ᲛᲪᲔᲜᲐᲠᲔᲣᲚᲝᲑᲐ
მესამე შემოქმედებით „დღეს“ ღმერთმა ბრძანა, რომ დედამიწაზე აღმოცენებულიყო „თესლოვანი მცენარეები … მათი გვარისდა მიხედვით“; ამგვარად, მათ გამრავლება შეეძლებოდათ (დბ. 1:11—13). დაბადების 2:5, 6-ში, როგორც ჩანს, აღწერილია ის პირობები, რომლებიც დედამიწაზე არსებობდა იმ „დღეს“, მალევე მას შემდეგ, რაც ღმერთმა ხმელეთი გამოაჩინა, მაგრამ ბალახის, თესლოვანი მცენარეებისა და ნაყოფის მომცემი ხეების აღმოცენებამდე. მომავალი მცენარეულობის ტენიანობის უზრუნველსაყოფად იეჰოვამ ისე გააკეთა, რომ მიწას ორთქლი ასდიოდა და რწყავდა მას. შედეგად მცენარეულობამ მთელი დედამიწის პირზე გაიხარა იმის მიუხედავად, რომ წვიმა არ მოდიოდა. თუმცა ცის სივრცეში მნათობები არ იყო აშკარად შესამჩნევი მეოთხე შემოქმედებით „დღემდე“ (დბ. 1:14—16), მაგრამ, როგორც ჩანს, მესამე „დღეს“ არსებული გაფანტული სინათლე სრულიად საკმარისი იყო მცენარეულობის გასაზრდელად.
თავიდან ღმერთმა ადამიანებსა და ცხოველებს საზრდოდ მწვანე მცენარეულობა მისცა და მხოლოდ მოგვიანებით დართო ხორცის ჭამის ნება, რომელიც სისხლისგან ბოლომდე იქნებოდა დაცლილი (დბ. 1:29, 30; 9:3, 4). ცოდვილი ადამიანები იძულებული იყვნენ, მძიმედ ეშრომათ მცენარეების მოსაყვანად, რომელთაც საკვებად იყენებდნენ (დბ. 3:18, 19). თუმცა ამ მცენარეულობას ადამიანებსაც და ცხოველებსაც კვლავ იეჰოვა აძლევდა, რადგან ის არის მზის სინათლისა და წვიმის წყარო, რომელიც აუცილებელია მათ გასაზრდელად (ფს. 104:14; 106:20; მქ. 5:7; ზქ. 10:1; ებ. 6:7; შდრ. კნ. 32:2).
ღმერთს შეუძლია აკონტროლოს მცენარეულობის ზრდა მისი განზრახვის თანახმად. მან დაარწმუნა ისრაელები, რომ მორჩილების შემთხვევაში წვიმაც ექნებოდათ და მცენარეულობაც თავიანთი პირუტყვისთვის (კნ. 11:13—15). მაგრამ, თუ ღმერთთან დადებულ შეთანხმებას დაარღვევდნენ, მათ მიწას გააპარტახებდა (კნ. 29:22—25; შდრ. ეს. 42:15; იერ. 12:4; 14:6). იეჰოვას მიერ ეგვიპტის წინააღმდეგ მოვლენილი ერთ-ერთი სასჯელი იყო სეტყვა, რომელმაც ყველანაირი მცენარეულობა გაანადგურა. კიდევ ერთი სასჯელი ღვთისგან იყო კალიების შემოსევა, რომელთაც სეტყვას გადარჩენილი მთელი მცენარეულობა გადაჭამეს (გმ. 9:22, 25; 10:12, 15; ფს. 105:34, 35; შდრ. ამ. 7:1—3).
სიმბოლური მნიშვნელობა. გვალვის სეზონის დროს პალესტინაში მცენარეებს სწრაფად აჭკნობს მცხუნვარე მზე და აღმოსავლეთის ცხელი ქარი. ამიტომ ადამიანებზე, რომელთაც დაპყრობა ემუქრებოდათ, ბიბლიაში ნათქვამია, რომ ისინი „მინდვრის მცენარეებსა და ბალახს დაემსგავსებიან, ბანზე ამოწვერილს, აღმოსავლეთის ქარი რომ ხრუკავს“ (2მფ. 19:25, 26; ეს. 37:26, 27). ფსალმუნმომღერალსაც, რომელიც ძალიან იტანჯებოდა, აღმოხდა: „ბალახივით დაჭკნა და გახმა ჩემი გული“, „ბალახივით ვხმები“ (ფს. 102:4, 11).
ხელსაყრელ პირობებში მცენარეულობას უხვი ამონაყარი აქვს, რაც მრავალრიცხოვანი შთამომავლის შესაფერისი სიმბოლოა (იობ. 5:25). მაგალითად, სოლომონის მმართველობის დროს „იუდა და ისრაელი … ურიცხვი იყო; ჭამდა, სვამდა და მხიარულობდა“ (1მფ. 4:20). აშკარაა, რომ სწორედ ეს იგულისხმებოდა სოლომონის შესახებ ერთ-ერთ ფსალმუნში: „როგორც ბალახი ხარობს მიწაზე, ისე გაიხარებენ ქალაქის მკვიდრნი“ (ფს. 72:16). მეორე მხრივ, ბოროტები, რომლებიც შეიძლება რაღაცა პერიოდი სარეველასავით გამრავლდნენ, ღვთის კურთხევის გამო კი არ გაიხარებენ, არამედ „სამუდამოდ მოისპობიან“ (ფს. 92:7).
წმინდა წერილებში ხეები ზოგჯერ ასიმბოლოებს გამოჩენილ და მაღალი მდგომარეობის მქონე ადამიანებს (შდრ. ეზკ. 31:2—14), უფრო დაბალი მცენარეულობა კი, როგორიცაა ბუჩქები, ბალახი ან ლელქაში — ზოგადად ადამიანებს (შდრ. მსჯ. 9:8—15; 2მფ. 14:8—10; ეს. 19:15; 40:6, 7). ეს გვეხმარება, ჩავწვდეთ შემდეგი სიტყვების მნიშვნელობას: „დედამიწისა და ხეების მესამედი და მთელი მწვანე მცენარეულობა გადაიბუგა“ (გმც. 8:7).