თავი მერვე
ცრუ რელიგია — მისი დრამატული აღსასრული ნაწინასწარმეტყველებია
1, 2. ა) რატომ არის ზოგისთვის ძნელად წარმოსადგენი, რომ მალე მსოფლიო რელიგიური მდგომარეობა ძირეულად შეიცვლება? ბ) საიდან ვიცით, რომ ესაიას 47-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველება მომავალშიც შესრულდება? გ) რატომ არის „დიდი ბაბილონი“ ყველა ცრუ რელიგიის შესაფერისი სახელწოდება?
„რელიგია ბრუნდება“, — ასეთი ცნობა გაავრცელა ჟურნალ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ ერთ-ერთმა სტატიამ. მასში აღნიშნული იყო, რომ რელიგიას კვლავ უპყრია მილიონობით ადამიანის გული და გონება. ამიტომაც ძნელად წარმოსადგენია, რომ მალე მსოფლიო რელიგიური მდგომარეობა ძირეულად უნდა შეიცვალოს. მაგრამ ესაიას 47-ე თავში სწორედ ამგვარი ცვლილებაა მოხსენიებული.
2 ესაიას სიტყვები 2500 წლის წინათ შესრულდა. მაგრამ ესაიას 47:8-ის სიტყვები გამოცხადების წიგნშია ციტირებული და მომავალშიც უნდა შესრულდეს. ბიბლიის ამ მონაკვეთში მეძავთან შედარებული ორგანიზაციის, „დიდ ბაბილონად“ წოდებული ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობლის, აღსასრულია ნაწინასწარმეტყველები (გამოცხადება 16:19). სახელწოდება „ბაბილონი“ ნამდვილად შესაფერისია მსოფლიო ცრუ რელიგიებისთვის, რადგან ცრუ რელიგია სწორედ ძველ ბაბილონში ჩაისახა, საიდანაც მთელი დედამიწის ზურგზე გავრცელდა (დაბადება 11:1—9). ბაბილონში წარმოშობილი ისეთი რელიგიური დოქტრინები, როგორიცაა სულის უკვდავება, ჯოჯოხეთი და სამპიროვან ღვთაებათა თაყვანისცემა, ქრისტიანული სამყაროს ჩათვლით, ფაქტობრივად, ყველა რელიგიაშია დამკვიდრებულიa. ჰფენს თუ არა ნათელს ესაიას წინასწარმეტყველება რელიგიის მომავალს?
მტვერში დასმული ბაბილონი
3. აღწერეთ მსოფლიო მპყრობელი ბაბილონის დიდებულება.
3 ნახეთ, ღვთის შთაგონებით რა ამაღელვებელ სიტყვებს წარმოთქვამს ესაია: «ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ბაბილონის ასულო [„ქალწულო ასულო“, აქ]! დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო! რადგან აღარ გერქმევა ნაზი და ნებიერი» (ესაია 47:1). წლების მანძილზე ბაბილონი მსოფლიო მპყრობლის ტახტზეა დაბრძანებული. ის „სამეფოთა მშვენებაა“ — რელიგიური, სავაჭრო და სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ცენტრი (ესაია 13:19). აღზევების პერიოდში იმპერია სამხრეთისკენ ეგვიპტემდე აფართოებს საზღვრებს. ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმის დამარცხებისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თვით ღმერთსაც კი არ ძალუძს მისი დაპყრობითი ომების შეჩერება! ამიტომაც ბაბილონს თავი „ქალწული ასული“ ჰგონია, რომლის მიწა-წყალზე ვერასდროს შეიჭრება უცხო ხალხიb.
4. რა დაემართება ბაბილონს?
4 ყველაფრის მიუხედავად, ამ ქედმაღალ „ქალწულს“, მსოფლიოს ერთპიროვნულ მმართველს, ტახტიდან ჩამოგდება და ‘მტვერში ჩაჯდომა’, ანუ დამცირება ელის (ესაია 26:5). ის აღარასდროს იქნება უდარდელი დედოფალივით „ნაზი და ნებიერი“. იეჰოვა უბრძანებს მას: „აიღე დოლაბი და დაფქვი ფქვილი; მოიხადე პირბადე, აიკრიფე კალთები, გაიშიშვლე წვივები და გადადი მდინარეებზე“ (ესაია 47:2). ერთ დროს მთელი იუდას დამმონებელი ბაბილონი თავად იქცევა მონად! მიდიელები და სპარსელები, რომლებიც ხელში აიღებენ ძალაუფლებას, მას დამამცირებელ სამუშაოს შეასრულებინებენ თავიანთ სასარგებლოდ.
5. ა) როგორ ‘მოეხდება პირბადე და აეკრიფება კალთები’ ბაბილონს? ბ) რას შეიძლება ნიშნავდეს ბრძანება: „გადადი მდინარეებზე“?
5 ბაბილონს ‘მოეხდება პირბადე და აეკრიფება კალთები’, რის შემდეგაც მისი ძლიერებისა და დიდებულების კვალიც აღარ დარჩება. „გადადი მდინარეებზე“, — უბრძანებენ მას ბატონები. ალბათ, ზოგ ბაბილონელს ღია ცის ქვეშ მონური სამუშაოს შესრულება მოუწევს. შესაძლებელია, წინასწარმეტყველება იმასაც ნიშნავდეს, რომ ზოგ მათგანს, პირდაპირი გაგებით, გადაიყვანენ მდინარეებზე, როდესაც ტყვეებად წაასხამენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბაბილონს აღარასდროს ატარებენ პატივით, როგორც დედოფალს, რომელიც ნაკადულებზე ტახტით ან ეტლით გადაჰყავთ. მას მონასავით მოუწევს მოქცევა, რომელიც იძულებულია, მოურიდებლად კალთები აიკრიფოს და წვივები გაიშიშვლოს მდინარეზე გადასასვლელად. რა დამამცირებელია!
6. ა) რა გაგებით გაშიშვლდება ბაბილონის სარცხვინელი? ბ) რას ნიშნავს ღვთის სიტყვები „არავის შევხვდები კეთილად“? (იხილეთ სქოლიო).
6 იეჰოვა განაგრძობს მის დამცირებას: «გაშიშვლდება შენი სარცხვინელი და გამოჩნდება შენი აუგი. შურს ვიძიებ და ვერავინ დამაკავებს [„არავის შევხვდები კეთილად“, აქ]» (ესაია 47:3)c. დიახ, ბაბილონს სირცხვილი და შეურაცხყოფა ელის. მის მიერ ღვთის ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ბოროტება და სისასტიკე მხილებულ იქნება. ვერც ერთი ადამიანი ვერ შეუშლის ხელს ღვთის შურისგებას!
7. ა) რა რეაქცია ექნებათ იუდაელ ტყვეებს ბაბილონის დაცემაზე? ბ) როგორ გამოისყიდის იეჰოვა თავის ხალხს?
7 ძლევამოსილ ბაბილონში 70-წლიანი ტყვეობის შემდეგ ღვთის ხალხი უსაზღვროდ გაიხარებს მისი დაცემით. ისინი ერთხმად შესძახებენ: «ჩვენი მხსნელი [„გამომსყიდველი“, აქ] — ცაბაოთ უფალია [„ლაშქართა იეჰოვაა, აქ] მისი სახელი — ისრაელის წმიდაა» (ესაია 47:4). მოსეს რჯულის მიხედვით, თუ რომელიმე ისრაელი ვალის გადახდის მიზნით ვინმეს მონად მიეყიდებოდა, გამომსყიდველს (სისხლით ნათესავს) შეეძლო მისი მონობიდან გამოხსნა, ანუ გამოსყიდვა (ლევიანნი 25:47—54). რადგანაც იუდაელები ბაბილონელთა მონებად იქნებიან გაყიდული, საჭირო გახდება მათი გამოსყიდვა, ანუ გათავისუფლება. მონებისთვის, ჩვეულებრივ, სხვა ქვეყნის მიერ დაპყრობა მხოლოდ ბატონის შეცვლას ნიშნავს. მაგრამ იეჰოვა დამპყრობელ მეფე კიროსს აღძრავს, მონობიდან გაათავისუფლოს იუდაელები. ეგვიპტე, ქუში და საბა იუდაელთა „გამოსასყიდად“ მიეცემა კიროსს (ესაია 43:3). შესაბამისად, ისრაელის გამომსყიდველს „ლაშქართა იეჰოვა“ ჰქვია. ბაბილონის ვითომ უძლეველი ჯარები სრულიად უმნიშვნელოა იეჰოვას უხილავ ანგელოზების ლაშქართან შედარებით.
სისასტიკის საზღაური
8. რა გაგებით ‘წავა ბნელში’ ბაბილონი?
8 იეჰოვა ბაბილონისთვის გამოტანილი წინასწარმეტყველური განაჩენის გაცხადებას განაგრძობს: „იჯექი მდუმარედ და წადი ბნელში, ქალდეველთა ასულო, რადგან აღარ გერქმევა სამეფოთა დედოფალი“ (ესაია 47:5). ბაბილონს ბნელი მოიცავს. ის სასტიკი დედოფალივით ვეღარასდროს იბატონებს სხვა სამეფოებზე (ესაია 14:4).
9. რატომ რისხდება იეჰოვა იუდაელებზე?
9 პირველ რიგში, რის გამო დაუშვა ღმერთმა, რომ ბაბილონს ღვთის ხალხი დაეჩაგრა? იეჰოვა ამბობს: «განრისხებული ვარ ჩემს ხალხზე, ტალახად ვაქციე [„შევბღალე“, აქ] ჩემი წილხვდომილი და ხელში მოგეცი ისინი» (ესაია 47:6ა). იეჰოვას ნამდვილად აქვს იუდაელებზე განრისხების მიზეზი. მას გაფრთხილებული ჰყავდა ისინი, რომ რჯულისადმი დაუმორჩილებლობის გამო თავიანთი ქვეყნიდან განიდევნებოდნენ (მეორე რჯული 28:64). როდესაც კერპთაყვანისმცემლობაში გაებნენ და სექსუალური უზნეობის ჩადენა დაიწყეს, იეჰოვა სიყვარულით უგზავნიდა ხალხს წინასწარმეტყველებს, რათა მათი დახმარებით წმინდა თაყვანისმცემლობას დაბრუნებოდნენ. მაგრამ „ისინი აბუჩად იგდებდნენ მოციქულებს, არად აგდებდნენ მის სიტყვებს და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს, ვიდრე ერს უფლისაგან უსაშველო რისხვა არ დაატყდა“ (მეორე ნეშტთა 36:16). ამიტომაც ღმერთი უშვებს თავისი კუთვნილი იუდას შელახვას, როდესაც ბაბილონი იპყრობს ქვეყანას და მის წმინდა ტაძარს ბილწავს (ფსალმუნი 78:1; ეზეკიელი 24:21).
10, 11. რატომ რისხდება იეჰოვა ბაბილონზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნებით იპყრობს ბაბილონი იუდაელებს?
10 თუ მხედველობაში მივიღებთ ყოველივე ამას, განა ბაბილონი ღვთის ნებას არ ასრულებს იუდაელების დამონებით? არა, რადგანაც ღმერთი ამბობს: „არ მოეპყარი მათ სიბრალულით, მოხუცებულს დიდად დაუმძიმე უღელი. შენ კი თქვი: საუკუნოდ ვარო ქალბატონი! გულთან არ გაგიკარებია ეს ამბები, არ გიფიქრია მათ აღსასრულზე“ (ესაია 47:6ბ, 7). ღმერთს არ უბრძანებია ბაბილონელთათვის, უკიდურესი სისასტიკით ემოქმედათ და „მოხუცებულსაც“ კი არ მოპყრობოდნენ სიბრალულით (გოდება იერემიასი 4:16; 5:12). მას არც ის უთქვამს, რომ სადისტურად შეექციათ თავი თავიანთი იუდაელი ტყვეების დაცინვით (ფსალმუნი 136:3).
11 ბაბილონი ვერ ხვდება, რომ იუდაელებზე მისი ბატონობა დროებითია. ის უგულებელყოფს ესაიას გაფრთხილებას, რომ თავის დროზე იეჰოვა გაათავისუფლებს თავის ხალხს. ის ისე იქცევა, თითქოს იუდაელებზე მარადიული ბატონობის უფლება ჰქონდეს მიცემული და დამორჩილებული ერების საუკუნო ქალბატონი იყოს. ის უყურადღებოდ ტოვებს ცნობას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი ბატონობის „აღსასრულიც“ დადგება!
ბაბილონის დაცემა ნაწინასწარმეტყველებია
12. რატომ ეწოდება ბაბილონს „განცხრომილი ქალი“?
12 იეჰოვა აცხადებს: «ახლა კი ისმინე ეს, გაფუფუნებულო [„განცხრომილო ქალო“, აქ], მშვიდად რომ ზიხარ და გულში ფიქრობ: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო. ქვრივად არ ვიჯდები და არც შვილმკვდარი ვიქნებიო» (ესაია 47:8). ბაბილონს სახელი აქვს განთქმული, როგორც განცხრომათა მოყვარულ ქალაქს. ძვ. წ. V საუკუნის ისტორიკოსი ჰეროდოტე აღწერს ბაბილონელთა „ყველაზე სამარცხვინო“ ჩვეულებას, რომლის მიხედვითაც, თითოეული ქალის მოვალეობაა მეძაობით მიაგოს პატივი სიყვარულის ქალღმერთს. ძველი დროის ისტორიკოსი კურციუსიც ამავეს აღნიშნავს: „ვერავითარი უწმინდურება ვერ აღემატება ქალაქის ჩვეულებებს; ზნეობრივი გახრწნის ვერავითარი გამუდმებული მსვლელობა ვერ მისცემს ამაზე მეტ ბიძგს თავაშვებულობას და ვერ იქნება ამაზე მეტი საცდური“.
13. როგორ დააჩქარებს ბაბილონის დაცემას განცხრომათა სიყვარული?
13 განცხრომათა სიყვარული დააჩქარებს ბაბილონის დაცემას. ქალაქის დაცემის წინ მეფე და მისი დიდებულები შუა ლხინში ღვინით იქნებიან გალეშილი. ისინი ყურადღებასაც არ მიაქცევენ მიდია-სპარსეთის ჯარებს, რომლებიც თავს დაესხმიან ბაბილონს (დანიელი 5:1—4). ბაბილონი ‘მშვიდად ზის’ და იმედოვნებს, რომ, ერთი შეხედვით, მიუდგომელი კედლები და თხრილი დაიცავს დამპყრობლებისგან. ის ფიქრობს, რომ „არავინ არის“ ისეთი, ვინც ხელში ჩაიგდებს მის ძალაუფლებას. ვერც კი წარმოუდგენია, რომ შეიძლება ‘დაქვრივდეს’, დაკარგოს თავისი დიდებული მმართველი და მასთან ერთად ‘შვილები’, ანუ მოსახლეობა. მაგრამ ვერავითარი კედელი ვერ დაიცავს მას იეჰოვას შურისმაძიებელი ხელისგან, როდესაც ის შურს იძიებს! მოგვიანებით იეჰოვა იტყვის: „თუმცა ცად აღწევდა ბაბილონი, თუმცა ზესკნელში დაამყარა თავისი სიმაგრე, ჩემგან მიუვლენ მაოხარნი“ (იერემია 51:53).
14. როგორ ეწევა ბაბილონს „შვილმკვდარობა და ქვრივობა“?
14 რა დაემართება ბაბილონს? იეჰოვა განაგრძობს: „მოვა შენზე წამისყოფით ერთ დღეს ეს ორივე, შვილმკვდარობა და ქვრივობა. სრულად გეწევა შენ ეს, არ გიშველის შენი ურიცხვი გრძნეულებები, შენი მაგარი ჯადოები“ (ესაია 47:9). დიახ, ბაბილონი უეცრად დაკარგავს მსოფლიო მპყრობლის ძალაუფლებას. დაქვრივება და შვილების სიკვდილი ძველად აღმოსავლეთის ქვეყნებში ყველაზე დიდი უბედურება იყო ქალისთვის. ჩვენ არ ვიცით, რამდენ „შვილს“ კარგავს ბაბილონი დაცემის ღამესd. მაგრამ თავის დროზე ქალაქი სრულიად გაუკაცრიელდება (იერემია 51:29). ის იმ გაგებითაც დაქვრივდება, რომ მის მეფეებს ტახტიდან ჩამოყრიან.
15. გარდა იმისა, რომ ბაბილონი სასტიკად ეპყრობა იუდაელებს, კიდევ რის გამო რისხდება იეჰოვა?
15 იეჰოვა მხოლოდ იმის გამო როდი რისხდება, რომ ბაბილონი ცუდად ეპყრობა იუდაელებს. „ურიცხვი გრძნეულებებიც“ იწვევს მის გულისწყრომას. ღვთის მიერ ისრაელისთვის მიცემული რჯული გმობს სპირიტიზმს; ბაბილონში კი ფართოდ არის გავრცელებული ოკულტიზმი (მეორე რჯული 18:10—12; ეზეკიელი 21:26). ასურელებისა და ბაბილონელების შესახებ გამოცემულ ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია, რომ ბაბილონელები მთელი ცხოვრების მანძილზე „დემონების მოშიშნი იყვნენ, რომლებიც, როგორც ფიქრობდნენ, მრავლად არსებობდნენ მათ გარშემო“ (Social Life Among the Assyrians and Babylonians).
სიავის იმედი
16, 17. ა) როგორ ‘ამყარებს იმედს თავის სიავეზე’ ბაბილონი? ბ) რატომ არის გარდაუვალი ბაბილონის აღსასრული?
16 გადაარჩენენ ბაბილონს თავისი მარჩიელები? იეჰოვა ამბობს: „შენი სიავის იმედი გქონდა, ამბობდი: არავინ არის ჩემი დამნახავიო. შენი სიბრძნე და ცოდნა გაცთუნებდა და ამბობდი გულში: მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არისო“ (ესაია 47:10). ბაბილონს ჰგონია, რომ თავისი განათლებითა და რელიგიური სიბრძნით, სამხედრო ძლიერებითა და ულმობლობით შესძლებს მსოფლიო მპყრობლის მდგომარეობის შენარჩუნებას. ის ფიქრობს, რომ არავინ არის მისი „დამნახავი“ ანუ პასუხს ვერავინ აგებინებს ბოროტებაზე. გარდა ამისა, მეტოქესაც ვერ ამჩნევს ჰორიზონტზე. „მე ვარ და ჩემს მეტი არავინ არის“, — ამბობს ის.
17 იეჰოვა თავის წინასწარმეტყველთა პირით გამაფრთხილებელ სიტყვებს წარმოთქვამს: „სამალავშიც რომ დაიმალოს კაცი, ვერ დავინახავ?“ (იერემია 23:24; ებრაელთა 4:13). ამიტომაც ის აცხადებს: «გეწევა უბედურება და არ გეცოდინება მისი სახსარი [„შელოცვა“, აქ], ჭირი დაგატყდება და ვერ აირიდებ; ანაზდად გეწევა განადგურება, ვერც გაიგებ» (ესაია 47:11). ვერც ბაბილონელთა ღმერთები და ვერც მათ გრძნეულთა „შელოცვა“ ვერ აარიდებინებენ ბაბილონს მოსალოდნელ უბედურებას, რომლის მსგავსიც არასდროს დასტეხია თავს!
ბაბილონის მოთათბირენი ვერაფერს ხდებიან
18, 19. რატომ იქნება ბაბილონისთვის დამღუპველი თავის მოთათბირეებზე მინდობა?
18 იეჰოვა დამცინავად მოუწოდებს ბაბილონს: „იდექი შენს ჯადოებზე და შენს უამრავ გრძნეულებებზე, რისთვისაც ზრუნავდი სიყმაწვილიდანვე! იქნებ გიშველოს, იქნება ზარი დასცე“ (ესაია 47:12). ბაბილონი თავის ჯადოებზე უნდა ‘იდგეს’ ანუ კვლავაც ჯადოსნობაზე უნდა იყოს მინდობილი. მთელმა ერმა ხომ ბაბილონის „სიყმაწვილიდანვე“ დიდი ძალ-ღონე მოახმარა ოკულტიზმის განვითარებას.
19 იეჰოვა კვლავ დამცინავად ეუბნება ბაბილონს: «დაღლილი ხარ ბევრი თათბირისგან; აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი [„თაყვანისმცემელნი“, აქ], ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისგან!» (ესაია 47:13)e. ბაბილონის მოთათბირენი სრულ მარცხს განიცდიან. მართალია, გასული საუკუნეების ასტრონომიული დაკვირვებების საფუძველზე განვითარებული იქნება ბაბილონური ასტროლოგია, მაგრამ ბაბილონის დაცემის ღამეს ასტროლოგთა სრული წარუმატებლობა გამოააშკარავებს ბედის წინასწარმეტყველების ამაოებას (დანიელი 5:7, 8).
20. რა დაემართებათ ბაბილონის მოთათბირეებს?
20 იეჰოვა წინასწარმეტყველების ამ ნაწილს შემდეგი სიტყვებით ამთავრებს: „აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისაგან; ნაკვერცხალიც არ დარჩა გასათბობად, არც ცეცხლი მის წინ დასაჯდომად! ასე იქნებიან შენთვის ისინი, ვისთანაც შრომობდი და სავაჭროდ დადიოდი სიყმაწვილიდანვე. ყველა თავის გზაზე წახეტიალდება, შენი მშველელი კი არავინ იქნება“ (ესაია 47:14, 15). დიახ, მოახლოვდა დრო, როდესაც თითქოს ცეცხლით გადაიბუგებიან ცრუ მოთათბირენი. ეს სასიამოვნო კოცონი კი არ იქნება, რომლის გარშემოც ხალხი თბება, არამედ გამანადგურებელი და მშთანთქმელი ცეცხლი, რომელიც გამოააშკარავებს, რომ ცრუ მოთათბირენი უსარგებლო ჩალის გროვა ყოფილან. ამიტომაც, რასაკვირველია, ბაბილონის მოთათბირენი თავზარდაცემულნი გაიქცევიან! ბაბილონს უკანასკნელი საყრდენი გამოეცლება, რის შემდეგაც არავინ იქნება მისი მშველელი. მას ზუსტად ის დაემართება, რასაც იერუსალიმს დამართებს (იერემია 11:12).
21. როგორ და როდის შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები?
21 ღვთის შთაგონებით წარმოთქმული ამ სიტყვების შესრულება ძვ. წ. 539 წელს იწყება. მიდიისა და სპარსეთის ჯარები კიროსის მეთაურობით ხელში იგდებენ ქალაქს და სიცოცხლეს ასალმებენ მეფე ბელშაცარს (დანიელი 5:1—4, 30). ბაბილონი ერთ ღამეში კარგავს მსოფლიო მპყრობლის ძალაუფლებას. ამით მთავრდება სემიტების მრავალსაუკუნოვანი ბატონობის პერიოდი და მსოფლიოში არიელთა ბატონობა იწყება. ბაბილონი საუკუნეების განმავლობაში კნინდება. ახ. წ. IV საუკუნისთვის მის ადგილზე მხოლოდ „ნანგრევებია“ შემორჩენილი (იერემია 51:37). ესაიას წინასწარმეტყველება ზედმიწევნით სრულდება.
თანამედროვე ბაბილონი
22. რას გვასწავლის სიამაყესთან დაკავშირებით ბაბილონის დაცემა?
22 ესაიას წინასწარმეტყველება მრავალ რამეზე დასაფიქრებლად აღგვძრავს. ერთი მხრივ, ის ხაზგასმით აღნიშნავს, თუ რამდენად სახიფათოა სიამაყე და ქედმაღლობა. ამპარტავნული ბაბილონის დაცემა ადასტურებს ბიბლიური იგავის ჭეშმარიტებას: „დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას — ქედმაღლობა“ (იგავნი 16:18). სიამაყე ზოგჯერ სძლევს ხოლმე ჩვენს არასრულყოფილ ბუნებას, მაგრამ ‘კადნიერებას’ შეუძლია ‘სირცხვილსა და ეშმაკის მახეში გაგვაბას’ (1 ტიმოთე 3:6, 7). ამიტომაც კარგი იქნება, მივყვეთ იაკობის რჩევას: „დამდაბლდით უფლის წინაშე და იგი აგამაღლებთ თქვენ“ (იაკობი 4:10).
23. ვისზე მინდობაში გვეხმარება ესაიას წინასწარმეტყველება?
23 გარდა ამისა, ესაიას წინასწარმეტყველური სიტყვები გვეხმარება, მივენდოთ იეჰოვას, რომელიც თავის ყველა მოწინააღმდეგეზე ძლიერია (ფსალმუნი 23:8; 33:8; 49:15; 90:14, 15). ეს ნამდვილად მანუგეშებელი შეხსენებაა ამ მძიმე დღეებში. როდესაც იეჰოვაზე ვართ მინდობილი, უფრო მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი მის წინაშე უმწიკვლობის შენარჩუნება, რადგან ვიცით, რომ «მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან [„უმწიკვლო“, აქ] კაცს» (ფსალმუნი 36:37, 38). ყოველთვის გონივრულია, იეჰოვას მივენდოთ და საკუთარი ძალებით არ შევეცადოთ სატანის „ხრიკებთან“ გამკლავებას (ეფესელთა 6:10—13, აქ, სქოლიო).
24, 25. ა) რატომ არის ასტროლოგია ალოგიკური, მაგრამ რატომ იზიდავს ხალხს? ბ) რა მიზეზების გამო არ ექცევიან ქრისტიანები ცრურწმენის ზეგავლენის ქვეშ?
24 ყურადსაღები გაფრთხილება გვეძლევა, რომ მოვერიდოთ სპირიტიზმს, განსაკუთრებით კი ასტროლოგიას (გალატელთა 5:20, 21). ბაბილონის დაცემის შემდეგ ასტროლოგიას არ დაუკარგავს ხალხზე თავისი ზეგავლენა. საინტერესოა, რომ წიგნ „ძველი სამყაროს უდიდესი ქალაქების“ თანახმად, ბაბილონელთა მიერ დაფიქსირებულმა თანავარსკვლავედებმა „გადაინაცვლეს“ თავიანთი ძველი ადგილმდებარეობიდან, რითაც „სრულ უაზრობად იქცა [ასტროლოგიის] მთელი იდეა“. მიუხედავად ამისა, ასტროლოგია კვლავაც პოპულარულია. ბევრი გაზეთი მკითხველს ჰოროსკოპებს სთავაზობს.
25 რა აღძრავს ხალხს — მათ შორის საკმაოდ განათლებულ ადამიანებსაც კი — ვარსკვლავებს მიმართონ რჩევისთვის ან სხვა უსარგებლო, ცრურწმენაზე დაფუძნებული საქმეებით დაკავდნენ? ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია: „ცრურწმენა, ალბათ, მანამდე იარსებებს, სანამ ხალხს ერთმანეთის შიში ექნება და არ ეცოდინებათ, რას მოუტანთ მომავალი“. შიშმა და გაურკვევლობამ, შესაძლებელია, ხალხი ცრუმორწმუნეობამდე მიიყვანოს. მათგან განსხვავებით, ქრისტიანები ერიდებიან ცრურწმენას. მათ არ ეშინიათ ადამიანის, რადგან იეჰოვაა მათი მხარდამჭერი (ფსალმუნი 6:5—11). მათთვის არც მომავალია გაურკვეველი; მათ იციან იეჰოვას განზრახვები, რომლებიც ღმერთმა თავად განაცხადა, და დარწმუნებული არიან, რომ „აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად“ (ფსალმუნი 32:11). იეჰოვას განზრახვებთან შეთანხმებული ცხოვრება მათთვის მომავალში ბედნიერი და ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტიაა.
26. როგორ დამტკიცდა, რომ ‘ამაოა ბრძენთა მსჯელობა’?
26 უკანასკნელ წლებში ბევრმა „მეცნიერული“ გზებით სცადა მომავლის განსაზღვრა. ერთ-ერთი დარგიც კი ჩამოყალიბდა — ფუტუროლოგია — რომელიც „თანამედროვე ტენდენციებზე დაყრდნობით შესაძლო მომავალს სწავლობს“. მაგალითად 1972 წელს „რომის კლუბის“ სახელწოდებით ცნობილმა აკადემიკოსთა და ბიზნესმენთა ჯგუფმა ივარაუდა, რომ 1992 წლისთვის მსოფლიოში ოქროს, ვერცხლისწყლის, თუთიისა და ნავთობის მარაგი გამოილეოდა. ცხადია, მსოფლიოში 1972 წლიდან მრავალმა შემაშფოთებელმა პრობლემამ იჩინა თავი, მაგრამ ეს ვარაუდი სრულიად მცდარი გამოდგა. დედამიწის წიაღში დღესაც არსებობს ოქროს, ვერცხლისწყლის, თუთიისა და ნავთობის მარაგი. ადამიანს მრავალჯერ უცდია მომავლის წინასწარმეტყველება, მაგრამ მისი ვარაუდი არასდროს გამართლებულა. ნამდვილად ‘ამაოა ბრძენთა მსჯელობა’! (1 კორინთელთა 3:20, აქ).
დიდი ბაბილონის მოახლოებული აღსასრული
27. როდის და როგორ დაეცა დიდი ბაბილონი, როგორც ძველი ბაბილონი — ძვ. წ. 539 წელს?
27 თანამედროვე რელიგიებმა ძველ ბაბილონში არსებული მრავალი წარმოდგენა უკვდავჰყვეს. ამიტომაც ცრუ რელიგიის მსოფლიო მპყრობელს სათანადოდ ეწოდება დიდი ბაბილონი (გამოცხადება 17:5). მსოფლიო რელიგიათა ეს კონგლომერატი უკვე დაეცა ისე, როგორც ძველი ბაბილონი — ძვ. წ. 539 წელს (გამოცხადება 14:8; 18:2). 1919 წელს ქრისტეს ძმების დარჩენილი ნაწილი გათავისუფლდა სულიერი ტყვეობიდან, რის შემდეგაც თავი დააღწია დიდი ბაბილონის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის, ქრისტიანული სამყაროს, რელიგიურ ზეგავლენას. ამ დროიდან ბევრ ქვეყანაში შემცირდა ქრისტიანული სამყაროს დიდი ზეგავლენა.
28. რას იკვეხნის დიდი ბაბილონი, მაგრამ რა ელის მას?
28 ცრუ რელიგიის ზემოხსენებული დაცემა მხოლოდ მისი სრული განადგურების წინა ეტაპი იყო. საინტერესოა, რომ დიდი ბაბილონის განადგურების შესახებ წინასწარმეტყველება, რომელსაც გამოცხადების წიგნში ვკითხულობთ, ძლიერ ჰგავს ესაიას 47:8, 9-ში მოცემულ წინასწარმეტყველებას. ძველი ბაბილონის მსგავსად, თანამედროვე დიდი ბაბილონი ამბობს: „დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო“. მაგრამ „ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას“. ამიტომაც ესაიას 47-ე თავში მოცემული წინასწარმეტყველება აფრთხილებს ყველას, ვინც ჯერ კიდევ ცრუ რელიგიაშია გაერთიანებული. ვისაც არ სურს მასთან ერთად განადგურება, ყურად უნდა იღოს ღვთის მოწოდება: „გამოერიდე მას“! (გამოცხადება 18:4, 7, 8).
[სქოლიოები]
a ცრუ რელიგიური შეხედულებების წარმოშობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „კაცობრიობა ღვთის ძიებაში“ (ინგლ.), გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
b ებრაულში „ბაბილონის ქალწული ასული“ იდიომია, რომელიც ბაბილონს ან მის მცხოვრებლებს ეხება. ის „ქალწულია“ იმ გაგებით, რომ დამპყრობლის მიერ არასდროს გაძარცულა მას შემდეგ, რაც მსოფლიო მპყრობელი გახდა.
c ებრაულ გამოთქმას, რომელიც ნათარგმნია, როგორც „არავის შევხვდები კეთილად“, სწავლულები „ძალზე ძნელად სათარგმნ ფრაზად“ მიიჩნევენ. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სიტყვას „კეთილად“ იმ აზრის გადმოსაცემად იყენებს, რომ ბაბილონის დახსნის ნება არავითარ გარეშე ძალას არ მიეცემა. ებრაული საგამომცემლო საზოგადოების მიერ გამოცემულ თარგმანში ეს ფრაზა ასეთი სახით გვხვდება: „არავის მივცემ ჩარევის ნებას“.
d რაიმონდ ფილიპ დოუერტის წიგნ „ნაბონიდსა და ბელშაცარში“ აღნიშნულია, რომ „ნაბონიდის ქრონიკისგან“ განსხვავებით, რომლის თანახმადაც დამპყრობლებმა „უბრძოლველად“ აიღეს ბაბილონი, ბერძენ ისტორიკოს ქსენოფონტის აზრით, ქალაქი დიდი სისხლისღვრით უნდა აღებულიყო.
e სიტყვებს „ცათა თაყვანისმცემელნი“ ზოგი „ცათა დამყოფებად“ თარგმნის. ეს ჰოროსკოპების შესადგენად ცის ზონებად დაყოფას უნდა ეხებოდეს.
[სურათები 111 გვერდზე]
განცხრომათა მოყვარული ბაბილონი მიწასთან გასწორდება.
[სურათი 114 გვერდზე]
ბაბილონის ასტროლოგები ვერ შესძლებენ ქალაქის დაცემის წინასწარმეტყველებას.
[სურათი 116 გვერდზე]
ბაბილონელთა ასტროლოგიური კალენდარი (ძვ. წ. პირველი ათასწლეული).
[სურათები 119 გვერდზე]
თანამედროვე ბაბილონის აღსასრული მოახლოებულია.