სიხარულით აღსავსენი დღესაც და მარადიულადაც
„მხოლოდ იხარებთ და იმხიარულებთ სულმუდამ ჩემს შექმნილზე, რადგან, აჰა, შევქმნი იერუსალიმს სამხიარულოდ და მის ხალხს — გასახარებლად“ (ესაია 65:18).
1. როგორ ზეგავლენას ახდენდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა პიროვნებებზე საუკუნეების განმავლობაში?
საუკუნეების განმავლობაში ურიცხვმა ადამიანმა ჰპოვა უდიდესი სიხარული ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვასადმი მსახურებაში. ერთ-ერთი მათგანი იყო დავითი, რომელიც დიდ სიხარულს პოულობდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. აღთქმის კიდობნის იერუსალიმში შეტანის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „ყიჟინითა და ბუკის ცემით მოჰქონდათ უფლის კიდობანი დავითისა [დავითსა, აქ] და ისრაელის მთელ სახლს“ (მეორე მეფეთა 6:15). იეჰოვას ასეთი სიხარულით არა მხოლოდ წარსულში ემსახურებოდნენ. შენ დღესაც შეგიძლია მონაწილეობა მიიღო ამ სიხარულში. და მალე შეიძლება უფრო დიდი სიხარული იგრძნო!
2. ესაიას 35-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველების თავდაპირველი შესრულების გარდა, რაც იუდეველების დაბრუნებას შეეხებოდა, კიდევ ვის შეეხება ამ წინასწარმეტყველების შესრულება დღეს?
2 წინამდებარე სტატიაში განვიხილეთ ესაიას 35-ე თავში ჩაწერილი სტიმულის მომცემი წინასწარმეტყველების პირველი შესრულება. მას სამართლიანად შეიძლება ეწოდოს წინასწარმეტყველება, რომელიც არაერთხელ სრულდება, ის წარსულში იუდეველებზე შესრულდა. ეს წინასწარმეტყველება დღესაც სრულდება. როგორ? თავდაპირველად, დაწყებული იესოს მოციქულებითა და სხვებით, ძველი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იეჰოვამ კავშირი დაამყარა სულიერ ისრაელთან. ეს ადამიანები იყვნენ ღვთის სულიწმიდით ცხებულები, რომლებიც, პავლე მოციქულის სიტყვების თანახმად, არიან ‘ღვთის ისრაელის’ ნაწილი (გალატელთა 6:16; რომაელთა 8:15–17). ასევე გავიხსენოთ, რომ 1 პეტრეს 2:9-ში ამ ქრისტიანებს ეწოდებათ ‘რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წმიდა ერი, წილხვედრი ხალხი’. ამასთანავე, პეტრე იხსენიებს იმ დავალებას, რომელიც მიეცა სულიერ ისრაელს: „რათა გამოაცხადოთ მისი სათნოებანი, ვინც სიბნელიდან თავისი საკვირველი ნათლისკენ გამოგიხმოთ“.
შესრულება დღეს
3, 4. რა მდგომარეობა იყო მაშინ, როდესაც ჩვენს ეპოქაში შესრულდა ესაიას 34-ე თავში ჩაწერილი სიტყვები?
3 ამ საუკუნის დასაწყისში დედამიწაზე სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილი არ იყო მტკიცედ აქტიური ასეთი ცნობის გასაცხადებლად. ისინი სრულად ვერ ხარობდნენ ღვთის განსაცვიფრებელი სინათლით. სინამდვილეში ისინი იყვნენ დიდ სიბნელეში. როდის მოხდა ეს? და რა გააკეთა იეჰოვა ღმერთმა ამასთან დაკავშირებით?
4 ეს მოხდა პირველი მსოფლიო ომის დროს, მას შემდეგ, რაც 1914 წელს ღვთის მესიანური სამეფო დაარსდა ზეცაში. ერები, სხვადასხვა ქვეყნების ეკლესიათა სამღვდელოების მხარდაჭერით, გამძვინვარებული იყვნენ ერთმანეთზე (გამოცხადება 11:17, 18). ღმერთი ისევე ეწინააღმდეგებოდა განდგომილ ქრისტიანულ სამყაროსა და განდიდებულ სამღვდელოებას, როგორც ამპარტავან ედომელებს. მაშასადამე, ქრისტიანულ სამყაროს, რომლის პირველსახე იყო ედომი, შესაბამისად დაატყდება თავს ესაიას 34-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველების შესრულება. ის შესრულდება მარადიული განადგურებით, ზუსტად ისევე, როგორც თავდაპირველად შესრულდა უძველეს ედომზე (გამოცხადება 18:4–8, 19–21).
5. როგორ შესრულდა ესაიას 35-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ჩვენს ეპოქაში?
5 რა შეიძლება ითქვას ესაიას წინასწარმეტყველების 35-ე თავზე, რომელშიც სიხარულზეა ყურადღება გამახვილებული? ეს წინასწარმეტყველება დღესაც სრულდება. რატომ შეიძლება ითქვას ასე? ეს წინასწარმეტყველება შესრულდა სულიერი ისრაელის სიმბოლური ტყვეობიდან გათავისუფლების დროს. მოდი, განვიხილოთ ფაქტები, რომლებიც ასახავს ბოლო წლების თეოკრატიულ ისტორიას და რომლებიც მოხდა იმ ადამიანთა ცხოვრების დროს, რომელთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია.
6. რატომ შეიძლება ითქვას, რომ სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილი ტყვეობაში ჩავარდა?
6 პირველი მსოფლიო ომის დროს, დროის შედარებით მცირე მონაკვეთში, სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილი ბოლომდე არ იყო წმინდა და ღვთის ნებასთან შეთანხმებული. ზოგიერთ მათგანს ჩრდილი მიადგა იმის გამო, რომ მათ დაამახინჯეს მოძღვრება, და როცა აიძულებდნენ, კომპრომისზე მიდიოდნენ და ამით არღვევდნენ ნეიტრალიტეტს, მხარს უჭერდნენ ომში ჩაბმულ ერებს და არა იეჰოვას. ამ ომის განმავლობაში ისინი იტანჯებოდნენ ყველანაირი დევნით, ამასთანავე, მრავალ ქვეყანაში აკრძალული იყო მათი ბიბლიური ლიტერატურა. ბოლოს, ზოგიერთ, შედარებით, ცნობილ ძმას მსჯავრი დაადეს და ცრუ ბრალდებით ჩასვეს ციხეში. როდესაც გადავხედავთ წარსულს, არ არის ძნელი დავინახოთ, რომ ღვთის ხალხი იყო ტყვეობაში, ნაცვლად იმისა, რომ თავისუფლებით დამტკბარიყო (შეადარე იოანე 8:31, 32). მათ სერიოზულად აკლდათ სულიერი ხედვა (ეფესელთა 1:16–18). იმის მაგივრად, რომ განედიდებინათ იეჰოვა, ისინი შედარებით ჩუმად იყვნენ, რის შედეგადაც სულიერად უნაყოფოები გახდნენ (ესაია 32:3, 4; რომაელთა 14:11; ფილიპელთა 2:11). ამჩნევ თუ არა პარალელს ბაბილონში ტყვედ მყოფ ძველ ისრაელებთან?
7, 8. როგორი გამოცოცხლება ჰქონდა დღევანდელი სულიერი ისრაელის დარჩენილ ნაწილს?
7 მაგრამ დატოვებდა თუ არა ღმერთი ჩვენი ეპოქის მსახურებს ასეთ მდგომარეობაში? არა, ის გადაწყვეტილებით იყო აღსავსე, რომ გამოეცოცხლებინა ისინი ისე, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო ესაიას მეშვეობით. ამგვარად, როგორც ჩანს, 35-ე თავში მოცემული იგივე წინასწარმეტყველება ნათლად სრულდება ამ ეპოქაშიც, იმით, რომ სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილი გამოცოცხლდა კეთილდღეობისა და სულიერი ჯანმრთელობისთვის სულიერ სამოთხეში. ებრაელთა 12:12-ში პავლემ სიმბოლური თვალსაზრისით მოიხსენია ესაიას 35:3, რითაც მხარი დაუჭირა ესაიას ამ წინასწარმეტყველების სიზუსტეს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს სულიერ სარგებლობას.
8 ომის შემდეგ, მეტაფორულად რომ ვთქვათ, სულიერი ისრაელის სულით ცხებულთა დარჩენილი ნაწილი ტყვეობიდან გათავისუფლდა. იეჰოვა ღმერთმა მათ გასათავისუფლებლად გამოიყენა იესო ქრისტე, უფრო დიდი კიროსი. ამგვარად, დარჩენილ ნაწილს შეეძლო შედგომოდა აღდგენით საქმიანობას, რისი შედარებაც შეიძლება ძველი იუდეველების დარჩენილი ნაწილის შრომასთან, რომლებიც დაბრუნდნენ სამშობლოში, რომ აღედგინათ იერუსალიმის ტაძარი. გარდა ამისა, დღევანდელ დღეს სულიერმა ისრაელმა შეძლო დაეწყო ამწვანებული სულიერი სამოთხის, სიმბოლური ედემის ბაღის, გაშენება.
9. როგორ სრულდება დღესაც ყოველივე ის, რაც აღწერილია ესაიას 35:1, 2, 5–7-ში?
9 მოდი, კიდევ ერთხელ განვიხილოთ ესაიას 35-ე თავი და განხილვისას გონებაში გვქონდეს ყოველივე ზემოთქმული. უპირველესად გადავხედოთ 1-ლსა და მე-2 მუხლებს. რაც უწყლო მიწად მოჩანდა, თანდათან ნამდვილად იქცა აყვავებულ და ნაყოფიერ მიწა-წყლად, რითაც უძველესი შარონის ველებს დაემსგავსა. კვლავ გადავხედოთ მე-5–მე-7 მუხლებს. სულიერი ისრაელის დარჩენილ ნაწილს, რომელთაგანაც ზოგიერთი კვლავაც ცოცხალია და იეჰოვასადმი მსახურებაში აქტიური, ესმოდა, თუ რა მოჰყვებოდა ყოველივე ამას. მათ უკეთესად გაიგეს, მნიშვნელობა იმისა, რაც მოხდა ზეცაში 1914 წელსა და მას შემდეგ. ამან ზეგავლენა მოახდინა მრავალ ჩვენგანზე, რომლებიც შევადგენთ ‘უამრავ ხალხს’ და ვმსახურობთ დარჩენილ ნაწილთან ერთად (გამოცხადება 7:9).
მონაწილეობ თუ არა მის შესრულებაში?
10, 11. ა) თავად შენ როგორ გეხება ესაიას 35:5–7-ის შესრულება? ბ) რას ფიქრობ პირადად შენ ამ ცვლილებების შესახებ?
10 მაგალითად, რაც შეგეხება შენ. სანამ იეჰოვას მოწმეებს დაუკავშირდებოდი, რეგულარულად კითხულობდი თუ არა ბიბლიას? და თუ კითხულობდი, რამდენად გესმოდა წაკითხული? მაგალითად, ახლა შენ იცი ჭეშმარიტება მკვდრების მდგომარეობის შესახებ. ალბათ შეგეძლო ამ საკითხით დაინტერესებული პირისთვის შეგეთავაზებინა, შესაბამისი მუხლი დაბადების მეორე თავიდან, ეკლესიასტეს მეცხრე და ეზეკიელის მე-18 თავიდან და აგრეთვე სხვა მრავალი მუხლი. დიახ, ალბათ გესმის, თუ რას ასწავლის ბიბლია მრავალ თემასა და საკამათო საკითხთან დაკავშირებით. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ბიბლია გვაწვდის აზრს და შენ შეგიძლია, სხვებსაც განუმარტო მრავალი რამ, რასაც უეჭველია აკეთებ.
11 კარგს ვიზამთ, თუ შევეკითხებით საკუთარ თავს: „როგორ ვისწავლე ყოველივე ის, რაც ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ ვიცი? ვიდრე იეჰოვას ხალხთან დავიწყებდი მეცადინეობას, მესმოდა თუ არა ის აღნიშნული მუხლები, რომლებიც ახლახანს მოვიხსენიეთ? ვხვდებოდი თუ არა მათ მნიშვნელობას და გამომქონდა თუ არა ზუსტი დასკვნები მათ შესახებ?“ ამ კითხვებზე გაცემული გულწრფელი პასუხი ალბათ უარყოფითი იქნება. შეურაცხყოფილად არავინ უნდა იგრძნოს თავი თუ ვიტყვით, რომ, ფაქტიურად, ბრმა იყავი ამ მუხლებისა და მათი მნიშვნელობის გაგებასთან დაკავშირებით. ასე არ არის? მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაშია მოცემული, შენ არ შეგეძლო მათი გაგება ან არ გესმოდა მათი მნიშვნელობა. სიმბოლურად რომ ვთქვათ, როგორ აგეხილა თვალები სულიერად? ეს მოხდა იეჰოვას წყალობით, როდესაც მისი ნებით ესაიას 35:5 შესრულდა სულით ცხებულთა დარჩენილ ნაწილზე. ამის შედეგად შენ თვალები აგეხილა. შენ მეტად აღარა ხარ სულიერ სიბნელეში. შენ შეგიძლია დაინახო (შეადარე გამოცხადება 3:17, 18).
12. ა) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს არ არის ფიზიკური ავადმყოფობებისგან სასწაულებრივად განკურნების დრო? ბ) როგორ ჩანს ფ. უ. ფრენცის შემთხვევაში ესაიას 35:5-ის ახლანდელი შესრულება?
12 ბიბლიისა და საუკუნეების მანძილზე ღვთის მოქმედებების ბეჯითმა შემსწავლელებმა იციან, რომ ახლა არ არის სასწაულებრივად ფიზიკური განკურნების დრო (1 კორინთელთა 13:8–10). ამგვარად, ჩვენ არ ველით, რომ იესო ქრისტე თვალებს აუხელს ბრმას, რათა დაამტკიცოს, რომ არის მესია, ღვთის წინასწარმეტყველი (იოანე 9:1–7, 30–33). მას შესწევს უნარი, რომ ყრუს სმენა დაუბრუნოს. ერთ-ერთი სულითცხებული და აგრეთვე საგუშაგო კოშკის საზოგადოების პრეზიდენტი ფრედერიკ უ. ფრენცი, თითქმის დაბრმავდა და სასმენი აპარატითაც სარგებლობდა, როდესაც 100 წლის ასაკს მიაღწია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ის ვეღარ კითხულობდა; მაგრამ ვის შეეძლო ეფიქრა, რომ ის იყო ბრმა ანდა ყრუ ესაიას 35:5-ში ნათქვამიდან გამომდინარე? მისი შორსმჭვრეტელი სულიერი ხედვა კურთხევის მომტანი იყო ღვთის ხალხისთვის მთელ მსოფლიოში.
13. რა ცვლილება, ანუ გამოცოცხლება განიცადა იეჰოვას დღევანდელმა ხალხმა?
13 რა შეიძლება ითქვას შენი ენის შესახებ? ღვთის სულით ცხებულები შესაძლოა ყრუ-მუნჯები იყვნენ სულიერი ტყვეობის დროს. მაგრამ, როდესაც ღმერთმა მათი მდგომარეობა საპირისპიროდ შეცვალა, მათმა ენებმა სიხარულით იწყეს ყიჟინი, რადგან ღვთის დამყარებულ სამეფოსა და მომავალთან დაკავშირებული აღთქმების შესახებ უფრო მეტი გაიგეს. ისინი გეხმარებიან, რომ სიხარულის ყიჟინას შენი ხმაც შეუერთდეს. რამდენ დროს უთმობდი სხვა ადამიანებთან ბიბლიური ჭეშმარიტების შესახებ საუბარს? შესაძლოა ერთ დროს შენ ფიქრობდი: „დიდ სიამოვნებას ვგრძნობ ბიბლიის შესწავლით, მაგრამ ვერასოდეს მივალ და ვერ ვესაუბრები უცხოს“. ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სიმართლე, რომ „მუნჯის ენა“ სიხარულით ‘იგალობებს’? (ესაია 35:6).
14, 15. როგორ დადიოდა მრავალი ადამიანი ‘წმიდა გზით’ ჩვენს ეპოქაში?
14 ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებულ ძველ იუდეველებს, გრძელი გზა ჰქონდათ სამშობლოსკენ გასავლელი. რას შეესაბამება ჩვენს დროს ზემოთქმული? ამისათვის გადავხედოთ ესაიას 35:8: „შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ“.
15 როდესაც სულიერი ტყვეობიდან გათავისუფლდნენ სულით ცხებულები, რომელთაც ახლა მილიონობით სხვა ცხვარიც ახლავს, გამოვიდნენ დიდი ბაბილონის ტყვეობიდან და დაადგნენ სიმბოლურ გზას, სიწმინდის სუფთა გზას, რომელსაც სულიერი სამოთხისკენ მიჰყავს ისინი. ჩვენ მთელი ძალებით ვცდილობთ, რომ უფრო მეტად გავიწაფოთ და დავრჩეთ სიწმინდის გზაზე. დაფიქრდი საკუთარ თავზე. არის თუ არა შენი მორალური ნორმები და პრინციპები ახლა უფრო ამაღლებული, ვიდრე მაშინ, როდესაც წუთისოფლის ნაწილი იყავი? ნუთუ მთელი ძალებით არ ცდილობ შენი აზროვნება და მოქმედება ღვთის ნორმებს შეუსაბამო? (რომაელთა 8:12, 13; ეფესელთა 4:22–24).
16. როგორი პირობებით დავტკბებით, როდესაც ვივლით წმინდა გზით?
16 როდესაც წმინდა გზას ადგახარ, სავსებით არ გაწუხებს საშინელ ადამიანებზე ფიქრი. ფაქტია, ალბათ, ხედავ, რომ წუთისოფელში სიხარბითა და ზიზღით აღსავსე ადამიანები, სიმბოლურად რომ ვთქვათ, ლამის გჭამენ. ძალიან ბევრი ადამიანი სხვებთან ურთიერთობისას ჰგავს მტაცებელ ცხოველს. რამდენად განსხვავებული მდგომარეობაა ღვთის ხალხში! მათთან უსაფრთხოდ გრძნობ თავს. რასაკვირველია, თანაქრისტიანები სრულყოფილები არ არიან; ზოგჯერ ისინიც უშვებენ შეცდომებს, ან შესაძლოა რაღაცით უნებურად გაწყენინებენ ხოლმე. მაგრამ შენ იცი, რომ შენი ძმები განზრახ არ გტკენენ გულს, ანუ არ გჭამენ (ფსალმუნი 56:5; ეზეკიელი 22:25; ლუკა 20:45–47; საქმეები 20:29; 2 კორინთელთა 11:19, 20; გალატელთა 5:15). პირიქით, ისინი დიდი ინტერესით გეპყრობიან; ისინი დაგეხმარნენ შენ; მათ სურთ, რომ შენთან ერთად იმსახურონ.
17, 18. რა მნიშვნელობით არსებობს ახლა სამოთხე და რა გავლენას ახდენს ეს ჩვენზე?
17 ამგვარად, კვლავ შეგვიძლია გადავხედოთ ესაიას 35-ე თავს პირველი რვა მუხლის ჩათვლით და მხედველობაში ვიქონიოთ წინასწარმეტყველების შესრულების მსვლელობა. ნუთუ ნათელი არ არის, რომ ყველაფერი, რაც გავიგეთ, არის ის, რასაც სამართლიანად ეწოდება სულიერი სამოთხე? ეს ჯერ არ არის სრულყოფილი სამოთხე. მაგრამ ეს ნამდვილი სამოთხეა, რადგან ამ სამოთხეში, როგორც მეორე მუხლშია ნათქვამი, შეგვიძლია ‘ვიხილოთ უფლის დიდება და ჩვენი ღმერთის სიდიადე’. რა მოჰყვება ამას? მე-10 მუხლში ნათქვამია: „უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა წუხილი განშორდებათ“. ნამდვილად, სიხარულის მომტანია ცრუ რელიგიისგან გათავისუფლება და ღვთის წყალობით აღსავსე ჭეშმარიტ რელიგიაში ყოფნა.
18 სიხარული, რომელიც ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას უკავშირდება, განუწყვეტლივ იზრდება, ნუთუ ასე არ არის? შენ ხედავ, რომ ახლად დაინტერესებული პირები იცვლებიან და უფრო მეტად მტკიცდებიან ბიბლიურ ჭეშმარიტებაში. ხედავ, რომ ახალგაზრდები იზრდებიან და სულიერად წინ მიიწევენ კრებებში. ტარდება ნათლობა და ხედავ, თუ როგორ ინათლებიან ახლები. ნუთუ უსაზღვრო სიხარულის საფუძველი არ არის ყოველივე ეს? დიახ, უსაზღვრო სიხარულია, რომ მრავალი ადამიანი ჩვენთან ერთად აღწევს სულიერ თავისუფლებასა და სამოთხეს!
კიდევ შესრულდება!
19. როგორი იმედით აღსავსე მოლოდინით გვავსებს ესაიას 35-ე თავი?
19 ჩვენ უკვე განვიხილეთ, თუ პირველად როგორ შესრულდა ესაიას 35-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ებრაელების დაბრუნების დროს და როგორ სრულდება სულიერად დღეს. მაგრამ ეს კიდევ არ არის დასასრული. ჯერ კიდევ მრავალი რამ არის წინ. წინ გველის ბიბლიური მტკიცების შესრულება — პირდაპირი მნიშვნელობით, სამოთხის აღდგენა დედამიწაზე (ფსალმუნი 36:10, 11; გამოცხადება 21:4, 5).
20, 21. რატომ არის ლოგიკური და საღვთო წერილიდან გამომდინარე, გვწამდეს, რომ ესაიას 35-ე თავი კვლავ შესრულდება?
20 იეჰოვა ღმერთს არ ახასიათებს, რომ მხოლოდ სიტყვიერად, ცოცხლად აღგვიწეროს სამოთხე და მარტოოდენ სულიერი საკითხების შესრულებით შემოიფარგლოს. რასაკვირველია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ წინასწარმეტყველების სულიერად შესრულება ნაკლებად მნიშვნელოვანია. თვით მაშინაც კი, მიწიერი სამოთხე რომ ყოფილიყო, არ იქნებოდა სასიამოვნო, რომ მშვენიერ პეიზაჟებსა და მშვიდობიან ცხოველებს შორის სულიერად გახრწნილი ადამიანები მტაცებელი მხეცების მსგავსად დაძრწოდნენ (შეადარე ტიტე 1:12). დიახ, უპირველესია სულიერი, რადგან უაღრესად მნიშვნელოვანს წარმოადგენს.
21 გარდა ამისა, მომავალი სამოთხე არ დამთავრდება სულიერი მხარეებით, რომელთაც უდიდესი სიხარული მოაქვთ ჩვენთვის და მომავალშიც უფრო მეტ სიხარულს ვიგრძნობთ. ჩვენ საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, მოველოდეთ ესაიას 35-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველების სიტყვასიტყვით შესრულებას. რატომ? ესაიამ 65-ე თავში იწინასწარმეტყველა ‘ახალი ცისა და ახალი მიწის’ შესახებ. პეტრე მოციქული ამ მუხლს დაეყრდნო, როდესაც აღწერა, თუ რა იქნებოდა იეჰოვას დღის შემდეგ (ესაია 65:17, 18; 2 პეტრე 3:10–13). პეტრემ აღნიშნა, რომ ის, რაც ესაიამ აღწერა, შესრულდება მაშინ, როდესაც ‘ახალი მიწა’ რეალობა იქნება. ეს ასევე შეიცავს იმ აღწერილობას, რომელიც ცნობილია შენთვის — სახლების აშენება და მათში ცხოვრება; ვაზის გაშენება და მოწეული ნაყოფით გამოწვეული სიხარული; საკუთარი შრომის შედეგად ხანგრძლივი სიხარულის გრძნობა; მგლისა და ცხვრის ერთად ცხოვრება; და არავითარი ბოროტების არსებობა დედამიწაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიცოცხლე მარადიულია, ოჯახები მყარი, საკვები უხვი, სამუშაო სასიამოვნო, ცხოველებს შორის გამეფებულია მშვიდობა, მშვიდობა ბატონობს თვით ცხოველებსა და ადამიანებს შორის.
22, 23. რა საფუძველი იქნება სიხარულისთვის, როდესაც ესაიას 35-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველება განხორციელდება?
22 ნუთუ სიხარულით არ გავსებს ასეთი მომავალი? რა თქმა უნდა, რადგან ეს არის ყოველივე ის, როგორი მოთხოვნილებებითაც სიცოცხლისთვის შეგვქმნა ღმერთმა (დაბადება 2:7–9). მაგრამ რას ნიშნავს ეს იმასთან დაკავშირებით, რაც ესაიას 35-ე თავის წინასწარმეტყველებაში განვიხილეთ? ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიხარულით ყიჟინის დამატებითი მიზეზი. უდაბნოები და უწყლო მიწები აყვავდება და ეს ჩვენს სიხარულს გამოიწვევს. ბრმებს თვალები აეხილებათ და თავიანთი ცისფერი, თაფლისფერი თუ სხვა ფერის თვალებით დაინახავენ. ის თანაქრისტიანებიც, რომლებიც ყრუ-მუნჯები არიან, თვით ისინიც, რომლებსაც ცუდად ესმით, შესძლებენ, რომ კარგად მოისმინონ. რაოდენ დიდი სიხარულია, გქონდეს უნარი, მოისმინო ფოთლების შრიალი, ბავშვების სიცილი და ჩიტების ჟღურტული!
23 ეს აგრეთვე ნიშნავს, რომ კოჭლები, მათ შორის ისინიც, რომლებიც იტანჯებიან ართრიტით, ტკივილის გარეშე შესძლებენ მოძრაობას. რამდენად დიდი შვება იქნება! იმ დროისთვის ნამდვილი წყლის ნაკადები ამოხეთქავს უდაბნოში. ჩვენ დავინახავთ წყლის ტალღებს და მოვისმენთ ჩუხჩუხის სასიამოვნო ხმებს. ჩვენ შევძლებთ ვისეირნოთ იქ და ხელით შევეხოთ მწვანე ბალახებსა და პაპირუსის ნარგავებს. ეს ნამდვილად აღდგენილი სამოთხე იქნება. რამდენად დიდი იქნება სიხარული, როდესაც უშიშრად იქნები ლომისა თუ სხვა გარეული ცხოველის გვერდით? ჩვენ აღარ დავიწყებთ ყოველივეს აღწერას, რადგან გონებაში უკვე წარმოვსახეთ სასიამოვნო და მშვენიერი სურათი.
24. რატომ შეგიძლია დაეთანხმო ესაიას 35:10-ში მოცემულ აზრს?
24 ესაია გვარწმუნებს: „უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე“. მაშასადამე, ჩვენ დავეთანხმებით იმ აზრს, რომ გვაქვს სიხარულით ყიჟინის მიზეზი. სიხარული იმის გამო, რასაც იეჰოვა თავისი ხალხისთვის აკეთებს ჩვენს სულიერ სამოთხეში და სიხარული იმის გამოც, რომ ძალიან ახლოსაა ყოველივე ის, რასაც დედამიწაზე სამოთხეში ველოდებით. ჩვენზე — სიხარულით აღსავსე ხალხის შესახებ — ესაია წერდა: „შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ“ (ესაია 35:10).
გაამახვილე თუ არა ყურადღება?
◻ როგორ შესრულდა მეორედ ესაიას 35-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება?
◻ რას შეესატყვისება სულიერი მხრიდან ის საოცარი ცვლილებები, რომლებიც ესაიამ იწინასწარმეტყველა?
◻ როგორ მიიღე მონაწილეობა ამ წინასწარმეტყველების განხორციელებაში?
◻ რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესაიას 35-ე თავში ჩაწერილი წინასწარმეტყველება მომავლის მიმართ იმედით გვავსებს?
[სურათი მე-15 გვერდზე]
საპატიმრო რეიმონდ სტრიტზე ბრუკლინში (ნიუ-იორკი), სადაც 1918 წლის ივნისში დააკავეს შვიდი კარგად ცნობილი ძმა.
[სურათი მე-16 გვერდზე]
მიუხედავად იმისა, რომ ძმა ფრენცი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში თითქმის დაბრმავდა, საკმაოდ მახვილი სულიერი ხედვა შეინარჩუნა.
[სურათები მე-17 გვერდზე]
სულიერი ზრდა და პროგრესი სიხარულის საფუძველია.