ლაშქართა ღმერთი იეჰოვა
თარგმანი ებრაული გამოთქმისა ჲეჰოვაჰ ცევაʼოთ, რომელიც წმინდა წერილებში 283-ჯერ გვხვდება სხვადასხვა ფორმით. ყველაზე ხშირად ამ გამოთქმას წინასწარმეტყველურ წიგნებში ვხვდებით, კერძოდ, ესაიას, იერემიასა და ზაქარიას წიგნებში. პავლე და იაკობი თავიანთ წერილებში მათი წინასწარმეტყველებების ციტირებისას თუ გადაკვრით ხსენებისას იყენებენ ამ ფრაზის ბერძნულ ტრანსლიტერაციას (რმ. 9:29; იაკ. 5:4; შდრ. ეს. 1:9).
ებრაული სიტყვა ცავაʼ (მრ. ცევაʼოთ) ძირითადად ჯარს ნიშნავს, მაგალითად ისეთ მუხლებში, როგორიცაა: დაბადების 21:22, კანონის 20:9 და სხვ. მაგრამ ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობითაც გამოიყენება, მაგალითად: „ცა, დედამიწა და მთელი მათი ლაშქარი“, „მზე, მთვარე და ვარსკვლავები, ცის მთელი ლაშქარი“ (დბ. 2:1, სქ.; კნ. 4:19). ამ სიტყვის მრავლობითი ფორმა ცევაʼოთ რამდენჯერმე გვხვდება ისრაელის ლაშქრის აღსანიშნავად, მაგალითად: გამოსვლის 6:26; 7:4-ში, რიცხვების 33:1-ში, ფსალმუნების 44:9-სა და 60:10-ში. ზოგიერთი ბიბლეისტი თვლის, რომ გამოთქმაში „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“, სიტყვა ლაშქარში არა მარტო ანგელოზთა დასი, არამედ ისრაელის ჯარი და ციური სხეულები იგულისხმება. მაგრამ ეს სიტყვა ძირითადად, უფრო კი ცალსახად, ანგელოზთა ლაშქარს აღნიშნავს.
იერიხონთან მდგარმა ანგელოზმა იესო ნავეს ძეს კითხვაზე, ისრაელის მტერი იყო თუ მოყვარე, მიუგო: „იეჰოვას ლაშქრის მეთაური ვარ, ახლა მოვედი“ (იეს. 5:13—15). წინასწარმეტყველი მიქაია აშკარად იეჰოვას სულიერ ძეებს გულისხმობდა, როცა მეფე ახაბსა და იეჰოშაფატს უთხრა: „ვხედავ იეჰოვას, თავის ტახტზე მჯდომს, და მის მარჯვნივ და მარცხნივ მდგომ ზეციურ ლაშქარს“ (1მფ. 22:19—21). ფრაზაში „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ სიტყვა ლაშქარი მართებულად დგას მრავლობით რიცხვში, რადგან ზეციერი ქმნილებები იყოფიან არა მხოლოდ ქერუბიმებად, სერაფიმებად და ანგელოზებად (ეს. 6:2, 3; დბ. 3:24; გმც. 5:11), არამედ ქმნიან ორგანიზებულ ჯგუფებს. ამის დასტურია იესო ქრისტეს სიტყვებიც, რომ მას შეეძლო „ანგელოზთა თორმეტზე მეტი ლეგიონის“ მოხმობა (მთ. 26:53). ხიზკიამ სავედრებელ ლოცვაში იეჰოვას ასეთი სიტყვებით მიმართა: „ლაშქართა ღმერთო იეჰოვა, ისრაელის ღმერთო, ქერუბიმებზე მჯდომარევ“. ის, როგორც ჩანს, გულისხმობდა შეთანხმების კიდობანსა და ქერუბიმების გამოსახულებებს კიდობნის სახურავზე, რომელიც იეჰოვას ზეციერ ტახტს განასახიერებდა (ეს. 37:16; შდრ. 1სმ. 4:4; 2სმ. 6:2). ელისეს მსახურს შიში გაუქრა და გამხნევდა, როცა სასწაულებრივად იხილა ალყაში მოქცეული ქალაქის ირგვლივ მთებზე „ცეცხლოვანი ცხენები და საომარი ეტლები“ ანუ იეჰოვას ზეციერი ლაშქარი (2მფ. 6:15—17).
ამგვარად, ფრაზა „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“ მიუთითებს იმ ძალაზე, რომელსაც სამყაროს უზენაესი მმართველი ფლობს, ვინაიდან მას ემორჩილება სულიერ ქმნილებათა უდიდესი ლაშქარი (ფს. 103:20, 21; 148:1, 2; ეს. 1:24; იერ. 32:17, 18). ეს იეჰოვას მსახურებს მოწიწებისა და შიშის გრძნობას უნერგავს, ამავე დროს ანუგეშებს და ამხნევებს მათ. დავითი მიწიერი სამხედრო ძალის დაუხმარებლად, „ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ისრაელის რაზმების ღვთის სახელით“ შეერკინა მრისხანე ფილისტიმელ გოლიათს (1სმ. 17:45). ბრძოლისა თუ ნებისმიერი განსაცდელის დროს ღვთის ხალხს, კოლექტიურად თუ ინდივიდუალურად, შეეძლო უშიშრად და იმედიანად ეგრძნო თავი, თუ აღიარებდა იეჰოვას უზენაეს ძალაუფლებას, რომელსაც ის ზეციერ ეზოებში მომსახურე უდიდეს ლაშქარზე ფლობს (1სმ. 1:9—11; 2სმ. 6:18; 7:25—29). ის ფაქტი, რომ წინასწარმეტყველები იყენებდნენ ფრაზას „ლაშქართა ღმერთი იეჰოვა“, მსმენელებს კიდევ ერთ მიზეზს აძლევდა იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს წინასწარმეტყველება უეჭველად შესრულდებოდა.