ღვთის აღთქმებისადმი რწმენით ცხოვრება
„მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი. დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა“ (ესაია 46:9, 10).
1, 2. რა განსხვავებული თვალსაზრისი არსებობს დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებში ღვთის ჩარევასთან დაკავშირებით?
აინტერესებს თუ არა ღმერთს დედამიწაზე მიმდინარე მოვლენები? ამ კითხვაზე მრავალი პასუხი არსებობს. ერთ-ერთი თვალსაზრისის თანახმად ღმერთს საერთოდ არ აინტერესებს ეს საკითხი. ადამიანის შექმნის შემდეგ მას ან არ სურს, ან არ შეუძლია ჩვენს სასიკეთოდ მოქმედება. ამ თვალსაზრისით, ღმერთი ჰგავს მამას, რომელმაც შვილი ახალ ველოსიპედზე დასვა, უბიძგა და მარტო გაუშვა. უმამოდ დარჩენილი ბავშვი შეიძლებოდა გადმოვარდნილიყო ან თავი შეემაგრებინა, მაგრამ რაც უნდა მომხდარიყო, მამა უკვე შორს იქნებოდა.
2 მეორე თვალსაზრისი კი ასეთია: ღმერთი დიდი ყურადღებით ხელმძღვანელობს ჩვენი ცხოვრების ყოველ სფეროს და მის გარეშე არაფერი ხდება. თუ ეს ასეა, მაშინ ლოგიკურია, რომ ღვთისგან მომდინარეობს არა მხოლოდ სიკეთე, არამედ ყოველგვარი ბოროტება და უბედურება. ღვთის შესახებ ჭეშმარიტების გაცნობა დაგვეხმარება გავიგოთ, რას უნდა ველოდეთ მისგან. ეს ჭეშმარიტება იეჰოვას აღთქმების მიმართ რწმენის განმტკიცებასაც მოემსახურება (ებრაელთა 11:1).
3. ა) საიდან ვიცით, რომ იეჰოვა განზრახვების ღმერთია? ბ) რატომ არის იეჰოვაზე ნათქვამი, რომ ის ‘ამზადებს’ და ‘ისახავს’ განზრახვებს?
3 ადამიანების საქმეებში ღმერთის ჩარევა იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა განზრახვების ღმერთია. მის სახელში სწორედ ეს არის ნაგულისხმები. „იეჰოვა“ ნიშნავს: „აქცევინებს“. თანმიმდევრული მოქმედებით იეჰოვა საკუთარ თავს თავისი აღთქმების შემსრულებლად აქცევს. ამიტომ ბიბლიაში იეჰოვაზე ნათქვამია, რომ ის განზრახვებს ‘ამზადებს’ ანუ აყალიბებს (მეოთხე მეფეთა 19:25; ესაია 46:11). ამ სიტყვებით ითარგმნა ებრაული „იაცარ“, რომლის მონათესავე სიტყვის მნიშვნელობა არის „მეთუნე“ (იერემია 18:4). დიდოსტატი მეთუნის მსგავსად, რომელიც თიხას სასურველ ფორმას აძლევს და მისგან საუცხოო ლარნაკს ამზადებს, იეჰოვა თავისი ნების შესასრულებლად ყოველივეს ფორმას აძლევს ანუ წარმართავს (ეფესელთა 1:11).
4. როგორ მოამზადა ღმერთმა დედამიწა ადამიანებისთვის?
4 მაგალითად, ღმერთმა განიზრახა, რომ დედამიწა ულამაზესი პლანეტა ყოფილიყო და იქ სრულყოფილ, მორჩილ ადამიანებს ეცხოვრათ (ესაია 45:18). ადამიანების შექმნამდე იეჰოვამ ყველაფერი წინასწარ მოამზადა. „დაბადების“ პირველ თავებში აღწერილია, როგორ შექმნა იეჰოვამ დღე და ღამე, მიწა და ზღვა, მცენარეთა და ცხოველთა სამყარო. ამგვარად, ადამიანებისთვის დედამიწის წინასწარი მზადება ათასობით წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. იეჰოვამ ყველაფერი შესანიშნავად მოამზადა. პირველი ადამიანების სიცოცხლე დაიწყო ედემში, მომაჯადოებლად ლამაზ სამოთხეში, რომელიც მათი ბედნიერებისთვის იყო შექმნილი (დაბადება 1:31). ამრიგად, იეჰოვა უშუალოდ ერეოდა დედამიწაზე მიმდინარე მოვლენებში და თანმიმდევრულად მოქმედებდა თავისი დიდებული განზრახვის შესასრულებლად. მაგრამ შეიცვალა თუ არა მისი პოზიცია ადამიანების გამრავლების შემდეგ?
იეჰოვა ადგენს ზღვარს
5, 6. რატომ დაადგინა იეჰოვამ ადამიანებთან ურთიერთობაში ზღვარი?
5 მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას შესწევს ძალა აკონტროლოს ადამიანის ცხოვრება და უხელმძღვანელოს მათ ყოველ წვრილმანში, ასე არ იქცევა. ამგვარი მოქმედებისთვის მრავალი მიზეზი არსებობს. ერთ-ერთია ის, რომ ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა და აქვს ნების თავისუფლება. იეჰოვა არ გვაიძულებს თავისი ბრძანებების შესრულებას და არც მარიონეტები ვართ მის ხელში (მეორე რჯული 30:19, 20; იესო ნავეს ძე 24:15). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მოქმედებებზე პასუხს გვთხოვს, სიყვარულიდან გამომდინარე მოგვცა უფლება, რომ ჩვენი ცხოვრება თვითონვე წარგვემართა (რომაელთა 14:12; ებრაელთა 4:13).
6 მეორე მიზეზი, რატომაც არ ხელმძღვანელობს ღმერთი ყოველ მოვლენას, სატანის მიერ ედემში წამოჭრილ საკამათო საკითხს უკავშირდება. სატანამ ეჭვქვეშ დააყენა ღვთის უზენაესი ხელისუფლება. მან ევას თავისუფლების მოსაპოვებლად თითქოს არაჩვეულებრივი საშუალება შესთავაზა, რაზეც მან და მოგვიანებით მისმა მეუღლემ, ადამმა, უარი არ თქვეს (დაბადება 3:1–6). პასუხად ღმერთმა ნება დართო ადამიანებს, გარკვეული ხნით თავად ემმართველათ, რომ დაემტკიცებინათ, იყო თუ არა სატანის ბრალდებები სამართლიანი. ამიტომ, დღეს ვერავინ დაადანაშაულებს ღმერთს ადამიანების მიერ ჩადენილი სიავის გამო. მოსემ მოჯანყე ხალხზე თქვა: „გაერყვნენ მას [ღმერთს], აღარ არიან მისი შვილები, რადგან შეიგინენ“ (მეორე რჯული 32:5).
7. რა არის იეჰოვას განზრახვა დედამიწასა და ადამიანებთან დაკავშირებით?
7 მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვამ არჩევნის თავისუფლება და დამოუკიდებელ მმართველობასთან დაკავშირებული ექსპერიმენტები დაუშვა, მას არ დავიწყებია აღთქმული და იმედგადაწურულები არ დავუტოვებივართ. თუმცა ადამი და ევა ღვთის უზენაეს ხელისუფლებას აუჯანყდნენ, იეჰოვას, სიყვარულიდან გამომდინარე, არ შეუცვლია ადამიანებსა და დედამიწასთან დაკავშირებული განზრახვა. ის დედამიწას აუცილებლად გადააქცევს სამოთხედ, სადაც სრულყოფილი, ერთგული და ბედნიერი ადამიანები იცხოვრებენ. ბიბლიაში „დაბადებიდან“ „გამოცხადებამდე“ აღწერილია, როგორ მოქმედებს იეჰოვა თანმიმდევრულად, დასახული მიზნის განსახორციელებლად.
ღმერთი მოქმედებს თავისი ნების შესასრულებლად
8. რას ნიშნავდა ისრაელთა აღთქმულ მიწამდე მიყვანა?
8 ღმერთმა ისრაელთან დამოკიდებულებაში აჩვენა, რომ განახორციელებს საკუთარ განზრახვას. მაგალითად, იეჰოვამ უთხრა მოსეს, რომ აუცილებლად გაათავისუფლებდა ისრაელებს ეგვიპტის მონობისგან და მიიყვანდა აღთქმულ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი უხვად იქნებოდა (გამოსვლა 3:8). ეს ღრმააზროვანი და გამამხნევებელი სიტყვები იმაზე მიანიშნებდა, რომ ისრაელები და მათი თანმხლებნი, რომელთა რიცხვიც დაახლოებით სამ მილიონს შეადგენდა, ღმერთს უნდა დაეხსნა ძლიერი სახელმწიფოსგან, რომელიც მათ გაშვებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა (გამოსვლა 3:19). მიწა, სადაც ისრაელები უნდა დასახლებულიყვნენ, ძლიერ სახელმწიფოებს ეკავა, რომლებიც სასტიკად შეეწინააღმდეგებოდნენ მათ მისვლას (მეორე რჯული 7:1). ამის გარდა, ეგვიპტესა და აღთქმულ მიწას შორის უწყლო და უნაყოფო უდაბნო იყო გადაჭიმული. ამ მდგომარეობამ ნათელყო იეჰოვას ძლევამოსილება (ლევიანნი 25:38).
9, 10. ა) რატომ შეეძლო იესო ნავეს ძეს მტკიცედ ეთქვა, რომ ღვთის აღთქმები უტყუარი იყო? ბ) რამდენად მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთს შესწევს ძალა, თავის ერთგულებს სანაცვლო მიაგოს?
9 ღმერთი ძლევამოსილი საქმეებით გაუძღვა ისრაელებს ეგვიპტიდან. უპირველესად, ეგვიპტელებს თავს დაატეხა ათი საშინელი სასჯელი. შემდეგ გაჰყო მეწამული ზღვა და საშუალება მისცა ისრაელებს, გაქცეოდნენ დადევნებულ ეგვიპტელთა ჯარს, რომელიც შემდეგ ზღვაში დაღუპა (ფსალმუნი 77:12, 13; 43–51). უდაბნოში 40 წლიანი ხეტიალის დროს იეჰოვა ზრუნავდა ისრაელებზე, აწვდიდა მანანასა და წყალს. ამ დროს მათ არც სამოსელი დაძველებიათ და არც ფეხები დასივებიათ (მეორე რჯული 8:3, 4). როდესაც აღთქმულ მიწას მიაღწიეს, იეჰოვა წაუძღვა თავის ერს მტრებზე გასამარჯვებლად. იესო ნავეს ძე, რომელსაც მტკიცედ სწამდა იეჰოვას აღთქმების, ყველაფრის მოწმე იყო. ამგვარად, მას შეეძლო დარწმუნებით ეთქვა უხუცესებისთვის: „თქვენი გულითა და სულით შეიგნეთ, რომ არცერთი სიტყვა არ გაცუდებულა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს“ (იესო ნავეს ძე 23:14).
10 როგორც იესო ნავეს ძე წარსულში, ისე ქრისტიანები დღეს სრულიად დარწმუნებული არიან, რომ ღმერთს თავის მსახურებისთვის სიკეთე სურს და ამ სურვილის შესასრულებლად ძალაც შესწევს. ეს ფაქტი ჩვენი რწმენის განუყოფელი ნაწილია. პავლე მოციქული წერდა: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი . . . თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6).
ღმერთი წინასწარ ჭვრეტს მომავალს
11. რა ფაქტორები გვიჩვენებს, რომ ღმერთი შეასრულებს აღთქმულს?
11 როგორც უკვე ვნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი უშვებს ნების თავისუფლებასა და ადამიანთა დამოუკიდებელ მმართველობას, მას ძალაც აქვს და სურვილიც, განახორციელოს თავისი განზრახვა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც გარკვეულ როლს ასრულებს ღვთის აღთქმების განხორციელებაში, ეს არის მომავლის განჭვრეტის უნარი (ესაია 42:9). თავისი წინასწარმეტყველის მეშვეობით ღმერთმა განაცხადა: „გაიხსენეთ წინანდელნი, დასაბამიერნი, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა ღმერთი, არავინაა ჩემი მსგავსი. დასაბამითვე ვაცხადებ მომავალს და ძველიდანვე, რაც ჯერ არ მომხდარა. ვამბობ: აღსრულდება ჩემი განზრახული და ყოველ სურვილს ავასრულებ“ (ესაია 46:9, 10). გამოცდილმა მიწათმოქმედმა იცის, როდის და სად დათესოს თესლი, მაგრამ შეიძლება ზუსტად ვერ განსაზღვროს, როგორ რა იქნება. ‘საუკუნეთა მეფემ’ კი ზუსტად იცის წინასწარ, საკუთარი განზრახვის შესასრულებლად როდის და სად იმოქმედოს (1 ტიმოთე 1:17).
12. როგორ გამოავლინა იეჰოვამ შორსმჭვრეტელობა ნოეს დროს?
12 განვიხილოთ, ნოეს დროს როგორ ჭვრეტდა ღმერთი მომავალს. დედამიწაზე გავრცელებული ბოროტების გამო მან გადაწყვიტა, გაენადგურებინა ურჩი კაცობრიობა. ამისათვის დანიშნა დრო; ეს იქნებოდა 120 წლის შემდეგ (დაბადება 6:3). იეჰოვამ განსაზღვრა პერიოდი და გაითვალისწინა არა მხოლოდ ბოროტების განადგურება, რაც ნებისმიერ დროს შეეძლო, არამედ მართალთა გადარჩენაც (შეადარეთ დაბადების 5:29). ბრძენმა ღმერთმა წინასწარ იცოდა, ამ განზრახვის განსახორციელებლად, როდის რა გაეკეთებინა. მან დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა ნოეს; „თავისი სახლის გადასარჩენად“ მას კიდობანი უნდა აეშენებინა, ხოლო ბოროტები მსოფლიო წარღვნის დროს უნდა განადგურებულიყვნენ (ებრაელთა 11:7; დაბადება 6:13, 14 18, 19).
გრანდიოზული მშენებლობა
13, 14. რატომ იყო კიდობნის მშენებლობა ძნელად შესასრულებელი დავალება?
13 კიდობნის მშენებლობას ნოეს თვალით გადავხედოთ. ვინაიდან ნოე ღვთის კაცი იყო, მან იცოდა, რომ იეჰოვას უღვთოთა განადგურება შეეძლო, მაგრამ ვიდრე ამას აღასრულებდა ნოეს დავალება უნდა შეესრულებინა, რისთვისაც საჭირო იყო რწმენა. კიდობნის მშენებლობა გრანდიოზულ პროექტს წარმოადგენდა. ღმერთმა დაწვრილებით გააცნო ნოეს მისი ზომები; კიდობანი ხუთსართულიანი სახლის სიმაღლის უნდა ყოფილიყო და სიგრძით თანამედროვე სპორტულ მოედანზე მეტი (დაბადება 6:15). მშენებლები ბევრნი არ იყვნენ და ვერც გამოცდილებით დაიკვეხნიდნენ. მათ არც ამჟამად ცნობილი ტექნიკურად გამართული ხელსაწყოები და აპარატურა ჰქონდათ. გარდა ამისა, ნოე იეჰოვას მსგავსად შორსმჭვრეტელი არ იყო და მას არ ეცოდინებოდა წლების განმავლობაში მშენებლობას რა შეუწყობდა ხელს და რა — არა. მას ალბათ უამრავი კითხვა უტრიალებდა თავში. საიდან უნდა მოეტანა სამშენებლო მასალა? როგორ უნდა მოეყარა თავი ცხოველებისთვის? რა საკვები დასჭირდებოდა და რამდენი? ზუსტად როდის დაიწყებოდა წარღვნა?
14 გასათვალისწინებელი იყო სოციალური მდგომარეობაც. მეფობდა ბოროტება. ძლევამოსილმა ბუმბერაზებმა, ბოროტი ანგელოზებისა და ქალების შთამომავლობამ, დედამიწა ძალადობით აავსეს (დაბადება 6:1–4; 13). გარდა ამისა, კიდობნის მშენებლობა ისეთი რამ არ იყო, რაც საიდუმლოდ დარჩებოდა. ხალხი დაინტერესდებოდა, რას აკეთებდა ნოე და ისიც აუხსნიდა მათ (2 პეტრე 2:5). მოიწონებდნენ ისინი მოსმენილს? — საეჭვოა! რამდენიმე წლით ადრე ერთგული ენოქი ბოროტების აღსასრულზე წინასწარმეტყველებდა და ეს ცნობა ხალხს იმდენად არ მოსწონდა, რომ ღმერთმა „წაიყვანა იგი“ ანუ სიცოცხლე შეუმოკლა, როგორც ჩანს იმ მიზნით, რომ მტრების ხელით სიკვდილისგან დაეცვა (დაბადება 5:24; ებრაელთა 11:5; იუდა 14, 15). ნოეს არა მხოლოდ ასეთივე „არასასურველი“ ცნობა უნდა ექადაგა, არამედ კიდობანიც უნდა აეგო. მშენებლობისას ეს ნაგებობა შესანიშნავად დაანახვებდა ყველას ნოეს ერთგულებას უღვთო ადამიანების ფონზე!
15. რატომ სჯეროდა ნოეს, რომ შეძლებდა დავალებულის შესრულებას?
15 ნოემ იცოდა, რომ მშენებლობას ყოვლისშემძლე ღმერთი უჭერდა მხარს და კურთხევას არ იშურებდა. კიდობნის მშენებლობა ხომ თვითონ ღმერთის დავალება იყო! იეჰოვამ დაარწმუნა ნოე, რომ ის და მისი ოჯახი უკვე აშენებულ კიდობანში შევიდოდა და მსოფლიო წარღვნას გადაურჩებოდა. ამ სიტყვების უტყუარობა ღმერთმა აღთქმითაც დაადასტურა (დაბადება 6:18, 19). როგორც ჩანს, ნოეს ესმოდა, რომ დავალების მიცემამდე იეჰოვამ წინასწარ აწონ-დაწონა და გაითვალისწინა ყველაფერი. გარდა ამისა, დარწმუნებული იყო, რომ ღმერთს, აუცილებლობის შემთხვევაში, მისი დახმარების ძალაც შესწევდა. ამგვარად, ნოეს რწმენამ უბიძგა მოქმედებისკენ. მისი შთამომავლის, აბრაამის მსგავსად ნოე „გულდაჯერებული იყო, რომ ის [ღმერთი], ვინც აღუთქვა, შესრულებასაც შეძლებდა“ (რომაელთა 4:21).
16. როგორ მტკიცდებოდა ნოეს რწმენა კიდობნის მშენებლობასთან ერთად?
16 წლების სვლასა და კიდობნის მშენებლობასთან ერთად ნოეს რწმენაც მტკიცდებოდა. მშენებლობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები გადაიჭრა; განსაცდელები გადაილახა; ვერანაირი წინააღმდეგობა საქმეს ვერ შეაჩერებდა. ნოეს ოჯახი გრძნობდა იეჰოვას მხარდაჭერასა და დაცვას. ნოე გულმოდგინედ ასრულებდა სამუშაოს და „რწმენის გამოცდა მოთმინებას“ ასწავლიდა (იაკობი 1:2–4). საბოლოოდ, კიდობნის მშენებლობა დასრულდა, წარღვნაც მოვიდა და ნოე და მისი ოჯახიც გადარჩა. როგორც მოგვიანებით იესო ნავეს ძე, ნოე ღვთის აღთქმების შესრულების თვითმხილველი იყო. მისი რწმენა დაჯილდოვდა.
იეჰოვა მხარს უჭერს თავისი ხალხის საქმიანობას
17. რით არის ნოეს დღეების ანალოგი ჩვენი დრო?
17 იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ჩვენი დრო ნოეს დღეების მსგავსი იქნებოდა. ღმერთმა კვლავ გადაწყვიტა ბოროტეულთა განადგურება და კვლავ დათქვა საამისოდ დრო (მათე 24:36–39). მან ასევე დაიწყო მართალთა გადასარჩენი ღონისძიების მზადება. ნოესგან განსხვავებით, ღვთის ხალხს კიდობნის მშენებლობა კი არ უწევს, არამედ იეჰოვას განზრახვების გაცხადება, მისი სიტყვის სწავლება და მოწაფეების მომზადება (მათე 28:19).
18, 19. საიდან ვიცით, რომ კეთილი ცნობის ქადაგება იეჰოვას მხარდაჭერით მიმდინარეობს?
18 იეჰოვას მხარი რომ არ დაეჭირა და ძალები რომ არ მიეცა ნოესთვის, კიდობანი ვერ აშენდებოდა (შეადარეთ ფსალმუნის 126:1). დღესაც, იეჰოვას მხარდაჭერის გარეშე ჭეშმარიტი ქრისტიანები წარმატებებს ვერ მიაღწევენ რომ აღარაფერი ვთქვათ გადარჩენაზე. ამას მიხვდა პირველ საუკუნეში ცნობილი ფარისეველი და რჯულის მოძღვარი გამალიელი. როდესაც იუდეველთა სინედრიონმა მოციქულთა დახოცვა მოისურვა, მან გააფრთხილა ისინი: „ჩამოშორდით ამ ხალხს და მოეშვით მათ, ვინაიდან, თუ კაცისაგან არის ეს ზრახვა ანდა საქმე, ჩაიფუშება. ხოლო თუ ღვთისაგან არის, მაშინ თქვენ ვერ ჩაფუშავთ მას და, ვაითუ, ღვთის მოწინააღმდეგენი აღმოჩნდეთ“ (საქმეები 5:38, 39).
19 სამქადაგებლო საქმიანობის წარმატებებმა როგორც პირველ საუკუნეში, ასევე ჩვენს დროშიც აჩვენა, რომ კაცისგან კი არა, ღვთისგან არის. შემდეგ სტატიაში განხილული იქნება ზოგიერთი ვითარებები და მოვლენები, რამაც განაპირობა ამ საქმიანობის ასე მასშტაბური და წარმატებული განხორციელება.
ნუ დაკარგავ იმედს!
20. ვინ გვიჭერს მხარს კეთილი ცნობის ქადაგების საქმეში?
20 მიუხედავად იმისა, რომ ‘საზარელ ჟამს’ ვცხოვრობთ, შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ იეჰოვა ყველაფერს ხედავს. ამ ბოროტი სისტემის აღსასრულის დადგომამდე ის მხარს უჭერს და აძლიერებს თავის ხალხს კეთილი ცნობის ქადაგების შესასრულებლად (2 ტიმოთე 3:1; მათე 24:14). იეჰოვა გვიწვევს მის ‘თანამშრომლებად’ (1 კორინთელთა 3:9). ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ ამ საქმეში ქრისტე იესოც ჩვენთან არის და შეგვიძლია ანგელოზების ხელმძღვანელობასა და მხარდაჭერასაც მივენდოთ (მათე 28:20; გამოცხადება 14:6).
21. რისი იმედი არ უნდა დავკარგოთ არასდროს?
21 ნოე და მისი ოჯახი წარღვნას მხოლოდ და მხოლოდ იეჰოვას აღთქმებისადმი რწმენით გადაურჩა. ისინი, რომლებიც დღეს ასეთივე რწმენას ავლენენ, გადაურჩებიან ‘დიდ გასაჭირს’ (გამოცხადება 7:14). ჩვენ ნამდვილად ამაღელვებელ ეპოქაში ვცხოვრობთ. მნიშვნელოვანი მოვლენები ჯერ კიდევ წინ არის! მალე, ღმერთი ამოქმედდება, რომ დაამყაროს დიდებული ახალი ცა და ახალი მიწა, სადაც დამკვიდრებულია სიმართლე (2 პეტრე 3:13). ნურასოდეს, ნურასოდეს დაკარგავ იმედს, ვინაიდან ღმერთი თუ ამბობს შეასრულებს კიდეც (რომაელთა 4:21).
გასამეორებელი პუნქტები
◻ რატომ არ აკონტროლებს იეჰოვა ადამიანის საქმიანობის ყოველ წვრილმანს?
◻ როგორ გამოჩნდა ისრაელებთან დაკავშირებით, რომ იეჰოვას თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად შესწევს ძალა?
◻ როგორ გახდა ცხადი ნოეს დროს, რომ იეჰოვას შეუძლია მომავლის განჭვრეტა?
◻ რამდენად შეგვიძლია დღეს დარწმუნებული ვიყოთ ღვთის აღთქმების შესრულებაში?