თავი მესამე
„ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა“
1, 2. რატომ არის ესაიას 42-ე თავი მეტად საინტერესო ქრისტიანებისთვის?
«თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი [„მსახური“, აქ], რომელნიც ავირჩიე» (ესაია 43:10). წინასწარმეტყველ ესაიას მიერ ძვ. წ. VIII საუკუნეში დაწერილი იეჰოვას ეს სიტყვები ცხადყოფს, რომ ძველ დროში მასთან კავშირით შეკრული ხალხი მოწმეთა ერი იყო. ისინი ღვთის რჩეული მსახურის როლს ასრულებდნენ. დაახლოებით 2600 წლის შემდეგ, 1931 წელს, სულიწმიდით ცხებულმა ქრისტიანებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ეს სიტყვები მათაც ეხებოდა. მათ საკუთარ თავს იეჰოვას მოწმეები უწოდეს და სიხარულით იტვირთეს ღვთის მიწიერი მსახურის პასუხისმგებლობები.
2 იეჰოვას მოწმეებს მთელი გულით სურთ, ღვთის მოსაწონად მოიქცნენ. ამიტომაც თითოეული მათგანისთვის მეტად საინტერესოა ესაიას 42-ე თავი, რადგანაც მასში აღწერილია მსახური, რომელსაც იეჰოვა იწონებს და — მსახური, რომელსაც ის უარყოფს. ამ წინასწარმეტყველებისა და მისი შესრულების განხილვით ცხადი ხდება, თუ რას მოაქვს ღვთის კეთილგანწყობილება და რა იწვევს მის უკმაყოფილებას.
„მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული“
3. რას წინასწარმეტყველებს იეჰოვა ესაიას პირით ‘თავისი მსახურის’ შესახებ?
3 ესაიას პირით იეჰოვა წინასწარმეტყველებს იმ მსახურის გამოჩენას, რომელსაც თვითონ ამოირჩევს: «აჰა ჩემი მორჩილი [„მსახური“, აქ], რომლისთვისაც ხელი მაქვს ჩავლებული; ჩემი რჩეული, რომელიც მოისურვა ჩემმა გულმა. მასზე გარდამოვავლინე ჩემი სული, ის გაუჩენს სამართალს ხალხებს. ის არ იყვირებს და არ აუწევს ხმას, არავის გააგონებს თავის ხმას ქუჩაში. გადატეხილ ლერწამს არ დაულეწავს და მბჟუტავ პატრუქს არ ჩაუქრობს, სამართალს სიმართლით გააჩენს. არ შედრკება და არ მოეშვება, ვიდრე ქვეყნად სამართალს არ დაამყარებს. მის რჯულს მოელიან ზღვისპირელნი» (ესაია 42:1—4).
4. ვინ არის ნაწინასწარმეტყველები „რჩეული“ და საიდან ვიცით ეს?
4 ვინ არის აქ მოხსენიებული მსახური? მისი ვინაობა არ არის უცნობი. ესაიას სიტყვები მათეს სახარებაშია ციტირებული, სადაც იესო ქრისტესთან დაკავშირებით არის გამოყენებული (მათე 12:15—21). იესოა საყვარელი და ‘რჩეული’ მსახური. როდის ‘გარდმოავლინა’ თავისი სული იესოზე იეჰოვამ? ახ. წ. 29 წელს, იესოს ნათლობის დროს. ღვთივსულიერ ცნობაში აღწერილია ეს ნათლობა და ნათქვამია, რომ წყლიდან იესოს ამოსვლის დროს «გაიხსნა ცა და გარდმოხდა მასზედ სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“». ამგვარად, იეჰოვამ პირადად გაამხილა თავისი საყვარელი მსახურის ვინაობა. შემდგომ კი იესოს მსახურებამ და სასწაულებმა დაადასტურა, რომ მასზე ნამდვილად იეჰოვას სული იყო (ლუკა 3:21, 22; 4:14—21; მათე 3:16, 17).
„ის გაუჩენს სამართალს ხალხებს“
5. რატომ იყო საჭირო სამართლისთვის შუქის მოფენა ახ. წ. I საუკუნეში?
5 იეჰოვას რჩეულს ჭეშმარიტი სამართალი უნდა ‘გაეჩინა’ ანუ ნათელი უნდა მოეფინა მისთვის. ‘მას უნდა ეუწყებინა სამართალი ხალხებისთვის’ (მათე 12:18, სსგ). რა ძლიერ საჭირო იყო ეს ახ. წ. I საუკუნეში! იუდაელთა რელიგიური წინამძღოლები დამახინჯებულად ასწავლიდნენ ხალხს სამართლისა და სიმართლის შესახებ. მათი აზრით, მართალ ადამიანად მხოლოდ ის ჩაითვლებოდა, ვინც იმ უმკაცრეს კანონებს დაიცავდა, რომელთაგანაც ბევრი თვითონვე დააწესეს. ისინი, როგორც ასოკირკიტა განმკითხველები, უმოწყალო და შეუბრალებელი იყვნენ.
6. როგორ აუწყა იესომ ხალხს, თუ რას ნიშნავდა ჭეშმარიტი სამართალი?
6 მათგან განსხვავებით, იესომ სამართლის შესახებ ღვთის თვალსაზრისი გაამჟღავნა. მან თავისი სწავლებითა და ცხოვრებით ცხადყო, რომ ჭეშმარიტი სამართალი თანაგრძნობასა და გულმოწყალებასაც გულისხმობდა. დაფიქრდით თუნდაც მის ცნობილ მთაზე ქადაგებაზე (მათე, თავები 5—7). რა შესანიშნავად ახსნა მან, თუ რა იყო სამართალი და სიმართლე! განა დიდ შთაბეჭდილებას არ ახდენს ჩვენზე სახარების ცნობები, სადაც ვკითხულობთ, თუ როგორ ავლენდა იესო თანაგრძნობას უმწეოთა და ავადმყოფთა მიმართ? (მათე 20:34; მარკოზი 1:41; 6:34; ლუკა 7:13). ის მანუგეშებელ ცნობას აუწყებდა ხალხს, რომელთაგან ბევრი გადატეხილი ლერწამივით წელში მოხრილი და ნაგვემი იყო. ისინი მბჟუტავ პატრუქებს ჰგავდნენ, რადგან მათი სიცოცხლის უკანასკნელი ნაპერწკალი შეუმჩნევლად ბჟუტავდა. იესოს არც „გადატეხილი ლერწამი“ დაულეწავს და არც „მბჟუტავი პატრუქი“ ჩაუქრია. ხალხისადმი სიტყვითა თუ საქმით გამოვლენილი მისი სიყვარული და თანაგრძნობა გამამხნევებელი იყო თავმდაბალი ადამიანებისთვის (მათე 11:28—30).
7. რატომ იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ იესო ‘არ იყვირებდა და ხმას არ აუწევდა’ ქუჩაში?
7 რატომ იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ იესო ‘არ იყვირებდა, ხმას არ აუწევდა და არავის გააგონებდა თავის ხმას ქუჩაში’? იმის გამო, რომ, თავისი მრავალი თანამედროვისგან განსხვავებით, არ ცდილობდა თავის წარმოჩენას (მათე 6:5). ერთხელ კეთროვნის განკურნების შემდეგ იესომ უთხრა მას: „უყურე, არავის უთხრა“ (მარკოზი 1:40—44). იესოს ის კი არ სურდა, რომ მის შესახებ ხმები გაევრცელებინათ, რათა ხალხს მოსმენილი ამბების საფუძველზე გამოეტანა დასკვნები, არამედ მას სურდა, ყველა საფუძვლიან ფაქტებზე დაყრდნობით დარწმუნებულიყო, რომ ის ქრისტე, იეჰოვას ცხებული მსახური, იყო.
8. ა) როგორ ‘გაუჩინა სამართალი ხალხებს’ იესომ? ბ) რას გვასწავლის სამართალზე კეთილი სამარიელის შესახებ იესოს მაგალითი?
8 რჩეულ მსახურს ‘სამართალი უნდა გაეჩინა ხალხებისთვის’. იესომ გააკეთა ეს. ის მხოლოდ იმ ფაქტზე კი არ ამახვილებდა ყურადღებას, რომ ღვთის სამართალში თანაგრძნობაც იგულისხმებოდა, არამედ იმასაც ასწავლიდა, რომ ეს სამართალი ყველა ხალხზე უნდა გავრცელებულიყო. ერთხელ იესომ ერთ რჯულის მცოდნეს შეახსენა, რომ მას ღმერთი და თავისი მოყვასი უნდა ჰყვარებოდა. რჯულის მცოდნემ კი ჰკითხა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. ის, ალბათ, იესოსგან პასუხად იმას მოელოდა, რომ მოყვასში იუდაელი იგულისხმებოდა. მაგრამ იესომ პასუხად იგავი მოუთხრო კეთილ სამარიელზე. იგავში სამარიელი ყაჩაღების მიერ გაძარცულ კაცს დაეხმარა, რომელსაც ყურადღება არ მიაქციეს ლევიანმა და მღვდელმა. რჯულის მცოდნე იძულებული იყო ეღიარებინა, რომ ამ შემთხვევაში მოძულებული სამარიელი იყო გაძარცული კაცის მოყვასი და არა ლევიანი ან მღვდელი. იესომ ამ თვალსაჩინო მაგალითის ბოლოს რჯულის მცოდნეს ურჩია: „შენც ასევე მოიქეცი“ (ლუკა 10:25—37; ლევიანნი 19:18).
„არ შედრკება და არ მოეშვება“
9. როგორ იმოქმედებს ჩვენზე ჭეშმარიტი სამართლის მნიშვნელობის ცოდნა?
9 იესომ ნათელი მოჰფინა ჭეშმარიტი სამართლის მნიშვნელობას, რის შედეგადაც მისმა მოწაფეებმა სამართლიანად მოქმედება ისწავლეს. იგივე გვმართებს ჩვენც. პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ ღვთის ნორმები კეთილისა და ბოროტის შესახებ, რადგან მას აქვს იმის განსაზღვრის უფლება, თუ რა არის სამართლიანი და მართებული. თუ იეჰოვას ნორმების შესაბამისად მოქცევას შევეცდებით, ჩვენი საქციელით შესანიშნავად ნათელვყოფთ ჭეშმარიტი სამართლის მნიშვნელობას (1 პეტრე 2:12).
10. რატომ არის სამართლიანობის გამოვლენა დაკავშირებული ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებასთან?
10 ჭეშმარიტ სამართლიანობას ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმიანობაში აქტიური მონაწილეობის მიღებითაც ვავლენთ. იეჰოვა დაუფარავად გვიმჟღავნებს ყველაფერს საკუთარი თავის, აგრეთვე თავისი ძისა და განზრახვების, შესახებ — არ იშურებს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან შემეცნებას (იოანე 17:3). არ იქნებოდა მართებული და სამართლიანი, სხვებისთვის არ გაგვემჟღავნებინა ეს შემეცნება. „ნუ დაუკავებ, ვინც ღირსია, კეთილ საქმეს, თუკი შეგიძლია ამის გაკეთება“, — ამბობს სოლომონი (იგავნი 3:27). ნებისმიერი რასის, ეთნიკური წარმომავლობისა და ეროვნების ადამიანებს მთელი გულით ვაუწყოთ ის, რაც ჩვენ ვიცით ღვთის შესახებ (საქმეები 10:34, 35).
11. როგორ უნდა მოვეპყროთ სხვებს, თუ მხედველობაში მივიღებთ იესოს მაგალითს?
11 გარდა ამისა, ჭეშმარიტი ქრისტიანი ცდილობს, ისე მოეპყროს სხვებს, როგორც იესო ეპყრობოდა. დღეს ბევრს გულისგამტეხი პრობლემები ხვდება ცხოვრებაში და ძლიერ სჭირდება თანაგრძნობა და გამხნევება. ღვთისადმი მიძღვნილი ზოგი ქრისტიანიც კი შეიძლება ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ გადატეხილ ლერწამს ან მბჟუტავ პატრუქს დაემსგავსოს. განა არ სჭირდებათ მათ ჩვენი მხარდაჭერა? (ლუკა 22:32; საქმეები 11:23). რამდენად გამამხნევებელია ჭეშმარიტ ქრისტიანულ საძმოში ყოფნა, სადაც ყველა ცდილობს, იესოს მიჰბაძოს სამართლიანობის გამოვლენაში!
12. რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მალე დამყარდება სამართლიანობა თითოეული ადამიანისთვის?
12 დამყარდება ოდესმე სამართლიანობა თითოეული ადამიანისთვის? დიახ. იეჰოვას რჩეული „არ შედრკება და არ მოეშვება, ვიდრე ქვეყნად სამართალს არ დაამყარებს“. ძალიან მალე ტახტზე ასული, აღდგენილი ქრისტე იესო, ‘შურს იძიებს მათზე, ვინც არ შეიცნო ღმერთი’ (2 თესალონიკელთა 1:6—9; გამოცხადება 16:14—16). ადამიანთა მმართველობას ღვთის სამეფო შეცვლის. ყველგან სამართალი და სიმართლე გამეფდება (იგავნი 2:21, 22; ესაია 11:3—5; დანიელი 2:44; 2 პეტრე 3:13). იეჰოვას მსახურები ყველგან — ყველაზე მოშორებულ ადგილებში, „კუნძულებზეც“, კი — მთელი გულით მოელიან ამ დღეს.
‘მე დავადგენ სინათლედ ხალხებისთვის’
13. რას წინასწარმეტყველებს იეჰოვა თავისი რჩეული მსახურის შესახებ?
13 ესაია განაგრძობს: „ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და მათი გარდამთხმელი, მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის და სულისა — მასზე მავალთათვის“ (ესაია 42:5). რა დიდებულად არის აღწერილი იეჰოვა, შემოქმედი! ეს სიტყვები, რომლებიც იეჰოვას ძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას, უფრო დიდ მნიშვნელობას მატებს მის ნათქვამს. იეჰოვა ამბობს: „მე, უფალმა, წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახე და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის, რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან — ბნელში მსხდომარენი“ (ესაია 42:6, 7).
14. ა) რას ნიშნავს ის, რომ იეჰოვას ხელი აქვს ჩაჭიდებული თავისი საყვარელი მსახურისთვის? ბ) რა როლს ასრულებს რჩეული მსახური?
14 სამყაროს დიდებულ შემოქმედს, სიცოცხლის წყაროს, ხელი აქვს ჩაჭიდებული თავისი რჩეული მსახურისთვის და სრულ თანადგომასა და მხარდაჭერას ჰპირდება. რა გამამხნევებელია ეს! გარდა ამისა, იეჰოვა იცავს მას, რათა დაადგინოს „აღთქმად ერისთვის“. აღთქმა არის კავშირი, შეთანხმება, ანუ საზეიმო პირობა. ის მტკიცე დადგენილებაა. დიახ, იეჰოვამ ‘ხალხის საწინდრად დაადგინა’ თავისი მსახური („ამერიკული თარგმანი“).
15, 16. რა მხრივ იყო იესო „სინათლე ხალხებისთვის“?
15 აღთქმული მსახური, როგორც „სინათლე ხალხებისთვის“, „ბრმებს“ თვალებს აუხელს და გაათავისუფლებს „ბნელში მსხდომარეთ“. იესომ გააკეთა ეს. ჭეშმარიტების შესახებ ქადაგებით იესომ განადიდა თავისი ზეციერი მამის სახელი (იოანე 17:4, 6). მან ნიღაბი ჩამოხსნა რელიგიურ სიცრუეს, იქადაგა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა და რელიგიურ ტყვეობაში მყოფთ სულიერი თავისუფლებისკენ მიმავალი გზა გაუხსნა (მათე 15:3—9; ლუკა 4:43; იოანე 18:37). იესომ განსაჯა სიბნელის საქმეები და ამხილა სატანა, როგორც „სიცრუის მამა“ და „მთავარი ამ წუთისოფლისა“ (იოანე 3:19—21; 8:44; 16:11).
16 იესომ თქვა: „მე ნათელი ვარ წუთისოფლისა“ (იოანე 8:12). მან შესანიშნავად ცხადყო ეს, როდესაც მსხვერპლად გაიღო თავისი, როგორც სრულყოფილი ადამიანის, სიცოცხლე. ამით მორწმუნეებს ცოდვების მიტევების, ღმერთთან კარგი ურთიერთობის დამყარებისა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მისცა (მათე 20:28; იოანე 3:16). მთელი სიცოცხლის განმავლობაში ღვთისადმი ერთგულების შენარჩუნებით იესომ მხარი დაუჭირა იეჰოვას უზენაეს ხელისუფლებას და გამოააშკარავა ეშმაკის სიცრუე. იესო, ჭეშმარიტად, ბრმათათვის სინათლის მიმცემი და სულიერ სიბნელეში დატყვევებულთა განმათავისუფლებელი იყო.
17. რა მხრივ ვართ სინათლის მატარებელნი?
17 მთაზე ქადაგებისას იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „თქვენ ხართ წუთისოფლის ნათელი“ (მათე 5:14). განა ჩვენც სინათლის მატარებელნი არ ვართ? ჩვენი ცხოვრებითა და სამქადაგებლო საქმიანობით შეგვიძლია ხალხს იეჰოვასთან, ჭეშმარიტი სინათლის წყაროსთან, მიახლოებაში დავეხმაროთ. იესოს მსგავსად, ჩვენც ვაუწყებთ იეჰოვას სახელს, მხარს ვუჭერთ მის უზენაეს მმართველობას და საჯაროდ ვაცხადებთ, რომ მისი სამეფოა კაცობრიობის ერთადერთი იმედი. აგრეთვე, როგორც სინათლის მატარებელნი, ვამხელთ რელიგიურ სიცრუეს, განვსჯით სიბნელის უწმინდურ საქმეებს და ვამხელთ სატანასა და მის ბოროტებას (საქმეები 1:8; 1 იოანე 5:19).
„უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა“
18. რას აცნობებს იეჰოვა თავის ხალხს?
18 ახლა იეჰოვა თავის ხალხს მიმართავს: „მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას — გამოქანდაკებულ კერპებს. აჰა, ამხდარია წინანდელნი და ამიერიდან ახალს გამოგიცხადებთ; ვიდრე აღმოცენდებოდეს, გაცნობებთ“ (ესაია 42:8, 9). „მსახურის“ შესახებ წინასწარმეტყველება ერთ-ერთმა უმაქნისმა ღმერთმა კი არ წარმოთქვა, არამედ ერთადერთმა ცოცხალმა და ჭეშმარიტმა ღმერთმა. ის უეჭველად უნდა შესრულებულიყო და კიდეც შესრულდა. ნამდვილად იეჰოვასგან მომდინარეობს ყოველივე ახალი და ის წინასწარ აცნობებს მოსახდენი მოვლენების შესახებ თავის ხალხს. რა რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე?
19, 20. ა) რა სიმღერა უნდა იმღეროს ხალხმა? ბ) ვინ უმღერს დღეს იეჰოვას სადიდებელ სიმღერას?
19 ესაია წერს: „უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მისთა მკვიდრნო! ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარი ცხოვრობს, იზეიმონ კლდეთა მცხოვრებლებმა, მთათა მწვერვალიდან იყიჟინონ! მიაგონ უფალს პატივი და მისი სადიდებული ზღვისპირელთა შორის გამოაცხადონ!“ (ესაია 42:10—12).
20 ქალაქების, უდაბნოს დაბა-სოფლების, კუნძულებისა და „კედრის“ სამკვიდროს მცხოვრებლებმაც კი უნდა უმღერონ იეჰოვას სადიდებელი სიმღერა. რა სასიხარულოა, რომ ჩვენს დროში მილიონობით ადამიანმა ყურად იღო ეს წინასწარმეტყველური მოწოდება! მათ შეიყვარეს ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება და თავიანთ ღმერთად აღიარეს იეჰოვა. იეჰოვას ხალხი 230-ზე მეტ ქვეყანაში მღერის ამ ახალ სიმღერას და განადიდებს იეჰოვას. რა სასიამოვნოა ამ მრავალეროვან, მრავალენოვან და სხვადასხვა რასის ხალხისგან შემდგარ გუნდში მღერა!
21. რატომ ვერ შეძლებენ ღვთის ხალხის მტრები იეჰოვას განმადიდებელთა გაჩუმებას?
21 შეძლებენ თუ არა მოწინააღმდეგენი, წინ აღუდგნენ ღმერთს და მღერა შეაწყვეტინონ იეჰოვას მადიდებლებს? შეუძლებელია! „როგორც გმირი, გამოვა უფალი; როგორც მეომარი, შურით აღივსება, აგრგვინდება, ყიჟინასაც დასცემს, ძალას გამოაჩენს მტრების წინააღმდეგ“ (ესაია 42:13). რა ძალა აღუდგება წინ იეჰოვას? დაახლოებით 3500 წლის წინათ წინასწარმეტყველი მოსე და ისრაელები მღეროდნენ: «მეომარია უფალი, უფალია [„იეჰოვაა“, აქ] მისი სახელი. ზღვაში ჩაყარა ფარაონი და მისი ლაშქარი, მისი რჩეული მხედართმთავრები დაიღრჩვნენ მეწამულ ზღვაში» (გამოსვლა 15:3, 4). იეჰოვამ იმ დროში უძლიერეს ლაშქარს სძლია. ღვთის ხალხის ნებისმიერი მტერი მარცხდება, როდესაც იეჰოვა გამოდის, როგორც მეომარი.
„დიდხანს ვდუმარებდი“
22, 23. რატომ ‘მდუმარებდა დიდხანს’ იეჰოვა?
22 იეჰოვა იმ დროსაც კი მიუკერძოებელი და სამართლიანია, როდესაც თავის მტრებს სჯის. ის ამბობს: „დიდხანს ვდუმარებდი, ვჩუმდი, თავს ვიკავებდი; ახლა ავკივლდები მშობიარესავით, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად. გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს და გადავახმობ მათ ყოველ სიმწვანეს, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ და ამოვაშრობ წყალსატევებს“ (ესაია 42:14, 15).
23 განაჩენის აღსრულებამდე იეჰოვა დროს აძლევს ბოროტმოქმედთ, რათა თავიანთი ბოროტი გზებიდან მოიქცნენ (იერემია 18:7—10; 2 პეტრე 3:9). განვიხილოთ ბაბილონის მსოფლიო ბატონობის პერიოდში, კერძოდ კი ძვ. წ. 607 წელს, იერუსალიმის ამაოხრებელ ბაბილონელთა შემთხვევა. ეს იეჰოვას ნებით ხდება, რათა ორგულობის გამო დაისაჯონ ისრაელები. მაგრამ ბაბილონელები ვერ ხვდებიან თავიანთ როლს. ისინი ღვთის ხალხს იმაზე სასტიკად ეპყრობიან, ვიდრე ღვთის მიერ მათ დასასჯელად არის საჭირო (ესაია 47:6, 7; ზაქარია 1:15). რაოდენ შეძრული უნდა იყოს ჭეშმარიტი ღმერთი თავისი ხალხის ტანჯვის ხილვით! მაგრამ, ის თავს იკავებს დანიშნულ დრომდე. მშობიარესავით იტანს ტკივილს, რათა გაათავისუფლოს და დამოუკიდებელ ერად აქციოს თავისთან კავშირით შეკრული ხალხი. ამისათვის ძვ. წ. 539 წელს ანადგურებს ბაბილონსა და მის თავდაცვით სისტემას.
24. რა შესაძლებლობა მისცა იეჰოვამ თავის ერს, ისრაელს?
24 რა ბედნიერი უნდა ყოფილიყო ღვთის ხალხი, როდესაც მრავალწლიანი ტყვეობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა! (მეორე ნეშტთა 36:22, 23). ისინი უსაზღვროდ გაიხარებდნენ იეჰოვას დანაპირების შესრულებით: „წავიყვან ბრმებს მათთვის უცნობი გზებით და მათთვის უცნობ ბილიკებზე გავატარებ; ბნელს ნათლად ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღროებს — ვაკეებად. აი, ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ“ (ესაია 42:16).
25. ა) რაში შეუძლია დღეს დარწმუნებული იყოს იეჰოვას ხალხს? ბ) რა უნდა გვქონდეს მტკიცედ გადაწყვეტილი?
25 როგორ სრულდება დღეს ეს სიტყვები? დიდი ხნის — საუკუნეების — განმავლობაში იეჰოვა ერებს თავიანთ ნებაზე მოქმედების ნებას რთავდა. მაგრამ მის მიერ ყველაფრის მოსაგვარებლად დადგენილი დრო ახლოსაა. უკანასკნელ დღეებში მან ხალხი გამოარჩია თავისი სახელის გასაცხადებლად. იეჰოვა ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის შესაძლებლობას აძლევს და გზას უსწორებს მათ „სულითა და ჭეშმარიტებით“ თაყვანსაცემად (იოანე 4:24). მან აღთქმა დადო: „არ მივატოვებ მათ“ და ასრულებს კიდეც თავის სიტყვას. რა მდგომარეობაში არიან ისინი, რომლებიც ჯიუტად განაგრძობენ ცრუ ღმერთების თაყვანისცემას? იეჰოვა ამბობს: „უკან დაიხევენ, სირცხვილით შერცხვებიან ქანდაკთა მოესავნი, კერპებს რომ ეუბნებიან: ჩვენი ღმერთები ხართო“ (ესაია 42:17). რამდენად მნიშვნელოვანია, იეჰოვასადმი ერთგულება შევინარჩუნოთ ისევე, როგორც მისმა რჩეულმა!
‘ყრუ და ბრმა მსახური’
26, 27. რა მხრივ აღმოჩნდა ისრაელი ‘ყრუ და ბრმა მსახური’ და რა მოჰყვა ამას?
26 ღვთის რჩეულმა მსახურმა, იესო ქრისტემ, სიკვდილამდე შეინარჩუნა ღვთისადმი ერთგულება. იეჰოვას ერი, ისრაელი, კი ორგული, სულიერად ყრუ და ბრმა მსახური აღმოჩნდა. იეჰოვა ეუბნება მათ: «ყრუებო, ისმინეთ! ბრმებო, იყურეთ, რომ დაინახოთ! ვინ არის ჩემი მორჩილივით [„მსახურივით“, აქ] ბრმა და ყრუ ჩემი მოციქულივით, მე რომ გავგზავნე? ვინ არის ბრმა ჩემი გამოსყიდულივით და ბრმა უფლის მორჩილივით [„მსახურივით“, აქ]? ბევრი გინახავს და არ შეგინახავს; სასმენელი ღია გაქვს და არ გესმის. უფალმა ინება თავის სიმართლისთვის განედიდებინა და განეთქვა რჯული» (ესაია 42:18—21).
27 რა სავალალო შეცდომას უშვებს ისრაელი! ხალხი მრავალჯერ სცდება გზას და თაყვანს სცემს წარმართი ერების დემონურ ღმერთებს. იეჰოვა კვლავ და კვლავ გზავნის მაცნეებს, მაგრამ მისი ერი არად აგდებს მათ (მეორე ნეშტთა 36:14—16). ესაია შედეგების შესახებ წინასწარმეტყველებს: „ეს ხალხი გაძარცულია და დარბეული, გამოქვაბულებში არიან ჩაყრილნი და საპყრობილეებში გამოკეტილნი; ტყვედ მიჰყავთ, მხსნელი კი არ არის; იტაცებენ და არავინ ამბობს: დააბრუნე! რომელმა თქვენგანმა გაიგონა ეს? ყური ვინ მიაპყრო და ვინ მოისმინა მოწევნადი? ვინ მისცა დამარბეველს იაკობი და ისრაელი — მძარცველებს? განა ეს უფალი არ იყო, რომელსაც შევცოდეთ, არ ვიარეთ მის გზებზე და მისი რჯული არ შევისმინეთ? გადმოაფრქვია მათზე თავისი რისხვის ცეცხლი და ომის სისასტიკე გიზგიზებდა მის ირგვლივ და ვერ მიმხვდარიყო, წვავდა და გულისხმაში ვერ ჩავარდნილიყო“ (ესაია 42:22—25).
28. ა) რა შეგვიძლია ვისწავლოთ იუდაელთა მაგალითიდან? ბ) რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვასთვის სასურველი მსახურები ვიყოთ?
28 იუდაელთა ორგულობის გამო იეჰოვა უშვებს, რომ ძვ. წ. 607 წელს იუდას მიწა გაპარტახდეს და გაიძარცვოს. ბაბილონელები იეჰოვას ტაძარს ცეცხლს აძლევენ, იერუსალიმს აოხრებენ და იუდაელები ტყვედ მიჰყავთ (მეორე ნეშტთა 36:17—21). დაე შევისმინოთ ეს გამაფრთხილებელი მაგალითი — არასოდეს დავიხშოთ ყური, როდესაც იეჰოვას მითითებებს ვისმენთ და არასოდეს დავიბრმაოთ თვალი მისი წერილობითი სიტყვის უგულებელსაყოფად. მივბაძოთ ქრისტე იესოს, იეჰოვას საყვარელ მსახურს, რათა იეჰოვასთვის ჩვენც მასავით სასურველი მსახურები ვიყოთ. იესოს მსგავსად, სიტყვითა და საქმით ვაუწყოთ ხალხს ჭეშმარიტი სამართალი. ამგვარად იეჰოვას ხალხს შორის დავრჩებით, სინათლის მატარებელთა როლს შევასრულებთ და განვადიდებთ და ხოტბას შევასხამთ იეჰოვას.
[სურათები 33 გვერდზე]
ჭეშმარიტი სამართალი თანაგრძნობასა და გულმოწყალებას ითვალისწინებს.
[სურათი 34 გვერდზე]
კეთილი სამარიელის შესახებ იგავით იესომ ხალხს დაანახვა, რომ ჭეშმარიტი სამართალი ყველა ერზე ვრცელდება.
[სურათები 36 გვერდზე]
ნუგეშისცემითა და სიკეთით მხარს დავუჭერთ ღვთიურ სამართალს.
[სურათები 39 გვერდზე]
სამქადაგებლო საქმიანობით ღვთიურ სამართლიანობას ვავლენთ.
[სურათი 40 გვერდზე]
საყვარელი მსახური ‘სინათლე იყო ხალხებისთვის’.