თავი მეათე
„კეთილგანწყობილების ჟამი“
1, 2. ა) რა კურთხევა მიიღო ესაიამ? ბ) ვის ეხება ესაიას წინასწარმეტყველების 49-ე თავის პირველ ნაწილში ჩაწერილი წინასწარმეტყველური სიტყვები?
ღმერთი ყველა ერთგულ ადამიანს იწონებს და მფარველობს. თუმცა ის განურჩევლად არ ავლენს თავის კეთილგანწყობილებას. ვისაც ამ შეუდარებელი კურთხევის მიღება სურს, გარკვეულ ნორმებს უნდა შეესაბამებოდეს. ესაია სწორედ ასეთი ადამიანი იყო. იეჰოვა კეთილგანწყობილი იყო მის მიმართ და ხალხისთვის თავისი ნების საუწყებლადაც გამოიყენა. ამის მაგალითს ესაიას 49-ე თავის პირველ ნახევარში ვკითხულობთ.
2 ეს წინასწარმეტყველური მნიშვნელობის სიტყვები აბრაამის თესლს ეხება. წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას თესლში აბრაამის შთამომავლობა — ისრაელი ერი იგულისხმება. მაგრამ ნათელია, რომ უმეტეს ნაწილში აბრაამის დიდი ხნის ნანატრ თესლზე — აღთქმულ მესიაზეა საუბარი. ეს ღვთივსულიერი სიტყვები მესიის სულიერ ძმებსაც ეხებათ, რომლებიც აბრაამის სულიერი თესლისა და „ღვთის ისრაელის“ ნაწილი ხდებიან (გალატელთა 3:7, 16, 29; 6:16). ძირითადად კი ესაიას წინასწარმეტყველების ამ ნაწილით იეჰოვასა და მის საყვარელ ძეს — იესო ქრისტეს — შორის არსებული განსაკუთრებული ურთიერთობაა აღწერილი (ესაია 49:26).
იეჰოვას მიერ დადგენილი და დაცული
3, 4. ა) ვინ არის მესიის მხარდამჭერი? ბ) ვის მიმართავს მესია?
3 ღმერთი კეთილგანწყობილია მესიის მიმართ ანუ იწონებს მას. მესია დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად იეჰოვასგან იღებს ძალაუფლებას. ამიტომაც მომავალი მესია მართებულად ამბობს: „მისმინეთ, ზღვისპირელნო, და გამიგონეთ, შორეულო ხალხებო! უფალმა მუცლიდან მომიწოდა, დედის წიაღიდან ახსენა ჩემი სახელი“ (ესაია 49:1).
4 აქ მესია „შორეულ“ ხალხებს მიმართავს. მიუხედავად იმისა, რომ მესია იუდაელი ხალხისთვის არის აღთქმული, მისი მსახურებით ყველა ერი იკურთხება (მათე 25:31—33). მიუხედავად იმისა, რომ არ არიან იეჰოვასთან კავშირით შეკრული, „ზღვისპირელებმა“ და სხვა „ხალხებმა“ ყურად უნდა იღონ ისრაელის მესიის სიტყვები, რადგან ის მთელი კაცობრიობის სახსნელად არის გამოგზავნილი.
5. როგორ ეწოდა სახელი მესიას ადამიანად დაბადებამდე?
5 წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ იეჰოვა ადამიანად დაბადებამდე უწოდებს სახელს მესიას (მათე 1:21; ლუკა 1:31). იესოს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ეწოდა „საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა“ და „მშვიდობის მთავარი“ (ესაია 9:5). ემანუელიც, ალბათ, ესაიას ძის სახელიც, მესიის წინასწარმეტყველური სახელი აღმოჩნდება (ესაია 7:14; მათე 1:21—23). თვით სახელი იესოც კი, რომლითაც მესია გახდება ცნობილი, მის დაბადებამდეა ნაწინასწარმეტყველები (ლუკა 1:30, 31). ეს სახელი იმ ებრაული სიტყვიდან არის ნაწარმოები, რომელიც ნიშნავს „იეჰოვა ხსნაა“. ცხადია, იესოს თავად არ დაუდგენია თავი ქრისტედ.
6. რა გაგებით აქვს მესიას ბაგე გალესილი მახვილივით და როგორ არის ის დაცული, ანუ შენახული?
6 მესიის წინასწარმეტყველური მნიშვნელობის სიტყვები შემდეგნაირად გრძელდება: „გალესილი მახვილივით ქმნა ჩემი ბაგე, თავისი ხელის ჩრდილში დამმალა; წამახული ისარივით გამხადა და თავის კაპარჭში შემინახა“ (ესაია 49:2). ახ. წ. 29 წელს, როდესაც იეჰოვას მესიისთვის დედამიწაზე მსახურების დაწყების დრო დგება, იესოს სიტყვები და მოქმედებები გალესილი და მახვილი იარაღივით აღწევს თავისი მსმენელის გულებში (ლუკა 4:31, 32). მისი სიტყვები და მოქმედებები იეჰოვას უდიდესი მტრის, სატანისა, და მისი მიმდევრების რისხვას იწვევს. სატანა იესოს დაბადებიდანვე ცდილობს მის მოკვლას, მაგრამ იესო იეჰოვას კაპარჭში შენახული ისარივით არის დაცულიa. მას შეუძლია თავისი მამის მფარველობის სრული იმედი ჰქონდეს (ფსალმუნი 90:1; ლუკა 1:35). დანიშნულ დროს იესო სიცოცხლეს სწირავს კაცობრიობისთვის. მაგრამ მოვა დრო, როდესაც ის იქნება უჩვეულოდ აღჭურვილი ზეციერი მეომარი, რომლის პირიდანაც ორლესული მახვილი გამოვა. ამ შემთხვევაში გალესილი მახვილით წარმოდგენილია იესოს ძალაუფლება, რომ სასჯელი გამოუტანოს იეჰოვას მტრებს და განაჩენი აღასრულოს მათზე (გამოცხადება 1:16).
ღვთის მსახური ფუჭად არ შრომობს
7. ვისზე სრულდება ესაიას 49:3-ის სიტყვები და რატომ არის ეს ასე?
7 ახლა იეჰოვა ამ წინასწარმეტყველურ სიტყვებს წარმოთქვამს: «ჩემი მორჩილი [„მსახური“, აქ] ხარ, ისრაელ, შენით გამოვაჩენ ჩემს დიდებას» (ესაია 49:3). იეჰოვა ისრაელ ერს თავის მსახურს უწოდებს (ესაია 41:8, აქ). მაგრამ ღვთის მთავარი მსახური იესო ქრისტეა (საქმეები 3:13). ღვთის ქმნილებებს შორის იესოზე უკეთ ვერავინ წარმოაჩენს იეჰოვას „დიდებას“. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვებით იეჰოვა, პირდაპირი მნიშვნელობით, ისრაელს მიმართავს, ფაქტობრივად, ისინი იესოზე სრულდება (იოანე 14:9; კოლასელთა 1:15).
8. როგორ ეპყრობა მესიას თავისი ხალხი, მაგრამ ვისგან მოელის ის წარმატების შეფასებას?
8 იესო ხომ დამცირებული და უარყოფილია თავისი ხალხის უმეტესობის მიერ? დიახ. ძირითადად, ისრაელი ერი არ აღიარებს იესოს ღვთის მიერ ცხებულ მსახურად (იოანე 1:11). ყოველივე, რასაც იესო დედამიწაზე აკეთებს, მის თანამედროვეებს შეიძლება უმნიშვნელოდაც კი მიაჩნიათ. მისი მსახურების, ამ ერთი შეხედვით, წარუმატებლობას ეხება მესიის შემდეგი სიტყვები: „ამაოდ დავშვერ, ფუჭად და უსაზმნოდ დავხარჯე ძალა“ (ესაია 49:4ა). ეს სიტყვები არ ნიშნავს იმას, რომ მესია გულგატეხილია. ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ის შემდეგ: „ჭეშმარიტად, უფალთან არის ჩემი სამართალი და ჩემს ღმერთთან — ჩემი საზღაური!“ (ესაია 49:4ბ). მესიის წარმატება ადამიანმა კი არა, ღმერთმა უნდა შეაფასოს.
9, 10. ა) რა დავალება აქვს მიცემული მესიას იეჰოვასგან და რა შედეგებს აღწევს? ბ) როგორ მხნევდებიან დღევანდელი ქრისტიანები მესიის მაგალითით?
9 იესო, უმთავრესად, ღვთის მოწონებით ანუ კეთილგანწყობილებით არის დაინტერესებული. წინასწარმეტყველებაში მესია ამბობს: «ახლა ამბობს უფალი, მუცლიდანვე ჩემი გამომსახველი თავის მორჩილად [„მსახურად“, აქ], რომ თავისკენ მიაქციოს იაკობი და ისრაელი თავისთან შეკრიბოს, რათა ვიდიდო უფლის თვალში და ჩემი ღმერთი იყოს ძალი ჩემი» (ესაია 49:5). მესია მოდის, რათა ისრაელის ძეთა გულები თავიანთი ზეციერი მამისკენ მიაქციოს. უმრავლესობა უარს ამბობს ამაზე; ზოგი კი ეხმაურება მას. მაგრამ აღსანიშნავია, რომ იეჰოვა უფასებს მესიას შრომას. მისი წარმატება ადამიანთა თვალსაზრისით კი რა, იეჰოვას ნორმებით არის შეფასებული.
10 დღეს შეიძლება იესოს მიმდევრებმა დროდადრო იფიქრონ, რომ ფუჭად შრომობენ. ზოგან მათი მსახურების შედეგები უმნიშვნელო ჩანს შესრულებულ სამუშაოსა და ძალისხმევასთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ისინი გულს არ იტეხენ და მხნევდებიან იესოს მაგალითით. მათი განმამტკიცებელი პავლე მოციქულის სიტყვებიცაა: „ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე“ (1 კორინთელთა 15:58).
„ხალხების სინათლე“
11, 12. რა გაგებით არის მესია „ხალხების ნათელი“?
11 ესაიას წინასწარმეტყველებაში იეჰოვა ამხნევებს მესიას და ახსენებს, რომ ღვთის მსახურად ყოფნა „ცოტა არ არის, აქ“. იესო „იაკობის შტოთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის მოსაქცევად“ მსახურობს. გარდა ამისა, იეჰოვა ეუბნება მას: „ხალხების ნათელად გაგხდი, რომ ჩემმა ხსნამ ქვეყნის კიდემდე მიაღწიოს“ (ესაია 49:6). როგორ ჰფენს იესო შუქს ხალხს „ქვეყნის კიდემდე“, როდესაც დედამიწაზე მისი მსახურება მხოლოდ ისრაელით არის შემოფარგლული?
12 ბიბლიური ისტორია ცხადყოფს, რომ ღვთისგან ბოძებული „ხალხების ნათელი“ დედამიწიდან იესოს წასვლით არ ჩამქრალა. იესოს სიკვდილიდან დაახლოებით 15 წლის შემდეგ მისიონერებმა, პავლემ და ბარნაბამ, ესაიას 49:6-ში მოცემული წინასწარმეტყველება იესოს მოწაფეებთან, მის სულიერ ძმებთან, დაკავშირებით გამოიყენეს: „ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: ‘მე დაგაყენე წარმართთა ნათლად, რომ იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე’“ (საქმეები 13:47). ხსნის შესახებ კეთილი ცნობა პავლეს სიკვდილამდე მხოლოდ იუდეველებს კი არ ჰქონდათ მოსმენილი, არამედ „ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ (კოლასელთა 1:6, 23). დღეს ქრისტეს ცხებული ძმების დარჩენილი ნაწილი განაგრძობს ამ საქმეს. „უამრავი ხალხის“ მხარდაჭერით, რომელიც მილიონებს შეადგენს, ისინი „ხალხების სინათლედ“ მსახურობენ მსოფლიოს 230-ზე მეტ ქვეყანაში (გამოცხადება 7:9).
13, 14. ა) რა წინააღმდეგობებს შეხვდნენ მესია და მისი მიმდევრები სამქადაგებლო საქმიანობასთან დაკავშირებით? ბ) როგორ შეცვალა იეჰოვამ მდგომარეობა?
13 იეჰოვა ძალმოსილს ხდის თავის მსახურ მესიას, მესიის ცხებულ ძმებსა და უამრავ ხალხს, რომელიც მათთან ერთად განაგრძობს კეთილი ცნობის ქადაგებას. იესოს მსგავსად, ხალხის მხრიდან ზიზღი და წინააღმდეგობა მისი მოწაფეებისთვისაც არ არის უცხო (იოანე 15:20). მაგრამ თავის დროზე იეჰოვა ყოველთვის ცვლის მდგომარეობას, რათა დაიცვას და დააჯილდოოს თავისი ერთგული მსახურები. მესიის შესახებ, რომელიც «დაბეჩავებული [„მოძულებული“, აქ]» და „ხალხებისგან შეზიზღებულია“, იეჰოვა პირობას იძლევა: „მეფენი დაინახავენ და წამოდგებიან, მთავარნი თაყვანს სცემენ უფლის გამო, რომელიც მტკიცეა, და ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც შენ ამოგარჩია“ (ესაია 49:7).
14 მოგვიანებით მოციქულმა პავლემ ფილიპელ ქრისტიანებს მისწერა მდგომარეობის ამ ნაწინასწარმეტყველები ცვლილების შესახებ. მან აღწერა იესო, როგორც წამების ძელზე დამცირებული, ხოლო შემდეგ ღვთის მიერ განდიდებული. იეჰოვამ თავისი მსახური „აღამაღლა“ და „მისცა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი. რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა“ (ფილიპელთა 2:8—11). ქრისტეს ერთგული მიმდევრებიც გაფრთხილებული არიან, რომ დევნილნი უნდა იყვნენ, მაგრამ, მესიის მსგავსად, მათდამიც კეთილგანწყობილი იქნება იეჰოვა (მათე 5:10—12; 24:9—13; მარკოზი 10:29, 30).
„სასურველი დრო“
15. რა განსაკუთრებული „ჟამია“ მოხსენიებული ესაიას წინასწარმეტყველებაში და რა იგულისხმება ამაში?
15 ესაიას წინასწარმეტყველება უმნიშვნელოვანესი სიტყვებით გრძელდება. იეჰოვა ეუბნება მესიას: «მოწყალების [„კეთილგანწყობილების“, აქ] ჟამს შეგიწყნარე და ხსნის დღეს შეგეწიე, დაგიცავ და გაგხდი აღთქმად ხალხისათვის» (ესაია 49:8ა). მსგავსი წინასწარმეტყველება ჩაწერილია ფსალმუნის 68:14—19-ში. ფსალმუნმომღერალი „კეთილგანწყობილების ჟამს“ „სასურველ დროდ“ იხსენიებს. ამ გამოთქმებში იგულისხმება, რომ იეჰოვას კეთილგანწყობილება და მფარველობა განსაკუთრებულად ვლინდება, მხოლოდ განსაზღვრულ დროსა და პერიოდში.
16. როდის დაუდგა იეჰოვას კეთილგანწყობილების ჟამი ძველ ისრაელს?
16 როდის იყო ეს კეთილგანწყობილების ჟამი? პირველი შესრულებისას ეს სიტყვები განახლების შესახებ წინასწარმეტყველების ნაწილი იყო და სამშობლოში იუდაელ ტყვეთა დაბრუნების შესახებ იუწყებოდა. ისრაელ ერს კეთილგანწყობილების ჟამი მაშინ დაუდგა, როდესაც ხალხს ‘ქვეყნის აღდგენისა’ და ‘უკაცრიელ სამკვიდროთა დანაწილების’ შესაძლებლობა მიეცა (ესაია 49:8ბ). ისინი აღარ იყვნენ ბაბილონში „გამომწყვდეულნი“. სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე იეჰოვა ზრუნავდა მათზე, რომ არ ‘მოშიებოდათ’, არ ‘მოსწყურებოდათ’ და ‘ვერაფერი დაეკლო მათთვის ხვატსა და მზის არმურს’. გაფანტული ისრაელები „შორიდან... ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან“ სამშობლოში დაბრუნდნენ (ესაია 49:9—12). ეს წინასწარმეტყველება დიდებულად შესრულდა, მაგრამ ბიბლიიდან ჩანს, რომ ის განმეორებითაც სრულდება.
17, 18. რა კეთილგანწყობილების ჟამი დაადგინა იეჰოვამ პირველ საუკუნეში?
17 იესოს დაბადებისას ანგელოზებმა ხალხს მშვიდობა და ადამიანთა მიმართ ღვთის კეთილგანწყობილება აუწყეს (ლუკა 2:13, 14, აქ). ღვთის კეთილგანწყობილება მთელ კაცობრიობას კი არ ექნებოდა, არამედ მხოლოდ მათ, ვინც რწმენას გამოავლენდა იესოს მიმართ. მოგვიანებით, იესომ საჯაროდ წაიკითხა ესაიას 61:1, 2-ში მოცემული წინასწარმეტყველება და თქვა, რომ თავად იყო „შეწყალების წლის“ მაუწყებელი (ლუკა 4:17—21). მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რომ „ხორცში ყოფნის დღეებში“ ქრისტეს განსაკუთრებულად მფარველობდა იეჰოვა (ებრაელთა 5:7—9). აქედან გამომდინარე, კეთილგანწყობილების ჟამი ღვთის მიერ იესოს მოწონებასაც ეხება იმ დროს, როდესაც ის დედამიწაზე იმყოფებოდა.
18 აღსანიშნავია, რომ ეს წინასწარმეტყველება კიდევ ერთხელ სრულდება. კეთილგანწყობილების ჟამის შესახებ ესაიას სიტყვების ციტირების შემდეგ პავლემ თქვა: „აი, ახლაა სასურველი დრო, აი, ახლაა გადარჩენის დღე“ (2 კორინთელთა 6:2, აფ). პავლემ ეს სიტყვები იესოს სიკვდილიდან 22 წლის შემდეგ დაწერა. როგორც ჩანს, ახ. წ. 33 წელს ქრისტიანული კრების დაარსების შემდეგ იეჰოვამ საშუალება მისცა ქრისტეს ცხებულ მიმდევრებს, რომ მათზეც გავრცელებულიყო თავისი კეთილგანწყობილების წელი.
19. როგორ შეუძლიათ დღეს ქრისტიანებს იეჰოვას კეთილგანწყობილების ჟამიდან სარგებლობის მიღება?
19 რა შეიძლება ითქვას იესოს დღევანდელი მიმდევრების შესახებ, რომლებიც არ არიან ღვთის ზეციერი სამეფოს მემკვიდრეებად ცხებულნი? მოუტანს სარგებლობას სასურველი დრო მიწიერი იმედის მქონეთ? დიახ. ბიბლიის წიგნ „გამოცხადებიდან“ ჩანს, რომ დღეს არის იეჰოვას კეთილგანწყობილების ჟამი იმ უამრავი ხალხის მიმართ, რომელიც ‘დიდი გასაჭირიდან გამოვა’ დედამიწაზე სამოთხეში საცხოვრებლად (გამოცხადება 7:13—17). აქედან გამომდინარე, ყველა ქრისტიანს შეუძლია სარგებლობის მიღება ამ პერიოდიდან, რომლის განმავლობაშიც იეჰოვა თავის კეთილგანწყობილებას სთავაზობს არასრულყოფილ ადამიანებს.
20. რა უნდა გააკეთონ ქრისტიანებმა, რომ ფუჭად არ მიიღონ ღვთის მადლი?
20 მოციქულმა პავლემ გააფრთხილა ქრისტიანები, ვიდრე მათ იეჰოვას სასურველი დროის შესახებ აუწყებდა. მან შეაგონა ისინი, რომ ‘ფუჭად არ მიეღოთ ღვთის მადლი’ (2 კორინთელთა 6:1). ამის შესაბამისად, ქრისტიანები ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ, რათა ასიამოვნონ იეჰოვას და შეასრულონ მისი ნება (ეფესელთა 5:15, 16). მათთვის ყურადსაღებია პავლე მოციქულის შეგონება: «თვალი გეჭიროთ, ძმებო, რომ ვინმე თქვენგანს არ ჰქონდეს ბოროტი და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. არამედ შეაგონებდეთ ერთმანეთს ყოველდღე, ვიდრეღა ითქმის „დღესო“, რათა რომელიმე თქვენგანს გული არ გაუქვავდეს ცოდვის საცდურით» (ებრაელთა 3:12, 13).
21. რა სასიხარულო სიტყვებია მოცემული ესაიას 49-ე თავის პირველი ნაწილის დასასრულს?
21 იეჰოვასა და მესიის წინასწარმეტყველური ფრაზების შემდეგ ესაია სასიხარულო სიტყვებს წარმოთქვამს: „გაიხარე, ცაო, და ილხინე, მიწავ, სიხარულით იყიჟინეთ მთებო, რადგან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალა თავისი წამებულნი“ (ესაია 49:13). რა მშვენიერი და მანუგეშებელი სიტყვებია ძველი ისრაელისთვის, იეჰოვას დიდებული მსახურისთვის — იესოსთვის — იეჰოვას ცხებული მსახურებისთვის და აგრეთვე „სხვა ცხვრებისთვის“, რომლებიც დღეს მათ მხარდამხარ მსახურობენ! (იოანე 10:16).
იეჰოვა არ ივიწყებს თავის ხალხს
22. როგორ აღნიშნავს იეჰოვა, რომ არასდროს დაივიწყებს თავის ხალხს?
22 ესაია ხალხისთვის იეჰოვას სიტყვების გადაცემას განაგრძობს. ის წინასწარმეტყველებს, რომ ისრაელი ტყვეები მხნეობასა და იმედს დაკარგავენ. ესაია ამბობს: „თქვა სიონმა: მიმატოვა უფალმა და მეუფემ დამივიწყაო“ (ესაია 49:14). ასეა თუ არა ეს? ნამდვილად მიატოვა და დაივიწყა იეჰოვამ თავისი ხალხი? ესაია იეჰოვას სახელით განაგრძობს: „განა დაივიწყებს ქალი თავის ჩვილს? არ შეიბრალებს თავისი მუცლის ნაშიერს? მათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ“ (ესაია 49:15). რა დიდ სიყვარულს ავლენს იეჰოვა! ღმერთს უფრო მეტად უყვარს თავისი ხალხი, ვიდრე დედას — საკუთარი შვილი. ის ყოველთვის ფიქრობს თავის ერთგულებზე. მას ყოველთვის ახსოვს ისინი, თითქოს მათი სახელები ხელისგულებზე ჰქონდეს ამოტვიფრული: „აჰა, ხელისგულებზე მყავხარ გამოსახული, შენი კედლები მუდამ ჩემს წინაა“ (ესაია 49:16).
23. როგორ გაამხნევა პავლემ ქრისტიანები იმაში დასარწმუნებლად, რომ იეჰოვა არ მიატოვებდა მათ?
23 გალატელთა მიმართ წერილში მოციქულმა პავლემ მოუწოდა ქრისტიანებს: „სიკეთის კეთება ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“ (გალატელთა 6:9). ებრაელებს მან გამამხნევებელი სიტყვები მისწერა: „ღმერთი არაა უსამართლო, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და სიყვარულის შრომა, რომელიც გამოიჩინეთ მისი სახელისათვის“ (ებრაელთა 6:10). არასდროს უნდა ვიფიქროთ, რომ იეჰოვამ დაივიწყა თავისი ხალხი. ძველი სიონის მსგავსად, ქრისტიანებსაც ნამდვილად აქვთ იმის მიზეზი, რომ იხარონ და მოთმინებით ელოდონ იეჰოვას. ის ყოველთვის თავისი კავშირის პირობებისა და აღთქმების ერთგულია.
24. როგორ განახლდება სიონი და რა კითხვები დაებადება მას?
24 ესაიას პირით იეჰოვა კვლავაც მანუგეშებელ სიტყვებს წარმოთქვამს. სიონის „დამაქცევარნი“ — როგორც ბაბილონელები, ისე განდგომილი იუდაელები — ვეღარ შეუქმნიან მას საფრთხეს. სიონის «მშენებელნი [„ვაჟები“, აქ]», იეჰოვას ერთგული ტყვე იუდაელები, „აჩქარდებიან“. ყველა ერთად ‘შეიკრიბება’. იერუსალიმში ჩასვლის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებული იუდაელებით შეიმკობა მათი დედაქალაქი, ისევე როგორც „პატარძალი“ ირთვება „სამკაულებით“ (ესაია 49:17, 18). სიონის ადგილზე მხოლოდ „ნაოხარია“. წარმოიდგინეთ მისი განცვიფრება, როდესაც ის უეცრად უამრავი მცხოვრებით გადაიჭედება (წაიკითხეთ ესაია 49:19, 20). ბუნებრივია, მას ებადება კითხვა, საიდან მოვიდნენ ამდენი შვილები: „იტყვი გულში: ვინ გამიჩინა ესენი? მე ხომ შვილმკვდარი ვიყავი, ბერწი, განდევნილი და მოწანწალე. ვინ გამიზარდა? მარტო რომ ვიყავი დარჩენილი, ესენი სადღა იყვნენ?“ (ესაია 49:21). რა დიდი სიხარულია ერთ დროს ბერწი სიონისთვის!
25. როგორ განახლდა სულიერი ისრაელი ბოლო დროს?
25 ეს სიტყვები ბოლო დროსაც შესრულდა. პირველი მსოფლიო ომის წლები სულიერი ისრაელისთვის აოხრებისა და ტყვეობის წლები იყო. მაგრამ მოგვიანებით განახლდა და სულიერ სამოთხეში აღმოჩნდა (ესაია 35:1—10). ესაიას მიერ აღწერილი ერთ დროს აოხრებული ქალაქის მსგავსად, მანაც თითქოს გაიხარა, როდესაც იეჰოვას სიცოცხლით სავსე თაყვანისმცემლებით გაივსო.
„ხალხთა ნიშანი“
26. როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა ტყვეობიდან გათავისუფლებულ თავის ხალხს?
26 ახლა იეჰოვას ესაია იმ დროში გადაჰყავს, როდესაც მისი ხალხი ბაბილონიდან გათავისუფლებულია. უხელმძღვანელებს მათ ღმერთი რამენაირად? იეჰოვა ამბობს: «აჰა, ხალხებისკენ გავიწვდი ხელს და ერებს აღვუმართავ ჩემს დროშას [„ნიშანს“, აქ]; უბით წამოიყვანენ შენს ვაჟებს და შენი ასულები მხრებზე ეყოლებათ აყვანილი» (ესაია 49:22). წინასწარმეტყველების პირველი შესრულებისას, იერუსალიმი, ყოფილი სატახტო ქალაქი, სადაც იეჰოვას ტაძარი მდებარეობდა, იეჰოვას „ნიშნად“ იქცევა. სხვა ერების სახელოვანი ხალხი — „მეფეები“ და „დედოფლებიც“ კი დაეხმარებიან ისრაელებს სამშობლოში დაბრუნებაში (ესაია 49:23ა). სპარსეთის მეფეები კიროსი, არტაქსერქსე მაკროქეირი (მხარგრძელი) და მათი ოჯახის წევრები ამ დამხმარეთა შორის აღმოჩნდებიან (პირველი ეზრა 5:13; 7:11—26). ესაიას ეს სიტყვები კიდევ ერთხელ სრულდება.
27. ა) რა „ნიშანთან“ იკრიბებიან ხალხები წინასწარმეტყველების მნიშვნელოვანი შესრულებისას? ბ) რა იქნება იმის შედეგი, რომ ერებს მესიის მმართველობის წინაშე პირქვე დამხობა მოუწევთ?
27 ესაიას 11:10-ში «ხალხთა დროშა [„ნიშანია, აქ]» ნახსენები. მოციქულმა პავლემ ეს სიტყვები ქრისტე იესოს დაუკავშირა (რომაელთა 15:8—12). აქედან გამომდინარე, წინასწარმეტყველების მნიშვნელოვანი შესრულებისას იესო და სულითცხებული მისი თანამმართველები ასრულებენ იეჰოვას „ნიშნის“ როლს, რომელთანაც ერები იკრიბებიან (გამოცხადება 14:1, სსგ). თავის დროზე მთელი მსოფლიოს ერებს — დღევანდელ მმართველ კლასებსაც კი — მესიის მმართველობის წინაშე პირქვე დამხობა მოუწევთ (ფსალმუნი 2:10, 11; დანიელი 2:44). რა იქნება ამის შედეგი? იეჰოვა ამბობს: «გაიგონ [„გაიგებ“, აქ], რომ მე უფალი ვარ და არ შერცხვება ჩემს მოიმედეს» (ესაია 49:23ბ).
„ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა“
28. ა) რა სიტყვებით არწმუნებს იეჰოვა თავის ხალხს კიდევ ერთხელ, რომ ისინი გათავისუფლდებიან? ბ) იეჰოვას რა აღთქმაა კვლავაც ძალაში თავის ხალხთან დაკავშირებით?
28 ბაბილონში მყოფ ზოგ ტყვეს შეიძლება კითხვა წამოეჭრას, ნამდვილად არის თუ არა შესაძლებელი ისრაელის გათავისუფლება. იეჰოვა შემდეგი შეკითხვით ეხება ამ საკითხს: „თუ წართმევია ოდესმე ძლიერს ნადავლი ან თუ წასვლია ტყვე გამარჯვებულს?“ (ესაია 49:24). პასუხი დადებითია. იეჰოვა არწმუნებს მათ: «წაერთვას [„წაერთმევა“, აქ] ტყვე ძლიერს და ნადავლი წაუვიდეს [„წაუვა“, აქ] ძალმომრეს» (ესაია 49:25ა). რა მანუგეშებელი სიტყვებია! გარდა ამისა, თავისი ხალხისადმი იეჰოვას კეთილგანწყობილება მათი მფარველობის გარანტიაა. იეჰოვა დამაჯერებლად ამბობს: „გამოგესარჩლები შენს მოსარჩლესთან და შენს შვილებს გადავარჩენ“ (ესაია 49:25ბ). ეს სიტყვები დღესაც ძალაშია. ზაქარიას 2:8-ის თანახმად, იეჰოვა ეუბნება თავის ხალხს, რომ მათი „შემხებარი მისი თვალის გუგის შემხებარია“. დიახ, ჩვენთვის დღეს არის ღვთის კეთილგანწყობილების ჟამი, როდესაც მთელი მსოფლიოს ხალხს ეძლევა სულიერ სიონში შეკრების შესაძლებლობა. მაგრამ კეთილგანწყობილების ეს პერიოდი დასრულდება.
29. რა უბედურება ელის იეჰოვასადმი ურჩ ადამიანებს?
29 რა დაემართება მათ, ვინც ჯიუტად უარს ამბობს იეჰოვასადმი მორჩილებაზე და დევნის კიდეც მის თაყვანისმცემლებს? იეჰოვა ამბობს: „საკუთარ ხორცს შევაჭმევ მჩაგვრელებს და, როგორც მაჭრით, ისე დათვრებიან საკუთარი სისხლით“ (ესაია 49:26ა). რა ამაზრზენია! ასეთ ჯიუტ მოწინააღმდეგეებს მომავალი არ გააჩნიათ. მათ დაღუპვა ელით. ამგვარად, თავისი ხალხის ხსნითა და მათი მტრების განადგურებით იეჰოვა ცხადყოფს, რომ მხსნელია. „მაშინ გაიგებს ყოველი ხორციელი, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი“ (ესაია 49:26ბ).
30. რა გააკეთა იეჰოვამ თავისი ხალხის სახსნელად და რას გააკეთებს მათთვის მომავალში?
30 ეს სიტყვები პირველად მაშინ შესრულდა, როდესაც იეჰოვამ კიროსი გამოიყენა ბაბილონის ტყვეობიდან თავისი ხალხის გასათავისუფლებლად. ისინი ამნაირადვე შესრულდა 1919 წელს, როდესაც იეჰოვამ თავისი გამეფებული ძე, იესო ქრისტე, სულიერი ტყვეობიდან თავისი ხალხის დასახსნელად გამოიყენა. აქედან გამომდინარე, ბიბლიაში როგორც იეჰოვა, ისე იესოა მხსნელად მოხსენიებული (ტიტე 2:11—13; 3:4—6). ჩვენი მხსნელი იეჰოვაა; იესო, მესია, კი მის მიერ დანიშნული „წინამძღვარია“ (საქმეები 5:31). იესო ქრისტეს შუამდგომლობით იეჰოვა ბევრ შესანიშნავ რამეს აკეთებს ხალხის სახსნელად. კეთილი ცნობის საშუალებით იეჰოვა გულმართალ ადამიანებს ცრუ რელიგიის ტყვეობიდან ათავისუფლებს. გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე ის მათ ცოდვისა და სიკვდილის მონობიდან ათავისუფლებს. 1919 წელს მან სულიერი ტყვეობიდან გაათავისუფლა იესოს ძმები. მოახლოებულ არმაგედონის ომში იეჰოვა გადაარჩენს უამრავ ხალხს — თავის ერთგულ ადამიანებს — მაშინ როდესაც მის წინაშე შემცოდველები განადგურებას ვერ გადაურჩებიან.
31. როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები, რომლებიც ღვთის კეთილგანწყობილებით სარგებლობენ?
31 რა დიდი უპირატესობაა ღვთის კეთილგაწყობილებით სარგებლობა! მოდი ყველამ გონივრულად გამოვიყენოთ ეს სასურველი დრო. ჩვენი მოქმედებით ცხადვყოთ, რომ გვახსოვს, თუ რა დროში ვცხოვრობთ, და გავითვალისწინოთ პავლეს მიერ რომაელი ქრისტიანებისთვის ნათქვამი სიტყვები: „იცით დრო, რომ დადგა ძილისაგან თქვენი გამოღვიძების ჟამი. ვინაიდან ახლა უფრო ახლოა ჩვენი ხსნა, ვიდრე მაშინ, როცა ვირწმუნეთ. ღამე წავიდა და დღე მოახლოვდა. ამიტომ მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი. მოვიქცეთ თავდაჭერილად, როგორც დღისით: არა მსუნაგობით და ლოთობით, არა ავხორცობითა და თავაშვებულობით, არა ჩხუბით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე და ხორცზე ზრუნვას გულისთქმად ნუ გაიხდით“ (რომაელთა 13:11—14).
32. რაშია დარწმუნებული ღვთის ხალხი?
32 იეჰოვა კვლავაც კეთილგანწყობილი იქნება მათ მიმართ, ვინც ითვალისწინებს მის რჩევას. ის მათ კეთილი ცნობის საქადაგებლად საჭირო ძალასა და უნარს მისცემს (2 კორინთელთა 4:7). იეჰოვა გამოიყენებს თავის მსახურებს, ისევე როგორც მათ წინამძღოლ იესოს იყენებს. ის მათ ბაგეებს „გალესილ მახვილად“ აქცევს, რათა კეთილმა ცნობამ, რომელსაც ისინი გადასცემენ, თავმდაბალ ადამიანთა გულებში შეაღწიოს (მათე 28:19, 20). ის თავის ხალხს „თავისი ხელის ჩრდილში“ შეიფარებს. ისინი „წამახული ისრებივით“ იქნებიან შენახული მის „კაპარჭში“. იეჰოვა ნამდვილად არ მიატოვებს თავის ხალხს! (ფსალმუნი 93:14; ესაია 49:2, 15).
[სქოლიო]
a «სატანამ, უეჭველად, თავიდანვე იცოდა, რომ იესო იყო ღვთის ძე, რომელსაც წინასწარმეტყველების თანახმად, თავი უნდა გაეჭეჭყა მისთვის (დაბ. 3:15). ამიტომ ყველაფერი გააკეთა მის გასანადგურებლად. მაგრამ ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს შემდეგი სიტყვები უთხრა, როდესაც მას იესოს ჩასახვის შესახებ აუწყა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და უზენაესის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილიც იწოდება ღვთის ძედ“ (ლუკ. 1:35). იეჰოვამ დაიცვა თავისი ძე. ბავშვობაში იესოს განადგურების მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა» (ბიბლიის ცნობარი Insight on the Scriptures, ტომი 2, გვერდი 868, გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ).
[სურათი 139 გვერდზე]
მესია „წამახული ისარივით“ არის იეჰოვას კაპარჭში.
[სურათი 141 გვერდზე]
მესია „ხალხების ნათელია“.
[სურათი 147 გვერდზე]
ღმერთს უფრო მეტად უყვარს თავისი ხალხი, ვიდრე დედას საკუთარი შვილი.