხებად“ ხმელთაშუა ზღვის კუნძულებსა და ამ ზღვის სანაპიროებზე მცხოვრები ხალხები იწოდებოდნენ. მათ შეიძლება ფილისტიმელებიც მიეკუთვნებოდნენ (ამოსი 9:7, აქ).
b ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვაგვარი შეხედულება. ზოგი დაგონის ტაძარს „ელის სახლად“ მიიჩნევს. ფრანგი მეცნიერი და ბიბლიური ტექსტების შემსწავლელი იერუსალიმის სკოლის პროფესორი როლანდ დე ვოქსი აღნიშნავს, რომ მსაჯულების 16:23-სა და 1 მეფეთა 5:1—5-ში მოხსენიებული დაგონი არის ელის პირადი სახელი. „რელიგიის ენციკლოპედიის“ თანახმად, შესაძლებელია „დაგონი გარკვეული გაგებით დაკავშირებული ან გაიგივებული იყოს [ელთან]“. რას-შამრას ტექსტებში ბაალს დაგონის ძე ეწოდება, მაგრამ ნათელი არ არის, რა მნიშვნელობით გამოიყენება ამ შემთხვევაში სიტყვა „ძე“.
[ჩანართი 25 გვერდზე]
უგარითის ტერიტორიაზე არქეოლოგიური აღმოჩენები ბიბლიის უკეთ გაგებაში დაგვეხმარა.
[რუკა⁄სურათები 24, 25 გვერდებზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ხეთების იმპერია ძვ. წ. XIV საუკუნეში
ხმელთაშუა ზღვა
ევფრატი
მთა კასიე (იებელ ელ-აგრა)
უგარითი (რას-შამრა)
თელ-სიუკასი
ორონტი
სირია
ეგვიპტე
[საავტორო უფლება]
Statuette of Baal and rhyton in the shape of an animal’s head: Musée du Louvre, Paris; painting of the royal palace: © D. Héron-Hugé pour “Le Monde de la Bible”
[სურათი 25 გვერდზე]
ის, რაც სასახლის შესასვლელისგან დარჩა.
[სურათი 26 გვერდზე]
უგარითის მითოლოგიური პოემა ნათელს ჰფენს იმას, თუ რატომ უთხრა ღმერთმა ისრაელებს გამოსვლის 23:19-ში ჩაწერილი სიტყვები.
[საავტორო უფლება]
Musée du Louvre, Paris
[სურათები 27 გვერდზე]
ლოდი, რომელზეც ბაალის გამოსახულებაა ამოკვეთილი.
ოქროს თეფში, რომელზეც ნადირობის სცენაა ასახული.
სპილოს ძვლის სკივრის თავსახური, რომელზეც ნაყოფიერების ქალღმერთია აღბეჭდილი.
[საავტორო უფლება]
All pictures: Musée du Louvre, Paris