თავი მეხუთე
ჭეშმარიტი ღმერთი ხსნას წინასწარმეტყველებს
1, 2. ა) რა კითხვას სვამს იეჰოვა? ბ) როგორ დაამტკიცებს იეჰოვა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია?
ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი? საუკუნეების განმავლობაში დაისმის ეს კითხვა. საოცარია, რომ ესაიას წიგნში იეჰოვა თვითონ სვამს ამ კითხვას! ის იწვევს ადამიანებს, განსაჯონ: არის იეჰოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი? თუ სხვა რომელიმე ღმერთი უნდა იქნეს აღიარებული ჭეშმარიტად? განხილვის წამოწყების შემდეგ იეჰოვა გონივრულ პირობას აყენებს საკითხის გადასაჭრელად. მისი მსჯელობა გულმართალ ადამიანებს სწორი დასკვნის გამოტანაში ეხმარება.
2 ესაიას დღეებში ხალხი, ძირითადად, კერპებს ეთაყვანება. ესაიას წინასწარმეტყველური წიგნის 44-ე თავში მოცემული გულახდილი და ნათელი მსჯელობიდან ჩანს, რომ ნამდვილად ამაოა გამოსახულებებისადმი თაყვანისცემა! მიუხედავად ამისა, ღვთის ხალხი კერპთაყვანისმცემლობის მახეში ებმება. ამიტომაც, როგორც ესაიას წიგნის წინა თავებიდან ჩანს, ისრაელები მკაცრად ისჯებიან. ამის შემდეგ იეჰოვა სიყვარულით ამშვიდებს ერს — მართალია, ის დაუშვებს, რომ მისი ხალხი ბაბილონელებმა დაატყვეონ, მაგრამ თავის დროზე იხსნის კიდეც მათ. ტყვეობიდან დახსნისა და წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველებათა შესრულება უეჭველად დაამტკიცებს, რომ მხოლოდ იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი, რის გამოც შერცხვება ყველა, ვინც უსიცოცხლო წარმართულ ღმერთებზეა მინდობილი.
3. როგორ ეხმარება ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები დღევანდელ ქრისტიანებს?
3 ესაიას ეს წინასწარმეტყველებები და ძველ დროში მათი შესრულება რწმენას უმტკიცებს დღევანდელ ქრისტიანებს. აღსანიშნავია, რომ ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები ჩვენს დროშიც სრულდება და მომავალშიც შესრულდება. განმეორებითი შესრულებებისას ხალხს უფრო დიდებული მხსნელი ევლინება და ხსნას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ღვთის ძველ დროს მცხოვრები ხალხისთვის ნაწინასწარმეტყველები ხსნისას.
იმედი იეჰოვას კუთვნილთათვის
4. როგორ ამხნევებს იეჰოვა ისრაელს?
4 ესაიას წიგნის 44-ე თავი გულთბილი სიტყვებით იწყება. იეჰოვა ახსენებს ისრაელს, რომ ის თავად ამოირჩია და სხვა ერებისგან გამოყო თავის მსახურად. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: «ახლა ისმინე, იაკობ, ჩემო მორჩილო [„მსახურო“, აქ], და ისრაელ, ჩემო რჩეულო! ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი და დედის საშოში შენი გამომსახველი, რომელიც შეგეწევა შენ: ნუ გეშინია, ჩემო მორჩილო [„მსახურო“, აქ] იაკობ, და იეშურუნ, ჩემო რჩეულო» (ესაია 44:1, 2). შეიძლება ითქვას, რომ იეჰოვა იმ დროიდან ზრუნავს ისრაელზე, როდესაც ის ჯერ კიდევ დედის საშოში იყო, ვიდრე ისრაელი ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ერად იქცეოდა. ის თავის ხალხს საერთო სახელს, „იეშურუნს“, უწოდებს, რაც „პატიოსანს“ ნიშნავს, და ამით სიყვარულსა და სათუთ გრძნობებს გამოხატავს. ეს სახელი აგრეთვე იმის შეხსენებაა, რომ ისრაელებმა პატიოსნება უნდა შეინარჩუნონ, რასაც ისინი ხშირად არ ცდილობენ.
5, 6. რას აკეთებს იეჰოვა ისრაელის გამოსაცოცხლებლად და რა არის ამის შედეგი?
5 რა სასიამოვნო მოსასმენი და გამამხნევებელია იეჰოვას შემდგომი სიტყვები! ის ამბობს: „რადგან წყალს მივუღვრი ურწყულს და ნაკადულებს — გამომშრალ მიწას; ჩემს სულს მივუღვრი შენს ნატამალს და ჩემს კურთხევას — შენს შთამომავლებს. აღმოცენდებიან როგორც ჯეჯილი მდელოთა შორის, როგორც ტირიფები წყლისპირებზე“ (ესაია 44:3, 4). ცხელი და მშრალი კლიმატის მქონე ქვეყნებშიც კი ხარობენ ხეები, თუ კარგად ირწყვებიან. როდესაც იეჰოვა ჭეშმარიტების მაცოცხლებელ წყალს არ მოაკლებს ისრაელს და სულიწმიდას ‘მიუღვრის’, ერი სარწყავი არხების პირას დარგული ხეებივით გაიხარებს (ფსალმუნი 1:3; იერემია 17:7, 8). იეჰოვა განამტკიცებს თავის ხალხს, შეასრულონ თავიანთი როლი, და დაამოწმონ, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია.
6 სულიწმიდის ‘გადმოღვრის’ ერთ-ერთი შედეგი ის იქნება, რომ ზოგი კვლავ დააფასებს იეჰოვასთან ისრაელის ურთიერთობას. ამის შესახებ ვკითხულობთ: „ერთი იტყვის: უფლისა ვარ, მეორე იაკობის სახელს დაირქმევს; სხვა დაიწერს საკუთარ ხელზე — უფლისა და ისრაელის სახელით იქნება წოდებული“ (ესაია 44:5). დიახ, საპატიო იქნება იეჰოვას სახელის ტარება, რადგან ცხადი გახდება, რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი ღმერთი.
ღმერთები სირთულის წინაშე
7, 8. როგორ აყენებს იეჰოვა სირთულის წინაშე წარმართთა ღმერთებს?
7 მოსეს რჯულის თანახმად, მონის ახლო ნათესავ მამაკაცს შეეძლო მხსნელის როლი შეესრულებინა და მონობიდან გაეთავისუფლებინა კაცი (ლევიანნი 25:47—54). ახლა იეჰოვა აცხადებს, რომ ისრაელის მხსნელი იქნება, გამოიხსნის მას და ამით შეაძრწუნებს ბაბილონსა და მის ყველა ღმერთს (იერემია 50:34). ის ცრუ ღმერთებსა და მათ თაყვანისმცემლებს უპირისპირდება: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის მეუფე და მისი მხსნელი, ცაბაოთ უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ვინ არის ჩემი მსგავსი? თქვას და გამოაცხადოს, გადმომილაგოს, რა მოხდა მას შემდეგ, რაც ძველი ხალხი დავამკვიდრე; გამოუცხადონ მომავალი და მოწევნადი. ნუ შიშობ, ნუ თრთი. განა თავიდანვე მე არ გამცნე, მე არ გამოგიცხადე? თქვენა ხართ ჩემი მოწმენი. განა არის ჩემს გარდა ღმერთი? არ არის სხვა კლდე, არავინ ვიცი“ (ესაია 44:6—8).
8 იეჰოვა მოითხოვს ღმერთებისგან, თავიანთი სიტყვა თქვან. შეუძლიათ მათ იმის აღწერა, რაც ჯერ არ ყოფილა, მომავლის მოვლენების ისეთი სიზუსტით წინასწარმეტყველება, თითქოს ისინი უკვე მომხდარიყოს? მხოლოდ „პირველსა და უკანასკნელს“ — მას, ვინც ცრუ ღმერთების გაჩენამდე არსებობდა, და ვინც კვლავაც იარსებებს, როდესაც ისინი დავიწყებას მიეცემიან — შეუძლია ასეთი რამ. იეჰოვას ხალხს არ უნდა ეშინოდეს ამ ჭეშმარიტების დამოწმება, ვინაიდან მათ კლდესავით მტკიცე იეჰოვა უჭერს მხარს! (მეორე რჯული 32:4; მეორე მეფეთა 22:31, 32).
კერპთაყვანისმცემლობის ამაოება
9. იყო თუ არა ისრაელებისთვის მიუღებელი ცოცხალი არსების გამოსახულების გაკეთება? ახსენით.
9 იეჰოვას მიერ ცრუ ღმერთების გამოწვევა ათი აღთქმიდან მეორეს გვახსენებს. ამ აღთქმაში გასაგებად იყო ნათქვამი: „არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო“ (გამოსვლა 20:4, 5). ცხადია, ეს აკრძალვა იმას არ ნიშნავდა, რომ ისრაელებს არც დეკორატიული ნივთები უნდა გაეკეთებინათ. თავად იეჰოვას ნება იყო, რომ სავანე მცენარეების, ცხოველებისა და ქერუბიმების გამოსახულებებით შეემკოთ (გამოსვლა 25:18; 26:31). მაგრამ არ უნდა განედიდებინათ და არც თაყვანი უნდა ეცათ მათთვის. მათ მიმართ არავის უნდა წარმოეთქვა ლოცვა და არ უნდა შეეწირა შესაწირავი. ღვთის აღთქმა კრძალავდა თაყვანსაცემად ნებისმიერი გამოსახულების გაკეთებას. გამოსახულებების თაყვანისცემა ან მათ წინაშე ქედის მოხრა კერპთაყვანისმცემლობას ნიშნავს (1 იოანე 5:21).
10, 11. რატომ თვლის იეჰოვა კერპებს სამარცხვინოდ?
10 ესაია ახლა უსიცოცხლო კერპების უსარგებლობასა და მათ შემქმნელთა გარდაუვალ შერცხვენაზე ამახვილებს ყურადღებას: „კერპის გამომსახველნი არარაობაა ყველანი და მათი ძვირფასეულობა უსარგებლოა; თავად არიან ამის მოწმენი. ვერაფერს ხედავენ, ვერაფერს მიმხვდარან, ამიტომაც შერცხვებიან. ვინ გამოსახა ღმერთი და ვინ ჩამოასხა ქანდაკი, არაფრის მაქნისი? აჰა, შერცხვებიან მისი თანამდგომნი, რადგან ხელოსნებიც ადამის მოდგმისანი არიან; შეიკრიბონ ყველანი, გამოცხადდნენ; ზარი დაეცეთ და შერცხვნენ ერთიანად“ (ესაია 44:9—11).
11 ღვთის თვალსაზრისით, რატომ არის კერპები ასე სამარცხვინო? პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ შეუძლებელია ყოვლისშემძლე ღმერთის მატერიალური საგნებით გამოსახვა (საქმეები 17:29). გარდა ამისა, შემოქმედის ნაცვლად ქმნილების თაყვანისცემა იეჰოვას უზენაესობის შეურაცხყოფაა. გარდა ამისა, განა არ ამცირებს ეს ‘ღვთის ხატად’ შექმნილი ადამიანის ღირსებას? (დაბადება 1:27; რომაელთა 1:23, 25).
12, 13. რატომ არ შეუძლია ადამიანს თაყვანისცემის ღირსი გამოსახულების შექმნა?
12 გახდება თუ არა ფიზიკური საგანი წმინდა მხოლოდ იმის გამო, რომ თაყვანსაცემად იყო შექმნილი? ესაია გვახსენებს, რომ კერპი, უბრალოდ, ადამიანის მცდელობის ნაყოფია. კერპის შემქმნელი იმავე სამუშაო იარაღებსა და ხერხებს იყენებს, რომლებსაც სხვა ხელოსნები: „რკინითხურო ჭედავს მას და ამუშავებს ნაკვერცხლებზე, კვერავს ჩაქუჩებით, ამუშავებს მას თავისი მკლავის ძალით; შივდება და ძალა ეცლება; წყალს არ სვამს და ქანცი წყდება. ხითხურო გაჭიმავს ძაფს და შემოხაზავს წვერმახით, ამუშავებს ხელეჩოთი, ფარგლით შემოხაზავს მას და შექმნის მისგან კაცის სახესავით, ადამიანის სილამაზესავით, სახლში დასადგმელად“ (ესაია 44:12, 13).
13 ჭეშმარიტმა ღმერთმა დედამიწის ყველა ცოცხალი არსება, მათ შორის ადამიანი, შექმნა. გონიერი არსებები საუკეთესოდ მოწმობენ იეჰოვაზე, მაგრამ ცხადია, იეჰოვას ვერცერთი ქმნილება ვერ გაუტოლდება. განა შესაძლებელია, რომ ადამიანმა მეტის გაკეთება შესძლოს? განა შეუძლია რაღაც თავისზე აღმატებულის შექმნა, რაც თაყვანისცემას დაიმსახურებს? როდესაც ხელოსანი კერპს ქმნის, ძალა ეცლება, შივდება და სწყურდება, რაც ჩვეულებრივი ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობების მაჩვენებელია. მაგრამ ეს ყოველივე იმაზე მაინც მეტყველებს, რომ კერპის შემქმნელი ცოცხალია. მის მიერ შექმნილ კერპს, შესაძლებელია, ადამიანის სახე ჰქონდეს და ლამაზიც იყოს, მაგრამ ის მაინც უსიცოცხლოა. კერპები არასდროს არიან ღვთაებრივნი. გარდა ამისა, არც ერთი კერპი არ ‘მოვლენილა ციდან’, ანუ მათ არასდროს ჰყოლიათ ზებუნებრივი შემოქმედი; მათი შემქმნელი მხოლოდ მოკვდავი ადამიანია (საქმეები 19:35).
14. როგორ არიან კერპის შემქმნელები იეჰოვაზე სრულიად დამოკიდებული?
14 ესაია აღნიშნავს, რომ კერპის შემქმნელები ბუნების მოვლენებსა და მასალაზე არიან დამოკიდებული; ყოველივე ამის შემოქმედი კი იეჰოვაა: „კედრებს გაჩეხავს, შეარჩევს ძელქვას ან მუხას და მოიმარაგებს ტყის ხეთა შორის; დარგავს კედარს და წვიმა გაზრდის. დასაწვავად იქცევა ადამიანისთვის: აიღებს მათგან და თბება; ღუმელსაც ახურებს და პურს აცხობს, ღმერთსაც აკეთებს და თაყვანს სცემს, აკეთებს კერპს და განერთხმის მის წინაშე. მის ნახევარს ცეცხლში წვავს, ნახევრით ხორცს ჭამს, მწვადს წვავს და ძღება; თბება კიდეც და ამბობს: ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო! მისი მონარჩენი კი ღმერთად აქცია, თავის კერპად, რომლის წინაშე განრთხმულია, თაყვანს სცემს და ლოცულობს, ეუბნება: დამიფარე, რადგან ღმერთი ხარ ჩემიო“ (ესაია 44:14—17).
15. როგორ ამჟღავნებს სრულ უგუნურებას კერპების შემქმნელი?
15 შეუძლია თუ არა შეშას ვინმესთვის მფარველობის გაწევა? ცხადია, არა. მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შეუძლია ხსნა. რატომ აქცევს ხალხი კერპებად უსულო საგნებს? ესაია გვიხსნის, რომ მიზეზი მათი გულებია: «არაფერი ესმით, ვერაფერს ხვდებიან, რადგან ამოუქოლათ თვალები, რომ ვერაფერი დაინახონ, და გულები — რომ ვერაფერს მიხვდნენ. გულისხმაში ვერ მოდიან, არც ჭკუა აქვთ და არც გონება, რომ თქვან: ნახევარი ცეცხლში დავწვი, პურიც გამოვაცხვე ნაკვერცხლებზე, ხორცი შევწვი და ვჭამე; დანარჩენი სიბილწედ უნდა ვაქციო, ხის ნატეხის წინაშე უნდა განვერთხაო? ნაცარს მწყემსავს [„ჭამს“, აქ], მოტყუებული გული გზაკვალს ურევს, ვერ იხსნის თავს და ვერ ამბობს: განა სიცრუე არ არის ჩემს მარჯვენაში?» (ესაია 44:18—20). დიახ, რაღა ყუათიანი საკვების მაგივრად ნაცრის ჭამა და რაღა კერპების მიერ მოტანილი რაიმე სულიერი სარგებლობა.
16. როგორ ჩაისახა კერპთაყვანისმცემლობა და საამისოდ რა აღძრავს ადამიანს?
16 კერპთაყვანისმცემლობა ზეცაში ჩაისახა, როდესაც მოგვიანებით სატანად ქცეულმა ძლიერმა სულიერმა ქმნილებამ სხვების მხრიდან მოინდომა თაყვანისცემა, რასაც მხოლოდ იეჰოვა იმსახურებდა. მას ეს იმდენად სურდა, რომ ამის გამო ღმერთსაც კი განუდგა. ეს უკვე კერპთაყვანისმცემლობის დასაწყისი იყო, რადგან მოციქულმა პავლემ თქვა, რომ «ანგარება [„სიხარბე“, აქ] კერპთმსახურებაა» (ესაია 14:12—14; ეზეკიელი 28:13—15, 17; კოლასელთა 3:5). სატანამ ადამიანთა პირველ წყვილს ეგოისტური აზრები განავითარებინა. ევამ სიხარბე გამოავლინა და მოიხიბლა სატანის სიტყვებით: „თვალი აგეხილებათ და შეიქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“. იესომ აღნიშნა, რომ ადამიანის გულია «ანგარების [„სიხარბის“, აქ]» სათავე (დაბადება 3:5; მარკოზი 7:20—23). გულმა, თუ სუფთა არ არის, შეიძლება კერპის თაყვანსაცემად აღძრას ადამიანი. მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ‘შევინახოთ გული’ და არავის და არაფერს დავუთმოთ ჩვენს გულში იეჰოვას ადგილი! (იგავნი 4:23; იაკობი 1:14).
იეჰოვა გულში ჩამწვდომი სიტყვებით მიმართავს ისრაელს
17. რა უნდა გაიხსენოს ისრაელმა?
17 იეჰოვა თხოვნით მიმართავს ისრაელებს, გაიხსენონ, რომ მათ განსაკუთრებული და საპასუხისმგებლო მდგომარეობა უკავიათ. ისინი მისი მოწმენი არიან! იეჰოვა ამბობს: «გაიხსენე ეს, იაკობ და ისრაელ, რადგან ჩემი მორჩილი [„მსახური“, აქ] ხარ! ჩემი გამოსახული ხარ, ჩემი მორჩილი [„მსახური“, აქ] ხარ, ისრაელ, არ დამავიწყდები. ნისლივით [„ღრუბლით“] წარვხოცავ შენს დანაშაულს და ჯანღივით — შენს ცოდვას; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე. გიხაროდეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს! იყიჟინეთ, მიწის სიღრმეებო, სიხარულით იხმიანეთ, მთებო, ტყევ და ყოველო ხევ, რაც მასში ხარ, რადგან უფალმა გამოისყიდა იაკობი და ისრაელში განდიდდა» (ესაია 44:21—23).
18. ა) რატომ უნდა ხარობდეს ისრაელი? ბ) როგორ შეუძლიათ იეჰოვას მსახურებს დღეს, გულმოწყალების გამოვლენაში მას მიჰბაძონ?
18 ისრაელს არ შეუქმნია იეჰოვა. ის არ არის ხელთქმნილი ღმერთი. იეჰოვამ თავად ჩამოაყალიბა ისრაელი თავის რჩეულ მსახურად. ის ერთხელ კიდევ დაამტკიცებს, რომ ჭეშმარიტი ღმერთია, როდესაც იხსნის ერს. იეჰოვა სიყვარულით მიმართავს ხალხს და არწმუნებს, რომ, თუ მოინანიებენ, მიუტევებს დანაშაულს, თითქოს დიდი ღრუბლებით დაფარავს მათ ყოველ ცოდვას. როგორ უნდა ხარობდეს ისრაელი! იეჰოვას მაგალითი აღძრავს დღევანდელ მსახურებს, გულმოწყალების გამოვლენაში მას მიჰბაძონ. ისინი უნდა ეცადონ, დაეხმარონ მათ, ვინც შეცდომას უშვებს და, თუ ეს შესაძლებელია, სულიერად გამოაცოცხლონ (გალატელთა 6:1, 2).
ღმერთების გამოცდის კულმინაციური მომენტი
19, 20. ა) როგორ ამთავრებს იეჰოვა დავას? ბ) რას წინასწარმეტყველებს იეჰოვა თავისი ხალხის სასიკეთოთ და ვინ შეასრულებს ამ წინასწარმეტყველებას?
19 იეჰოვა ახლა დიდებულად ამთავრებს დავას ცრუ ღმერთებთან. ის მზად არის, მომავლის ზუსტად წინასწარმეტყველებით თავისი პასუხი განაცხადოს და გამოავლინოს ჭეშმარიტი ღმერთის ამოსაცნობი გამოცდის შედეგები. ბიბლიის ერთმა მკვლევარმა ესაიას წიგნის 44-ე თავის მომდევნო ხუთ მუხლს „ისრაელის ღმერთის უზენაესობის პოემა“ უწოდა — ღმერთისა, რომელიც ერთადერთი შემოქმედი, მომავლის განმცხადებელი და ისრაელისთვის ხსნის იმედის მიმცემია. ეს მონაკვეთი დიდებულ აპოგეას აღწევს ბაბილონის ტყვეობიდან ერის განმათავისუფლებლის სახელის გაცხადებით.
20 „ასე ამბობს უფალი, შენი გამომსყიდველი და შენი გამომსახველი დედის საშოში: მე ვარ უფალი, რომელმაც ყოველივე შექმნა; მარტომ გადაჭიმა ცა და თავად გადაფინა მიწა, რომელმაც ჩაშალა ცრუწინასწარმეტყველთა ნიშნები, გამოაჩინა მკითხავთა სიბრიყვე, უკან დაახევინა ბრძენებს და მათი ცოდნა სიგიჟედ აქცია. რომელიც განამტკიცებს თავისი მორჩილის სიტყვას და თავის მოციქულთა რჩევას განასრულებს, რომელიც ეუბნება იერუსალიმს: დასახლდები! და იუდას ქალაქებს: აშენდებით და მის ნანგრევებს მე აღვადგენ! რომელიც ეუბნება ღურღუმელს: ამოშრი და მე დავწრეტ შენს მდინარეებს! რომელიც ამბობს კიროსზე: ჩემი მწყემსია და ყოველ სურვილს შემისრულებს! და ეუბნება იერუსალიმს: აშენდები! და სასახლეს: ჩაიყრება შენი საძირკველი!“ (ესაია 44:24—28).
21. რა გარანტიას აძლევს ხალხს იეჰოვას სიტყვები?
21 დიახ, იეჰოვას მხოლოდ მომავლის მოვლენების წინასწარმეტყველების უნარი როდი აქვს; მას თავისი გაცხადებული განზრახვის სრულად განხორციელების ძალაც შესწევს. ეს განაცხადი იმედს ჩაუსახავს ისრაელებს. მართალია, ბაბილონელთა ჯარები ქვეყანას ააოხრებს, მაგრამ იერუსალიმი და ქვეყნის სხვა ქალაქები განახლდება და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობაც აღდგება. როგორ?
22. აღწერეთ, როგორ დაშრა მდინარე ევფრატი.
22 ცრუ წინასწარმეტყველნი, ჩვეულებრივ, ვერ ბედავენ მოვლენების დაწვრილებით წინასწარმეტყველებას, რადგან შიშობენ, რომ დრო გამოააშკარავებს მათ სიცრუეს. მათგან განსხვავებით, ესაიას პირით იეჰოვა სახელითაც კი იხსენიებს მას, ვისაც ტყვეობიდან თავისი ხალხის დასახსნელად გამოიყენებს, რათა ისინი სამშობლოში დაბრუნდნენ და იერუსალიმი და მისი ტაძარი აღადგინონ. განმათავისუფლებელი კიროსი იქნება, რომელიც მოგვიანებით სპარსეთის მეფე კიროს დიდის სახელით ხდება ცნობილი. იეჰოვა აგრეთვე დაწვრილებით წინასწარმეტყველებს, თუ რა სტრატეგიას მიმართავს კიროსი ბაბილონის ურთულესი თავდაცვითი სისტემის წინააღმდეგ. ბაბილონს დიდი კედელი ექნება შემორტყმული და ქალაქზე გამავალი და კედელს შემოვლებული არხებით იქნება დაცული. თავდაცვითი სისტემის ძირითად ნაწილს — მდინარე ევფრატს — კიროსი თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ძველი დროის ისტორიკოსების, ჰეროდოტესა და ქსენოფონტის, სიტყვების თანახმად, იმ ადგილამდე, სადაც მდინარე ქალაქში შედიოდა, კიროსმა ევფრატი ხელოვნური კალაპოტით სხვა მიმართულებით წარმართა, რათა ბუნებრივ კალაპოტში წყლის დონეს დაეკლო და მეომრებს მასზე გადასვლა შესძლებოდათ. შეიძლება ითქვას, რომ ევფრატი — ბაბილონის დამცავი სისტემის ნაწილი — ნამდვილად დაშრა.
23. რა არის ცნობილი კიროსის მიერ ისრაელის გათავისუფლების წინასწარმეტყველების შესრულებასთან დაკავშირებით?
23 რა შეიძლება ითქვას იმ დანაპირებზე, რომ კიროსი ღვთის ხალხს გაათავისუფლებს და იერუსალიმისა და მისი ტაძრის აღდგენაზე იზრუნებს? კიროსი თავად ამბობს ბიბლიაში შემონახულ ოფიციალურ ცნობაში: „ასე ამბობს კიროსი, სპარსეთის მეფე: ქვეყნიერების ყველა სამეფო მომცა მე უფალმა, ცათა ღმერთმა, და მანვე მიბრძანა ავუშენო მას სახლი იერუსალიმში, იუდაში რომ არის. ვინ არის თქვენს შორის ამ ხალხიდან, ღმერთი იყოს მასთან! წავიდეს იერუსალიმში, იუდაში, და აუშენოს სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს. ეს არის ღმერთი, რომელიც იერუსალიმშია“ (პირველი ეზრა 1:2, 3). ესაიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვა ზედმიწევნით არის შესრულებული!
ესაია, კიროსი და დღევანდელი ქრისტიანები
24. რა კავშირია არტაქსერქსეს მიერ „იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად“ გაცემულ ბრძანებასა და მესიის მოსვლას შორის?
24 ესაიას 44-ე თავი განადიდებს იეჰოვას როგორც ჭეშმარიტ ღმერთსა და ძველად მცხოვრები თავისი ხალხის მხსნელს. ეს წინასწარმეტყველება დღეს თითოეული ჩვენგანისთვის მეტად მნიშვნელოვანია. იერუსალიმის ტაძრის აღსადგენად კიროსის მიერ ძვ. წ. 538, 537 წლებში გაცემული ბრძანების შედეგად განვითარდა მოვლენები, რომლებიც სხვა მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველების შესრულებამ დააგვირგვინა. კიროსის ბრძანების შემდეგ, მოგვიანებით, მეფე არტაქსერქსემ ბრძანება გასცა იერუსალიმის აღსადგენად. დანიელის წიგნიდან გაირკვა, რომ ‘მას შემდეგ, რაც [ძვ. წ. 455 წელს] ბრძანება გამოვიდოდა იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად’ 69 შვიდწლიანი ხანგრძლივობის „შვიდეული“ უნდა გასულიყო „ცხებული მეფის“ მოსვლამდე (დანიელი 9:24, 25). ეს წინასწარმეტყველებაც შესრულდა. როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო, ახ. წ. 29 წელს, 483 წლის შემდეგ, რაც აღთქმულ მიწაზე ძალაში შევიდა არტაქსერქსეს ბრძანება, იესო მოინათლა და დედამიწაზე მსახურებას შეუდგაa.
25. რას გვაუწყებს ჩვენი დროის შესახებ კიროსის თავდასხმისას ბაბილონის დაცემა?
25 ტყვეობიდან ერთგული იუდაელების გათავისუფლება ბაბილონის დაცემამ გახადა შესაძლებელი, რაც 1919 წელს სულიერი ტყვეობიდან ცხებული ქრისტიანების გათავისუფლების წინასწარმეტყველური პირველსახე იყო. მათი გათავისუფლება ცხადი გახდა, როდესაც მეძავად წარმოდგენილი დიდი ბაბილონი — მსოფლიოს ცრუ რელიგიების საერთო სიმბოლო — დაეცა. მოციქულმა იოანემ ხილვაში წინასწარ შეიტყო მისი დაცემის შესახებ, რაც გამოცხადების წიგნში აღწერა (გამოცხადება 14:8). მან აგრეთვე წინასწარ იხილა მისი უეცარი განადგურებაც. კერპებით გადატვირთული ამ მსოფლიო მპყრობლის განადგურება იოანეს დაახლოებით იმნაირად აქვს აღწერილი, როგორც ესაიამ კიროსის მიერ ძველი ბაბილონის აღება აღწერა. ბაბილონის არხების მსგავსად, რომლებმაც ვერ იხსნეს ბაბილონი კიროსის ხელიდან, ‘დაშრება’ დიდი ბაბილონის მხარდამჭერი და დამცავი კაცობრიობის ‘წყლები’, ვიდრე ეს მსოფლიო მპყრობელი სამართლიანად განადგურდება (გამოცხადება 16:12)b.
26. როგორ გვიძლიერებს რწმენას ესაიას წინასწარმეტყველება და მისი შესრულება?
26 დღეს, როდესაც ორიათას ხუთას წელზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ესაიამ ეს წინასწარმეტყველება დაწერა, ვხედავთ, რომ ღმერთი ნამდვილად „განამტკიცებს თავისი მორჩილის სიტყვას და თავის მოციქულთა რჩევას განასრულებს“ (ესაია 44:26). ამგვარად, ესაიას წინასწარმეტყველების შესრულება საუკეთესოდ ადასტურებს იმას, რომ უტყუარია საღვთო წერილის თითოეული წინასწარმეტყველება.
[სქოლიოები]
a იხილეთ წიგნი „ყურად იღეთ დანიელის წინასწარმეტყველება!“, თავი 11, გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
b იხილეთ წიგნი „გამოცხადება — მისი გრანდიოზული აპოგეა ახლოსაა!“, თავები 35, 36, გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ (ინგლ.).
[სურათი 63 გვერდზე]
შეუძლია თუ არა შეშას ადამიანის ხსნა?
[სურათი 73 გვერდზე]
სპარსეთის მეფის, შესაძლებელია, კიროსის, მარმარილოს ბიუსტი.
[სურათი 75 გვერდზე]
კიროსი წინასწარმეტყველებას ასრულებს, როდესაც მდინარე ევფრატს კალაპოტს უცვლის.