სიყვარულით მწყემსეთ ღმერთის სამწყსო
„მწყემსეთ ღმერთის სამწყსო, რომელიც თქვენს შორისაა“ (1 პეტრე 5:2).
1, 2. რომელია ღმერთის ძირითადი თვისება და რაში მჟღავნდება ის?
საღვთო წერილის საშუალებით ნათელია, რომ ღმერთის ძირითადი თვისება არის სიყვარული. „ღმერთი სიყვარულია“ — აღნიშნავს 1 იოანეს 4:8. რადგან მისი სიყვარული მჟღავნდება მოქმედებაში, 1 პეტრეს 5:7-ში ნათქვამია, რომ ღმერთი „ზრუნავს თქვენზე“. ბიბლიაში ღმერთის მზრუნველობა შედარებულია მოსიყვარულე მწყემსის სათუთ მზრუნველობასთან, რომელსაც ავლენს თავისი ცხვრების მიმართ: „აჰა, მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით. . . დამწყემსავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება“ (ესაია 40:10, 11). რაოდენ ნუგეშცემული იყო დავითი, რომ შეეძლო დაეწერა: „უფალი ჩემი მწყემსია, არაფერი არ მომაკლდება“ (ფსალმუნი 22:1).
2 ბიბლიაში, ღმერთის ერთგული ადამიანები, სათანადოდ შედარებულია ცხვრებთან, რომლებსაც ღმერთი თავისი წყალობით მწყემსავს, რადგან ცხვრები თავიანთი მზრუნველი მწყემსის მიმართ მშვიდობიანნი, დამჯერნი და მორჩილნი არიან. როგორც მოსიყვარულე მწყემსი, იეჰოვა გულითადად ზრუნავს თავის ცხვრისმაგვარ ხალხზე. ის ამას ამჟღავნებს იმით, რომ მატერიალურად და სულიერად უზრუნველყოფს მათ, ხელმძღვანელობს ამ ბოროტი ქვეყნიერების ‘უკანასკნელი დღეების’ მძიმე დროს და მიუძღვება სამართლიანი ახალი ქვეყნიერებისაკენ (2 ტიმოთე 3:1–5, 13; მათე 6:31–34; 10:28–31; 2 პეტრე 3:13).
3. როგორ აღწერა ფსალმუნმომღერალმა ის, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ცხვარზე?
3 ყურადღება მიაქციე იეჰოვას მოსიყვარულე მზრუნველობას თავისი ცხვრების მიმართ: „უფლის თვალები მიპყრობილია წმიდანებისაკენ [მართლებისაკენ] და მისი ყურები — მათი ლოცვისაკენ. . . მოუხმობენ და უსმენს უფალი და იხსნის ყველა გასაჭირისგან. ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან და სულით მორჩილებს იხსნის. მრავალი სიავე ხვდება მართალს და ყველაფრისგან იხსნის უფალი“ (ფსალმუნი 33:16–20). რაოდენ დიდი ნუგეშია, რომ დიდებული მწყემსი ზრუნავს თავის ცხვრისმაგვარ ხალხზე!
დიდებული მწყემსის მაგალითი
4. რა როლს ასრულებს იესო ღმერთის სამწყსოს მიმართ მზრუნველობაში?
4 ღმერთის ძე, იესო, შესანიშნავად განისწავლა თავისი მამისაგან და ამიტომაც უწოდებს ბიბლია მას ‘კეთილ მწყემსს’ (იოანე 10:11–16). მისი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახური ღმერთის სამწყსოს მიმართ კარგად არის გაშუქებული გამოცხადების მე-7 თავში. მე-9 მუხლში ღმერთის დღევანდელი მსახურები მოხსენიებული არიან, როგორც „უამრავი ხალხი. . . ყოველი ერიდან და ტომიდან, და ხალხებიდან და ენებიდან“. შემდეგ მე-17 მუხლი აღნიშნავს: „კრავი [იესო]. . . აძოვებს [დამწყემსავს] მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმენდს ღმერთი ყოველგვარ ცრემლს მათ თვალებიდან“. იესო წაუძღვება ღმერთის სამწყსოს ჭეშმარიტების წყაროებისკენ, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს მოუტანს მათ (იოანე 17:3). ყურადღება მიაქციე იმას, რომ იესოს ეწოდება „კრავი“, რაც ცხადყოფს მის ცხვრისმაგვარ თვისებებს, ის არის ღმერთისადმი მორჩილების უდიდესი მაგალითი.
5. რას გრძნობდა იესო ადამიანების მიმართ?
5 დედამიწაზე იესო ცხოვრობდა ადამიანთა შორის და ხედავდა მათ გაწამებულ მდგომარეობას. როგორ რეაგირებდა ის მათ მდგომარეობაზე? „შეეცოდა ისინი, ვინაიდან ისინი იყვნენ დაუძლურებულნი და უილაჯონი, როგორც ცხვარი, რომელსაც მწყემსი არა ჰყავს“ (მათე 9:36). უმწყემსო ცხვარი ძალიან იტანჯება მტაცებლებისაგან, ცხვარი ასევე იტანჯება ისეთი მწყემსების ხელში, რომლებიც არ ზრუნავენ მათზე. იესო კი ძალზე მზრუნველი იყო, ვინაიდან მან თქვა: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე დაგამშვიდებთ თქვენ. აიღეთ თქვენზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და გულით თავმდაბალი ვარ, და პოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი სასიამოვნოა და ჩემი ტვირთი მსუბუქია“ (მათე 11:28–30).
6. როგორ ეპყრობოდა იესო საცოდავ და გატანჯულ ხალხს?
6 ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ იესო სიყვარულით მოეპყრობოდა ხალხს: „მცხო მე უფალმა. . . გულშემუსვრილთა განსაკურნებლად. . . სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა“ (ესაია 61:1, 2; ლუკა 4:17–21). იესო არასოდეს დაჰყურებდა ზემოდან საცოდავ და გატანჯულ ხალხს. პირიქით, მან შეასრულა ესაიას 42:3-ში დაწერილი სიტყვები: „გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს“ (შეადარე მათე 12:17–21). გულგატეხილი ადამიანი ჰგავს გადატეხილ ლერწამს, ასევე მბჟუტავ პატრუქს, რომელიც ეს-ესაა ჩაქრება. როდესაც დაინახა მათი საცოდავი მდგომარეობა, იესო თანაგრძნობით მოეპყრო მათ, ჩაუნერგა იმედი და ძალა იმით, რომ სულიერად და ფიზიკურად განკურნა ისინი (მათე 4:23).
7. ვისკენ წარმართა იესომ იმ ხალხის ყურადღება, რომელიც გამოეხმაურა მას?
7 უამრავი ცხვრისმაგვარი ადამიანი გამოეხმაურა იესოს. ისეთი მიმზიდველი იყო მისი სწავლება, რომ მსახურებმა, რომლებიც გაგზავნილი იყვნენ მის დასაპატიმრებლად, თქვეს: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“ (იოანე 7:46). აი, რატომ წუხდნენ პირმოთნე რელიგიური წინამძღვრები: „მთელი ქვეყნიერება მას მიჰყვება“! (იოანე 12:19). მაგრამ იესოს საკუთარი თავისთვის არ სურდა პატივი და დიდება. მან ადამიანთა ყურადღება თავისი მამისაკენ წარმართა. ის ასწავლიდა მათ, რომ ემსახურათ იეჰოვასთვის მისი დიდებული თვისებების მიმართ სიყვარულის გამო: „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა“ (ლუკა 10:27, 28).
8. რით განსხვავდება ღმერთის ხალხის მორჩილება იმათგან, ვინც ემორჩილება ქვეყნიერების მმართველებს?
8 იეჰოვა ხარობს, რომ მის მმართველობას სამყაროზე ცხვრისმაგვარი ხალხი სიყვარულის გამო უჭერს მხარს. ისინი საკუთარი ნებით ირჩევენ ემსახურონ მას, რადგან დააფასეს მისი მიმზიდველი თვისებები. რაოდენ განსხვავდება ეს ქვეყნიერების მმართველებისგან, რომლებსაც მხოლოდ შიშით ან უკმაყოფილების გრძნობით ემორჩილებიან ქვეშევრდომები, ან იმიტომ, რომ აქვთ რაღაც ფარული მოტივები! შეუძლებელია იეჰოვაზე ან იესოზე ითქვას იგივე სიტყვები, რაც რომის კათოლიკური ეკლესიის პაპის შესახებ ითქვა: „მას [პაპს] პატივს სცემდა ბევრი, ეშინოდა ყველას, არავის არ უყვარდა“ (პიტერ დე როზას „ქრისტეს მოადგილენი — პაპობის ბნელი მხარე“ [Vicars of Christ—The Dark Side of the Papacy]).
ისრაელის ულმობელი მწყემსები
9, 10. აღწერე ძველი დროისა და პირველი საუკუნის წინამძღოლები.
9 იესოსგან განსხვავებით, ისრაელის რელიგიური ბელადები არავითარ სიყვარულს არ გრძნობდნენ ცხვრის მიმართ. ისინი ჰგავდნენ ისრაელის ადრინდელ მმართველებს, რომელთა შესახებაც იეჰოვამ თქვა: „ვაი, ისრაელის მწყემსებს, რომლებიც საკუთარ თავს მწყემსავენ! განა ცხვარს არ უნდა მწყესავდნენ მწყემსები? . . დაუძლურებულთ არ აძლიერებთ, დასნეულებულთ არ განკურნავთ, ჭრილობებს არ შეუხვევთ, გატაცებულს უკან არ აბრუნებთ, დაკარგულს არ ეძებთ, მძლავრობით და სისასტიკით ბატონობთ მათზე“ (ეზეკიელი 34:2–4).
10 იმ პოლიტიკური მწყემსების მსგავსად, ისრაელის პირველი საუკუნის რელიგიური წინამძღოლებიც უგულოები იყვნენ (ლუკა 11:47–52). უფრო ნათელი რომ ყოფილიყო ეს, იესო მოჰყვა იგავს იუდევლის შესახებ, რომელიც გაქურდეს, სცემეს და მომაკვდავი დააგდეს გზაზე. ჩაიარა ისრაელმა მღვდელმა, მაგრამ, როდესაც დაინახა იუდეველი, გზის მეორე მხარეს გადავიდა. ლევიანიც ასე მოიქცა. შემდეგ გამოიარა არაისრაელმა, იუდევლებისთვის საზიზღარმა სამარიელმა, შეიბრალა საცოდავი მსხვერპლი. შეუხვია ჭრილობები, სახედრით წაიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე. შემდეგ სამარიელმა სასტუმროს პატრონს გადაუხადა ფული და უთხრა, რომ დაბრუნდებოდა ნებისმიერ დამატებით ხარჯს გადაიხდიდა (ლუკა 10:30–37).
11, 12. ა) სადამდე მივიდა იესოს თანამედროვე რელიგიური ლიდერების ბოროტება? ბ) როგორ მოექცნენ რომაელები ბოლოს რელიგიურ ბელადებს?
11 იესოს პერიოდის რელიგიური ბელადები იმდენად გახრწნილები იყვნენ, რომ, როდესაც იესომ მკვდრეთით აღადგინა ლაზარე, მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოიწვიეს სინედრიონი და თქვეს: „რა ვქნათ, რამეთუ ეს კაცი ბევრ სასწაულებს ახდენს? თუ მივუშვებთ თავისთვის, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და დაიპყრობენ ჩვენს ადგილსაც და ერსაც“ (იოანე 11:47, 48). ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ იმ სიკეთეს, რაც იესომ მიცვალებულისთვის გააკეთა. ისინი თავიანთი მდგომარეობის შესახებ წუხდნენ. ასე რომ, „იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი [იესო]“ (იოანე 11:53).
12 თავიანთ ბოროტებას მღვდელმთავრებმა ისიც დაუმატეს, რომ „ლაზარეს მოკვლაც გადაწყვიტეს, რადგან მის გამო მოდიოდა ბევრი იუდეველი და რწმუნდებოდა იესოში“ (იოანე 12:10, 11). მათი ეგოისტური მცდელობა, დაეცვათ თავიანთი მდგომარეობა, იყო ფუჭი, რადგან იესომ უთხრა მათ: „გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად“ (მათე 23:38). ეს სიტყვები შესრულდა, როდესაც იმავე თაობის დროს მოვიდნენ რომაელები და დაიპყრეს მათი ‘ადგილიც და ერიც’, ასევე მათი სიცოცხლეც.
მოსიყვარულე მწყემსები ქრისტიანულ კრებებში
13. ვინ აღუთქვა იეჰოვამ, რომ სამწყსოს დაუნიშნავდა მწყემსად?
13 მკაცრი, ეგოისტი მწყემსების ნაცვლად იეჰოვას უნდა დაეყენებინა კეთილი მწყემსი, იესო, რომ ეზრუნა მის სამწყსოზე. მან ასევე წარმოთქვა აღთქმა, რომ დააყენებდა ქრისტეს დამხმარე მწყემსებსაც, რათა მზრუნველობა გაეწიათ ცხვრებისთვის: „დავუყენებ მწყემსებს და ისინი დამწყესავენ მათ, აღარ შეშინდებიან“ (იერემია 23:4). ამგვარად, როგორც პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებებში, დღესაც „ყველა ქალაქში უხუცესები“ არიან დაყენებული (ტიტე 1:5). ამ სულიერად მოწიფულმა მამაკაცებმა, რომლებიც შეესაბამებიან საღვთო წერილში მოცემულ მოთხოვნებს, უნდა ‘მწყემსონ ღმერთის სამწყსო’ (1 პეტრე 5:2; 1 ტიმოთე 3:1–7; ტიტე 1:7–9).
14, 15. ა) როგორი განწყობილების განვითარება უჭირდათ მოწაფეებს? ბ) რა გააკეთა იესომ, რათა ეჩვენებინა მათთვის, რომ უხუცესები თავმდაბალი მსახურები უნდა იყვნენ?
14 ცხვრებზე მზრუნველობისას უხუცესებს, „უპირველეს ყოვლისა“, უნდა ჰქონდეთ „გულითადი სიყვარული“ მათ მიმართ (1 პეტრე 4:8). მაგრამ იესოს მოწაფეებს, რომლებიც ძალიან ბევრს კამათობდნენ პრესტიჟისა და მდგომარეობის შესახებ, ყურად უნდა ეღოთ ეს სიტყვები. როცა ორი მოწაფის დედამ უთხრა იესოს: „თქვი, რომ ეს ორი ჩემი ძე დაჯდეს ერთი მარჯვნივ და მეორე შენს მარცხნივ შენს სასუფეველში“, სხვა მოწაფეებს ბრაზი მოერიათ. იესომ უთხრა მათ: „წარმართთა მთავარნი ბატონობენ მათზე და დიდებულნი ძალაუფლებას იყენებენ მათზე მაგრამ თქვენს შორის არა ასე, არამედ, რომელსაც თქვენს შორის სურს დიდი იყოს, ის იყოს თქვენი მსახური. და რომელსაც თქვენს შორის სურს პირველი იყოს, ის იყოს თქვენი მონა“ (მათე 20:20–28).
15 მეორე შემთხვევის დროს, მას შემდეგ, რაც „ერთმანეთში მსჯელობდნენ: ვინ უფრო დიდია“, იესომ უთხრა: „თუ ვინმეს უნდა პირველი იყოს, ის იყოს ყველაზე უკანასკნელი და ყველას მსახური“ (მარკოზი 9:34, 35). თავმდაბალი აზროვნებისა და მსახურებისთვის მზადმყოფი სულისკვეთება უნდა გამხდარიყო მათი პიროვნების ნაწილი. მაგრამ მოწაფეებს კვლავ პრობლემები ჰქონდათ თავიანთი წარმოდგენების გამო, იესოს სიკვდილის წინა ღამეს, უკანასკნელ სერობაზე, მოწაფეებს შორის „იყო დავა“ იმის შესახებ, თუ ვინ იყო „დიდი“! ეს მაინც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ იესომ უჩვენა მათ, თუ როგორ უნდა ემსახუროს უხუცესი სამწყსოს; იესომ დაიმდაბლა თავი და ფეხები დაბანა მათ. მან თქვა: „თუკი მე, მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები. რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე გაგიკეთეთ, თქვენც გააკეთოთ“ (ლუკა 22:24; იოანე 13:14, 15).
16. რა იყო ნათქვამი 1899 წლის „საგუშაგო კოშკში“ უხუცესების ყველაზე მნიშვნელოვან თვისებასთან დაკავშირებით?
16 იეჰოვას მოწმეები ყოველთვის ასწავლიდნენ, რომ უხუცესი უნდა იყოს ასეთი. თითქმის საუკუნის წინ, 1899 წლის 1 აპრილს „საგუშაგო კოშკში“ ყურადღება გამახვილებული იყო პავლეს სიტყვებზე, რომელიც ჩაწერილია 1 კორინთელთა 13:1–8-ში; ჟურნალში ნათქვამი იყო: „მოციქული ნათლად აღნიშნავს, რომ ცოდნა და ორატორობა კი არ არის ძირითადი საზომი, არამედ სიყვარული, რომელიც ავსებს გულს და ცხოვრების ყველა სფეროში მჟღავნდება, ამოქმედებს და მართავს ჩვენს მოკვდავ სხეულებს, წარმოადგენს ნამდვილ საზომს — ღმერთთან ჩვენი ურთიერთობის ნამდვილ მტკიცებას. . . წამყვანი თვისება, რომელიც უნდა ჰპოვონ ჩვენში, რომ მიგვიჩნიონ ეკლესიის, წმიდა საქმეების მსახურად, უპირველესად არის სიყვარულის სული“. აღნიშნული იყო, რომ მამაკაცები, რომლებიც სიყვარულიდან გამომდინარე თავმდაბლობით არ მსახურობენ, „არიან სახიფათო მასწავლებლები და უფრო საზიანოს აკეთებენ, ვიდრე სასიკეთოს“ (1 კორინთელთა 8:1).
17. როგორ ამახვილებს ბიბლია ყურადღებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი თვისებები უნდა ჰქონდეთ უხუცესებს?
17 ამგვარად, უფროსი მამაკაცები, არ უნდა იყვნენ ცხვრებზე „დაუფლებულნი“ (1 პეტრე 5:3). ამის ნაცვლად, ისინი ხელმძღვანელობისას პირველნი არიან ‘კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანამგრძნობელნი’ (ეფესელთა 4:32). პავლემ ხაზგასმით თქვა: „შეიმოსეთ მოწყალებით, სახიერებით, თავმდაბლობით, სიმშვიდით, სულგრძელობით. . . და ყოველივე ამაზე მეტად — სიყვარულით, რომელიც სრულქმნილობის ერთობლიობაა“ (კოლასელთა 3:12–14).
18. ა) როგორი შესანიშნავი მაგალითი მოგვცა პავლემ ცხვრებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით? ბ) რატომ არ უნდა უგულებელყონ უხუცესებმა ცხვრის მოთხოვნილებები?
18 პავლემ ისწავლა, რომ ასე მოქცეულიყო, ის ამბობდა: „მშვიდად ვიქცეოდით თქვენ შორის, როგორც მეძუძური, რომელიც შეფოფინებს თავის შვილებს. ასევე ჩვენც თქვენდამი გულმოდგინებით გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღმერთის სახარება, არამედ ჩვენი სულიც, იმიტომ რომ საყვარელნი გახდით ჩვენთვის“ (1 თესალონიკელთა 2:7, 8). ამის თანახმად მან თქვა: „ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურთ და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თესალონიკელთა 5:14). იმ პრობლემების მიუხედავად, რომელიც შესაძლოა ცხვარს მოაქვს მათთვის, უხუცესებს უნდა ახსოვდეთ იგავნის 21:13-ში ჩაწერილი სიტყვები: „ვინც ღატაკთა კვნესის წამყრუებელია თავადაც იყვირებს, მაგრამ არ იქნება შეწყნარებული“.
19. რატომ არის მოსიყვარულე უხუცესი კურთხევა და როგორ რეაგირებს ცხვარი ასეთ სიყვარულზე?
19 უფროსი მამაკაცები, რომლებიც სიყვარულით მწყემსავენ სამწყსოს, კურთხევაა ცხვრებისთვის. ესაიას 32:2-ში ნაწინასწარმეტყველები იყო: „თითოეული იქნება როგორც საფარი ქარში, თავშესაფარი ავდარში, როგორც წყლის ნაკადულები უდაბნოში, როგორც მაღალი კლდისგან დაფენილი ჩრდილი ურწყულ მიწაზე“. ჩვენ ბედნიერები ვართ, რადგან ვიცით, რომ დღეს მრავალი უხუცესი შეესაბამება ამ დიდებულ სიტყვებს. მათ ისწავლეს შემდეგი პრინციპის გამოყენება: „ძმათმოყვარეობაში — ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით“ (რომაელთა 12:10). როდესაც უხუცესები ავლენენ ასეთ სიყვარულსა და თავმდაბლობას, ცხვარიც ცდილობს, რომ პასუხად ‘უაღრესი სიყვარული გამოიჩინოს მათდამი მათი საქმისათვის’ (1 თესალონიკელთა 5:12, 13).
პატივი ეცით ნების თავისუფლების გამოყენებას
20. რატომ უნდა დააფასონ უხუცესებმა ნების თავისუფლება?
20 იეჰოვამ ადამიანები შექმნა ნების თავისუფლებით, უნარით, რომ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. იმ დროს, როდესაც უხუცესები იძლევიან რჩევას ან გამოსასწორებელ ზომებს მიმართავენ, არ უნდა ჩაერიონ სხვის პირად ცხოვრებაში და არც სხვის რწმენაზე უნდა იბატონონ. პავლემ თქვა: „არა იმიტომ, რომ ვიუფლოთ თქვენს რწმენაზე არამედ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, ვინაიდან რწმენაში მტკიცენი ხართ“ (2 კორინთელთა 1:24). დიახ, „ყველა თავის ტვირთს ატარებს“ (გალატელთა 6:5). იეჰოვამ მოგვცა თავისუფლება, რომელიც მისი კანონებითა და პრინციპებით არის განსაზღვრული. ამგვარად, უხუცესები უნდა მოერიდონ წესების დადგენას იქ, სადაც არ იბღალება საღვთო წერილის პრინციპები. ისინი უნდა შეეწინააღმდეგონ ნებისმიერ მიდრეკილებას, რომ არ შესთავაზონ თავიანთი პირადი თვალსაზრისი, როგორც დოგმა და არ დაუშვან, გზა მისცენ თავდაჯერებულობას, როდესაც რომელიმე პიროვნება არ ეთანხმება ასეთ თვალსაზრისს (2 კორინთელთა 3:17; 1 პეტრე 2:16).
21. რა შეიძლება ვისწავლოთ ფილიმონისადმი პავლეს მოპყრობით?
21 ყურადღება მიაქციე, იმ დროს, როდესაც პავლე პატიმრობაში იმყოფებოდა, როგორ მოეპყრო პავლე ფილიმონს, ქრისტიან მონათმფლობელს მცირე აზიაში, კოლასეში. ფილიმონის მონა, სახელად ონისიმე, რომელიც გაიქცა რომში, გახდა ქრისტიანი და ეხმარებოდა პავლეს. პავლემ მისწერა ფილიმონს: „მინდოდა ჩემთან დამეყენებინა იგი, რათა შენს მაგივრად მემსახუროს სახარების ბორკილებში. მაგრამ შენი თანხმობის გარეშე არაფრის გაკეთება მოვინდომე, რათა შენი კეთილი საქმე ყოფილიყო არა ნაძალადევი, არამედ ნებაყოფლობითი“ (ფილიმონი 13, 14). პავლემ დაუბრუნა ონისიმე და სთხოვდა ფილიმონს, მოპყრობოდა მას ისე, როგორც ქრისტიან ძმას. პავლემ იცოდა, რომ სამწყსო მისი საკუთრება არ იყო; ის იყო ღმერთის. პავლემ ასევე იცოდა, რომ არ იყო ბატონი, არამედ — მსახური. პავლეს არ დაუწყია ფილიმონისთვის ჭკუის სწავლება; მან პატივი სცა მისი ნების თავისუფლებას.
22. ა) როგორი თვალსაზრისი უნდა ჰქონდეთ უხუცესებს თავიანთი მდგომარეობის შესახებ? ბ) როგორ ავითარებს იეჰოვა თავის ორგანიზაციას?
22 რადგანაც ღმერთის ორგანიზაცია იზრდება, უფრო მეტი უხუცესი ინიშნება. მათ ისევე, როგორც უფრო გამოცდილ უხუცესებს, უნდა ესმოდეთ, რომ ფლობენ თავმდაბალი მსახურის მდგომარეობას. ამგვარად, რადგან ღმერთი თავის ორგანიზაციას ახალი ქვეყნიერებისაკენ მიუძღვება, ორგანიზაცია კვლავ გაიზრდება ისე, როგორც ღმერთის ნება იქნება — კარგად ორგანიზებულად, მაგრამ ეფექტურობისთვის სიყვარული და თანაგრძნობა არ გაიწირება. ამგვარად, მისი ორგანიზაცია უფრო მეტად იქნება მიმზიდველი ცხვრისმაგვარი ხალხისთვის, რომლებიც თავად დაინახავენ მტკიცებას, რომ „ღმერთის მოყვარულებს. . . ყოველივე ეწევა სასიკეთოდ“. ამას უნდა ველოდეთ ღმერთის ორგანიზაციისგან, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე, იმიტომ რომ „სიყვარული არასოდეს არ მთავრდება“ (რომაელთა 8:28; 1 კორინთელთა 13:8).
როგორ უპასუხებდი?
□ როგორ აღწერს ბიბლია იეჰოვას მზრუნველობას ხალხის მიმართ?
□ რა როლი ითამაშა იესომ ღმერთის სამწყსოზე მზრუნველობაში?
□ როგორი მთავარი თვისება უნდა ჰქონდეთ უხუცესებს?
□ რატომ უნდა გაითვალისწინონ უხუცესებმა ცხვრების ნების თავისუფლება?
[სურათი მე-16 გვერდზე]
იესომ, ‘კეთილმა მწყემსმა’ გამოავლინა თანაგრძნობა.
[სურათები მე-17 გვერდზე]
გახრწნილმა რელიგიურმა წინამძღვრებმა განიზრახეს იესოს მოკვლა.