თავი 1
რატომ სჭირდება იეჰოვა ღმერთს მოწმეები?
იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ცნობილნი არიან იმით, რომ ხელიდან არ უშვებენ იეჰოვა ღმერთსა და მის სამეფოზე ხალხთან საუბრის შესაძლებლობას. ბევრს არც ის რჩება შეუმჩნეველი, რომ დევნისა და სიკვდილის მუქარის მიუხედავად, მოწმეები მტკიცედ იცავენ თავიანთ რწმენას.
„მეოცე საუკუნეში შეერთებულ შტატებში რელიგიური დევნის მსხვერპლი ძირითადად იეჰოვას მოწმეები იყვნენ“, — ნათქვამია ერთ წიგნში (The Court and the Constitution, by Archibald Cox, 1987). «მთელი მსოფლიოს მასშტაბით მთავრობები მოსვენებას არ აძლევდნენ იეჰოვას მოწმეებს და ავიწროებდნენ. ნაცისტურ გერმანიაში მათ მასობრივად აპატიმრებდნენ და საკონცენტრაციო ბანაკებში გზავნიდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ავსტრალიასა და კანადაში საზოგადოება [„საგუშაგო კოშკის“] საქმიანობა აკრძალეს . . . ამჟამად [1970-იან წლებში] იეჰოვას მოწმეებს სასტიკად დევნიან აფრიკაში», — წერდა ტონი ჰოდჯეზი (Jehovah’s Witnesses in Africa, 1985 წლის გამოცემა).
რატომ დევნიან იეჰოვას მოწმეებს? რატომ ქადაგებენ ისინი? მართლა ღვთისგან აქვთ მათ ქადაგება დავალებული? და საერთოდ, რაში სჭირდება იეჰოვა ღმერთს მოწმეებად არასრულყოფილი ადამიანები? ამ კითხვებზე პასუხები დაკავშირებულია მთელ სამყაროში წამოჭრილ ყველაზე მნიშვნელოვან საკამათო საკითხებთან. ამ საკითხების გამოკვლევა დაგვეხმარება, გავიგოთ, რატომ ჰყავს იეჰოვა ღმერთს მოწმეები და რატომ იტანენ ისინი სასტიკ მოპყრობას.
იეჰოვას უზენაესობა ეჭვქვეშ დადგა
ეს საკამათო საკითხები უკავშირდება იეჰოვა ღმერთის უზენაესობას, ანუ იმას, აქვს თუ არა მას სამყაროს მართვის კანონიერი უფლება. იეჰოვა სამართლიანად არის უზენაესი მმართველი, რადგან შემოქმედი და ყოვლისშემძლე ღმერთია (დაბ. 17:1; გამ. 6:3; გამოცხ. 4:11). ამიტომ ის კანონიერად ბატონობს ყველაფერზე ზეცაში თუ დედამიწაზე (1 მატ. 29:12). თუმცა ის თავის ძალაუფლებას ყოველთვის სიყვარულით იყენებს (შეადარეთ იერემიას 9:24). რას ითხოვს ის მოაზროვნე ქმნილებებისგან? ღმერთს სურს, რომ უყვარდეთ ის და აფასებდნენ მის უზენაესობას (ფსალმ. 84:10). მაგრამ ათასობით წლის წინათ საკამათო გახდა იეჰოვას უზენაესობა. ვინ გახადა ის საკამათო და როგორ? ბიბლიის პირველი წიგნი „დაბადება“ ნათელს ჰფენს ამ საკითხებს.
მასში ვკითხულობთ, რომ ღმერთმა შექმნა ადამიანთა პირველი წყვილი, ადამი და ევა, და ულამაზეს ბაღში დაასახლა. ღმერთმა მათ უბრძანა: „ბაღის ყოველი ხიდან შეგიძლია ჭამო, რამდენიც გესიამოვნება, მაგრამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბ. 2:16, 17). რა იყო „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“ და რას ნიშნავდა ამ ხიდან ნაყოფის ჭამა?
ეს იყო ჩვეულებრივი ხე, რომელსაც ღმერთმა სიმბოლური მნიშვნელობა მიანიჭა. ვინაიდან ამ ხეს მან „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე“ უწოდა და უბრძანა ადამსა და ევას, არ ეჭამათ მისი ნაყოფი, ეს ხე სიმბოლურად კარგად გამოხატავდა ღვთის უფლებას, განესაზღვრა, რა იყო ადამიანებისთვის „სიკეთე“ (რაც ღმერთს მოსწონს) და რა იყო „ბოროტება“ (რაც ღმერთს არ მოსწონს). ამგვარად, ეს ხე ერთგვარი გამოცდა იყო ადამიანებისთვის, დაემორჩილებოდნენ თუ არა იეჰოვას უზენაესობას. სამწუხაროდ, პირველი წყვილი არ დაემორჩილა ღმერთს და აკრძალული ნაყოფი შეჭამა. მათ ვერ გაუძლეს მორჩილებისა და მადლიერების ამ უბრალო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გამოცდას (დაბ. 3:1—6).
ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოქმედება იეჰოვას უზენაესობის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავდა. რატომ ვამბობთ ამას? იმის ცოდნა, თუ როგორ ვართ ადამიანები შექმნილები, ადამისა და ევას საქციელის სერიოზულობის დანახვაში დაგვეხმარება. როცა ღმერთმა პირველი წყვილი შექმნა, მათ შესანიშნავი ძღვენი — ნების თავისუფლება უბოძა. გარდა ამისა, იეჰოვამ ისეთი გონებრივი შესაძლებლობებით შექმნა ადამიანები, რომ სხვა ყველაფერთან ერთად ჰქონდათ აღქმის, ლოგიკური მსჯელობისა და განსჯის უნარი (ებრ. 5:14). ისინი არც რობოტებივით იყვნენ შექმნილნი და არც ცხოველებივით, რომლებიც ძირითადად ინსტინქტით მოქმედებენ. მაგრამ მათი თავისუფლება შეფარდებითი იყო, რადგან ისინი ღვთის კანონებს უნდა დამორჩილებოდნენ (შეადარეთ იერემიას 10:23, 24). ადამმა და ევამ არჩიეს, აკრძალული ნაყოფი ეჭამათ და, ამგვარად, ბოროტად გამოიყენეს ნების თავისუფლება. რამ უბიძგა მათ ამისკენ?
ბიბლია გვიხსნის, რომ ღვთის ერთი სულიერი ქმნილება თავისი ნებით განუდგა ღმერთს. ეს ქმნილება, რომელიც მოგვიანებით სატანის სახელით გახდა ცნობილი, ედემის ბაღში გველის მეშვეობით ელაპარაკა ევას. მან უბიძგა ევას და შემდეგ ევას მეშვეობით ადამს, რომ ღვთის უზენაესობას არ დამორჩილებოდნენ (გამოცხ. 12:9). აკრძალული ხიდან ნაყოფის ჭამით ადამმა და ევამ თავიანთი განსჯის უნარი ღვთისაზე მაღლა დააყენეს, რითაც ცხადყვეს, რომ თავად სურდათ გადაეწყვიტათ, რა იყო სიკეთე და რა ბოროტება (დაბ. 3:22).
ამ დაუმორჩილებლობის შედეგად წამოიჭრა საკამათო საკითხი: აქვს იეჰოვას კაცობრიობაზე მმართველობის უფლება და ემსახურება მისი მმართველობა ქვეშევრდომების კეთილდღეობას? ეს ნათლად გამოჩნდა გველის სიტყვებში, რომლებიც ევას უთხრა: „მართლა გითხრათ ღმერთმა, ბაღის ყველა ხიდან არ ჭამოთო?“. ამ ნათქვამიდან ისე ჩანდა, თითქოს ღმერთი რაღაც კარგს უმალავდა ევასა და მის ქმარს (დაბ. 3:1).
ედემში გამოვლენილი დაუმორჩილებლობის შედეგად კიდევ ერთი საკითხი გახდა საკამათო: დარჩებოდნენ ადამიანები განსაცდელების დროს ღვთის ერთგულები? ამ საკითხს ნათელი მოეფინა 24 საუკუნის შემდეგ, როცა ღვთის ერთგული იობი გამოიცადა. სატანამ, რომელიც ერთ დროს გველს ამოფარებული ლაპარაკობდა, იეჰოვას უთხრა: „მერედა ტყუილად აქვს იობს ღვთის შიში?“. სატანამ ღმერთს ბრალი დასდო: „შენ არ მფარველობ მას, მის სახლს და ყველაფერს, რაც აქვს? შენ აკურთხე მისი ხელის ნამოქმედარი და გაამრავლე მისი საქონელი მთელ მიწაზე“. ამ სიტყვებით სატანამ განაცხადა, რომ იობი გამორჩენის მიზნით ემსახურებოდა ღმერთს. შემდეგ მან თქვა: „ტყავი ტყავის სანაცვლოდ, სიცოცხლის სანაცვლოდ კი ყველაფერს გაიღებს კაცი“. რამდენადაც იეჰოვას უკვე ნათქვამი ჰქონდა, რომ არავინ იყო იობის მსგავსი დედამიწაზე, სატანა თავის სიტყვებში სინამდვილეში იმას გულისხმობდა, რომ ღმერთს ნებისმიერ მსახურს ჩამოაშორებდა (იობ. 1:8—11; 2:4). ამგვარად, ღვთის ყველა მსახურის ერთგულება ეჭვქვეშ დადგა — დარჩებოდნენ ისინი უმწიკვლოები და დაემორჩილებოდნენ იეჰოვას უზენაესობას?
წამოჭრილი საკამათო საკითხები უნდა გადაწყვეტილიყო. დრომ, ანუ კაცობრიობის შექმნიდან დღემდე გასულმა დაახლოებით 6 000-მა წელმა, და ადამიანთა მთავრობების წარუმატებლობამ აშკარა გახადა, რომ ადამიანებს ღვთის უზენაესი მმართველობა სჭირდებათ. მაგრამ სურს ხალხს ეს მმართველობა? მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც მთელი გულით დაუჭერენ მხარს იეჰოვას სამართლიან ხელისუფლებას? რა თქმა უნდა! იეჰოვას თავისი მოწმეები ჰყავს. მაგრამ მათი „ჩვენებების“ განხილვამდე ვნახოთ, რას ნიშნავს მოწმედ ყოფნა.
რას ნიშნავს მოწმედ ყოფნა?
იმ დედნისეული სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა, რომლებიც „მოწმედ“ არის ნათარგმნი, სწორ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რას ნიშნავს იეჰოვას მოწმედ ყოფნა. ებრაულ წერილებში გამოყენებული არსებითი სახელი „მოწმე“ (ედ) მომდინარეობს ზმნიდან (უდ), რომლის მნიშვნელობებია „დაბრუნება“, „გამეორება, კვლავ გაკეთება“. ამ არსებითი სახელის (ედ) შესახებ „ძველი აღთქმის თეოლოგიურ ლექსიკონში“ ნათქვამია: „მოწმე არის ის, ვინც იმეორებს, დაჟინებით ადასტურებს თავის ჩვენებას. სიტყვა [ედ] სასამართლო ტერმინოლოგიაში გამოიყენება“. ებრაული ენის ერთ ლექსიკონში წერია: «როგორც ჩანს, [ზმნა უდ] თავდაპირველად ნიშნავდა: „ის არაერთხელ და დამაჯერებლად ამბობს“» (A Comprehensive Etymological Dictionary of the Hebrew Language for Readers of English).
ქრისტიანულ წერილებში მოხსენიებული ბერძნული სიტყვები „მარტჳს“ (მოწმე) და „მარტჳრეო“ (დამოწმება) გამოიყენებოდა იურიდიულ ტერმინოლოგიაში, თუმცა მოგვიანებით უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა. „ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ თანახმად, «სიტყვა „მოწმე“ [გამოიყენება] როგორც მასთან, ვინც „ფაქტების მოწმეა და შეუძლია დაადასტუროს“, ისე მასთან, „ვინც რაიმე ჭეშმარიტებას ამოწმებს“, ანუ სხვებთან ლაპარაკობს იმას, რაშიც დარწმუნებულია». ამგვარად, მოწმე ადასტურებს იმას, რაც უშუალოდ თვითონ გაიგო, ან აცხადებს რაიმე შეხედულებისა თუ ჭეშმარიტების შესახებ, რაშიც ეჭვი არ ეპარება (Theological Dictionary of the New Testament).a
პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ერთგულად მიჰყვებოდნენ ქრისტიანული ცხოვრების გზას, რის გამოც სიტყვა „მოწმემ“ ფართო მნიშვნელობა შეიძინა. დამოწმების გამო ბევრ მათგანს დევნის ატანა მოუწია, ზოგს კი ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა (საქ. 22:20; გამოცხ. 2:13). შედეგად, ახ. წ. მეორე საუკუნეში სიტყვა „მოწმის“ ბერძნულმა ეკვივალენტმა (მარტჳს, საიდანაც წარმოდგება სიტყვა „მარტვილი“, ანუ რწმენისთვის წამებული) შეიძინა სხვა მნიშვნელობა და იმ ადამიანებთან დაკავშირებით გამოიყენებოდა, რომლებიც მზად იყვნენ, „დამოწმებისთვის თავიც კი გაეწირათ“. მათ იმიტომ კი არ უწოდეს მოწმეები, რომ მოკვდნენ — ისინი იმიტომ მოკვდნენ, რომ ერთგული მოწმეები იყვნენ.
მაშ, ვინ იყვნენ იეჰოვას პირველი მოწმეები? ვინ იყო მზად, რომ სიტყვითა თუ საქმით „არაერთხელ და დამაჯერებლად“ გაეცხადებინა, რომ იეჰოვა სამყაროს სრულუფლებიანი და ღირსეული მმართველია? ვინ იყო მზად, რომ სიკვდილამდე ღვთისადმი ერთგული დარჩენილიყო?
იეჰოვას პირველი მოწმეები
მოციქულმა პავლემ თქვა: „ჩვენ გარშემო მოწმეთა ასეთი დიდი ღრუბელია [ბერძნულად ნეფოს, მიუთითებს ღრუბლის დიდ მასაზე]“ (ებრ. 12:1). მოწმეთა ასეთი „დიდი ღრუბლის“ წარმოქმნა მალევე დაიწყო მას შემდეგ, რაც ედემის ბაღში ადამი და ევა ღვთის უზენაესობის წინააღმდეგ წავიდნენ.
ებრაელების 11:4-ში პავლე მიანიშნებს, რომ აბელი იეჰოვას პირველი მოწმე იყო: „რწმენით აბელმა ღმერთს კაენისაზე უკეთესი მსხვერპლი შესწირა და რწმენითვე მიიღო დამოწმება, რომ მართალი იყო; ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენზე. თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს რწმენის მეშვეობით“. რა გაგებით იყო აბელი იეჰოვას მოწმე? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად საჭიროა გავიგოთ, რატომ იყო აბელის მსხვერპლი „კაენისაზე უკეთესი“.
მარტივად რომ ვთქვათ, აბელმა ღმერთს სათანადო მსხვერპლი შესწირა კარგი აღძვრებიდან გამომდინარე, რაზეც მისი კარგი საქმეები მოწმობდა. მან ღმერთს მიუტანა ცოცხალი მსხვერპლი; ამ ცხოველის სისხლით წარმოდგენილი იყო მისი ფარის პირველმოგებული ცხოველების სიცოცხლე, კაენმა კი ღმერთს მიწის უსიცოცხლო ნაყოფი შესწირა (დაბ. 4:3, 4). მსხვერპლშეწირვის დროს კაენს რწმენა აკლდა, სწორედ ის, რამაც აბელის მსხვერპლი ღვთისთვის მისაღები გახადა. კაენს ღმერთთან ურთიერთობა უნდა გამოესწორებინა. მაგრამ მან არ გაითვალისწინა ღვთისგან მიცემული გაფრთხილება და ერთგული აბელი მოკლა, რითაც მისი ბოროტი ზრახვები გამოაშკარავდა (დაბ. 4:6—8; 1 იოან. 3:11, 12).
აბელმა გამოავლინა რწმენა, რაც მის მშობლებს აკლდა. თავისი ერთგულებით მან ცხადყო, რომ დარწმუნებული იყო იეჰოვას უზენაესობის სამართლიანობაში და მის მმართველობას აღიარებდა. აბელმა, რომელმაც დაახლოებით ასი წელი იცოცხლა, აშკარა გახადა, რომ ადამიანს შეუძლია ღვთისადმი ერთგულება სიკვდილითაც კი დაამოწმოს. მისი სისხლი კვლავაც „ამოწმებს“, რადგან ღვთისადმი ერთგულება მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა და ეს შემთხვევა ბიბლიაში მომავალი თაობებისთვის ჩაიწერა.
აბელის სიკვდილიდან დაახლოებით ხუთი საუკუნის შემდეგ ცხოვრობდა ენოქი, რომელიც ღმერთთან ერთად დადიოდა. ის ცდილობდა, სიკეთესა და ბოროტებასთან დაკავშირებით ღვთის მიერ დადგენილი ნორმების თანახმად ეცხოვრა (დაბ. 5:24). ადამიანებმა უარყვეს ღვთის უზენაესობა, ამიტომ ენოქის დროს ხალხში უღვთოობა იყო გავრცელებული. ენოქს სჯეროდა, რომ უზენაესი მმართველი დასჯიდა ბოროტებს, ამიტომ ღვთის სულით აღძრული მათ მომავალ განადგურებას აცხადებდა (იუდ. 14, 15). ის სიკვდილამდე ერთგული მოწმე იყო, რაც იქიდან გამოჩნდა, რომ „ღმერთმა წაიყვანა“ ანუ, როგორც ჩანს, მტრის ხელიდან იხსნა, რათა წამებით არ მოეკლათ (ებრ. 11:5). ამგვარად, ენოქის სახელი ქრისტიანობამდე მცხოვრებ იმ „მოწმეთა დიდ ღრუბელს“ დაემატა, რომელთა რიცხვიც თანდათანობით იზრდებოდა.
უღვთოობის სული კვლავაც გაბატონებული იყო ხალხში. ნოეს დროს, რომელიც ენოქის სიკვდილიდან დაახლოებით 70 წლის შემდეგ ცხოვრობდა, ღვთის სულიერი ძეები დედამიწაზე ჩამოვიდნენ, როგორც ჩანს, ხორციელი სხეულით, და ცოლებად ლამაზი ქალები მოიყვანეს. მათი შთამომავლები ნეფილიმების სახელით გახდნენ ცნობილნი. ისინი ადამიანებს შორის ბუმბერაზები იყვნენ (დაბ. 6:1—4). რა მოჰყვა შედეგად სულიერი ქმნილებებისა და ადამიანების არაბუნებრივ კავშირს და მათი შთამომავლების, ჰიბრიდების გამრავლებას? ღვთის შთაგონებით გაკეთებულ ჩანაწერში ნათქვამია: „დაინახა იეჰოვამ, რომ გამრავლდა დედამიწაზე ადამიანთა ბოროტება და მათი გულის ზრახვები მუდამ ბოროტი იყო. დაინახა ღმერთმა, რომ გაიხრწნა დედამიწა, რადგან ყოველ ხორციელს გაეხრწნა თავისი გზა დედამიწაზე“ (დაბ. 6:5, 12). რა სამწუხაროა, რომ ღვთის ფეხსადგამი „ძალადობით აივსო“ (დაბ. 6:13; ეს. 66:1).
ბოროტებისგან განსხვავებით „ნოე მართალი კაცი იყო“, რომელმაც დაამტკიცა, რომ „მის დროს მცხოვრებ ხალხს შორის უბიწოდ“ დადიოდა (დაბ. 6:9). ნოე ყველაფერს ისე აკეთებდა, „როგორც ღმერთმა უბრძანა“, რითაც აჩვენა, რომ ღვთის უზენაესობას ემორჩილებოდა (დაბ. 6:22). რწმენით ნოემ „თავისი ოჯახის გადასარჩენად კიდობანი ააგო“ (ებრ. 11:7). მაგრამ ის უბრალოდ მშენებელი კი არ იყო, სიმართლეს ქადაგებდა და ხალხს მომავალი განადგურების შესახებ აფრთხილებდა (2 პეტ. 2:5). მართალია, ნოე გაბედულად ამოწმებდა, მაგრამ მის დროს მცხოვრებ ბოროტ მოდგმას „არაფერი ანაღვლებდა, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა“ (მათ. 24:37—39).
ნოეს შემდეგ იეჰოვას მოწმეები პატრიარქები იყვნენ. აბრაამი, ისაკი, იაკობი და იოსები მათთან ერთად არიან მოხსენიებულნი, რომლებიც ქრისტიანობამდე მცხოვრებ „მოწმეთა ღრუბელს“ შეადგენენ (ებრ. 11:8—22; 12:1). ისინი ერთგულებას ინარჩუნებდნენ და თავიანთი ცხოვრებით მხარს უჭერდნენ იეჰოვას უზენაესობას (დაბ. 18:18, 19). ამგვარად ისინი იეჰოვას სახელის განწმენდაში იღებდნენ მონაწილეობას. ეს ერთგული პატრიარქები რომელიმე ადამიანურ სამეფოში კი არ ეძებდნენ თავშესაფარს, არამედ „სახალხოდ აღიარებდნენ, რომ უცხონი და დროებით მცხოვრებნი იყვნენ იმ ქვეყანაში“ და რწმენით ელოდნენ „ჭეშმარიტი საძირკვლის მქონე ქალაქს, რომლის მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრ. 11:10, 13). ისინი იეჰოვას თავიანთ მმართველად აღიარებდნენ და იმედს ამყარებდნენ დაპირებულ ზეციერ სამეფოზე, რომელიც ღვთის სამართლიან უზენაეს ხელისუფლებას წარმოადგენდა.
ძვ. წ. XVI საუკუნეში აბრაამის შთამომავლები ეგვიპტის მონობაში იყვნენ. იმ დროს მოსემ და აარონმა მათ გასათავისუფლებლად ძირითადი როლი შეასრულეს „ღმერთების ბრძოლაში“. მოსე და აარონი ფარაონის წინაშე წარდგნენ და მას იეჰოვას სიტყვები გადასცეს: „გაუშვი ჩემი ხალხი“. ამაყმა ფარაონმა გული გაისასტიკა; მას არ უნდოდა, დაეკარგა მონების მთელი ერი. „ვინ არის იეჰოვა, რომ მოვუსმინო მის ხმას და გავუშვა ისრაელი?! — მიუგო მან. — მე არც იეჰოვას ვიცნობ და არც ისრაელის გაშვებას ვაპირებ“ (გამ. 5:1, 2). თავისი მედიდური პასუხით ფარაონმა, რომელიც საკუთარ თავს ცოცხალ ღმერთად მიიჩნევდა, არ აღიარა იეჰოვა ერთადერთ ძლევამოსილ ღმერთად.
რამდენადაც წამოიჭრა საკითხი, თუ ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვამ გადაწყვიტა, ფარაონისთვის თავისი სიძლიერე ეჩვენებინა. ფარაონი გრძნეული ქურუმების მეშვეობით, რომლებიც ეგვიპტის ყველა ღმერთის ძალით მოქმედებდნენ, შეეცადა წინ აღდგომოდა იეჰოვას ძლიერებას. მაგრამ იეჰოვამ ათი სასჯელი დაატეხა ეგვიპტეს, რომელთაგან თითოეულს მოსე და აარონი აცხადებდნენ. ამ სასჯელებით მან ცხადი გახადა, რომ განაგებდა ბუნების ძალებსა და ყველა ქმნილებას დედამიწაზე და უპირატესობდა ეგვიპტის ღვთაებებზე (გამ. 9:13—16; 12:12). მეათე სასჯელის შემდეგ იეჰოვამ „ძლიერი ხელით“ გამოიყვანა ისრაელი ეგვიპტიდან (გამ. 13:9).
„უთვინიერეს კაცს“, მოსეს გაბედულება და რწმენა სჭირდებოდა, რომ ფარაონთან მისულიყო, თანაც არაერთხელ (რიცხ. 12:3). მაგრამ მას არასდროს შეურბილებია ის ცნობა, რომელიც იეჰოვასგან ჰქონდა ნაბრძანები ფარაონისთვის გადასაცემად. სიკვდილის მუქარამაც კი ვერ შეაშინა მოსე, რომ დამოწმება შეეწყვიტა (გამ. 10:28, 29; ებრ. 11:27). მოსე მოწმე იყო ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით — ის „არაერთხელ და დამაჯერებლად“ ამოწმებდა, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია.
ეგვიპტიდან გათავისუფლების შემდეგ, ძვ. წ. 1513 წელს მოსემ დაწერა წიგნი „დაბადება“. ასე დაიწყო ახალი ეპოქა — ბიბლიის წერის ეპოქა. როგორც ჩანს, წიგნი „იობიც“ მოსემ დაწერა, ამიტომ მას გარკვეულწილად ეცოდინებოდა, რა საკამათო საკითხი არსებობდა ღმერთსა და სატანას შორის. მაგრამ ბიბლიის წერასთან ერთად ღვთის უზენაესობასა და ადამიანის ერთგულებასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები უფრო ნათელი ხდებოდა. ყველას, ვისაც აინტერესებდა, შეეძლო ამ საკითხებზე სრული წარმოდგენა ჰქონოდა. ამგვარად, ძვ. წ. 1513 წელს იეჰოვამ მოწმეთა ახალ ერს ჩაუყარა საფუძველი.
მოწმეთა ერი
ეგვიპტის დატოვებიდან სამი თვის შემდეგ იეჰოვამ განსაკუთრებული შეთანხმება დადო ისრაელებთან, რითაც ისინი ღვთის „გამორჩეული საკუთრება“ გახდნენ (გამ. 19:5, 6). მოსეს მეშვეობით იეჰოვამ ისრაელს, რომელიც ახლა უკვე ღვთის ერი იყო, დაუდგინა თეოკრატიული მმართველობა, რომელიც კანონის საფუძველზე დადებულ შეთანხმებაზე იყო დაფუძნებული. კანონთა ეს კრებული ერის კონსტიტუცია გახდა (ეს. 33:22). ისრაელები გახდნენ იეჰოვას რჩეული ხალხი, რათა უზენაესი უფლის წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.
მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული საუკუნეების განმავლობაში ეს ერი ყოველთვის არ აღიარებდა იეჰოვას უზენაესობას. აღთქმული მიწის დამკვიდრების შემდეგ ისრაელები დროდადრო თაყვანს სცემდნენ სხვა ერების დემონურ ღვთაებებს. იმის გამო, რომ იეჰოვას უზენაეს მმართველად აღარ აღიარებდნენ, ღმერთმა დაუშვა, რომ ისრაელები სხვა ერებს გაეძარცვათ. შედეგად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ამ ერების ღმერთები იეჰოვაზე ძლიერები იყვნენ (ეს. 42:18—25). ამიტომ ძვ. წ. VIII საუკუნეში იეჰოვამ გადაწყვიტა, გაექარწყლებინა არასწორი შეხედულება და ცხადი გაეხადა, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი.
წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით იეჰოვამ განაცხადა: «[ამ ერების ღმერთებიდან] რომელს შეუძლია ამის თქმა [ზუსტად წინასწარმეტყველება]? თუ გაგვაგებინებენ [წინასწარ] იმას, რაც თავდაპირველად უნდა შესრულდეს? მოიყვანონ [ამ ღმერთებმა] თავიანთი მოწმეები, რათა მართლებად იქნენ აღიარებულნი, ან მოისმინონ [ერებმა] და თქვან: „ეს ჭეშმარიტებაა!“» (ეს. 43:9). მართლაც, აბა მოიყვანონ ერების ღმერთებმა მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ მათი წინასწარმეტყველებები ჭეშმარიტებაა! მაგრამ ამ ღმერთებიდან ვერც ერთმა ვერ იპოვა ნამდვილი მოწმეები, რომლებიც მათ ღვთაებრიობას დაამტკიცებდნენ!
იეჰოვამ ისრაელებს დაანახვა, რა პასუხისმგებლობა ეკისრათ იმ საკითხის გადაჭრაში, თუ ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი. მან თქვა: „თქვენა ხართ ჩემი მოწმეები . . . ჩემი მსახური, რომელიც მე ავირჩიე, რათა გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი და მიმხვდარიყავით, რომ მე იგივე ვარ. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და არც ჩემ შემდეგ იქნება. მე, მე ვარ იეჰოვა და ჩემ გარდა არავინაა მხსნელი. მე ვამბობდი, ვიხსნიდი და ვაგებინებდი, როცა თქვენ შორის არ იყო უცხო ღმერთი. ასე რომ, თქვენა ხართ ჩემი მოწმეები . . . და მე ღმერთი ვარ“ (ეს. 43:10—12).
ამგვარად, იეჰოვას ხალხი, ისრაელი, მოწმეთა ერად ჩამოყალიბდა. მათ შეეძლოთ მტკიცედ დაემოწმებინათ, რომ იეჰოვა სამართლიანი, უზენაესი ხელისუფალია. გამოცდილების საფუძველზე მათ შეეძლოთ დარწმუნებით გაეცხადებინათ, რომ იეჰოვა თავისი ხალხის დიდებული მხსნელია და მისი წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება.
მესიის შესახებ დამოწმება
ქრისტიანობამდე მცხოვრები „მოწმეთა ღრუბლის“ უამრავი დამოწმების მიუხედავად, ღმერთი თვლიდა, რომ საკამათო საკითხები ბოლომდე არ იყო გადაჭრილი. რატომ? მას შემდეგ, რაც ცხადი გახდებოდა, რომ ადამიანებს სჭირდებოდათ იეჰოვას მმართველობა და ღვთისგან დამოუკიდებლად ვერ შეძლებდნენ წარმატების მიღწევას, იეჰოვა თავის მიერ დანიშნულ დროს განაჩენს აღასრულებდა მათზე, ვინც არ დაემორჩილებოდა მის კანონიერ ხელისუფლებას. უფრო მეტიც, საკამათო საკითხები მხოლოდ ადამიანებს არ ეხებოდათ. ვინაიდან ედემის ბაღში ადამიანები იეჰოვას წინააღმდეგ ანგელოზმა განაწყო, ღვთისადმი ერთგულების საკითხი ზეციერ ქმნილებებსაც შეეხო. ამიტომ იეჰოვამ განიზრახა, დედამიწაზე გამოეგზავნა სულიერი ძე, რომ სატანას მისი გამოცდის შესაძლებლობა ჰქონოდა. ღვთის ეს სულიერი ძე სრულყოფილად გასცემდა პასუხს წამოჭრილ კითხვას, დარჩებოდა თუ არა ვინმე ღვთისადმი ერთგული განსაცდელების დროს. შემდეგ, როცა ის ბოლომდე შეინარჩუნებდა ღვთისადმი ერთგულებას, მიიღებდა ძალას, როგორც იეჰოვას სახელის დიდებული დამცველი, რათა გაენადგურებინა ყველა ბოროტი და შეესრულებინა დედამიწასთან დაკავშირებით ღვთის თავდაპირველი განზრახვა.
მაგრამ, როგორ შეიძლებოდა იმის გაგება, ვინ იქნებოდა ეს ძე? ედემის ბაღში ღმერთმა იწინასწარმეტყველა, რომ „შთამომავალი“ თავს გაუჭეჭყავდა გველს, რომლითაც იეჰოვას მტერი იყო წარმოდგენილი, და გაამართლებდა ღვთის უზენაესობას (დაბ. 3:15). ებრაელი წინასწარმეტყველების მეშვეობით იეჰოვამ ბევრი წვრილმანი გახადა ცხადი მესიანური „შთამომავლის“ წარმოშობაზე, მის საქმეებსა და მისი მოსვლის დროზეც კი (დაბ. 12:1—3; 22:15—18; 49:10; 2 სამ. 7:12—16; ეს. 7:14; დან. 9:24—27; მიქ. 5:2).
ძვ. წ. მეხუთე საუკუნის შუა პერიოდიდან, როცა ებრაული წერილების წერა დასრულდა, რომელიც ყველა ამ წინასწარმეტყველებას შეიცავდა, მხოლოდ ლოდინიღა იყო საჭირო, რომ მოსულიყო მესია და მასზე დაწერილი შესრულებულიყო. ღვთის ამ უდიდესი მოწმის „ჩვენება“ მომდევნო თავში იქნება განხილული.
[სქოლიო]
a პირველი საუკუნის ზოგ ქრისტიანს შეეძლო დაემოწმებინა იესოსთან დაკავშირებული ისეთი ისტორიული მოვლენების შესახებ, როგორიცაა მისი სიცოცხლე, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა, რისი თვითმხილველებიც თავად იყვნენ (საქ. 1:21, 22; 10:40, 41). მაგრამ მათ, ვინც მოგვიანებით გახდა იესოს მიმდევარი, შეეძლოთ სხვებისთვის დაემოწმებინათ, რა მნიშვნელობა ჰქონდა იესოს სიცოცხლეს, სიკვდილსა და მკვდრეთით აღდგომას (საქ. 22:15).
[ჩანართი 11 გვერდზე]
ადამიანებმა რომ არჩევანი გააკეთონ, ჯერ უნდა გაიგონ, რას მოუტანთ იეჰოვას უზენაესი მმართველობა
[ჩანართი 13 გვერდზე]
აბელი იეჰოვას პირველი მოწმე იყო
[ჩანართი 14 გვერდზე]
ენოქი ამოწმებდა, რომ ღმერთი გაანადგურებდა უღვთოებს
[ჩანართი 17 გვერდზე]
იეჰოვამ ნათლად დაანახვა მთელ ისრაელ ერს, რა იყო მათი, როგორც ღვთის მოწმეების პასუხისმგებლობა
[ჩანართი 18 გვერდზე]
„თქვენა ხართ ჩემი მოწმეები . . . და მე ღმერთი ვარ“
[სურათი 10 გვერდზე]
ედემის ბაღში წამოიჭრა მნიშვნელოვანი საკითხები: არის იეჰოვას უზენაესი მმართველობა სამართლიანი? იქნებიან ღვთის ქმნილებები მისი ერთგულები?
[სურათი 15 გვერდზე]
ნოე სიმართლის მქადაგებელი იყო, ვიდრე ღმერთი წარღვნით მოსპობდა ქვეყნიერებას
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
მოსე და აარონი გაბედულად უმოწმებდნენ ფარაონს, რომ იეჰოვა ყოვლისშემძლე ღმერთია