თავი მეოთხე
„თქვენა ხართ ჩემი მოწმენი“!
1. როგორ იყენებს იეჰოვა წინასწარმეტყველების უნარს და როგორ უნდა მოიქცეს მისი ხალხი წინასწარმეტყველებების შესრულების შემდეგ?
მომავლის წინასწარმეტყველების უნარი ჭეშმარიტი ღმერთის ყველა ცრუ ღმერთისგან განმასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანია. მაგრამ წინასწარმეტყველებით იეჰოვას მხოლოდ იმის დამტკიცება არ სურს, რომ ჭეშმარიტი ღმერთია. როგორც ესაიას 43-ე თავიდან ჩანს, წინასწარმეტყველებით იეჰოვას მხოლოდ ამის დამამტკიცებელი ფაქტები კი არ მოჰყავს, არამედ თავისთან კავშირით შეკრული ხალხის მიმართ სიყვარულსაც ავლენს. ამიტომაც მისი ხალხი არ უნდა გაჩუმდეს, როდესაც ამა თუ იმ წინასწარმეტყველების შესრულებას ხედავს. მათ უნდა დაადასტურონ, რაც საკუთარი თვალით იხილეს. დიახ, ისინი იეჰოვას მოწმეები უნდა იყვნენ!
2. ა) რა მდგომარეობაშია ისრაელი სულიერად ესაიას დღეებში? ბ) როგორ უხელს თვალს იეჰოვა თავის ხალხს?
2 სამწუხაროდ, ესაიას დღეებში ისრაელი იმდენად სავალალო მდგომარეობაშია, რომ იეჰოვა ხალხს, სულიერი გაგებით, დაავადებულად თვლის. „გამოიყვანონ ხალხი ბრმა, თუმცა თვალხილული, ყრუნი, თუმცა ყურთა მქონებელნი“ (ესაია 43:8). როგორ უნდა იმსახუროს სულიერად ბრმა და ყრუ ხალხმა იეჰოვას მოწმედ? მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. მათ სასწაულებრივად უნდა აეხილოთ თვალი და დაუბრუნდეთ სმენა. სწორედ ამას აკეთებს იეჰოვა! როგორ? პირველ რიგში, იეჰოვა მკაცრად სჯის მათ — ისრაელის, ჩრდილოეთ სამეფოს, მცხოვრებნი ტყვედ ვარდებიან ძვ. წ. 740 წელს, იუდაელებს კი ძვ. წ. 607 წელს ემართებათ იგივე. შემდეგ იეჰოვა დიდებულად იყენებს ძალას თავისი ხალხის საკეთილდღეოდ — ათავისუფლებს მათ და ძვ. წ. 537 წელს სამშობლოში აბრუნებს იუდაელთა სულიერად გამოცოცხლებულ მცირე ნაწილს, რომელიც ინანიებს დანაშაულს. იეჰოვა დარწმუნებულია, რომ ვერაფერი შეუშლის ხელს თავისი ხალხის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებულ მის განზრახვას და ამიტომაც დაახლოებით 200 წლით ადრე აღწერს ისრაელების გათავისუფლებას, თითქოს ეს უკვე წარსულში მომხდარი მოვლენა იყოს.
3. როგორ ამხნევებს იეჰოვა თავის ხალხს, რომელიც ტყვეობაში უნდა მოხვდეს?
3 „ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ. როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს — არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება. რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმიდა, შენი მაცხოვარი“ (ესაია 43:1—3ა).
4. რა გაგებით არის იეჰოვა ისრაელის შემოქმედი და რას აღუთქვამს თავის ხალხს სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით?
4 იეჰოვა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ისრაელს, რადგან ის მისი ერია, რომელიც თვითონ ჩამოაყალიბა აბრაამთან დადებული აღთქმის შესასრულებლად (დაბადება 12:1—3). ამიტომაც ფსალმუნის 99:3-ში ნათქვამია: «უწყოდეთ, რომ უფალია [„იეჰოვაა“, აქ] ღმერთი, მან შეგვქმნა ჩვენ და მისთვის ვართ ჩვენ — ხალხი მისი და ცხვარი, სამწყსო მისი». იეჰოვა, ისრაელის შემოქმედი და გამომსყიდველი, მშვიდობით დააბრუნებს თავის ხალხს სამშობლოში. წინააღმდეგობები — ზღვები, წყალუხვი მდინარეები და ცხელი უდაბნოები — ხელს ვერ შეუშლის და ვერაფერს ავნებს მათ, როგორც ათასი წლის წინათ ვერაფერი დააკლო აღთქმული მიწისკენ მიმავალ მათ მამა-პაპას.
5. ა) როგორ ანუგეშებს იეჰოვას სიტყვები სულიერ ისრაელს? ბ) ვინ შეუერთდა სულიერ ისრაელს და ვინ იყო მათი წინასწარმეტყველური პირველსახე?
5 იეჰოვას სიტყვები მანუგეშებელია დღევანდელი სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილისთვისაც, რომლის წევრებიც სულით შობილი არიან „ახალ ქმნილებად“ (2 კორინთელთა 5:17). ისინი გაბედულად მიიწევენ წინ კაცობრიობის „წყლებში“. ამიტომაც იეჰოვასგან სიყვარულით არიან დაცული ფიგურალური წყალდიდობების დროს. მტრების მიერ ანთებული ცეცხლი კი არ ვნებს, არამედ აწრთობს მათ (ზაქარია 13:9; გამოცხადება 12:15—17). იეჰოვა მფარველობს „სხვა ცხვრებისაგან“ შემდგარ „უამრავ ხალხსაც“, რომლებიც ღვთის სულიერ ერს შეუერთდნენ (გამოცხადება 7:9; იოანე 10:16). მათი წინასწარმეტყველური პირველსახე იყო „უამრავი ჭრელი ხალხი“, რომელიც ისრაელებთან ერთად გამოვიდა ეგვიპტიდან და აგრეთვე ის არაებრაელები, რომლებიც გათავისუფლებულ ტყვეებთან ერთად დაბრუნდნენ ბაბილონიდან (გამოსვლა 12:38; პირველი ეზრა 2:1, 43, 55, 58).
6. როგორ ცხადყოფს იეჰოვა თავის სამართლიანობას ა) ისრაელი ერის გამოსყიდვისას? ბ) სულიერი ისრაელის გამოსყიდვისას?
6 იეჰოვა მიდია-სპარსეთის ლაშქრის მეშვეობით ბაბილონიდან დახსნას ჰპირდება თავის ხალხს (ესაია 13:17—19; 21:2, 9; 44:28; დანიელი 5:28). იეჰოვა, სამართლიანი ღმერთი, სათანადო გამოსასყიდს გადაუხდის თავის მიდიელ და სპარსელ მსახურებს ისრაელის სანაცვლოდ. „შენს გამოსასყიდად ეგვიპტეს გავიღებ, ქუშსა და საბას — შენს სანაცვლოდ. რადგან შენ ძვირფასი ხარ ჩემს თვალში, რადგან პატივდებული ხარ და მიყვარხარ; სხვა ხალხს გავიღებ შენს სანაცვლოდ და ტომებს — შენი სულისათვის“ (ესაია 43:3ბ, 4). ისტორია ადასტურებს, რომ სპარსეთის იმპერიამ ნამდვილად დაიპყრო ეგვიპტე, ეთიოპია [ქუში] და ახლომდებარე საბა, რითაც ზუსტად შესრულდა ღვთის წინასწარმეტყველება (იგავნი 21:18). 1919 წელს იესო ქრისტეს მეშვეობით იეჰოვამ ამნაირადვე დაიხსნა ტყვეობიდან სულიერი ისრაელის მცირე ნაწილი. მაგრამ გაწეული სამსახურისთვის იესოს დაჯილდოება არ გამხდარა საჭირო. იესო არ იყო წარმართი მმართველი. ის თავის სულიერ ძმებს ათავისუფლებდა. გარდა ამისა, 1914 წელს იეჰოვას უკვე მიცემული ჰქონდა მისთვის „ხალხები [მის] სამემკვიდროდ, ხოლო ქვეყნის კიდეები — [მის] სამკვიდრებლად“ (ფსალმუნი 2:8).
7. რას გრძნობდა იეჰოვა თავისი ხალხისადმი ძველ დროში და რას გრძნობს დღეს?
7 ყურადღება მიაქციეთ, რა დაუფარავად გამოხატავს იეჰოვა გამოსყიდული ტყვეების მიმართ თავის ნაზ გრძნობებს. ეუბნება, რომ „ძვირფასი“ და „პატივდებული“ არიან მისთვის და რომ ‘უყვარს’ ისინი (იერემია 31:2). მას დღეს ასეთივე ან, შესაძლებელია, უფრო ძლიერი გრძნობებიც აქვს თავისი ერთგული მსახურებისადმი. ცხებული ქრისტიანები დაბადებიდანვე არ ყოფილან იეჰოვას მსახურნი; მათ ღვთის სულიწმიდის მოქმედებითა და თავიანთი შემოქმედისადმი თავის მიძღვნით დაამყარეს მასთან ურთიერთობა. იეჰოვამ თავისთან და თავის ძესთან მიახლოების შესაძლებლობა მისცა მათ და წრფელ გულებზე დააწერა თავისი კანონები და პრინციპები (იერემია 31:30—33; იოანე 6:44).
8. როგორ ანუგეშებს იეჰოვა ტყვეებს და რა შთაბეჭდილებას მოახდენს მათზე გათავისუფლება?
8 იეჰოვა ერთხელ კიდევ ამშვიდებს ტყვეებს და ეუბნება: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ; აღმოსავლეთიდან მოვიყვან შენს ნატამალს და დასავლეთიდან შემოგკრებ. ვეტყვი ჩრდილოეთს: გაუშვი! და სამხრეთს: არ დააკავო! მოიყვანე ჩემი ვაჟები შორეთიდან და ჩემი ასულები — ქვეყნის კიდიდან. ყველა, ვინც ჩემი სახელით არის წოდებული და ვინც ჩემი დიდებისთვის შევქმენი, გამოვსახე და გავაჩინე“ (ესაია 43:5—7). იეჰოვა ქვეყნიერების კიდეებსაც კი მისწვდება, როდესაც მისი ვაჟებისა და ასულების გათავისუფლებისა და საყვარელ სამშობლოში დაბრუნების დრო დადგება (იერემია 30:10, 11). უეჭველია, იუდაელთა თვალში ეს გათავისუფლება დაჩრდილავს ეგვიპტიდან ისრაელის გათავისუფლებას (იერემია 16:14, 15).
9. რა ორ შემთხვევაში აკავშირებს იეჰოვა იუდაელთა გათავისუფლებას თავის სახელთან?
9 იეჰოვა ახსენებს თავის ხალხს, რომ მისი სახელით არიან ხმობილი, რითაც კვლავ ადასტურებს, რომ დაიხსნის ისრაელს (ესაია 54:5, 6). გარდა ამისა, იეჰოვა თავის სახელს აკავშირებს გათავისუფლების შესახებ დადებულ აღთქმებთან. ამით იეჰოვა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თვითონ განდიდდება თავისი წინასწარმეტყველური სიტყვის შესრულებისას. ბაბილონის დამპყრობსაც კი არ მიეგება ის პატივი, რომელიც ერთადერთ ცოცხალ ღმერთს ეკუთვნის.
ღმერთები სამსჯავროზე
10. რა სირთულის წინაშე აყენებს იეჰოვა ერებსა და მათ ღმერთებს?
10 ახლა იეჰოვა ისრაელის გათავისუფლების შესახებ დადებულ აღთქმას საფუძვლად უდებს საყოველთაო სასამართლო პროცესს და ერების ღმერთების განსჯას იწყებს. იეჰოვა ამბობს: „ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს [მათი ღმერთებიდან] მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ [მათმა ღმერთებმა] მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია!“ (ესაია 43:9). იეჰოვა დიდი სირთულის წინაშე აყენებს წუთისოფლის ერებს. ფაქტობრივად, ის მათ ეუბნება: „იწინასწარმეტყველონ თქვენმა ღმერთებმა მომავალი და ამით დაამტკიცონ, რომ ნამდვილად ღმერთები არიან“. ცხადია, მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შეუძლია უშეცდომოდ წინასწარმეტყველება, ამიტომაც ეს გამოცდა ყველა თვითმარქვიას ამხელს (ესაია 48:5). მაგრამ ყოვლისშემძლე სხვა კანონიერ პირობასაც უყენებს მათ: ყველამ, ვინც თავს ჭეშმარიტ ღმერთად აცხადებს, მოწმეები უნდა მოიყვანოს, რომლებიც მათ მიერ წინასწარმეტყველების ფაქტებსა და ნაწინასწარმეტყველები მოვლენების შესრულების შესახებ დაამოწმებენ. ბუნებრივია, იეჰოვა არც თვითონ ამბობს უარს ამ პირობის შესრულებაზე.
11. რას ავალებს იეჰოვა თავის მსახურს და რას ამბობს თავის შესახებ?
11 უმწეო ცრუ ღმერთები მოწმეებს ვერ მოიყვანენ. ამიტომაც მოწმეთა ადგილი თავისუფალი რჩება. ახლა კი იეჰოვამ უნდა დაამტკიცოს, რომ ჭეშმარიტი ღმერთია. ის თავის ხალხს მიმართავს: «თქვენა ხართ ჩემი მოწმენი... და ჩემი მორჩილნი [„მსახური“, აქ], რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი [„მხსნელი“, აქ]! მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი... და მე ღმერთი ვარ. დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის [„უკან ვინ მიაქცევს ჩემს ხელს“, აქ]?» (ესაია 43:10—13).
12, 13. ა) რა უამრავი მტკიცების წარდგენა შეუძლია იეჰოვას ხალხს? ბ) როგორ გახდა ცნობილი იეჰოვას სახელი შედარებით ახლო წარსულში?
12 იეჰოვას მალე სიხარულით ეხმაურება და მოწმის ადგილს იკავებს მრავალი მოწმე. მათი ჩვენება ნათელი და უტყუარია. იესო ნავეს ძის მსგავსად, ისინი ადასტურებენ, რომ ‘არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა იეჰოვას სიტყვებიდან’ (იესო ნავეს ძე 23:14). იეჰოვას ხალხს შესანიშნავად ახსოვს ესაიას, იერემიას, ეზეკიელისა და სხვა წინასწარმეტყველთა სიტყვები, რომლებიც თითქოს ერთხმად წინასწარმეტყველებდნენ იუდას ტყვეობასა და მის სასწაულებრივ დახსნას (იერემია 25:11, 12). იუდას მხსნელის, კიროსის, სახელი ჯერ კიდევ მის დაბადებამდე იყო ნაწინასწარმეტყველები (ესაია 44:26—45:1).
13 ამდენი მტკიცების შემდეგ ვინ უარყოფს, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია? წარმართული ღვთაებებისგან განსხვავებით, იეჰოვასთვის არავის მიუცია დასაბამი; ის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთიაa. ამიტომაც იეჰოვას სახელით წოდებული ხალხისთვის, უდიდესი უპირატესობაა, მისი სასწაულებრივი საქმეების შესახებ მოუთხროს მომავალ თაობებსა და ყველას, ვისაც მის შესახებ მეტის გაგება სურს (ფსალმუნი 77:5—7). იეჰოვას მოწმეებს დღესაც შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ, მთელ მსოფლიოს აუწყონ იეჰოვას სახელი. XX საუკუნის 20-იან წლებში ბიბლიის მკვლევარები უკეთ გაერკვნენ ღვთის სახელის, იეჰოვას, მნიშვნელობასა და არსში. შემდეგ, 1931 წლის 26 ივლისს, კოლუმბუსში (ოჰაიო) გამართულ კონგრესზე, საზოგადოების პრეზიდენტმა, ჯოზეფ რუტერფორდმა, წარადგინა რეზოლუცია, სახელწოდებით „ახალი სახელი“. კონგრესის დელეგატებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სიტყვებმა: „ჩვენ გვსურს გვიცნობდნენ და ვიწოდებოდეთ იეჰოვას მოწმეებად“. ისინი ერთხმად დაეთანხმნენ რეზოლუციას! მას შემდეგ იეჰოვას სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო.
14. რას ახსენებს იეჰოვა ისრაელებს და რატომ არის ეს შეხსენება დროული?
14 იეჰოვა „თვალისჩინივით“ უფრთხილდება იმ ხალხს, ვინც პატივისცემით ატარებს მის სახელს. ის კვლავაც არწმუნებს ამაში ისრაელებს და ახსენებს, როგორ გამოიყვანა ეგვიპტიდან და როგორ მფარველობდა მათ უდაბნოში (მეორე რჯული 32:10, 12). იმ დროს ისრაელებს არავითარი უცხო ღმერთი არ ჰყოლიათ, რადგან თავიანთი თვალით ჰქონდათ ნანახი ეგვიპტის ყველა ღმერთის დამცირება. დიახ, ეგვიპტის მთელმა პანთეონმა ვერ დაიცვა ეგვიპტე და ხელი ვერ შეუშალა ისრაელის გამოსვლას (გამოსვლა 12:12). აგრეთვე ძლევამოსილი ბაბილონი, სადაც ცრუ ღმერთების 50-მდე ტაძარი მაინც არის აღმართული, ვერ შეაკავებს ყოვლადძლიერის ხელს, როდესაც იეჰოვა თავისი ხალხის გასათავისუფლებლად ამოქმედდება. ნათელია, იეჰოვას გარდა ‘არავინ არის მხსნელი’.
მხედრები ეცემიან, საპყრობილეები იღება
15. რას წინასწარმეტყველებს იეჰოვა ბაბილონის შესახებ?
15 «ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე [„გავგზავნი“, აქ] ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად [„დავლეწავ საპყრობილეთა ურდულებს“, აქ] და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ [„ხომალდებში აკვნესდებიან“, აქ]. მე ვარ უფალი, თქვენი წმიდა, ისრაელის შემქმნელი, თქვენი მეფე. ასე ამბობს უფალი, ზღვაში გზის მიმცემი და ბილიკისა ბობოქარ წყლებში; ეტლთა და მხედრობის, ლაშქრისა და ძლიერ მეომართა გამომტყუებელი. ერთად დაწვნენ აღუდგომელად, დაილივნენ, სანთელივით [„პატრუქივით“, აქ] ჩაქრნენ» (ესაია 43:14—17).
16. რა დაემართება ბაბილონს, ქალდეველ ვაჭრებსა და ბაბილონის დამცველებს?
16 ბაბილონი საპყრობილეა ტყვეებისათვის, საიდანაც ვერ გამოდიან და იერუსალიმში ვერ ბრუნდებიან. მაგრამ ბაბილონის თავდაცვითი სისტემა არანაირ დაბრკოლებას არ წარმოადგენს ყოვლადძლიერისთვის, ვინც ადრე ‘გზა გაკვალა [მეწამულ] ზღვაში და ბილიკი — ბობოქარ წყლებში’, როგორც ჩანს, იორდანეში (გამოსვლა 14:16; იესო ნავეს ძე 3:13). მსგავსად ამისა, იეჰოვას მიერ წარგზავნილი კიროსი დააშრობს წყალუხვ ევფრატს და ქალაქამდე მისვლის შესაძლებლობას მისცემს თავის მეომრებს. ქალდეველი ვაჭრები, რომლებიც ბაბილონის არხებზე არიან დამოკიდებული, სადაც ათასობით სავაჭრო გემი დაცურავს და ნავებს ბაბილონის ღმერთები ერთი ადგილიდან მეორემდე გადააქვთ, სიმწრის გამო აკვნესდებიან, როდესაც მათი ძლევამოსილი სატახტო ქალაქი დაეცემა. ბაბილონის სწრაფმავალი ეტლები სრულიად გამოუსადეგარი გახდება, როგორც ფარაონის ეტლები მეწამულ ზღვაში. ისინი ვერ დაიხსნიან ქვეყანას. როგორც ლამპრის პატრუქს აქრობენ, დამპყრობი ისე გაუქრობს სიცოცხლეს ყველას, ვინც მის დაცვას მოინდომებს.
იეჰოვა მშვიდობით აბრუნებს თავის ხალხს სამშობლოში
17, 18. ა) რა „ახალს“ წინასწარმეტყველებს იეჰოვა? ბ) რა გაგებით და რატომ არ უნდა გაიხსენოს ხალხმა ადრინდელი?
17 იეჰოვა თავისი ხალხის ხსნის ადრინდელ შემთხვევებს იხსენიებს და პარალელს ავლებს იმასთან, რაც მომავალში უნდა მოიმოქმედოს: «ადრინდელი არ გახსოვთ [„არ გაიხსენოთ“, აქ] და გარდასულზე არ ფიქრობთ [„არ იფიქროთ“, აქ]. აჰა, ახალს მოვიმოქმედებ, ახლავე აღმოცენდება. ნუთუ ვერ შეამჩნევთ? გზას გავიყვან უდაბნოში, ტრამალში — მდინარეებს. პატივს მომაგებენ ველური მხეცები — ტურები და სირაქლემები, რადგან წყალი გავაჩინე უდაბნოში, მდინარეები — ტრამალში, რომ დავარწყულო ჩემი ერი, ჩემი რჩეული. ჩემთვის გამოვსახე ეს ერი, ჩემს სადიდებელს იტყვის» (ესაია 43:18—21).
18 სიტყვებით „ადრინდელი არ გაიხსენოთ“ იეჰოვა არ ეუბნება თავის მსახურებს, რომ გონებიდან ამოიგდონ ის, თუ როგორ იხსნიდა მათ წარსულში. მრავალი ეს შემთხვევა ღვთის შთაგონებით ჩაწერილი ისტორიის ნაწილია. გარდა ამისა, იეჰოვამ მოუწოდა ხალხს, პასექის დღესასწაულზე ყოველწლიურად აღენიშნათ ეგვიპტიდან თავის დაღწევა (ლევიანნი 23:5; მეორე რჯული 16:1—4). ახლა იეჰოვას ნება ის არის, რომ თავისმა ხალხმა იმ „ახლის“ გამო განადიდოს, რის მოწმენიც თავად გახდებიან. ამაში არა მხოლოდ ბაბილონიდან მათი გათავისუფლება შედის, არამედ სამშობლოში სასწაულებრივი დაბრუნებაც, შესაძლებელია, უდაბნოზე გამავალი უმოკლესი გზით. იეჰოვა „გზას“ გაიყვანს იმ ხრიოკ მიწაზე და ისეთივე სასწაულებრივ საქმეებს მოიმოქმედებს, როგორიც მოსეს დღეებში მოიმოქმედა — უდაბნოში საზრდოს არ მოაკლებს სამშობლოსკენ მიმავალ ხალხს და მდინარეების წყლით დაარწყულებს. იეჰოვა უხვად მისცემს მათ ყველაფერს, რის გამოც ველური მხეცებიც კი განადიდებენ მას და არაფერს დაუშავებენ მის ხალხს.
19. როგორ დადიან სულიერი ისრაელის მცირე ნაწილი და მათი თანამსახურნი „წმიდა გზაზე“?
19 მსგავსად ამისა, 1919 წელს სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილი ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდა და იეჰოვას მიერ მომზადებულ „წმიდა გზას“ დაადგა (ესაია 35:8). ისრაელებისგან განსხვავებით, მათ ერთი ადგილიდან მეორემდე მისასვლელად ცხელ უდაბნოზე გავლით არ უმოგზაურიათ და მათი მგზავრობა რამდენიმე თვეში იერუსალიმში დაბრუნებით არ დამთავრებულა. „წმიდა გზამ“ სულიერ სამოთხეში შეიყვანა ცხებული ქრისტიანები. ისინი კვლავაც ამ „წმიდა გზაზე“ დადიან, სანამ ჯერ კიდევ გასავლელი აქვთ ეს სისტემა. ვიდრე ისინი ამ შარაგზაზე არიან ანუ სიწმინდესთან დაკავშირებულ ღვთის ნორმებს იცავენ, სულიერ სამოთხეში რჩებიან. რარიგ ხარობენ ისინი, რომ „არაისრაელი“ თანამსახურებიც დადიან ამ გზაზე! სატანის სისტემაზე დაიმედებულთაგან განსხვავებით, იეჰოვა სულიერ ნადიმს უმართავს მცირე ნაწილსა და მათ თანამგზავრებს (ესაია 25:6; 65:13, 14). მრავალმა გამხეცებულმა ადამიანმა დაინახა, რაოდენ კურთხეული ჰყავს იეჰოვას თავისი ხალხი, რის შემდეგაც შეიცვალეს ცხოვრების წესი და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს (ესაია 11:6—9).
იეჰოვა გულისტკივილს გამოხატავს
20. როგორ უმტყუნეს ესაიას დღეებში მცხოვრებმა ისრაელებმა იეჰოვას?
20 ძველ დროში სამშობლოში დაბრუნებული ისრაელების მცირე ნაწილი განსხვავდება ესაიას დროინდელი ბოროტი მოდგმისგან, რომელთა შესახებაც იეჰოვა ამბობს: «შენ არ მოგიხმივარ, იაკობ, რომ ჩემთვის დამშვრალიყავ, ისრაელ! არ მოგიყვანია ჩემთვის ცხვარი აღსავლენად და საკლავით არ გიცია პატივი; არ მიმსახურებიხარ ძღვენით და არ დამიღლიხარ საკმევლის კმევით. არ გიყიდია ჩემთვის ვერცხლით სურნელებანი [„სურნელოვანი ლერწამი“, აქ] და არ გაგიძღივარ შენი საკლავების ქონით. შენ კი მამსახურებდი შენი ცოდვებით და მღლიდი შენი დანაშაულებით» (ესაია 43:22—24).
21, 22. ა) რატომ არ არის იეჰოვას მოთხოვნები სამძიმო? ბ) როგორ აიძულებს ხალხი იეჰოვას, მათ მოემსახუროს?
21 სიტყვებით „არ მიმსახურებიხარ ძღვენით და არ დამიღლიხარ საკმევლის კმევით“ იეჰოვა არ ამბობს, რომ საჭირო არ არის მსხვერპლი და საკმეველი. მოსეს რჯულის მიხედვით, ორივე მათგანი ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი იყო. იგივე შეიძლება ითქვას „სურნელოვან ლერწამზეც“, წმინდა მირონის შემადგენელ ნაწილზე. ისრაელები უგულებელყოფენ ტაძარში მსახურებისას მსხვერპლსა და საკმეველს. მაგრამ არის თუ არა იეჰოვას მოთხოვნები სამძიმო? სრულიადაც არა! მისი მოთხოვნები მსუბუქია ცრუ ღმერთების მოთხოვნებთან შედარებით. მაგალითად, ცრუ ღმერთი მოლოქი ბავშვებს ითხოვდა მსხვერპლად. იეჰოვას კი ასეთი რამ არასდროს მოუთხოვია! (მეორე რჯული 30:11; მიქა 6:3, 4, 8).
22 ისრაელებს სულიერი აზროვნება რომ ჰქონოდათ, არ ‘დაღლიდნენ’ იეჰოვას. ღვთის რჯულის გამოკვლევით დაინახავდნენ მის დიდ სიყვარულს და სიხარულით შესწირავდნენ „ქონს“, თავიანთი შესაწირავების საუკეთესო ნაწილს. მაგრამ ისინი სიხარბეს ავლენენ და თავიანთთვის იტოვებენ ქონს (ლევიანნი 3:9—11, 16). ეს ბოროტი ერი ტვირთად ჰკიდებს იეჰოვას თავის ცოდვებს — თავიანთ მოსამსახურედ ყოფნას აიძულებენ ღმერთს! (ნეემია 9:28—30).
სასჯელი ნაყოფს იღებს
23. ა) რატომ არის იეჰოვას სასჯელი სათანადო? ბ) როგორ დასჯის იეჰოვა ისრაელს?
23 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას სასჯელი მკაცრია — ისეთი, როგორსაც ხალხი იმსახურებს — მას სასურველი შედეგები მოჰყვება, რის შემდეგაც შესაძლებელია შემცოდველთა შეწყალება. «მე ვარ, მე, ვინც წარვხოცავდი შენს შეცოდებებს ჩემი გულისთვის და შენს ცოდვებს არ ვიხსენებდი. გამახსენე, განვიკითხოთ ერთმანეთი; მოჰყევი, რომ თავი გაიმართლო. შენმა პირველმა მამამ შესცოდა და შენი შუამავლები [„განმმარტებლები“, სქოლიო, აქ] ამიჯანყდნენ მე. ამიტომ დავამდაბლე საწმიდარის მთავრები, დასარისხებლად გადავეცი იაკობი და ისრაელი — შესაგინებლად» (ესაია 43:25—28). მსოფლიოს ყველა ერის მსგავსად, ისრაელიც ადამის, „პირველი მამის“, შთამომავალია. ამიტომაც არც ერთ ისრაელს არ შეუძლია თავის ‘გამართლება’. ისრაელის „შუამავლები“ — ღვთის რჯულის მასწავლებლები, ანუ განმმარტებლებიც კი — სცოდავენ იეჰოვას წინაშე და სიცრუეს ლაპარაკობენ. ამიტომაც იეჰოვა მთელ ერს „დასარისხებლად“ და „შესაგინებლად“ გადასცემს. ის აგრეთვე დაამდაბლებს თავისი „საწმიდრის“ თითოეულ მსახურს.
24. რა მიზეზით იწყალებს, ძირითადად, იეჰოვა თავის ხალხს, როგორც წინათ, ისე ჩვენს დროში, მაგრამ, ამავე დროს, რას გრძნობს ის მათ მიმართ?
24 აღსანიშნავია, რომ ღვთის მიერ შეწყალების მიზეზი ისრაელის მონანიება არ გახდება. ეს თავად იეჰოვასთან, მის სახელთან, იქნება დაკავშირებული. მას რომ სამუდამო ტყვეობაში დაეტოვებინა ისრაელები, მისი სახელი შეილახებოდა სხვა ხალხის თვალში (ფსალმუნი 78:9; ეზეკიელი 20:8—10). დღესაც ადამიანების გადარჩენაზე მნიშვნელოვანი იეჰოვას სახელის განწმენდა და მისი უზენაესი ხელისუფლების გამართლებაა. მაგრამ იეჰოვას უყვარს ყველა, ვინც მზად არის, მისგან უსიტყვოდ მიიღოს სასჯელი და სულითა და ჭეშმარიტებით ემსახუროს მას. ის სიყვარულს ამჟღავნებს ასეთი მსახურების, როგორც ცხებულების, ისე სხვა ცხვრების მიმართ, და იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე წარხოცავს მათ ცოდვებს (იოანე 3:16; 4:23, 24).
25. რა დიდებულ საქმეებს მოიმოქმედებს იეჰოვა უახლოეს მომავალში და როგორ შეგვიძლია ახლა მადლიერების გამოვლენა?
25 გარდა ამისა, იეჰოვა მალე სიყვარულს გამოავლენს უამრავი ხალხის, თავისი ერთგული მსახურების, მიმართ, როდესაც ‘ახალს მოიმოქმედებს’ ანუ ამოქმედდება მათ საკეთილდღეოდ — „დიდ გასაჭირს“ გადაატანინებს და განწმენდილ „ახალ მიწაზე“ დაამკვიდრებს (გამოცხადება 7:14; 2 პეტრე 3:13). ისინი ღვთის სიძლიერის ყველაზე დიდებული გამოვლენის მოწმენი გახდებიან. დღეს ამ ჭეშმარიტი იმედით ხარობენ ცხებულთა დარჩენილი ნაწილი და უამრავი ხალხი და თავიანთი ცხოვრებით ცხადყოფენ, რომ არასდროს ივიწყებენ ღვთის უმნიშვნელოვანეს სიტყვებს: „თქვენა ხართ ჩემი მოწმენი“! (ესაია 43:10).
[სქოლიოები]
a სხვადასხვა ხალხის მითებში, ბევრი ღმერთი „დაბადებულია“ და მათ თვითონაც ჰყავთ „შვილები“.
[სურათი 48, 49 გვერდებზე]
იეჰოვა დაეხმარება იერუსალიმისკენ მიმავალ იუდაელებს
[სურათები 52 გვერდზე]
იეჰოვა ერებისგან მოითხოვს, მოწმეები მოიყვანონ მათმა ღმერთებმა.
1. ბაალი (ბრინჯაოს ქანდაკება) 2. აშთორეთი (თიხის ფიგურები) 3. ეგვიპტური ტრიადა: ჰოროსი, ოსირისი და ისიდა 4. ბერძნების ღვთაებები: ათენა (მარცხნივ) და აფროდიტე
[სურათები 58 გვერდზე]
„თქვენა ხართ ჩემი მოწმენი“ (ესაია 43:10).