თავი ოცდამერვე
სამოთხე აღდგენილია!
1. რატომ ასწავლის მრავალი რელიგია სამოთხეში ცხოვრების შესახებ?
„სამოთხის ნოსტალგია ერთ-ერთი ძლიერი ნოსტალგიაა, რომელიც ადამიანებს ხშირად ახსენებს თავს. ის, ალბათ, ყველაზე მეტად ძლიერი და ხანგრძლივია. სამოთხისკენ გარკვეული სწრაფვა რელიგიური ცხოვრების ნებისმიერ დონეზე შეიმჩნევა“, — ნათქვამია „რელიგიის ენციკლოპედიაში“. ასეთი ნოსტალგია ნამდვილად ბუნებრივია, რადგან ბიბლია გვაუწყებს, რომ ადამიანმა არსებობა სამოთხეში დაიწყო — მშვენიერ ბაღში, სადაც არც ავადმყოფობა იყო და არც სიკვდილი (დაბადება 2:8—15). ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოს მრავალი რელიგია ამა თუ იმ სახით ასწავლის მომავალი სამოთხის შესახებ.
2. სად შეგვიძლია წავიკითხოთ მომავალი სამოთხის ჭეშმარიტი იმედის შესახებ?
2 ბიბლიაში ბევრგან ვკითხულობთ მომავალი სამოთხის ჭეშმარიტ იმედზე (ესაია 51:3). მაგალითად, ესაიას წინასწარმეტყველების 35-ე თავში აღწერილია, როგორ გადაიქცევა უდაბნო ბაღნარად და ნაყოფიერ ველ-მინდვრებად. უსინათლოებს თვალები ეხილებათ, მუნჯები ლაპარაკობენ და ყრუებს ხმა ესმით. ამ აღთქმულ სამოთხეში არ არის ტანჯვა-მწუხარება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილიც აღარ არსებობს. რა შესანიშნავი აღთქმაა! როგორ უნდა გვესმოდეს ეს სიტყვები? არის თუ არა ისინი იმედის მომცემი ჩვენთვის? ესაიას წინასწარმეტყველების 35-ე თავის განხილვით პასუხებს მივიღებთ ამ შეკითხვებზე.
უკაცრიელი მიწა ხარობს
3. ესაიას წინასწარმეტყველების თანახმად, რა ცვლილებები მოხდება დედამიწაზე?
3 აღდგენილი სამოთხის შესახებ ღვთის შთაგონებით წარმოთქმულ წინასწარმეტყველებას ესაია შემდეგი სიტყვებით იწყებს: „მოილხენს უდაბნო და ხრიოკი, გაიხარებს ტრამალი და შროშანივით აყვავდება. აყვავდება და გაიხარებს, იქნება ლხენა და სიხარული; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელის და შარონის სიდიადე; იხილავენ ისინი უფლის დიდებას და ჩვენი ღმერთის სიდიადეს“ (ესაია 35:1, 2).
4. როდის და როგორ ემსგავსება იუდაელთა სამშობლო უდაბნოს?
4 ესაია ამ სიტყვებს დაახლოებით ძვ. წ. 732 წელს წერს. 125 წლის შემდეგ ბაბილონელები მიწასთან ასწორებენ იერუსალიმს და ტყვედ მიჰყავთ იუდას მკვიდრნი. მათი სამშობლო უკაცრიელდება და უდაბურდება (მეოთხე მეფეთა 25:8—11, 21—26). ამ დროს ზუსტად სრულდება იეჰოვას გამაფრთხილებელი სიტყვები — ისრაელი ერი ორგულობის გამო ტყვედ ვარდება (მეორე რჯული 28:15, 36, 37; მესამე მეფეთა 9:6—8). როდესაც ებრაელები უცხო ქვეყნის ტყვეობაში ხვდებიან, მათი მოვლილი ველ-მინდვრები და ბაღნარები 70 წლის მანძილზე უპატრონოდ რჩება და უდაბნოს ემსგავსება (ესაია 64:10; იერემია 4:23—27; 9:9—11).
5. ა) როგორ აღდგება ქვეყანაში სამოთხისებური პირობები? ბ) რა გაგებით ხედავს ხალხი „უფლის დიდებას“?
5 ესაია იმასაც წინასწარმეტყველებს, რომ ქვეყანა მარადიულად არ იქნება გაუდაბურებული. ის ნამდვილ სამოთხედ გადაიქცევა. „ლიბანის დიდება“ და „ქარმელისა და შარონის სიდიადე“ მიეცემა მასa. როგორ? ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ იუდაელებს კვლავ ეძლევათ მიწის დამუშავებისა და მორწყვის საშუალება, რის შემდეგაც ის ძველებურად უხვად იძლევა ნაყოფს. ამისთვის მხოლოდ იეჰოვას უნდა მიეგოს პატივი. მისი ნებით, მხარდაჭერითა და კურთხევით ექმნებათ იუდაელებს ასეთი სამოთხისებური პირობები. ისინი ხედავენ „უფლის დიდებას და... [თავიანთი] ღმერთის სიდიადეს“ და ესმით, რომ იეჰოვას ხელმა სასწაულებრივად განაახლა მათი ქვეყანა.
6. როგორ სრულდება ესაიას სიტყვები უფრო დიდი მნიშვნელობით?
6 მიუხედავად ამისა, ისრაელის აღდგენილ ქვეყანაში უფრო დიდი მნიშვნელობით სრულდება ესაიას სიტყვები. სულიერი გაგებით ისრაელი მრავალი წლის მანძილზე იყო გადამხმარი და გაუდაბურებული. ბაბილონში ტყვედ ყოფნის პერიოდში წმინდა თაყვანისმცემლობა სასტიკად იყო შევიწროებული. აღარ არსებობდა არც ტაძარი, არც სამსხვერპლო და არც ორგანიზებული სამღვდელოება. ყოველდღიური მსხვერპლი აღარ იწირებოდა. ახლა კი ესაია უდიდეს ცვლილებებს წინასწარმეტყველებს. ზერუბაბელის, ეზრასა და ნეემიას ხელმძღვანელობით ისრაელის 12 ტომის წარმომადგენლები იერუსალიმში ბრუნდებიან, ტაძარს ანახლებენ და იეჰოვას სრულიად თავისუფლად სცემენ თაყვანს (პირველი ეზრა 2:1, 2). ეს ნამდვილად სულიერი სამოთხეა!
სულით გაძლიერებულნი
7, 8. რატომ სჭირდებათ ტყვეობაში მყოფ იუდაელებს დადებითი განწყობილება და როგორ ამხნევებს მათ ესაიას სიტყვები?
7 ესაიას 35-ე თავში სასიხარულო ცნობაა მოცემული. ესაია ნათელ მომავალს უწინასწარმეტყველებს მომნანიებელ ერს. ის დიდი რწმენითა და ოპტიმიზმით ლაპარაკობს. ორი საუკუნის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნების წინ, ტყვეობაში მყოფ იუდაელებს ასეთივე რწმენა და ოპტიმიზმი ესაჭიროებათ. ესაიას მეშვეობით იეჰოვა წინასწარმეტყველურად მოუწოდებს მათ: „გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ! უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ! აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ“ (ესაია 35:3, 4).
8 ხანგრძლივი ტყვეობის დასასრულს ამოქმედების დრო დგება. სპარსეთის მეფე კიროსი, რომელსაც იეჰოვა ბაბილონის დამსჯელ იარაღად იყენებს, იერუსალიმში იეჰოვას თაყვანისმცემლობის აღდგენის ბრძანებას იძლევა (მეორე ნეშტთა 36:22, 23). ებრაელთა ათასობით ოჯახს სჭირდება ორგანიზება, რათა მშვიდობიანად ჩააღწიონ ბაბილონიდან იერუსალიმში. ჩასვლის შემდეგ მათ სათანადო საცხოვრებლების აგება და უდიდესი საქმისთვის — ტაძრისა და ქალაქის აღდგენისთვის — მზადება მოუწევთ. ბაბილონში მყოფ ზოგ იუდაელს შეიძლება აშინებდეს ეს ყველაფერი. მაგრამ ახლა სისუსტისა და შიშის დრო არ არის. იუდაელებმა უნდა გააძლიერონ ერთმანეთი და იეჰოვაზე უნდა დაამყარონ იმედი. ის აღუთქვამს მათ, რომ მშვიდობიანად ჩაივლის ყველაფერი.
9. რა დიდებული მომავალი ელით იუდაელებს სამშობლოში დაბრუნების შემდეგ?
9 ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლებულებს ნამდვილად ექნებათ სიხარულის მიზეზი, რადგან იერუსალიმში დაბრუნების შემდეგ მათ დიდებული მომავალი ელით. ესაია წინასწარმეტყველებს: „მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუებს სასმენელნი გაეხსნებათ. მაშინ ირემივით იხტუნებს მკელობელი და მუნჯის ენა იგალობებს“ (ესაია 35:5, 6ა).
10, 11. რატომ სრულდება ესაიას სიტყვები სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელთათვის სულიერი გაგებით და რა იგულისხმება ამაში?
10 იეჰოვას, როგორც ჩანს, მხედველობაში თავისი ხალხის სულიერი მდგომარეობა აქვს. განდგომილების გამო ისინი 70-წლიანი ტყვეობით იყვნენ დასჯილი. მაგრამ დასჯისას იეჰოვას თავისი ხალხი არც დაუბრმავებია, არც დაუყრუებია, არც დაუკოჭლებია და არც დაუმუნჯებია. ამიტომაც ისრაელი ერის განახლება არ მოითხოვს ფიზიკური დაავადებებისგან განკურნებას. იეჰოვა მას დანაკარგს, კერძოდ კი სულიერ ჯანმრთელობას, აღუდგენს.
11 მონანიების შემდეგ იუდაელები სულიერად იკურნებიან ანუ სულიერი მხედველობა და იეჰოვას სიტყვის მოსმენის, მორჩილებისა და ლაპარაკის უნარი უბრუნდებათ. მათ ესმით, რამდენად მნიშვნელოვანია იეჰოვასთან მჭიდრო ურთიერთობა. ისინი ‘გალობენ’ ანუ სიხარულით ადიდებენ, თავიანთ ღმერთს კარგი ქცევით. „მკელობელი“ ანუ ერთ დროს დავრდომილი გულმოდგინედ იღებს იეჰოვას თაყვანისმცემლობაში მონაწილეობას. ფიგურალურად ახლა ის „ირემივით იხტუნებს“.
იეჰოვა ამხნევებს თავის ხალხს
12. როგორ აკურთხებს იეჰოვა ქვეყანას წყლით?
12 ძნელი წარმოსადგენია სამოთხე წყლის გარეშე. ღვთის მიერ გაშენებულ სამოთხეში, ედემში, უხვად იყო წყალი (დაბადება 2:10—14). ისრაელებისთვის მიცემული მიწაც იყო ‘ნაკადულთა და წყაროთა ქვეყანა, სადაც ნიაღვრები მოედინებოდნენ’ (მეორე რჯული 8:7). ასე რომ, ესაია გამამხნევებელ სიტყვებს ეუბნება ხალხს: „ამოხეთქავს უდაბნოში წყალი და ტრამალზე — ნიაღვრები. დასიცხული მიწა ტბორად გადიქცევა და ხრიოკები წყაროსთვლებად; ტურების სადგომი, სადაც ბუდობენ, ლელით და ლერწმით გადამწვანდება“ (ესაია 35:6ბ, 7). როდესაც ისრაელები კვლავ იზრუნებენ თავიანთ ქვეყანაზე, გაპარტახებული მიწები, სადაც ტურები გაჰკიოდნენ, მთლიანად გადამწვანდება. ხრიოკებზე ‘ჭაობები’ გაჩნდება, სადაც ლერწმები და წყლის მოყვარული სხვა მცენარეები გაიხარებს (იობი 8:11).
13. რა უხვი სულიერი წყალი ექნება განახლებულ ერს?
13 მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ჭეშმარიტების სულიერი წყალია, რომელიც უხვად ექნებათ სამშობლოში დაბრუნებულ იუდაელებს. იეჰოვა თავისი სიტყვის მეშვეობით შემეცნებას მისცემს, გაამხნევებს და ანუგეშებს მათ. გარდა ამისა, ღვთის ერთგული უხუცესები და მთავრები ხალხისთვის იქნებიან, როგორც „წყლის ნაკადულები უდაბნოში“ (ესაია 32:1, 2). ეზრა, ანგია, იესო, ნეემია, ზაქარია და ზერუბაბელი, რომლებიც ხელს უწყობდნენ წმინდა თაყვანისმცემლობის აღორძინებას, ესაიას წინასწარმეტყველების შესრულების თვითმხილველნი გახდებიან (პირველი ეზრა 5:1, 2; 7:6, 10; ნეემია 12:47).
„წმიდა გზა“
14. აღწერეთ, როგორი გზა უნდა გაევლოთ იუდაელებს ბაბილონიდან იერუსალიმამდე.
14 აღსანიშნავია, რომ, ვიდრე ღმერთი ფიზიკური და სულიერი სამოთხისებური პირობებით აკურთხებს იუდაელებს, მათ ბაბილონიდან იერუსალიმში ჩასასვლელად გრძელი და არცთუ უხიფათო გზა უნდა განვლონ. პირდაპირი გზა ხრიოკ მიწაზე, არასტუმართმოყვარე ხალხის მიწაზე, გადის და 800 კილომეტრი სიგრძისაა. შედარებით უსაფრთხო გზა კი 1600 კილომეტრზეა გადაჭიმული. ნებისმიერი გზით მგზავრობა თვეების განმავლობაში ამინდსა თუ უამინდობაში ღია ცის ქვეშ ყოფნასა და მხეცებისა და გამხეცებული ხალხის თავდასხმის საშიშროების წინაშე ყოფნას ნიშნავს. მაგრამ ის, ვინც ესაიას წინასწარმეტყველებას ენდობა, მეტისმეტად არ ღელავს ამის გამო. რატომ?
15, 16. ა) როგორ მფარველობს იეჰოვა იუდაელებს სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე? ბ) სხვა რა გაგებით მიჰყავს იეჰოვას იუდაელები უსაფრთხო შარაგზაზე?
15 ესაიას მეშვეობით იეჰოვა ჰპირდება ხალხს: „შარაგზა იქნება იქ და წმიდა გზა დაერქმევა მას; უწმიდური იქ ვერ გაივლის; გზიანად მავალისთვის იქნება იგი და ბრიყვები არ იყიალებენ. არ გამოჩნდება იქ ლომი და სასტიკი მხეცი არ დაადგება მას, არ გაჭაჭანდება იქ; მხოლოდ გამოხსნილნი ივლიან“ (ესაია 35:8, 9). იეჰოვა იბრუნებს თავის ხალხს! ისინი მისი „გამოხსნილნი“ არიან, რომელთაც მფარველობას აღუთქვამს სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე. გადის თუ არა პირდაპირი გაგებით მოსწორებული, ამაღლებული და დაცული გზა ბაბილონიდან იერუსალიმამდე? არა, მაგრამ იეჰოვას მფარველობა იმდენად საიმედოა, რომ თითქოს მისი ხალხი სწორედ ასეთ შარაგზაზე მგზავრობდეს (შეადარეთ ფსალმუნი 90:1—16).
16 იუდაელები სულიერი საფრთხისგანაც დაცული არიან. ფიგურალური შარაგზა „წმიდა გზაა“. ვინც არ აფასებს იმას, რაც სულიერია და არ არის სულიერად წმინდა, არ ეძლევა ამ გზაზე მგზავრობის უფლება. საჭირო არ არის განახლებულ ქვეყანაში ასეთი ხალხის ჩასვლა. მართალ ადამიანებს სწორი აღძვრები ამოძრავებს ამისკენ. ისინი იუდასა და იერუსალიმში ეროვნული სიამაყისა და პირადი ინტერესების გამო არ ბრუნდებიან. სულიერად მოაზროვნე იუდაელებს ესმით, რომ მათი დაბრუნების ძირითადი მიზეზი თავიანთ ქვეყანაში იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობის აღორძინებაა (პირველი ეზრა 1:1—3).
იეჰოვას ხალხი ხარობს
17. როგორ ანუგეშებდა ესაიას წინასწარმეტყველება ღვთის ერთგულ იუდაელებს ხანგრძლივი ტყვეობის დროს?
17 ესაიას წინასწარმეტყველების 35-ე თავი სასიხარულო სიტყვებით მთავრდება: „უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მხიარული ყიჟინით მივლენ სიონზე, საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, შვება და სიხარული ეწევა მათ და ტანჯვა-წუხილი განშორდებათ“ (ესაია 35:10). ტყვე იუდაელებს, რომელთათვისაც ნუგეში და იმედი იყო ეს წინასწარმეტყველება ბაბილონში ყოფნის დროს, შესაძლებელია აინტერესებდათ, ზუსტად როგორ შესრულდებოდა ის წვრილმანებში. ალბათ, არც ესმოდათ წინასწარმეტყველების ბევრი მხარე. მაგრამ ის კი დღესავით ნათელი იყო მათთვის, რომ ‘დაბრუნდებოდნენ და მივიდოდნენ სიონზე’.
18. როგორ იცვლება ბაბილონში მყოფი ხალხის ტანჯვა-მწუხარება ყიჟინითა და სიხარულით განახლებულ ქვეყანაში დაბრუნებისას?
18 ამიტომაც ძვ. წ. 537 წელს იეჰოვაზე სრულიად მინდობილი დაახლოებით 50000 კაცი (მათ შორის 7000 ყმა) ქალებთან და ბავშვებთან ერთად იერუსალიმისკენ მიმავალ გზას ადგება და ოთხ თვეს ატარებს მგზავრობაში (პირველი ეზრა 2:64, 65). რამდენიმე თვეში ისინი იეჰოვას სამსხვერპლოს ანახლებენ, რაც ტაძრის აღდგენისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია. ესაიას მიერ 200 წლის წინათ წარმოთქმული წინასწარმეტყველება სრულდება. ბაბილონში მყოფი ხალხის ტანჯვა-მწუხარება განახლებულ ქვეყანაში დაბრუნებისას ყიჟინითა და სიხარულით იცვლება. იეჰოვამ შეასრულა დანაპირები. სამოთხე როგორც პირდაპირი, ისე სულიერი გაგებით აღდგა!
ახალი ერის დაბადება
19. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ესაიას წინასწარმეტყველება მხოლოდ ნაწილობრივ სრულდება ძვ. წ. VI საუკუნეში?
19 ცხადია, ძვ. წ. VI საუკუნეში ნაწილობრივ სრულდება ესაიას 35-ე თავი. სამოთხისებურ პირობებში დიდხანს არ რჩებიან სამშობლოში დაბრუნებული იუდაელები. დროთა განმავლობაში ცრურელიგიური სწავლებები და ნაციონალიზმი ბილწავს წმინდა თაყვანისმცემლობას. იუდაელები სულიერად კვლავაც იტანჯებიან და წუხან. ბოლოს კი იეჰოვა უარყოფს მათ და აღარ აღიარებს თავის ხალხად (მათე 21:43). გამუდმებული ურჩობის გამო მათი სიხარული მარადიული არ არის. ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ ესაიას 35-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველება კიდევ ერთხელ, უფრო დიდებულად, უნდა შესრულდეს.
20. რომელი ახალი ისრაელი ჩამოყალიბდა ახ. წ. I საუკუნეში?
20 იეჰოვას მიერ დადგენილ დროს ახალი ისრაელი, სულიერი ერი, ჩამოყალიბდა (გალატელთა 6:16). იესომ დედამიწაზე თავისი მსახურებით გზა გაუხსნა ამ ახალი ისრაელის დაბადებას. მან წმინდა თაყვანისმცემლობა აღადგინა და მისი სწავლებებით ჭეშმარიტების წყლებმა დაიწყო დინება. იესო როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად ავადმყოფებს კურნავდა. ირგვლივ სიხარულის ყიჟინა ისმოდა ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებით. სიკვდილიდან და მკვდრეთით აღდგომიდან შვიდი კვირის შემდეგ განდიდებულმა იესომ ქრისტიანული კრება დააარსა. ეს იყო სულიერი ისრაელი, რომელიც იესო ქრისტეს დაღვრილი სისხლით გამოსყიდული ებრაელებისა და სხვა ერების წარმომადგენლებისგან — ღვთის სულიერ ძეებად შობილ იესოს ძმებისგან ანუ სულიწმიდით ცხებულთაგან — შედგებოდა (საქმეები 2:1—4; რომაელთა 8:16, 17; 1 პეტრე 1:18, 19).
21. პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებასთან დაკავშირებული რა მოვლენები შეიძლება ჩაითვალოს ესაიას მიერ ნაწინასწარმეტყველები ზოგიერთი მოვლენის შესრულებად?
21 სულიერი ისრაელის წევრებისთვის მიწერილ წერილში მოციქულმა პავლემ ესაიას 35:3-ის სიტყვები გამოიყენა: „გამართეთ ჩამოყრილი ხელები და დაძაბუნებული მუხლები“ (ებრაელთა 12:12). მაშ, როგორც ჩანს, ესაიას წიგნის 35-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველება ახ. წ. I საუკუნეშიც სრულდებოდა. იესო და მისი მოწაფეები სასწაულებრივად პირდაპირი გაგებით უხელდნენ თვალებს უსინათლოებს და სასმენელს უხსნიდნენ ყრუებს. მათი დახმარებით „მკელობლები“ დადიოდნენ და მუნჯები ლაპარაკს იწყებდნენ (მათე 9:32; 11:5; ლუკა 10:9). გარდა ამისა, გულმართალი ადამიანები ცრუ რელიგიას შორდებოდნენ და ქრისტიანულ კრებაში, სულიერ სამოთხეში, ხარობდნენ (ესაია 52:11; 2 კორინთელთა 6:17). ბაბილონიდან გათავისუფლებული იუდაელების მსგავსად, ამ თავდახსნილებმაც დაინახეს, რომ მეტად მნიშვნელოვანი იყო დადებითი განწყობილება და მხნე სული (რომაელთა 12:11).
22. როგორ მოხვდნენ ბაბილონის ტყვეობაში ჭეშმარიტების გულწრფელად მძებნელი ქრისტიანები XX საუკუნეში?
22 რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? სრულდება თუ არა დღეს კიდევ ერთხელ, უფრო სრულად, ესაიას წინასწარმეტყველება ქრისტიანულ კრებაზე? დიახ. მოციქულთა სიკვდილის შემდეგ ჭეშმარიტი ცხებული ქრისტიანები საგრძნობლად შემცირდნენ და მსოფლიოში ცრუ ქრისტიანობამ, „ღვარძლმა“, გაიდგა ფესვი (მათე 13:36—43; საქმეები 20:30; 2 პეტრე 2:1—3). მე-19 საუკუნეშიც კი, როდესაც გულწრფელმა ადამიანებმა ქრისტიანული სამყაროდან გამოყოფა და წმინდა თაყვანისმცემლობის ძებნა დაიწყეს, მათი გაგება კვლავაც დაბინძურებული იყო არაბიბლიური სწავლებებით. 1914 წელს იესო ქრისტე მესიანური მეფე გახდა, მაგრამ მცირე ხანში არცთუ საიმედო მდგომარეობა შეიქმნა ჭეშმარიტების გულწრფელად მძებნელთათვის. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ერები ‘შეებრძოლნენ მათ და გაიმარჯვეს მათზე’, რამაც ჩაახშო იმ ჭეშმარიტ ქრისტიანთა საქმიანობა, რომლებიც კეთილი ცნობის ქადაგებას ცდილობდნენ. ფაქტობრივად, ისინი ბაბილონის ტყვეობაში მოხვდნენ (გამოცხადება 11:7, 8).
23, 24. როგორ სრულდება ესაიას სიტყვები ღვთის ხალხში 1919 წლიდან?
23 მდგომარეობა 1919 წელს შეიცვალა. იეჰოვამ ტყვეობიდან გაათავისუფლა თავისი ხალხი. მათ თანდათანობით უარყვეს თაყვანისმცემლობის გამხრწნელი ცრუ სწავლებები, რასაც შედეგად განკურნება მოჰყვა. მათ სულიერი სამოთხე დაიმკვიდრეს, რომელიც დღემდე ფართოვდება მთელ დედამიწაზე. სულიერი გაგებით უსინათლოები დანახვას სწავლობენ, ხოლო ყრუები — მოსმენას, ანუ ფხიზლად ადევნებენ თვალყურს იმას, თუ როგორ მოქმედებს ღვთის სულიწმიდა და ყოველთვის ახსოვთ, რამდენად აუცილებელია იეჰოვასთან მჭიდრო ურთიერთობის შენარჩუნება (1 თესალონიკელთა 5:6; 2 ტიმოთე 4:5). ჭეშმარიტი ქრისტიანები აღარ არიან მუნჯები; მათ დიდი სურვილი აქვთ, ‘იგალობონ’, ანუ ბიბლიური ჭეშმარიტება ახარონ ხალხს (რომაელთა 1:15). ისინი კი, რომლებიც სულიერად დავრდომილნი ანუ „მკელობელნი“ იყვნენ, ახლა გულმოდგინე და სიხარულით აღსავსე არიან. ფიგურალურად მათ შეუძლიათ ‘ირემივით იხტუნონ’.
24 ეს განახლებული ქრისტიანები ‘წმიდა გზით დადიან’. დიდი ბაბილონიდან სულიერი სამოთხისკენ მიმავალ ამ „გზაზე“ სიარული ღვთის ყველა სულიერად სუფთა თაყვანისმცემლისთვის შესაძლებელია (1 პეტრე 1:13—16). მათ შეუძლიათ იეჰოვას მიენდონ მფარველობისთვის და დარწმუნებული იყვნენ, რომ სატანა ვერ შეძლებს ცხოველური თავდასხმებით ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის აღმოფხვრას (1 პეტრე 5:8). ურჩებსა და ნადირივით მტაცებლურად მოქმედთ ღვთის წმინდა შარაგზაზე მოსიარულეთა გახრწნის უფლება არ ეძლევათ (1 კორინთელთა 5:11). ასეთ უსაფთხო გარემოში იეჰოვას მიერ გამოსყიდულნი — ცხებულები და „სხვა ცხვრები“ — სიხარულით ემსახურებიან ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს (იოანე 10:16).
25. შესრულდება თუ არა პირდაპირი მნიშვნელობით ესაიას 35-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველება? ახსენით.
25 რა შეიძლება ითქვას მომავლის შესახებ? შესრულდება თუ არა ოდესმე ესაიას წინასწარმეტყველება პირდაპირი მნიშვნელობით? დიახ. პირველ საუკუნეში იესოს და მისი მოციქულების მიერ ხალხის სასწაულებრივი განკურნება იმის მაჩვენებელია, რომ იეჰოვას სურვილიც აქვს და ძალაც შესწევს, მომავალში უფრო დიდი მასშტაბებით მოახდინოს ასეთი განკურნება. ღვთის შთაგონებით დაწერილ ფსალმუნებში დედამიწაზე მშვიდობიან პირობებში მარადიულ სიცოცხლეზეა ლაპარაკი (ფსალმუნი 36:9, 11, 29). იესომაც მოგვცა სამოთხეში ცხოვრების იმედი. მთელ ბიბლიაში არაერთხელ ვკითხულობთ პირდაპირი გაგებით სამოთხის იმედის შესახებ. იმ დროს უსინათლოები, ყრუები, დავრდომილები და მუნჯები მარადიულად განიკურნებიან ფიზიკურად. ტანჯვა-მწუხარება წარსულს ჩაჰბარდება. ხალხის სიხარული განუსაზღვრელი დროით, მარადიულად გაგრძელდება (გამოცხადება 7:9, 16, 17; 21:3, 4).
26. როგორ აძლიერებს დღეს ესაიას სიტყვები ქრისტიანებს?
26 ჭეშმარიტი ქრისტიანები დედამიწაზე სამოთხის აღდგენას ელიან, მაგრამ ისინი დღესაც ტკბებიან სულიერი სამოთხის კურთხევებით. ქრისტიანები ოპტიმისტურად ხვდებიან რწმენის გამოცდებსა და სხვადასხვა განსაცდელს. ისინი ყოველთვის იეჰოვაზე არიან მინდობილი და ერთმანეთს ამხნევებენ, რითაც შემდეგ შეგონებას ასრულებენ: „გააძლიერეთ ღონემიხდილი ხელები და მოკვეთილი მუხლები გაიმაგრეთ! უთხარით გულშემდრკალთ: გამაგრდით, ნუ გეშინიათ!“. ისინი სრულიად ენდობიან წინასწარმეტყველურ სიტყვებს: „აჰა, ღმერთი თქვენი, მოვა შურისგება, ღვთის საზღაური; ის მოვა და გიხსნით თქვენ“ (ესაია 35:3, 4).
[სქოლიო]
a საღვთო წერილში ძველი ლიბანი ხშირი ტყეებითა და დიდებული კედრებით დამშვენებულ, ედემის ბაღივით აყვავებულ ქვეყნად არის აღწერილი (ფსალმუნი 28:5; 71:16; ეზეკიელი 28:11—13). შარონი ნაკადულებითა და მუხნარებით იყო ცნობილი; ქარმელს კი ვენახებით, ყვავილებით მოქარგული ფერდობებითა და ბაღნარებით ჰქონდა სახელი განთქმული.
[მთელი 370 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]
[სურათები 375 გვერდზე]
უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ლელი და ლერწამი გაიხარებს.
[სურათი 378 გვერდზე]
იესო როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად დაავადებულებს კურნავდა.