თავი მეთერთმეტე
„იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე“
1, 2. ა) რა ღვთივსულიერ რჩევას უგულებელყოფენ იუდაელები და რა არის ამის შედეგი? ბ) რატომ ეკითხება იეჰოვა იუდაელებს, თუ ‘სად არის გაყრის წიგნი’?
„იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე, ადამის ძეზე, რომელსაც არ შეუძლია შველა... ნეტარ არს, ვისიც შემწეა ღმერთი იაკობისა, ვინც დაიმედებულია უფალ ღმერთზე. რომელმაც შეჰქმნა ცა და მიწა“ (ფსალმუნი 145:3—6). ნეტავ ყურად ეღოთ ფსალმუნმომღერლის რჩევა ესაიას თანამედროვე იუდაელებს! ნეტავ იმედი ეგვიპტელებსა და სხვა წარმართ ერებზე კი არა, „იაკობის ღმერთზე“ დაემყარებინათ! მაშინ იეჰოვა დაიცავდა მათ, როდესაც იუდაზე მტრები წამოვიდოდნენ. მაგრამ იუდა იეჰოვას არ მიმართავს დახმარებისთვის. ამიტომაც იეჰოვა უშვებს, რომ იერუსალიმი დაინგრეს და იუდას მკვიდრნი ბაბილონში ტყვეებად წაასხან.
2 იუდამ ყოველივე ეს მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს. ის არ იქნება მართალი, თუ იტყვის, რომ იეჰოვამ უღალატა, უგულებელყო თავის ერთან დადებული კავშირი და ამის გამო განადგურდა ქვეყანა. შემოქმედი არასდროს ტეხს კავშირის პირობას (იერემია 31:31; დანიელი 9:27; გამოცხადება 15:4). იეჰოვა აღნიშნავს ამ ფაქტს და ეკითხება იუდაელებს: „სად არის დედაშენის გაყრის წიგნი, რომლითაც გავუშვი იგი?“ (ესაია 50:1ა). მოსეს რჯულის თანახმად, კაცმა ცოლს გაცილებისას გაყრის წერილი უნდა მისცეს. ამის შემდეგ ცოლი თავისუფალია და სხვაზე გათხოვების უფლება აქვს (მეორე რჯული 24:1, 2). იეჰოვამ ფიგურალურად ასეთი წერილი მისცა იუდას დას, ისრაელის სამეფოს, მაგრამ იუდასთვის ეს არ გაუკეთებიაa. ის ჯერ კიდევ მისი „პატრონია“ (იერემია 3:8, 14). იუდა ნამდვილად არ არის თავისუფალი საიმისოდ, რომ წარმართ ერებთან დაამყაროს კავშირი. იეჰოვა არ გაწყვეტს მასთან ურთიერთობას, ვიდრე «მფლობელი [„შილო“, აქ (მესია)]» არ მოვა (დაბადება 49:10).
3. რატომ ‘ყიდის’ იეჰოვა თავის ხალხს?
3 იეჰოვა სხვა შეკითხვასაც აძლევს იუდას: „რომელი ჩემი მევალისთვის მიმიყიდიხართ?“ (ესაია 50:1ბ). იუდაელები იმ მიზეზით არ გახდებიან ბაბილონის ტყვეები, რომ იეჰოვას ვალები აქვს გასასტუმრებელი. იეჰოვა არ ჰგავს ღარიბ ისრაელს, რომელიც იძულებულია, შვილები მიჰყიდოს მევალეს ვალის გასასტუმრებლად (გამოსვლა 21:7). იეჰოვა ეუბნება თავის ხალხს, რა მიზეზით იქნებიან დამონებული: „აჰა, თქვენი ცოდვების გამო ხართ გაყიდულნი და თქვენს დანაშაულთა გამოა გაშვებული დედათქვენი“ (ესაია 50:1გ). იუდაელებმა მიატოვეს იეჰოვა; იეჰოვას არ მიუტოვებია ისინი.
4, 5. როგორ ცხადყოფს იეჰოვა, რომ უყვარს თავისი ხალხი, მაგრამ როგორ რეაგირებს იუდა?
4 იეჰოვას შემდეგი შეკითხვიდან აშკარად ჩანს, რომ მას უყვარს თავისი ხალხი: „რატომ არავინ იყო, როცა მოვედი; როცა ვიძახდი და არავინ იყო პასუხის გამცემი?“ (ესაია 50:2ა). თავის მსახურთა, წინასწარმეტყველთა, შუამდგომლობით იეჰოვამ თითქოს სახლში მიაკითხა თავის ხალხს და სთხოვა, მთელი გულით დაბრუნებოდნენ მას. მაგრამ ისინი სდუმდნენ. იუდაელებმა ირჩიეს, ადამის ძეზე დაემყარებინათ იმედი და დროდადრო ეგვიპტისთვისაც კი მიემართათ (ესაია 30:2; 31:1—3; იერემია 37:5—7).
5 ნუთუ ეგვიპტე იეჰოვაზე საიმედო მხსნელია? როგორც ჩანს, ორგულ იუდაელებს დაავიწყდათ საუკუნეების წინათ მომხდარი მათი ერად ჩამომაყალიბებელი მოვლენები. იეჰოვა ეკითხება მათ: „მოკლე ხომ არ არის ჩემი ხელი და იქნებ არ ძალუძს გამოსყიდვა? ან იქნებ არ არის ჩემში ძალა დასახსნელად? აჰა, ზღვებს ვაშრობ ჩემი დამუქრებით, უდაბნოდ ვაქცევ მდინარეებს, მისი თევზები ლპებიან უწყლობით და წყურვილით იხოცებიან. მე ვმოსავ ცას წყვდიადით და ჯვალოს ვაფარებ მოსასხამად“ (ესაია 50:2ბ, 3).
6, 7. როგორ იხსნა იეჰოვამ თავისი ხალხი ეგვიპტელთაგან?
6 ეგვიპტე ძვ. წ. 1513 წელს ღვთის ხალხის მჩაგვრელი იყო და არა ნანატრი მხსნელი. ისრაელები მონები იყვნენ ამ წარმართულ ქვეყანაში. იეჰოვამ მართლაც სასწაულებრივად იხსნა ისინი! მან ჯერ ათი სასჯელი დაატეხა ეგვიპტეს. მეათე, განსაკუთრებულად გამანადგურებელი, სასჯელის შემდეგ ეგვიპტის ფარაონმა სასწრაფოდ დაითხოვა ისრაელები თავისი ქვეყნიდან (გამოსვლა 7:14—12:31). მაგრამ ეგვიპტიდან მათი გამოსვლის შემდეგ ფარაონმა სწრაფადვე შეცვალა გადაწყვეტილება. მან ჯარი შეკრიბა და ისრაელებს დაედევნა ეგვიპტეში დასაბრუნებლად (გამოსვლა 14:5—9). ისრაელები ეგვიპტელთა დიდძალ ლაშქარსა და მეწამულ ზღვას შორის იყვნენ მომწყვდეული! მაგრამ იქ იეჰოვა იყო, მათთვის რომ ებრძოლა.
7 იეჰოვამ ღრუბლის სვეტი აღმართა ლაშქარსა და ისრაელებს შორის და შეაჩერა ეგვიპტელები. ეგვიპტელთა მხარეს, ღრუბლის მიღმა, წყვდიადი იყო ჩამოწოლილი, ხოლო ისრაელთა მხარე განათებული იყო (გამოსვლა 14:20). ეგვიპტელთა ლაშქრის შეჩერების შემდეგ „მთელი ღამე მიდენიდა უფალი ზღვას აღმოსავლეთის ძლიერი ქარით. ხმელეთად აქცია ზღვა“ (გამოსვლა 14:21). წყლის გაპობის შემდეგ მთელი ხალხი — კაცები, ქალები და ბავშვები — მეწამული ზღვის გადაკვეთით სამშვიდობოს გავიდა. როდესაც ისინი მეორე ნაპირს მიუახლოვდნენ, იეჰოვამ გაფანტა ღრუბელი. ეგვიპტელები მაშინვე ფეხდაფეხ მიჰყვნენ ისრალებს შუაგულ ზღვაში. ისრაელი მშვიდობით გადავიდა ნაპირზე, რის შემდეგაც იეჰოვამ უკან დააბრუნა წყალი და ჩაძირა ფარაონი და მისი ლაშქარი. ამგვარად, იეჰოვამ იბრძოლა თავისი ხალხისთვის. რა გამამხნევებელია ეს დღევანდელი ქრისტიანებისთვის! (გამოსვლა 14:23—28).
8. რა გაფრთხილების უგულებელყოფის გამო ცვივიან ტყვედ იუდას მცხოვრებნი?
8 ესაიას დღეებში უკვე შვიდი ასეული წელია გასული ღვთის დახმარებით მოპოვებული ამ გამარჯვებიდან. იუდა ახლა დამოუკიდებელი ქვეყანაა. დროდადრო ის დიპლომატიურ კავშირებს ამყარებს უცხო სახელმწიფოებთან, მაგალითად, ასურეთსა და ეგვიპტესთან. მაგრამ ამ წარმართი ერების ხელმძღვანელები არ არიან სანდო. ისინი პირად ინტერესებს ყოველთვის იუდასთან დამყარებულ ნებისმიერ კავშირზე წინ დააყენებენ. წინასწარმეტყველები იეჰოვას სახელით აფრთხილებენ ხალხს, რომ იმედი არ დაამყარონ მათზე, მაგრამ ისინი ყურად არ იღებენ მათ სიტყვებს. საბოლოოდ, იუდაელები ბაბილონის ტყვეობაში მოხვდებიან და 70 წელს დაჰყოფენ მონობაში (იერემია 25:11). მაგრამ იეჰოვა არ დაივიწყებს და სამუდამოდ არ მიატოვებს თავის ხალხს. დანიშნულ დროზე ის გაიხსენებს და გზას გაუხსნის მათ სამშობლოში დასაბრუნებლად და წმინდა თაყვანისმცემლობის აღსადგენად. რა მიზნით? რათა მოემზადონ „შილოს“ მოსვლისთვის, რომელსაც ყოველი ერი დაემორჩილება!
შილო მოდის
9. ვინ არის და როგორი მოძღვარია შილო?
9 გადის საუკუნეები. მოდის „აღვსება დროისა“ და დედამიწაზე შილოდ წოდებული უფალი იესო ქრისტე ჩნდება (გალატელთა 4:4; ებრაელთა 1:1, 2). იეჰოვა თავის უახლოეს პიროვნებას ნიშნავს იუდაელებთან თავის წარმომადგენლად, რაც ცხადყოფს, თუ რა ძლიერ უყვარს თავისი ხალხი. როგორი წარმომადგენელია იესო? უბადლო! ამასთან იესო დიდებული მოძღვარიც არის. გასაკვირი არაფერია, რადგან მას შეუდარებელი მოძღვარი ჰყავს — მას ყველაფერი თავად იეჰოვასგან აქვს ნასწავლი (იოანე 5:30; 6:45; 7:15, 16, 46; 8:26). ამავეს ადასტურებს ესაიას წინასწარმეტყველებაში მოცემული სიტყვები, რომლებსაც იესო წარმოთქვამს: „უფალმა ღმერთმა მომცა სწავლულთა ენა, რომ შემეძლოს დამაშვრალის სიტყვით გამხნევება. ის აღვიძებს, ყოველი დილით აღვიძებს ჩემს ყურს, რომ მესმოდეს, როგორც სწავლულებს ესმით“ (ესაია 50:4)b.
10. როგორ ჰბაძავს იესო იეჰოვას თავისი ხალხის სიყვარულში, მაგრამ როგორ რეაგირებს ამაზე ხალხი?
10 დედამიწაზე მოსვლამდე იესო თავისი მამის მხარდამხარ შრომობდა. მათი მამაშვილური ურთიერთობა პოეტურად არის აღწერილი იგავნის 8:30-ში: „მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი... ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი“. მამის სიტყვის მოსმენას იესოსთვის სიხარული მოჰქონდა. ის იზიარებდა „ადამის მოდგმისადმი“ თავისი მამის სიყვარულს (იგავნი 8:31). დედამიწაზე მოსვლის შემდეგ იესო ‘სიტყვით ამხნევებს დამაშვრალს’. თავის მსახურებას ესაიას წინასწარმეტყველებიდან მანუგეშებელი მონაკვეთის წაკითხვით იწყებს: „უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად... ჩაგრულთა გასათავისუფლებლად“ (ლუკა 4:18; ესაია 61:1). ნამდვილად კეთილი ცნობაა გლახაკთათვის! გამამხნევებელია ძალაგამოცლილთათვის! რა სასიხარულო უნდა იყოს ეს სიტყვები ხალხისთვის! ზოგი ნამდვილად ხარობს, მაგრამ ყველა არა. იესოს ბევრი არ აღიარებს იეჰოვას მიერ განსწავლულ პიროვნებად.
11. ვინ ატარებს უღელს იესოსთან ერთად და რა მოაქვს ამას მათთვის?
11 ზოგს მეტის გაგება სურს. ისინი სიხარულით ეხმაურებიან იესოს გულითად მოწვევას: „მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს“ (მათე 11:28, 29). მათ შორის არიან ის მამაკაცებიც, რომლებიც მისი მოციქულები ხდებიან. მათ იციან, რომ იესოს უღლის ტარება მძიმე შრომას მოითხოვს. ამაში მთელ დედამიწაზე ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგებაც შედის (მათე 24:14). ამ სამუშაოს შესრულებისას მოციქულები და სხვა მოწაფეები რწმუნდებიან, რომ ნამდვილად სულის სიმშვიდეს პოვებენ. ამავე სამუშაოს ასრულებენ დღეს ღვთის ერთგული ქრისტიანები, რასაც მათთვისაც ასეთივე სიხარული მოაქვს.
ის არ არის ურჩი
12. როგორ ამჟღავნებს იესო თავისი ზეციერი მამისადმი მორჩილებას?
12 იესო არასდროს ივიწყებს დედამიწაზე თავისი მოსვლის მიზანს — ღვთის ნების შესრულებას. მისი განწყობა წინასწარმეტყველებაშიც არის მოხსენიებული: „უფალმა ღმერთმა გამიხსნა სასმენელი და მე არ გავურჩებულვარ, უკან არ მივქცეულვარ“ (ესაია 50:5). იესო ყოველთვის ღვთის მორჩილია. ის შემდეგ სიტყვებსაც კი წარმოთქვამს: „ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს“ (იოანე 5:19). დედამიწაზე მოსვლამდე იესო, ალბათ, მილიონობით და, შესაძლებელია, მილიარდობით წლის მანძილზე შრომობდა მამის მხარდამხარ. ის დედამიწაზე მოსვლის შემდეგაც არ ივიწყებს მამის მითითებებს. რამდენად უფრო საჭიროა ჩვენთვის, ქრისტეს არასრულყოფილი მიმდევრებისთვის, ყოველთვის იეჰოვას მითითებებისამებრ მოქცევა!
13. რა ელის იესოს, მაგრამ როგორ ცხადყოფს, რომ არაფრის ეშინია?
13 იეჰოვას მხოლოდშობილი ძის ზოგი უარმყოფელი დევნის მას, რაც აგრეთვე ნაწინასწარმეტყველებია: „ზურგი მქონდა მიშვერილი ჩემი მცემელისთვის და ყბები — წვერების მგლეჯელისთვის; არ დამიფარავს პირისახე დამცირებისგან და ფურთხებისგან“ (ესაია 50:6). წინასწარმეტყველების თანახმად, მესიას მოწინააღმდეგეებმა დიდი ტკივილი უნდა მიაყენონ და უნდა დაამცირონ. იესომ იცის ეს. მან იცის, როგორ განიდევნება. მიუხედავად ამისა, დედამიწაზე თავისი მსახურების დასასრულის მოახლოებისას არაფრის ეშინია. იესო კაჟივით მტკიცეა, როდესაც მიერმართება იერუსალიმისკენ, სადაც მან, როგორც ადამიანმა, სიცოცხლე უნდა დაასრულოს. გზაზე ის მოწაფეებს ეუბნება: „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და გადასცემენ წარმართებს; შებღალავენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება“ (მარკოზი 10:33, 34). ასეთი სასტიკი მოპყრობის ინიციატორები ყველაფერში საუკეთესოდ გარკვეული მღვდელმთავრები და მწიგნობრები იქნებიან.
14, 15. როგორ სრულდება ესაიას სიტყვები იესოს ცემასა და დამცირებასთან დაკავშირებით?
14 ახ. წ. 33 წლის 14 ნისანის ღამეს იესო თავის რამდენიმე მოწაფესთან ერთად გეთსიმანიის ბაღშია. ის ლოცულობს. უეცრად მას ბრბო ესხმის თავს. იესოს არ ეშინია. მან იცის, რომ იეჰოვაა მასთან. იესო თავზარდაცემულ მოციქულებს ეუბნება, რომ შეეძლო თავისი მამისათვის ანგელოზთა თორმეტი ლეგიონი ეთხოვა დასახმარებლად. მაგრამ შემდეგ ამბობს: „აბა, როგორ აღსრულდება წერილი?“ (მათე 26:36, 47, 53, 54).
15 მესიის განსაცდელებსა და სიკვდილთან დაკავშირებული ყველა წინასწარმეტყველება სრულდება. სინედრიონის წინაშე უკანონო დაკითხვის შემდეგ იესო პილატესთან მიჰყავთ, რომელიც დაკითხვის შემდეგ აშოლტვინებს მას. რომაელი ჯარისკაცები ‘ლერწამს ურტყამენ თავში და აფურთხებენ’ იესოს. ამით ესაიას სიტყვები სრულდება (მარკოზი 14:65; 15:19; მათე 26:67, 68). მართალია, ბიბლიაში ნათქვამი არ არის, რომ იესოს პირდაპირი გაგებით გლეჯდნენ წვერს, რაც უდიდესი სიძულვილის გამომხატველი იყო, მაგრამ უეჭველია, ეს ზუსტად ისე ხდება, როგორც ესაიას აქვს ნაწინასწარმეტყველები (ნეემია 13:25)c.
16. სასტიკი მოპყრობის მიუხედავად, როგორ იქცევა იესო და რატომ არ რცხვენია?
16 პილატეს წინაშე წარმდგარი იესო არ ითხოვს სიცოცხლის შენარჩუნებას. ის ღირსეულად ინარჩუნებს სიმშვიდეს და იცის, რომ უნდა მოკვდეს, რათა აღსრულდეს საღვთო წერილი. როდესაც რომაელი მმართველი აღნიშნავს, რომ, როგორც მისი სიკვდილით დასჯის, ისე მისი გაშვების უფლება აქვს, იესო გაბედულად ეუბნება: „არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა“ (იოანე 19:11). პილატეს ჯარისკაცები არაადამიანურად ეპყრობიან იესოს, მაგრამ ვერ არცხვენენ. რატომ უნდა ჰქონდეს მას სირცხვილის გრძნობა? ის არ ისჯება სამართლიანად რაიმე დანაშაულის გამო. ის სიმართლისთვის იდევნება. ამით ესაიას შემდეგი წინასწარმეტყველური სიტყვები სრულდება: „მაგრამ უფალი ღმერთი შემეწეოდა მე, ამიტომაც არ დავმცირებულვარ; ამიტომაც კაჟად ვაქციე ჩემი პირისახე და ვიცი, რომ არ შევრცხვები“ (ესაია 50:7).
17. რა მხრივ ედგა მხარში იეჰოვა იესოს მსახურების განმავლობაში?
17 იესოს გამბედაობა იმით არის განპირობებული, რომ მთლიანად იეჰოვაზეა მინდობილი. მისი მოქმედება ცხადყოფს, რომ მასზე სრულდება ესაიას სიტყვები: „ახლოს არის ჩემი გამმართლებელი. ვინ არის, რომ მედავება? დავდგეთ ერთად, ვინ არის ჩემი მომჩივანი? ახლოს მოვიდეს. აჰა, უფალი შემეწევა; ვინ გამამტყუნებს? აჰა, სამოსელივით გაცვთებიან ყველანი, ჩრჩილი შეჭამთ მათ“ (ესაია 50:8, 9). იესოს მონათვლის დღეს იეჰოვა მას, როგორც ღვთის სულიერ ძეს, მართალ პიროვნებად აცხადებს. ამ დროს თავად ღვთის ხმაც ისმის: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (მათე 3:17). დედამიწაზე მსახურების დასასრულს, როდესაც იესო მუხლმოყრილი ლოცულობს გეთსიმანიის ბაღში, ‘ციდან ანგელოზი ევლინება და ამხნევებს’ (ლუკა 22:41—43). იესომ იცის, რომ ზეციერი მამა იწონებს მისი ცხოვრების გზას. ღვთის ამ სრულყოფილ ძეს არავითარი ცოდვა არ ჩაუდენია (1 პეტრე 2:22). მტრები მას უსამართლოდ სდებენ ბრალს, რომ შაბათის გამტეხი, ღვინის მსმელი და დემონებით შეპყრობილია, მაგრამ მათი სიცრუე იესოს ვერ შეურაცხყოფს. ღმერთი მასთან არის; ვინ გამოვა მის წინააღმდეგ? (ლუკა 7:34; იოანე 5:18; 7:20; რომაელთა 8:31; ებრაელთა 12:3).
18, 19. რას იტანენ ცხებული ქრისტიანები, იესოს მსგავსად?
18 იესო აფრთხილებს თავის მოწაფეებს: „მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას“ (იოანე 15:20). შემდგომი მოვლენები მალე ადასტურებს ამ სიტყვების ჭეშმარიტებას. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდა გადმოდის იესოს ერთგულ მოწაფეებზე და ქრისტიანული კრება ყალიბდება. რელიგიური წინამძღოლები მაშინვე ცდილობენ, ხელი შეუშალონ სამქადაგებლო საქმიანობაში ღვთის ერთგულ მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც ქრისტესთან არიან გაერთიანებული, როგორც „აბრაამის თესლის“ წევრები, და ღვთის სულიერ ძეებად არიან აღიარებული (გალატელთა 3:26, 29; 4:5, 6). პირველი საუკუნიდან დღემდე ცხებული ქრისტიანები სიმართლის სიყვარულის გამო ცილისწამების სამიზნე არიან და სასტიკად იდევნებიან იესოს მტრების მიერ.
19 მათ ახსოვთ იესოს გამამხნევებელი სიტყვები: „ნეტარ ხართ თქვენ, როცა გაგლანძღავენ, გაგდევნიან და ყოველნაირად ბოროტს იტყვიან თქვენზე ჩემს გამო. იხარეთ და იმხიარულეთ, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში“ (მათე 5:11, 12). ამიტომაც ცხებული ქრისტიანები დიდი წინააღმდეგობების დროსაც კი არ კარგავენ მხნეობას. მოწინააღმდეგეთა სიტყვების მიუხედავად, მათ იციან, რომ ღმერთი აცხადებს მათ მართლებად. მის თვალში ისინი „უბიწონი და უბრალონი“ არიან (კოლასელთა 1:21, 22).
20. ა) ვინ უჭერს მხარს ცხებულ ქრისტიანებს და რას იტანენ ისინი? ბ) საიდან აქვთ ცხებულ ქრისტიანებსა და „სხვა ცხვრებს“ სწავლულთა ენა?
20 ცხებულ ქრისტიანებს დღეს „სხვა ცხვრებისგან“ შემდგარი „უამრავი ხალხი“ უჭერს მხარს. მათაც სიმართლე უყვართ. ამიტომაც ცხებულ ძმებთან ერთად იდევნებიან. მათ „გაირეცხეს თავიანთი სამოსი და გაასპეტაკეს ისინი კრავის სისხლით“. იეჰოვამ გაამართლა ეს „უამრავი ხალხი“ „დიდ გასაჭირში“ გადასარჩენად (გამოცხადება 7:9, 14, 15; იოანე 10:16; იაკობი 2:23). იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოწინააღმდეგეები დღეს ძალზე ძლიერები არიან, ესაიას წინასწარმეტყველება ამბობს, რომ ღვთის მიერ დანიშნულ დროს ისინი ჩრჩილის მიერ შეჭმულ, გადასაგდებ სამოსელს დაემსგავსებიან. მანამდე კი როგორც ცხებული ქრისტიანები, ისე „სხვა ცხვრები“, სიმტკიცეს ინარჩუნებენ რეგულარულად ლოცვით, ღვთის სიტყვის შესწავლითა და ღვთისადმი თაყვანისცემისთვის განკუთვნილ შეხვედრებზე რეგულარული დასწრებით. ამგვარად, ისინი იეჰოვას მიერ არიან დამოძღვრილი და სწავლულთა ენით ლაპარაკობენ.
იმედი დაამყარეთ იეჰოვას სახელზე
21. ა) ვინ დადის სინათლეში და რას მოუტანს ეს მათ? ბ) რა ემართებათ სიბნელეში მოარულებს?
21 ყურადღება მიაქციეთ ამ საოცარ განსხვავებას: «ვინ არის თქვენში უფლის მოშიში, ყურისმგდებელი მისი მორჩილის ხმისა, ვინ დადის ბნელში და არა აქვს ნათელი? ესავდეს უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს» (ესაია 50:10). ყველა, ვინც ღვთის მსახურის, იესო ქრისტეს, ხმას ისმენს, სინათლეში დადის (იოანე 3:21). ისინი არა მარტო იყენებენ ღვთის სახელს, იეჰოვას, არამედ იმედს ამყარებენ მასზე, ვინც ამ სახელს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს ბნელში დადიოდნენ, დღეს არ ეშინიათ ადამიანის. ისინი ღმერთზე ამყარებენ იმედს. კვლავაც ბნელში მოსიარულენი კი კაცთმოშიშებით არიან შეპყრობილი. სწორედ ასე ხდება პილატეს შემთხვევაში. ამ რომაელმა მმართველმა იცის, რომ იესო უდანაშაულოა და ცილს სწამებენ, მაგრამ შიშით ვერ ათავისუფლებს მას. რომაელი ჯარისკაცები კლავენ ღვთის ძეს, მაგრამ იეჰოვა სიცოცხლეს უბრუნებს და დიდებისა და პატივის გვირგვინს ადგამს. რა დაემართა პილატეს? ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, თანახმად, იესოს სიკვდილიდან სულ რაღაც ოთხ წელიწადში პილატეს სხვა რომაელი მმართველი ცვლის, რის შემდეგაც მას რომში უწევს წასვლა სერიოზულ ბრალდებებზე პასუხის საგებად. რა შეიძლება ითქვას იუდაელებზე, რომლებმაც მოკლეს იესო? ოთხ ათწლეულზე მცირე ხნის შემდეგ რომაელთა ჯარებმა იერუსალიმი დაანგრიეს, ხოლო ქალაქის მკვიდრნი გაწყვიტეს და ზოგიც ტყვეებად წაიყვანეს. ნამდვილად არ არსებობს სინათლე მათთვის, ვინც სიბნელეს ირჩევს! (იოანე 3:19).
22. რატომ არის დიდი უგუნურება მხსნელად ადამიანის მიჩნევა?
22 მხსნელად ადამიანის მიჩნევა უდიდესი უგუნურებაა. ამის მიზეზს ესაიას წინასწარმეტყველება გვიხსნის: «აჰა, ცეცხლის წამკიდებლებო, კოცონების [„ნაპერწკლების“, აქ] გამჩაღებლებო, ყველანი შემოდით თქვენი ცეცხლის ალში და თქვენს გაჩაღებულ კოცონებში. ეს დაგემართებათ ჩემი ხელით: კერპებისთვის შეიწირებით» (ესაია 50:11). ადამიანთა წინამძღოლები იცვლებიან. ხალხი შეიძლება დროებით მოიხიბლოს ქარიზმატული პიროვნებით. მაგრამ თვით ყველაზე გულწრფელ ადამიანსაც კი შეზღუდული შესაძლებლობები აქვს. კოცონის ანთების მაგივრად, მან შეიძლება მხოლოდ რამდენიმე „ნაპერწკალი“ აანთოს, რომლებიც სუსტად ანათებს და ათბობს და მალე ქრება. მეორე მხრივ, არასდროს გაუცრუვდებათ იმედი მათ, რომლებიც იმედს შილოზე, ღვთის აღთქმულ მესიაზე, ამყარებენ.
[სქოლიოები]
a ესაიას 50-ე თავის პირველ სამ მუხლში იეჰოვა იუდას, როგორც ერს, ცოლად მოიხსენიებს, ხოლო იუდას მკვიდრთ — მის შვილებად.
b ამ თავის მე-4 მუხლიდან ბოლო მუხლამდე მწერალი, როგორც ჩანს, თავის თავზე ლაპარაკობს. ესაიას შეიძლება თავად ჰქონდა გადატანილი ზოგი ის განსაცდელი, რომლებსაც ამ მუხლებში აღწერს. მაგრამ წინასწარმეტყველება სრული მნიშვნელობით იესო ქრისტეზე სრულდება.
c საინტერესოა, რომ სეპტუაგინტაში ესაიას 50:6-ში წერია: „ზურგი მათრახებისთვის მქონდა მიშვერილი და ყბები — დარტყმებისთვის“.
[სურათი 155 გვერდზე]
იუდაელები იეჰოვაზე კი არა, მმართველ ადამიანებზე ამყარებენ იმედს.
[სურათები 156, 157 გვერდებზე]
მეწამულ ზღვასთან იეჰოვამ თავისი ხალხი მათსა და ეგვიპტელებს შორის ღრუბლის სვეტის აღმართვით დაიცვა.