„ჩვენი ღვთის სიტყვა მარადიულად დარჩება“
„მწვანე ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება, ჩვენი ღვთის სიტყვა კი მარადიულად დარჩება“ (ეს. 40:8).
1, 2. ა) როგორი იქნებოდა ცხოვრება ბიბლიის გარეშე? ბ) რა გვეხმარება ბიბლიის უკეთ გაგებაში?
წარმოგიდგენიათ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება ბიბლიის გარეშე?! ვერ მივიღებდით ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო რჩევებს; ვერ გავიგებდით ღმერთთან, სიცოცხლესა და მომავალთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხს და ვერც იმას, თუ როგორ ეპყრობოდა იეჰოვა წარსულში ადამიანებს.
2 საბედნიეროდ, ასეთ მდგომარეობაში არა ვართ! იეჰოვამ მოგვცა თავისი სიტყვა, ბიბლია, და დაგვპირდა, რომ მასში ჩაწერილი ცნობა მარადიულად დარჩებოდა. მართალია, ესაიას 40:8-ე მუხლში უშუალოდ ბიბლია არ იგულისხმება, მაგრამ მასში ჩაწერილი შთაგონებული სიტყვები შეგვიძლია ბიბლიასაც მივუსადაგოთ. ეს მუხლი პეტრე მოციქულმაც მოიყვანა თავის წერილში (წაიკითხეთ 1 პეტრეს 1:24, 25). ცხადია, ბიბლიას უკეთ ვწვდებით, როცა ის ჩვენთვის გასაგებ ენაზეა ხელმისაწვდომი. ამ დასკვნამდე დიდი ხანია მივიდნენ ღვთის სიტყვის მოყვარულები. საუკუნეების მანძილზე გულწრფელი ადამიანები წინააღმდეგობის მიუხედავად თავს არ ზოგავდნენ, რომ ეთარგმნათ და გაევრცელებინათ ბიბლია. შეიძლება ითქვას, რომ ისინი ღვთის ნებას ასრულებდნენ, რომელსაც სურს, „ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმ. 2:3, 4).
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში? (იხილეთ სურათი მე-18 გვერდზე)
3 ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ მოაღწია ბიბლიამ ჩვენამდე მიუხედავად იმისა, რომ 1) იცვლებოდა ენა, 2) იცვლებოდა პოლიტიკური ვითარება, რაც გავლენას ახდენდა იმ დროს გავრცელებულ ენაზე (ლინგვა ფრანკა) და 3) ეწინააღმდეგებოდნენ ბიბლიის თარგმანების კეთებას. ამის შეხსენება ღვთის სიტყვისადმი მადლიერებასა და მისი ავტორისადმი სიყვარულს გაგვიღრმავებს, რომელმაც ბიბლია ჩვენსავე საკეთილდღეოდ მოგვცა (მიქ. 4:2; რომ. 15:4).
იცვლებოდა ენა
4. ა) როგორ იცვლებოდა ენები დროთა განმავლობაში? ბ) რა ცხადყოფს, რომ ღმერთი მიუკერძოებელია და რისკენ აღგძრავთ ეს?
4 დროთა განმავლობაში ენა იცვლება და ზოგჯერ სიტყვები თუ გამონათქვამები სრულიად განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს. შეიძლება გახსენდებათ, რა ცვლილებები განიცადა თქვენმა ენამ. იმავეს თქმა შეიძლება ებრაულ და ბერძნულ ენებზე, რომლებზეც ბიბლიის დიდი ნაწილი დაიწერა. ძველი ებრაული და ბერძნული სრულიად განსხვავდება დღევანდელი ებრაულისა და ბერძნულისგან. ასე რომ, მათაც კი, ვინც ეს თანამედროვე ენები იცის და ღვთის სიტყვის გაგება სურს, თარგმანი უნდა წაიკითხოს. ზოგი ფიქრობდა, რომ ბიბლიის წასაკითხად და გასაგებად ძველი ბერძნული და ებრაული ენები უნდა ესწავლა. მაგრამ ეს დიდად ვერ დაეხმარა მათ.a საბედნიეროდ, ბიბლია მთლიანად ან ნაწილობრივ 3 200-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. აშკარაა, იეჰოვას სურს, რომ მისი სიტყვა ხელმისაწვდომი იყოს „ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის“ (წაიკითხეთ გამოცხადების 14:6). განა არ გიჩნდებათ სურვილი, რომ დაუახლოვდეთ მოსიყვარულე და მიუკერძოებელ ღმერთს?! (საქ. 10:34).
5. რით გამოირჩეოდა „მეფე ჯეიმზის თარგმანი“?
5 დროთა განმავლობაში ენის ცვლილება იმ ენებსაც შეეხო, რომლებზეც ბიბლია ითარგმნა. თავიდან ადვილად გასაგები ბიბლიის თარგმანები მოგვიანებით მოძველებული ენის გამო თითქმის გაუგებარი გახდა. განვიხილოთ ერთი ინგლისური თარგმანის მაგალითი. „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ პირველად 1611 წელს გამოიცა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბიბლია, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ინგლისურ ენაზე.b მაგრამ ამ თარგმანში ღვთის სახელზე დიდი აქცენტი არ კეთდებოდა. ებრაულ წერილებში სახელი „იეჰოვა“ მხოლოდ რამდენიმე ადგილას იყო, სხვაგან კი, სადაც დედნის მიხედვით ღვთის სახელი უნდა ყოფილიყო, დიდი ასოებით ეწერა სიტყვა „უფალი“. გვიანდელ გამოცემებში სიტყვა „უფალი“ დიდი ასოებით გამოჩნდა ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ზოგიერთ მუხლშიც. ამგვარად „მეფე ჯეიმზის თარგმანი“ აღიარებდა, რომ დედნის მიხედვით ღვთის სახელი ეგრეთ წოდებულ „ახალ აღთქმაშიც“ უნდა ყოფილიყო.
6. რით არის განსაკუთრებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“?
6 თუმცა „მეფე ჯეიმზის თარგმანში“ გამოყენებული ბევრი სიტყვა დროთა განმავლობაში მოძველდა. იმავეს თქმა შეიძლება სხვა ენებზე შესრულებულ ძველ თარგმანებზეც. რა კარგია, რომ დღეს თანამედროვე ენაზე შესრულებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გვაქვს! ეს თარგმანი მთლიანად ან ნაწილობრივ 150-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი და მოსახლეობის დიდ ნაწილს შეუძლია მისი წაკითხვა. მასში გამოყენებული მარტივი ენის გამო ღვთის სიტყვა გულს სწვდება! (ფსალმ. 119:97). აღსანიშნავია, რომ „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ღვთის სახელი ყველა სათანადო ადგილას არის აღდგენილი.
იცვლებოდა პოლიტიკური ვითარება
7, 8. ა) რატომ გახდა ებრაული წერილები ძვ. წ. მესამე საუკუნეში ბევრი ებრაელისთვის გაუგებარი? ბ) რა არის სეპტუაგინტა?
7 ხშირად მსოფლიო პოლიტიკური ვითარება განაპირობებდა, თუ რომელი ენა გახდებოდა იმ პერიოდში ლინგვა ფრანკა, ანუ გავრცელებული ენა. რა გააკეთა ღმერთმა, რომ ასეთი ცვლილებების გამო მისი სიტყვა ხალხისთვის გაუგებარი არ გამხდარიყო? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად გადავინაცვლოთ წარსულში. ბიბლიის პირველი 39 წიგნი ებრაელებმა დაწერეს. მათ პირველებს მიენდოთ „ღვთის წმინდა სიტყვები“ (რომ. 3:1, 2). მაგრამ ძვ. წ. მესამე საუკუნისთვის ბევრმა ებრაელმა აღარ იცოდა მშობლიური ენა. მიზეზი ის იყო, რომ ალექსანდრე მაკედონელმა დაპყრობითი ომების შედეგად საბერძნეთის დიდი იმპერია შექმნა (დან. 8:5—7, 20, 21). ამგვარად, მთელ იმპერიაში ლინგვა ფრანკა, ანუ გავრცელებული ენა, ბერძნული გახდა. ვინაიდან ებრაელები გაფანტულები იყვნენ მთელ იმპერიაში და მათი უმეტესობა ბერძნულად ლაპარაკობდა, ებრაული წერილები ბევრისთვის ძნელად გასაგები გახდა. რა იყო გამოსავალი?
8 ძვ. წ. მესამე საუკუნის შუა პერიოდისთვის ბიბლიის პირველი ხუთი წიგნი ებრაულიდან უკვე ნათარგმნი იყო ბერძნულზე, ძვ. წ. მეორე საუკუნისთვის კი დასრულდა დანარჩენი ებრაული წერილების თარგმნა. ებრაული წერილების პირველ ბერძნულ თარგმანს სეპტუაგინტა ეწოდა.
9. ა) რა გავლენა მოახდინა სეპტუაგინტამ და ბიბლიის სხვა თარგმანებმა ღვთის სიტყვის მკითხველებზე? ბ) თქვენ რომელი მონაკვეთი მოგწონთ ებრაული წერილებიდან?
9 სეპტუაგინტამ ბერძნულენოვან ებრაელებსა თუ სხვებს ებრაული წერილების წაკითხვისა და გაგების შესაძლებლობა მისცა. წარმოიდგინეთ, როგორ გაახარებდა მათ ღვთის სიტყვის იმ ენაზე წაკითხვა ან მოსმენა, რომელიც მათთვის მშობლიური გახდა! დროთა განმავლობაში ბიბლია მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა გავრცელებულ ენებზეც ითარგმნა, მაგალითად, სირიულ, გოთურ და ლათინურ ენებზე. მშობლიურ ენაზე წმინდა წერილების წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ხალხს ისევე ექნებოდა გამორჩეული ბიბლიური მონაკვეთები, როგორც დღეს ჩვენ გვაქვს (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:162—165). მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ვითარების ცვლილებასთან ერთად გავრცელებული ენაც იცვლებოდა, ბიბლიამ ჩვენამდე მაინც უცვლელად მოაღწია!
ეწინააღმდეგებოდნენ თარგმანების კეთებას
10. რატომ არ მიუწვდებოდა უბრალო ხალხს ხელი ბიბლიაზე ჯონ უიკლიფის დროს?
10 იყო პერიოდები, როცა გავლენიანი პირები ცდილობდნენ, რომ ბიბლია უბრალო ხალხისთვის ხელმისაწვდომი არ გამხდარიყო. მაგრამ გულწრფელი ადამიანები არ ეპუებოდნენ მათ წინააღმდეგობას. განვიხილოთ მე-14 საუკუნეში მოღვაწე თეოლოგის, ჯონ უიკლიფის მაგალითი. მას მტკიცედ სწამდა, რომ ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონოდა ღვთის სიტყვის წაკითხვის შესაძლებლობა. მაგრამ მის დროს ინგლისში უბრალო ხალხს ბიბლიაზე ხელი არ მიუწვდებოდა. უპირველესად იმიტომ, რომ ხელით გაკეთებული ასლები ძალიან ძვირი ღირდა და ვერ ყიდულობდნენ. გარდა ამისა, ხალხის უმეტესობა წერა-კითხვის უცოდინარი იყო. შეიძლება ისინი ისმენდნენ ეკლესიაში ბიბლიურ მონაკვეთებს, მაგრამ საეჭვოა, იქიდან რამე გაეგოთ, რადგან ეკლესიებში ლათინურად ნათარგმნი ბიბლია (ვულგატა) იკითხებოდა. თანაც შუა საუკუნეებში ლათინური თითქმის მკვდარი ენა იყო, განსაკუთრებით უბრალო ხალხისთვის. მაშ, როგორ მიაგნებდა ეს ხალხი ღვთის სიტყვაში დამალულ განძს? (იგავ. 2:1—5).
11. რას მოემსახურა უიკლიფის ბიბლია?
11 ბიბლიის ინგლისურმა თარგმანმა, რომელიც მოგვიანებით უიკლიფის ბიბლიის სახელით გახდა ცნობილი, 1382 წელს იხილა დღის სინათლე. მან დიდი მოწონება დაიმსახურა უიკლიფის მიმდევრებს შორის. ლოლარდების სახელით ცნობილი მქადაგებლები ინგლისში სოფლიდან სოფელში ფეხით დადიოდნენ, რომ უბრალო ხალხამდე ღვთის სიტყვა მიეტანათ. ისინი ხშირად უკითხავდნენ ხალხს მონაკვეთებს უიკლიფის ბიბლიიდან და ამ მონაკვეთების ხელით გაკეთებულ ასლებს უტოვებდნენ. მათ მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია, რადგან ხალხს ღვთის სიტყვისადმი ინტერესი განუახლდა.
12. როგორ მოეპყრო ეკლესია უიკლიფსა და მის მიმდევრებს?
12 სამღვდელოება აშკარად გამოხატავდა უიკლიფის, მის მიერ ნათარგმნი ბიბლიისა და მისი მიმდევრების მიმართ ზიზღს. რელიგიური წინამძღოლები დევნიდნენ ლოლარდებს. მათ გაანადგურეს უიკლიფის ბიბლიის ყველა ასლი, რასაც მიაგნეს, უიკლიფი კი სიკვდილის შემდეგ ერეტიკოსად შერაცხეს. რა თქმა უნდა, შეუძლებელია, ვინმე სიკვდილის შემდეგ დასაჯო, მაგრამ სამღვდელოებამ ამოთხარა უიკლიფის ძვლები, დაწვა და მისი ფერფლი მდინარე სვიფტს გაატანა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეკლესიამ ვერ ჩაკლა ხალხში ღვთის სიტყვისადმი ინტერესი. მომდევნო საუკუნეებში ევროპასა თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ბევრმა დაიწყო უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენებზე ბიბლიის თარგმნა და გავრცელება.
„მე გასწავლი შენ სასიკეთოდ“
13. რაში ვართ დარწმუნებულები და როგორ გვიმტკიცებს ეს რწმენას?
13 ბიბლია ღვთივშთაგონებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სეპტუაგინტა, „მეფე ჯეიმზის თარგმანი“, უიკლიფის ბიბლია და სხვა თარგმანები ღვთის შთაგონებით გაკეთდა. მაგრამ, როცა ვფიქრობთ, როგორ მოაღწია ამ და სხვა თარგმანებმა ჩვენამდე, ვრწმუნდებით, რომ იეჰოვას დაპირებისამებრ ბიბლიას მტრებმა ვერაფერი დააკლეს. განა არ გარწმუნებთ ეს, რომ იეჰოვა მსგავსად შეასრულებს ყველა თავის დანაპირებს?! (იეს. 23:14).
14. როგორ გვიძლიერებს ღვთის სიტყვა იეჰოვასადმი სიყვარულს?
14 იმაზე ფიქრი, თუ როგორ გაუძლო ბიბლიამ ჟამთა სვლას, არა მხოლოდ რწმენას გვიძლიერებს, არამედ იეჰოვასადმი სიყვარულსაც გვიღრმავებს.c საინტერესოა, რატომ მოგვცა იეჰოვამ თავისი სიტყვა და რატომ იზრუნა, რომ მას ჩვენამდე მოეღწია? იმიტომ რომ ვუყვარვართ და სურს, ჩვენ სასიკეთოდ გვასწავლოს (წაიკითხეთ ესაიას 48:17, 18). ბუნებრივია, რომ სურვილი გვიჩნდება, იეჰოვას სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხოთ და მის მითითებებს დავემორჩილოთ (1 იოან. 4:19; 5:3).
15. რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?
15 ცხადია, ვინც აფასებს ღვთის სიტყვას, იმის სურვილიც აქვს, რომ მეტი ისწავლოს ბიბლიიდან. რა დაგვეხმარება, რომ ბიბლიის კითხვა ნაყოფიერი გავხადოთ? როგორ შეგვიძლია მსახურების დროს ხალხის ყურადღება ბიბლიაზე გადავიტანოთ? რა უნდა გააკეთონ ძმებმა, რომ სცენიდან სწავლების დროს მოხსენებები ბიბლიაზე დააფუძნონ? ამ კითხვებზე პასუხს შემდეგი სტატიიდან გავიგებთ.
a იხილეთ სტატია „აუცილებელია ებრაულის და ბერძნულის ცოდნა?“ 2009 წლის 1 ნოემბრის „საგუშაგო კოშკში“.
b „მეფე ჯეიმზის თარგმანმა“ ინგლისურ ენაში ზოგიერთი იდიომი დაამკვიდრა. მაგალითად, „გულის გადმოღვრა“ (ფსალმ. 62:8).
c იხილეთ ჩარჩო „საკუთარი თვალით ნახეთ!“.