თავი მეექვსე
იეჰოვა — „მართალი ღმერთი და მხსნელი“
1, 2. რა მანუგეშებელი ცნობებია მოცემული ესაიას 45-ე თავში და რა საკითხებს განვიხილავთ ახლა?
იეჰოვა სანდო აღმთქმელია. ის საიდუმლოთა განმცხადებელი და შემოქმედი ღმერთია. მას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ მთელი მსოფლიოს ერების მართალი ღმერთი და მხსნელია. ეს ესაიას 45-ე თავში მოცემული მხოლოდ რამდენიმე მანუგეშებელი ცნობაა.
2 გარდა ამისა, ესაიას 45-ე თავი შესანიშნავად ცხადყოფს იეჰოვას წინასწარმეტყველების უნარს. ღვთის სული საშუალებას აძლევს ესაიას, თვალი მოავლოს შორეულ ქვეყნებსა და შორეული მომავლის მოვლენებს. აგრეთვე ის აღძრავს მას, აღწეროს ეპიზოდი, რომლის შესახებ ასე ზუსტად წინასწარმეტყველება მხოლოდ იეჰოვას, ჭეშმარიტი წინასწარმეტყველებების წარმომთქმელ ღმერთს, შეეძლო. რა მოვლენაა ეს და რა გავლენას ახდენს ესაიას დღეებში მცხოვრებ ღვთის ხალხზე? რა მნიშვნელობა აქვს მას ჩვენთვის? მოდი განვიხილოთ წინასწარმეტყველის სიტყვები.
იეჰოვას მიერ ბაბილონისთვის გამოტანილი განაჩენი
3. რა ხატოვანი გამონათქვამებით არის აღწერილი ესაიას 45:1—3ა-ში კიროსის გამარჯვება?
3 „ასე უთხრა უფალმა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენა მიჭირავს, რათა ხალხები დავამხო მის წინაშე და სარტყელი შევუხსნა მეფეებს, რათა კარიბჭენი გაიხსნას მის წინაშე და ჭიშკრები არ ჩაიკეტოს. მე წაგიძღვები და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ, მოგცემ წყვდიადის საგანძურებს და საიდუმლოდ დამარხულ სიმდიდრეს“ (ესაია 45:1—3ა).
4. ა) რატომ უწოდებს იეჰოვა კიროსს თავის „ცხებულს“? ბ) როგორ დაეხმარება იეჰოვა კიროსს გამარჯვების მოპოვებაში?
4 ესაიას პირით იეჰოვა ისე ელაპარაკება კიროსს, როგორც ცოცხალ ადამიანს, თუმცა ესაიას დღეებში კიროსი ჯერ არ არის დაბადებული (რომაელთა 4:17). რადგანაც იეჰოვა წინასწარ ირჩევს კიროსს კონკრეტული დავალების შესასრულებლად, კიროსს შეიძლება ღვთის „ცხებული“ ეწოდოს. ღვთის შეწევნით ის დაიმორჩილებს ერებს, როდესაც მათი მეფეები ვეღარ შეძლებენ წინააღმდეგობის გაწევას. შემდეგ კი, როდესაც კიროსი ბაბილონს შეუტევს, იეჰოვას ნებით, ბაბილონელებს ქალაქის ჭიშკარი ღია დარჩებათ, ამიტომაც ის შელეწილი კარივით უსარგებლო გახდება. იეჰოვა წაუძღვება კიროსს და თავად ჩამოაშორებს დაბრკოლებებს. საბოლოოდ, კიროსის ლაშქარი აიღებს ბაბილონს და დაეპატრონება „წყვდიადის საგანძურებს“, ბნელ სარდაფებში შენახულ სიმდიდრეს. ეს ყოველივე ესაიას აქვს ნაწინასწარმეტყველები. სრულდება თუ არა მისი სიტყვები?
5, 6. როდის და როგორ სრულდება ბაბილონის დაცემის შესახებ წინასწარმეტყველება?
5 ძვ. წ. 539 წელს — ესაიას მიერ წინასწარმეტყველების წარმოთქმიდან დაახლოებით 200 წლის შემდეგ — კიროსი ნამდვილად აღწევს ბაბილონის კედლებს და უტევს ქალაქს (იერემია 51:11, 12). ბაბილონელებს კი ეს სულაც არ ადარდებს. ჰგონიათ, რომ თავიანთი ქალაქი შეუვალია. მდინარე ევფრატის წყლით სავსე თხრილის — თავდაცვითი სისტემის ნაწილის — ზემოთ ქალაქის კედლებია აღმართული. საუკუნეზე მეტია, რაც არავის აუღია ბაბილონი! ბაბილონის მმართველი, ბელშაცარი, თავს იმდენად უსაფრთხოდ გრძნობს, რომ ლხინს უმართავს სამეფო კარის მსახურებს (დანიელი 5:1). ზუსტად იმ დროს — 5—6 ოქტომბრის ღამეს — კიროსი ბრწყინვალე მანევრს ახორციელებს.
6 ზედა ნაწილში, ვიდრე ევფრატი ბაბილონში შევა, კიროსის ხალხი ნაპირს ურღვევს და მდინარეს ისე უცვლის კალაპოტს, რომ წყალი სამხრეთით, ქალაქისკენ, აღარ მიედინება. მალე ბაბილონში და აგრეთვე მის გარშემო წყლის დონე იმდენად იკლებს, რომ კიროსის მეომრებს კალაპოტით ქალაქში შესვლის შესაძლებლობა ეძლევათ (ესაია 44:27; იერემია 50:38). საოცარია, რომ ზუსტად ისე, როგორც ესაიამ იწინასწარმეტყველა, ქალაქის კარიბჭე მდინარესთან ღიაა. კიროსის მეომრები ბაბილონში იჭრებიან, სასახლეს იღებენ და მეფე ბელშაცარს კლავენ (დანიელი 5:30). ბრძოლა ერთ ღამეში მთავრდება. ბაბილონი ეცემა, რითაც წინასწარმეტყველება ზედმიწევნით სრულდება.
7. როგორ მტკიცდებიან ქრისტიანები კიროსის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველების შესრულებით?
7 ამ წინასწარმეტყველების ზუსტი შესრულება რწმენის განმამტკიცებელია თანამედროვე ქრისტიანებისთვის. ისინი რწმუნდებიან, რომ სრულიად სანდოა ბიბლიაში მოცემული ის წინასწარმეტყველებებიც, რომლებიც ჯერ კიდევ შესასრულებელია (2 პეტრე 1:20, 21). იეჰოვას თაყვანისმცემლებმა იციან, რომ მოვლენა, რომელიც ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დაცემით იყო წარმოდგენილი — „დიდი ბაბილონის“ დაცემა — 1919 წელს უკვე მოხდა. მაგრამ ისინი ჯერ კიდევ ელიან ამ თანამედროვე რელიგიური ორგანიზაციის განადგურებას, სატანის მმართველობაში მყოფი პოლიტიკური სისტემის აღთქმულ აღსასრულს, სატანის უფსკრულში ჩაგდებას და ახალ ცასა და ახალ მიწას (გამოცხადება 18:2, 21; 19:19—21; 20:1—3, 12, 13; 21:1—4). მათ იციან, რომ იეჰოვას წინასწარმეტყველებები ფუჭი არ არის; ამ წინასწარმეტყველებებით მომავლის კონკრეტული მოვლენებია აღწერილი. მათ მიმართ ჭეშმარიტი ქრისტიანების ნდობა უფრო მეტად იზრდება, როდესაც ხედავენ, როგორ შესრულდა ბაბილონის დაცემის შესახებ ესაიას წინასწარმეტყველების თითოეული წვრილმანი. მათ იციან, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას.
იმის მიზეზები, თუ რატომ სწყალობს იეჰოვა კიროსს
8. რა არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც იეჰოვა კიროსს ბაბილონზე გამარჯვების მოპოვებაში ეხმარება?
8 მას შემდეგ, რაც იეჰოვა წინასწარმეტყველებს, თუ ვინ დაიპყრობს ბაბილონს და როგორ მოხდება ეს, კიროსის გამარჯვების ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს. იეჰოვა წინასწარმეტყველური სიტყვებით უხსნის კიროსს: „რათა მიხვდე, რომ მე უფალი ვარ, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი“ (ესაია 45:3ბ). ბიბლიურ ისტორიაში მე-4 ძლევამოსილი სამეფოს მმართველმა უნდა აღიაროს, რომ მისი დიდი გამარჯვებები უზენაესი მმართველის, იეჰოვას, მხარდაჭერის შედეგია. კიროსმა უნდა დაინახოს, რომ მისი „მწოდებელი“, ანუ მოქმედებისკენ აღმძვრელი, ისრაელის ღმერთი იეჰოვაა. ბიბლიური ცნობის თანახმად, კიროსმა მართლაც აღიარა, რომ იეჰოვას შეწევნით ჰქონდა მოპოვებული უდიდესი გამარჯვება (პირველი ეზრა 1:2, 3).
9. რა მეორე მიზეზის გამო ეხმარება იეჰოვა კიროსს ბაბილონის აღებაში?
9 იეჰოვა იმის მეორე მიზეზსაც ასახელებს, თუ რატომ ეხმარება კიროსს ბაბილონის დაპყრობაში: «ჩემი მორჩილის [„მსახურის“, აქ], იაკობის, და ისრაელის, ჩემი რჩეულის, გულისათვის გიწოდებ სახელს და გნათლავ, თუმცა არ მიცნობ» (ესაია 45:4). კიროსის მიერ ბაბილონის დაპყრობა მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა. ეს ერთი მსოფლიო მპყრობელის დაცემას და მეორის აღზევებას ნიშნავს. გარდა ამისა, ეს გამარჯვება თავის კვალს ტოვებს მომავალი თაობების ისტორიაზე. მაგრამ მეზობელი ერები, რომლებიც დიდი ინტერესით აკვირდებიან მოვლენებს, გაოცდებიან, როდესაც გაიგებენ, რომ ეს ყოველივე ბაბილონის ტყვეების — იაკობის შთამომავალი რამდენიმე ათასი „უბადრუკი“ იუდაელის გამო მოხდა. იეჰოვასთვის კი ძველი ისრაელების ეს მცირე ნაწილი მეტად ძვირფასია. ეს ხალხი მისი „მსახურია“. მთელი მსოფლიოს ერებს შორის მხოლოდ ეს ერია მისი „რჩეული“. მიუხედავად იმისა, რომ კიროსი თავდაპირველად არ იცნობს იეჰოვას, იეჰოვა მას თავისი ცხებულივით იყენებს იმ ქალაქის დასასჯელად, რომელიც უარს ამბობს ტყვეების გათავისუფლებაზე. ღმერთს არ სურს, რომ მისი რჩეული ხალხი სამუდამოდ დაიტანჯოს უცხო მხარეში.
10. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი, რის გამოც იეჰოვა კიროსს მსოფლიო მპყრობელი ბაბილონის გასანადგურებლად იყენებს?
10 არის მესამე უფრო მნიშვნელოვანი მიზეზიც, თუ რატომ იყენებს იეჰოვა კიროსს ბაბილონის დასასჯელად. იეჰოვა ამბობს: „მე უფალი ვარ და მეტი არავინაა, არ არის ღმერთი ჩემს გარდა. მე გარტყამ სარტყელს, თუმცა არ მიცნობ. რათა გაიგონ მზის აღმოსავლეთში და დასავლეთში, რომ არავინაა ჩემს გარდა, რომ მე ვარ უფალი და მეტი არავინაა“ (ესაია 45:5, 6). დიახ, მსოფლიო მპყრობელი ბაბილონის დაცემა იმის დამადასტურებელია, რომ იეჰოვა ჭეშმარიტი ღმერთია და მხოლოდ ის არის თაყვანისცემის ღირსი. როდესაც ღვთის ხალხი გათავისუფლდება, აღმოსავლეთსა და დასავლეთში მრავალი შეიგნებს, რომ იეჰოვაა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი (მალაქია 1:11).
11. როგორ გვიხსნის იეჰოვა, რომ ბაბილონთან დაკავშირებული თავისი განზრახვის განხორციელების ძალა აქვს?
11 არ დაგავიწყდეთ, რომ ესაიას ეს წინასწარმეტყველება შესრულებამდე დაახლოებით 200 წლით ადრე იყო წარმოთქმული. წინასწარმეტყველების მოსმენის შემდეგ ზოგს შეიძლება დაბადებოდა კითხვა, ნამდვილად ჰქონდა თუ არა იეჰოვას მისი შესრულების ძალა. ისტორია დადებით პასუხს გვაძლევს ამ შეკითხვაზე. იეჰოვა გვიხსნის, თუ რატომ არის გონივრული, გვწამდეს, რომ შეუძლია შეასრულოს ყველაფერი, რასაც განაცხადებს: „ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი“ (ესაია 45:7). ყველაფერი — შემოქმედებაში სინათლიდან სიბნელემდე და ისტორიაში მშვიდობიდან უბედურებამდე — იეჰოვას ექვემდებარება. როგორც დღის ნათელსა და ღამის სიბნელეს მისცა დასაბამი, იეჰოვა ისე მისცემს დასაბამს მშვიდობას ისრაელისთვის და ჭირს ბაბილონისთვის. იეჰოვას სამყაროს შექმნის ძალა აქვს და თავისი წინასწარმეტყველებების შესრულების ძალაც შესწევს. ეს მანუგეშებელია თანამედროვე ქრისტიანებისთვის, რომლებიც გულმოდგინედ იკვლევენ მის წინასწარმეტყველურ სიტყვას.
12. ა) რა მიზნით ახდენს ზემოქმედებას იეჰოვა ფიგურალურ ზეცასა და მიწაზე? ბ) რა მანუგეშებელი სიტყვებია ესაიას 45:8-ში თანამედროვე ქრისტიანებისთვის?
12 იეჰოვა სათანადოდ იყენებს ბუნების მოვლენათა მაგალითებს, რათა აღწეროს, თუ რა მოელით იუდაელ ტყვეებს: „იწვეთოს მაღლიდან ზეცამ და ღრუბლებმა ასხურონ სიმართლე, გადაიხსნას მიწა და ხსნამ ინაყოფოს, და სამართალი აღმოცენდეს მასთან ერთად! მე, უფალმა, შევქმენი ეს“ (ესაია 45:8). როგორც წვიმა მოდის ზეციდან, იეჰოვა ისე აწვიმებს სიმართლეს ფიგურალური ზეციდან თავის ხალხზე. როგორც მიწა იძლევა უხვ ნაყოფს, იეჰოვას ნებით ფიგურალური მიწა ‘ინაყოფებს’ მოვლენებს, რომლებიც მის სამართლიან განზრახვასთან იქნება შეთანხმებული; ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კი ბაბილონიდან თავისი ხალხის ხსნა იქნება. 1919 წელს იეჰოვამ მსგავსი ზემოქმედება მოახდინა „ზეცასა“ და „მიწაზე“, რათა მოვლენები ისე განევითარებინა, რომ გაეთავისუფლებინა თავისი ხალხი. ეს ყოველივე ახარებს თანამედროვე ქრისტიანებს. რატომ? მიზეზი ის არის, რომ ეს მოვლენები მათი რწმენის განმამტკიცებელია, და დიდი იმედით ელიან იმ დროს, როდესაც ფიგურალური ზეცა, ღვთის სამეფო, მთელ სამართლიან დედამიწას აკურთხებს. იმ დროს ფიგურალური ზეცისა და მიწის სამართალი და ხსნა უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე ბაბილონის დაცემის შემდეგ იყო. რა დიდებული იქნება ესაიას სიტყვების უკანასკნელი შესრულება! (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1).
კურთხევები, რომლებიც იეჰოვას უზენაესობის აღიარებას მოაქვს
13. რატომ არის უგუნურება ის, რომ ადამიანები იეჰოვას განზრახვების მიმართ უნდობლობას ამჟღავნებენ?
13 ამ სასიხარულო კურთხევების აღწერის შემდეგ წინასწარმეტყველური სიტყვების ტონი უეცრად იცვლება. ესაია ორჯერ წარმოთქვამს „ვაის“. «ვაი თავის გამჩენთან მოდავეს, ერთ ნამსხვრევს თიხის ნამსხვრევთაგან! თუ უთქვამს თიხას თავის გამომსახველისთვის: რას აკეთებო? და შენს ქმნილებას არა აქვსო ხელები? [„და უნდა თქვას თუ არა შენმა ქმნილებამ: მას არა აქვსო ხელები?“, აქ] ვაი მას, ვინც მამას ეუბნება: რისთვის გამაჩინეო? და ქალს: რისთვის იტანჯეო?» (ესაია 45:9, 10). როგორც ჩანს, ისრაელები უარყოფენ იეჰოვას წინასწარმეტყველებებს. შესაძლებელია, მათ არ სჯერათ, რომ იეჰოვა დაუშვებს თავისი ხალხის ტყვედ ჩავარდნას. ან შესაძლებელია, მათ არ მოსწონთ ის აზრი, რომ ისრაელს დავითის შთამომავალი მეფე კი არა, წარმართი მეფე იხსნის. მოწინააღმდეგეთა მსჯელობის უსაფუძვლობა რომ ცხადყოს, ესაია მათ თიხის ნატეხებსა და ქოთნის ნამსხვრევებს ადარებს, რომლებიც თავიანთი შემქმნელის სიბრძნის ეჭვის ქვეშ დაყენებას ბედავენ. მექოთნის ნახელავი ახლა იმას ამბობს, რომ მექოთნეს არა აქვს ხელები ან არ შესწევს ძალა რამის შესაქმნელად. რა დიდი უგუნურებაა! მოწინააღმდეგეები იმ პატარა ბავშვებს ჰგვანან, რომლებიც მშობლების უფლებამოსილებას აკრიტიკებენ.
14, 15. რაზე მეტყველებს იეჰოვას შესახებ სიტყვები „ისრაელის წმიდა“ და „გამჩენი“?
14 ესაია იეჰოვას პასუხს ამცნობს მოწინააღმდეგეებს: „ასე ამბობს უფალი, ისრაელის წმიდა და მისი გამჩენი: შემეკითხებით ჩემი შვილების მომავალზე და ჩემ ხელთა ქმნილებაზე მიბრძანებთ რასმე? მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე, ჩემი ხელით გადავფინე ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე. მე აღვძარი ის სიმართლით და ყოველი მისი გზა გავასწორე; ის ააშენებს ჩემს ქალაქს და გაათავისუფლებს ჩემს ტყვეებს უსასყიდლოდ და ძღვენის გარეშე, ამბობს ცაბაოთ უფალი“ (ესაია 45:11—13).
15 იეჰოვა „ისრაელის წმიდად“ არის წოდებული, რითაც ხაზი ესმება მის სისპეტაკეს. „გამჩენად“ მისი მოხსენიება კი იმას აღნიშნავს, რომ, როგორც შემოქმედს, უფლება აქვს, განსაზღვროს, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. იეჰოვას შეუძლია აცნობოს ისრაელებს, თუ რა უნდა მოხდეს მომავალში და აგრეთვე იზრუნოს თავის ქმნილებაზე, ანუ თავის ხალხზე. აქედან კიდევ ერთხელ ვხედავთ შემოქმედებასა და წინასწარმეტყველებას შორის ურთიერთკავშირს. იეჰოვა მთელი სამყაროს შემოქმედია და ამიტომაც აქვს უფლება, თავისი ნებისამებრ წარმართოს მოვლენები (პირველი ნეშტთა 29:11, 12). ამ შემთხვევაში უზენაესმა მმართველმა წარმართი კიროსი აირჩია ისრაელის განმათავისუფლებლად. კიროსის მიერ ერის გათავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მომავლის მოვლენაა, ისეთივე უდავოა, როგორც ცისა და მიწის არსებობა. მაშ, რომელი ისრაელი შეედავება „ცაბაოთ უფალს“, მამა იეჰოვას?
16. რატომ უნდა დაემორჩილონ იეჰოვას თავისი მსახურები?
16 ესაიას წიგნის ამ მუხლებში სხვა მიზეზიც არის მოცემული, თუ რატომ უნდა დაემორჩილონ ღმერთს თავისი მსახურები. ღვთის გადაწყვეტილებები ყოველთვის სიკეთის მომტანია მათთვის (იობი 36:3). მან თავისი ხალხის სასიკეთოდ შექმნა კანონები (ესაია 48:17). კიროსის თანამედროვე იუდაელებმა, რომლებმაც აღიარეს იეჰოვას უზენაესობა, დაინახეს ეს. კიროსმა ღვთის სამართლიანობასთან შეთანხმებულად იმოქმედა და ისინი ტაძრის აღსადგენად ბაბილონიდან თავიანთ სამშობლოში დააბრუნა (პირველი ეზრა 6:3—5). მათ მსგავსად, დღესაც კურთხეულია ყველა, ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს ღვთის კანონებს და მის უზენაეს ხელისუფლებას ემორჩილება (ფსალმუნი 1:1—3; 18:8; 118:105; იოანე 8:31, 32).
უცხო ერების კურთხევები
17. ისრაელის გარდა, ვის და როგორ მოუტანს სიკეთეს იეჰოვას მიერ თავისი ხალხის სახსნელად მიღებული ზომები?
17 ისრაელი ერთადერთი ერი არ იქნება, რომელსაც სიკეთეს მოუტანს ბაბილონის დაცემა. ესაია აბობს: «ასე ამბობს უფალი: ეგვიპტის ჭირნახული [„მუშები“, აქ] და ნავაჭრი [„ვაჭრები“, აქ] ქუშისა და საბაელთა, ახოვან კაცთა, შენთან მოვა და შენი იქნება; შენ შეგიდგებიან, წამოვლენ ბორკილდასხმულნი და გეთაყვანებიან, ვედრებას დაგიწყებენ. ნამდვილად შენშია ღმერთი და სხვა ღვთაება არავინაა» (ესაია 45:14). მოსეს დღეებში „უამრავი ჭრელი ხალხი“, ბევრი არაისრაელი, გაჰყვა ისრაელებს, როდესაც მათ ეგვიპტე დატოვეს (გამოსვლა 12:37, 38). მათ მსგავსად, უცხოელები იუდაელ ტყვეებსაც გაჰყვებიან სამშობლოში დაბრუნებისას. არაისრაელებს არავინ აიძულებს; ისინი თვითონ ‘მივლენ ისრაელებთან’. სიტყვებით „გეთაყვანებიან“ და „ვედრებას დაგიწყებენ“ იეჰოვა აღნიშნავს, რომ უცხოელები თავიანთი ნებით დაემორჩილებიან და ერთგულებას აღუთქვამენ ისრაელებს. ისინი ნებაყოფლობით ივლიან ბორკილგაყრილი, რაც იმის მაჩვენებელია, რომ სურვილს გამოთქვამენ, ემსახურონ ღმერთთან კავშირით შეკრულ ხალხს, რომელსაც ეტყვიან: „შენშია ღმერთი“. ისინი, როგორც პროზელიტები, იეჰოვას სცემენ თაყვანს და დაექვემდებარებიან მის მიერ ისრაელთან დადებულ კავშირს (ესაია 56:6).
18. ვისთვის და როგორ მოაქვს დღეს სარგებლობა იეჰოვას მიერ „ღვთის ისრაელის“ გათავისუფლებას?
18 ესაიას სიტყვები კიროსის დღეებზე უფრო დიდებულად სრულდება 1919 წლიდან, როდესაც „ღვთის ისრაელი“ სულიერი ტყვეობიდან თავისუფლდება. მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გამოთქვამს იეჰოვასთვის მსახურების სურვილს (გალატელთა 6:16; ზაქარია 8:23). ესაიას მიერ მოხსენიებული „მუშებისა“ და „ვაჭრების“ მსგავსად, ისინი სიხარულით სწირავენ თავიან ფიზიკურ ძალას და არ იშურებენ მატერიალურ სახსრებს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარდასაჭერად (მათე 25:34—40; მარკოზი 12:30). ისინი თავს უძღვნიან ღმერთს, მისი ბილიკებით დადიან და სიამოვნებით ხდებიან მისი მონები (ლუკა 9:23). ისინი მხოლოდ იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან, რომელთათვისაც სიკეთე მოაქვს ღმერთთან განსაკუთრებული კავშირით შეკრულ „ერთგულ და გონიერ მონასთან“ ურთიერთობას (მათე 24:45—47; 26:28; ებრაელთა 8:8—13). მართალია, „მუშები“ და „ვაჭრები“ არ არიან ამ კავშირში გაერთიანებული, მაგრამ ისინი სარგებლობას იღებენ მისგან, ემორჩილებიან მასთან დაკავშირებულ კანონებს და თამამად აცხადებენ: „სხვა ღვთაება არავინაა“. რა სასიხარულოა, რომ დღეს სულ უფრო მატულობს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ასეთ მოხალისე მხარდამჭერთა რიცხვი! (ესაია 60:22).
19. რა დაემართებათ მათ, ვინც არ მიატოვებს კერპთაყვანისმცემლობას?
19 იეჰოვას თაყვანისმცემლობაში წარმართთა გაერთიანების შესახებ წინასწარმეტყველების შემდეგ ესაია ამბობს: «ჭეშმარიტად, შენა ხარ ღმერთი დაფარული, ისრაელის ღმერთი, მაცხოვარი [„მხსნელი“, აქ]» (ესაია 45:15). მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად იეჰოვა ფარავს თავის ძალას, მომავალში ასე აღარ მოიქცევა. ის ყველას დაანახვებს, რომ ისრაელის ღმერთი და თავისი ხალხის მხსნელია. მაგრამ ის არ იქნება კერპებზე მინდობილთა მხსნელი. მათ შესახებ ესაია ამბობს: „შერცხვებიან და შეცბუნდებიან ყველანი, ერთიანად ჩაცვივდებიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი“ (ესაია 45:16). მათი შერცხვენა მხოლოდ დროებით სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩენა არ იქნება. შერცხვენაში მათი დაღუპვაც არის ნაგულისხმები. ეს კი სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც იეჰოვა ისრაელს აღუთქვამს.
20. როგორ იქნება ისრაელი ‘საუკუნოდ დახსნილი’?
20 «უფალი იხსნის [„იეჰოვასთან კავშირი გადაარჩენს“, აქ] ისრაელს საუკუნო ხსნით; არ შერცხვებიან და არ შეცბუნდებიან უკუნითი უკუნისამდე» (ესაია 45:17). იეჰოვა მარადიულ ხსნას ჰპირდება ისრაელს, მხოლოდ გარკვეული პირობით. ისრაელი „იეჰოვასთან“ უნდა დარჩეს. როდესაც ისრაელი ტოვებს იეჰოვას იესოს მესიად უარყოფით, ერი კარგავს „საუკუნო ხსნის“ პერსპექტივას. მაგრამ ისრაელში ზოგი იესოსადმი რწმენას გამოამჟღავნებს. ისინი ღვთის ისრაელის ბირთვად იქცევიან, რომელმაც ხორციელი ისრაელის ადგილი უნდა დაიკავოს (მათე 21:43; გალატელთა 3:28, 29; 1 პეტრე 2:9). სულიერი ისრაელი არასდროს შერცხვება. ღმერთი მასთან «საუკუნო აღთქმას [„კავშირს“, აქ]» დადებს (ებრაელთა 13:20).
იეჰოვა საიმედოა შემოქმედებასა და წინასწარმეტყველებაში
21. როგორ ცხადყოფს იეჰოვა, რომ სრულიად სანდოა შემოქმედებასა და წინასწარმეტყველებაში?
21 შეუძლიათ თუ არა იუდაელებს, ენდონ საუკუნო ხსნის შესახებ იეჰოვას აღთქმას? ესაია პასუხს იძლევა: «რადგან ასე ამბობს უფალი, ცათა შემოქმედი (ის არის ღმერთი, რომელმაც მიწა გამოსახა და შექმნა; მან დაამყარა იგი, საუკაცრიელოდ [„ამაოდ“, აქ] არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა): მე ვარ უფალი და მეტი არავინაა. საიდუმლოდ, ბნელი ქვეყნის ადგილზე, არ მილაპარაკნია; არ მითქვამს იაკობის მოდგმისათვის: ამაოდ მეძებთ-მეთქი [„მეძებეთ-მეთქი“, აქ]. მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, სიწრფელეთა გამომცხადებელი» (ესაია 45:18, 19). ამ თავში ესაია მეოთხედ და უკანასკნელად იწყებს მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველური ცნობის გაცხადებას სიტყვებით: „ასე ამბობს უფალი“ (ესაია 45:1, 11, 14). რას ამბობს იეჰოვა? ის ამბობს, რომ როგორც საიმედო შემოქმედი, ისე საიმედო განმცხადებელია. მას „ამაოდ“ არ შეუქმნია მიწა. მსგავსად ამისა, არ უთხოვია თავისი ხალხისთვის, ისრაელისთვის, „ამაოდ“ მეძებეთო. როგორც დედამიწის მიმართ განხორციელდება ღვთის განზრახვა, ისე განხორციელდება ღვთის რჩეული ხალხის მიმართ მისი განზრახვაც. ცრუ ღმერთების თაყვანისმცემელთა ბუნდოვანი სიტყვებისგან განსხვავებით, იეჰოვას სიტყვები საჯაროდ არის გაცხადებული. მისი სიტყვები უტყუარია და აუცილებლად გამართლდება. ღვთის მსახურებს ამაოდ არ მოუწევთ მისთვის მსახურება.
22. ა) რაში შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ ბაბილონში მყოფ იუდაელ ტყვეებს? ბ) რაში არიან დღეს დარწმუნებული ქრისტიანები?
22 ბაბილონში მყოფი ღვთის ხალხისთვის ეს სიტყვები დამარწმუნებელია, რომ აღთქმული მიწა გაუკაცრიელებული არ დარჩება. ის კვლავ დასახლდება. მართლაც, იეჰოვას მიერ მათთვის დადებული აღთქმები სრულდება. უფრო ფართო მნიშვნელობით კი ესაიას სიტყვები დღეს არწმუნებს ღვთის მსახურებს, რომ დედამიწა არ გაუკაცრიელდება და არ გაპარტახდება — არ გადაიბუგება, როგორც ზოგი ფიქრობს, და არ განადგურდება ატომური ბომბებით, როგორც შიშობენ. ღვთის განზრახვაა, რომ დედამიწამ მარადიულად იარსებოს, სამოთხით დამშვენდეს და მართალი ადამიანებით დასახლდეს (ფსალმუნი 36:11, 29; 113:24; მათე 6:9, 10; გამოცხადება 21:3, 4). დიახ, როგორც ისრაელის შემთხვევაში დამტკიცდა, კიდევ ერთხელ დამტკიცდება, რომ იეჰოვას სიტყვები სანდოა.
იეჰოვას გულმოწყალება
23. რა ემართებათ კერპთაყვანისმცემლებს და როგორ განსხვავდება მათგან იეჰოვას თაყვანისმცემელთა მდგომარეობა?
23 იეჰოვას შემდეგი სიტყვებით ისრაელის ხსნაზე მახვილდება ყურადღება: «შეგროვდით და მოდით, ახლოს მოდექით ერთად, ხალხებიდან გადარჩენილნო! არაფერი ესმით თავიანთი ხის კერპების მტვირთველებს და იმ ღმერთის მლოცველთ, რომელსაც არ ძალუძს გადარჩენა. გამოაცხადეთ, მოდექით, მოითათბირეთ ერთმანეთში: ვინ გვასმინა ეს ძველთაგანვე, დიდი ხნის წინათ ვინ გამოაცხადა? ეს მე არ ვიყავი, უფალი? არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა; მართალი ღმერთი და მაცხოვარი [„მხსნელი“, აქ] ჩემს გარდა არავინაა» (ესაია 45:20, 21). იეჰოვა მოუწოდებს „გადარჩენილებს“, თავიანთი მდგომარეობა კერპთაყვანისმცემელთა მდგომარეობას შეადარონ (მეორე რჯული 30:3; იერემია 29:14; 50:28). იმის გამო, რომ კერპთაყვანისმცემელნი ლოცვით მიმართავენ და ემსახურებიან უძლურ ღმერთებს, რომლებსაც არ ძალუძთ ხსნა, მათ „არაფერი ესმით“. მათი თაყვანისმცემლობა ფუჭია და ამაო. იეჰოვას თაყვანისმცემლები კი ხედავენ, რომ იეჰოვას ძალა შესწევს, შეასრულოს ყველაფერი, რაც „დიდი ხნის წინათ“ აქვს ნაწინასწარმეტყველები; მათ შორის, ბაბილონის ტყვეობიდან იხსნას თავისი ხალხი. ასეთი ძალა და წინასწარმეტყველების უნარი იეჰოვას ყველა ღმერთისგან განასხვავებს. ის ნამდვილად „მართალი ღმერთი და მხსნელია“.
‘ხსნა ჩვენი ღმერთისგან არის’
24, 25. ა) რას მოუწოდებს იეჰოვა ხალხს და რატომ შესრულდება, უდავოდ, მისი დანაპირები? ბ) რას მოითხოვს იეჰოვა სამართლიანად?
24 იეჰოვა, გულმოწყალებით აღძრული, ხალხს მოუწოდებს: «ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა. ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს. მხოლოდ უფალშია, იტყვიან ჩემზე, სიმართლე [„სრული სიმართლე“, აქ] და ძალა. მასთან მივლენ და შერცხვებიან ყველანი, ვინც მასზე ჯავრობდნენ. უფალში გამართლდება და განდიდდება [„დაიკვეხნის“, აქ] მთელი მოდგმა ისრაელისა» (ესაია 45:22—25).
25 იეჰოვა ჰპირდება ისრაელს, რომ იხსნის ბაბილონში მყოფ იმ იუდაელებს, რომლებიც დაუბრუნდებიან. ამ წინასწარმეტყველების გამტყუნება შეუძლებელია, რადგან იეჰოვას თავისი ხალხის ხსნის სურვილიც აქვს და ძალაც (ესაია 55:11). ღვთის სიტყვები თავისთავად სანდოა, მაგრამ ისინი უფრო მეტად სანდო ხდება, როდესაც ღმერთი ფიცით ადასტურებს მათ ჭეშმარიტებას (ებრაელთა 6:13). ღმერთი სამართლიანად ითხოვს მორჩილებას („ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება“) და ერთგულებას („ყოველი ენა მე დამიფიცავს“) მათგან, ვისაც მისი კეთილგანწყობილების მოპოვება სურს. იეჰოვა იხსნის იმ ისრაელებს, რომლებიც მისი თაყვანისმცემელნი იქნებიან. მათ შესაძლებლობა მიეცემათ, დაიკვეხონ იმით, რასაც იეჰოვა მათთვის გააკეთებს (2 კორინთელთა 10:17).
26. როგორ ეხმაურება ყველა ერიდან შეკრებილი „უამრავი ხალხი“ იეჰოვას მოწვევას ‘მისკენ მიქცევასთან’ დაკავშირებით?
26 აღსანიშნავია, რომ ღმერთი არა მხოლოდ ძველი ბაბილონის ტყვეებს მოუწოდებს თავისთან დაბრუნებისკენ (საქმეები 14:14, 15; 15:19; 1 ტიმოთე 2:3, 4). ეს მოწვევა კვლავაც გაისმის, რომელსაც „ყოველი ერიდან“ შეკრებილი „უამრავი ხალხი“ ეხმაურება და ამბობს: „ხსნა ღმერთის ჩვენის... და კრავისაგან არის“ (გამოცხადება 7:9, 10, სსგ; 15:4). ყოველწლიურად ასი ათასობით ადამიანი ემატება უამრავ ხალხს; ისინი უბრუნდებიან ღმერთს, ბოლომდე აღიარებენ მის უზენაეს მმართველობას და საჯაროდ აღუთქვამენ მას ერთგულებას. გარდა ამისა, ისინი მხარს უჭერენ სულიერ ისრაელს, ანუ „აბრაამის თესლს“ (გალატელთა 3:29). სიყვარულს გამოხატავენ იეჰოვას სამართლიანი მმართველობისადმი და საყოველთაოდ აცხადებენ: „მხოლოდ უფალშია... სრული სიმართლე და ძალა“a. რომაელთა მიმართ წერილში პავლე მოციქულმა სეპტუაგინტის თარგმანიდან ესაიას 45:23-ის სიტყვები მოიყვანა იმის საჩვენებლად, რომ, საბოლოოდ, ყოველი არსება აღიარებდა ღვთის უზენაეს მმართველობას და მარადიულად განადიდებდა მის სახელს (რომაელთა 14:11; ფილიპელთა 2:9—11; გამოცხადება 21:22—27).
27. რატომ შეუძლიათ თანამედროვე ქრისტიანებს იეჰოვას აღთქმებისადმი აბსოლუტური რწმენა ჰქონდეთ?
27 რატომ შეუძლია უამრავ ხალხს სწამდეს, რომ იეჰოვასკენ მიქცევა გადარჩენას ნიშნავს? იმიტომ რომ იეჰოვას აღთქმები სრულიად სანდოა, რაც ნათლად ჩანს ესაიას 45-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველური სიტყვებიდან. იეჰოვას როგორც ცისა და მიწის შექმნისთვის ძალა და სიბრძნე ჰქონდა, ისე თავისი წინასწარმეტყველებების შესრულების ძალა და სიბრძნე აქვს. როგორც იმაზე იზრუნა, რომ კიროსთან დაკავშირებული წინასწარმეტყველება შესრულებულიყო, ისე იზრუნებს, რომ მომავალთან დაკავშირებული ყველა ბიბლიური წინასწარმეტყველება შესრულდეს. ამიტომაც იეჰოვას თაყვანისმცემლებს შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ შემდეგში — იეჰოვა მალე კვლავაც ცხადყოფს, რომ „მართალი ღმერთი და მხსნელია“.
[სქოლიო]
a „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ იმის გამო იყენებს სიტყვებს „სრული სიმართლე“, რომ ებრაულ ტექსტში სიტყვა „სიმართლე“ მრავლობით რიცხვშია. მრავლობითი რიცხვი იეჰოვას აბსოლუტური სიმართლის ხაზგასასმელად არის გამოყენებული.
[სურათები 80, 81 გვერდებზე]
იეჰოვას, „ნათლის გამომსახველსა და ბნელის შემქმნელს“, შეუძლია როგორც „მშვიდობისმყოფელი, ისე ჭირის შემქმნელი“ იყოს.
[სურათი 83 გვერდზე]
იეჰოვას ნებით, „ზეციდან“ კურთხევები იწვიმებს და „მიწა“ ხსნას ‘ინაყოფებს’.
[სურათი 84 გვერდზე]
უნდა დააყენონ თუ არა ეჭვის ქვეშ თიხის ნატეხებმა თავიანთი შემქმნელის სიბრძნე?
[სურათი 89 გვერდზე]
იეჰოვას ამაოდ არ შეუქმნია დედამიწა.